აზარმედუხტი (სპარს. آزرمی‌دخت; გ. 631, ქტესიფონი) — სასანიანთა დინასტიის წარმომადგენელი. სპარსეთის მეფე ხოსრო II-ის ქალიშვილი. სპარსეთის დედოფალი 630-631 წლებში.

აზარმედუხტი
სასანიანთა სპარსეთის დედოფალი
მმართ. წლები: 630-631
წინამორბედი: შაპურ შაჰრვარაზი
მემკვიდრე: ბორანდუხტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 631
ქტესიფონი
დინასტია: სასანიანები
მამა: ხოსრო II, სპარსეთის მეფე
რელიგია: ზოროასტრიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

აზარმედუხტის დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია. იგი იყო სპარსეთის მეფე ხოსრო II-ის უმცროსი ქალიშვილი. თავად მისი სახელი „აზარმედუხტი“ ძველ სპარსულად „პატივცემული პირის ქალიშვილს“ ნიშნავს.

628 წელს მისმა უფროსმა ძმამ, კავად II-მ მამამისი, მეფე ხოსრო და თავისი ძმები სიკვდილით დასაჯა, თავად კი სპარსეთის ახალი მეფე გახდა და საკუთარ დაზე, პრინცესა ბორანდუხტზე იქორწინა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში კავადი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ჯერ არდაშირ III, ხოლო მის შემდეგ ფარხუნ-შაჰვარაზი ადის. ორივე მათგან 629 წელს მოკლეს შეთქმულებმა. ამგვარ პირობებში, სპარსეთის ისტორიაში პირველად სამეფო ტახტი ქალმა, დედოფალმა ბორანდუხტმა დაიკავა. იგი ყველანაირად ცდილობდა ქვეყანაში წესრიგისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე ცენტრალური ხელისუფლების აღდგენას, მაგრამ ამაოდ. ამ მიზნით იგი ბიზანტიასაც დაუზავდა, თუმცა 630 წელს იგი დიდებულებმა ჩამოაგდეს და ტახტზე მისი ბიძაშვილი შაპურ შაჰრვარაზი დასვეს.

შაპურის მმართველობა კიდევ უფრო ხანმოკლე გამოდგა, ვინაიდან იგი სულ რამდენიმე თვეში დაამხეს, რის შემდეგაც სპარსეთის დედოფალი აზარმედუხტი გახდა. ტახტზე ასვლისას მან განაცხადა, რომ ქვეყანას მამის, ხოსრო II-ის მსგავსად მართავდა. ამ დროს, ერთ-ერთმა გავლენიანმა დიდებულმა — ფარუხ ჰორმიზდმა დედოფალს ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად თავის თავზე ქორწინება შესთავაზა, რაზეც აზარმედუხტისაგან უარი მიიღო. განრისხებულმა ჰორმიზდმა განაცხადა: „დღეიდან მე ვარ ხალხის ლიდერი და ირანული სახელმწიფოს დასაყრდენი“. ამით მან თავი სპარსეთის მეფედ გამოაცხადა, რის დასადასტურებლადაც საკუთარი ფულის ერთეულის მოჭრაც კი დაიწყო. რამდენიმე სპარსულ ქალაქში ხალხმა იგი მართლაც აღიარა მონარქად. მის დასამორჩილებლად აზარმედუხტმა დახმარებისათვის თავის ბიძაშვილ სიავახშს მიმართა მიჰნარიდების დინასტიიდან, რომელიც გამოცდილი მხედართმთავრი იყო. საბოლოოდ, სიავახშმა დაამარცხა ჰორმიზდი და ბრძოლაშივე მოკლა იგი.

ამით პრობლემა არ მოგვარებულა, რადგან ფარუხ ჰორმიზადის ვაჟი, როსტომი ქვეყნის ჩრდილოეთში გაიქცა, სადაც ჯარები შეაგროვა და მამის მკვლელობისათვის შურისძიება განიზრახა. როსტომმა ალყა თავად დედაქალაქ ქტესიფონს შემოარტყა, სადაც იმყოფებოდა დედოფალი აზარმედუხტიც. დედოფლის ჯარები მიწასთან გასწორდა, რასაც ქალაქის დაცემა მოჰყვა. როსტომმა აიღო სამეფო სასახლე, რა დროსაც 631 წელს ჯერ თვალები დასთხარა აზარმედუხტს, შემდეგ კი მოკლა იგი. ამის შემდეგ, გაძლიერებულმა როსტომმა ტახტზე აზარმედუხტის და, დედოფალი ბორანდუხტი დააბრუნა, რომელიც 632 წელს გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. იგი იეზდიგერდ III-მ ჩაანაცვლა, რომელიც სასანიანთა დინასტიის უკანასკნელი მეფე გახდა, რადგან ამის შემდეგ ირანი არაბეთის დაქვემდებარებაში გადავიდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Al-Tabari, Abu Ja'far Muhammad ibn Jarir (1985–2007). Ehsan Yar-Shater (ed.). The History of Al-Ṭabarī. 40 vols. Albany, NY: State University of New York Press.
  • Daryaee, Touraj (2014b). The Last Ruling Woman of Iranshahr: Queen Azarmigduxt. International Journal of the Society of Iranian Archaeology.
  • Gignoux, Ph. (1987). "Āzarmīgduxt". Encyclopaedia Iranica, Vol. III, Fasc. 2. p. 190.
  • Howard-Johnston, James (2010). "Ḵosrow II". Encyclopaedia Iranica, Online Edition.
  • Kia, Mehrdad (2016). The Persian Empire: A Historical Encyclopedia [2 volumes]: A Historical Encyclopedia. ABC-CLIO. ISBN 978-1610693912.
  • Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3.
  • Daryaee, Touraj (2014a). Sasanian Persia: The Rise and Fall of an Empire. I.B.Tauris. pp. 1–240. ISBN 0857716662.