ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი
ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსი — ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრებისა და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდასთან.
ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსის ბაზილიკა (სიგრძე-სიგანე: 31 მ X 15 მ; 5 წყვილი სვეტით დაყოფილია 3 ნავად)[1] ერთ-ერთი უძველესი სამნავიანი ტაძარია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ქართლის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პირველივე პერიოდში აშენდა[2]. ბაზილიკა დგას უფრო ძველ, წარმართული ტაძრის ნანგრევებზე. ჭაბუკაურის ბაზილიკა ერთ-ერთი ის ნაგებობაა, რომელიც აღმოსავლეთ ბიზანტიური არქიტექტურული ტრადიციების გათვალისწინებით არის აგებული.
ბაზილიკის გვერდით აშენებულია სანათლავი, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოშიც, მსგავსად ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციებისა, ქრისტიანობის გავრცელების პირველ ეტაპზე ტაძრები იგებოდა ბიზანტიური არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით. ჭაბუკაურის ბაზილიკა ერთადერთია საქართველოში, რომელსაც ამ ეპოქის ძეგლებისგან განსხვავებით მართკუთხა საკურთხეველი აქვს. ტაძარი თავის დროზე გადახურული იყო ხის ძელებზე დაყრდნობილი კრამიტებით, რითაც ის გამორჩეულია ამავე პერიოდის ძეგლებისგან და ადასტურებს, რომ ტაძრები საქართველოში არა მხოლოდ ქვის კამაროვანი გადახურვით სრულდებოდა, არამედ ხის ორფერდა კონსტრუქციითაც[3].
ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსს, ცეცხლის ტაძართან ერთად 2017 წლის 13 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[4].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული ქრისტიანული სატაძრო ხუროთმოძღვრების სათავეებთან (უძველესი ბაზილიკების არქეოლოგიური კვლევა ნაქალაქარ ნეკრესში). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-09. ციტირების თარიღი: 2021-01-18.
- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდერეობის ნუსხას ორი ძეგლი შეემატა[მკვდარი ბმული]
- ↑ „ცეცხლის ტაძარს“ და „ჭაბუკაურის ბაზილიკას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა
- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება № 426, 2017 წლის 13 სექტემბერი, ქ. თბილისი, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისათვის – „ცეცხლის ტაძრისა“ და „ჭაბუკაურის სატაძრო კომპლექსისათვის“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-21. ციტირების თარიღი: 2019-07-21.