ნეკრესის მონასტერი — არქიტექტურული ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მახლობლად, კახეთში. მდებარეობს ნეკრესის ნაქალაქარის თავზე, ტყით შემოსილ ფერდობზე. ე. წ. ნაზვრევ გორაზე. კომპლექსის შემადგენლობაში შედის: უძველესი მცირე ეკლესია, ღვთისმშობლის შობის სამეკლესიიანი ბაზილიკა, მთავარანგელოზთა ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, ეპისკოპოსის პალატი, მარანი, კოშკი, სატრაპეზო, მცირე სამლოცველოები, ბერთა სენაკები, საცხოვრებელი და სამეურნეო დანშნულების შენობათა ნაშთები. მონასტერი შემოსაზღვრული ყოფილა გალავნით.

ნეკრესის მონასტერი
Shilda (1).jpg

მონასტრის საერთო ხედი

ნეკრესის მონასტერი — საქართველო
ნეკრესის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°58′19″ ჩ. გ. 45°46′03″ ა. გ. / 41.97194° ჩ. გ. 45.76750° ა. გ. / 41.97194; 45.76750
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები
Nekresi monastery plan.JPG

ნეკრესის მონასტრის გენერალური გეგმა

2006 წელს ნეკრესის მონასტერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.[1].

ისტორიარედაქტირება

დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა აბიბოს ნეკრესელი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნემდე). აბიბოსი ერთი იმ „ასურელი მამათგანია“, რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების მიზნით და რომელთა თაოსნობით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი მონასტერი არსდება. აბიბოსი სირიიდან მოყვა იოანე ზედაზნელს და ერთ ხანს მასთან ერთად მოღვაწეობდა ზედაზენზე, ხოლო შემდგომ ნეკრესის ეპარქია ჩაიბარა. მისი მღვდელმთავრობა საქართველოსათვის ძალიან მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქართლში დამკვიდრებული სპარსელები ყველა ღონეს ხმარობდნენ მაზდიანობის დასანერგად, რის წინააღმდეგაც მკაცრად გაილაშქრა აბიბოსმა.

ნეკრესს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც.

ნეკრესის მონასტერი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა არაერთგზის დაურბევიათ ლეკებს, რომელთა შემოსევები XIX საუკუნის შუა წლებამდეც კი გაგრძელდა. XX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო ძეგლის მეცნიერული შესწავლა, ხოლო უფრო მოგვიანებით 1940-1950 წლებში კომპლექსზე მიმდინარეობდა დაცვითი-გამაგრებითი სამუშაოები.

მონასტერში ყოველწლიურად 7 იანვარს, ქრისტეშობის ღამეს, იმართება სახალხო დღესასწაული ნეკრესობა. ეს ერთადერთი ქრისტიანული დღესასწაულია, რომლის დროსაც სხვა შესაწირ ცხოველთან თუ ფრინველებთან ერთად, ღორსაც სწირავდნენ. თუ საიდან მოდის ეს ტრადიცია წყაროებით არ დასტურდება. ხალხში გავრცელებული თქმულების თანახმად, ლეკებს, ერთ-ერთი შემოსევის დროს მონასტერი ალყაში მოუქცევიათ. ალყა დიდხანს გაგრძელებულა, მონასტერში შეხიზნულებს ღორები დაუკლავთ და იქაურობა მათი სისხლით და ხორცით გაუვსიათ. ამის დანახვაზე მტერს ალყა მოუხსნიათ და იქაურობას გასცლიან. აკადემიკოსი ლ. ჭილაშვილი ღორის შეწირვის რიტუალის წარმომავლობას ინოირანული ღვთაების, მითრას ტაყვანისცემას უკავშირებს, რომლის ძირითადი აქტი ტახის მსხვერპლად შეწირვაა. მსხვერპლთშეწირვა მითრას შობის ღამეს ხდება (ქრისტეს და მითრას შობა ერთმანეთს ემთხვევა) და გათენებამდე გრძელდება.

