კემბრიჯის უნივერსიტეტი

კემბრიჯის უნივერსიტეტი სიძველით მეორე უნივერსიტეტია ინგლისურენოვან მსოფლიოში და ჩარიცხვის კრიტერიუმებით ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი გაერთიანებულ სამეფოში.

კემბრიჯის უნივერსიტეტი
ლათ. Universitas Cantabrigiensis
დევიზი Hinc lucem et pocula sacra - აქედან, სინათლე და ძვირფასი ცოდნა
დაფუძნდა 1209
ტიპი საჯარო
სტუდენტი 18 977[1]
მისამართი University of Cambridge, Vice Chancellor's Office, University Offices, The Old Schools, Cambridge, CB2 1TN
მდებარეობა კემბრიჯი
ქალაქი კემბრიჯი
ქვეყანა ინგლისი
ტელეფონი +44-1223-337733 და +44-1223337733
კავშირები რასელის ჯგუფი, ORCID[2] [3] , Jisc[4] , IIIF Consortium, International Alliance of Research Universities, arXiv[5] , ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგა, Committee on Publication Ethics[6] და ELIXIR UK
აფილაცია რასელის ჯგუფი
კემბრიჯის უნივერსიტეტი — გაერთიანებული სამეფო
კემბრიჯის უნივერსიტეტი
cam.ac.uk

ადრეული წყაროები აღარ არსებობს, თუმცა მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი ქალაქ კემბრიჯში (ინგლისი) არსებულ პროფესორთა ასოციაციისგან წარმოიშვა და სავარაუდოდ შეიქმნა 1209 წელს ოქსფორდიდან გამოქცეულ მეცნიერ-მასწავლებელთა მიერ, რომელთაც ადგილობრივ მოქალაქეებთან კონფლიქტი შეექმნათ.

ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტებს (ერთობლივად მოიხსენიებენ, როგორც ოქსბრიჯს) მას შემდეგ ურთიერთ ჯიბრის დიდი ისტორია აქვთ და მოიხსენიებიან გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ელიტურ და პრესტიჟულ უნივერსიტეტებად. ისტორიულად, მათ გამოშვებას ეკუთვნის ბრიტანეთის გამოჩენილ მეცნიერთა, მწერალთა და პოლიტიკოსთა უდიდესი ნაწილი.

კემბრიჯის უნივერსიტეტიდან გამოსულთა შორის 81 ნობელის პრემიის ლაურეატია, რაც მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტზე მეტია. მათგან 70 კემბრიჯის ბაკალავრიატზე ან მაგისტრატურაზე სწავლობდა, ანუ ისინი ამ უნივერსიტეტის მასწავლებლები ან მკვლევრები არ ყოფილან. (ჩიკაგოს უნივერსიტეტი მეორე ადგილზეა ნობელის პრემიის ლაურეატთა რიცხვით - 78 - თუმცა მხოლოდ 30 მათგანი იყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი). კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან: ისააკ ნიუტონი, ფრენსის ბეკონი, სტივენ ჰოკინგი, ჩარლზ დარვინი, ფრენსის კრიკი, ჯეიმზ უოტსონი, მორის უილკინსი.

რანგით კემბრიჯი ბრიტანეთის უნივერსიტეტთა ლიგის სიის თავში იმყოფება ბოლო 8 წლის განმავლობაში, ხოლო ბოლო დროს კი უმაღლეს სასწავლებელთა საერთაშორისო ლიგის მე-3 რანგზე თაიმზის უმაღლეს სასწავლებელთა დამატების (ინგ. შემოკლებით THES) მიხედვით, ხოლო შანხაი ჟიაო ტონგის უნივერსიტეტის რეიტინგით მსოფლიოში მე-4 უნივერსიტეტია. (უნივერსიტეტთა რეიტინგები სუბიექტურ კრიტერიუმებს ეყრდნობა, თუმცა დღეისთვის მსოფლიო უნივერსიტეტთა მხოლოდ ზემოთ მოყვანილი ორი რეიტინგ-ლისტი არსებობს).

კემბრიჯი არის რასსელის ჯგუფის (ბრიტანეთის კვლევითი უნივერსიტეტების ქსელი, ინგ. Russel Group), კოიმბრას ჯგუფის (ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ასოციაცია, ლათ. Coimbra Group) და ასევე ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) წევრი.

საერთო ინფორმაცია

რედაქტირება

უნივერსიტეტის 31 კოლეჯი ტექნიკურად უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტებია და მნიშვნელოვანი ავტონომიით სარგებლობენ. მაგ. ისინი თავად წყვეტენ სტუდენტთა მიღების საკითხს და ასევე თავად ნიშნავენ საბჭოს უფროს წევრებს.

უნივერსიტეტის ამჟამინდელი კანცლერი მსუ ედინბურგის დუკია, ვიცე-კანცლერი კი პროფ. ალისონ რიჩარდი. კანცლერის თანამდებობა მუდმივია და უმეტესწილად სიმბოლური, ხოლო ვიცე-კანცლერი კი აღმასრულებელ მმართველად ითვლება. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში მხოლოდ საკუთარი წევრები არიან, გარე წარმომადგენლების გარეშე. მთავარი ავტორიტეტი ე.წ. მმართველი პალატაა (Regent House), რომლის წევრებიც კემბრიჯის აკადემიური თანამშრობლები არიან, თუმცა ძირითადი საქმიანობა საკონსულოს მიერ ხორცილედება. სენატი შედგება ყველა მაგისტრანტისა და უფრო მაღალი ხარისხის მფლობელთაგან. ის ირჩევს კანცლერს და 1926 წლიდან მისი როლი ძირითად ამით შემოიფარგლება.

