აბო თბილელის წამება

იოანე საბანისძის ნაწარმოები
(გადამისამართდა გვერდიდან აბო თბილელის მარტვილობა)

აბო თბილელის წამება („წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტესისა ჰაბოჲსი“) — ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც გაქრისტიანებული არაბი აბოს მოწამეობრივ აღსასრულზე მოგვითხრობს.

შედგენილობა

რედაქტირება

თხზულება ოთხი თავისგან შედგება. პირველი თავი წარმოადგენს თავისებურ შესავალს, რომელშიც ავტორი, აღნიშნავს თუ როგორი ცვალებადობა და რყევა დაიწყო არაბთა ბატონობის გამო ქართლში, მოუწოდებს მსმენელს — ყური დაუგდონ მის სიტყვებს და გაითვალისწინონ იმ ადამიანის პიროვნება, რომელიც „უცხო უცხოჲთა სჯულითა მოვიდა“ და ქრისტიანობა მიიღოო. მეორე თავი მოგვითხრობს აბოს ქართლში შემოსვლას, მის გადაადგილებას ნერსე ერისთავთან ერთად და მის გაქრისტიანებას. მესამე თავი აგვიწერს აბოს გასამართლებასა და წამებას. მეოთხე თავი, „ქება წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი“, წარმოადგენს აბოს შესხმას ან ხოტბას, რომელშიც ავტორი აზოგადებს თავის აზრებს და ცდილობს გაარკვიოს აბოს ღვაწლის და მარტვილობის მნიშვნელობა.

ამ თხზულების ავტორი არის იოანე საბანისძე, რომელიც თანამედროვე და თვითმხილველი, ამასთან დაახლოებული მეგობარი ყოფილა აბოსი. თავისი თხზულების დაწერა შემდეგ პირობებში დაუწყია: თანამედროვე ქართლის კათოლიკოსს სამოელს (780–790) აღძვრია სურვილი დაიწეროს აბოს მარტვილობა და დაიდოს ეკლესიაში შემდგომი თაობისათვის სახსოვრად. ამ საქმეს, მისი რწმენით, მხოლოდ იოანე საბანისძე შეასრულებდა, რომლის „მეცნიერება და გულმოდგინება“ მას კარგად სცოდნია. ამიტომ გაუგზავნია მისთვის ეპისტოლე და უთხოვია — იკისროს აღნიშნული შრომის დაწერა. იოანეს, ერთგვარი ყოყმანის შემდეგ, დაუწერია შეკვეთილი შრომა და გაუგზავნია სამოელისათვის. მას თან დაურთავს წერილი, რომელშიც მადლობას სწირავს სამოელს ასეთი საპატიო დავალებისათვის და უმატებს: თუმცა ეს საქმე ჩემს ძალებს აღემატებოდა, მაგრამ ურჩობა ვერ გავბედე და, მსგავსად ჭიანჭველისა, რომელიც თავის თავზე უფრო დიდ ტვირთს მოიდებს ხოლმე ზურგზე და მიათრევს, ხელი მოვკიდე ამ საქმესო. ამრიგად, თხზულება იოანეს დაუწერია კათოლიკოს სამოელის შეკვეთითა და თხოვნით, მაშასადამე 786 წელს, როდესაც აბო აწამეს, და 790 წელს, როდესაც დასრულდა სამოელის კათოლიკოსობა, შორის. იოანე საბანისძის ვინაობა დაზურსტებით არ ვიცით. არც ისაა დანამდვილებით ცნობილი სასულიერო პირი იყო იგი თუ საერო. მკვლევართა აზრით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოელი ისეთი მორიდებით, კრძალვითა და პატივისცემით მიმართავს იოანეს, როგორითაც ის სასულიერო პირს, მით უმეტეს ბერს, არ მიმართავდა, იოანე მიჩნეულია საერო პირად, რომელიც „საღმრთოთა წიგნთა მეცნიერიც“ ყოფილა.

