როქის სპა
როქის სპა — დაქირავებული ჯარი ფეოდალურ საქართველოში. მოლაშქრეთა დაქირავება საქართველოში კლასობრივი საზოგადოების ჩასახვიდანვე ხდებოდა. საისტორიო წყაროებში დაქირავებული მოლაშქრენი მოიხსენიებიან ფარნავაზის (ძვ. წ. III საუკუნე), მირიანის (IV საუკუნე), ვახტანგ გორგასლის (V საუკუნე) და სხვა მეფეთა დროინდელ ამბებთან დაკავშირებით. ქართველი ხელისუფალნი მეტწილად კავკასიელ მთიელებს ქირაობდნენ. XI საუკუნის 40-იან წლებში საქართველოში იყო ვარიაგთა დაქირავებული რაზმიც (3000 მეომარი), რომელიც ბაგრატ IV-ისა და კლდეკარის ერისთავს ლიპარიტს შორის ბრძოლაში მონაწილეობდა. დაქირავებულნი იყვნენ დავით აღმაშენებლის ლაშქარში: 500 ოსი, 100 ევროპელი (ჯვაროსნები) და სხვები. XII-XIII საუკუნეებში საქართველოს ლასქარში იყვნენ დაქირავებული ყივჩაღები, ოსები, ჯიქები, ქაშაგები, ქურთები, „თათრები“. XV საუკუნის მეორე ნახევრიდან დაქირავებული რაზმები ჰყავდათ ცალკეულ სამეფო-სამთავროთა მეფეებს და ზოგჯერ მსხვილ ფეოდალებსაც: დადიანებს, აფხაზეთის მთავრებს, რაჭის, არაგვის, ქსნის ერისთავებს და სხებს. ოსთა დაქირავებული რაზმი ჰყავდა ვახტანგ VI-ს, ბაქარს, ერეკლე II-ს; ლეკთა დაქირავებული რაზმები — სოლომონ I-ს, როსტომ რაჭის ერისთავს, ერეკლე II-ს, გიორგი XII-ს. ქართულ სამეფო-სამთავროთა რუსეთთან შეერთებისთანავე ადგილობრივი სამხედრო ორგანიზაცია გაუქმდა და მოლაშქრეტა დაქირავებაც შეწყდა.
დაქირავებულთა რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობაზე იყო დამოკიდებული. დაქირავებულ მოლაშქრეებს გასამრჯელო ზოგჯერ ფულად ეძლეოდათ, ზოგჯერ კი (მეტწილად მთიელებს) — ნატურით (შალი, ფარჩა, პირუტყვი, ძვირფასი ნივთები, იარაღი, მარცვლეული და სხვა). დაქირავებული ჯარის გასასტუმრებლად ხელისუფლება მოსახლეობას საგანგებო ფულად და ნატურალურ გადასახადებს აწერდა. XII-XIII საუკუნეებში ასეთ გადასახადს საყივჩაყო ერქვა, XVIII საუკუნეში — სალეკო. დაქირავებულ მოლაშქრეებს ცენტრალური ხელისუფლება იყენებდა როგორც საგარეო მტრის წინააღმდეგ, ისე შინაური ფეოდალური ოპოზიციის დასათრგუნავად.
გარკვეული სახელმწიფოებრივი მოსაზრებით (პოლიტიკური იდეალის უქონლობა და აქედან გამომდინარე არასანდოობა და უდისციპლინობა) დაქირავებული ჯარის გამოყენებისას დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, კერძოდ, ერიდებოდნენ მის დაბანაკებას ქვეყნის ცენტრში, უნიშნავდნენ მეთურებს ადგილობრივ ფეოდალთაგან. დაქირავებული ჯარი არასოდეს არ წარმოადგენდა საქართველოს ძირითად სამხედრო ძალას, იგი მხოლოდ დამხმარე ძალის როლს ასრულებდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- მესხია შ., ძლევაჲ საკვირველი, თბ., 1972;
- ჩხატარაიშვილი ქ., უცხოელები XII საუკუნის საქართველოს ლაშქარში, კრ.: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966;
- ჩხატარაიშვილი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 452-453.