საქართველოს ფეოდალური მონარქიის სამოხელეო წყობა
საქართველოს ფეოდალური მონარქიის სამოხელეო წყობა — სამოხელეო იერარქია ფეოდალურ საქართველოში.
საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის ჩამოყალიბება X საუკუნის მიწურულსა და XI საუკუნის დამდეგს თავისთავად გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების მართვის ცენტრალური აპარატის ჩამოყალიბებასაც, ასე რომ დარბაზის რიგის მოხელეობის დაწესება ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობის დროიდან უნდა ვივარაუდოთ. ამ დროს უნდა გაჩენილიყო ერთიანი საქართველოს მეფის მწიგნობართუხუცესის, სპასალარის თუ სპასპეტის (შემდეგ ამირსპასალარად წოდებულის), მეჭურჭლეთუხუცესის და დარბაზის რიგის სხვა ხელისუფალთა თანამდებობანიც.
მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელი
რედაქტირებადარბაზის რიგის მოხელეობამ, მმართველობის ცენტრალურმა აპარატმა უფრო გამოკვეთილი სახე, დავით აღმაშენებლის (1089-1125) დროიდან მიიღო, რომლის დროსაც გაერთიანდა მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის თანამდებობანი და შეიქმნა მეფის ცენტრალური აპარატის უპირველესი ხელისუფლების მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელო[1][2]. ამიერიდან მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, „მეფის მამა“, უმაღლესი საერო და ასევე საეკლესიო თანამდებობათა „ერთად მქონებელი“, სამეფო ხელისუფლების ძირითად საყრდენ ძალად იქცა. ამ თანამდებობების ერთბუნებიანობა მას სახელმწიფო ცენტრალურ აპარატში განსაკუთრებულ როლსა და ადგილს ანიჭებდა. მეცნიერთა აზრით აღმაშენებლის დროიდან მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს, „დარბაზის რიგის“ სხვა ხელისუფალთაგან განსხვავებით, „ვაზირი“ ეწოდებოდა[3].
დავით აღმაშენებლის დროს ჩამოყალიბდა ცენტრალური სამოხელეო აპარატის ის ძირითადი ბირთვი, რომელიც შემდეგ, XIII საუკუნის დამდეგიდან, საფუძვლად დაედო ე. წ. „სავაზიროს“ წარმოქმნას.
ტერმინ ვაზირის ქართულში დამკვიდრების დროსა და მასთან დაკავშირებით სავაზიროს წარმოქმნის საკითხს პირველად ივ. ჯავახიშვილი შეეხო, მისი დაკვირვებით, „სიტყვა „ვაზირი“ თამარ მეფისა და გიორგი III-ის ისტორიკოსის გარდა არცერთ სხვა ქართველ მემატიანეს არსად ნახმარი არა აქვს. ეგებ სწორედ გიორგი III-ის და თამარ მეფის დროს შემოსულა ეს სიტყვა ქართულიში“[4].
ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით, ტერმინი ვაზირი ქართულში „განსაკუთრებით მინისტრთა საზოგადო სახელად იქცა. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა, რომ საქართველოში XII საუკუნეში ერთს უზენაეს მინისტრს კი არ რქმევია ვაზირის სახელი... არამედ რამდენიმე ვაზირი ყოფილა“[5]. მისივე აზრით გიორგი III-ისა და თამარ მეფის დროს, ჯერ 4 ვაზირი იყო, ხოლო შემდეგ, თამარ მეფის მეფობის დასასრულს, 5 ვაზირი (მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და ათაბაგი).
სავაზიროს წარმოქმნის საკითხს საგანგებოდ შეეხო მ. ლორთქიფანიძე. მან თავის კვლევაში დაასაბუთა, რომ გიორგი III-ის დროს არსებობდა მხოლოდ ერთი ვაზირი — მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახით, ხოლო ვაზირებისა და სავაზიროს ჩამოყალიბება თამარის მეფობის დროისათვის დამახასიათებელ ფაქტად მიიჩნია. მ. ლორთქიფანიძის მიხედვით „თამარის დროს მსხვილმა ფეოდალებმა გამარჯვება მოიპოვეს და მიიღეს სახელმწიფო საქმეთა გადაწყვეტაში „ერთნებობისა და თანადგომის უფლება“, ამას კი მოჰყვა ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის გავაზირება, ხოლო შემდეგ მეჭურჭლეთუხუცესისა, ათაბაგისა და მსახურთუხუცესისა“[6].
სავაზიროს წარმოქმნის საკითხს შეეხო პ. ინგოროყვაც. მისი აზრით, საქართველოს სახელმწიფოს მთავრობის — სავაზიროს — ინსტიტუტი, როგორც იგი მოქმედებდა XII-XIV საუკუნეებში ჩამოყალიბდა XII საუკუნის დასაწყისში, დავით აღმაშენებლის დროს[7]. მას თავის კვლევაში „დარბაზის რიგში“ შეყვანილი ჰყავს ყველა მოხელე დიდი თუ მცირე და ისინი ყველა ვაზირად გამოაცხადა. შესაბამისად ვაზირები დაყო ორ ძირითად ჯგუფად — „უფროს“ და „უმცროს ვაზირებად“, რაც ქართული წყაროებით არ დასტურდება. პავლე ინგოროყვას ეკუთვნის ასევე ქართულ სავაზიროს ისტორიაში ოთხი ძირითადი პერიოდისა და შესაბამისი სქემებისა და ვაზირთა სიის შექმნაც, რაც გაკრიტიკებულია ნ. შოშიაშვილის მიერ[8].
შოთა მესხიას აზრით ქართულ საისტორიო წყაროებში „ვაზირების“ მრავლობით რიცხვში ხსენება სრულად არ ნიშნავს რამდენიმე ვაზირის არსებობას. მისი თქმით თამარის დროს სიტყვა ვაზირი მრჩევლის მაგივრად გამოიყენებოდა. აღნიშნულის დასაბუთებად მოჰყავს „ხელმწიფის კარის გარიგება“: „ამილახორი ვაზირი არის ამირსპასალარისა“. მისი სიტყვებით გიორგი III-ის მეფობის დროს არსებობდა მხოლოდ ერთი ვაზრი. ასე მაგალითად ის იმოწმებს ქართლის ცხოვრებას. გარდაცვლილ გიორგი III-ს თავზე ადგნენ:
სამოხელეო წყობა არ შეცვლილა არც თამარ მეფის მეფობის დასაწყისში:
ერთი ვაზირი არსებობდა თამარ მეფის მოღვაწეობის შუა პერიოდშიც:
ერთი ვაზირი იყო თამარ მეფის შამქორის ბრძოლის დროსაც. მართალია ივანე ჯავახიშვილის მიერ ტექსტის არასწორად აღდგენის გამო მოხდა აზრის არასწორად გაგება მაგრამ მათი ურთიერთშედარებით შეიძლება საბოლოო აზრის გამოტანა.
- აღდგენილი ტექსტი
„აღვიდა და დაჯდა ტახტსა სულტანისასა. შეიქმნა დარბაზობაჲ, და დასხნეს ამირ-მირმან და შარვანმა თჳთოეული თჳსსა ადგილსა. აგრეთვე ვაზირნი: მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი და შემდგომნი წესისაებრ, რომელ აქუნდა წესი ჯდომისა და დგომისაჲ, დასვეს[9].“
|
- მარიამისეული ქართლის ცხოვრება
„აღვიდა და დაჯდა ტახტსა სულტანისასა. შეიქმნა დარბაზობაჲ, და დასხნეს ამირ-მირმან და შარვანმა თჳთოეული თჳსსა ადგილსა. ეგრეთვე ვაზირ მანდატურთუხუცესი და ამირ-სპასალარი და შემდგომნი წესისაებრ, რომელ აქუნდა წესი ჯდომისა და დგომისაჲ, დასვეს[10].“
|
აღნიშნული სიტყვა „ვაზირი“ მხოლობით რიცხვში მეორდება „ქართლის ცხოვრების“ საეკლესიო მუზეუმის, რუმიანცევისეულ, თეიმურაზისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებში.
ამირსპასალარის სახელო
რედაქტირებადავით IV-ის დროს უფრო სრულყოფილ სახეს იღებს აგრეთვე საქართველოს ლაშქრის მთავარსარდლის — სპასალარის ანუ ამირსპასალარის თანამდებობა. ივანე ორბელი, რომელიც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებაში მხოლოდ ერთგან და ისიც ყოველგვარი ტიტულის გარეშე მოიხსენიება, მეცნიერთა აზრით უკვე იწოდებოდა ამირსპასალარად. ამას, გვიანდელი წყაროს გარდა, ამ პერიოდის ამ პერიოდის ეპიგრაფიკული მასალაც ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ XII საუკუნის ქართულლი და სომხური წყაროები ზოგ შემთხვევაში სპასპეტს, სპასალარსა და ამირსპასალარს ერთი და იმავე მნიშვნელობითა და შინაარსით ხმარობენ. ასე მაგალითად, გიორგი III-ის თანამედროვე და მისი მთავარსარდალი ივანე ორბელი, შვილიშვილი დავით აღმაშენებლის თანამედროვე დიდი ივანე ორბელისა, სანაინის ერთ სომხურ წარწერაში თავისთავს მხოლოდ სპასალარს უწოდებს და ამავე ტიტულით მოიხსენიებს მის წინაპრებსაც:
სპასალარი სამეფოში რამდენიმე შეიძლებოდა ყოფილიყო, ხოლო მთავარსარდალი ერთი, ამიტომ სხვა სპასალართაგან მთავარსარდლის განსასხვავებლად, დიდ სპასალარის ან კიდევ ამირსპასალარის (სპასალართა თავის) წოდება შემოდის. ყურადსაღებია, რომ დავითის თანამედროვე ივანე ორბელს სტეფანოს ორბელიანი „დიდ სპასალარს“ (სომხ. մեծ սպասալար უწოდებს[14].
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უფრო ადრინდელ წყაროებში იგივე ივანე, დავითის თანამედროვე, ჰნევანქის („ძელი ჭეშმარიტი“) ქართულ წარწერაში ამირსპასალარადაც კი არის წოდებული.
„... ღირს ვიქმენ მე, სოჳბატ [ძე ივანე მანდატურთუხუცე]სისა და ამირსპასალარისა, მეორედ განახლებად და შემკობად დიდებულისა საყდრისა წმიდისა [ძელისა ჭეშმარიტი]სა, საოხად და სალხინებლად სულთა ჩუენთა-თჳს და ყოველთა მომავალთა ჩუენთა-თჳს საუკუნოდ...ქრონიკონი იყო ტოვ (1156)[13].“
|
არსებული ეპიგრაფიკული წყაროები შუქს ჰფენს XII საუკუნის სამოხელეო წყობის ისტორიას, რომლის მიხედვითაც ირკვევა:
- დავით აღმაშენებლის თანამედროვე ივანე ლიპარიტის ძე იყო მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი.
- მანდატურთუხუცესობა და ამირსპასალარობა თავიდანვე ორბელთა ხელში იყო.
- ორბელები ფლობდნენ ამ თანამდებობას დემეტრე I-ის დროსაც, სამეფოს მანდარტუხუცესი და ამირსპასალარი ჯერ ივანე, ხოლო შემდეგ სუმბატ ივანეს ძე ორბელი იყო.
- დავით V-ს მეფობის დროს ორბელებმა, დროებით რამდენიმე წლით დაკარგეს აღნიშნული თანამდებობანი, მაგრამ XII საუკუნის 60-იანი წლებიდან ისევ დაიბრუნეს და შეინარჩუნეს 1177 წლამდე.
ივანე ჯავახიშვილი წერდა: „მარტო ის გარემოება, რომ დავიტ აღმაშენებლის ისტორიკოსს ამირსპასალარი მოხსენიებული არა ჰყავს, ვერავითარ საბუთათ ვერ გამოდგება იმიტომ რომ, საზოგადოდ მას ხელისუფალთა შესახებ ძალიან ცოტა ცნობები აქვს აღნიშნული... იქნებ მომავალში თუ ყველა მასალები შესაფერისი გულისხმიერებით განხილული იქნება, გამოირკვეს კიდეც, რომ საქართველოს სამხედრო მინისტრს მართლაც მხოლოდ XII საუკუნეში ეწოდა ამირსპასალარის სახელი“[15].
ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, არაბულ-სპარსული წარმოშობის ტერმინი „ამირსპასალარი“ არც არაბულსა და არც სპარსულში არ იხმარებოდა ლაშქრის მთავარსარდლის აღსანიშნავად: „არაბულად მთავარსარდალს ამირსპასალარს კი არ უძახდნენ, არამედ, „ამირ ალ-ჯუჲუშ“-ს. სპარსეთში კი ჯარის მბრძანებელს მარტივად „სიფაჰ-სალარი“ ანუ სპასალარი ეწოდებოდა და თავში ქართულივით „ამირ“-ი არ უჯდა“. აღნიშნული ტერმინი ჩანს „დიდ სელჩუკთა“ სამოხელეო წყობილებაში. უკანასკნელი დიდი სელჩუკის სანჯარის (1117-1157) ბრძანებებში „ამირსპასალარი“ amir-i isiah salar-ის ფრომით არაერთხელ მოიხსენიება ამ თანამდებობის მფლობელ პირებთან ერთად[16].
საქართველოში „ლაშქრის თავს“ — სპასპეტს გაცილებით დიდი ისტორია აქვს ვიდრე თუნდაც სელჩუკურ „ამირსპასალარის“ ინსტიტუტს.
ამრიგად ამირსპასალარის სახელოს შემოღება, ორბელტა საგვარეულოს დაწინაურება და მათთვის ამირსპასალარის სახელოს ბოძება დავით აღმაშენებლის სახელს, მის ღონისძიებებს უკავშირდება.
მანდატურთუხუცესის სახელო
რედაქტირებადავით აღმაშენებლის მრავალ ღონისძიებებთან დაკავშირებული უნდა იყოს აგრეთვე მანდატურთუხუცესის სახელოს შემოღებაც. სამეცნიერო ლიტერატურაში, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ტხზულებაზე დაყრდნობით, სათანადოდ არის შესწავლილი ის ღონისძიებანი, რაც დავით აღმაშენებელმა „ფეოდალურ ქაოსში წესრიგის“ დასამყარებლად გაატარა. ამ ღონისძიებებში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საპოლიციო, „მსტოვრთა“ ინსტიტუტის გაძლიერებას. სამეფო ხელისუფლებას ქვეყნის შინაგანი წესრიგის დამცველი საშინაო საპოლიციო აპარატი მანამდეც უნდა ჰქონოდა, მაგრამ რაკი დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს ამ ფაქტებს და მათ აღწერასაც რამდენიმე გვერდსაც კი უთმობს, ცხადია, ამ შემთხვევაში საამისო განსაკუთრებული ღონისძიების გატარების შესახებ უნდა იყოს საუბარი. დავითის შემტევი საშინაო და საგარეო პოლიტიკა მართლაც მოითხოვდა მკაცრ რეჟიმსა და შინაგანი წესრიგის დამყარებას. ეს კი სამეფო ხელისუფლებასთან სათანადო საგანგებო უწყების შექმნით იქნებოდა შესაძლებელი. ასეთ ორგანოს კი ქართულ ფეოდალურ მონარქიაში მანდატურთუხუცესის ინსტიტუტი და მისი საუწყებო შეადგენდა.
მანდატურთუხუცესობა (შინაგანი საპოლიციო სამსახურისა და მეფის დაცვის უფროსობა) თავისი ბუნებით ახლო იდგა ამირსპასალარობასთან, ამიტომაც ამ ორი თანამდებობის გაერთიანება ერთი პირის ხელში იშვიათი შემთხვევა არ ყოფილა XII საუკუნის მანძილზე. ორბელების გარდა, ამ თანამდებობებს აერთიანებდნენ მათი შემცვლელი ყუბასარიც, შემდეგ მხარგრძელებიც (ზაქარია, ივანე), თუმცა თამარის მეფობის დასაწყისიდან იყო შემთხვევა მათი გაყოფისაც. ამრიგად დავით აღმაშენებლის პერიოდში მანდატურთუხუცესის სახელო საქარართველოს სამეფო კარზე უმაღლეს რგოლს წარმოადგენდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის შემდეგ, რომელსაც მოყვებოდა ამირსპასალარის სახელო.
მეჭურჭლეთუხუცესის სახელო
რედაქტირებამეცნიერთა აზრით დავით აღმაშენებლის დროს სამეფო კარზე ჩამოყალიბდა აგრეთვე მეჭურჭლეთუხუცესის სახელოც. მეჭურჭლის თანამდებობდა, როგორც ცნობილია, ძველთაგანვე არსებობდა მთავართა კარზე და ცხადია იქნებოდა მეფეთა სასახლეებშიც. ამ ხელისუფლების ფუნქციათა გაფართოებამ ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნასთან და ზრდასთან დაკავშირებით, აუცილებელი გახადა მეჭურჭლეთა უფროსის, ანუ მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობების შექმნა.