 
კინგსის კოლეჯის კამპუსი

კოლეჯთა სისტემა უნივერსიტეტისთვის შემთხვევითია და მოგვიანებით გაჩნდა. პირველი კოლეჯი სახელად პიტერჰაუზი დაფუძნდა 1284 წელს ჰიუ ბალშემის, ელის ბიშოპის მიერ. დანარჩენ კოლეჯთა უმრავლესობა დაფუძნდა მე-14, მე-15 საუკუნეებში, თუმცა ახალი კოლეჯები იქმნებოდა მას შემდეგაც, მოყოლებული დღემდე. ყველაზე ახალგაზრდა კოლეჯია რობინსონი (1970).

შუა საუკუნეებში კოლეჯები იქმნებოდა რათა მათ სტუდენტებს ამ კოლეჯთა დამფუძნებლების სულებისთვის ელოცათ. ამ მიზეზით ისინი ხშირად სააბატოებთან ასოცირდებოდნენ. თუმცა 1536 წელს მონასტერთა გაუქმებასთან დაკავშირებით, მეფე ჰენრი VIII-მ ბრძანა გაეუქმებინათ უნივერსიტეტში კანონიკის სწავლების ფაკულტეტი და შეეწყვიტათ სქოლასტიკური ფილოსოფიის სწავლება. ამას შედეგად კოლეჯთა კურიკულუმის ფოკუსის შეცვლა მოჰყვა - კანონიკის ნაცვლად შემოიღეს კლასიკური მეცნიერებანი, ბიბლია და მათემატიკა.

კემბრიჯის გამოცდა ბაკალავრიატის ხარისხისთვის (მთავარი დაწყებითი ხარისხი კემბრიჯში ხელოვნებასა და მეცნიერების შემსწავლელ საგნებში) ცნობილია როგორც „ტრიპოსი“. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს კურსები მრავალ საგანში გააჩნია, ისააკ ნიუტონის დროიდან მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ძირითადი ყურადღება მათემატიკაზე ხდებოდა, და ამ საგნის შესწავლა დიპლომის მისაღებად აუცილებელი იყო. მათემატიკის კურსის წარჩინებით დასრულებისას სტუდენტებს ვრანგლერის წოდებას ანიჭებდნენ. მათემატიკის ტრიპოსი განსაკუთრებული სირთულით გამოირჩეოდა და მის კურსდამთავრებულად ისეთი გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერები იყვნენ, როგორცაა ჯეიმზ კლერკ მაქსველი, ლორდ კელვინი და ლორდ რალეი. მიუხედავად საგანთა სიმრავლისა კემბრიჯი მათემატიკას დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ისააკ ნიუტონის ინსტიტუტი, უნივერსიტეტის ნაწილი, ბრიტანეთის ეროვნულ კვლევით ინსტიტუტად ითვლება მათემატიკასა და თეორიულ ფიზიკაში.

დასაწყისში ყველა სტუდენტი მამაკაცი იყო. პირველი ქალთა კოლეჯები იყო გირტონის კოლეჯი (1869) და ნიუნჰამის კოლეჯი (1872). პირველი გამოცდები ქალი-სტუდენტებისთვის 1882 წელს ჩატარდა, თუმცა ქალთა უნივერსიტეტის სრულ წევრებად გახდომა 1947 წლამდე ვერ მოხერხდა, 20 წლით გვიან ვინემ ოქსფორდში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ითვლება კემბრიჯს ქალთათვის ხარისხი ამ დრომდე არ გაუცია, ფაქტობრივად მოყოლებული მე-19 საუკუნიდან ქალები დაშვებულ იყვნენ კურსებზე, აბარებდნენ გამოცდებს და ნიშნების ფურცელს ოფიციალურად იღებდნენ, რაც სხვა ინსტიტუტების მიერ ხარისხად ითვლებოდა. უკვე მე-20 საუკუნიდან ქალებს შეეძლოთ ე.წ. ტიტულარული ხარისხის მიღება. განსხვავება ის იყო, რომ სრული ხარისხის გარეშე ქალებს არ შეეძლოთ უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრები გამხდარიყვნენ. უნივერსიტეტის სტუდენტები კოლეჯის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ქალთა კოლეჯების სიმცირის გამო ისინი შევიწროებულნი იყვნენ 1960 წლამდე, როცა კოლეჯებში სქესთა შერევა დაშვებულ იქნა.

კოლეჯები

რედაქტირება

ამჟამად 31 კოლეჯიდან 28 შერეულია, დანარჩენი სამი კი ექსკლუზიურად ქალთათვის არის (ლუსი კავენდიში, ნიუ-ჰოლი და ნიუნჰამი). მაგდალენი ბოლო მამაკაცთა კოლეჯი იყო, რომელიც მხოლოდ 1988 წელს გახდა შერეული.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება