რუსუდანი (დემეტრე I-ის ასული)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსუდანი (მრავალმნიშვნელოვანი).

რუსუდანიXII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, დედოფალი, დემეტრე I-ის ასული, თამარ მეფისა და რუსუდანის გამზრდელი. აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში გიორგი III-ისა და თამარის დროს. მან დიპლომატიური მისია შეასრულა ელდიგუზ ათაბაგთან გიორგი III-ის შეთანხმებაში ქალაქ ანისის გამო (დაახლოებით 1165). რუსუდანი სათავეში ედგა მოლაპარაკებას დიდგვაროვან ფეოდალებსა და თამარს შორის ამ უკანასკნელის მეორედ მეფედკურთხევისას (1184).

რუსუდანი
დაბადების თარიღი XII საუკუნის მე-2 ნახევარი
გარდაცვალების თარიღი დაახლ. 1208/1210
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
სელჩუკთა იმპერია
კიევის რუსეთი
ეთნიკურად ქართველი
საქმიანობა დიპლომატი
ცნობილია როგორც თამარის გამზრდელი
წოდება დედოფალი, რუსუდან-ხათუნი (სელჩუკთა იმპერიაში)
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
მეუღლე(ები) 1. ღიაზ ედ-დინ მასუდი
2. იზიასლავ II
3. აჰმედ სანჯარი
მშობლები მამა: დემეტრე I
ნათესავები

ძმები: დავით V, გიორგი III

ძმისშვილები: დემნა, თამარი, რუსუდანი

რუსუდანი სულ მცირე ორჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ქორწინება შედგა 1152 წელს, მეუღლე იყო მესოპოტამიისა და დასავლეთ სპარსეთის სელჯუკი სულთანი ღიაზ ედ-დინ მასუდი (მასუდ თერიმეკი). მასუდი მალევე გარდაიცვალა, ხოლო დედოფალი საქართველოში დაბრუნდა. რუსუდანი მეორე მეუღლე იყო ხორასნის სელჯუკთა სულთანი აჰმედ სანჯარი. აჰმედმა რუსუდანი 1156 წელს შეირთო ცოლად, მას შემდეგ, რაც მას პირველი მეუღლე - თურქან ხათუნი გარდაეცვალა. თვით აჰმედი შემდეგ წელს, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, რუსუდანი კიევის დიდი მთავარის იზიასლავ II-ის მეუღლე იყო 1153-1154 წლებში[1].

მისი დიდი აქტივობა ჩანს თამარის საქმროს საკითხის გადაჭრაში. შემდეგ კი მხარი დაუჭირა იური ანდრიას ძის საქართველოდან გაძევებას. რუსუდანის კარზე აღიზარდა თამარის მეორე ქმარი დავით სოსლანი. იური ანდრიას ძის აჯანყების (1191) ჩახშობის შემდგომ რუსუდანის შუამდგომლობით თამარმა შეუნდო ქმარყოფილს და უვნებელი გაუშვა საქართველოდან.

რუსუდანი კულტურაში

რედაქტირება

ქართულ ისტორიოგრაფიასა და კულტურაში რუსუდანი ძირითადად მიჩნეულია როგორც თამარ მეფის გამზრდელი მამიდა, და განსხვავებით სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა, მის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. ისტორიკოსი და რუსთველოლოგი იოსებ გოგატიშვილი თავის ერთ-ერთ ნაშრომში ამტკიცებს, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზეა დაწერილი. ასე მაგალითად, ის როსტევანსა და ავთანდილს დავით კურაპალატსა და ბაგრატ III-ს ადარებს. ფარსადანს, ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს კი გიორგი III-ს, შოთა რუსთველსა და თამარს. მისივე მტკიცებით, ქაჯთა დედოფლის, დავარის ისტორიული პროტოტიპი იყოს სწორედ რუსუდანი[2]

მთავარ არგუმენტად მას მოჰყავს ციტატა ვეფხისტყაოსნიდან:

 
„დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,
და მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მეტრეველი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984.
  • მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1937;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;