საღვთო რომის იმპერია

(გადამისამართდა გვერდიდან გერმანელი ერის წმინდა რომის იმპერია)

საღვთო რომის იმპერია (გერმ. Heiliges Römisches Reich), 1512 წლიდან გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია (ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Germanicae ან ლათ. Sacrum Imperium Romanum Nationis Teutonicae; გერმ. Heiliges Römisches Reich Deutscher Nation) — სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც არსებობდა 962 წლიდან 1806 წლამდე და აერთიანებდა ევროპის ბევრ ტერიტორიას. უმაღლესი აყვავების პერიოდში იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა: გერმანია, რომელიც წარმოადგენდა იმპერიის ბირთვს, ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ასევე საფრანგეთის ზოგიერთი რეგიონი. 1134 წლიდან ფორმალურად შედგებოდა სამი სამეფოსაგან: გერმანიის, იტალიისა და ბურგუნდიის სამეფოებისგან. 1135 წლიდან იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ჩეხეთის სამეფო, რომლის ოფიციალური სტატუსიც იმპერიის შემადგენლობაში საბოლოოდ დარეგულირდა 1212 წელს სიცილიის ოქროს ბულით.

საღვთო რომის იმპერია
ლათ. Sacrum Imperium Romanum
გერმ. Heiliges Römisches Reich

იმპერია
962 — 1806
დროშა (1400 — 1806) გერბი
ჰიმნი
ოფიციალური არ აქვს
Gott erhalte Franz den Kaiser (1797 — 1806)
ქართ. ღმერთო, დაიფარე იმპერატორი ფრანცი

საღვთო რომის იმპერიის ტერიტორია 962 წლიდან 1806 წლამდე
დედაქალაქი რომი (ფორმალურად)
ვენა
(იმპერატორის რეზიდენცია 14831806 წწ.)
რეგენსბურგი
(რაიხსტაგის სხდომების ადგილი 16631806 წწ.)
პრაღა
(1346 — 1437; 1583 — 1611)
ენა ლათინური, გერმანული, იტალიური, ჩეხური, უნგრული, პოლონური
რელიგია კათოლიციზმი (იმპერატორები)
ლუთერანობა, კალვინიზმი (ზოგიერთი სამთავრო)
ფულის ერთეული გერმანული დუკატი
პარლამენტი რაიხსტაგი
მოსახლეობა 17 000 000 ადამიანი (1550-იანები)
მმართველობის ფორმა არჩევითი მონარქია
დინასტია 14 დინასტია, 3 ცალკეული წარმომადგენელი
იმპერატორი
 - 962 — 973 ოტო I დიდი (პირველი)
 - 1792 — 1806 ფრანც II (უკანასკნელი)
ისტორია
 - ოტო I გამოცხადდა რომის იმპერატორად 2 თებერვალი 962
 - აუგსბურგის რელიგიური ზავი 25 სექტემბერი 1555
 - ვესტფალიის ზავი 24 ოქტომბერი 1648
 - ფრანც II-ის მოკვეთა 6 აგვისტო 1806
წინამორბედები:

გერმანიის სამეფო
იტალიის სამეფო
ბურგუნდიის სამეფო

მემკვიდრეები:

ავსტრიის იმპერია
პრუსიის სამეფო
რაინის კავშირი
საქსონიის სამეფო
ოლდენბურგის საჰერცოგო
ჰოლშტაინის საჰერცოგო
ჰამბურგი
როისის სამთავრო
მეკლენბურგ-შვერინის
საჰერცოგო

შვედეთის პომერანია
ვალდიეკის სამთავრო
საქსენ-ვაიმარის საჰერცოგო
საქსენ-გოთა-ალტენბურგის საჰერცოგო
ანჰალტ-დესაუს საჰერცოგო
ანჰალტ-კეთენის საჰერცოგო

იმპერია დაარსდა 962 წელს აღმოსავლეთ ფრანკების მეფის, ოტო I დიდის მიერ და განიხილებოდა, როგორც ანტიკური რომის იმპერიისა და კარლოს დიდის ფრანკთა იმპერიის პირდაპირი გაგრძელება. ერთიან სახელმწიფოდ გადაქცევის პროცესები იმპერიაში მისი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე არ დამთავრებულა, ამიტომ იგი რჩებოდა დეცენტრალიზებულ წარმონაქმნად, რომელსაც ჰქონდა რთული ფეოდალური იერარქიული სტრუქტურა და რომელიც აერთიანებდა რამდენიმე ასეულ ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. იმპერიის სათავეში იდგა იმპერატორი. საიმპერატორო ტიტული არ იყო მემკვიდრეობითი. იგი ენიჭებოდა კურფიურსტების კოლეგიის არჩევნების შედეგების მიხედვით. იმპერატორის ძალაუფლება არასდროს არ ყოფილა აბსოლუტური და ყოველთვის იზღუდებოდა გერმანიის უმაღლესი არისტოკრატიის, ხოლო XV საუკუნის მიწურულიდან — რაიხსტაგის მიერ, რომელიც იცავდა იმპერიის მთავარი წარჩინებული წოდებების ინტერესებს.

თავისი არსებობის ადრეულ პერიოდში იმპერიას ჰქონდა ფეოდალურ-თეოკრატიული სახელმწიფოს ხასიათი, ხოლო იმპერატორები ქრისტიანულ სამყაროში უმაღლეს ძალაუფლებაზე პრეტენდირებდნენ. პაპის ტახტის გაძლიერებამ, იტალიის დაპყრობისათვის მრავალსაუკუნოვანმა ბრძოლამ და ამავდროულად გერმანიის ტერიტორიული მთავრების ძალაუფლების გაზრდამ მნიშვნელოვნად დაასუსტა იმპერიის ცენტრალური ძალაუფლება. გვიან შუა საუკუნეებში ბატონობდა დეზინტეგრაციის ტენდენციები, რომლებიც საღვთო რომის იმპერიას ნახევრადდამოუკიდებელი წარმონაქმნების კონგლომერატად გადაქცევაში ემუქრებოდა. თუმცა XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისში განხორციელებულმა „საიმპერიო რეფორმამ“ განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და შექმნა ახალი ბალანსი იმპერატორისა და წარჩინებული წოდებების ძალაუფლებებს შორის, რამაც იმპერიას საშუალება მისცა, შედარებით წარმატებით გაეწია კონკურენცია დასავლეთ ევროპის ეროვნული სახელმწიფოებისთვის. რეფორმაციის კრიზისისა და ოცდაათწლიანი ომის გადალახვა მოხერხდა იმპერატორის შემდგომი ძალაუფლების შეზღუდვისა და წარჩინებული წოდებების საყოველთაო რაიხსტაგის იმპერიის კონსტრუქციის მთავარ ელემენტად გადაქცევის ხარჯზე. ადრეული ახალი ისტორიის დროინდელი იმპერია უზრუნველყოფდა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში რამდენიმე რელიგიის თანაარსებობასა და მისი სუბიექტების დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ასევე პრივილეგირებული წოდებების ტრადიციული წესებისა და პრივილეგიების დაცვას. თუმცა იმპერიამ დაკარგა ექსპანსიის, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და დაპყრობითი ომების წარმოების შესაძლებლობა. შიდა კონსოლიდაციისა და საკუთარი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების დროს მსხვილი გერმანული სამთავროების განვითარება ეწინააღმდეგებოდა იმპერიის გაყინულ სტრუქტურას, რამაც XVIII საუკუნეში გამოიწვია ცენტრალური ინსტიტუტების პარალიზება და საიმპერიო სისტემის დაშლა. საღვთო რომის იმპერიამ იარსება 1806 წლამდე და განადგურდა ნაპოლეონის ომების მსვლელობისას, როდესაც შეიქმნა რაინის კავშირი, ხოლო იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი ფრანც II ტახტიდან გადადგა.

სახელმწიფოს ხასიათი

 
საღვთო რომის იმპერიის დროშა XIII—XIV საუკუნეებში
 
საღვთო რომის იმპერიის დროშა XV—XVIII საუკუნეებში
 
საღვთო რომის იმპერიის ჰაბსბურგების დინასტიის წარმომადგენელი იმპერატორის გერბი, 1605 წელი.

საღვთო რომის იმპერია თავისი არსებობის მთელი რვაას ორმოცდაათი წლის განმავლობაში რჩებოდა ფეოდალური ტიპის იერარქიულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად. მას არასდროს მიუღია ეროვნული სახელმწიფოს სახე, როგორც ინგლისსა და საფრანგეთს, ასევე არ მიუღწევია მართვის სისტემის ცენტრალიზაციის მაღალი საფეხურისთვის. იმპერია თანამედროვე გაგებით არ იყო არც ფედერაცია, არც კონფედერაცია. იგი მოიცავდა ამ სახელმწიფო მოწყობის ფორმების ელემენტებს. იმპერიის სუბიექტური შემადგენლობა გამოირჩეოდა უკიდურესი მრავალფეროვნებით: ნახევრადდამოუკიდებელი ვრცელი საკურფიურსტოები და საჰერცოგოები, სამთავროები და საგრაფოები, თავისუფალი ქალაქები, პატარა სააბატოები და საიმპერიო რაინდების სამფლობელოები — ყველა მათგანი იმპერიის სრულუფლებიანი სუბიექტი იყო, რომელიც ქმედუნარიანობის სხვადასხვა დონეს ფლობდა. იმპერატორის ძალაუფლება არასდროს იყო აბსოლუტური, იგი ქვეყნის უმაღლეს არისტოკრატიასთან ნაწილდებოდა. უფრო მეტიც, სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, იმპერიის მცხოვრებლები უშუალოდ კი არ ექვემდებარებოდნენ იმპერატორს, არამედ ჰყავდათ თავიანთი მმართველი — საერო ან სასულიერო მთავარი, საიმპერიო რაინდი ან ქალაქის მაგისტრატი, რამაც ქვეყანაში ძალაუფლების ორი დონე ჩამოაყალიბა: საიმპერიო და ტერიტორიული — რომლებსაც ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტი ჰქონდათ.

იმპერიის ყოველი სუბიექტი, განსაკუთრებით ისეთი ძლევამოსილი სახელმწიფოები, როგორებიცაა ავსტრია, პრუსია, ბავარია, ფლობდა დამოუკიდებლობის ფართო დონეს საშინაო საქმეებში და გარკვეულ პრეროგატივებს საგარეო პოლიტიკაში, თუმცა სუვერენიტეტი ისევ იმპერიის ატრიბუტად რჩებოდა, ხოლო საიმპერიო დაწესებულებებსა და იმპერიის სამართლის ნორმებს სავალდებულო ძალა ჰქონდათ (ზოგჯერ, მართალია, მხოლოდ თეორიულად) იმპერიის შემადგენელი ყოველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისთვის. საღვთო რომის იმპერიისთვის დამახასიათებელი იყო მნიშვნელოვანი როლი ეკლესიისა, რომელიც ამ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს სძენდა თეოკრატიის ელემენტებს, თუმცა ამავდროულად იმპერიის სტრუქტურამ რეფორმაციის შემდეგ ევროპაში პირველად უზრუნველყო რამდენიმე კონფესიის ხანგრძლივი მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიანი სახელმწიფოს ქვეშ. საღვთო რომის იმპერიის განვითარება მიმდინარეობდა დეზინტეგრაციისა და ინტეგრაციის ტენდენციების გამუდმებული ბრძოლების პირობებში. პირველს უმეტესწილად გამოხატავდნენ მსხვილი ტერიტორიული სამეფოები, რომლებიც დროდადრო სუვერენული სახელმწიფოების ნიშნებს იძენდნენ და რომლებიც იმპერატორის ძალაუფლებისგან განთავისუფლება სურდათ, ხოლო მთავარ მაკონსოლიდირებელ ფაქტორებად გამოდიოდნენ საიმპერატორო ტახტი, საიმპერიო დაწესებულებები და ინსტიტუტები (რაიხსტაგი, საიმპერიო სასამართლო, 1495 წლის „მიწის ზავის“ სისტემა), კათოლიკური ეკლესია, გერმანული ეროვნული თვითცნობიერება, იმპერიის სახელმწიფო სტრუქტურის წარჩინებული წოდებების წყობის პრინციპი, ასევე იმპერიული პატრიოტიზმი (გერმ. Reichspatriotismus) — საზოგადოების ცნობიერებაში დამკვიდრებული ერთგულება იმპერიისა და იმპერატორისადმი (როგორც იმპერიის მმართველის, და არა კონკრეტული დინასტიის წარმომადგენლისადმი).

სახელწოდება

საღვთო რომის იმპერია წარმოიქმნა 962 წელს და პრეტენდირებდა ანტიკური რომის იმპერიისა და კარლოს დიდის ფრანკთა იმპერიის მემკვიდრეობაზე. ამგვარად იგი ცდილობდა გამხდარიყო უნივერსალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც გააერთიანებდა ევროპის მთელ ქრისტიანულ სამყაროს. ოტო I დიდი, საღვთო რომის იმპერიის პირველი მონარქი, იყენებდა ტიტულს imperator Romanorum et Francorum (ლათ. რომაელებისა და ფრანკების იმპერატორი[1][კ 1]). მიუხედავად იმისა, რომ იმპერიის ბირთვი ყოველთვის გერმანია იყო, მის სიმბოლურ ცენტრს რომი წარმოადგენდა: ამ ქალაქში XVI საუკუნემდე ტარდებოდა იმპერატორების კორონაცია და სწორედ რომიდან, შუა საუკუნეების წარმოდგენების მიხედვით, მომდინარეობდა მათი ღვთიური ძალაუფლება. ტიტული „რომის იმპერატორი“ (ლათ. imperator augustus Romanorum) გამოიყენებოდა ჯერ კიდევ ოტო II-ის მიერ (973-983), ხოლო სიტყვათშეთანხმება „რომის იმპერია“ პირველად მოიხსენიეს 1034 წლის წყაროებში. ამავდროულად, ამ ტიტულის გამოყენება ძლიერ კამათს იწვევდა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში (ბიზანტიაში), სადაც თვლიდნენ, რომ მხოლოდ მათ იმპერატორს ჰქონდა რომის იმპერატორად წოდების უფლება.

საღვთო რომის იმპერიის მონარქები პრეტენდირებდნენ მის ტერიტორიაზე უზენაეს საღმრთო ძალაუფლებასა და ევროპის ქრისტიანული ეკლესიის მფარველობაზე. თავდაპირველად ეს არ მოითხოვდა ტიტულატურაში ცალკეულ მოხსენიებას, თუმცა ინვესტიტურისთვის ბრძოლის დამთავრებისა და სულიერ სფეროში რომის პაპის უზენაესობის იდეის გავრცელების შემდეგ იმპერიის სახელწოდებაში დაამატეს სიტყვა „საღვთო“ (ლათ. Sacrum; პირველად, სავარაუდოდ, 1157 წელს), რითიც ხაზს უსვამდნენ ეკლესიასთან მიმართებაში იმპერატორების პრეტენზიებს.[კ 2] ეპითეტ „საღვთოს“ გამოყენება არა მმართველის, არამედ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის მიმართ, როგორც ჩანს, იყო ნოვაცია, რომელიც იმპერატორ ფრიდრიხ I ბარბაროსას კანცელარიაში გაჩნდა[2] (1152—1190). თვითონ სახელწოდება „საღვთო რომის იმპერია“ მის ლათინურ ვერსიაში Sacrum Romanum Imperium პირველად გაჩნდა 1254 წელს, ხოლო მისი ეკვივალენტი გერმანულ ენაში (გერმ. Heiliges Römisches Reich) — კიდევ ერთი ასწლეულის შემდეგ, კარლ IV-ის მმართველობის დროს (1346—1378).

იმპერატორის ტიტულში „გერმანულ ერზე“ მითითება გამოიყენებოდა XV საუკუნის შუა წლებიდან, როდესაც არაგერმანული მიწების უდიდესი ნაწილი იმპერიამ დაკარგა და განიხილებოდა, როგორც ეროვნული გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ამ ტიტულის გამოყენების პირველი მტკიცებულება მოცემულია იმპერატორ ფრიდრიხ III-ის 1495 წლის კანონში მიწის ზავის შესახებ. იმპერიამ სახელწოდების საბოლოო ფორმა მიიღო XVI საუკუნის დასაწყისში: 1512 წელს მაქსიმილიან I-მა თავის მიმართვაში რაიხსტაგისადმი ოფიციალურად პირველად გამოიყენა სახელწოდება „გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია“ (გერმ. Heiliges Römisches Reich Deutscher Nation).

XVIII საუკუნის შუა წლებში იმპერიამ დაკარგა ყოველგვარი გავლენა იტალიაში, იმპერატორმა — თავისი პრეროგატივები საეკლესიო სფეროში, ხოლო დეზინტეგრაციის ტენდენციებმა, ფაქტობრივად, გერმანია გადააქცია ნახევრადდამოუკიდებელი სამთავროების კონგლომერატად. ამან ვოლტერს საშუალება მისცა, განეცხადებინა, რომ საღვთო რომის იმპერია აღარ იყო „არც საღვთო, არც რომის, არც იმპერია“. თავის უკანასკნელ დოკუმენტებში (1803 წლის „იმპერიის დეპუტაციის საბოლოო დადგენილება“ და 1806 წლის ფრანც II-ის „მანიფესტი იმპერიის დაშლის შესახებ“) სახელმწიფო მოიხსენიებოდა „გერმანიის იმპერიად“ (გერმ. Deutsches Reich).

იქიდან გამომდინარე, რომ თავისი არსებობის თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში საღვთო რომის იმპერია დასავლეთ ევროპაში წარმოადგენდა ერთადერთ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომლის მონარქიც ატარებდა ტიტულს „იმპერატორი“, ის უფრო ხშირად ცნობილი იყო, უბრალოდ, როგორც იმპერია. რუსეთის XVIII საუკუნის დოკუმენტებში გამოიყენება ასევე სახელწოდება „ცესარია“.[3] XIX საუკუნეში, გერმანიისა და ავსტრიის იმპერიების წარმოქმნის შემდეგ, მათი წინამორბედის აღსანიშნავად გამოიყენებოდა სახელწოდება „ძველი იმპერია“. იქიდან გამომდინარე, რომ 1933—1945 წლების გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის აღსანიშნად არაოფიციალურად იყენებდნენ ტერმინს „მესამე რაიხი“, საღვთო რომის იმპერიის მიმართებაში ზოგჯერ იყენებენ აღნიშვნას „პირველი რაიხი“.

