აწყურის ღვთისმშობლის ხატი
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
აწყურის ღვთისმშობლის ხატი — ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტრადიციით, ხატის ისტორია ასეთია: მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტეს მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო ქრისტეს საქადაგებლად. მარიამს წილად ივერია ხვდა, მაგრამ ახლოვდებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ჟამი და მას უფალი იესო ქრისტე გამოეხცადა:
ამ გამოცხადების შემდეგ მარიამ ღვთისმშობლმა ანდრია პირველწოდებულს დაავალა ივერიაში ქრისტეს ქადაგება. ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და სასწაულებრივად, ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა.
„შვილო ანდრია, ...წაასვენე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, რათა ვიყო გამგებელი მათი ცხოვრებისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ მტერთაგანმა სძლიოს მათ.“
|
ანდრია მოციქული ღვთისმშობლისგან კურთხევის აღების შემდეგ ხელთუქმნელი ხატით საქართველოში ჩამობრძანდა. თავდაპირველად, წმინდა ანდრია ტრაპიზონში შემოვიდა „რომელ არს სოფელ მეგრელთა“ და მცირე ხანი იქ დაჰყო. შემდეგ გადავიდა „ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების“ და სახარების ქადაგება დაიწყო. საეკლესიო გადმოცემით, ქართლის წარმართი მოსახლეობა „პირუტყვთა უუგუნურესნი“ ყოფილა და წმინდა ანდრიასაც მრავალი განსაცდელი დაუთმენია ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და წმინდა ხატის შეწევნით სასწაულები აღასრულა და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. იქ კი, სადაც ხატი დაასვენა, მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.
მოციქულმა ნათლობის შემდეგ ქართლში მღვდელნი და დიაკონნი დაადგინა, ხოლო პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ააშენა. ქართლელებმა მოციქულს სთხოვეს მცველად ღვთისმშობლის ხატი დაეტოვებინა; წმინდა მოციქულმა აიღო იმავე ზომის ფიცარი, მიადო წმინდა ხატს და ღვთისმშობლის სახე მეყვსეულად გამოისახა მასზე. ხატი კი პატივით დაასვენეს ეკლესიაში.
ქართლიდან წმ. ანდრია ოძრხეს გავლით სამცხეში გადავიდა და სოფელ ზადენ-გორასთან გაჩერდა, სადაც ლოცვით წარმართული კერპი დაანგრია. შემდეგ, მოციქული დაბა სოსანგეთში (ახლანდელ აწყურში) გადავიდა, სადაც იმ მხარის გამგებლის - ქვრივი ქალის სამძიმარის შვილი მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა დედამ იწამა ქრისტესი და მოინათლა, შემდეგ კი წერილი მისწერა სამცხის მთავრებს, ყოველივე აუწყა და თავისთან მიიწვია. სოსანგეთი ხალხით გაივსო. ეკლესიის გადმოცემით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი საკერპოში შეასვენეს და ჩაკეტეს, დილით კი, როდესაც საკერპო გააღეს, კერპები დამსხვრეულნი დახვდათ, ხოლო ღვთისმშობლის ხატი მზესავით გაბრწყინებული. მაშინ კი ყველა დამსწრემ ერთხმად აღიარა ქრისტე. წმინდა ანდრიამ სოსანგეთში მრავალი ადამიანი მონათლა და ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა. მოსახლეობის თხოვნით, წმინდა ანდრიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სოსანგეთში დატოვა. მესხებმა ხატს ეკვდერი აუშენეს და დიდი პატივით დააბრძანეს.
შუა საუკუნეებში
რედაქტირებაVII საუკუნის დასაწყისში საქართველოში ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე კეისარი შემოიჭრა. ის საგანგებოდ მისულა ხელთუქმნელი ხატის თაყვანისსაცემად და, „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, აწყურში დიდი საეპისკოპოსო კათედრაც აუგია.
წმინდა დემეტრე თავდადებულის მეფობისას, სამცხეში მოხდა მძლავრი მიწისძვრა, რომელმაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია და ყველა ტაძარი და ციხესიმაგრე გაანადგურა. დაინგრა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარიც, მაგრამ ჩამონგრეული გუმბათი ქუდივით დაეფარა ხატს და ეს დიდი სიწმინდე განადგურებას გადაურჩა.
1476 წელს საქართველოს ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი შემოესია, დაარბია სამცხე და აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანა. მესხეთში დიდი გლოვა და მწუხარება დადგა. მესხნი აღდგნენ და ქართლში გადასახლდნენ; მათი გადასახლება კი 7 წელს გაგრძელდა.
ირანს კი ღვთის რისხვა დაატყდა თავს: ხატის დატყვევების შემდეგ ქვეყანაში „არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა“. ირანელებმა გამოიკვლიეს უბედურების მიზეზი და დაასკვნეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო საქართველოდან წამოღებული დიდი პატივით შემკული ფიცარი, რომელიც გზაში სასწაულებს ახდენდა. ირანელებს შეეშინდათ ხატის საქართველოში ჩამობრძანება და გადაწყვიტეს, ხატი გაუხედნავ რაშზე დაემაგრაბინათ და ისე გამოეშვათ სამცხისკენ. ღვთის განგებით, ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს. ქართლში გადახვეწილმა მეხსებმა სიხარულით შეიტყვეს ეს ამბავი და დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ მეფე კონსტანტინემ არ გამოუშვა. ისინიც ადგნენ და გამოიპარნენ. კონსტანტინემ მათ ჯარი დაადევნა, მაგრამ მესხებმა „აწყურის ღვთისმშობლის სახელით“ დაამარცხეს მდევარი.
1486 წელს სამცხეს იაყუბ ყაენი შემოესია. მან მოსახლეობის ნაწილი ამოხოცა, ნაწილი კი ტყვედ აიყვანა. ყაენმა შეიპყრო აწყურის ხატიც; სამკაულთაგან განძარცვა და ცეცხლში ჩააგდო, მაგრამ ხატი სასწაულებრივად გადარჩა. ყაენის ლაშქარში მყოფმა ერთმა არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა წმინდა ხატი მანუჩარ ათაბაგს დაუბრუნა.
1540-იან წლებში სამცხე ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. 1546 წელს ბაგრატ იმერთა მეფემ სამხრეთისკენ გაილაშქრია; სამცხე ვერ დაიბრუნა, მაგრამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოიტაცა და ციხისჯვარში დაასვენა, 1553 წელს კი იმერეთში გადააბრძანა.
1562 წელს ბაგრატის ძემ, იმერთა მეფე გიორგი II და ქაიხოსრო ათაბაგმა ზავი დადეს და იმერლებმა ღვთისმშობლის ხატი მესხებს დაუბრუნეს. ო. შმერლინგი, შ. ამირანაშვილი და თ. საყვარელიძე აწყურის ღვთისმშობლის ხატის ვერცხლით მოჭედვას გიორგი II-სა და მის მეორე ცოლს თამარს მიაწერენ, ხოლო დ. ბაქრაძე - იმერთა მეფე გიორგი III-სა (1604 - 1639) და მის თანამეცხედრეს. უფრო მისაღები დ. ბაქრაძის მოსაზრება უნდა იყოს, რადგან ხატზე გაკეთებულ წარწერაში მოხსენებული „მეფე პირმშონი“ ალექსანდრე და მამია გიორგი III-ისა და თამარის შვილები იყვნენ. წარწერა კი ასე იკითხება: „ჩვენ, მეფეთ-მეფემან პატრომან გიორგი და თანამეცხედრემან ჩვენმან დედუფალთ-დედუფალმან თამარ და ძეთა ჩვენთა პირმშოთა ალექსანდრე და მამიამ, მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლადწმიდისა, წარსამართებლად მეფობისა ჩვენისათვის და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად. ამინ“.
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ნახსენებია 1645 წლის როსტომ მეფის სიგელშიც. ხატი, გარკვეული პერიოდი დასვენებული ყოფილა სვეტიცხოველში, შემდგომ კი იმერეთში მოხვედრილა, მაგრამ ზუსტი დრო გაურკვეველია.
მუზეუმში დაცული ხატი
რედაქტირებადღესდღეობით, მუზეუმში დაცული წმინდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც, წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეკვეთით 1764 წელს.
მიუხედავად ამისა, მეცნიერულად დაუზუსტებელია, თუ რომელი ხატი ინახება მუზეუმში - ორიგინალი, თუ აგრეთვე ხელთუქმნელი პირი ხატი, რომელიც ანდრია მოციქულმა ქართლში დატოვა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 31-32, ISBN 978-99940-27-10-1.
- ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და მისი სასწაულმოქმედი ხატების ისტორია. თბილისი, 2001
- ჟურნალი „კარიბჭე“, № 12 2005 წ.