ჯორჯ გორდონ ბაირონი

ბრიტანელი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან ჯორჯ ბაირონი)

ჯორჯ ნოელ გორდონ ბაირონი (დ. 22 იანვარი, 1788, ლონდონი — გ. 19 აპრილი, 1824, მისოლუნგი, საბერძნეთი) — ინგლისელი პოეტი.

ჯორჯ გორდონ ბაირონი
ინგლ. George Gordon Byron
დაბადების თარიღი 22 იანვარი, 1788(1788-01-22)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი უესტმინსტერი (ლონდონის ბორო)[1] [3] [2]
გარდაცვალების თარიღი 19 აპრილი, 1824(1824-04-19)[3] [5] [4] (36 წლის)
გარდაცვალების ადგილი მისოლონგი[6] [7] [8]
დასაფლავებულია ნოტინგემშირი
საქმიანობა პოეტი[9] , ლირიკოსი, პოლიტიკოსი[10] , დრამატურგი, ავტობიოგრაფი, მთარგმნელი, სამხედრო, დღიურის ავტორი, მწერალი[7] [11] [8] , ლიბრეტისტი[8] , არისტოკრატი და philhellene
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
 დიდი ბრიტანეთის სამეფო
ალმა-მატერი ჰეროუს სკოლა[12] , ტრინიტის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და აბერდინის საშუალო სკოლა
ჟანრი narrative poetry და გოთიკური ლიტერატურა
Magnum opus ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობა, დონ ჟუანი და მანფრედი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი
მეუღლე ანა იზაბელა ბაირონი[2] [13] და კლერ კლერმონი[13]
პარტნიორ(ებ)ი კლერ კლერმონი, Augusta Leigh და Margarita Cogni
შვილ(ებ)ი ადა ლავლეისი[12] [13] , ელიზაბეთ მედორა ლეი და ალეგრა ბაირონი[14] [13]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში. სწავლობდა ჰაროუს არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ბაირონის ლექსების პირველი კრებული „მოცალეობის საათები“ 1807 გამოვიდა. სატირაში „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველნი“ (1809) დაგმო ინგლისის რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. 1811 გამოაქვეყნა პოემა „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობის“ პირველი ორი ქება. ამავე პერიოდს განეკუთვნება ბაირონის ხანმოკლე, მაგრამ პროგრესიული საპარლამენტო მოღვაწეობა. 1812-1814 წლების ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკტატიული წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი 1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს პ.ბ. შელის. 1817-დან იტალიაში გადავიდა და 1820-1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის წინააღმდეგ. 1823 ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა.

შემოქმედება

რედაქტირება

ბაირონის დიდი პოპულარობა „ჩაილ ჰაროლდის“ გამოქვეყნებით დაიწყო. პოემის გმირი, იმედგაცრუებული ახალგაზრდა არისტოკრატი, მალე იქცა სინამდვილის წინააღმდეგ ამბოხებული პიროვნების სინონიმად. პოემაში ისმის პროტესტი არსებული სოციალური წყობილების მიმართ; საფრანგეთის განმანათლებლური იდეების გავლენით ბაირონი სოციალური მოუწესრიგებლობისა და ეროვნული ჩაგვრის მიზეზებს ზნეობის დაცემასა და უმეცრობაში ეძიებს. პოემის თემატიკური, კომპოზ. (დღიურის ფორმა, ლირიკული გადახვევები), პოეტიკური სიახლენი კარგად ესადაგებოდნენ თხზულების რთულ თანადროულ პრობლემატიკას.

ბაირონი თავისი ყოვლისმომცველი მელანქოლიური განწყობილებით ე. წ. „მსოფლიო სევდის“ გამომხატველი პოეტი გახდა. ბაირონის ტრაგიკულმა მსოფლაღქმამ მეტი სიღრმით იჩინა თავი 1813-1816 შექმნილი აღმოსავლური პოემების ციკლში („გიაური“, „აბიდოსელი სარძლო“, „კორსარი“, „ლარა“, „კორინთის ალყა“, „პარიზინა“). ამ ტიპური რომანტიკული პოემების გმირები განასახიერებენ აბსტრაქტულ პროტესტს ისტორიის სინამდვილის მიმართ. ისინი ჩვეულებრივ ყაჩაღები, მეკობრენი, საზოგადოებას მოკვეთილი ადამიანები არიან - ძლიერნი, ამაყნი, და დასაღუპავად განწირულნი. პოემების სიუჟეტი ეგზოტიკური აღმოსავლეთის ფონზე ვითარდება.

დრამატულია ბაირონის ლექსების ციკლიც „ებრაული მელოდიები“ (1814-1815), რომლებშიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად გამოხატულია ადამიანის ძალისა და გამარჯვების რწმენა. შვეიცარიაში დაწერილ ლექსებსა და პოემებში ასახულია ბაირონის შინაგანი წინააღმდეგობრივი განწყობილებანი - უიმედობა და, ამავე დროს, თავისუფლებისათვის ბრძოლის წყურვილი; წინააღმდეგობრივია აგრეთვე ფილოსოფიური-დრამატული პოემა „მანფრედი“ (1817), რომლის გმირი უკიდურესი ინდივიდუალისტია, განდგომილი, სარწმუნოების, ძალაუფლებისა და დიდების უარმქოფელი; ამასთანავე მას სწამს ადამიანური აზრის ძალა, რომელიც იმორჩილებს ბუნების სულებს. ეს პოემა ფაუსტური იდეის რომანტიკული ინტერპრეტაციაა. ასეთივე სულისკვეთებისაა მისტერია „კაენი“ (1821); ბიბლიური გმირი გამოყვანილია შეურიგებელ მეამბოხედ, რომელიც ღმერთს აუჯანყდება და ადამიანის ბედნიერების მისაღწევად არსებულის უარყოფისა და ბრძოლის გზას ირჩევს. 1817-დან ბაირონის შემოქმედებაში ღრმავდება ინტერესი სოციალური პრობლემებისადმი („ტასოს ჩივილი“, 1817; „მაზერა“, 1818; „ჩაილდ ჰაროლდის“ ორი უკანასკნელი ქება, 1816-1817); პოლიტიკური მოტივებითაა გამსჭვალული ტრაგედიები „მაჩინო ფალიერო, ვენეციის დოჟი“, „სარდანაპალი“, „ორი ფოსკარი“ (სამივე 1821); ბაირონის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოლიტიკური და ლიტერატურული შინაარსის შემცველ სატირას („ბეპო“, 1818; „ირლანდიელი ავატარა“, 1821; „სამსჯავროს ხილვა“, 1822 და სხვა).

ბაირონის შემოქმედებით ევოლუციაში მნიშვნელოვანი ნიშანსვეტია დაუმთავრებელი რომანი ლექსად „დონ ჟუანი“ (დაიწყო 1818), რომელშიც ასახულია ინდივიდუალისტი პიროვნების ამბოხება მსოფლიო სოციალური სისტემის წინააღმდეგ, მისი პესიმისტური მსოფლაღქმა. ამ რომანშივე ბრძოლის რომანტიკულ პათოსს ენაცვლება პიროვნების სოციალური მნიშვნელობის აღიარება, მომავლის რწმენა, რაშიც მოჩანს ბაირონის შემოქმედებითი მეთოდის განვითარება რომანტიზმიდან რეალიზმისაკენ.

ბაირონი რომანტიზმის პროგრ. ფრთის უდიდესი წარმომადგენელია და, ამასთან, მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატი და ნოვატორი. XIX საუკუნის მრავალი ქვეყნის ლიტერატურაში ბაირონის პოეზიამ წარმოშვა თავისებური მიმდინარეობა, რომელსაც ბაირონიზმი ეწოდა. მას სხვადასხვა ქვეყანაში განაპირობებდა კონკრეტული ისტორიული პირობები; სხვადასხვა მწერლების შემოქმედება შესაბამისად გამოხატავდა ბაირონის პოეზიისათვის დამახასიათებელ სხვადასხვა მხარეს. მაგალითად ინგლისში ჩარტისტულმა პოეზიამ შეითვისა ბაირონის რევოლუციური პათოსი, საფრანგეთში ვ. ჰიუგომ - ბაირონის თავისუფლების იდეალი, ა. დე ვინიმ - მარტოობის განწყობილება. ბაირონის პოლიტიკური იდეალები გაიზიარეს იტალიელმა პოეტებმა უ. ფოსკოლომ, ს. პელიკომ, ჯ. ლეოპარდიმ, გერმანელმა ჰ. ჰაინემ და უნგრელმა შ. პეტეფიმ. რუსეთში ბაირონის მეამბოხე განწყობილებას ეყმაურებოდნენ კ. რილეევი, ა. პუშკინი, განსაკუთრებით კი მ. ლერმონტოვი. საქართველოში ბაირონს ენათესავება ნ. ბარათაშვილი თავისი რომანტიკულ-ლირიკული განწყობილებითა და პათეტიკური ინტონაციით.

ბაირონის თარგმნა საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო, მის პირველ ქართველ მთარგმნელთა შორის იყვნენ ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 L. S. Byron, George Gordon // Dictionary of National Biography / L. Stephen, S. LeeLondon: Smith, Elder & Co., 1885. — Vol. 8. — P. 132–155.
  2. 2.0 2.1 2.2 Байрон, Джордж-Ноэль-Гордон // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1891. — Т. IIа. — С. 726–730.
  3. 3.0 3.1 3.2 E. H. C. Byron, George Gordon Byron, 6th Baron // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 4. — P. 897–905.
  4. 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Find a Grave — 1996.
  6. Байрон // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 1.
  7. 7.0 7.1 Archivio Storico Ricordi — 1808.
  8. 8.0 8.1 8.2 Catalog of the German National Library
  9. The Fine Art Archive — 2003.
  10. Hansard 1803–2005
  11. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  12. 12.0 12.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 Kindred Britain
  14. Lundy D. R. The Peerage
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Internet Archive — 1996.
  16. 16.0 16.1 JSTOR — 1995.