ისტორია

 

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

გერმანიის ისტორია

ანტიკური დრო
ძველი გერმანელები
მიგრაციის პერიოდი
ფრანკთა სახელმწიფო
შუა საუკუნეები
  აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო
  საღვთო რომის იმპერია
ერთიანი სახელმწიფოს შექმნა
რაინის კავშირი
  გერმანიის კავშირი
  გერმანიის რევოლუცია 1848/49
  ჩრდილო გერმანიის კავშირი
  გერმანიის გაერთიანება (1871)
გერმანიის რაიხი
  გერმანიის იმპერია
  პირველი მსოფლიო ომი
  ვაიმარის რესპუბლიკა
  მესამე რაიხი
  მეორე მსოფლიო ომი
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
  ოკუპაცია
  დას. გერმანია +   აღმ. გერმანია
  გერმანიის გაერთიანება (1990)
თანამედროვეობა
  გერმანია
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

იმპერიის წარმოქმნა

იდეა იმპერიისა (ლათ. imperium), ერთიანი სახელმწიფოსი, რომელიც მთელ ცივილიზებულ და ქრისტიანულ სამყაროს გააერთიანებდა, საფუძველს იღებდა ძველი რომიდან, ხელმეორედ დაიბადა კარლოს დიდის დროს და რჩებოდა კაროლინგების ფრანკთა სახელმწიფოს დაცემის შემდგომაც. საზოგადოებრივ ცნობიერებაში იმპერია განიხილებოდა, როგორც ღვთის სასუფევლის მიწიერი განსახიერება, სახელმწიფოს ორგანიზების საუკეთესო მოდელი, რომლის დროსაც მმართველი ხელს უწყობს ქრისტიანულ ქვეყნებში მშვიდობისა და სიწყნარის შენარჩუნებას, იცავს და ზრუნავს ეკლესიის აყვავებაზე, ასევე ორგანიზებას უწევს საგარეო საფრთხეებისგან თავდაცვას. იმპერიის ადრეულშუასაუკუნოვანი კონცეფცია ვარაუდობდა სახელმწიფოსა და ეკლესიის გაერთიანებას და მჭიდრო ურთიერთმოქმედებას იმპერატორსა და რომის პაპს შორის, რომლებიც ახორციელებდნენ უზენაეს საერო და სასულიერო ძალაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ კარლოს დიდის იმპერიის დედაქალაქი იყო აახენი, იმპერიის იდეა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო რომთან, დასავლეთის ქრისტიანობის ცენტრსა და, „კონსტანტინეს ნაბოძვარის“ მიხედვით, მთელ ევროპაში პოლიტიკური ძალაუფლების წყაროსთან.[4]

კარლოს დიდის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, IX საუკუნის შუა წლებში იმპერატორის ტიტული შენარჩუნდა, თუმცა მისი მატარებლის რეალური ძალაუფლება შემოიფარგლებოდა მხოლოდ იტალიით, გარდა რამდენიმე მოკლევადიანი შემთხვევისა, როცა გაერთიანდა ფრანკთა ყველა სამეფო. რომის უკანასკნელი იმპერატორი, ბერენგარ I გარდაიცვალა 924 წელს. მისი სიკვდილის შემდეგ იტალიაში ძალაუფლებას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ინაწილებდნენ ჩრდილოეთ იტალიისა და ბურგუნდიის რიგი არისტოკრატიული გვარების წარმომადგენლები. თვითონ რომში პაპის ტახტი აღმოჩნდა ადგილობრივი პატრიციატის სრული კონტროლის ქვეშ. იმპერიის იდეის აღორძინების წყარო X საუკუნეში გახდა გერმანია.

 
საღვთო რომის იმპერია X საუკუნეში.

ჰაინრიხ I ფრინველმჭერისა (919—936) და განსაკუთრებით ოტო I-ის მმართველობის დროს (936—973) გერმანიის სამეფო მნიშვნელოვნად განმტკიცდა. სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა მდიდარი ლოთარინგია, კაროლინგების ყოფილ საიმპერიო დედაქალაქთან — აახენთან ერთად. გერმანიამ მოიგერია უნგრელების თავდასხმები (955 წლის ბრძოლა მდინარე ლეხზე), დაიწყო აქტიური ექსპანსია ელბის შემოგარენისა და მეკლენბურგის სლავური მიწების მიმართულებით. თანაც დაპყრობებს თან ახლდა ენერგიული მისიონერული მოღვაწეობა სლავურ ქვეყნებში, უნგრეთსა და დანიაში. ეკლესია გადაიქცა გერმანიის სამეფო ძალაუფლების მთავარ საყრდენად. ტომობრივი საჰერცოგოები, რომლებიც აღმოსავლეთფრანკული სამეფოს ტერიტორიული სტრუქტურის მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, ოტო I-ის დროს დაექვემდებარა ცენტრალურ ხელისუფლებას. 960-იანი წლების დასაწყისში კარლოს დიდის იმპერიის ყველა სახელმწიფო-მემკვიდრეს შორის ოტო გახდა ყველაზე ძლევამოსილი მმართველი და მიიღო ქრისტიანული ეკლესიის დამცველის რეპუტაცია.[5]

961 წელს რომის პაპმა იოანე XII-მ ოტოს სთხოვა, დაეცვა იგი იტალიის მეფის, ბერენგარ II ივრეელისს წინააღმდეგ და იმპერატორის გვირგვინს შეჰპირდა მას. ოტომ დაუყოვნებლივ გადალახა ალპები, დაამარცხა ბერენგარი და გამოცხადდა ლანგობარდების (იტალიის) მეფედ, შემდეგ კი რომისკენ აიღო გეზი. 962 წლის 2 თებერვალს ოტო I-ს მირონი სცხეს და იმპერატორად აკურთხეს.[6] ეს თარიღი ითვლება საღვთო რომის იმპერიის დაარსების თარიღად. თუმცა თვითონ ოტო დიდი, როგორც ჩანს, მიზნად სულაც არ ისახავდა ახალი იმპერიის დაარსებას და საკუთარ თავს განიხილავდა კარლოს დიდის მემკვიდრედ, რომელიც წარმოადგენდა რომის იმპერიის მემკვიდრეს და პრეტენდირებდა ქრისტიანული ეკლესიის მფარველის როლზე. ფაქტობრივად, იმპერიის გვირგვინის გერმანელი მონარქებისკენ გადასვლა ნიშნავდა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს (გერმანია) საბოლოო განცალკევებას დასავლეთფრანკულისაგან (საფრანგეთი) და გერმანულ და ჩრდილოიტალიურ ტერიტორიებზე ახალი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის შექმნას.

იმპერია შუა საუკუნეებში

ოტონების მმართველობა და ბრძოლა ინვესტიტურისათვის

იმპერატორის ტიტული, რომელიც ოტო დიდმა მიიღო, მას ევროპის ყველა მონარქზე ერთი საფეხურით მაღლა აყენებდა და, ყოველ შემთხვევაში, ათანასწორებდა რომის პაპთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ ტიტულის საკრალურ ხასიათს, რომელიც ოტო I-სა და მის მემკვიდრეებს საშუალებას აძლევდა, თავიანთ სამფლობელოებში სრულყოფილად ეკონტროლებინათ საეკლესიო ინსტიტუტები.[7] ეპისკოპოსების და აბატების არჩევნები ხორციელდებოდა იმპერატორის მითითების მიხედვით და ჯერ კიდევ საეკლესიო იერარქიის ხელდასმამდე მას ერთგულებასა და ფეოდალურ ფიცს აძლევდნენ. ეკლესია შევიდა იმპერიის საერო სტრუქტურაში და გადაიქცა საიმპერატორო ძალაუფლებისა და ქვეყნის ერთობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად. ეს ნათლად გამოჩნდა ჯერ კიდევ ოტო II-ის მმართველობის პერიოდსა (973—983) და ოტო III-ის არასრულწლოვნობის დროს (983—1002), როდესაც გერმანიის უზენაესი საღმრთოების დახმარების წყალობით იმპერატორებმა შეძლეს საგვარეულო საჰერცოგოების მმართველების რამდენიმე მსხვილი აჯანყების ჩახშობა. თვითონ პაპის ტახტი ოტოების დროს აღმოჩნდა იმპერატორების დომინანტური გავლენის ქვეშ, რომლებიც უმეტესწილად ერთპიროვნულად წყვეტდნენ რომის პაპების დანიშვნისა და მოხსნის საკითხებს. ამ პერიოდში საერო და სასულიერო საქმეები არ იყო ერთმანეთისგან მკაფიოდ განცალკევებული და იმპერატორი, როგორც „დედამიწაზე ღვთის მოადგილე“, ორივე სფეროში ახორციელებდა ხელისუფლებას. ეკლესიის ინტეგრაციამ სახელმწიფო სტრუქტურაში თავის აპოგეას მიაღწია კონრად II-ისა (1024—1039) და ჰაინრიხ III-ის (1039—1056) დროს, როდესაც ჩამოყალიბდა იმპერიის კლასიკური საეკლესიო სისტემა (გერმ. Reichskirchensystem).

 
იმპერატორი ჰაინრიხ II და მისი ცოლი კუნიგუნდა, ქრისტეს მიერ კორონირებულნი. ქვემოთ: გერმანიის, გალიისა და რომის ალეგორიები.

ადრეულ პერიოდში იმპერიის სახელმწიფო ინსტიტუტები საკმაოდ სუსტად დიფერენცირებული იყო. იმპერატორი ერთდროულად იყო გერმანიის, იტალიის, ხოლო 1032 წელს ბურგუნდიის უკანასკნელი მეფის, რუდოლფ III-ის გარდაცვალების შემდეგ — ბურგუნდიის მეფეც.[8] გერმანიაში მთავარ პოლიტიკურ ერთეულად ითვლებოდა საგვარეულო საჰერცოგოები: საქსონია, ბავარია, ფრანკონია (არსებობდა ცოტა ხანს), შვაბია, ლოთარინგია (ეს უკანასკნელი 965 წელს გაიყო ქვემო და ზემო ლოთარინგიად) და, 976 წლის შემდეგ, კარინტია (გამოეყო ბავარიას).[9] აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ შეიქმნა მარკების სისტემა (ჩრდილოეთი, საქსონიის აღმოსავლეთი, ბავარიის აღმოსავლეთი, მოგვიანებით — მეისენის, ბრანდენბურგის, ლუჟიცის მარკები). 980-იან წლებში სლავებმა დროებით კვლავ განდევნეს გერმანელები ელბიდან და დაიპყრეს ჰამბურგი, მაგრამ XI საუკუნის დასაწყისში იმპერიამ აღადგინა თავისი პოზიციები რეგიონში, თუმცა შემდგომი პროგრესი შეაჩერა ევროპის ქრისტიანულ საზოგადოებაში პოლონეთისა და უნგრეთის დამოუკიდებელი სამეფოების რანგში გადასვლამ. იტალიაში ასევე შეიქმნა მარკები (ტოსკანა, ვერონა, ივრეა), თუმცა XII საუკუნის დასაწყისში კომუნალური მოძრაობის განვითარებამ გაანადგურა მათი სტრუქტურა.

იმპერატორების მთავარ პრობლემას წარმოადგენდა ალპებიდან ჩრდილოეთითა და სამხრეთით ძალაუფლების ერთდროულად შენარჩუნება. ოტო II, ოტო III და კონრად II იძულებულნი იყვნენ, ხანგრძლივად ყოფილიყვნენ იტალიაში, სადაც იბრძოდნენ არაბებისა და ბიზანტიელების შემოსევების წინააღმდეგ, ასევე პერიოდულად ახშობდნენ იტალიური პატრიციატის მღელვარებებს, თუმცა აპენინის ნახევარკუნძულზე საიმპერიო ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცება მაინც ვერ მოხერხდა. ოტო III-ის ხანმოკლე ბატონობის გარდა, რომელმაც თავისი რეზიდენცია რომში გადაიტანა, იმპერიის ბირთვი ყოველთვის გერმანია იყო.

კონრად II-ის მმართველობას განეკუთვნება მცირე რაინდების (მათ შორის მინისტერიალების) წოდებების ფორმირება, რომელთა უფლებებსაც იმპერატორი გარანტირებდა თავის 1036 წლის დადგენილებაში „Constitutio de feudis“, რომელიც საფუძვლად დაედო საიმპერიო ლენის სამართალს. მცირე და საშუალო რაინდობა მოგვიანებით იმპერიაში ინტეგრაციის ტენდენციების ერთ-ერთი მთავარი მატარებელი გახდა. კონრად II და მისი მემკვიდრე ჰაინრიხ III აკონტროლებდნენ გერმანიის რელიგიური სამთავროების დიდ ნაწილს, დამოუკიდებლად ნიშნავდნენ გრაფებსა და ჰერცოგებს და ბოლომდე დომინირებდნენ ტერიტორიულ არისტოკრატიასა და სამღვდელოებაზე. ამან მათ საშუალება მისცა, იმპერიის სამართალში შეეტანათ „ღვთიური მშვიდობის“ ინსტიტუტი — იმპერიის შიგნით ძმათაშორისი ომებისა და საომარი კონფლიქტების აკრძალვა.

ჰაინრიხ II-ის დროს მიღწეული იმპერიის ძალაუფლების აპოგეა ხანმოკლე აღმოჩნდა: ჯერ კიდევ ჰაინრიხ IV-ის არასრულწლოვნების პერიოდში (1056—1106) დაიწყო იმპერატორის ძალაუფლების დაცემა. ეს ხდებოდა კლუნის მოძრაობის წინსვლისა და მისგან გამომდინარე გრიგორიანული რეფორმის იდეის წარმოქმნის ფონზე, რომლებიც რომის პაპის უზენაესობასა და საეკლესიო ძალაუფლების საეროსგან სრულ დამოუკიდებლობას ამტკიცებდნენ. პაპი გრიგოლ VII ცდილობდა, საეკლესიო თანამდებობების ჩანაცვლების პროცესში იმპერატორის გავლენის შესაძლებლობა აღმოეფხვრა და გაკიცხა საერო ინვესტიტურის პრაქტიკა. თუმცა ჰაინრიხ IV მტკიცედ დადგა იმპერატორის პრეროგატივების დაცვის მხარეზე, რამაც იმპერატორსა და რომის პაპს შორის გამოიწვია ხანგრძლივი ბრძოლა ინვესტიტურისთვის. 1075 წელს ჰაინრიხ IV-ის მიერ მილანში ეპისკოპოსის დანიშვნა გახდა გრიგოლ VII-ის მიერ იმპერატორის ეკლესიიდან განკვეთისა და ქვეშევრდომების ერთგულების ფიციდან განთავისუფლების საბაბი. 1077 წელს გერმანელი მთავრების ზეწოლის ქვეშ იმპერატორი იძულებული იყო, მონანიებით „წასულიყო კანოსაში“ და პაპისთვის პატიების ეთხოვნა.[10] ბრძოლა ინვესტიტურისთვის დასრულდა მხოლოდ 1122 წელს ვორმსის კონკორდატის ხელმოწერით, რომელმაც განამტკიცა კომპრომისი საერო და სასულიერო ძალაუფლებებს შორის: ეპისკოპოსის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო თავისუფლად და სიმონიის გარეშე, თუმცა საერო ინვესტიტურა მიწების ფლობაზე, ასევე იმპერატორის გავლენა ეპისკოპოსებისა და აბატების დანიშვნაზე, შენარჩუნდა. საბოლოოდ, ინვესტიტურისთვის ბრძოლამ მნიშვნელოვნად დაასუსტა იმპერატორის მიერ ეკლესიის კონტროლი, რომის პაპები იმპერიის დამოკიდებულებიდან გამოიყვანა და ხელი შეუწყო საერო და სასულიერო ტერიტორიული სამთავროების გავლენის გაზრდას.[11]

ჰოენშტაუფენების ეპოქა

 
ფრიდრიხ I ბარბაროსას ძეგლი მთა კიფჰოიზერზე.

XII საუკუნის მეორე მეოთხედში იმპერიის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრში აღმოჩნდა დაპირისპირება გერმანიის ორ მსხვილ სამთავრო გვარს — ჰოენშტაუფენებსა და ველფებს შორის. პირველები დომინირებდნენ სამხრეთ-დასავლეთ გერმანიასა (შვაბია, ელზასი) და ფრანკონიაში. ველფები იყვნენ ბავარიის, საქსონიისა და ტოსკანის მმართველები და ალბრეხტ I დათვთან ერთად ავითარებდნენ ექსპანსიას ელბის, პომორიესა და მეკლენბურგის სლავური მიწების მიმართულებით. 1138 წელს იმპერატორად აირჩიეს კონრად III ჰოენშტაუფენი, თუმცა ველფებისა და ჰოენშტაუფენების შეიარაღებული დაპირისპირება ფაქტობრივად გრძელდებოდა მთელი მისი მმართველობის განმავლობაში.

კონრად III-ის გარდაცვალების შემდეგ, 1152 წელს, იმპერატორი გახდა მისი ძმისშვილი ფრიდრიხ I ბარბაროსა, რომლის ბატონობაც გერმანიაში ცენტრალური ძალაუფლების მნიშვნელოვნად გაძლიერების პერიოდი გახდა, ბევრი ისტორიკოსის აზრით — საღვთო რომის იმპერიის სიძლიერის მწვერვალი. ფრიდრიხ I-ის პოლიტიკის მთავარი მიმართულება იტალიაში იმპერატორის ძალაუფლების აღდგენა იყო. ფრიდრიხმა ექვსი ლაშქრობა განახორციელა იტალიაში, რომელთაგან პირველის დროსაც რომში მას იმპერატორის გვირგვინი დაადგეს თავზე. 1158 წელს რონკალის სეიმზე იტალიასა და გერმანიაში იმპერატორის სრული ძალაუფლების იურიდიული გაფორმება სცადეს. აპენინის ნახევარკუნძულზე იმპერატორის გაძლიერებამ გამოიწვია წინააღმდეგობა როგორც რომის პაპ ალექსანდრე III-ისა და სიცილიის სამეფოსი, ასევე ჩრდილოიტალიური საქალაქო კომუნებისა, რომლებიც 1167 წელს გაერთიანდა ლომბარდიის ლიგაში. ლომბარდიის ლიგამ იტალიაში ფრიდრიხ I-ის გეგმებისთვის ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევა მოახერხა და 1176 წელს ლენიანოსთან ბრძოლაში იმპერიის ჯარები გამანადგურებლად დაამარცხა, რამაც იმპერატორი 1187 წელს აიძულა, ეღიარებინა ქალაქების ავტონომია. თვითონ გერმანიაში იმპერატორის პოზიციები მნიშვნელოვნად განმტკიცდა 1181 წელს ველფების სამფლობელოების გაყოფისა და ჰოენშტაუფენების საკმაოდ მსხვილი დომენის ფორმირების წყალობით. სიცოცხლის ბოლოს ფრიდრიხ I გაემგზავრა მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, რომლის დროსაც, 1190 წელს, დაიღუპა.[12]

ფრიდრიხ ბარბაროსას ვაჟმა და მემკვიდრემ, ჰაინრიხ VI-მ საბრძოლო ოპერაციების სერიაში შეძლო იმპერატორის ტერიტორიული ძალაუფლების კიდევ უფრო გაფართოება და სიცილიის სამეფო დაიპყრო. სწორედ ამ სახელმწიფოში ჰოენშტაუფენებმა შეძლეს ცენტრალიზებული მემკვიდრეობითი მონარქიის შექმნა, რომელსაც ძლიერი სამეფო ძალაუფლება და განვითარებული ბიუროკრაიული სისტემა ჰქონდა, მაშინ, როცა უშუალოდ გერმანულ მიწებში რეგიონული სამთავროების გაძლიერებამ შესაძლებელი არ გახადა, არა მხოლოდ მმართველობის თვითმპყრობელური სისტემის განმტკიცება, არამედ იმპერატორის ტახტის მემკვიდრეობით გადაცემის უზრუნველყოფაც. ჰაინრიხ VI-ის გარდაცვალების შემდეგ, 1197 წელს, აირჩიეს ერთდროულად რომის ორი მეფე: ფილიპ შვაბიელი და ოტო IV, — რამაც გერმანიაში ძმათაშორისი ომი გამოიწვია.

 
იმპერატორი ფრიდრიხ II

1220 წელს იმპერატორად აირჩიეს ფრიდრიხ II ჰოენშტაუფენი, ჰაინრიხ VI-ის ვაჟი და სიცილიის მეფე, რომელმაც განაახლა ჰოენშტაუფენების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავდა იტალიაში იმპერიის ბატონობის დამყარებას. ფრიდრიხი მწვავე კონფლიქტზე წავიდა რომის პაპთან, იგი ეკლესიიდან მოკვეთეს და ანტიქრისტედ მონათლეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან მონაწილეობა მიიღო პალესტინაში ჯვაროსნულ ლაშქრობაში და იერუსალიმის მეფედ აირჩიეს. ფრიდრიხ II-ის მამრთველობის დროს იტალიაში დაიწყო ბრძოლა რომის პაპის მომხრე გველფებსა და იმპერატორის მომხრე გიბელინებს შორის. ბრძოლა მონაცვლეობითი წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ საბოლოოდ ფრიდრიხ II-სთვის საკმაოდ წარმატებულად: მისი ჯარი აკონტროლებდა ჩრდილოეთ იტალიის ნაწილს, ტოსკანასა და რომანიას, გარდა ამისა, იმპერატორი სამხრეთ იტალიაში მემკვიდრეობით სამფლობელოებს ფლობდა. იტალიურ პოლიტიკაზე კონცენტრირებამ ფრიდრიხ II აიძულა, მნიშვნელოვან დათმობებზე წასულიყო გერმანელ მთავრებთან. 1220 წლის „ეკლესიის მთავრებთან შეთანხმებითა“ და 1232 წლის „დადგენილებით მთავრების სასარგებლოდ“ ეპისკოპოსებსა და გერმანიის საერო მთავრებს თავიანთი სამფლობელოების ტერიტორიების ფარგლებში დაუმტკიცდათ სუვერენული უფლებები. ეს დოკუმენტები სამართლებრივი საფუძველი გახდა იმპერიის შემადგენლობაში ნახევრადდამოუკიდებელი მემკვიდრეობითი სამთავროების შექმნისა და რეგიონული მმართველების გავლენის გაძლიერებისთვის, რაც იმპერატორის პრეროგატივებს ზიანს აყენებდა.[13]

გვიანი შუა საუკუნეების კრიზისი

 
საღვთო რომის იმპერია XIV საუკუნეში და მმართველი დინასტიების სამფლობელოები (ლუქსემბურგები, ვიტელსბახები, ჰაბსბურგები).

