სარირი
სარირი ანუ სერირი — შუა საუკუნეების ვრცელი ქრისტიანული[1] სამეფო ჩრდილოეთ კავკასიაში. მოიცავდა თვრამეტი ათასს სოფელს[1] დაღესტნის მთიანეთში. მდებარეობდა ალ-ლანსა (ოსეთი) და ბაბ-ალ-აბვაბს (დარუბანდი) შორის, სემენდერიდან ორ ფარსანგში.[1] იაკუთის ცნობით აქვე გადიოდი ორი მთავარი სავაჭრო გზა ხაზართა და არმინიის (იგულისხება ქართული სამეფო-სამთავროები) ქვეყნების მიმართულებით.[1] სახელწოდება მომდინარეობს არაბული სიტყვიდან რომელიც ქართულად ითარგმნება როგორც „ტახტი“[1] და უკავშირდება ოქროს ტახტს რომელიც სამეფო ხალისუფლების სიძლიერის სიმბოლოდ აღიქმებოდა. გადმოცემის თანახმად ის სპარსთა მეფეს ეკუთვნოდა.
წარმოშობა
რედაქტირებასარირი როგორც პოლიტიკური ერთეული წერილობით დაფიქსირებულია ახ.წ. V საუკუნის დოკუმენტში. მისი დაარსების ისტორია ზეპირსიტყვიერად გადადიოდა ხუნძების თაობებს შორის. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად სამეფო-სამთავრო დააარსა სპარსელმა გენერალმა, რომელიც აქ სასანიდი შაჰის მიერ ყოფილა გამოგზავნილი კავკასიის გასაკონტროლებლად. იაკუთის ცნობების თანახმად სამეფოს ბაჰრამ ჯურის შთამომავლები მმართვადნენ.[1]
სარირს ჩრდილოეთიდან ხაზარები ესაზღვრებოდნენ, ჩრდილო-დასავლეთიდან ვაინახები (იგივე დურძუკები ქართულ წყაროთა მიხედვით), სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ქართველები, მის სამხრეთ-აღმოსავლეთში კი მდებარეობდა დარუბანდი. იმის გამო, რომ ქვეყანა ქრისტიანული იყო არაბი ისტორიკოსები მას შეცდომით ბიზანტიის დაქვემდებარებაში მყოფად აღიქვამენ. მისი დედაქალაქი იყო ხუმრაჯი (გვიანი შუა საუკუნეების ხუნძახი). მეფის სასახლე აგებული იყო დასახლებიდან მოშორებით, მთის წვერზე.
ისტორია
რედაქტირებაV-XII საუკუნეებში რეგიონში ქრისტიანობის გავრცელება ქართულ ქრისტიანულ ეკლესიას უკავშირდება.[2] VII და VIII საუკუნეების არაბულ-ხაზარულ ომების დროს, სარირის მეფეები ხაზართა მოკავშირეებად ითვლებოდნენ. მურვან ყრუს 737-739 წლების წარმატებული ლაშქრობის შედეგად იგი არაბთა სახალიფოს დამორჩილდა. ის იხდიდა ხარკს და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფდა დარუბანდის ციხიონს IX საუკუნემდე, მანამ სანამ სამხრეთში მომხდარი ძვრებით გულმოცემულმა ხუნძებმა განავრცეს თავიანთი სუვერენიტეტი ჩრდილოეთ კავკასიის უფრო ვრცელ ტერიტორიებზე, მათ შორის ყუმუხსა და ფილანზე.
მას შემდეგ რაც არაბთა სახალიფოს ჰეგემონია დაიმსხვრა, სარირმა გააგრძელა არსებობა შირვანთან და დარუბანდთან კონფლიკტურ ვითარებაში, საიდანაც იგი ძირითადად გამარჯვებული გამოდიოდა. ამის წყალობით სარირმა მოახერხა ემართა პოლიტიკა დარუბანდში. ამასთან ერთად სარირის მეფეები ხშირად მიემართებოდნენ მარბიელ ლაშქრობებში ჩრდილოეთში, ხაზარეთის სტეპებში. ალანიისა და სარირის მმართველ სახლებს შორის ქორწილმა გაამყარა ამ ორი ქრისტიანული ქვეყნის ანტი-ხაზარული კოალიცია.
უკანასკნელად სარირი მოხსენიებულია მე-13 საუკუნის მატიანეში და მისი მიხედვით იგი ესაზღვრება „აფხაზს“ ანუ საქართველოს სამეფოს. საქართველოს ამგვარად მოხსენიების მთავარი მიზეზი ის არის, რომ მისი მეფის ტიტულატურა სწორედ „აფხაზთა მეფის“ სახელით იწყებოდა.
მმართველთა სია
რედაქტირებასარირის მთავრები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სახელი | მეფობის წლები | ||||||||
აბუხისრო | დაახ. 740 | ||||||||
ავაზი | მე-9 საუკუნის II ნახევარი | ||||||||
ბუხტ-იშო | 905 წ. | ||||||||
ფილან-შაჰი | 940—950 | ||||||||
ფირუჯა | 1025—1026 | ||||||||
თოკუ | 1065 წ. |
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. თ. მინორსკი, შირვანისა და დარუბანდის ისტორია — მოსკოვი, 1963 (Минорский В.Ф. История Ширвана и Дербента. М., 1963). (რუსული)
- დ. მ. ათაევი, მთიანი დაღესტანი ადრეულ შუა საუკუნეებში (ხუნძეთის არქეოლოგიური გათხრების არტეფაქტების მიხედვით) — მაჰაჩყალა, 1963 (Атаев Д.М. Нагорный Дагестан в раннем средневековье (по материалам археологических раскопок Аварии). Махачкала, 1963). (რუსული)
- პ. ი. ტაჰნაევა, შუა საუკუნეების ალანიის ქრისტიანული კულტურა (მე-7-მე-16 სს.) პოლიტიკური ისტორიის რეკონსტრუქციის კონტექსტში — მაჰაჩყალა, 2004 (Тахнаева П.И. Христианская культура средневековой Аварии (VII–XVI вв.) в контексте реконструкции политической истории. Махачкала, 2004). (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 „ჲაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ - ნაკვ. I - ეთერ სიხარულიძის თარგმანი - უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ - წ. VII - თბ. - 1964 გვ. 62
- ↑ Minahan, J. (2002) Encyclopedia of the stateless nations : ethnic and national groups around the world. Greenwood Press, გვ. 218. ISBN 978-0313321115.