სამონასტრო კომპლექსირედაქტირება

მცირე ეკლესიარედაქტირება

 
მცირე ეკლესია

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს. მათ შორის ერთ-ერთია მცირე ზომის ბაზილიკა ე. წ. მცირე ეკლესია, რომელსაც მკვლევართა უმრავლესობა მას საქართველოში დღემდე შემორჩენილ ეკლესიათა შორის ყველაზე ადრინდელად მიიჩნევს. გიორგი ჩუბინაშვილი ეკლესიას IV საუკუნის II ნახევრით ათარიღებს და ვარაუდობს, რომ ეს ის ეკლესიაა, რომლის აშენებასაც მემატიანე მეფე თრდატს მიაწერს. თუმცა ზოგიერთი მკვლევარი (ლ. ჭილაშვილი, ნ. ბახტაძე) თვლის, რომ თრდატის მიერ აგებული ნაგებობა არის ჭაბუკაურის სამნავიანი ბაზილიკა.

ეკლესია სამნავიან ბაზილიკას კი წააგავს, მაგრამ აღნაგობით საკმაოდ თავისებურია. იგი მინიატურული ზომისაა და სიგრძე სიგანეზე ნაკლებია (სიგრძე — 4,7 მ, სიგანე — 9,1 მ.), ხოლო ნავები ერთმანეთთან დაკავშირებულია თითო განიერი თაღით, რომელთა მალი თითქმის შუა ნავის სიგრძის ტოლია. ეკლესიას შესასვლელი აღმოსავლეთიდან, გვერდის ნავებიდანაც ჰქონია, რაც ადრეული პერიოდის მანიშნებელია.

შენობა ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. დროთა განმავლობაში ეკელსიას დაზიანებები და გადაკეთებები განუცდია, რამაც მისი თავდაპირველი სახის ცვლილება გამოიწვია. ბაზილიკის შუა ნავი ვიწრო და მეტისმეტად მაღალია. ჩრდილოეთის ნავი შუა ნავთან შედარებით, თითქმის ორჯერ უფრო დაბალია, მაგრამ ოდნავ უფრო განიერი, გადახურულია კოლოფა კამარით. ნავი სამ მხარეს გახსნილი იყო სხვადასხვა ზომის ღიობებით. სამხრეთის ნავი ჩრდილოეთი ნავის მსგავსი და მასზე ოდნავ მოზრდილია, მაგრამ ფორმით არასწორი. ჩრდილოეთი ნავის ქვეშ მდებარეობს კრიპტა. მასში ჩასასვლელი ქვის კიბე ჩრდილოეთი ნავიდანაა.

XX საუკუნის ბოლო მესმაედში ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმომ. მოიხსნა ჩრდილოეთის ნავზე დაშენებული ნაგებობის შემორჩენილი კედლის ნაშთი, გამაგრდა შუა ნავის კედლების მორყეული წყობა. შენობა გადაიხურა კრამიტით. 2000 წელს აღდგა შუა ნავის კამარა და კონქი. ჩრდილოეთ ნავის ჩრდილო-დასავლეთის მონგრეული კუთხე. გაიხსნა ჩრდილოეთი ნავის ჩრდილოეთი ღიობი და გადაეწყო ნალისებური თაღი, განახლდა ლავგარდანი, შეკეთდა კრიპტაში ჩასასვლელი ქვის კიბე. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 2009-2010 წლებში. აღადგინეს სამხრეთის ნავი და გადაიხურა ორფერდა სახურავით. პარალელურად მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩინეს ხუთი აკლდამა, რომელშიც აღმოჩნდა მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ძვლები. აკლდამაში დადასტურდა ასევე კერამიკის ფრაგმენტებიც. ჩრდილოეთი ნავის ქვეშ, კრიპტის გათხრისას აღმოჩნდა ორი აკლდამა. რომლებიც ძვლებით იყო ამოვსებული.

ლ. ჭილაშვილი იზიარებს გ. ჩუბინაშვილის დათარიღებას, თუმცა ეკლესიას მიიჩნევს წარმართული სალოცავის გადაკეთების გზით მიღებულ სალოცავად, რომლის ცვლილებები ქრისტიანული დოგმატიკით უნდა მომხდარიყო.

