მთავარი მენიუს გახსნა
გავრილოვის ღამის მეორე დღე — 21 ივნისი. აქციის მოთხოვნები ერთ-ერთი მონაწილის ხელში.

გავრილოვის ღამე (რუს. Ночь Гаврилова) — საპროტესტო გამოსვლები და დარბევა თბილისში 2019 წლის 20 და 21 ივნისს, რომელიც თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას მოყვა.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა. [1]აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა. [2] საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა.

მოვლენათა განვითარებარედაქტირება

 
გავრილოვის ღამის მეორე დღე — 21 ივნისი. პროტესტის ცენტრალური ნაწილი და გამომსვლელთა ტრიბუნა.
 
გავრილოვის ღამის მეორე დღე — 21 ივნისი. პროტესტის ცენტრალური ნაწილი და გამომსვლელთა ტრიბუნა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა თბილისში 2019 წლის 19 ივნისს გაიხსნა. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (ავლაბრის სასახლე) ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში გამართული მიღება საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა პროტესტის ნიშნად დროზე ადრე დატოვა. ეს მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც სიტყვით გამოდიოდა რუსი დეპუტატი, ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი. უკრაინის ელჩმა განაცხადა, რომ მას არ უნდოდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის სიტყვა მოესმინა. [3]

20 ივნისს რუსული დელეგაცია პარლამენტის პლენარულ დარბაზში მივიდა. ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი პარლამენტში ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა.[4] სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი.[4][5] ასამბლეის სესიის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პრეზიდიუმში შეიჭრნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით. მათ სპიკერატის ადგილი დაიკავეს და ტრიბუნის ბლოკირება მოახდინეს. [6] ასამბლეა იძულებული გახდა შეეწყვიტა თავისი საქმიანობა საქართველოს პარლამენტში და სასტუმრო „რედისონში“ გადასულიყო.

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი „რედისონის“ ტერიტორიიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თანმხლებით გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა.[7]

2019 წლის 20 ივნისის 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობამ პოლიციასთან ძალისმიერი დაპირისპირება გამოიწვია. დაახლოებით ღამის 12 საათისკენ პოლიციამ და სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. 5 საათის განმავლობაში ისინი აქციის დაშლას რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობდნენ.[8] ადგილობირივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამართალდამცველთა მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს.[1] დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებია.[9]

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი, დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის ამოღება დასჭირდა. [8]

საპროტესტო აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. [10] 2019 წლის სექტემბერში გიორგი გახარიამ დატოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა და დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. [11]

რეაქციარედაქტირება

ხელისუფლების წარმოამდგენლებირედაქტირება

20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ:

 
„რეზინის ტყვიები და სხვადასხვა ტიპის გაზი ქართული ოცნების ხელწერა არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როცა საუბარია მშვიდობიან მოქალაქეებზე.“

20-21 ივნისს დატრიალებული მოვლენები 25 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. მისი ცნობით, ორი საათის მანძილზე აქციაზე ასამდე ძალოვანი და სულ რაღაც თოთხმეტი მომიტინგე დაშავდა, ხოლო მომიტინგეთა დაშავება ჭყლეტვამ გამოიწვია.

 
„ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ. და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში და შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა, ეს იყო იძულებითი აუცილებლობა.“

საერთაშორისო საზოგადოებარედაქტირება

20 ივნისს პარლამენტში საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეეცადა ვითარებაში გარკვევას. ელჩმა ყველა მონაწილეს მოუწოდა დაიცვან სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას.[14]

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად 8 ივლისიდან დროებით შეწყდება ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის. ბრძანებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ღონისძიებები რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დანაშაულებრივი და უკანონო ქმედებებისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაცვის მიზნით ხორციელდება.[15][16]

პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა თბილისში აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. პოლონეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, გასაგებია ხალხის პროტესტი, რომელიც რუსი დეპუტატების ჩამოსვლამ გამოიწვია.[2]

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იზიარებს ქვეყნის ხელისუფლებისა და აქციის მონაწილეების სულისკვეთებას რუსული ოკუპაციის მიმართ. უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, „უკრაინა ადასტურებს სოლიდარობას ქართველ ხალხთან მათ ბრძოლაში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიის შემდგომ განვითარებას“.[2]

შედეგებირედაქტირება

2019 წლის 21 ივნისს, აქციის დარბევის შემდეგ, გადადგა პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე.[17] 2019 წლის 24 ივნისს, პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ ბრიფინგზე გამოვიდა ინიციატივით „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.“[18]

25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკანორ მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. [19] 26 ივნისს პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა [20] სასამართლო პროცესი 27 ივნისს გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. მელიას ასევე აეკრძალა რეგისტრაციის ადგილის დატოვება პროკურორის ნებართვის გარეშე. [21]

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება ასევე დაიწყო აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. [22] შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი ყაყიჩაშვილს და ათ სამართალდამცველს. [23] [24]

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე. „საერთაშორიოს გამჭვირვალობა“ (21 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
  2. 2.0 2.1 2.2 უკრაინისა და პოლონეთის საგარეო უწყებები აქციის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებენ. on.ge (22 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 22 ივნისი, 2019.
  3. უკრაინის ელჩმა თბილისში რუს დეპუტატს არ მოუსმინა. „რადიო თავისუფლება“ (ივნისი 19, 2019). წაკითხვის თარიღი: 25 ივნისი, 2019.
  4. 4.0 4.1 https://calrev.org/2019/07/25/russian-impiety-georgian-riots/?v=7516fd43adaa
  5. ვინ არიან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუდმოვმოქმედი წევრები საქართველოდან. on.ge (20 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
  6. „ევროპულმა საქართველომ“ სპიკერატის ადგილის დაკავებით გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა. ვიდეო. Imedinews. წაკითხვის თარიღი: 22 ივნისი, 2019.
  7. სერგეი გავრილოვი „რედისონის“ ტერიტორიდან გაიყვანეს — აქციის მონაწილეებმა რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. „ინტერპრესნიუსი“. წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
  8. 8.0 8.1 გავრილოვის ღამე - როგორ დაიწყო დარბევა და რამდენი ადამიანი დაშავდა. „ტაბულა“ (20 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
  9. პოლიციამ აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაიწყო. netgazeti.ge (20 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 21 ივნისი, 2019.
  10. აქციის მონაწილეების მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, გიორგი გახარიას გადადგომაა. საქართველოს პირველი არხი (22 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 22 ივნისი, 2019.
  11. გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის რანგში მუშაობას შეუდგა. საქართველოს პირველი არხი (8 სექტემბერი, 2019). წაკითხვის თარიღი: 9 სექტემბერი, 2019.
  12. რეზინის ტყვიები და გაზი ქართული ოცნების ხელწერა არ ყოფილა და არც იქნება — ბახტაძე. On.ge (21 ივნისი 2019). წაკითხვის თარიღი: 6 სექტემბერი 2019.
  13. ირაკლი სესიაშვილი - ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში, დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა. პირველი არხი (25 ივნისი 2019). წაკითხვის თარიღი: 25 ივნისი 2019.
  14. საქართველოში გერმანიის ელჩი პარლამენტში მივიდა. „იმედი ნიუსი“ (20 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 25 ივნისი, 2019.
  15. პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა. Imedinews (21 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 25 ივნისი, 2019.
  16. ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან საქართველოში ფრენებს კრძალავს. საქართველოს პირველი არხი (21 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 25 ივნისი, 2019.
  17. ირაკლი კობახიძე გადადგა. „იმედინიუსი“ (21 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 25 ივნისი, 2019.
  18. „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში გაიმართოს. „ინტერპრესნიუსი“ (24 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი, 2019.
  19. ნიკა მელიას ბრალი წაუყენეს. Imedinews (25 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი, 2019.
  20. პარლამენტმა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა. Primetime (26 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი,2019.
  21. ნიკა მელია არ დააკავეს. Imedinews (27 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2019.
  22. პროკურატურამ აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქართველოს პირველი არხი (24 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 11 ივლისი, 2019.
  23. 10 სამართალდამცველს, რომელიც აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. Interpressnews (24 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 6 ივლისი, 2019.
  24. ძალაუფლების გადამეტება აქციის დაშლის დროს: 10 პოლიციელს შეუჩერდა უფლებამოსილება. Sputnik Georgia (24 ივნისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 6 ივლისი, 2019.