მამია გურიელი
მამია გურიელი ფსვედ: ფაზელი (დ. 9 თებერვალი [ ძვ. სტ. 28 იანვარი], 1836, ლესა — გ. 6 აგვისტო [ ძვ. სტ. 25 ივლისი], 1891, ქუთაისი) — ქართველი პოეტი. არის ასზე მეტი ლექსის, ერთი პოემისა და რამდენიმე თარგმანის ავტორი. მისი ყველაზე ცნობილი ლექსია „ადამიანი“. განიცდიდა ქართველი რომანტიკოსებისა და თერგდალეულების გავლენას.
მამია გურიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 იანვარი (9 თებერვალი), 1836 |
დაბადების ადგილი | ლესა, იმერეთის ოლქი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 25 ივლისი (6 აგვისტო), 1891 (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
ფსევდონიმი | Фазели |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | ქუთაისის კლასიკური გიმნაზია |
ბიოგრაფია
რედაქტირებაწარმოშობა
რედაქტირებამამია გურიელი დაიბადა სოფელ ლესაში 1836 წელს დიდგვაროვანი ფეოდალის ოჯახში. მისი მამა, დავით გურიელი იყო გურიის მთავრის, ვახტანგ III გურიელის, შვილი და გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია V გურიელის ბიძაშვილი და გურიელების საგვარეულოს მემკვიდრე მამია V-ის ძე დავითის შემდეგ. დავით ვახტანგის ძე გურიელი 1829 წელს, გურიის სამთავროსა და რუსეთის იმპერიას შორის დაპირისპირების დროს იყო მთავრის, სოფიოს ერთგული და თან გაჰყვა მას ოსმალეთის იმპერიაში. 1832 წელს იმპერატორ ნიკოლოზI-ის ამნისტიით დაბრუნდა გურიაში, რომელიც უკვე რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და დაიბრუნა ქონება. დაბრუნების შემდეგ ცოლად მოიყვანა ნიკო დადიანის ასული ეკატერინე.
ბავშვს ბებიამისის სურვილის თანახმად დაერქვა გურულებისთვის უჩვეულო ქართულ-სომხური სახელი მამიკონე, რომელიც შემდეგ მამიად გადაკეთდა. მამია თავად-აზნაურთა ცხოვრებით იზრდებოდა. დავითის ოჯახს ეკუთვნოდა 80 აზნაური მისი მიწებით. ოჯახის სამფლობელი აღწევდა ზღვამდე 17 ვერსის სივრცეზე, მათ ეკუთვნოდათ გრიგოლეთისა და მალთაყვის ნავების საბაჟო მოსაკრებელი. მისი მშობლების ოჯახში ხშირი იყო სტუმრობა, ლხინი, ჯირითი, შაირობა და სხვა. მამია იცნობდა გლეხთა ყოფა-ცხოვრებასაც რადგან მას ზრდიდნენ ძიძა გლეხი ჯორბენაძის ცოლი და კახელი გამდელი ქალი ჯანვერდი. მამიას ჰყავდა დედმამიშვილები ჯამბაკურ, ვახტანგ, ტელემაკ, ვარდენი, ივდითი და მაკა.
6-7 წლის ასაკში ისწავლა წერა-კითხვა კარის მღვდელი იოსებ გიგინეიშვილისაგან. 7 წლის ასაკში დაიწყო შაირების თხზვა და მონაწილეობდა ოჯახში გამართულ შაირობებში. 11 წლის ასაკში შეისწავლა რუსული წერა-კითხვა ოზურგეთში, რუსი სამხედრო პირის, პოლკოვნიკი არსენიევის ოჯახში. ამ დროს მამია გურიელი უკვე ლექსებს წერდა. 1851-1853 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში.