სხვა ხელისუფალთა შორის მეჭურჭლეთუხუცესს, მანდატურთუხუცესის შემდეგ მეორე, ხოლო „დარბაზის რიგის“ მოხელეთა შორის მეოთხე ადგილი ეკავა. ხელმწიფის კარის გარიგებით, მეჭურჭლეთუხუცესის სახელო ერთ-ერთი უძველესია ქართულ ფეოდალურ მონარქიაში.
მსახურთუხუცესის სახელო
რედაქტირებამსახურთუხუცესი თამარის მეფობის პირველ წელს, ახალ მოხელეთა დანიშვნის დროს, მეჭურჭლეთუხუცესის შემდეგ მოიხსენიება. ასე რომ „დარბაზის რიგის“ მოხელეთა შორის რიგით მეხუთე ხელისუფლად იყო მიჩნეული. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო თამარის მეფობის წინა ხანებში, გიორგი III-ის გარდაცვალების დროს მსახურთუხუცესი დარბაზის მოხელეთა შორის ერთ-ერთი უკანასკნელტაგანი უნდა ყოფილიყო. ალბათ ამიტომ იხსენიებდა თამარის ისტორიკოსი მას ჩუხრახისა და მეჯინიბეთუხუცესის შემდეგ და ამილახორის წინ. მსახურთუხუცესის სახელო თანდათან გაძლიერდა სამეფო კარზე და რუსუდანის დროს სავაზიროშიც კი შევიდა. მსახურთუხუცესის აღზევება, როგორც ჩანს, თამარის მეფობის პირველი წლებიდანვე დაწყებულა. ცხადია, თამარის საშინაო პოლიტიკისათვის დიდი მნიშვნელობა ექნებოდა იმასაც, თუ ვინ დაიჭერდა ამ თანამდებობას უკვე გადაყენებული აფრიდონის შემდეგ.
თამარის ისტორიკოსის ცნობით, თამარისაგან ებოძა „მსახურთუხუცესობა დადიანსა ვარდანს“. დადიანთა საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი და ძლიერი იყო. მათი დაწინაურება, როგორც ჩანს, საქართველოს გაერთიანების, კერძოდ ბაგრატ IV-ის დროიდან უნდა იყოს დაწყებული. სწორედ XI საუკუნის შუა წლებში იხსენიება ბაგრატ IV-ის მიერ ანისში დატოვებულ დიდებულთა შორის ივანე დადიანი[17].
ჩუხჩარხის სახელო
რედაქტირებამეჯინიბეთუხუცესის სახელო
რედაქტირებაამილახორის სახელო
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შოთა მესხია, „საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში“, თბ., 1979,
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნ. ბერძენიშვილი, „სავაზირო“, გვ. 5-56
- ↑ ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, II, გვ. 124
- ↑ მ. ლორთქიფანიძე, „კარის მოხელენი“, მსკი, ნაკვ. 32, 1955, გვ. 69
- ↑ ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, გვ. 120
- ↑ ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, გვ. 121
- ↑ მ. ლორთქიფანიძე, კარის მოხელენი, მსკი, ნაკვ. 32, 1955, გვ. 70
- ↑ პ. ინგოროყვა, გვ. 561
- ↑ ნ. შოშიაშვილი, „სახელმწიფო სამართლის ისტორიის ზოგიერთი საკითხი“
- ↑ ისტორიანი, გვ. 108; ქართლის ცხოვრება, II, გვ. 73
- ↑ მარიამისეული ქართლის ცხოვრება, გვ. 470
- ↑ კ. კოსტანიანცი, „მატიანე ქვებზე“ (სომხ.), გვ. 35
- ↑ კ. კაფადარიანი, „სანაჰინის ვანქი“ (სომხ.), გვ. 189
- ↑ 13.0 13.1 ლ. მელიქსეთ-ბეგი, „ჩრდილო მხარეთა“ სომეხთა მოძღვარნი, 1928, გვ. 35
- ↑ სტეფანოს ორბელიანი, „სივნიეთის ისტორია“ (სომხ), გვ. 379
- ↑ ივ. ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, II, გვ. 141
- ↑ ჰ. ჰორსტი, სახელმწიფო განმგებლობა (გერმ.) გვ. 104, 114-119
- ↑ ქართლის ცხოვრება, I, გვ. 300