ისტორიული ფონი

რედაქტირება

თხზულება არ წარმოადგენს შაბლონურ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს, რომელიც სავსეა ბიბლიური ტექსტებით, განყენებული ასკეტიკურ-მორალური და რელიგიურ-დოგმატიკური მსჯელობით, არამედ გარკვეული გეგმით დაწერილ მხატვრულ ნაწარმოებს; ამ ნაწარმოებში ავტორს იმდენად არ აქვს მიზნად აბოს პიროვნება დაგვიხატოს, მისი თავგადასავალი და გასამართლება-წამება აგვიწეროს (თუმცა, ცხადია, ამასაც მოიცავს), რამდენადაც – თვალწინ გადაგვიშალოს აზრი და მნიშვნელობა აბოს მარტვილობისა იმდროინდელ ქართველთათვის. ამასთან ერთად ის იძლევა მკვეთრ სურათს მაშინდელი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური და სარწმუნოებრივ-ზნეობრივი მდგომარეობისას.

ქვეყანა იმ დროს ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთია აფხაზეთი, ესე იგი, დასავლეთ საქართველოს სამეფო, რომელიც ტრაპიზონამდეა გადაჭიმული და „ქრისტეს მსახურის“ ბერძნენთა მეფის მფარველობაშია, მეორეა ქართლი, ანუ აღმოსავლეთი საქართველოს სამეფო, სადაც არაბები არიან გაბატონებულნი. ეს ორი ქვეყანა არა მხოლოდ ეროვნულ-კულტურულად უახლოვდება ერთმანეთს, პოლიტიკურ-დინასტიურ კავშირსაც კი აბამენ ერთმანეთთან: ნერსე II, ხაზარეთში გაქცევამდე, თავის ცოლ-შვილს აფხაზეთში გზავნის. თუ დასავლეთის, აფხაზეთის ქართველები მყუდროდ და მოსვენებით გრძნობენ თავს, ეს არ ითქმის აღმოსავლეთის შესახებ. ავტორი გვამცნობს, რომ არაბთა ხელისუფლება, რომლის წარმომადგენელიც ამირაა არავითარ საშუალებას ერიდება, რომ შეავიწროვოს ქრისტიანები და სარწმუნოებისთვის ისინი საპყრობილეში ჩაყაროს.

მთავარი იდეა

რედაქტირება

იოანე საბანისძე მკვეთრად ჩამოყალიბებული რელიგიური იდეოლოგიის გამტარებელია. მისი მსოფლმხედველობა პროვიდენციულია: ამქვეყნიური ცხოვრების ყველა მოვლენაში ის ღვთის ხელს ხედავს, ყველაფერი, მისი რწმენით, ხდება ღვთის ნებითა და სურვილით, მისი განგებით; ცოდნა, მეცნიერება, რომელიც ადამიანს აქვს, „ღვთივმიმადლებულია“. ამ მეცნიერების საფუძველს შეადგენს სარწმუნოება, ქრისტიანობა. აბო არის „მეოხი ყოვლისა ამის სოფლისა ჩუენისა ქართლისათჳს“. ამ პოზიციაზე მდგომი ავტორი არაფერს ამბობს, სოციალურ წინააღმდეგობათა შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდა იმდროინდელ ცხოვრებაში, ის სოციალური ზავის მქადაგებელია; აბო, მისი თხზულებით, სიმბოლოა „ყოვლისა ქართლისა“, ესე იგი – მთლიანი, ერთიანი ქართლისა, არა მარტო ეროვნულად, სოციალურად გაგებულისაც. მის პიროვნებაში სარწმუნოებრივ ნიადაგზე, ქართლის „გაერთიანებას“ ეროვნულად და სოციალურად ხელს უწყობდა არაბთა ბატონობის სიმძიმე და სისასტიკე.

იოანე თავგამოდებული მქადაგებელია ეროვნული იდეისა. ის, შეიძლება ითქვას, პირველი ქართველია, რომელიც მწერლობაში გამოდის ასე მკვეთრად გამოთქმული ლოზუნგით. ამასთან, ავტორს ძალზე აშინებს და აფიქრებს ერთი გარემოება: „აღვერიენით ერსა უცხოსა“, – არაბებს – ამბობს ის, „რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი“. ეროვნული გადაგვარება, ფიქრობდა ის, აუცილებელი შედეგია სარწმუნოებრივად გადაგვარებისა. საჭიროდ თვლიდა შესაფერის პროპაგანდას, რისთვისაც მას გამოუყენებია აბოს მიერ ქრისტიანობისათვის თავდადების ფაქტი. ამ ფაქტში მას განუჭვრეტია იდეური შინაარსი. „შენ, ახალი ეგე ქრისტჱს მორწმუნე“, მიმართავს ის აბოს, „მოძღუარ ჩვენდა იქმენო“. ავტორს მიზნად აქვს აბოს მაგალითით ქართველებში გამოიწვიოს შესაფერისი განწყობილება. ამ მაგალითით ის თითქოს არცხვენს ზოგიერთი მათგანის მერყეობას. აბო თავიდანვე არ ყოფილა ჩვენთან, ეუბნება ის თანამემამულეთ, თავიდან არავინ იცოდა მისი ვინაობა და სადაურობა, ეროვნული და რელიგიური წარმომავლობა. მიუხედავად ამისა, მან სისხლიც კი დაღვარა ქრისტიანობისათვის არაბებისაგან, რომელთაგან მას შეეძლო დიდი „ნიჭი და პატივი“ მიეღო. თუ ასე მოიქცა აბო, „თესლი არაბიელთა მამულად და დედულად“, რაღა გვეთქმის ჩვენ, ქართველებს, რომელთაც ხუთას წელზე მეტია ქრისტეს რჯული გვიპყრია, ნუთუ ჩვენ მეტი სიმტკიცე და თავდადება არ გვმართებს, იმ რჯულისათვის, რომელსაც აბო მსხვერპლად შეეწირაო? აი იდეური მხარე იოანე საბანისძის თხზულებისა, რომლითაც, მისივე სიტყვით, „შერყეულნი განმტკიცდებოდნენ, განმტკიცებულნი გამხიარულდებოდნენ“.

თხზულების მნიშვნელობა, რაც დასავლეთ-ევროპულსა და რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაშიც აღნიშნულია, მდგომარეობს იმაშიც, რომ აქ, საქართველოს გარდა, შემონახულია საყურადღებო ცნობები მახლობელი ქვეყნების შესახებაც, როგორიცაა ხაზარეთი და გუთეთი.[1]

იოანე საბანისძის წერის მანერა მკვლევრებს აფიქრებინებს, რომ იგი გამოცდილი მწერალი უნდა იყოს; მისი თხზულება მხატვრული პროზის ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია. ავტორი თავის შრომას გარკვეული გეგმით წერს. ავტორი მოგვითხრობს მარტივად, გულწრფელად და თანმიმდევრულად, მის თხრობაში არ ვლინდება არსებული ხაზიდან გადახვევის მაგალითი, რაც ჰაგიოგრაფიულ შრომებში ხშირი შემთხვევაა. ის გაურბის ბიბლიის ციტირებას, მაგრამ თუ მაინც ციტირებს, მხოლოდ მკვეთრი სურათის შესაქმნელად, როგორიცაა, მაგალითად, ზურგზე ტვირთაკიდებული ჭიანჭველა, მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, თავის ქვეყნიდან მოწოდებული აბრაამი და სხვა. ავტორი, რომელიც გვპირდება გადმოგვცეს „ჭეშმარიტი და უტყუელი“ მოთხრობა, გაურბის სასწაულებისა და დაუჯერებელი ამბების გადმოცემას, რასაც შაბლონურ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში წამყვანი ადგილი უკავია ხოლმე. ავტორის სიტყვიერი მარაგი მდიდარია, მის თხზულებაში თითქმის ყოველ ნაბიჯზე გამოყენებულია შედარებები, მეტაფორები, ეპითეტები.

თხზულების მეოთხე თავი, „ქებაჲ ჰაბოჲსი“, მჭევრმეტყველებითი სიტყვის ნიმუშია; მას ახასიათებს მეტაფორული თქმების მთელი არსენალი, როგორც, მაგალითად, „ჵ უგუნურებაჲ და უმეტჱს უგუნურებაჲ იგი მათი! ვინაჲ ანუ ვისგან ისწავე ქრისტჱსთჳს ესოდენი ცნობაჲ, რომელმან საკჳრველებამან აღგიყვანა შენ დიდებასა სასუფევლისასა? აწ ვინმე ღირსად გაქებდეს შენ, ჭეშმარიტად საქებარსა? ვითარმე გაქებდე შენ, ჭეშმარიტად საქებარსა?“

ავტორის სტილი გამართულია. ის მიჩნეულია კლასიკური ქართული ენის ნიმუშად უძველეს პერიოდში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კორნელი კეკელიძე, ადრინდელი ფეოდალური ქართული ლიტერატურა, 1935, გვ.7-52.