სამხედრო სამსახური
რედაქტირება1851 წელს მამიას მამა, დავით გურიელი მალთაყვაში მასპინძოლბდა კავკასიის მეფისნაცვალ ვორონცოვს, რომელსაც შეჰპირდა, რომ მის შვილს, მამიას, თბილისში სამხედრო სამსახურში გაუშვებდა. დავითი ასეც მოიქცა 1853 წელს. იმავე წლის 1 ნოემბერს დაიწყო ყირიმის ომი. მამია გურიელი განწესებულ იქნა გრენადერთა პოლკში უნტერ-ოფიცრად. გრენადერის პოლკი შეადგენდა ალექსანდრეპოლის რაზმის ნაწილს. გურიელმა მონაწილეობა მიიღო ბაშკადიკლარის ბრძოლაში და კიურუკ-დარას ბრძოლაში. 1855 წლის მაისიდან სექტემბრამდე მამია გურიელი იმყოფებოდა ყარსის გარშემო დაბანაკებულ ჯარში, სადაც ის 17 სექტემბერს დაჭრეს მარჯვენა ფეხში და სამი თვე საავადმყოფოში გაატარა.
მამია გურიელს მამა გარდაეცვალა 1856 წელს. აქედან მოყოლებული მას გული აუცრუვდა სამხედრო სამსახურზე. 1857-1859 წლებში მამია გურიელი მსახურობდა დიდოს საზოგადოებაში და ყოისუს მარჯვენა ნაპირზე. 1860 წელს ის იყო ადაგუნის რაზმში, რომელსაც უნდა გაეყვანა გზა ეკატერინოდარიდან ზემო-ადაგუნამდე. ამ რაზმში ყოფნისას მამია გურიელმა გააბა რომანი ადგილობრივ ქალთან, რამაც ის კინაღამ დუელამდე მიიყვანა. ამ წლებში მამია გურიელი სულ უფრო მეტ დროს ატარებდა შვებულებაში სახლში. 1861 წელს მან შეწყვიტა სამხედრო სამსახური. მხოლოდ 1864 წელს ახლდა ის გენერალ-ადიუტანტ მირსკის დასავლეთ კავკასიის დასამორჩილებლად, როგორც შტატ-გარეშე შტაბს-კაპიტანი.
ამის შემდეგ ის ცხოვრობდა ხან გურიაში, ხან ქუთაისში, მეტწილად კი თბილისში. თბილისის მაღალ საზოგადოებასთან დაახლოება ადვილად შეძლო ორბელიანებთან ნათესაური კავშირის გამო. იყენებდა ფაზელის ფსევდონიმს. იყო ლიტერატურული და სალონური შეკრებების ხშირი სტუმარი. იყო პოპულარული პოეტი და დეკლამატორი. 1868 წელს მან ცოლად შეირთო მარიამ მელიქიშვილი. მათი ცოლ-ქმრობა მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა და 1870 წელს განქორწინდნენ. ეყოლათ ერთადერთი შვილი კახაბერი, რომელიც განქორწინების შემდეგ დედასთან დარჩა.
1875 წელს მამია დაუბრუნდა სამსახურს, ის შევიდა ცხენოსანთა პოლკში, რომელიც ქუთაისში იდგა. როცა დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი, 1877 წლის 17 აპრილს მამია დანიშნეს გურიის ქვეითი რაზმის კომანდირად. 1878 წლის 17 ნოემბერს რაზმი დაიშალა და მამია გურიელი ამჟამად უკვე როგორც კაპიტანი, ისე დაუბრუნდა ქუთაისი პოლკს, რომელშიც იმყოფებოდა 1884 წლამდე. 1880 წელს მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდებოდა უფლებების გადამეტება, კორუფცია, თანხების გაფლანგვა და სხვა. მასზე დადიოდა ჭორები, რომ ოზურგეთში ყოველდღე წვეულებებსა და უზომო ღვინის სმებს აწყობდა სახაზინო თანხებით, მაგრამ ოზურგეთში მყოფმა დროებითმა სამხედრო სასამართლომ ის გაამართლა. 1884 წლის 5 თებერვალს ეს პოლკი გადაკეთდა დივიზიონად და მამია გადაყვანილ იქნა არმიის კავალერიის თადარიგში. ამით სამუდამოდ დასრულდა მამია გურიელის სამხედრო მოღვაწეობა.
