სასანიანთა იმპერია

(გადამისამართდა გვერდიდან სასანური ირანი)

სასანიანთა იმპერია, ოფიციალურად ირანელთა იმპერია (შუა სპარსული: 𐭠𐭩𐭥𐭠𐭭𐭱𐭲𐭥𐭩) — სახელმწიფო ირანში (226-651), რომელსაც მართავდნენ სასანიანები, წარმოშობით ფარსის რეგიონიდან. იმპერიას სახელი ეწოდა სასანის, პირველი სასანიანის მიხედვით, რომელიც ქალღმერთ ანაჰიტას ტაძრის ქურუმი იყო და ფარსის სამეფო საგვარეულოს ეკუთვნოდა. მისი შვილი პაპაკი ისთახრის მმართველი იყო (მას მეფის ტიტული ჰქონდა). პაპაკის შვილმა არდაშირ I-მა დაამარცხა უკანასკნელი პართელი მეფე არტაბან V და თავისი ძალაუფლება გაავრცელა მთელ ირანზე, რომელიც ადრე პართიის სახელმწიფოში შედიოდა. სასანიანების ხელმწიფეებს შაპურ I-იდან (241–272) მოყოლებული ირანის მეფეთმეფის (შაჰინშაჰის) წოდებულება ჰქონდათ. III საუკუნეში სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მიზნით ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა ზოროასტრიზმი, რომლის გავრცელებასაც სასანიანები IV საუკუნიდან იბერიასა და სომხეთშიც ცდილობდნენ, მაგრამ ამ ცდას წარმატება არ მოჰყოლია. სასანიანების დროს ირანში მიმდინარეობდა ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვა-განვითარების პროცესი. გაბატონებული კლასი შედგებოდა ქურუმთა, მხედართა და „მწერალთა“ (მოხელეთა) პრივილეგირებული წოდებისაგან. სასანიანების ირანის ეკონომიკური ცხოვრების საფუძველი მიწათმოქმედება იყო. ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ხელოსნობა და სატრანზიტო ვაჭრობა ინდოეთ-ჩინეთსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან. ძირითადი მწარმოებლები — გლეხები — ფეოდალურად თანდათან დამოკიდებული ხდებოდნენ დიდებულებისაგან. სასანიანების წინააღმდეგ მიმართული სახალხო მოძრაობები რელიგიურ საბურველში იყო გახვეული. III საუკუნეში ირანსა და შუა აზიაში ფართოდ გავრცელდა მანიქეველთა მოძრაობა.

სასანიანთა იმპერია
224–651
დროშა გერბი
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
დედაქალაქი ისტახრი (224-226)
ქტესიფონი (226-დან)
ენები შუა სპარსული, არამეული
რელიგია მაზდეანობა, აგრეთვე ქრისტიანობა, მანიქეიზმი, მიტრაიზმი
მთავრობა მონარქია
შაჰინშაჰი
 -  226-241 არდაშირ I (პირველი)
 -  632–651 იეზდიგერდ III (ბოლო)
ისტორია
 -  შეიქმნა 224
 -  რაშიდთა სახალიფოს შემოჭრა მუსლიმთა დაპყრობების დროს და იაზდეგერდ III-ის გარდაცვალება მერვში 651 წელს. 651
ფართობი
 -  550 3 500 000 კმ² (1 351 358 მლ²)
ვალუტა დრაჰმა

V საუკუნის ბოლო წლებში, კავად I-ის დროს იფეთქა დიდმა ანტიფეოდალურმა მოძრაობამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მაზდაკი. მაზდაკიზმის ობიექტური შედეგი იყო ქურუმებისა და დიდებულების გავლენის შესუსტება, სახელმწიფოს ცენტრალიზაცია, ფეოდალური ურთიერთობის შემდგომი განვითარება. სასანიანების ირანში მაღალ დონეზე იყო კულტურა. სასანიანები საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ რომს (ბიზანტიას) სომხეთის, იბერიის, ლაზიკის, ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და არაბეთის ნახევარკუნძულის ხელში ჩასაგდებად, გაუთავებელი ქიშპი ჰქონდათ შუა აზიის მომთაბარე და ბინადარ ხალხებთან (ხიონიტები, კიდარიტები, ეფტალიტები). 484 წელს ეფტალიტებთან ბრძოლაში დაიღუპა პეროზი. სასანიანებმა დაკარგეს უზარმაზარი ტერიტორია მარვის აღმოსავლეთით. შუააზიელი და ამიერკავკასიელი ხალხები თავგამოდებით იბრძოდნენ დამპყრობთა წინააღმდეგ: 451 წელს სომხეთში იფეთქა დიდმა აჯანყებამ. 481-84 წლებში ვახტანგ გორგასლის მეთაურობით სასანიანების წინააღმდეგ ერთობლივად იბრძოდნენ ქართველები, სომხები და ალბანელები. 571 წელს სომხეთში კვლავ დიდი აჯანყება მოხდა. ხანგძლივმა ომებმა, რომლებმაც გააღარიბეს სახელმწიფოს რესურსები, გადასახადების მკვეთრმა ზრდამ, სოციალური უთანასწორობის გაძლიერებამ დაასუსტა სასანიანების ირანი, რითაც ისარგებლეს არაბებმა და ბოლო მოუღეს მას.

სასანიანი შაჰების სია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაბაშვილი ვ., სასანური ირანის სახელმწიფო, კრ.:ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1957;
  • История Ирана с древнейших времен до конца ХVIII века , Л., 1958;
  • Луконин В. Г., Иран в III веке, М., 1979;
  • Christensen A., L’ Iran sous les Sassanides, 2 ed., Cph., 1944;
  • Nöldeke Th., Geschichte der Perser und Araber zur Zeit der Sasaniden, Leyden, 1879
  • არდაშირ პაპაკის ძის საქმეთა წიგნი. ფალაურიდან თარგმნა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო თ. ჩხეიძემ, თბ., 1975
  • კაციტაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 116-117.