ნაკაშიძეთა სათავადო
ნაკაშიძეთა სათავადო — სათავადო ფეოდალურ საქართველოში, გურიის სამთავროში, XVI-XIX საუკუნეებში, რომელსაც ფლობდნენ ნაკაშიძეები.
ისტორია
რედაქტირებასათავადოს ჩამოყალიბება უკავშირდება მამუკა ნაკაშიძეს, რომელიც პირველი ადამიანია, რომელიც წყაროებში ამ გვარით იხსენიება. მამუკა ნაკაშიძე XVI საუკუნის მიწურულს ცხოვრობდა, მან ააშენებინა ციხის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და მოახატინა იგი. ამავე ეკლესიაში იყო დაცული მამუკა ნაკაშიძისა და მისი ოჯახის წევრების ფრესკები. მამუკა ნაკაშიძე ის იხსენიება ვახტანგ I გურიელის დარბაზის ერში. იმავე მამუკა ნაკაშიძეს იხსენიებს XVII საუკუნის პირველ ნახევარში იტალიელი მისიონერი ჯუზეპე ჯუდიჩი. მამუკა ნაკაშიძის მეუღლე იყო მოურავის ქალი ხვარამზე, შვილები ალექსანდრე და ბეჟანი, ხოლო ძმები — თანდარეხი და გიორგი.
საზღვრები
რედაქტირებანაკაშიძეების სათავადოში შედიოდა შვიდი სოფელი: გურიანთა, ვაშნარი, ციხე, ჭანიეთური, გამოღმა ბაილეთი, ახალსოფელი, მაკვანეთი. ეს სოფლები, გარდა მაკვანეთისა, ქმნიდა ერთ მთლიან ტერიტორიას, რომელსაც აღმოსავლეთიდან საზღვრავდა გურიელების სატახტო ქალაქი ოზურგეთი, დასავლეთიდან სოფელი ხვარბეთი, რომელიც აზნაურ ქარცივაძეებს ეკუთვნოდა, სამხრეთით მდინარე ჩოლოქი, ხოლო ჩრდილოეთით გურიის ქედი, რომელიც გამოჰყოფდა ნაკაშიძეების სათავადოს მაჭუტაძეების სათავადოსგან.
ნაკაშიძეებს ეკუთვნოდათ გურიის სანაპირო ზოლის ნახევარი, მათი მონახევრეები კი გურიელები იყვნენ. ნაკაშიძეები ფლობდნენ ასევე მამულებს ჩოჩხათში, ზედუბანში, ლანჩხუთში, გოგორეთში, ასკანაში, ხარაულში, ოქროსქედში, ვაკიჯვარსა და გამოჩინებულში, მათ ეკუთვნოდათ ძვირფასი ჯიშის ხით მდიდარი ვრცელი ტყეები მდინარე ნატანების ქვემო წელზე. ნაკაშიძეების საზაფხულო რეზიდენცია იყო ციხე, საზამთრო კი ვაშნარი. ნაკაშიძეების ერთი შტო მაკვანეთში ცხოვრობდა და XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე იქ სასახლე ჰქონდა მოწყობილი.
აზნაურები და ყმა-გლეხები
რედაქტირებანაკაშიძეების აზნაურები იყვნენ ვაშალომიძეები, ფასეიშვილები, ქარცივაძეები, საბაშვილები, თიკანაძეები, ბერიძეები.
ნაკაშიძეების ყმა გლეხები იყვნენ კვაჭაძეები, ტოტოჩავები, არობელიძეები, სურგულაძეები, ჩიკაშუები, ქადეიშვილები, მენაბდეები, ხავთასები, ებრალიძეები, ცხომელიძეები, დოლიძეები, სვანიძეები, სიორიძეები, ღლონტები, ჩანჩიბაძეები, ჩხაიძეები, ლომინაძეები, ჟღენტი, გოგიტაშვილები, მასხარაშვილები, მარგალიტაძეები, მუჯირი, ოთხმეზური, ცისკარიძეები, ნაკაიძეები, ჩიტაიშვილები, გუჯაბიძეები და სხვები.
ნაკაშიძეების ყმები თავისუფალნი იყვნენ სამთავრო გადასახადისგან. გურიელი მათ მხოლოდ მაშინ ბეგრავდა, როდესაც ნაკაშიძეზე განრსხდებოდა.
ნაკაშიძეებს ჰყავდათ მოხელეები, რომლებსაც სათავადოს მართვაში იყენებდნენ. 1689-1717 წლების საბუთში იხსენიება ნაკაშიძეების აზნაური გიორგი მამულაიშვილი, რომელიც ციხისთავი იყო და გურიანთას განაგებდა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 163-176.