ბულგარეთი (ვოლგა-კამა)

(გადამისამართდა გვერდიდან ვოლგის ბულგარეთი)

ბულგარეთი ვოლგა-კამისა, ვოლგის ბულგარეთი — შუავოლგისპირეთისა და კამისპირეთის ხალხების პირველი ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო. ჩამოყალიბდა VII საუკუნეში. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღმოსავლეთ ევროპის შუა საუკუნეების ისტორიაში. XII საუკუნისთვის მოიცავდა ჩრდილოეთ ჩუვაშეთამდე და სამხრეთ ურალისპირეთამდე. ბულგარეთის შესახებ წერილობით ცნობებს გვაწვდიან არაბი და სპარსელი ავტორები (იბნ ფადლანი, იბნ ჰაუკალი, ალ-ისტახრი, იბნ რუსთა, ალ-გარდიზი და სხვები), რაშიდ ალ-დინი, ხაზარული საბუთები, რუსეთის მატიანეები, ბულგართა ეპიგრაფიკული ძეგლები. დიდი მასალაა მოპოვებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად (ბოლგარისა და სუვარის გათხრები).

ვოლგის ბულგარეთი
Атӑлҫи́ Пӑлха́р
Идел Болгары


VII საუკუნე1240-იანები
დედაქალაქი ბოლგარი
ბილიარი
ენა ძვ. ბულგარული
რელიგია ტენგრიანობა
შემდეგ ისლამი
ევრაზია 1200 წლისთვის

სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში მრავალი ფინურ-უნგრული ტომი მონაწილეობდა. ადგილობრივი მოსახლეობის განვითარება დააჩქარა XII საუკუნეში ბულგართა თურქულენოვანი ტომების მოსვლამ აზოვისპირეთიდან. X საუკუნისთვის მომთაბარე ბულგარელები ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ, მათი მეურნეობის საფუძველი გახდა მიწათმოქმედება.

X საუკუნებამდე ხაზართა სახაკანოს ემორჩილებოდნენ. მათს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ბულგართა ხანები არაბებს დაუკავშირდნენ, ისლამი აღიარეს და ნომინალურად დაემორჩილნენ სახალიფოს. 965 წელს სვიატოსლავ იგორის ძემ ხაზართა სახელმწიფო გაანადგურა და ბულგარებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. X საუკუნის ბოლოს აქ ფეოდალური ურთიერთობანი გაბატონდა. ბულგარეთზე გადიოდა აღმოსავლეთი ევროპისა და აზიის შემაერთებელი სავაჭრო გზები, რაც ხელს უწყობდა აღებ-მიცემობის განვითარებას და მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრების წარმოქმნას. X-XII საუკუნეებში ბულგარეთი ხშირად ეომებოდა რუსეთის სამთავროებს. ამის გამო სატახტო ქალაქი ბოლგარიდან აღმოსავლეთისკენ, ბილიარში გადაიტანეს. 1223 წელს ბულგარებმა მოიგერიეს მონღოლთა პირველი თავდასხმა. 1236 წელს მონღოლებმა ბილიარი აიღეს, 1241 წელს კი მთლიანად დაიპყრეს ქვეყანა, რომელიც ამიერიდან ოქროს ურდოს შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ გარკვეული ავტონომია მიიღო.

XIII საუკუნის II ნახევარში დაიწყო ახალი ეკონომიკური აღმავლობა, ქალაქების ზრდა, გამოცოცხლდა საერთაშორისო ვაჭრობა. ამან ბულგარეთის მთავრებს დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფებს გაუღვიძა, რასაც მონღოლთა რამდენიმე დამსჯელი ლაშქრობა მოჰყვა. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ XIV საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში ბულგარეთი ოქროს ურდოსთან ერთად გაანადგურა თემურლენგმა. XV საუკუნის 30-იან წლებში მდინარე ლამის სამხრეთით მდებარე მიწები რუსმა ფეოდალებმა დაიპყრეს. დამოუკიდებლობა შეინარჩუნა მხოლოდ ყაზანმა, რომელიც ყაზანის სახანოს სატახტო ქალაქი გახდა.

ლიტერატურა

რედაქტირება