1250 წელს ჰოენშტაუფენების დინასტიის შეწყვეტის შემდეგ საღვთო რომის იმპერიაში დაიწყო ხანგრძლივი უმეფობის ხანა (1254—1273). მაგრამ მისი გადალახვისა და 1273 წელს ტახტზე რუდოლფ I ჰაბსბურგის ასვლის შემდეგაც კი ცენტრალური ძალაუფლების მნიშვნელობა კვლავ ეცემოდა, ხოლო რეგიონული სამეფოების მმართველების როლი — იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მონარქები იმპერიის წარსული სიძლიერის აღდგენას ცდილობდნენ, პირველ პლანზე მაინც დინასტიური ინტერესები გამოვიდა: არჩეული მეფეები, უწინარეს ყოვლისა, თავიანთი საგვარეულო სამფლობელოების მაქსიმალურად გაფართოებას ცდილობდნენ: ჰაბსბურგები ავსტრიის მიწებში გამტკიცდნენ, ლუქსემბურგებიჩეხეთში, მორავიასა და სილეზიაში, ვიტელსბახებიბრანდენბურგში, ნიდერლანდებსა და გენეგაუში. სწორედ გვიან შუა საუკუნეებში იმპერატორის არჩევის პრინციპი რეალურად განხორციელდა: XIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XV საუკუნის მიწურულის განმავლობაში იმპერატორი, მართლაც, ირჩეოდა რამდენიმე კანდიდატს შორის, ხოლო ძალაუფლების მემკვიდრეობით გადაცემის მცდელობებს, როგორც წესი, შედეგი არ მოჰქონდა. მკვეთრად გაიზარდა მსხვილი ტერიტორიული სამთავროების გავლენა იმპერიის პოლიტიკაზე, თანაც ყველაზე მეტად ძლევამოსილმა მთავრებმა მიისაკუთრეს იმპერატორის არჩევისა და ჩამოგდების განსაკუთრებული უფლება.[14] ამას თან ახლდა საშუალო და მცირე დიდგვაროვნების განმტკიცება, ჰოენშტაუფენების საიმპერატორო დომენის დაშლა და ფეოდალური ბრძოლების გაზრდა.

იმავდროულად იტალიაში საბოლოოდ იზეიმა გველფიზმმა და იმპერიამ აპენინის ნახევარკუნძულზე გავლენა დაკარგა. დასავლეთ საზღვრებზე გაძლიერდა საფრანგეთი, რომელმაც იმპერატორის გავლენიდან ყოფილი ბურგუნდიის სამეფოს მიწები გამოიყვანა. ჰაინრიხ VII-მ 1310—1313 წლებში იტალიაში ექსპანსია განახორციელა და ფრიდრიხ II-ის შემდეგ პირველად მიიღო საიმპერატორო გვირგვინი რომში, თუმცა მისი მმართველობის პერიოდში იმპერიის იდეის ნაწილობრივი გაცოცხლება მოკლევადიანი აღმოჩნდა: XIII საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული საღვთო რომის იმპერია უფრო და უფრო იფარგლებოდა მარტოოდენ გერმანული მიწებით, რითიც გერმანელი ერის ეროვნული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ხდებოდა. პარალელურად ასევე მიმდინარეობდა რომის პაპის ძალაუფლებისგან საიმპერიო დაწესებულებების განთავისუფლების პროცესი: პაპების ავინიონის ტყვეობის პერიოდში რომის პაპის როლი ევროპაში მკვეთრად დაეცა, რამაც გერმანიის მეფე ლუდვიგ IV ბავარიელს, შემდეგ კი გერმანიის მსხვილ რეგიონულ მთავრებს, რომის ტახტის მორჩილებიდან თავის დაღწევის საშუალება მისცა.

 
კურფიურსტები, რომლებსაც იმპერატორი ჰაინრიხ VII ირჩევს, საგვარეულო სამფლობელოების გერბებთან ერთად, მარცხნიდან მარჯვნივ: კელნის, მაინცისა და ტრირის არქიეპისკოპოსები, პფალცგრაფი რეინელი, საქსონიის ჰერცოგი, ბრანდენბურგის მარკგრაფი, ბოჰემიის მეფე.

რეგიონული სამთავროების განმტკიცებისა და მეზობელი სახელმწიფოების გაძლიერების პირობებში პრესტიჟის შენარჩუნებისა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობის შენახვას XIV საუკუნის იმპერატორები საკუთარ მემკვიდრეობით სამფლობელოებზე დაყრდნობის წყალობით ახერხებდნენ: ავსტრია და ზემოშვაბიური მიწები ჰაბსბურგების გვარის იმპერატორების დროს, ბავარია და პფალცი ლუდვიგ IV-ის დროს და ჩეხეთის გვირგვინის სამფლობელოები ლუქსემბურგების დროს. ამ მხრივ აღსანიშნავია კარლ IV-ის მეფობა (1346—1378), რომლის მმართველობის პერიოდშიც იმპერიის ცენტრმა პრაღაში გადაინაცვლა. კარლ IV-მ იმპერიის კონსტიტუციური მოწყობილობის მნიშვნელოვანი რეფორმის გატარება მოახერხა: 1356 წელს იმპერატორის ოქროს ბულით შეიქმნა შვიდწევრიანი კურფიურსტების კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ კელნის, მაინცისა და ტრირის არქიეპისკოპოსები, ჩეხეთის მეფე, პფალცის კურფიურსტი, საქსონიის ჰერცოგი და ბრანდენბურგის მარკგრაფი. კურფიურსტების კოლეგიის წევრებს იმპერატორის არჩევის განსაკუთრებულ უფლება ჰქონდათ და ფაქტობრივად საზღვრავდნენ იმპერიის პოლიტიკის მიმართულებას. კურფიურსტებს აგრეთვე მიენიჭათ შიდა სუვერენიტეტი, რამაც განამტკიცა გერმანული სახელმწიფოების დანაწილება. იმავდროულად პაპმა ყოველგვარი გავლენა დაკარგა იმპერატორის არჩევნებში.

იმპერიაში კრიზისული განწყობა გაძლიერდა 1347—1350 წლების შავი ჭირის ეპიდემიის შემდეგ, რომელმაც მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი დაცემა გამოიწვია და გერმანიის ეკონომიკას შესამჩნევი ზიანი მიაყენა. იმავდროულად XIV საუკუნის მეორე ნახევარი გამოირჩა ჰანზის სავაჭრო ქალაქების ჩრდილოგერმანული კავშირის ამაღლებით, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა და სკანდინავიის სახელმწიფოებში, ინგლისსა და ბალტიისპირეთში მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა. სამხრეთ გერმანიაში ქალაქები აგრეთვე გადაიქცნენ გავლენიან პოლიტიკურ ძალად, რომელიც გამოდიოდა მთავრებისა და რაინდების წინააღმდეგ, თუმცა XIV საუკუნის სამხედრო კონფლიქტების სერიაში შვაბიისა და რაინის ქალაქთა კავშირებმა იმპერიის მთავრების ჯარებთან მარცხი განიცადა.

 
საღვთო რომის იმპერია დაახლოებით 1400 წელს.

XV საუკუნის დასაწყისში კათოლიკურ ეკლესიაში დიდი განხეთქილებისა და კონცილიარისტული მოძრაობის გაძლიერების პირობებში მკვეთრად გამწვავდა რელიგიურ-პოლიტიკური პრობლემები. ეკლესიის დამცველის ფუნქცია საკუთარ თავზე აიღო იმპერატორმა სიგიზმუნდმა, რომელმაც ევროპაში იმპერატორის პრესტიჟისა და რომის ეკლესიის ერთიანობის აღდგენა მოახერხა. თუმცა თვითონ იმპერიაში მოუწია ჰუსიტურ ერესთან ბრძოლა, რომელმაც ჩეხეთის გვირგვინის მიწები მოიცვა, ხოლო იმპერატორის მცდელობა, საყრდენი ენახა ქალაქებსა და იმპერიის რაინდებში („მესამე გერმანიის“ პროგრამა[კ 3]) ფუჭი გამოდგა ამ წოდებებს შორის მწვავე უთანხმოების გამო. ასევე ვერ მოხერხდა იმპერიის სუბიექტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტებისთვის ბოლოს მოღება.

1437 წელს, სიგიზმუნდის გარდაცვალების შემდეგ, საღვთო რომის იმპერიას სათავეში ჩაუდგა ჰაბსბურგების დინასტია, რომლის წარმომადგენლებიც, ერთის გამოკლებით, იმპერიაში ბატონობას მის დაშლამდე აგრძელებდნენ. XV საუკუნის მიწურულს იმპერია იმყოფებოდა ღრმა კრიზისში, რომელიც გამოწვეული იყო მისი ინსტიტუტების დროის მოთხოვნებთან შეუსაბამობით, სამხედრო და ფინანსური ორგანიზების დაშლითა და რეგიონული სამთავროების იმპერატორის ძალაუფლებისგან ფაქტობრივი განთავისუფლებით. სამთავროებში დაიწყო საკუთარი მართვის აპარატის, სამხედრო, სასამართლო და საგადასახადო სისტემების ფორმირება, შეიქმნა ძალაუფლების წოდებრივი წარმომადგენლობითი ორგანოები (ლანდტაგები). ფრიდრიხ III-ის დროს (1440—1493) იმპერატორი უნგრეთთან გადავადებულ და ნაკლებადწარმატებულ ბრძოლებში აღმოჩნდა ჩათრეული, მაშინ, როცა ევროპული პოლიტიკის სხვა მიმართულებებში იმპერატორის გავლენა ნულისკენ მიემართებოდა. იმავდროულად იმპერატორის გავლენის დაცემას იმპერიაში ხელს უწყობდა იმპერიის წარმომადგენლობითი ორგანოს — რაიხსტაგის მართვისა და ფორმირების პროცესში საიმპერიო წოდებების აქტიური ჩართვა.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარება

შუა საუკუნეებში საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა მოსახლეობით, ენითა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონით. გერმანიაში X—XI საუკუნეებში ბატონობდა სახნავი მიწათმოქმედება, სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი განუხრელად იზრდებოდა უდაბნოებისა და ტყეების მასობრივი ათვისების ხარჯზე. მეურნეობის მთავარი ერთეული იყო თავისუფალი ან ნახევრადდამოკიდებული გლეხი, რომელიც თავის მიწის ნაკვეთს მემკვიდრეობითი საკუთრებით ფლობდა. ფეოდალიზაციის პროცესი არ იყო დასრულებული: მოწესრიგებული ფეოდალური იერარქია ვერ შედგა, იმპერატორების მხარდაჭერით კი შეიქმნა მცირე და საშუალო რაინდებისა და მინისტერიალების საკმაოდ ფართო ფენა, რომელიც ნაკლებად იყო დამოკიდებული ტერიტორიულ მთავრებზე. როგორც გერმანიაში, ასევე იტალიაში, განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა უზენაეს სამღვდელოებას: ეპისკოპოსები და აბატები სტატუსობრივად დაუახლოვდნენ ტერიტორიულ მთავრებს, ფლობდნენ განვითარებულ ადმინისტრაციულ აპარატს და აკონტროლებდნენ იმპერიის ვრცელ რეგიონებს. გლეხობის დამონება უფრო ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე, მაგალითად, საფრანგეთსა და ინგლისში. იტალიაში მეურნეობის პროგრესი, გერმანიისგან განსხვავებით, უფრო მნიშვნელოვანი იყო. აქ უფრო სწრაფად ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა, რომლისთვის დამახასიათებელი იყო გლეხური მიწათმოქმედების ფორმების მრავალფეროვნება, თუმცა ეკონომიკის მთავარი ძრავა გახდა ქალაქები, რომლებიც უკვე XII საუკუნისთვის გადაიქცა მსხვილ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებად და რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, სპეციალიზირებდნენ ქსოვაზე, მაუდის კეთებასა და საშუამავლო ვაჭრობაზე.[15] საერო დიდგვაროვნება იტალიაში საკმაოდ სუსტი იყო და ეპისკოპოსებსა და ვალვასორებს მალევე უთმობდა წამყვან პოზიციებს, ხოლო კომუნალური მოძრაობის განვითარებასთან ერთად — ქალაქის პატრიციატსაც. ვაჭრობის გაცოცხლება გერმანულ რეგიონებშიც გავრცელდა, უპირველეს ყოვლისა, რაინისა და მაასის გასწვრივ მდებარე ქალაქებში, ასევე ჰარცში, სადაც ვერცხლის აქტიური მოპოვება დაიწყო. გერმანიაში ქალაქების განვითარების შედეგად XI-XII საუკუნეებში დაიწყო სენიორული და თავისუფალი საიმპერიო ქალაქების ბიურგერის წოდების ფორმირება, თუმცა საფრანგეთისა და ინგლისისგან განსხვავებით, მოქალაქეთა კავშირი ცენტრალურ ხელისუფლებასთან პრაქტიკულად არ შეგდა.

XII-XIII საუკუნეებში იმპერიაში წოდებრივი იერარქიის გაფორმება მოხდა, უპირველეს ყოვლისა, მთავრების, რომლებიც გახდნენ მემკვიდრეობითი მმართველები რეგიონული სამთავროებისა, რომელთა გავლენაც განუხრელად იზრდებოდა და ჰოენშტაუფენების სახლის იმპერატორების ცენტრალიზებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, ასევე მცირე საიმპერიო რაინდების, მინისტერიალებისა და თავისუფალი ქალაქების საბიურგეროების, რომლებიც საიმპერიო ძალაუფლების მთავარი საყრდენი გახდა. გერმანიაში ვაჭრობის განვითარების ტემპები მნიშვნელოვნად აჩქარდა, რასაც მოჰყვა ქალაქების მასობრივი წარმოქმნა და უკვე არსებული საქალაქო ცენტრების სწრაფი გაზრდა. მრავალმა ქალაქმა შეძლო ფეოდალების მორჩილებიდან გამოსვლა და შიდა ავტონომიის მოპოვება.[16] თუმცა კეთილდღეობისა და თავისუფალი გერმანული ქალაქების დამოუკიდებლობის დონე ძველებურად მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა განვითარებას იტალიის საქალაქო კომუნებისა, რომლებიც ამ პერიოდში გადაიქცა ფაქტობრივად დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებად, რომლებიც ევროპის საზღვაო ვაჭრობის, ხელობისა და ფინანსური ოპერაციების ცენტრები გახდა. XII-XIII საუკუნეებში ჩრდილოეთ და შუა იტალიაში იმპერატორის ძალაუფლების გაძლიერების ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იტალიური ქალაქების სიმდიდრე გახდა. სოფლის მეურნეობაში მიწათმოქმედების პროდუქტიულობის გაზრდა, ერთი მხრივ, იწვევდა გლეხების ექსპლუატაციის გაზრდასა და ფულადი რენტისკენ პერიოდულ გადასვლას, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობდა გერმანელი მიწათმფლობელების მიერ აღმოსავლეთი მიწების — სილეზიის, ჩეხეთის, პომორიესა და ბალტიისპირეთის კოლონიზაციას. ამ ტერიტორიების აგრარულ კოლონიზაციას თან ახლდა გერმანიის საქალაქო პრინციპით ქალაქების დაარსება, ასევე ფეოდალების ექსპანსია, რომელსაც სათავეში ედგა გერმანული რაინდთა ორდენები („ტევტონთა ორდენი“ პრუსიაში, „ხმლის საძმოს ორდენი“ ბალტიისპირეთში), რის შედეგადაც გერმანიის გავლენა აღმოსავლეთში გაფართოვდა თანამედროვე ესტონეთამდე[17] (თუმცა ორდენის სახელმწიფოები ბალტიისპირეთში იურიდიულად არ შედიოდნენ იმპერიის შემადგენლობაში).

გვიან შუა საუკუნეებში, იმპერიის მიერ იტალიური მიწების დაკარგვის შემდეგ, ეკონომიკურ განვითარებაში პირველ პლანზე გამოვიდა ჰანზის ქალაქები ჩრდილოეთ გერმანიაში, რომლებმაც ხელთ იგდეს ვაჭრობა სკანდინავიას, ინგლისს, ნიდერლანდებს, ბალტიისპირეთსა და ნოვგოროდს შორის,[18] ასევე ნიდერლანდებისა (ანტვერპენი, მეხელენი, ბრიუსელი) და სამხრეთ გერმანიის (შვაბიის გაბნეული მანუფაქტურები) ტექსტილური ცენტრები. განუხრელად იზრდებოდა მეტალების მოპოვებისა და დამუშავების მნიშვნელობა (საქსონია, ჩეხეთი, ტიროლი, ნიურნბერგი), თანაც კონტროლი მთის საბადოებსა და მეტალურგიულ საწარმოებზე გადავიდა მსხვილი სავაჭრო კაპიტალისკენ (ფუგერები და სხვა). ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი გახდა აუგსბურგი. 1348—1350 წლების შავი სიკვდილის ეპიდემიამ, რომლის შედეგადაც ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა ორზე მეტჯერ დაეცა, ბოლო მოუღო გერმანიის აგრარულ კოლონიზაციას აღმოსავლეთის მიმართულებით და გამოიწვია მწარმოებელი ძალების გადენა სოფლიდან ქალაქში. სოფლის მეურნეობაში პურზე მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია ჩრდილოეთ გერმანიაში მარცვლეული წარმოების სასაქონლო ღირებულების გაზრდა, რასაც თან ახლდა დასავლეთში გლეხების მფლობელობაში არსებული მიწების, ხოლო აღმოსავლეთში — საგვარეულო მრეწველობის ზრდა. სამხრეთ გერმანიაში, სადაც მთავარი მნიშვნელობა მებოსტნეობასა და მეცხოველეობას ჰქონდა და სადაც მცირე გლეხური მრეწველობა ბატონობდა, დაიწყო ფეოდალების აქტიური შეტევა გლეხებზე, რაც თავს იჩენდა მებატონოებისა და ბუნებრივი ვალდებულებების გაზრდაში, გლეხების თავიანთი მიწებიდან განდევნასა და საზოგადოებრივი ნაკვეთების დაპყრობაში. ამას შედეგად მოჰყვა სოციალური პრობლემების გამწვავება, რაც გამოიხატებოდა გლეხების მთელ რიგ აჯანყებებში (ჰუსიტური ომები, „ქალამნის მოძრაობა“).

ახალი დროის იმპერია

საიმპერიო რეფორმა

 
სხდომა რაიხსტაგისა, რომელიც შეიქმნა „საიმპერიო რეფორმის“ ფარგლებში. მატიას მერიანის გრავიურა, XVII საუკუნე.

იმპერატორ ფრიდრიხ III-ის გარდაცვალების შემდეგ (1493) იმპერიის მართვის სისტემა ღრმა კრიზისის მდგომარეობაში იმყოფებოდა: გერმანიაში არსებობდა დამოუკიდებლობის განსხვავებული დონისა და განსხვავებული ფინანსური და სამხედრო პოტენციალის მქონე რამდენიმე ასეული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ხოლო იმპერატორის იმპერიის მთავრებზე გავლენის სადავეები მოძველებული და არაეფექტიანი აღმოჩნდა. მსხვილი სამთავროები ფაქტობრივად დამოუკიდებელ საშინაო პოლიტიკას აწარმოებდნენ. ისინი ერთდროულარ ცდილობდნენ მეზობელი რაინდების სამფლობელოებისა და თავისუფალი ქალაქების დამორჩილებას, რომლებიც იმპერიის მთავარ შეიარაღებულ ძალასა და ბიუჯეტს წარმოადგენდა.[19]

1495 წელს მაქსიმილიან I-მა ვორმსში მოიწვია საღვთო რომის იმპერიის საერთო რაიხსტაგი, რომლის დამტკიცებაზეც მან წარადგინა იმპერიის სახელმწიფო მართვის რეფორმის პროექტი. განხილვის შედეგად მიიღეს ე.წ. „საიმპერიო რეფორმა“ (გერმ. Reichsreform). გერმანია გაიყო ექვს საიმპერიო ოლქად (1512 წელს მათ კიდევ ოთხი დაემატა). ოლქის მართვის ორგანო გახდა საოლქო კრება, რომელშიც მონაწილეობის უფლება ჰქონდა ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ყველა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს: საერო და სასულიერო სამთავროებს, საიმპერიო რაინდების სამფლობელოებსა და თავისუფალ ქალაქებს. ყოველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ფლობდა ერთ ხმას (ზოგიერთ ოლქში ეს უზრუნველყოფდა უპირატესობას საიმპერიო რაინდებისა, მცირე სამთავროებისა და ქალაქებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ იმპერატორის მთავარ საყრდენს). ოლქები წყვეტდნენ სამხედრო მშენებლობის, თავდაცვის ორგანიზებას, ჯარის შეგროვებას, ასევე საიმპერიო გადასახადების განაწილებისა და შეგროვების საკითხებს. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე გერმანიის სასამართლო ძალაუფლების უზენაესი ორგანოს — უმაღლესი საიმპერიო სასამართლოს შექმნას, რომელიც გახდა ტერიტორიულ მთავრებზე იმპერატორის გავლენის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და იმპერიის ყველა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში ერთიანი პოლიტიკის გატარების მექანიზმი.[20][21]

 
იმპერიის ოლქები XVI საუკუნის დასაწყისში.

თუმცა მაქსიმილიანის მცდელობები, გაეღრმავებინა იმპერიის რეფორმირება და შეექმნა აღმასრულებელი ძალაუფლების ერთიანი ორგანოები და ერთიანი საიმპერიო ჯარი, უშედეგო აღმოჩნდა: იმპერიის მთავრები მწვავედ ეწინააღმდეგებოდნენ ამ იდეას და იმპერატორს საშუალებას არ აძლევდნენ, რაიხსტაგზე გაეტანა ეს საკითხები. მეტიც, იმპერიის წარჩინებულმა წოდებებმა უარი თქვეს მაქსიმილიან I-ის იტალიური კამპანიის დაფინანსებაზე, რამაც იმპერატორის პოზიციები მკვეთრად დაასუსტა როგორც საერთაშორისო არენაზე, აგრეთვე უშუალოდ იმპერიაშიც. გერმანიაში იმპერატორის ძალაუფლების ინსტიტუციური სისუსტის გააზრების შემდეგ, მაქსიმილიან I-მა გააგრძელა თავისი წინამორბედების პოლიტიკა, რომელიც მოიაზრება ავსტრიული მონარქიის იმპერიისგან იზოლაციას: 1453 წლის „Privilegium Maius-ზე“ დაყრდნობით, მაქსიმილიან I-მა ავსტრიის ერცჰერცოგის რანგში უარი თქვა იმპერიის დაწესებულებების დაფინანსებაზე და ავსტრიის მიწებზე საიმპერიო გადასახადების შეგროვების საშუალებას არ იძლეოდა. ავსტრიული საჰერცოგოები არ მონაწილეობდნენ იმპერიის რაიხსტაგისა და სხვა საზოგადო ორგანოების მუშაობაში. ავსტრია, ფაქტობრივად, იმპერიის გარეთ აღმოჩნდა, მისი დამოუკიდებლობა გაფართოვდა. მაქსიმილიან I-ის პრაქტიკულად მთელი პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, ტარდებოდა ჰაბსბურგების დინასტიისა და ავსტრიის ინტერესების დასაცავად, გერმანია კი მხოლოდ მეორე პლანზე იყო.[22][21]

საღვთო რომის იმპერიის კონსტიტუციისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე რომის პაპის მიერ იმპერატორის უფლებების ლეგიტიმიზაციისთვის მისი კორონაციის აუცილებლობის პრინციპის უარყოფას. 1508 წელს მან რომში ექსპედიციის განხორციელება სცადა კორონაციისთვის, მაგრამ იგი არ გაატარეს ვენეციელებმა, რომლებიც აკონტროლებდნენ გზებს გერმანიასა და იტალიას შორის. 1508 წლის 4 თებერვალს ტრიენტში სადღესასწაულო ცერემონიაზე იგი იმპერატორად გამოაცხადეს. რომის პაპმა იულიუს II-მ, რომელსაც მაქსიმილიან I ვენეციის წინააღმდეგ ფართო კოალიციის შესაქმნელად სჭირდებოდა, მას უფლება მისცა, ეტარებინა „რჩეული იმპერატორის“ ტიტული. მოგვიანებით მაქსიმილიან I-ის მემკვიდრეები (კარლ V-ის გარდა) უკვე აღარ მიილტვოდნენ კორონაციისკენ, ხოლო იმპერიის სამართალში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც კურფიურსტების მიერ გერმანიის მეფის არჩევა ავტომატურად ხდიდა მას იმპერატორად.[23]

მაქსიმილიანის რეფორმები გააგრძელა მისმა შვილიშვილმა, კარლ V ჰაბსბურგმა. რეფორმების შედეგად რაიხსტაგი გადაიქცა საკანონმდებლო ძალაუფლების მქონე პერიოდულად მოწვევად ორგანოდ, რომელიც იმპერიის პოლიტიკის გატარების ცენტრი გახდა. იმპერიის მართვაში სხვადასხვა დონით მონაწილეობდნენ ქვეყნის ძირითადი სოციალური ჯგუფები (კურფიურსტები, საიმპერიო მთავრები, საიმპერიო რაინდები, მოქალაქეები), რომელთა შორისაც ჩამოყალიბდა ძალაუფლების მყარი ბალანსი. იმპერიის შიგნით სახელმწიფო წარმონაქმნების ურთიერთქმედებას საფუძვლად დაედო „მიწის ზავის“ პრინციპი — იმპერიის სუბიექტებს შორის კონფლიქტების გადაჭრის სამხედრო გზების გამოყენების აკრძალვა, რომელსაც კანონის რანგი მიენიჭა. საბოლოოდ შეიქმნა ზოგადსაიმპერიო დანახარჯების დაფინანსების სისტემა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ კურფიურსტების მიერ საერთო ბიუჯეტში თავიანთი წილის შეტანის სურვილის არ ქონის გამო ზოგჯერ მარცხს განიცდიდა, იმპერატორს მაინც აძლევდა აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარებისა და XVI საუკუნის დასაწყისში თურქული საფრთხის მოგერიების საშუალებას. კარლ V-ის დროს დამტკიცდა ერთიანი სისხლის სამართლის კოდექსი მთელი იმპერიისთვის — „Constitutio Criminalis Carolina“.

XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისში მომხდარი ცვლილებების შედეგად იმპერიამ შეიძინა ორგანიზებული სახელმწიფო-სამართლებრივი სისტემა, რომელმაც მას არსებობისა და ახალი დროის ეროვნულ სახელმწიფოებთან კონკურენციის საშუალება მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი იმპერიის ყველა ორგანო სულაც არ მოქმედებდა საკმარისად ეფექტიანად, ისინი გერმანიაში ერთიანობისა და შედარებითი მშვიდობის შენარჩუნობას უწყობდნენ ხელს. თუმცა, რეფორმები არ იყო დასრულებული და იმპერია თავისი არსებობის ბოლომდე რჩებოდა ძველი და ახალი ინსტიტუტების გაერთიანებად და არ შეუძენია ერთიანი სახელმწიფოს ატრიბუტები.

საღვთო რომის იმპერიის ორგანიზების ახალი მოდელის ფორმირებას თან ახლდა იმპერატორის არჩევის არჩევითი პრინციპის დასუსტება. 1439 წლიდან მოყოლებული იმპერიის ტახტზე ავიდა ჰაბსბურგების დინასტია — ტერიტორიული თვალსაზრისით, ყველაზე ძლიერი გერმანული გვარი. იმპერიის გარეთ არსებულმა ჰაბსბურგების ვრცელმა სამფლობელოებმა (მათი მემკვიდრეობითი მიწების რიცხვში შედიოდა ჩეხეთი, მორავია, სილეზია, უნგრეთი, ხორვატია და ესპანეთი) მკვეთრად გააფართოვა იმპერატორის ეკონომიკური ბაზა და ჰაბსბურგების დინასტიას იმპერიის გვირგვინის მოპოვებაში დაეხმარა. გერმანიის დედაქალაქი ფაქტობრივად ვენა გახდა, სადაც იმპერატორის სამეფო კარი და მასზე დაქვემდებარებული მართვის ორგანოები მდებარეობდა. იმპერიის ძალაუფლების ცენტრის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერიაზე გადასვლას ახალი დროის ქვეყნების ბედისწერისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა.

რეფორმაცია

 
აუგსბურგის რელიგიური ზავის ტექსტის პირველი გამოცემის პირველი გვერდი. მაინცი, 1555.

1517 წელს დაწყებული რეფორმაციის შედეგად იმპერია გაიყო ლუთერანულ ჩრდილოეთად და კათოლიკურ სამხრეთად. პროტესტანტიზმი XVI საუკუნის პირველ ნახევარში მიიღო მრავალმა მსხვილა სამთავრომ (საქსონია, ბრანდენბურგი, კურპფალცი, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგი, ჰესენი, ვიურტემბერგი), ასევე მნიშვნელოვანმა საიმპერიო ქალაქებმა — სტრასბურგმა, ფრანკფურტმა, ნიურნბერგმა, ჰამბურგმა, ლიუბეკმა. კათოლიკური დარჩა რაინის, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის, ბავარიის, ავსტრიის, ლოთარინგიის, აუგსბურგის, ზალცბურგის საეკლესიო საკურფიურსტოები და რამდენიმე სხვა სახელმწიფო. ევროპაში იმპერატორ კარლ V-ის ჰეგემონიაზე (იტალიური ომები) პრეტენზიების, აგრეთვე მის მიერ იმპერიის ინსტიტუტების ცენტრალიზაციის პოლიტიკის გატარების პირობებში იმპერიის კონფესიურმა განხეთქილებამ გამოიწვია გერმანიის საშინაო მდგომარეობის გამწვავება და იმპერიის წარჩინებული წოდებების წარმომადგენლებსა და იმპერატორს შორის კონფლიქტის გაზრდა. საეკლესიო საკითხის მოუგვარებლობამ და იმპერატორის მიერ თეოლოგიურ საკითხებში კომპრომისის მიღწევის მცდელობამ 1530 წლის აუგსბურგის რაიხსტაგზე გამოიწვია გერმანიაში ორი პოლიტიკური კავშირის — პროტესტანტური შმალკალდენისა და კათოლიკური ნიურნბერგის გაფორმება. მათი დაპირისპირება გადაიზარდა 1546-1547 წლების შმალკალდენის ომში, რომელმაც შეარყია იმპერიის კონსტიტუციური საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ კარლ V-მ ომში გამარჯვება მოიპოვა, მალევე მის წინააღმდეგ გაერთიანდა იმპერიის ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ საეკლესიო საკითხების გადაჭრაში კარლ V-ის არათანმიმდევრობით და მისი პოლიტიკის უნივერსალიზმით, რომელიც მოიაზრებდა მსოფლიო იმპერიის დაარსებას გერმანული, ავსტრიული და ესპანური სამფლობელოების საფუძველზე. 1555 წელს აუგსბურგში რაიხსტაგზე დაიდო აუგსბურგის რელიგიური ზავი, რომელმაც ლუთერანობა აღიარა ლეგიტიმურ რელიგიად და რომელიც, cujus regio, ejus religio-ს პრინციპის მიხედვით, იმპერიის წარჩინებული წოდებების წარმომადგენლებში აღმსარებლობის თავისუფლებას გარანტირებდა. კარლ V-მ უარი თქვა ამ შეთანხმების ხელმოწერაზე და მალევე ჩამოიშორა იმპერატორის უფლებები.[24]

აუგსბურგის რელიგიური ზავის დახმარებით იმპერიამ რეფორმაციის შედეგად გამოწვეული კრიზისი დაძლია და საიმპერიო ინსტიტუტების შრომისუნარიანობა აღადგინა. მიუხედავად იმისა, რომ კონფესიური განხეთქილება შენარჩუნდა, პოლიტიკურად იმპერიამ ერთიანობა მოიპოვა. შემდგომი ნახევარი საუკუნის განმავლობაში იმპერიის კათოლიკური და პროტესტანტული სუბიექტები საკმაოდ ეფექტურად თანამშრომლობდნენ მართვის ორგანოებში, რამაც გერმანიაში მშვიდობისა და სოციალური სიმშვიდის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

კონფესიური ეპოქა და ოცდაათწლიანი ომი

იხილეთ აგრეთვე: ოცდაათწლიანი ომი 1556 წელს კარლ V-ის ტახტიდან ჩამოშორებამ და ჰაბსბურგების სამფლობელოების გაყოფამ ხელი შეუწყო იმპერიაში მდგომარეობის სტაბილიზაციას, რადგან ამგვარად ბოლო მოეღო ძალაუფლების სათავეში უკომპრომისო კათოლიკის, ფილიპ II-ის მოსვლის საფრთხეს, რის შედეგადაც ესპანეთი, ფლანდრია და იტალია კარლ V-ის შვილს, ფილიპ II-ს შეხვდა, ხოლო ავსტრიული მიწები და იმპერატორის პოსტი — ძმას, ფერდინანდ I-ს. ფერდინანდ I, აუგსბურგის რელიგიური ზავის ერთ-ერთი ავტორი და მთავრებთან მჭიდრო კავშირის დახმარებით იმპერიის განმტკიცებისა და საიმპერიო დაწესებულებების ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდის კურსის თანამიმდევრული გამტარებელი, კანონიერად ითვლება ახალი დროის იმპერიის ფაქტობრივ დამაარსებლად. ფერდინანდ I-ის მემკვიდრე, იმპერატორი მაქსიმილიან II პროტესტანტიზმის მიმართ სიმპათიით იყო გამსჭვალული და თავისი მმართველობის პერიოდში (1564—1576) ორივე კონფესიის საიმპერიო მთავრებზე დაყრდნობით იმპერიაში ტერიტორიული და რელიგიური წყობის დაცვა მოახერხა. იგი წარმოქმნილ კონფლიქტებს ჭრიდა იმპერიის მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმების დახმარებით. XVI საუკუნის მეორე ნახევარსა და XVII საუკუნის დასაწყისში განვითარების მთავარი ტენდენციები გახდა სამი კონფესიის — კათოლიციზმის, ლუთერანობისა და კალვინიზმის დოგმატური და ორგანიზებული გაფორმება და განკერძოება, ასევე ამასთან დაკავშირებული გერმანული სახელმწიფოების სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტის კონფესიონალიზაცია. თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ამ პერიოდმა მიიღო სახელწოდება „კონფესიური ეპოქა“ (გერმ. Konfessionelles Zeitalter).

თუმცა, XVI საუკუნის ბოლოს გამოიკვეთა დესტრუქტიული ტენდენციები, რომლებიც აუგსბურგის ზავის პირობების არასრულყოფილებაში იყო ჩადებული. ისინი, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულნი იყვნენ რადიკალური კალვინიზმის ტერიტორიულ-პოლიტიკურ გაფართოებასთან (კურპფალცი, ნიდერლანდები, ჰესენ-კასელი, ანჰალტი, ბადენ-დურლახი), რომელსაც მტრულად შეხვდნენ როგორც ლუთერანები, ასევე კათოლიკეები, ხოლო შემდეგ კი კონტრრეფორმაციასთან, რომელიც ტრიენტის ტაძრის დასრულების შემდეგ ნელ-ნელა ძალებს იკრებდა. ამ უკანასკნელის გავლენით ავსტრიის მიწებსა და იმპერიის ზოგიერთ ქალაქში დაიწყო პროტესტანტების დევნა, კათოლიკურ აღმსარებლობას დაუბრუნდა ბევრი საეკლესიო სამთავრო და სამხრეთ და დასავლეთ გერმანიის ქალაქი, ასევე ბადენ-ბადენი და პფალც-ნოიბურგი. გარდა ამისა, კონფესიონალიზაციის პროცესის გავლენის ქვეშ გერმანული სამთავროების ორგანიზაციული სტრუქტურების გაფორმება და თანამედროვე ტიპის სახელმწიფოების ფორმირების პროცესის დაწყება ეწინააღმდეგებოდა შემორჩენილ საიმპერიო ინსტიტუტებს. უკვე 1588 წელს საიმპერიო სასამართლოს მუშაობა შეჩერდა, ხოლო XVII საუკუნის დასაწყისიდან კონფესიებს შორის კონფლიქტის გამო შრომისუნარიანობა დაკარგა იმპერიის რაიხსტაგმა.

 
1618 წლის პრაღის დეფენესტრაცია.

იმპერატორ რუდოლფ II-ის მდგომარეობას სერიოზულად გამოუთხარა ძირი ჰაბსბურგების სახლის შიდა კონფლიქტებმა, ავსტრო-თურქეთის 1593-1606 წლების ომში წარუმატებლობებმა და უნგრეთში იშტვან ბოჩკაის მეთაურობით აფეთქებულმა აჯანყებამ. 1608 წელს რუდოლფ II იძულებული იყო, უარი ეთქვა ავსტრიაზე, უნგრეთსა და მორავიაზე. ამგვარად მან დაიტოვა მხოლოდ იმპერატორის ტიტული და ჩეხეთი, რომელსაც ფართო შიდა ავტონომია მიანიჭა („უდიდებულესობის წერილი“, 1609; გერმ. Majestätsbrief), რაც ხელს უწყობდა რადიკალური პროტესტანტული დინებების განვითარებასა და კონფესიური კონფლიქტის გამწვავებას. იმპერატორის ძალაუფლების დასუსტებამ და სამმართველო ინსტიტუტების დაშლამ გამოიწვია ალტერნატიული სტრუქტურების შექმნა: პროტესტანტმა მთავრებმა 1608 წელს შექმნეს პროტესტანტული უნია, ხოლო კათოლიკეებმა 1609 წელს დააარსეს კათოლიკური ლიგა. კონფესიებს შორის დაპირისპირება განუხრელად ღრმავდებოდა, სანამ 1618 წელს პრაღაში არ იფეთქა აჯანყებამ ახალი იმპერატორისა და ჩეხეთის მეფე ფერდინანდ II-ის წინააღმდეგ. აჯანყებას მხარი დაუჭირა პროტესტანტულმა უნიამ, კონფლიქტში ჩაებნენ გერმანიის ორივე კონფესიური ბანაკის წარმომადგენლები, შემდეგ კი უცხო სახელმწიფოებიც, რის შედეგადაც დაიწყო ოცდაათწლიანი ომი.[25]

თავდაპირველად ომში წარმატება იმპერატორის მხარეზე იყო. 1621 წელს ფრიდრიხ V-ს, პფალცის კურფიურსტსა და პროტესტანტული უნიის ლიდერს, ჩამოერთვა თავისი სამფლობელოები და კურფიურსტის ტიტული, რომელიც გადაეცა მაქსიმილიან I-ს, ბავარიის ჰერცოგს, კათოლიკური ლიგის ხელმძღვანელს. 1625—1626 წლებში ვალენშტაინისა და ტილის ჯარების მიერ დანიის ჯარების განადგურებამ იმპერატორს იმპერიის პოლიტიკური გარდაქმნის ცდის საშუალება მისცა. 1629 წლის 6 მაისის რესტიტუციური ედიქტი აუქმებდა პროტესტანტების მიერ თორმეტი საეპისკოპოსოსა და საარქიეპისკოპოსოს და დაახლოებით ორასი მონასტრის სეკულარიზაციას, ასევე კათოლიკურ საეკლესიო მიწებზე პროტესტანტული უმცირესობების უფლებების გარანტიას. ედიქტის მდგომარეობის რეალიზაციის შედეგად იმპერიაში დომინანტური პოზიცია კათოლიკურმა პარტიამ დაიკავა, რამაც გამოიწვია მძაფრი წინააღმდეგობა, როგორც იმპერიის პროტესტანტული სუბიექტების, რომლებმაც დახმარების თხოვნით მიმართეს შვედეთსა და საფრანგეთს, ასევე კათოლიკე კურფიურსტების მხრიდან, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ იმპერატორის მიერ გერმანიის მართვაში მათი მონაწილეობის უფლებების დარღვევის გამო. ამან გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია. ფერდინანდ II იძულებული იყო, ვალენშტაინის ჯარი დაეშალა, ხოლო 1630 წელს იმპერიის ტერიტორიაზე შემოიჭრა გუსტავ II ადოლფის შვედური არმია, რომელმაც გაანადგურა კათოლიკური ლიგის ჯარი და რამდენიმე წელიწადში გერმანიის ჩრდილოეთ ნაწილი დაიკავა. მეტიც, 1633 წელს შვედეთის ხელმძღვანელობის ქვეშ შეიქმნა იმპერიის პროტესტანტული სამთავროების ჰაილბრონის კავშირი, რაც ჩრდილოეთ გერმანიაში საიმპერიო ინსტიტუტების დემონტაჟს ნიშნავდა და იმპერიას დაშლის საფრთხეს უქმნიდა. თუმცა, 1634 წელს ესპანურ-იმპერიულმა ჯარმა ნერდლინგენის ბრძოლაში მოახერხა შვედებისთვის გამანადგურებელი მარცხის მიყენება და შეტევაში გადასვლა. 1635 წლის მაისში იმპერიის პროტესტანტულ და კათოლიკურ სუბიექტებს შორის დაიდო პრაღის ზავი, რომლის შესაბამისადაც გერმანიის ტერიტორიაზე არსებული ყველა მოკავშირეობითი გაერთიანება უქმდებოდა, მათ შორის კათოლიკური ლიგა და ჰაილბრონის კავშირი. რესტიტუციური ედიქტის ამოქმედება გადაიდო ორმოცი წლით, ხოლო ყველა გერმანელი მთავარი, აღმსარებლობის განურჩევლად, ვალდებული იყო, შვედების წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლისთვის თავისი სამხედრო კონტინგენტები იმპერიის არმიასთან გაეერთიანებინა. კვლავ შეიქმნა წამყვანი გერმანული სახელმწიფოების კავშირი (მათ შორის საქსონია, ბრანდენბურგი და ბავარია) იმპერატორთან, დეზინტეგრაციული პროცესები შეწყდა.

პრაღის ზავისგან განზე დარჩნენ რადიკალური კალვინისტური სამთავროები ჰესენ-კასელის მეთაურობით. იმავდროულად იმპერიის კონსოლიდაცია ძლიერ აწუხებდა საფრანგეთს. 1635 წლის მაისში საფრანგეთმა შვედების მხარე დაიკავა და ომში ჩაერთო. თავდაპირველად იმპერია ახერხებდა ფრანკო-შვედური იერიშების მოგერიებას, მაგრამ 1639 წელს მოხდა გარდატეხა — ფრანგები შეიჭრნენ შვაბიაში, ხოლო პრაღის სისტემამ დაშლა დაიწყო; 1640 წელს ომს გამოეთიშა ბრანდენბურგი, 1642 წელს განადგურდა საქსონია. მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში საიმპერიო წოდებების აქტიური მონაწილეობით 1645 წელს დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები იმპერატორს, საფრანგეთს, ესპანეთსა და შვედეთს შორის. მათი სვლა განისაზღვრებოდა სამხედრო მოქმედებების განვითარებით: 1647 წელს კაპიტულაცია მოახდინა ბავარიამ, 1648 წელს შვედებმა დაიპყრეს პრაღის ნაწილი, ხოლო ესპანეთი იძულებული იყო, ეღიარებინა ნიდერლანდების დამოუკიდებლობა. 1648 წლის ოქტომბერში დაიდო ვესტფალიის ზავი, რომელმაც ოცდაათწლიან ომს წერტილი დაუსვა და კარდინალურად შეცვალა საღვთო რომის იმპერია.[26]

ვესტფალიის ზავი

 
საღვთო რომის იმპერია 1648 წლის ვესტფალიის ზავის შემდეგ.

ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმების პირობებს ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა საღვთო რომის იმპერიისთვის. ტერიტორიული თვალსაზრისით, შეთანხმებამ გაამყარა იმპერიის მიერ შვეიცარიისა და ნიდერლანდების დაკარგვა, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადდა. თვითონ იმპერიაში მნიშვნელოვანი მიწები მოექცა უცხოური სახელმწიფოების ძალაუფლების ქვეშ: შვედეთმა მიიღო წინა პომერანია და ბრემენისა და ფერდენის ყოფილი საეპისკოპოსოების მიწები, საფრანგეთმაელზასის დიდი ნაწილი, ბრაიზახი და ფილიპსბურგი. ასევე დამტკიცდა ჩრდილოეთ გერმანიაში საეკლესიო მიწების სეკულარიზაცია. კონფესიური თვალსაზრისით, იმპერიის ტერიტორიაზე აღიარეს კათოლიკური, ლუთერანული და კალვინისტური ეკლესიების თანაბარუფლებიანობა, იმპერიის წარჩინებულ წოდებებს დაუმტკიცდათ ერთი რელიგიიდან მეორეში გადასვლის თავისუფლება, ხოლო რელიგიური უმცირესობებს აღმსარებლობის არჩევისა და ემიგრაციის უფლების თავისუფლება. ამასთან ერთად მკაცრად დაფიქსირდა კონფესიური საზღვრები და დაინერგა, რომ სამთავროს მმართველის სხვა რელიგიაზე გადასვლას არ უნდა მოჰყოლოდა მისი ქვეშევრდომების კონფესიის შეცვლა. ორგანიზაციული თვალსაზრისით, ვესტფალიის ზავმა იმპერიის ძალაუფლების ორგანოების ფუნქციონირების წესრიგის კარდინალური რეფორმა მოიტანა: რელიგიური პრობლემები განცალკევდა ადმინისტრაციულ-სასამართლო საკითხებისგან და მათ გადასაწყვეტად რაიხსტაგსა და საიმპერიო სასამართლოში შემოიღეს კონფესიური პარიტეტის პრინციპი: ყოველ კონფესიას ენიჭებოდა თანაბარი რაოდენობის ხმა, რამაც აღადგინა რაიხსტაგისა და სასამართლოს მუშაობის ეფექტიანობა. ვესტფალიის ზავმა აგრეთვე ხელახლა გადაანაწილა იმპერიის შიგნით ძალაუფლების ინსტიტუტებს შორის უფლებები: მიმდინარე საკითხები, მათ შორის კანონმდებლობა, სასამართლო სისტემა, გადასახადების შეგროვება, სამშვიდობო შეთანხმებების რატიფიკაცია გადავიდა კომპეტენციაში რაიხსტაგისა, რომელიც მუდმივმოქმედი ორგანო ხდებოდა. ეს არსებითად ცვლიდა ძალების ბალანსს იმპერატორსა და საიმპერიო წოდებებს შორის, ამ უკანასკნელების სასიკეთოდ. იმავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საიმპერიო წოდებების პრივილეგიები და უფლებები აღიარებული და განმტკიცებული იყო („საიმპერიო წოდებების ტერიტორიული კანონი“, ლათ. jus territoriale), საიმპერიო წოდებები არ ხდებოდნენ სახელმწიფო სუვერენიტეტის მატარებლები: იმპერიის სამთავროები თანამედროვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს რიგი ატრიბუტების გარეშე რჩებოდნენ და არ შეეძლოთ ისეთი საერთაშორისო შეთანხმებების დადება, რომლებიც იმპერატორის ან იმპერიის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.

XX საუკუნის ბოლომდე ვესტფალიის ზავი ისტორიკოსების უმეტესობის მიერ ფასდებოდა, როგორც შეთანხმება, რომელმაც გერმანიის ეროვნული და რელიგიური განხეთქილება გაამყარა, მკვეთრად შეზღუდა იმპერატორის პრეროგატივები ტერიტორიული მთავრების სასარგებლოდ და გამოიწვია იმპერიის შემდგომი დაცემა და დაშლა. ვესტფალიის ზავის შედეგები გერმანიისთვის განიხილებოდა, როგორც პარტიკულარიზმის გამარჯვება მეფის ცენტრისკენულ ძალებზე და მთავრების სრული განთავისუფლება იმპერატორის ძალაუფლებისგან, რამაც იმპერიის პოლიტიკური დაქუცმაცება გამოიწვია. XX საუკუნის დიდი გერმანელი ისტორიკოსის, ფოლკერ პრესის გამოთქმის თანახმად, „ვესტფალიის ზავის ტენდენციები იმპერიას გარდაქმნიდა მთავრების იმპერიად, რომელთა შორისაც მომავალში იმპერატორი იქნებოდა არაუმეტეს „პირველისა თანასწორებს შორის“.[27] მეცნიერთა აზრით, დადებითი მომენტი იყო მხოლოდ კონფესიური მართლშეგნების აღმოფხვრა და თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ჩასახვა, რომელიც დაფუძნებული იყო სახელმწიფოების სუვერენიტეტზე და არ იყო დამოკიდებული სამართლის სუბიექტების რელიგიურ კუთვნილებაზე.

თუმცა, ბოლო დროს მიმდინარეობს იმპერიის ბედისწერაში ვესტფალიის ზავის მნიშვნელობის ხელახლა გააზრება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოცდაათწლიანი ომის დროს დაკნინებული იმპერიის საბაზო სტრუქტურებისა და, უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვაწოდებრივი რაიხსტაგის აღდგენას, რომელიც საინტეგრაციო პროცესების ცენტრად და იმპერიის მთელი სტრუქტურის საყრდენად იქცა. თანამედროვე ისტორიკოსები უკვე აღარ განიხილავენ ვესტფალიის შეთანხმებას, როგორც სეპარატიზმის ერთმნიშვნელოვან ტრიუმფსა და იმპერიის განუყოფლობის დაცემას. პირიქით, „შემორჩენილი სასამართლო სივრცე იმპერატორს იმპერიაში დასაბრუნებელ გზას უხსნიდა“;[28] წოდებების წინააღმდეგობებზე თამაშითა და კონფესიური პარიტეტის პრინციპის გამოყენებით, იმპერატორმა შეძლო ნეიტრალური, იმპერიის გამაერთიანებელი მხარის როლში გამოსვლა. იმპერიის წარჩინებულებმა ვერ მიაღწიეს სუვერენიტეტს და იმპერიის სამართლის მოქმედების სფეროში დარჩნენ, რომლის ღირებულებაც მხოლოდ გაიზარდა. ვესტფალიის ზავი გარკვეულწილად განიხილება, როგორც 1495 წლის „საიმპერიო რეფორმასა“ და 1555 წლის „აუგსბურგის რელიგიურ ზავში“ ჩადებული პრინციპების განვითარება და გაუმჯობესება. ზავმა არ მოიტანა არც დაქუცმაცება, არც მთავრების აბსოლუტიზმი, არამედ გერმანელი ერის ეროვნულ შეკავშირებას შეუწყო ხელი და განამტკიცა „status quo-ს“ მდგომარეობა (ეწინააღმდეგებოდა მცირე სამფლობელოების ანექსიას და მმართველობის დესპოტურ ფორმას). ვესტფალიის ზავი იმპერიას ამორფულს სულაც არ ხდიდა, მაგრამ გარანტირებდა იმჟამინდელი ფორმით მის შემდგომ არსებობას.[29]

იმპერია XVII საუკუნის მეორე ნახევარსა და XVIII საუკუნის შუა წლებში

 
იმპერატორი ლეოპოლდ I.

ოცდაათწლიან ომში დამარცხებამ იმპერიას ევროპის პოლიტიკურ არენაზე დაათმობინა წამყვანი პოზიცია, რომელიც საფრანგეთის ხელში გადავიდა. ახალმა იმპერატორმა, ლეოპოლდ I-მა, ესპანეთის მხარდაჭერის ტრადიციული პოლიტიკის გაგრძელებასთან ერთად დაიწყო ინგლისსა და ნიდერლანდებთან დაახლოვება, რათა ერთობლივი ძალებით ებრძოლათ საფრანგეთის წინააღმდეგ. ლუდოვიკო XIV-ის აგრესიამ გამოიწვია იმპერიისგან ფრანშ-კონტესა და მთელი ელზასის მოწყვეტა, თუმცა აუგსბურგის ლიგის ომში (1688—1697), მოკავშირეების აქტიური მოქმედებების წყალობით, ნიდერლანდებში შეძლეს რაინის მიმდებარე ტერიტორიების მიმართულებით ფრანგების შემდგომი დაწინაურებისთვის ხელის შეშლა. ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის (1701—1714) ჰაბსბურგების მთავარი რევანში გახდა ოცდაათწლიანი ომისთვის: ფრანგული ჰეგემონია დასავლეთ ევროპაში დაეცა, სამხრეთი ნიდერლანდები, ნეაპოლი და მილანი ავსტრიელი ჰაბსბურგების გავლენის ქვეშ მოექცნენ. ჩრდილოეთით შეიქმნა ჰაბსბურგების, პოლონეთის, ჰანოვერისა და ბრანდენბურგის კავშირი შვედეთის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ჰოლანდიის ომისა (1672—1678) და ჩრდილოეთის მეორე ომის შემდეგ (1700—1721) შვედეთის დომინირება ბალტიის რეგიონში დასასრულს მიუახლოვდა, ხოლო მისი იმპერიის ტერიტორიაზე არსებული სამფლობელოების უმეტესი ნაწილი (დასავლეთი პომერანია, ბრემენი და ფერდენი) ბრანდენბურგსა და ჰანოვერს შორის გაიყო. ჰაბსბურგებმა მთავარ წარმატებას სამხრეთ-აღმოსავლეთით მიაღწიეს: XVII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიების სერიის შედეგად განთავისუფლდა უნგრეთი, ტრანსილვანია და ჩრდილოეთი სერბეთი, რომლებიც ჰაბსბურგთა მონარქიის შემადგენლობაში შევიდნენ, რამაც მკვეთრად აამაღლა იმპერატორების პოლიტიკური პრესტიჟი და ეკონომიკური ბაზა. XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში საფრანგეთსა და თურქეთთან ომებმა გამოიწვიეს იმპერიული პატრიოტიზმის აღორძინება და იმპერატორის ტახტი კვლავ გახადეს გერმანელი ერის ეროვნული ერთობის სიმბოლო.[30]

უშუალოდ ოცდაათწლიანი ომის შემდეგ იმპერიის საშინაო მდგომარეობა ხასიათდებოდა იმპერატორის გავლენის არსებითი შეზღუდვით: დასავლეთგერმანული სამთავროები მჭიდროდ დაუკავშირდნენ საფრანგეთს, ჩრდილოეთის სამთავროები კი შვედეთზე ორიენტირებდნენ. თუმცა, 1685 წელს პფალცში ვიტელსბახების დინასტიის კათოლიკური საგვარეულო შტოს მოსვლამ და საფრანგეთის ექსპანსიურმა პოლიტიკამ იმპერატორ ლეოპოლდ I-ს ქვეყნის დასავლეთში პოზიციების აღდგენისა და იმპერიის ტახტის გარშემო რაინის მიმდებარე სახელმწიფოების გაერთიანების საშუალება მისცა. ამ რეგიონში იმპერიის ტახტის მთავარი მოკავშირეები გახდნენ პფალცის საკურფიურსტო, ჰესენ-დარმშტადტი, მაინცი და ვესტფალიის, შუა რაინისა და შვაბიის საიმპერიო რაინდები. XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის დასაწყისში გერმანიის სამხრეთ სექტორში ბატონობდა ბავარია, რომლის კურფიურსტი თავისი გავლენით თვით იმპერატორსაც კი უწევდა კონკურენციას. ბრანდენბურგის გაძლიერების პირობებში იმპერიის ჩრდილოეთ ნაწილში საქსონია, რომლის მმართველმაც 1697 წელს კათოლიკეობა მიიღო, ასევე ჰანოვერი, რომელმაც 1692 წელს კურფიურსტის მეცხრე ტიტული მოიპოვა, ჰაბსბურგებთან უფრო მჭიდრო კავშირში შევიდნენ. იმპერიის ინტეგრაციის პროცესებში ჩაერთო ბრანდენბურგიც: იმპერატორზე ორიენტირება „დიდებული კურფიურსტის“ მთავარი პოლიტიკა გახდა, ხოლო მისმა ვაჟმა 1700 წელს პრუსიის მეფის ტიტულის მიღებაზე ლეოპოლდ I-ის თანხმობა მიიღო.[30]

 
საღვთო რომის იმპერია 1705 წელს, „გერმანიის იმპერიის“ რუკა, ნიკოლ დე ფერის შესრულებით, 1770.

რაიხსტაგი 1662 წლიდან მუდმივმოქმედ ორგანოდ იქცა და იკრიბებოდა რეგენსბრგში. მისი მუშაობა გამოირჩეოდა საკმარისი ეფექტიანობით და იმპერიას ერთიანობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. რაიხსტაგის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა იმპერატორი ლეოპოლდ I, რომელიც თანამიმდევრულად ახორციელებდა იმპერატორის როლის აღდგენისა და საიმპერიო წოდებების შემდგომი ინტეგრაციის პოლიტიკას. დიდ როლს თამაშობდა ვენაში იმპერატორის სამეფო კარის წარმომადგენლობითი ფუნქცია. იგი მთელი გერმანიის წარჩინებულების მიზიდვის ცენტრი გახდა, ხოლო თვითონ ქალაქი — იმპერიული ბაროკოს მთავარი ცენტრი. მემკვიდრეობით მიწებზე ჰაბსბურგების პოზიციების განმტკიცება, დინასტიური ქორწინებების და ტიტულებისა და თანამდებობების დარიგების წარმატებული პოლიტიკა მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს იმპერატორის გავლენის გაზრდას. იმავდროულად, საიმპერიო დონეზე კონსოლიდაციის პროცესები რეგიონულ ინტეგრაციას დაევალა: უმსხვილეს გერმანულ სამთავროებში ყალიბდებოდა საკუთარი დატოტვილი აპარატი, მდიდარი სამთავრო კარი, რომელიც ადგილობრივ წარჩინებულებს აახლოვებდა, და შეიარაღებული ძალები, რომლებიც კურფიურსტებს იმპერატორისგან უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევდა. საფრანგეთსა და თურქეთთან ომის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა როლი საიმპერიო ოლქებისა, რომლებმაც 1681 წლიდან საკუთარ თავზე აიღეს ჯარისა და საიმპერიო გადასახადების შეგროვების, ასევე იმპერიაში მუდმივი სამხედრო კონტინგენტების მხარდაჭერის ფუნქცია. მოგვიანებით შეიქმნა საიმპერიო ოლქების ასოციაციები, რაც იმპერიის საზღვრების უფრო ეფექტიანი დაცვის საშუალებას იძლეოდა.[30]

ლეოპოლდ I-ის მემკვიდრეების დროს იმპერატორის ძალაუფლების განმტკიცებას თან ახლდა აბსოლუტისტური ტენდენციების აღორძინება. ჯერ კიდევ იოზეფ I-ის მმართველობის პერიოდში (1705—1711) იმპერიის საქმეები ფაქტობრივად ავსტრიის სამეფო კარის კანცელარიის მართვაში გადავიდა, ხოლო ერცკანცლერი და მისი უწყება გადაწყვეტილებების მიღების პროცესს გამოეთიშნენ. ესპანური მემკვიდრეობისთვის ომის დროს (1701—1714) იმპერატორმა კვლავ წამოაყენა პრეტენზიები ჩრდილოეთ და შუა იტალიაზე. იმპერატორებმა უფრო გაბედულად დაიწყეს გერმანული სამთავროების საშინაო საქმეებში ჩარევა, რამაც გამოიწვია იმპერიის მსხვილი სუბიექტების საპასუხო წინააღმდეგობა და მათ მიერ იმპერატორის მხარდაჭერაზე უარის თქმა. კარლ VI-ის დროს (1711—1740) იმპერატორის პოლიტიკა ძირითადად განისაზღვრებოდა ესპანურ ტახტზე მისი პრეტენზიებითა და ჰაბსბურგთა მიწების დამემკვიდრების პრობლემებით (პრაგმატული სანქცია, 1713 წელი), მაშინ, როცა იმპერიის პრობლემები ყურადღების პერიფერიაზე აღმოჩნდა. ეს ხდებოდა იმპერიის მსხვილი სუბიექტების (ბავარია, პრუსია, საქსონია და ჰანოვერი) სიძლიერის ზრდის პირობებში. ისინი ევროპაში საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებისკენ მიილტვოდნენ და ნაკლებად ითვალისწინებდნენ იმპერიისა და იმპერატორის ინტერესებს. ამგვარად, იმპერატორი ჩრდილოეთის მეორე ომის შემდეგ იმპერიაში ყოფილი შვედური სამფლობელოების გაყოფისგან შევიწროვდა, ხოლო 1719—1724 წლებში პფალცის კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის კონფლიქტში იმპერატორის წინააღმდეგ მკვეთრად გამოვიდა გერმანული ევანგელისტური სახელმწიფოების კოალიცია პრუსიისა და ჰანოვერის მეთაურობით, რამაც თითქმის გამოიწვია სამხედრო შეტაკება. კარლ VI-თვის დიდი წარმატება იყო იმპერიის პოლიტიკაში რაიხსტაგის მიერ 1732 წლის პრაგმატული სანქციის აღიარება, თუმცა ბავარიის, პფალცისა და საქსონიის კურფიურსტებმა ამის წინააღმდეგ მისცეს ხმა. საერთო ჯამში, XVIII საუკუნის შუა წლებიდან იმპერიის ერთიანობას არსებითად გამოეთხარა ძირი, მსხვილი გერმანული სამთავროები პრაქტიკულად იმპერატორის კონტროლიდან გამოვიდნენ, დეზინტეგრაციის ტენდენციები კი აშკარად აჭარბებდნენ გერმანიაში ძალაუფლების ბალანსის შენარჩუნების იმპერატორის სუსტ მცდელობებს.[31]

ავსტრო-პრუსიული დაპირისპირება და იმპერიის დაკნინება

ჯერ კიდევ XVII საუკუნის ბოლოს საღვთო რომის იმპერიის ფარგლებში დაიწყო მისი ორი ყველაზე გავლენიანი წევრის — ავსტიისა და პრუსიის ანტაგონიზმის გამოვლენა. ჰაბსბურგების ავსტრიული მონარქია, რომელმაც უნგრეთი დაიპყრო და ესპანური მემკვიდრეობისთვის ომის შემდეგ მიიღო ვრცელი სამფლობელოები იტალიასა და ნიდერლანდებში, სულ უფრო და უფრო ცალკევდებოდა იმპერიისგან, თუმცა სწორედ მისი მმართველები იკავებდნენ იმპერატორის ტახტს. ჰაბსბურგების ინტერესები, უპირველეს ყოვლისა, მიმართული იყო სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით, მაშინ, როცა იმპერიის საშინაო საქმეებს XVIII საუკუნის დასაწყისიდან უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. უფრო მეტიც, ჰაბსბურგებმა სცადეს, მემკვიდრეობით მიწებზე ცენტრალიზებული პოლიტიკის წარმატებები იმპერიაზეც გადაეტანათ, რამაც საიმპერიო წოდებების მკვეთრი ოპოზიცია გამოიწვია. პრუსიის მეფის სამფლობელოების მნიშვნელოვანი ნაწილი აგრეთვე მდებარეობდა იმპერიის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, რაც მას ევროპის პოლიტიკურ სცენაზე დამოუკიდებელი მმართველის როლში მოქმედების საშუალებას აძლევდა. ეკონომიკურმა აღმასვლამ, ფრიდრიხ I-სა და ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის დროს მართვის ეფექტიანი ბიუროკრატიული სისტემის შექმნამ და ძლიერი არმიის ფორმირებამ პრუსია გერმანულ სახელმწიფოებს შორის პირველ ადგილზე დააყენა, რამაც ავსტრიასთან დაპირისპირება გაამწვავა. პრუსიამ, ფაქტობრივად, შეწყვიტა იმპერიის საკითხებში მონაწილეობის მიღება: მის ტერიტორიაზე არ მოქმედებდა ნორმები, რომლებიც წარჩინებულთა ინტერესებს იცავდა, არ სრულდებოდა საიმპერიო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ჯარი არ იღებდა მონაწილეობას იმპერატორის საბრძოლო კამპანიებში, ხოლო ზემო საქსონიის საიმპერიო ოლქის მუშაობა პარალიზებული იყო. პრუსიისა და სხვა მსხვილი გერმანული სამთავროების ფაქტობრივ სამხედრო-პოლიტიკურ ძალასა და მოძველებულ საიმპერიო იერარქიას შორის ძლიერი უთანხმოების შედეგად XVIII საუკუნის შუა წლებში საღვთო რომის იმპერიაში დაიწყო მწვავე სისტემური კრიზისი.

1740 წელს იმპერატორ კარლ VI-ის გარდაცვალებისა და ჰაბსბურგთა საგვარეულოს მამაკაცთა პირდაპირი შტოს შეწყვეტის შემდეგ ავსტრო-პრუსიული დაპირისპირება ღია ომში გადაიზარდა. სილეზიის ომები (1740—1745) პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სა და ავსტრიის ერცჰერცოგ მარია ტერეზიას შორის დასრულდა ავსტრიის დამარცხებითა და მის მიერ სილეზიის დაკარგვით. იმავდროულად, ავსტრია იძულებული იყო, ეწარმოებინა ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ფრანკო-ესპანო-ბავარიული კოალიციის წინააღმდეგ.[32] 1742 წელს კარლ ალბრეხტი, ბავარიის კურფიურსტი, ერთხმად აირჩიეს საღვთო რომის იმპერიის იმპერატორად. სამი საუკუნის განმავლობაში პირველად გერმანიის ტახტზე ავიდა არა ჰაბსბურგების სახლის წარმომადგენელი. ზოგიერთი ისტორიკოსის მიერ[33] კარლ ალბრეხტის არჩევა განიხილება, როგორც საიმპერიო წოდებების მხრიდან იმპერიისთვის ახალი პოლიტიკური გზის პოვნისა და იმპერიის სიმძიმის ცენტრის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან „ძველ გერმანიაში“ გადატანის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ კარლ VII იმპერიის სახელმწიფო ორგანოების მოქმედების მოწესრიგებას ცდილობდა, სამხედრო მოქმედებები მისთვის წარუმატებლად ვითარდებოდა: ავსტრიელებმა რამდენიმეჯერ გაძარცვეს და დაიპყრეს ბავარია, რამაც იმპერატორის მატერიალურ ბაზას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა.

1745 წელს, კარლ VII-ის გარდაცვალების შემდეგ, იმპერიის ტახტი ჰაბსბურგებს დაუბრუნდა: იმპერატორად აირჩიეს მარია ტერეზიას მეუღლე, ფრანც I ლოთარინგიელი. თუმცა ამ დროისთვის იმპერია უკვე იმყოფებოდა ღრმა კრიზისში. ჰაბსბურგების მცდელობებს, აღედგინათ იმპერიის სტრუქტურების მუშაობის ეფექტიანობა და ჩაეყენებინათ ისინი ავსტრიის ინტერესების სამსახურში, დიდი წინააღმდეგობა შეხვდა სამთავროების მხრიდან, რომლებსაც სათავეში პრუსია ედგა. პრუსიამ საკუთარ თავზე აიღო ჰაბსბურგების „აბსოლუტისტური“ მოთხოვნებისგან გერმანული თავისუფლებების დამცველის როლი. ფრანც I-მა ლენის სამართლის სფეროში იმპერატორის პრეროგატივების აღდგენისა და მოქმედი საიმპერიო ჯარის შექმნის მცდელობისას სრული კრახი განიცადა. თუმცა შვიდწლიანი ომის დროს (1756—1763) მიიღწა რაიხსტაგის მიერ ფრიდრიხ II-ის წინააღმდეგ ომის გამოცხადება. ეს უმეტესწილად მოხდა საფრანგეთის გერმანელ მოკავშირეებზე ზეწოლით და არ გამოუწვევია ომში გარდატეხა. მეტიც, შვიდწლიანი ომის ბოლოს გერმანულმა სამთავროებმა საბოლოოდ შეწყვიტეს იმპერატორის მორჩილება და დამოუკიდებლად დადეს სეპარატული ნეიტრალიტეტი პრუსიასთან. ხოლო 1778-1779 წლებში, ბავარიის მემკვიდრეობისათვის ომის დროს, როდესაც იმპერატორმა ძალის მეთოდით სცადა, ბავარია ჰაბსბურგებისთვის დაემორჩილებინა, პრუსიას დაქვემდებარებული საიმპერიო წოდებები ღიად დაუპირისპირდნენ იმპერატორს.

თვითონ იმპერატორისთვის საღვთო რომის იმპერიის გვირგვინი განუხრელად კარგავდა თავის მიმზიდველობას. იგი მხოლოდ ავსტრიული მონარქიისა და ევროპაში ჰაბსბურგების პოზიციების განმტკიცების საშუალება ხდებოდა.[კ 4] იმავდროულად იმპერიის გაყინული სტრუქტურა ეწინააღმდეგებოდა ავსტრიის ინტერესებს, იმპერატორის ნებისმიერი მცდელობა, განეხორციელებინა რამენაირი ცვლილება, კრახით სრულდებოდა იმის გამო, რომ იმპერიის სუბიექტებს არ სურდათ ძალისა და ძალაუფლების მიმდინარე ბალანსის დარღვევა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების საშუალებას არ იძლეოდნენ. განსაკუთრებით ნათლად ეს გამოჩნდა იოზეფ II-ის (1765—1790) მმართველობის დროს, რომელიც იძულებული იყო, პრაქტიკულად იმპერიიდან წასულიყო და ავსტრიის ინტერესებზე გაემახვილებინა ყურადღება. ამას წარმატებით იყენებდა პრუსია, რომელიც იმპერიის წესრიგის დამცველის როლში გამოდიოდა და საკუთარ თავზე იმპერიის პატარა სუბიექტების სუვერენული უფლებების დაცვის გარანტის როლის აღება სურდა. 1785 წელს ფრიდრიხ II-ის ხელმძღვანელობის ქვეშ შეიქმნა გერმანელ მთავართა კავშირი, როგორც ალტერნატივა საიმპერიო ინსტიტუტებისა, რომლებსაც ჰაბსბურგები აკონტროლებდნენ. ავსტრო-პრუსიული დაპირისპირება სხვა გერმანულ სახელმწიფოებს იმპერიის საშინაო საქმეებში ოდნავი გავლენის მოხდენის საშუალებასაც კი უსპობდა და შეუძლებელს ხდიდა „მესამე გერმანიის“ პროგრამის ტიპის რეფორმების განხორციელებას, რომლებიც ორიენტირებული იყო იმპერიის მცირე და საშუალო სუბიექტების ინტერესების დაცვაზე. ეს იწვევდა საღვთო რომის იმპერიის კონსტრუქციის მთავარი საყრდენების — საერო და საეკლესიო სამთავროების, რაინდებისა და თავისუფალი ქალაქების „იმპერიისგან დაღლილობას“. იმპერიის სიმტკიცე საბოლოოდ დაიკარგა.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარება

რეფორმაციის იდეის გავლენის ქვეშ სამხრეთ გერმანიაში გლეხობის ექსპლუატაციის გაძლიერებამ, საქალაქო პატრიციატსა და საამქროების მუშებს, ასევე უმდაბლეს წარჩინებულებსა და იმპერიის მთავრებს შორის სოციალური კონფლიქტის გამწვავებამ 1524-1525 წლებში შვაბიაში, ფრანკონიაში, თიურინგიასა და ტიროლში გამოიწვია მასობრივი სახალხო აჯანყება, რომელიც ისტორიაში შევიდა გლეხთა დიდი ომის სახელწოდებით. XVI საუკუნეში აჯანყების დამარცხებამ და აგრარული კონიუნქტურის გაუარესებამ გამოიწვია სამხრეთ-გერმანული გლეხობის ფეოდალური დამოკიდებულების გაძლიერება და ბატონყმობა გერმანიის სხვა რეგიონებში. თავისუფალი გლეხობა და თემური ინსტიტუტები დომინანტური მნიშვნელობის შენახვას მხოლოდ საქსონიაში, თიურინგიაში, ფრისლანდიაში, დითმარშენში და ჰესენის რამდენიმე რეგიონში აგრძლებედნენ. თუკი ბრანდენბურგში, მეკლენბურსა და პომერანიაში შეინიშნებოდა ფოლვარკური მრეწველობის განმტკიცება და საბეგრო მოვალეობების გაზრდა, მაშინ იმპერიის დასავლეთში გლეხობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება არ შეიმჩნეოდა. გლეხებსა და წარჩინებულებს შორის სოციალურმა დაპირისპირებამ XVI-XVII საუკუნეებში სიმწვავე დაკარგა, უმეტესწილად რელიგიური სოლიდარობის ფაქტორის, მფარველობის მრავალფეროვანი ფორმებისა და გლეხების მიერ თავიანთი ინტერესების დაცვის სასამართლო არხების წყალობით.

XVI საუკუნეში ქალაქების განვითარებაში გამოიკვეთა ყოფილი ეკონომიკური ლიდერების (ჰანზის ქალაქები, აუგსბურგი, საქსონიის სამთო ცენტრები) სტაგნაცია და ლიდერობის ცენტრალური გერმანიისკენ გადასვლა ფრანკფურტისა და ნიურნბერგის მეთაურობით. ფუგერებისა და ველზერების სავაჭრო საბანკო სახლების ადგილი დაიკავა ჰამბურგის, ნიურნბერგისა და ლაიფციგის ბანკებმა. რეფორმაციის პერიოდში ბიურგერობის მნიშვნელოვანი გაძლიერება XVII საუკუნისთვის შეიცვალა წარჩინებულების სრული დომინირებით იმპერიის პოლიტიკურ სისტემაში, მმართველობაში ბიურგერობის შევიწროებითა და მისი ანობლირებით. ქალაქურ დონეზე ხდებოდა საქალაქო თემების ოლიგარქიზაცია და ქალაქის მართვის სისტემაში პატრიციატის სრულუფლებიანობის განმტკიცება. უმდაბლესი დიდებულები დროდადრო გადადიოდნენ საიმპერიო მთავრების ეგიდის ქვეშ, ხოლო სამთავროებში სამეფო კარის ადმინისტრაციული აპარატის განვითარებასთან ერთად ჩაერთნენ მსხვილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების პოლიტიკურ სისტემაში და დაკარგეს თავიანთი დამოუკიდებლობა.

ოცდაათწლიანმა ომმა იმპერიის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას მძიმე დარტყმა მიაყენა. გერმანიიდან ექსპორტი პრაქტიკულად შეწყდა, ჰანზის ქალაქები და საქსონიის სამთო ცენტრები დაკნინდნენ. ქალაქებში გაიზარდა ტერიტორიული მთავრების მფარველობის ქვეშ გადასვლისკენ ლტოლვა, არსებობა შეწყვიტა ჰანზამ, საბოლოოდ განმტკიცდა ფრანკფურტისა და კელნის ეკონომიკური ლიდერობა. XVII საუკუნეში საადგილმამულო და გლეხურ მეურნეობას ახასიათებდა არსებული წესების და გლეხებსა და მემამულეებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების კონსერვაცია. ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიაში XVIII საუკუნეში განმტკიცდა მსხვილი ლატიფუნდიური მიწათმფლობელური მრეწველობა, რომელიც დაფუძნებული იყო საბატონო ბეგარის სამსახურზე და ორიენტირებდა ბაზარზე, ხოლო დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მიწებზე ბატონობდა ჩინშის სისტემა. XVIII საუკუნეში მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა მდინარე რაინის მიმდებარე მიწებზე, ბრანდენბურგსა და სილეზიაში მაუდისა და მეტალურგიული მრეწველობა, გაჩნდა მსხვილი ცენტრალიზებული მანუფაქტურები, თუმცა მრეწველობითი განვითარების ტემპებით იმპერია არსებითად ჩამორჩებოდა არა მხოლოდ ინგლისსა და საფრანგეთს, არამედ შვედეთსაც.

იმპერიის დაცემა

ომი საფრანგეთთან და 1803 წლის სეკულარიზაცია

 
საღვთო რომის იმპერია 1789 წელს.

დაწყებულმა დიდმა ფრანგულმა რევოლუციამ თავდაპირველად იმპერიის კონსოლიდაცია გამოიწვია. 1790 წელს იმპერატორსა და პრუსიას შორის შეიქმნა რაიხენბახის კავშირი, რომელმაც დროებით შეწყვიტა ავსტრო-პრუსიული დაპირისპირება, ხოლო 1792 წელს ხელი მოეწერა პილნიცის კონვენციას, რომლის მიხედვითაც, ორივე სახელმწიფო ვალდებული იყო, საფრანგეთის მეფისთვის სამხედრო მხარდაჭერა გაეწია. თუმცა ავსტრიის ახალი იმპერატორის, ფრანც II-ის მიზანი იყო არა იმპერიის განმტკიცება, არამედ ჰაბსბურგების საგარეო პოლიტიკური გეგმების რეალიზაცია, ავსტრიის მონარქიის გაფართოება, მათ შორის გერმანული სამთავროების ხარჯზე, და ფრანგების გერმანიიდან განდევნა. ანალოგიური მიზნები ჰქონდა პრუსიის მეფესაც. 1793 წლის 23 მარტს რაიხსტაგმა საფრანგეთს იმპერიული ომი გამოუცხადა.

ამ დროისთვის ფრანგებმა რაინის მარცხენა სანაპირო და ავსტრიის ნიდერლანდები დაიკავეს, ხოლო ფრანკფურტი გადაწვეს. საიმპერიო არმია მეტად სუსტი იყო. იმპერიის სუბიექტები ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტად შეეზღუდათ საკუთარი მიწების საზღვრებს გარეთ საბრძოლო მოქმედებებში თავიანთი სამხედრო კონტინგენტების მონაწილეობა, უარს ამბობდნენ სამხედრო გადასახადის გადახდაზე და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე დაედოთ საფრანგეთთან სეპარატული სამშვიდობო ხელშეკრულება. უკვე 1794 წელს იმპერიის კოალიციამ დაშლა დაიწყო. 1795 წელს, ბაზელის ზავის დადების შემდეგ, ომს გამოეთიშა პრუსია, რომელსაც მიჰყვა რიგი ჩრდილოგერმანული სახელმწიფოებისა, ხოლო 1796 წელს — ბადენი და ვიურტემბერგი. ავსტრიის არმია, რომელიც სამხედრო მოქმედებების წარმოებას აგრძელებდა, ყველა ფრონტზე მარცხს განიცდიდა. საბოლოოდ, 1797 წელს ნაპოლეონ ბონაპარტეს ფრანგული ჯარი იტალიიდან შეიჭრა ავსტრიის მემკვიდრეობით სამფლობელოებში.

