ბერიძეები

ქართული ფეოდალური საგვარეულო.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერიძე.

ბერიძეები — ფეოდალური საგვარეულო საქართველოში.

ბერიძეების გერბი
1766 წლის რუკა. რუკაზე აღნიშნულია ჯუმათი, საბერიძეო, ბაილეთი, ასკანა, ოზურგეთი, ლიხაური, ალამბარი, აჭი, ხინო, ქობულეთი, ქაჯეთის ციხე, ბათუმი, ხინო, ერგე
გურიის მთავარი მამია გურიელი, აფხაზეთის მთავარი გიორგი შერვაშიძე და ტახტის აზნაური ბესარიონ ბერიძე
მამია გურიელი, გიორგი შარვაშიძე და ბესარიონ ბერიძე
აზნაური იაგორ ბერიძე დედასთან ეკატერინე ჭალაკანიძესთან ერთად
ბერიძე ვენერა წერეთლისა
ბერიძე ვენერა წერეთლისა
აზნაური სიო ბერიძე
გენერალ შერიფ ხიმშიაშვილის თანამებრძოლები: აბდულ ლორთქიფანიძე, მუსტაფ გაბაიძე და იუსუფ ბერიძე

წარმოშობა

რედაქტირება

მესხეთში არსებული გადმოცემით სოფელ ერკოტის უმრავლესობა გვარად ბერიძეები ყოფილან, რომლებიც ერთი ბერისაგან მოშენებულან. ჟამიანობის დროს ზარზმელი ბერებისათვის უბრძანებიათ, რომ თქვენი ბერმსახურება აღარ შეიძლება, უნდა გამრავლდეთო. ბერები სამი ძმები ყოფილა. ერთი ძმა წასულა აჭარაში, მეორე მესხეთში და მესამე — გურიაში, გვარად კი დაწერილან ბერიძეები. ბერიძის გვარს სხვადასხვა დროს გამოეყვნენ კახაბერიძეები და გულაბერიძეები. ბერიძეებისგან გამოყოფილი გვარი კახაბერიძეები ასევე ფიქსირდება გურიაში. ქველი ჩხატარაიშვილის ცნობით, საქართველოს მეფის გიორგი III-ს ერთ-ერთი ბერიძისათვის უბოძებია კახაბერიძეობა.

ბერიძეები დასავლეთ საქართველოში

რედაქტირება
 
„ხოლო გურიას გურიელი, იგიცა თვით ჰფლობს და იტყვის ვარდანის ძეობასა, და სხუანი მის ქუეშენი არიან: თადგირიძე და ამილახორი ჩავიდნენ სამცხიდამ, შარვაშისძე მოვიდა აფხაზეთიდამ, ბერიძე, კვერღელიძე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე და სხუანი, ეგრეთვე აზნაურნიცა“

ვახუშტი ბატონიშვილი ბერიძეს ახსენებს გურიის სამთავროს თავადების ჩამოთვლისას გურიელთან, თავდგირიძესთან, შარვაშიძესთან, კვერღელიძესთან, ბერეჟიანთან და ნაკაშიძესთან ერთად. ვახუშტი ბერიძეებს ასახელებს გურიის მკვიდრ თავადებად. პირთა ანოტირებული ლექსიკონი ბერიძის გვარს იხსენიებს XIII საუკუნის მეორე ნახევარში, ვახუშტი ბატონიშვილი კი ბერიძეებს XII საუკუნის მეორე ნახევარში არსებულ თავადთა რიგში ასახელებს. ოქონის მონასტრის წარწერებში სხვა გვარებთან ერთად (ჭანუყვაძე, ურატაძე) ნახსენებია ბერიძეები.

იმერთა მეფე ალექსანდრე II-ს მიერ, 1488 წელს ფალავანდიშვილებისადმი გადაცემულ სასისხლო სიგელში იმერეთის დარბაზისერთა შორის იხსენიებიან გიორგი I გურიელი და გურიის სხვათავადები: მაჭუტაძე, ბერიძე, მახაძე.[1]

XVII საუკუნის დასაწყისში ქრისტეფორე კასტელს ჰყავს მოხსენიებული პოეტი ვომინიჯა ბერიძე, რომელიც კასტელს გურიაში ყოფნის დროს ბევრ დახმარებას უწევდა. 1664-1667 წლის გიორგი III გურიელის მიერ ბოქაულთუხუცესს მირზაბეგ თავდგირიძისათვის მიცემულ ყმა-მამულის წყალობის წიგნში მოწმეებად დასახელებული არიან გიორგი ბერიძე მესტუმრეთუხუცესი და ოთარ ბერიძე - სახლთუხუცესი. 1687-1705 წლებში ჯუმათის საეპისკოპოსოს მართავდა ეპისკოპოსი იოანე ბერიძე. გურიის სამთავროში ბერიძის სათავადო მოიცავდა 6 სოფელსა და ოთხმოცამდე ყმას. თავადი ბერიძის ყმები იყვნენ ბოლქვაძეები, ჩხარტიშვილები, დოლიძეები, კუნჭულიები. ბერიძეებს გააჩნდათ საგვარეულო ციხე, რომელიც, სავარაუდოდ, ძიმითში იდგა.

 
„„ბახვის წყლის შესართავს ზეით არს ციხე ბერიძისა, სამხრითკენ მას ზეით ხეობა სურები, ვენახ-ხილიანი, მოსავლიანი“
(ვახუშტი ბატონიშვილი))

[2]

XVII საუკუნეში იხსენიება თავადი ბეჟან ბერიძე. [3] XVIII საუკუნეში თავადმა შერვაშიძემ სოფელ ინტაბუეთში მცხოვრები აზნაური ჩიგოგიძეები გადასცა თავად ბერიძეებს [4] XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე მოხდა ბერიძეების თავადური გვარის დამცრობა. მათ დაკარგეს გურიელის კარზე თანამდებობები, რომლებიც ნაკაშიძეების ხელში გადავიდა და ბერიძეებიც აზნაურები გახდენენ. XVIII საუკუნეში დვაბზუში მცხოვრებმა აზნაურმა მამუკა ბერიძემ უშვილობის გამო საკუთარი მამული საყვარელ ნაკაშიძეს დაუტოვა.[5] XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ბერიძე იხსენიება, როგორც „ერისთავის უხუცესი და ერკეთის სახატო მამულის მოურავი“. 1766 წლის რუკაზე, რომელის შედგენილია ჟოზეფ ნიკოლა დელილის მიერ, გურიის სამთავროში აღნიშნულია საბერიძეო. 1790 წლის ერთ თავდებობის წიგნში იხსენიება გურიის უდაბნოს მოურავი როსტომ ბერიძე.

XIX საუკუნის დასაწყისში - აზნაურმა ბეჟან ბერიძემ მიიღო მოურავობა, რადგან მან მამია გურიელს გაუწია დახმარება ასკანის ციხის აღებისათვის და ურჩი ასათიანების დამორჩილებისათვის. იგივე სამსახურისათვის მამია V-მ საჯავახოსა და საკათალიკოსოს მოურავობა ორ კაცს გაუყო ერთი ერისთავს და მეორე ბერიძეს.[6]

დიმიტრი ბაქრაძე ასახელებს გურიის ერისთავ-შარვაშიძეთა აზნაურებს - ბერიძეებს, რომელთაც გააჩნდათ ერკეთის მოურავების სახელო. დიმიტრი ბაქრაძე აცანის მონასტრის ტაძრის წარწერებში ასახელებს გურიის სამთავროს მესტუმრეთ-უხუცეს გიორგი ბერიძეს.[7]

1841 წელს გურიის აჯანყებაში მონაწილეობას ღებულობდა ჯვარცხმელი აზნაური ყარსუმ ბერიძე, რომელმაც გრიგოლეთის ბრძოლაში დადიანების კუთვნილი ერეკლე II-ის ხმალი ჩაიგდო ხელში [8] XIX საუკუნის მეორე ნახევარში აზნაურ სიო ბერიძის ასული ნინუცა ბერიძე იყო ტელემაქ გურიელის, პოეტ მამია გურიელის ძმის, მეუღლე. ნინუცა ბერიძის დის, ვენერა ბერიძის ცოლად შერთვა სურდა ოლივერ უორდროპს, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.[9]

1904 წლის მონაცემებით აზნაური ბერიძეები გურიის შემდეგ სოფლებში ცხოვრობდნენ ოცხანა (ცხრა კომლი), ამაღლება (ხუთი კომლი), ფარცხმა (ხუთი კომლი), ვანი (სამი კომლი), ზომლეთი (სამი კომლი), ახალშენი (ორი კომლი), ბერეჟოული, ერკეთი, ბუკისციხე, ინტაბუეთი, იანეული, დვაბზუ, სურები, ზენობანი. XX საუკუნის დასაწყისში ქალაქ ოზურგეთის თავი იყო ვექილი პლატონ ალმასხანის ძე ბერიძე.

ამჟამად აჭარაში ცხოვრობს ბერიძეთა ყველაზე დიდი რაოდენობა, მაგრამ აჭარაში მცხოვრები ბერიძეების გენეალოგია შეუსწაველია, ვინაიდან ოსმალეთის იმპერიის ბატონობის დროს განადგურდა წერილობითი დოკუმენტები. ზეპირი გადმოცემებით ბერიძეებს (განსაკუთრებით ქვემო აჭარის ბერიძეებს) იხსენიებდნენ ბეგებად და აღებად, რაც ქართული თავადის და აზნაურის ანალოგი იყო. აჭარაში ბერიძეების არსებობას ადასტურებს დიმიტრი ბაქრაძის მიერ მიერ აღმოჩენილი საბუთები. მისი მტკიცებით ეს საბუთი აჭარაში მაჰმადიანობის გავრცელებამდეა შედგენილი, სავარაუდოდ XV საუკუნის მეორე ნახევარში. ეს საბუთი ცნობილია როგორც იასე ცინცაძის სიგელი, რომელშიც ნახსენებია აზნაური ბეჟიტა ბერიძე. [10]

ოსმალთა ბატონობისგან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სახალხო განმათავისუფლებელ მოძრაობაში ბერიძეთა საგვარეულოს მონაწილეობაზე მეტყველებს XIX საუკუნის პირველი ნახვერის გამოსვლებიც, რომელთაგან ერთ-ერთს ორგანიზებას უწევდა მემედ-ბეგ ჩახალოღლი-ბერიძე, რომელიც სოფელ ზესოფლიდან იყო და ჭროღა და წვრილი თვალების გამოვა ეწოდა ჩახალი. ის იყო სელიმ ხიმშიაშვილის თანამებრძოლი და თანამედროვე. მემედ-ბეგ ჩახალოღლი-ბერიძე მემედ ბაირახტარის სახელითაა ცნობილი. ყოფილა არა ერთი, არამედ სამი ძმა ჩახალოღლი[11]. ჩახალოღლის 100 კაციანი რაზმი ჰყოლია. კავშირი ჰქონდა თავისუფლებისათვის მებრძოლებთან არა მარტო აჭარაში, არამედ სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელოში, ლაზეთში. ჰქონდა სპეციალური დაკვეთით დამზადებული დიდი ყალიბის კაჟიანი თოფი, რასაც აჭარაში „ჩახალოზას" ეძახდნენ.[12] მემედ-ბეგ ჩახალოღლი ოსმალებთან ბრძოლაში დაეცა, მისი საფლავი მიუკვლეველია. მემედ-ბეგ ჩახალოღლის ნამოსახლარი -ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელის ტერიტორიაზე დღემდე შენარჩუნებულია.

თედო სახოკია აჭარაში ბერიძეებს პირვანდელ სახით შემორჩენილ გვარებს შორის ასახელებს. აჭარაში სახოკიას გამცილებლობა წმინდა ქართულით მოსაუბრე, თავისი მხარის ისტორიისა და ადგილთა სახელების მცოდნე და განსწავლულ, ამ საგვარეულოს ოთხმა წარმომადგენელმა გაუწია. ზოტიყელიდან ღორჯომამდე მას სულეიმან ბერიძე დამგზავრია, რომელიც ბრძენ წინაკაცად ითქვლებოდა ზემო აჭარაში. ხულოდან ფურტიოსკენ სახოკიას ჩაფრად განწესებული იუსუფ ბერიძე აცილებდა. ფურტიოში სტუმარს გულუხვად ხულოს მეჯლისის წევრმა, ყადიმ, ნური ბერიძემ უმასპინძლა. აქედან ოლადაურში და სარიჩაირის საზაფხულო საძოვრებზე კი მკვლევარს თან ხულოს ნაწილის უფროსი ალექსანდრე ბერიძე ახლდა[13]

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით 1890-1898 წლებში ბათუმის ოლქის ზემო აჭარის ნაწილის უფროსი იყო გიორგი ალექსანდრეს ძე ბერიძე.

1917 წელს სამხრეთ საქართველოში მოგზაურობისას ექვთიმე თაყაიშვილი გაოცებული დარჩა ოლთისელი ხიმშიაშვილების დედის, ასი წლის ბერიძეთა გვარის წარმომადგენლის მეხსიერებითა და განსწავლულობით. მას ზეპირად სცოდნია ვეფხისტყაოსანი და შვილებსაც ზედმიწევნით შეასწავლა[14]1921 წელს აჭარის თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლებისათვის ადგილობრივ მოხალისეთა მებრძოლთა შორის იყო ვინმე შერიფა ბერიძე.

იმერეთში, და სამეგრელოსა და ლეჩხუმში

რედაქტირება

ბერიძეები იმერეთში იხსენიებიან, როგორც წერეთლის აზნაურები და სვერის ციხის მეციხოვნეები, სათავადო აზნაურებად ჩანან ბერიძეები აგრეთვე ლეჩხუმსა და სამეგრელოში. არსებობს სამეგრელოს მთავრის ლევან დადიანის მიერ 1824 წელს გაცემული მოწმობა, რის თანახმადაც ხონის მკვიდრმა ბერიძეებმა დაიბრუნეს აზნაურობა და ძველი გვარიც. მასში ვკითხულობთ:

 
„„გიორგი ბერიძე შემოწირულ არს ხონის მინდა გიორგის ეკლესიისადმი, მის პაპიჩემისაგან მისვე სახითა აზნაურობისათა, უჭეშმარიტესად წარმოებს გვარნი ამათნი ბერიძეებად, რომელთაც მონათესავე ამათი ცხოვრობენ ჟამსა ამას შინა სამთავროსა შინა ჩემსა ლეჩხუმს““

[15]

ბერიძეები იხსენიებიან ქუთაისის გუბერნიის აზნაურების სიაში.[16]“. XIX საუკუნის მიწურულს ქუთაისის თავადაზნაურთა საკრებულოში ხმის უფლებით მონაწილეობდნენ აზნაური ბერიძეები. 1904 წლის მონაცემებით აზნაურ ბერიძეების ოთხი კომლი ცხოვრობდა ლეჩხუმის სოფელ ცაგერ-გვესოში, ხოლო სამეგრელოს სოფლებში აბასთუმანსა და გურძენში (ორი კომლი). 1924 წელს აგვისტოს აჯანყებაში მონაწილეობდა ანტონ მაქსიმეს ძე ბერიძე შორაპნის მაზრიდან.