ღვთისმშობლის შობის ბაზილიკარედაქტირება

ძველი ეკლესის აღმოსავლეთით დგას კომპლექსის მთავარი ნაგებობა, ღვთისმშობლის შობის სახელობის სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც მონასტრის ყველაზე დიდი და კარგად შემონახული ნაგებობაა (17,2 X 12,7 მ).

ძეგლი თარიღდება VI-VII საუკუნეებისის მიჯნით. ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. კუთხეებში და კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია ფოროვანი შირიმი. ეკლესიას სამი შესასვლელი ქონდა, ახლა ორი აქვს დასავლეთით და ჩრდილოეთით. სამხრეთისა კი ამოუშენებიათ და შიგნიდან ნიში აქვთ მოწყობილი. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ყრუ კედლებით. გვერდის ნავებში ორი ეკლესიაა, რომელიც ერთმანეთს დასავლეთის გარსშემოსავლელით უკავშირდებიან. შუა მთავარი ნავი, აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა საკურთხევლით, რომელიც ნალისებრ აფსიდსდა მის წინ მდებარე მოკლე ბემას შეიცავს. აფსიდის რერძე სარკმელია გაჭრილი. ორი სარკმელი სამხრეთ კედელშიცაა. აფსიდს მტელ სიგრძეზე გასდევს მღვდელმსახურთა ჩამოსაჯდომი საფეხური. აფსიდში დგას ტრაპეზი. ჩრდილოეთ გვერდზე კი მიშენებულია მაგიდა, რომელიც სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია გვიანდელი კანკელით. საკურთხველის ჩრდილოეთით და სამხრეთით განცალკევებული სათავსებია. ორივე სათავსი სწორკუთხაა, თითო სარკმლით აღმოსავლეთით.

შენობის ფასადები დასრულებულია შირიმის თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია გადახურული იყო დიდი ზომის კრამიტით.

მოხატულობარედაქტირება

ეკლესია XVI საუკუნეში მოუხატავთ და თითქმის სრულადაა შემონახული ბაზილიკის ცენტალურ ეკლესიაში. მოხატულობა შესრულებულია კახეთის მეფე ლევანის თაოსნობით. მოხატულობის ნაწილი დაზიანებულია. მხატვრობას ახლავს ასომთავრული წარწერები, რომლებიც ცალკეულ წმინდანთა სახელს განამრტავენ. ვხვდებით ასევე ბერძნულ წარწერებსაც. ასოები ჩვეულებრივ თეთრი ფერისაა, შავი საღებავი მხოლოდ ბერძნული წარწერებისთვისაა გამოყენებული.

საკურთხევლის მოხატულობა ოთხ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში წარმოდგენილია ტახტზე მჯდომარე ღვთისმშობელი ყრმით და აქეთ-იქით მისკენ მიმართული მთავარანგელოზები, რომელთაც ხელში გრაგნილები უკავიათ. ბემის კამარის წვეროში გამოსახულია დიდისა ზრახვის ანგელოზი, ხოლო ცრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე მოსე და აარონი. საკურთხევლის დანარჩენ მეორე და მესამე რეგისტრებში გადმოცემულია ზეციური ლიტურგია და მოციქულთა ზიარება. მეოთხეში — წმინდა მსხვერპლის ტაყვანისცემა. მხატვრობას ასრულებს გეომეტრიული ორნამენტის ზოლი. მცენარეული ორნამენტითაა შემკული საკურთხევლის მხრები. დარბაზის კამარის აღმოსავლეთ მონაკვეთში გამოსახულია იესო ქრისტე მედალიონში, რომელიც ოთხ ანგელოზს უჭირავს. მედალიონს შემოუყვება ბერძნული წარწერა. მსგავსი კომპოზიციაა კამარის დასავლეთ მონაკვეთშიც.