1797 წლის გაზაფხულზე დაიდო კამპოფორმიოს ზავი. იმპერატორი საფრანგეთს გადასცემდა ბელგიასა და ლომბარდიას და თანხმდებოდა რაინის მარცხენა სანაპიროს დათმობაზე, ხოლო სანაცვლოდ იღებდა ვენეციის კონტინენტურ სამფლობელოებს და სამხრეთ-აღმოსავლეთ გერმანიის საეკლესიო სამთავროების ხარჯზე იმპერიაში ავსტრიული სამფლობელოების გაფართოების უფლებას.[34]

იმპერიის სახელით 1798 წელს რაშტატში საფრანგეთთან დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლებზეც განიხილეს რაინის მარცხენა მხარის სამთავროების ყოფილი მმართველებისთვის კომპენსაციის სახით საეკლესიო სამფლობელოების სეკულარიზაციის საკითხი. მოლაპარაკებები ჩაიშალა, მაგრამ 1799 წელს დაწყებული მეორე კოალიციის ომი (1799—1801), რომელშიც ავსტრიამ რევანშის აღება სცადა, მოკავშირეების სრული მარცხით დასრულდა.

1801 წლის ლუნევილის ზავმა აღიარდა საფრანგეთის მიერ რაინის მარცხენა სანაპიროს, მათ შორის სამი სასულიერო საკურფიურსტოსკელნის, მაინცისა და ტრირის მიწების ანექსია. დაზარალებული გერმანელი მთავრებისთვის ტერიტორიული ანაზღაურების საკითხი განსახილველად გამოუტანეს იმპერიის დეპუტაციას. საფრანგეთისა და რუსეთის ზეწოლისა და იმპერატორის პოზიციის პრაქტიკული უგულებელყოფის ქვეშ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს საბოლოო პროექტი იმპერიის რეორგანიზაციის შესახებ, რომელიც დამტკიცდა 1803 წლის 24 მარტს.

1803 წლის „იმპერიის დეპუტაციის საბოლოო დადგენილება“ ითვალისწინებდა საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობისა და სტრუქტურის კარდინალურ რეორგანიზაციას. საეკლესიო სამფლობელოები გერმანიის ტერიტორიაზე სეკულირდა და უმეტესწილად შევიდა მსხვილი საერო სახელმწიფოების შემადგენლობაში. იმპერიის სამართლის სუბიექტების რანგში თავისი არსებობა შეწყვიტეს აგრეთვე იმპერიის თითქმის ყველა (ექვსის გამოკლებით) ქალაქმა. საფრანგეთის მიერ ანექსირებული მიწების გამოკლებით, იმპერიის შემადგენლობაში სულ გაუქმდა 100-ზე მეტი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, ხოლო სეკულირებული მიწების მოსახლეობის რაოდენობა სამ მილიონ ადამიანს აღწევდა. ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი მატება განიცადეს ფრანგულმა სატელიტებმა: ბადენმა, ვიურტემბერგმა და ბავარიამ; ასევე პრუსიამ, რომლის ძალაუფლების ქვეშაც გადავიდა ჩრდილოეთ გერმანიის საეკლესიო სამფლობელოების დიდი ნაწილი. ტერიტორიული გამიჯვნის დასრულების შემდეგ, 1804 წლისთვის საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში დარჩა 130-მდე სახელმწიფო, თუ არ ჩავთვლით საიმპერიო რაინდების სამფლობელოებს.

ტერიტორიულმა ცვლილებებმა გამოიწვია რადიკალური ცვლილებები რაიხსტაგისა და კურფიურსტების კოლეგიის შემადგენლობაში. გაუქმდა სამი საეკლესიო კურფიურსტის ტიტული, ხოლო მათ ნაცვლად კურფიურსტის უფლებები გადაეცა ბადენის, ვიურტემბერგის, ჰესენ-კასელის წარმომადგენლებსა და იმპერიის ერცკანცლერს, კარლ თეოდორ დალბერგს. საბოლოოდ კურფიურსტების კოლეგიაში, ასევე იმპერიის რაიხსტაგის მთავრების პალატაში, უმრავლესობა პროტესტანტების მხარეზე გადავიდა და შეიქმნა ძლიერი პროფრანგული პარტია. ტრადიციულად იმპერიის მთავარი საყრდენის, თავისუფალი ქალაქებისა და საეკლესიო სამთავროების ლიკვიდაციის შედეგად იმპერიამ დაკარგა სიმტკიცე, ხოლო იმპერატორის ტახტის გავლენა მთლიანად დაეცა. საღვთო რომის იმპერია საბოლოოდ გადაიქცა ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფოების კონგლომერატად და დაკარგა ერთიან პოლიტიკურ წარმონაქმნად დარჩენის პერსპექტივები.

საღვთო რომის იმპერიის დასასრული

 
რაინის კავშირი 1808 წლისთვის.

1803 წლის „იმპერიის დეპუტაციის საბოლოო დადგენილების“ მიღების შემდეგ იმპერიის მალე დაცემის, ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში ჰაბსბურგთა ძალაუფლების დაცემის პერსპექტივა საკმაოდ ნათელი გახდა თვით იმპერატორ ფრანც II-თვისაც. 1804 წელს მან მიიღო ტიტული ავსტრიის იმპერატორი, რითიც იგი ცდილობდა, გამხდარიყო თანასწორი ნაპოლეონისა, რომელიც იმავე წელს საფრანგეთის მემკვიდრეობით იმპერატორად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის იმპერატორის ტიტულის მიღების აქტი პირდაპირ არ არღვევდა იმპერიის კონსტიტუციას, იგი მოწმობდა ჰაბსბურგების მიერ საღვთო რომის იმპერიის ტახტის დაკარგვის გაცნობიერებას. საშიშროება იმისა, რომ რომის იმპერატორად ნაპოლეონს აირჩევდნენ, რეალური გახდა ჯერ კიდევ 1804 წელს, როდესაც ეს უკანასკნელი ეახლა იმპერიის ყოფილ დედაქალაქ აახენს და იქ კარლოს დიდის საფლავი მოინახულა. ნაპოლოენის მიერ რომის გვირგვინის მიღების იდეა მოსწონდა იმპერიის ერცკანცლერს, კარლ თეოდორ დალბერგს.

ყველაფრის მიუხედავად, საღვთო რომის იმპერიას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა არა ავსტრიის იმპერიის დაარსების აქტმა, არამედ 1805 წლის მესამე კოალიციის ომმა. ფრანც II-ის არმია განადგურდა აუსტერლიცის ბრძოლაში, ხოლო ქალაქი ვენა ფრანგებმა დაიპყრეს. ამ ომში ნაპოლეონის მხარეს იბრძოდნენ ბადენის, ბავარიისა და ვიურტემბერგის ჯარები, რასაც იმპერიაში არანაირი უარყოფითი რეაქცია არ გამოუწვევია. ფრანც II იძულებული იყო, საფრანგეთთან დაედო პრესბურგის საზავო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, იმპერატორი ნაპოლეონისა და მისი სატელიტების საკეთილდღეოდ არა მხოლოდ უარს ამბობდა იტალიის, ტიროლის, ფორარლბერგისა და წინა ავსტრიის სამფლობელოებზე, არამედ ბავარიისა და ვიურტემბერგის მმართველებში აღიარებდა მეფის ტიტულს, რასაც იურიდიულად ეს სახელმწიფოები იმპერატორის ბატონობიდან გამოჰყავდა და მათ თითქმის სრულ სუვერენიტეტს ანიჭებდა. ავსტრია საბოლოოდ შევიწროვდა გერმანიის პერიფერიაზე, ხოლო იმპერია ფიქცია გახდა. როგორც ნაპოლეონი პრესბურგის საზავო ხელშეკრულების შემდეგ აღნიშნავდა თავის წერილში ტალეირანთან:

აღარ იარსებებს რაიხსტაგი [...], აღარ იარსებებს გერმანიის იმპერიაც.[35]

იმპერიის დაშლის პროცესი ახლოვდებოდა. იანვარში შვედეთმა განაცხადა, რომ წყვეტდა თავისი ჩრდილოგერმანული სამფლობელოების (წინა პომერანია) წარმომადგენლების მონაწილეობას იმპერიის რაიხსტაგში და მის წილ გერმანულ მიწებში იმპერიის კონსტიტუციის ძალაუფლებას ანულირებდა. 1806 წლის მაისში იმპერიის ერცკანცლერმა დალბერგმა, იმპერატორის პროტესტის მიუხედავად, თავის კოადიუტორად და მემკვიდრედ დანიშნა ნაპოლეონის ბიძა, კარდინალი ჟოზეფ ფეში — ფრანგი, რომელიც ერთ სიტყვასაც კი არ ამბობდა გერმანულად. დალბერგის გარდაცვალების შემთხვევაში, ფეში საღვთო რომის იმპერიის ხელისუფლების ხელმძღვანელი გახდებოდა. ავსტრიის ახალი კანცლერის, იოჰან ფილიპ ფონ შტადიონის აზრით, იმპერიას მხოლოდ ორი პერსპექტივა ჰქონდა: დაშლა, ან რეორგანიზაცია საფრანგეთის ბატონობის ქვეშ. 1806 წლის 12 ივლიის ბავარიამ, ვიურტემბერგმა, ბადენმა, ჰესენ-დარმშტადტმა, ნასაუმ (ორივე ხაზმა), ბერგმა, ერცკანცლერმა დალბერგმა და სხვა რვა გერმანულმა სამთავრომ პარიზში ხელი მოაწერეს ნაპოლეონის მფარველობის ქვეშ რაინის კავშირის შექმნის ხელშეკრულებას.[36] 1 აგვისტოს ამ სახელმწიფოებმა განაცხადეს საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობიდან გამოსვლის შესახებ. მალევე რაინის კავშირის წევრების მიერ დაიწყო იმპერიის რაინდებისა და მცირე საგრაფოების მეზობელი სამფლობელოების მედიატიზაცია, რის შედეგადაც გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების რაოდენობა ორასიდან ორმოცამდე შემცირდა.

 
ფრანც II-ის აქტი საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის გვირგვინის დატოვების შესახებ

1806 წლის 22 ივლისს ავსტრიის ელჩმა პარიზში მიიღო ნაპოლეონის ულტიმატუმი, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ ფრანც II არ დატოვებდა იმპერიის ტახტს 10 აგვისტომდე, საფრანგეთის ჯარი ავსტრიის სამფლობელოებს შეუტევდა. ვენაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა დისკუსიები, ღირდა თუ არა საღვთო რომის იმპერიის შენარჩუნება გერმანიაში საფრანგეთის აბსოლუტური დომინირების პირობებში. გავლენა ჰქონდა კანცლერ შტადიონის პოზიციას, რომლის თანახმადაც, არსებობდა საშიშროება იმისა, რომ იმპერია გადაიქცეოდა საფრანგეთის პროტექტორად და ფრანც II-ის მიერ იმპერიის ტახტის შენარჩუნების შემთხვევაში, გამოიწვევდა ნაპოლეონთან ომს, რომლისთვისაც ავსტრია მზად არ იყო. ტახტის დატოვება გარდაუვალი იყო. როგორც ჩანს, 1806 წლის აგვისტოს დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ფრანც II-მ საფრანგეთის ელჩისგან მიიღო გარანტია, რომ ნაპოლეონი არ დაიდგამდა რომის იმპერატორის გვირგვინს, მან ტახტის დატოვება გადაწყვიტა.

1806 წლის 6 აგვისტოს ფრანც II-მ განაცხადა საღვთო რომის იმპერატორის ტიტულისა და უფლებამოსილების დატოვების შესახებ. ამ ქმედების მიზეზად მან დაასახელა რაინის კავშირის დაარსების შემდეგ იმპერატორის ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობა. ამავდროულად მან იმპერიის სამთავროები, ფენები, ჩინები და იმპერიის დაწესებულებების ოფიციალური პირები გაათავისუფლა იმ ვალდებულებებისგან, რომლებსაც მათ იმპერიის კონსტიტუცია აკისრებდა. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული თვალსაზრისით ტახტის დატოვების აქტი სულაც არ იყო სრულყოფილი (დღემდე მიმდინარეობს დებატები ამ საკითხთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა იმპერატორს უფლება, ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება იმპერიის გაუქმების შესახებ), გერმანიაში უკვე აღარ იყო იმპერიის არსებობის მხარდაჭერის პოლიტიკური სურვილი.

ვენის კონგრესი და გერმანიის კავშირი

 
გერმანიის კავშირი 1815—1866 წლებში.

1813-1814 წლებში ნაპოლეონის განადგურებამ და გერმანიაში პატრიოტულმა ამაღლებამ წარმოშვა საღვთო რომის იმპერიის აღდგენის ახალი შესაძლებლობები. ამ იდეას მხარს უჭერდნენ ინგლისი, რომის პაპი, ასევე მცირე და საშუალო გერმანული სამთავროები, რომლებიც იმპერიის აღდგენაში ხედავდნენ მსხვილი სახელმწიფოების (პრუსია, ბავარია, საქსონია, ვიურტემბერგი) მხრიდან მათი ხელყოფის დაცვის საშუალებას. 1814 წლის ნოემბერში ოცდაცხრა გერმანელმა მთავარმა მოაწერა ხელი მოწოდებას, რომელშიც ფრანც II-ს სთხოვდნენ, კვლავ მიეღო იმპერატორის ტიტული. თუმცა ძველი იმპერიის რესტავრირება უკვე შეუძლებელი იყო. 1807 და 1813 წლების ავსტრო-პრუსიული შეთანხმების, 1814 წელს დადებული რაინის კავშირის ყოფილი წევრების ანტიფრანგულ კოალიციასთან შეერთების შეთანხმებისა და, საბოლოოდ, 1814 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, გერმანია კონფედერაციული წარმონაქმნი უნდა გამხდარიყო. იმპერიის აღზევების მცდელობა იწვევდა ავსტრიასა და პრუსიას, ასევე სხვა მსხვილ გერმანულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო კონფლიქტის საშიშროებას. 1814-1815 წლების ვენის კონგრესზე ფრანც II-მ იმპერატორის გვირგვინზე უარი განაცხადა და შეეწინააღმდეგა იმპერიის აღდგენის პროექტს, რომლის თანახმადაც, იმპერიას სათავეში გერმანელი მთავრების მიერ არჩეული იმპერატორი უნდა ჩასდგომოდა. ამის ნაცვლად 1815 წლის 8 ივნისს შეიქმნა გერმანიის კავშირი — 38 გერმანული სახელმწიფოს კონფედერაცია, რომელიც მოიცავდა ავსტრიის იმპერიისა და პრუსიის სამეფოს მემკვიდრეობით სამფლობელოებს, რომლებიც დაახლოებით მოქცეული იყო ყოფილი საღვთო რომის იმპერიის საზღვრებში. გერმანიის კავშირის წარმომადგენლად 1866 წლამდე რჩებოდა ავსტრიის იმპერატორი. გერმანიის კავშირი დაიშალა 1866 წლის ავსტრია-პრუსია-იტალიის ომის შემდეგ, მის ნაცვლად შეიქმნა ჩრდილოეთ გერმანიის კავშირი, ხოლო 1871 წლის შემდეგ — გერმანიის იმპერია პრუსიის მეთაურობის ქვეშ.

სახელმწიფო აპარატი

კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები

საღვთო რომის იმპერიას არ ჰქონდა კონსტიტუცია, როგორც ერთიანი ნორმატიული აქტი. მის სახელმწიფო აპარატსა და ფუნქციონირების პრინციპებს საფუძვლად ედო დაუწერელი ჩვეულებითი სამართალი, რომელიც მხოლოდ გვიანი შუა საუკუნეებიდან შეავსეს იმპერატორებისა და რაიხსტაგის საკანონმდებლო აქტებით. ახალ ეპოქაში კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმები მიმოფანტული იყო მნიშვნელოვანი რაოდენობის აქტებად, რაც იმპერიის უნიკალურ ფედერაციულ ხასიათთან და იმპერიის სხვადასხვა ინსტიტუტებსა და წოდებებს შორის შექმნილ ძალაუფლების ბალანსთან შეთანხმებით ქმნიდა საკმაოდ რთულ სახელმწიფო-სამართლებრივ კონსტრუქციას. XVIII საუკუნის დიდი გერმანელი სამართალმცოდნის, იოჰან იაკობ მოზერის მეტაფორული გამოთქმის მიხედვით:

გერმანია იმართება გერმანულად: ჩვენი სახელმწიფო აპარატის ახსნა არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით ან სხვა ქვეყნების სახელმწიფო აპარატებთან შედარების გზით.[37]

სახელმწიფო სტრუქტურის რთული იერარქია და ფედერაციული პრინციპი კრიტიკის ობიექტები გახდა ჯერ კიდევ რეფორმაციისა და ევროპაში ცენტრალიზებული ეროვნული სახელმწიფოების შექმნის დროიდან. XVII საუკუნეში სამუელ პუფენდორფმა საღვთო რომის იმპერიას უწოდა „ურჩხულის“ მსგავსი (ლათ. monstro simile) საზოგადოება ნახევრადდამოუკიდებელი სამთავროებისა, რომლებიც არსებობდნენ იმპერიის ტახტის სუსტი პრეროგატივების მფარველობის ქვეშ“.[38] თუმცა, დეცენტრალიზაციის მიუხედავად, იმპერია რჩებოდა ერთიან სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად, რომელსაც ჰყავდა თავისი მეთაური — არჩევითი იმპერატორი — და სუბიექტები — საიმპერიო წოდებები. დუალიზმი იმპერატორისა და საიმპერიო წოდებებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ უზენაესი ძალაუფლების შედარებით დამოუკიდებელ წყაროებს, ქმნიდა სისტემას, რომელიც ძლიერ განსხვავდებოდა სხვა ევროპული სახელმწიფოებისგან: იმპერატორი „არ იყო იმპერია“[კ 5] და უმეტესწილად არც გამოხატავდა მის სახელმწიფო სურვილებს. საღვთო რომის იმპერიის უკანასკნელი ერცკანცლერი კარლ თეოდორ დალბერგი ამ სახელმწიფოს, მის დაცემამდე არცთუ ისე დიდი ხნით ადრე, ასე აღწერდა:

...მტკიცე გოთიკური ნაგებობა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურის ყველა წესის დაცვით სულაც არ იყო აგებული, საცხოვრებლად მაინც უდავოდ კომფორტული იყო.[39]

საბაზო ნორმატიულ აქტებს შორის, რომლებიც საღვთო რომის იმპერიის კონსტიტუციურ-სამართლებრივ აპარატს შეადგენდა, აღსანიშნავია შემდეგი აქტები:

იმპერატორი

 
საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის გვირგვინი

შუა საუკუნეების წარმოდგენების მიხედვით, გერმანიის იმპერატორი გვიანი ანტიკურობის რომის იმპერიისა და კარლოს დიდის ფრანკთა იმპერიის იმპერატორების პირდაპირი მემკვიდრე იყო. ეს საღვთო რომის იმპერიის მმართველებს საშუალებას აძლევდა, ევროპაში უზენაეს ძალაუფლებაზე ჰქონოდათ პრეტენზია. იმპერატორის პერსონას საკრალურ ხასიათს სძენდა რომის პაპის მიერ მისი კორონაცია რომში. მხოლოდ ამის შემდეგ არჩეულ მონარქს შეეძლო იმპერატორის ტიტულის გამოყენება. იმპერატორი ასევე იყო გერმანიის (აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო), იტალიისა და ბურგუნდიის მეფე,[კ 6] თანაც ყველაზე მჭიდრო კავშირი იმპერიასა და გერმანიას შორის იყო: მხოლოდ გერმანელი მთავრების მიერ არჩეულ მეფეს შეეძლო საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის ტიტულის ტარება. პირველი იმპერატორები საქსონიური დინასტიიდან იყენებდნენ ტიტულს imperator augustus („იმპერატორი ავგუსტუსი“). X საუკუნის ბოლოს დაიწყეს გამოყენება ტიტულისა imperator Romanorum („რომის იმპერატორი“), ხოლო XI საუკუნიდან — Romanorum imperator augustus („რომის იმპერატორი ავგუსტუსი“).[40]

რომში კორონაციამდე იმპერიის მმართველები მეფის ტიტულს ატარებდნენ. თავდაპირველად ეს იყო კაროლინგებისგან ნათხოვარი ტიტული rex Francorum (orientalium) („აღმოსავლეთ ფრანკთა მეფე“). თუმცა დროთა განმავლობაში ის შეიცვალა ტიტულით rex Teutonicorum/Teutonicum („გერმანელთა მეფე“). ხოლო იმპერატორ ჰაინრიხ IV-ის მიერ ინვესტიტურისთვის ბრძოლის დროს შეიქმნა ახალი ტიტული — rex Romanorum („რომის მეფე“).[40]

XV საუკუნის ბოლოდან პოლიტიკური მიზეზების გამო იმპერატორის რომში კორონაცია შეუძლებელი გახდა. საბოლოოდ მაქსიმილიან I-მა და მისმა მემკვიდრეებმა დაიწყეს გამოყენება ტიტულისა „რჩეული რომის იმპერატორი“ (ლათ. electus imperator Romanorum, გერმ. Erwählter Römischer Kaiser),[40] რითიც გულისხმობდნენ, რომ მისი მფლობელი ოდესღაც მოინახულებს რომს კორონაციისთვის.[კ 7] იმპერატორის ტახტის მემკვიდრე, რომელიც მონარქის სიცოცხლის დროს ირჩეოდა, ატარებდა ტიტულის „რომის მეფე“ (გერმ. Römischer König), თუმცა, იშვიათი გამონაკლისების გარდა (ფერდინანდ I 1531—1558 წლებში), არავითარი რეალური მბრძანებლური უფლება არ გააჩნდა.