ბერიძეები ქართლში

რედაქტირება

ბერიძეები საციციანოში ციციშვილების აზნაურები იყვნენ. 1411 წლის დოკუმენტში ქართლში იხსენიება დავით ბერიძე, რომელსაც ჰყავს სახლიკაცი ციხელი და მეუღლე მითა. მას სვეტიცხოვლისათვის ვენახი მიუყიდია. 1448 წელს ალექსანდრე მეფის მიერ სიაოშ ფალავანდიშვილისათვის მიცემულ ქონების ბოძების წიგნში, სხვებთან ერთად, მოწმედ ბერიძეცაა დასახელებული. დემეტრე ბერიძე მოწმედ გვხდება იმავე ალექსანდრე მეფის მიერ 1484-1510 წლებში კაციბერ თოფურიძისათვის მიცემულ სასისხლო სიგელში. დაუთა ბერიძე არის მოწმე გიორგი სააკაძის მიერ ფარსადან ჯავახიშვილისგან ყმა მამულის ნასყიდობის წიგნში. წყალწითელას მცხოვრები გოგიტა ბერიძე გვხვდება 1570 წლის ბეგრის ნუსხაში. ქართლში ციციშვილის აზნაურ ბერიძეს 1578-1675 წლებში ჰყოლია სამი კომლი ყმა მაწლეთსა და ხამლეთში. ბერიძეები ქართლში მხოლოდ ციციშვილების აზნაურები არ იყვნენ, ისინი ირიცხებოდნენ საამილახვროს აზნაურებშიც. საამილახვროს დავთრის მიხედვით ანდორეთს მცხოვრები ბერიძის კომლიდან ოთხ კაცს ევალებოდა თოფით ლაშქრობა. სახლთუხუცეს პაატა ციციშვილის ყმების ნუსხის მიხედვით იხსენიება ბერიძე ბახუტა. 1654 წელს ჩანს ბერიძე ელია - დამწერი და მოწმე წინამძღვარ მელქისედეკ ყანჩელის მიერ ძაბახიძეებისათვის მიცემული სამწირველოს ბოძების წიგნისა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • ახუაშვილი ი., „ქართულ გვარ-სახელთა საიდუმლოებანი“, თბ., 1997, გვ.48
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი 1991, გვ. 524
  • ბაქრაძე დ ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878].
  1. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 74.
  2. ქართლის ცხოვრება ც 4: 790,19
  3. ჩხატარაიშვილი ქ. "გურიის სამთავრო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის ნარკვევი" გვ. 386.
  4. იქვე გვ.483.
  5. სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 167.
  6. ჩხატარაიშვილი ქ. "გურიის სამთავრო, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის ნარკვევი" გვ. 396.
  7. ბაქრაძე 1878, გვ. 199
  8. ერეკლე II-ის ხმალი გურიაში
  9. წერეთელი, პ., მამია გურიელი და მისი ძმები // საქართველოს ქალი : ჟურნალი, 1973, № 1, გვ. 17-18.
  10. ბაქრაძე 1878, გვ. 33
  11. ა.ახვლედიანი, "აჭარის საგმირო-საისტორიო ზეპირსიტყვიერება", ბათუმი, 1970, გვ.160,163
  12. იხ.ახვლედიანი, "სახალხო განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში", ბათუმი, 1956.
  13. სახოკია, თ., მოგზაურობანი: გურია აჭარა სამურზაყანო აფხაზეთი, გვ. 209-210 — ბათუმი, "საბჭოთა აჭარა", 1985.
  14. ბექირიშვილი ი., აჭარის ისტორია გვარ-სახელებში, ბათუმი
  15. ე. ბერიძე, „მოგონებები“, თბ. 1987, გვ. 136.
  16. Список дворянских родов Кутаисской губернии. (რუსული)