დარბაზის კედლებიც რამდენიმე რეგისტრადაა დაყოფილი. გრძივ კედლებზე სამ-სამი, დასავლეთ კედელზე — ოთხი რეგისტრია. სამხრეთი კედლის პირველ რეგისტრში წარმოდგენილია ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება. მეორე რეგისტრში — საიდუმლო სერობა, იუდას ამბორი, ქრისტეს დატირება, მენელსაცხებლე დედანი ქრისტეს საფლავთან. მესამე რეგისტრში ხუთი წმინდა მეომარი. ამავე რეგისტრში გამოსახული არიან ისტორიული პირები: მეფე ლევანი ეკლესიის მოდულით ხელში, დედოფალი თინათინი და მათი ძე ალექსანდრე. ჩრდილოეთის კედლის პირველ რეგისტრშიგამოსახულია ფერისცვალება, 12 წლის ქრისტე ტაძარში, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმს შესვლა; მეორე რეგისტრში — ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, თომას ურწმუნოება, ამაღლება, სულიწმინდის მოფენა; მესამე რეგისტრში — წმინდა ბერები. დასავლეთის კედლის პირველ რეგისტრში — ჯვარცმაა, მეორე რეგისტრში — ღვთისმშობლის მიძინება, მესამეში — ღვთისმშობლის შობა და ტაძრად მიყვანება, მეოთხე რეგისტრში — წმინდა დედანი. კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთში წმინდა ბარბარესა და წმინდა ეკატერინეს გამოსახულებებია.

1980-იან წლებში მოხატულობას ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები.

მთავარანგელოზთა ეკლესიარედაქტირება

ნეკრესის გუმბათიანი მთავარანგელოზთა ეკლესია დგას მონასტრის კომპლექსის დასავლეთ ნაწილში, ბაზილიკისა და ეპისკოპოსის სასახლის ქვემოთ. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით, წარმოადგენს სამეკლესიიანი კომპოზიციის გუმბათიან ვარიაციას. ეკლესია ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია მოყვითალო შირიმი.

ნაგებობა გეგმით უჩვეულოა. იგი თითქმის სხვადასხვა ნაწილისაგან არის შედგენილი. თავდაპირველად აიგო ცენტრალური, გეგმით კვადრატული ნაწილი. შემდეგ მას აღმოსავლეთიდან მიადგეს ხუთწახნაგიანი აფსიდი, ხოლო სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთი მხრიდან ერთიანი გარსშემოსავლელი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთისა და დასავლეთის გარსშემოსავლელიდან. ორივე კარის პირდაპირ ეკლესიის ცენტრალური ნაწილის კედლებში, ბრტყლად გადახურული თითო კარია.

საკურთხევლის აფსიდი ნალისებურია. მის ღერძზე გაჭრილია სარკმელი. მსგავსი სამი სარკმელია გუმბათის ყელში: აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. საკურთხეველი დარბაზთან შედარებით სამი საფეხურით მაღალია. მეორე და მესამე საფეხურზე დგას გვიანდელი, ნატეხი ქვით ნაგები კანკელი, რომელსაც ერთი კარი აქვს შუაში. საკურთხეველში დგას ტრაპეზი.

ეკლესიის ცენტრალური ნაწილი დაგვირგვინებულია მაღალი, შიგნიდან წრიული და გარედან რვაწახნაგოვანი გუმბათით, რომლის სამი მხარე (სამხრეთი, დასავლეთი და ჩრდილოეთი) ეკლესიის კედლებზეა დაყრდნობილი, ხოლო აღმოსავლეთი — აფსიდის წინ მდებარე საბჯენ თაღზე. გუმბათის ყელი მაღალია, მისი ყველა წიბო სუფთად გათლილი შირიმისაა. გუმბათის ყელი დასრულებულია შირიმის თლილი ქვის ლავგარდნით.

წმინდა გიორგის ეკლესიარედაქტირება

დარბაზული ტიპის ეკლესია ნეკრესის მონასტრის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. აგებულია XVII-XVIII საუკუნეებში. ნაგებია ქვით და კირით, ხოლო გადახურვა კრამიტისაა. სამშენებლო წყობა შერეულია, აფსიდი – ნახევარწრიული.