უკანასკნელი წლები
რედაქტირებამამია გურიელი დარჩა ქუთაისში. 1889 წელს მან შეემთხვა ინციდენტი. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ხარაზოვის თეატრის სცენიდან ის კითხულობდა ლექსებს. გამოსვლაში მამიამ ისეთი ლექსებიც ჩართო, რომელთა წაკითხვის ნებართვა არ ჰქონდა. ამის გამო ის ერთი თვით დააპატიმრეს. ერთ-ერთ სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამია გურიელმა გაატარა ლოთობაში. გამოულეველმა სმამ ჩააგდო უფულობასა და ვალებში. ქუთაისში დასახლებული თავდაპირველად სასტუმრო „კოლხიდაში“ ცხოვრობდა, შემდეგ უფრო დაბალი დონის სასტუმრო „ბათუმში“ გადასახლდა, შემდეგ ადანიას დუქანში გადავიდა და ბოლოს ცხოვრობდა ქოხმახში, ბალახვანის ქუჩაზე. სვამდა ბევრს, დაავადებული იყო ჭლექით. ერთხელ მთვრალი რიონში გადავარდა, მაგრამ გადაარჩინეს. უკანასკნელად ის გახდა ავად ბათუმში, სადაც თეატრალური წარმოდგენების სანახავად იყო წასული. ბათუმიდან მამია სამკურნალოდ მშობლიურ სოფელში წაიყვანეს. იქ გაიგო ერთადერთი შვილის, კახაბერის თვითმკვლელობის ამბავი.
რამდენიმე თვეში, 1891 წლის 25 ივლისს მამია გურიელი გარდაიცვალა. დაკრძალეს ქუთაისში, არქიელის მთაზე, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში. მის დაკრძალვას დაესწრო მრავალი ადამიანი. სიტყვით გამოვიდნენ პოეტი გრიგოლ აბაშიძე და სილოვან ხუნდაძე.
შემოქმედება
რედაქტირებამამია გურიელისათვის დამახასიათებელია როგორც რომანტიკული ჟანრები: ელეგია, მიძღვნა, ისე რეალისტური ჟანრებიც–– ლექსი, პოემა (ისტორიული, დრამატიული). გამოყენებული აქვს ხალხური ლექსი და ზღაპარიც; მაგ.: „ირმის ნაამბობი“, „გურული ხალხური ლექსები“ და სხვ. როგორც ჟანრებისა, ისე მოტივების, ლექსთწყობისა და პოეტური სახეების მხრივ მამია გურიელს ახალი არაფერი შეუტანია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. მაგრამ ის ნიჭიერად სარგებლობდა როგორც ქართველი რომანტიკოსების, ისე თერგდალეული მწერლების მიერ დამყარებული პოეტური ტრადიციებით. წერდა თერგდალეულების მიერ დამკვიდრეული სახალხო ენით. ზოგჯერ იყენებდა გურულ კილოს (ქალ-ვაჟიანი).
პირველი ლექსები „ფარვანა“, „ჯაბას“ და „სტრფოსადმი“ გურიელმა დაწერა ყირიმის ომის დროს, ფრონტზე ყოფნის პერიოდში. „ფარვანა“ 1860 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში“. მამია გურიელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ჰუმანისტური ლექსი „ადამიანი“ (1867).
