ციხისთავი
ციხისთავი სამხედრო–ადმინისტრაციული მოხელე, ციხესიმაგრის (სამხედრო ადმინისტრაციული ნაგებობის) ან პატარა გამაგრებული ქალაქის და მის გარემო ადგილთა უფროსი ფეოდალურ საქართველოში.
ციხისთავი მცხეთა-მთიანეთში უკვე VI საუკუნეში არსებობდა, VI-VII საუკუნის მიჯნაზე თბილისში ცნობილია "ატენისა და მუხრანისა ციხისთავნი". სოფ. ხადაში (მთიულეთში) ერთდროულად ორი ციხისთავი "იდგა ბრძანებით".
1545 წლის საბუთში: "შეწირულობების სიგელი იმერეთის მეფის ბაგრატ III-ისა გელათის მონასტერისადმი" იხსენება "ქუთაისის ციხისთავთ-ციხისთავნი და ლიხთ-ამერისა და ლიხთ-იმერისა ციხისთავნი".
ციხისთავები განაგებდნენ "ქალაქთა და ციხეთა დამჭირველად" განკუთვნილ ლაშქარს, რასაც "მცუელნი ქალაქისანი" და "ციხოვანნი" შეადგენდნენ. პატარა ქალაქისათვის ციხისთავი იგივე იყო რაც დიდისათვის ამირთა ამირა.
ციხისთავის (აგრეთვე მისი ძმის, შვილის და თვით "გარდადგომილი" ციხისთავის) უფლებრივი მდგომარეობა განსაზღვრულია გიორგი ბრწყინვალის სამართალში (XIV საუკუნე). სადაც ციხისთავის მკვლელობისთვის "სისხლად" დადგენილია 3500 თეთრი, სამი წლით გაძევება და მამულის "სამეფოდ დაჭირვა" (სახაზინოდ ჩამორთმევა).
ციხისთავის სასარგებლოდ სპეციალური საციხისთავო გადასახადი იყო დაწესებული. ციხისთავები ერისთავთერისთავს, ერისთავს და ქალაქის მოურავს ექვემდებარებოდნენ.
XVII-XVIII საუკუნეებში ციხისთავები ზოგჯერ მინბაშდაც იწოდებოდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქსე, ტ. 11, გვ. 237, თბ., 1984
- ი. დოლიძე., ქართული სამართლის ძეგლები, ტ.1–3, თბილისი 1963–70