ეპისკოპოსის პალატირედაქტირება

გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, ხევის პირას დგას გრძელი, ორსართულიანი ეპისკოპოსის პალატი (სასახლე). ეპისკოპოსის პალატს შეადგენს მოზრდილი ორსართულიანი ნაგებობა. ქვედა სართულის შესასვლელი დასავლეთის კედელშია. კარი თარაზულადაა გადახურული სართულის შუაში დგას რვაწახნაგა სვეტი, რომელსაც ემყარება მეორე სართულის იატაკის ძირითადი კოჭები, მოგვიანებით სვეტს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, სართულის სიგრძეზე კედლები მიაშენეს და სართული ორ ნაწილად გაყვეს, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილის დასავლეთ ბოლოშკ მცირე ზომის სათავსი მოაწყვეს.

პალატის ზედა სართულში შესასვლელი მოწყობილია ჩრდილოეთი კედლის შუაში, კარი ნალისებური თაღითაა დასრულებული. სართულის აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში ორ-ორი მოზრდილი ნალისებრი ღიობია, რომლებიც იატაკის დონიდან იწყება. ხუთი ღიობი სამხრეთის კედელშია ალაზნის ველისკენ. აღმოსავლეთი ღიობების ზემოთ, ფრონტონის არეში, პატარა, ნალისებრი თაღით დასრულებული სარკმელია. ამავე კედლის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში და ღიობების ზემოთ თითო სწორკუთხა ნიშაა. დასავლეთი კედლის სამხრეთ ნაწილში ერთი განიერი, ბრტყლად გადახურული ღიობია, რომელიც, როგორც ჩანს, მოგვიანებითაა გაჭრილი.

მარანირედაქტირება

სასახლის გაგრძელებაზე აღმოსავლეთით, განლაგებულია ერთსართულიანი შენობა, რომელშიც მარანია მოწყობილი. მარნის შემდეგ იმავე ღერძზე მოქცეულია მცირე დამხმარე სათავსო. ამ სათავსოთა იატაკის ქვეშ ორი სართულად არის განთავსებული რიგი სათავსოებისა პირველ ზედა სართულში განლაგებულია ოთახები კამაროვანი გადახურვით, ქვედა სართულში კი, რამდენიმე ცალკეული სენაკია.

კოშკირედაქტირება

მარნის თავზე XVI საუკუნეში ააშენეს ოთხასართულიანი ოთხკუთხა თავდაცვითი დანიშნულების მქონე კოშკი, რომელშიც მოხვედრა უშუალოდ მარნიდანაა შესაძლებელი. კოშკი მაღალია, სართულშუა გადახურვები ხისაა. ნეკრესის მონასტერის ტერიტორიაზე შედარებით უკვე შემონახულ გვიანი ხანის საზოგადოებრივი დანიშნულების მქონდე ნაგებობათა შორის ყურადღებას იპყრობს საკმაოდ დიდი ზომის სწორკუთხა შენობა კედლის თაღების რიგით, განლაგებული გუმბათიანი ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც მკვლევართა აზრით სატრაპეზოს წარმოადგენდა.

გალავანირედაქტირება

ანსამბლი გარშემორტყმულია ქვის გალავნით. შემოსასვლელი გალავანს სამხერთ-დასავლეთით ჰქონდა.

გალერეარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • დევდარიანი ფ., დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 421-434.
  • ბახტაძე ნ., ნეკრესის მონასტრის მემორიალური სამლოცველოს არქეოლოგიური კვლევის შედეგები, ს ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, თბ., 2010
  • ბახტაძე ნ., ნეკრესის მონასტრის მემორიალური სამლოცველოს დათარიღებისათვის, თბ., 2010
  • ბახტაძე ნ., ნეკრესის სამების ხუროთმოძღვრული კომპლექსის ფუნქციისა და დათარიღებისათვის, კრ., ხორნაბუჯი, I, თბ., 2011
  • ჭილაშვილი ლ., ნეკრესის წარმართული სამლოცველოები, თბ., 2000
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974
  • ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936
  • ელიზბარაშვილი ი., ნეკრესი, თბ., 1986

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

  •   საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 7955
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიორედაქტირება