სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზანდუკელი.

მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი (დ. 14 ოქტომბერი, 1889, სოფ. არანისი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 2 აპრილი, 1968, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, ლიტერატურათმცოდნე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1936); საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1961).

მიხეილ ზანდუკელი
დაბადების თარიღი 14 ოქტომბერი, 1889(1889-10-14)
დაბადების ადგილი არანისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 აპრილი, 1968(1968-04-02) (78 წლის)
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პედაგოგი და ლიტერატურათმცოდნე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია (1909), სადაც 1904–1905 წლებში გ. ავალიანთან და პ. დადვაძესთან ერთად გამოსცა კრებული „ღელვა“. 1909–1913 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, აქტიურად მონაწილეობდა ქართვ. სტუდენტთა სათვისტომოს საქმიანობაში. 1913 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ყარსის რეალურ სასწავლებელში, 1914 წლიდან კი მოღვაწეობდა თბილისის I გიმნაზიაში (1917), I ვაჟთა გიმნაზიაში (1918), I საცდელ-საჩვენებელ შრომის სკოლაში (1921). წლების განმავლობაში იყო I სკოლის დირექტორი, 1921–1922 — საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის საშუალო და უმაღლესი სკოლების მთავარი სამმართველოს გამგე, 1921–1925 წლებში — განათლების კომისარიატთან არსებული სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს მდივანი. 1923–1928 წლებში კითხულობდა ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს თბილისის პედაგოგიკურ ინსტიტუტში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსისა და თბილისის განყოფილებების წევრი.

1923 წელს ივანე ჯავახიშვილის წინადადებით მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ), რათა მოემზადებინათ საპროფესოროდ ქართული ლიტერატურის ისტორიაში. 1929 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1933 წლიდან რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა თსუ-თან ჩამოყალიბებული ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის სექციას. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს თსუ-ში; ასევე თბილისის პედაგოგიკურ ინსტიტუტში, ქუთაისის და თელავის პედაგოგიკურ ინსტიტუტებში. იყო თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის პროფესორი. 1941–1947 წლებში იყო რეპრესირებული ორგანიზაცია „სამანის“ საქმესთან დაკავშირებით.

ზანდუკელს დიდი დამსახურება მიუძღვის XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლისა და სისტემატიზაციის საქმეში. მისი სამტომიანი ნაშრომი „ახალი ქართული ლიტერატურა“ (1932–1936) რამდენჯერმე გამოიცა. ზანდუკელის სხვა შრომებიდან აღსანიშნავია „რომანტიზმი ქართულ ლიტერატურაში“ (1927), „თერგდალეულები და ხალხოსნები ქართულ ლიტერატურაში“ (1928) და სხვ. მისი რედაქტორობით გამოიცა დანიელ ჭონქაძისა და გრიგოლ ორბელიანის თხზულებები. ზანდუკელი დაჯილდოებულია ი. გოგებაშვილის სახელობის მედლით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი სახელი მინიჭებული აქვს ქუჩას თბილისში, ვერაზე.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • თხზულებანი, [ტ.] 1–3, თბ., 1972–78;
  • ლიტერატურული ნარკვევები, [ტ.] 1–2, თბ., 1957–61;
  • ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა, თბ., 1959;
  • ილია ჭავჭავაძის მხატვრული ოსტატობა, თბ., 1960;
  • ვაჟა-ფშაველა, თბ., 1963;
  • შიო არაგვისპირელი, თბ., 1966.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალანია, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 481.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 155, თბ., 1994;
  • ხუციშვილი, ს. მიხეილ ზანდუკელი, თბილისი, 1973