მის ლექსებში, „ფანტაზია“ (1868) „ოცნება“ (1887), „შოშია“, „კითხვა“, „ნუ შემიბრალებ“ და სხვა, აისახა მოუწყობელი საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრებით, მარტოობითა და სიღარიბით გამოწვეული სულიერი განცდები, მელანქოლია. ლექსებში „რა კარგია ყმაწვილობა“, (1881) „რათ მინდა?“ (1887), „არ მომწონს“, „ჭკუა და გული“ აისახა ბოჰემური განწყობილება, ღვინისა და ქალის ტრფიალი. დაწერილი აქვს არაერთი მიძღვანა ქალებისადმი: „ე.პ.ვ. ქალს“, „დესპინე გურიელის ქალს“, „ივლიტა ნაკაშიძის ქალს“, „ჩემს რძალს ელეონორას”. მამია გურიელის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მოტივია პატრიოტიზმი. პატრიოტული ლექსებია „ჩემი ალავერდი“, (1879), „კარჩხალის მთები“, „ფიქრი ყრმობისა“. ეს უკანასკნელი ცენზურამ აკრძალა. პატრიოტული შინაარსისაა ფანტაზიური პოემა „პოეტი და ჩვენება“ (1883). ისტორიულ-რომანტიკული შინაარსისაა პოემა „რაშიდ ვარდან ოღლი“ (1872 - 1879). სოციალური ჩაგვრა და გლეხობის უმწეო მდგომარეობა ასახა ლექსში „ქობულეთური ყანის სიმღერა“. სხვა ცნობილი ლექსებია „მოხუცის ბაასი“, „ნატვრა“, „ჩემს შვილს კახაბერს“, „დემონი“, „მარაოზედ“, „ფიცი“, „ჩემს სურათზედ”, „ქალები”, „ნაძლევი“, „რჩევა-დარიგება“
მამია გურიელს ქართულად ნათარგმნი აქვს ბაირონის „ებრაული მელოდია“, „ბაირონის გიაურიდამ“, თომას მურის „ირლანდიულის მელოდიებისაგან“, პუშკინის, კოლცოვისა და სხვათა ლექსები. 1872 წელს ჟურნალ კრებულში მან გამოაქვეყნა ლერმონტოვის „დემონის“ თარგმანი. თარგმნა „ილიადას“ დიდი ნაწილი რუსული გნედიჩის თარგმანიდან.
ძმები
რედაქტირებამამია გურიელის ძმები, ჯამბაკური და ტელემაკი ცნობილი მომღერლები იყვნენ. ჯამბაკურ (იგივე ჯაბა) გურიელი (დ? - გ. 1902) ზიჩიმ გამოიყენა ვეფხისტყაოსნის დასურათებისას ფარსადან მეფის ტიპაჟისთვის.
ტელემაკს დაბადებით ალექსანდრე ერქვა. გატაცებული იყო ქართული რუსული, ევროპული და ელინურ-ლათინური ლიტერატურით, განსაკუთრებით ბერძნული მითოლოგიით და ამიტომ დაირქვა ტელემაკი, ხოლო ქალიშვილს იუნონა დაარქვა. იყო ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი 1915 წლიდან. ცხოვრობდა რაღაც პერიოდი ევროპაში. გარდა ქართულისა და რუსულისა, იცოდა ინგლისური და ფრანგული ენები. ტელემაკს ცოლად ჰყავდა აზნაურ სიო ბერიძის ასული ნინუცა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- თხზულებანი მამია გურიელისა (მ. ფაზელისა) - ქუთაისი, 1897
- რჩეული ლექსები - თბილისი, საბლიტგამი, 1940.
- ლექსები - თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1978
ლიტერატურა
რედაქტირება- ალანია, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 314.
- 'ზანდუკელი მ., მამია გურიელი (ფაზელი) // ახალი ქართული ლიტერატურა, ტ. 1, თბილისი, 1972. — გვ. 359-404.
- ჟღენტი გ, მამია გურიელი, თბილისი, 1961
- მეუნარგია, ი., ქართველი მწერლები, ტ. 1, თბილისი, 1954. — გვ. 339-370.
- წერეთელი პ., მამია გურიელი და მისი ძმები // საქართველოს ქალი : ჟურნალი, 1973, № 1, გვ. 17-18.