მთელი ისტორიის განმავლობაში იმპერატორის ტახტი არჩევითი იყო, რაც საღვთო რომის იმპერიას მკვეთრად განასხვავებდა სხვა, მისი თანამედროვე დასავლეთევროპული მონარქიებისგან, თუ არ ჩავთვლით პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობას. თავდაპირველად იმპერატორი ირჩეოდა გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გერმანული სამთავრო გვარების წევრებიდან, რომლებიც ენათესავებოდნენ სამეფო გვარს (გერმ. Geblütsrecht). ინვესტიტურისთვის ბრძოლაში იმპერატორების დამარცხების შემდეგ სისხლით ნათესაობას ყურადღებას აღარ აქცევდნენ და არჩევნებმა უფრო თავისუფალი სახე მიიღო. მიუხედავად ამისა, მმართველი იმპერატორები ყოველთვის ცდილობდნენ, თავიანთი შვილებისთვის გადაეცათ ტახტი და ზოგჯერ სიცოცხლეშივე ახერხებდნენ მათ რომის მეფედ არჩევას, რითიც, ფაქტობრივად, აარსებდნენ საკუთარ საიმპერატორო დინასტიებს. 1438 წლიდან 1806 წლამდე (1742—1745 წლებში მოკლე პერიოდის გამოკლებით) იმპერატორის ტახტს გამუდმებით იკავებდნენ წარმომადგენლები ჰაბსბურგების დინასტიისა — ახალი დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გერმანული გვარის, რომელიც იმპერიის ფარგლებს გარეთ ფლობდა ვრცელ სამფლობელოებს და ერთ-ერთ წამყვან როლს თამაშობდა ევროპაში.

ადრეულ პერიოდში იმპერატორის ამომრჩეველთა წრე არ იყო შეზღუდული: ახალი იმპერატორის ასარჩევ ყრილობებზე თავშეყრა შეეძლო გერმანიის სამეფოს მთელ საერო და სასულიერო არისტოკრატიას, თუმცა, როგორც წესი, მონაწილეობდნენ მხოლოდ რამდენიმე რეგიონის წარმომადგენლები. ამომრჩეველთა შემადგენლობის განუსაზღვრელობა ზოგჯერ იწვევდა ორმაგ არჩევნებს, რადგან მთავრები ვერ ახერხებდნენ ერთხმად რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმებას. 1356 წელს კარლ IV-ის „ოქროს ბულის“ დამტკიცების შემდეგ იმპერატორის ამომრჩეველთა წრე შეიზღუდა კურფიურსტების ოჯახებით და შემოიღეს უმრავლესობის პრინციპი ხმების დათვლისას.

შუა საუკუნეებში იმპერატორის უფლებამოსილებებს ზღუდავდნენ მხოლოდ ჩვეულებები და ტრადიციები, იმპერატორი ახორციელებდა უზენაეს საერო და სასულიერო ძალაუფლებას, ხელმძღვანელობდა ხელისუფლებას, ახორციელებდა მართლმსაჯულებას, ერთპიროვნულად აცხადებდა ომსა და დებდა ზავს. ახალ ეპოქაში მისი პრეროგატივების მოცულობა დროთა განმავლობაში შეიზღუდა არჩევითი კაპიტულაციებისა და კანონების მიერ, რომლებსაც ამტკიცებდა იმპერიის რაიხსტაგი, რის შედეგადაც იმპერატორის მიერ ეფექტიანი პოლიტიკის გატარება შესაძლებელი გახდა მხოლოდ საიმპერიო წოდებებთან, უპირველეს ყოვლისა, კურფიურსტებთან ურთიერთშეთანხმებით. XVII-XVIII საუკუნეებში იმპერატორის განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნებოდა სამეფო კარის საბჭოს ფორმირება და ხელმძღვანელობა, რაიხსტაგის დღის წესრიგის განსაზღვრა, ტიტულების მინიჭება, სამეფო კარის თანამდებობების გაცემა, უცხო ქვეყნებთან ურთიერთობაში იმპერიის ინტერესების წარდგენა და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების მთელი რიგი. სავალუტო-ემისიური და საბაჟო პოლიტიკა, ასევე რაიხსტაგის შეკრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება შედიოდა იმპერატორისა და კურფიურსტების კოლეგიის ერთობლივ კომპეტენციაში.[40] მხოლოდ რაიხსტაგის თანხმობით იყო შესაძლებელი კანონების დამტკიცება, საიმპერიო გადასახადების შემოღება, ომის გამოცხადება და ზავის დადება. იმპერატორის უფლებამოსილებების მნიშვნელოვანი შევიწროების მიუხედავად, იგი აგრძელებდა საკმაოდ ფართო სპექტრის ფლობას პოლიტიკური მექანიზმებისა, რომლებიც იმპერიის პოლიტიკურ სისტემაში უზრუნველყოფდნენ მის წამყვან როლს და იმპერიის ერთიანობის გარანტი იყო. როგორც კი 1606 წელს ფრანც II იმპერატორის ტიტულსა და ძალაუფლებას ჩამოშორდა, იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.

იმპერატორი მმართველობის დასაწყისი მმართველობის დასასრული კომენტარი
კაროლინგები
კარლოს I დიდი 800 814 ფრანკთა მეფე (768-დან)
ლუი I ღვთისმოსავი 814 840 ფრანკთა მეფე
ლოთარ I 843 855 იტალიისა (818-დან) და ლოთარინგიის მეფე (843-დან)
ლუდვიგ II ახალგაზრდა 855 875 იტალიის მეფე (844-დან)
შარლ II მელოტი 875 877 დასავლეთ ფრანკთა სამეფოს მეფე (843-დან), იტალიის მეფე
შარლ III მსუქანი 881 887 აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს მეფე (882-დან), იტალიის მეფე (879-დან)
გვიდონიდები
გვიდო III სპოლეტო 891 894 იტალიის მეფე
ლამბერტ II სპოლეტო 894 898 იტალიის მეფე (892-დან)
კაროლინგები
არნულფ კარინტიელი 896 899 აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს მეფე (887-დან), იტალიის მეფე
ბოზონიდები
ლუდვიგ III უსინათლო 901 905 ქვემო ბურგუნდიის მეფე (890-928), იტალიის მეფე (900-დან)
ფლიურული დინასტია
ბერენგარ I 915 924 იტალიის მეფე (c 905-დან)
საქსონიური დინასტია
ოტო I დიდი 962 973 გერმანიის მეფე (936-დან)
ოტო II წითური 967 983 გერმანიის მეფე (961-დან) (973-მდე მართავდა მამასთან ერთად)
ოტო III 996 1002 გერმანიის მეფე (983-დან)
ჰაინრიხ II წმინდა 1014 1024 გერმანიის მეფე (1002-დან)
ფრანკონიული დინასტია
კონრად II 1027 1039 გერმანიის მეფე (1024-დან)
ჰაინრიხ III 1046 1056 გერმანიის მეფე (1028-დან)
ჰაინრიხ IV 1084 1105 გერმანიის მეფე (1056-დან)
ჰაინრიხ V 1111 1125 გერმანიის მეფე (1099-დან)
სუპლინბურგული დინასტია
ლოთარ II 1133 1137 გერმანიის მეფე (1125-დან)
ჰოენშტაუფენები
ფრიდრიხ I ბარბაროსა 1155 1190 გერმანიის მეფე (1152-დან)
ჰაინრიხ VI 1191 1197 გერმანიის მეფე (1190-დან), სიცილიის მეფე (1194-დან)
ველფები
ოტო IV ბრაუნშვაიგელი 1209 1215 გერმანიის მეფე (1198)
ჰოენშტაუფენები
ფრიდრიხ II შტაუფენი 1220 1250 სიცილიის მეფე (1197-დან), გერმანიის მეფე (1212-დან)
ლუქსემბურგული დინასტია
ჰაინრიხ VII 1312 1313 გერმანიის მეფე (1308-დან)
ვიტელსბახები
ლუდვიგ IV ბავარიელი 1328 1347 გერმანიის მეფე (1314-დან)
ლუქსემბურგული დინასტია
კარლ IV 1355 1378 გერმანიის მეფე (1346-1347 და 1349-1376 წლებში), ჩეხეთოს მეფე (1346-დან)
სიგიზმუნდ I ლუქსემბურგი 1433 1437 უნგრეთის მეფე (1385), გერმანიის მეფე (1410-დან), ჩეხეთის მეფე (1419-დან)
ჰაბსბურგების დინასტია
ფრიდრიხ III 1452 1493 გერმანიის მეფე (1440-დან)
მაქსიმილიან I 1508 1519 გერმანიის მეფე (1486-დან)
კარლ V ჰაბსბურგი 1530 1556 გერმანიის მეფე (1519-დან)
ფერდინანდ I 1556 1564 გერმანიის მეფე
მაქსიმილიან II 1564 1576 გერმანიის მეფე
რუდოლფ II ჰაბსბურგი 1576 1612 გერმანიის მეფე
მათე 1612 1619 გერმანიის მეფე
ფერდინანდ II შტირიელი 1619 1637 გერმანიის მეფე
ფერდინანდ III 1637 1657 გერმანიის მეფე
ლეოპოლდ I 1658 1705 გერმანიის მეფე
იოზეფ I 1705 1711 გერმანიის მეფე
კარლ VI 1711 1740 გერმანიის მეფე
ვიტელსბახები
კარლ VII ალბრეხტი 1742 1745 გერმანიის მეფე
ჰაბსბურგ-ლოთარინგიული
ფრანც I შტეფანი 1745 1765 გერმანიის მეფე
იოზეფ II 1765 1790 გერმანიის მეფე
ლეოპოლდ II 1790 1792 გერმანიის მეფე
ფრანც II 1792 1806 გერმანიის მეფე, ავსტრიის იმპერატორი (1804-დან)

საიმპერიო წოდებები

საღვთო რომის იმპერიის სოციალურ საფუძველს და ამავდროულად საბაზო სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენდნენ საიმპერიო წოდებები (საიმპერიო ჩინები; გერმ. Reichsstände), რომელთა ქვეშაც მოიაზრებოდნენ ტერიტორიული წარმონაქმნები და პერსონები, რომლებსაც რაიხსტაგში ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ, უშუალოდ ემორჩილებოდნენ იმპერატორს და იმპერიის ხაზინაში იხდიდნენ გადასახადებს. საიმპერიო წოდებები თავიანთი სამფლობელოების ტერიტორიებზე ფლობდნენ ტერიტორიულ სუვერენიტეტს და თავიანთი ქვეშევრდომების მიმართებით ახორციელებდნენ ძალაუფლებრივ უფლებამოსილებებს. ეს უკანასკნელები (გლეხები, სამთავრო ქალაქების მოქალაქეები, უმდაბლესი დიდებულები და სამღვდელოება) არ განეკუთვნებოდნენ საიმპერიო ჩინებს და იმპერიის მართვაში მონაწილეობას არ იღებდნენ. იმპერიის წოდებების ჩამოყალიბების პროცესი საუკუნეებზე გაიწელა და დასრულდა მხოლოდ XVI საუკუნის დასაწყისში, თუმცა იმპერიის იმ სუბიექტების, რომლებიც საიმპერიო წოდებებს განეკუთვნებოდნენ, კონკრეტული სია, რომელიც ფიქსირდებოდა რაიხსტაგის მიერ დამტკიცებულ საიმპერიო მატრიკულებში, ცვალებადი იყო იმპერიის არსებობის ბოლომდე. საიმპერიო წოდებების ბუნების ორობითობა — სოციალური ფენა და ტერიტორიული წარმონაქმნი — აიხსნებოდა იმით, რომ იმპერიის არსებობის თითქმის ბოლომდე, პრუსიისა და ავსტრიის გარდა, მისი სუბიექტების სახელმწიფოებად წარმოქმნის პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა: სამთავროების ტერიტორია და მართვის სისტემა განიხილებოდა, როგორც მემკვიდრეობითი მიწებისა და მთავრის სამეფო კარის დაწესებულებების გაგრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ სამთავროში შეიქმნა ლანდტაგები, ხოლო ადგილობრივი ბიურგერობა და უმდაბლესი წარჩინებულები პოლიტიკაზე არსებით გავლენას ახდენდნენ, თავადი (მთავარი) ძველებურად ითვლებოდა ძალაუფლების ერთადერთ წყაროდ და არ გამოეყოფოდა სახელმწიფოს.

იმპერიის სამართალი გამოყოფდა შემდეგ საიმპერიო წოდებებს:

  • კურფიურსტები (გერმ. Kurfürsten);
  • საიმპერიო მთავრები (გერმ. Reichsfürsten);
  • საიმპერიო გრაფები და საიმპერიო პრელატები (გერმ. Reichsgrafen და Reichsprälaten);
  • თავისუფალი საიმპერიო ქალაქები (გერმ. Reichsstädte).

გარდა ამისა, წოდებები იყოფოდა საერო და სასულიერო ჯგუფებად, ვინაიდან საღვთო რომის იმპერიის ეპისკოპოსები და აბატები ასევე ითვლებოდნენ ტერიტორიულ სუვერენებად, ახორციელებდნენ უზენაეს საერო ძალაუფლებას თავიანთი მიწების მცხოვრებლებზე. განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენდნენ საიმპერიო რაინდები (გერმ. Reichsritter), რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ არ მონაწილეობდნენ რაიხსტაგში, მაინც იყვნენ სუვერენები თავიანთ სამფლობელოებში და გერმანიაში ცენტრალური ძალაუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენდნენ.

საერო თანამდებობები სამეფო კარზე

ბევრი თანამდებობა საღვთო რომის იმპერიაში კაროლინგების იმპერიიდან ინათხოვრეს. კაროლინგების იმპერიაში არსებობდა სამეფო კარის რვა საერო თანამდებობა, რომელთა მფლობელებიც სასახლის საქმეებს მართავდნენ: კამერარიუსი (ლათ. camerarius), პფალცგრაფი (ლათ. comes palatii), სენეშალი (ლათ. senescalus), სუფრაჯი (ლათ. camerarius), მარშალი (ლათ. comes stabuli), მანსიონარიუსი ან კვარტირმაისტერი (ლათ. mansionarius), უფროსი ეგერი (ლათ. venatores principales) და ბაზიერთუხუცესი (ლათ. falconarius).[41]

თუმცა საღვთო რომის იმპერიაში გამოიყო ოთხი ძირითადი თანამდებობა, რომლებსაც განსაზღვრავდა სამეფო კარის სტრუქტურა: კამერარიუსი, ტრუხზესი, სუფრაჯი და მარშალი. მაგრამ მათ შესახებ წყაროებში მოხსენიებები ზედაპირულია. პირველად თანამდებობებს ჯერ კიდევ 936 წელს იხსენიებს გერმანელი ისტორიკოსი ვიდუკინდ კორვეიელი,[42] რომელიც ასახელებს ოთხ გვაროვნულ ჰერცოგს, რომლებიც სიმბოლურად ახორციელებდნენ ამ მოვალეობებს ოტო I-ის კორონაციასთან დაკავშირებულ საზეიმო სუფრაზე. კამერარიუსი იყო ლოთარინგიის ჰერცოგი, ტრუხზესი — ფრანკონიის ჰერცოგი, სუფრაჯი — შვაბიის ჰერცოგი, ხოლო მარშალი — ბავარიის ჰერცოგი. შემდეგი ხსენება განეკუთვნება 986 წელს, როდესაც თიტმარ მერზებურგელი ოტო III-ის კორონაციაზე ამბობს,[43] რომ ტრუხზესი იყო ბავარიის ჰერცოგი, კამერარიუსი — შვაბიის ჰერცოგი, სუფრაჯი — კარინტიის ჰერცოგი, ხოლო მარშალი — საქსონიის ჰერცოგი. XIII საუკუნეში „საქსენშპიგელში“ მითითებულია ამ თანამდებობების კავშირი მეფის არჩევნებთან. ამ წყაროს თანახმად, საერო მთავრებს შორის პირველი ადგილი ეკავა რეიმსის პფალცგრაფს (ტრუხზესი), მეორე ადგილი — საქსონიის ჰერცოგს (მარშალი), მესამე — ბრანდენბურგის მარკგრაფს (კამერარიუსი). მეოთხე თანამდებობის მფლობელი იყო ჩეხეთის მეფე, მაგრამ იგი არ იყო გერმანელი, ამიტომ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა.[41]

1356 წელს იმპერატორ კარლ IV-ის „ოქროს ბულით“ საბოლოოდ დაფიქსირდა საპატიო თანამდებობები, რომლებმაც მიიღო სახელწოდება (გერმ. Reichserzämter). ჩეხეთის მეფე ხდებოდა ერცსუფრაჯი (ლათ. archipincerna), რაინის პფალცგრაფი — ერცტრუხზესი (ლათ. archidapifer), საქსონიის ჰერცოგი — ერცმარშალი (ლათ. archimarescalcus), ბრანდენბურგის მარკგრაფი — ერცკამერარიუსი (ლათ. archicamerarius). ეს თანამდებობები მემკვიდრეობითი იყო. გარდა ამისა, ამავე ბულით ოთხივე მემკვიდრეობითი ვიცე-თანამდებობა დაუმტკიცდა ოთხ საგვარეულოს: ვიცე-მარშალი ფონ პაპენჰაიმებს, ვიცე-სუფრაჯი ფონ ლიმპურგებს, ვიცე-ტრუხზესი ფონ ვალდბურგებს და ვიცე-კამერარიუსი ფონ ფალკენშტაინებს.[41]

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ტრუხზესის, ანუ სენეშალის თანამდებობა (გერმ. Truchseß, ძველი ზემო გერმანული Trubtsazzo-დან — „ის, ვინც რაზმს ხელმძღვანელობს“). ტრუხზესი სამეფო კარის მეურნეობას ადევნებდა თვალს, ასევე სამეფო და საიმპერიო საკუთრებას. გარდა ამისა, ტრუხზესი პასუხს აგებდა სამეფო სუფრის მომსახურებაზე. მეფის არყოფნის დროს ტრუხზესი მისი ნაცვალი იყო. ლაშქრობებში ტრუხზესი მეთაურობდა ავანგარდს შეტევისას, არიერგარდს უკან დახევისას, ხოლო ბრძოლის დროს ატარებდა სამეფო დროშას. იმპერატორის საზეიმო არჩევის დროს ტრუხზესი ატარებდა იმპერატორის ხმალს. ტრუხზესის მემკვიდრეობითი თანამდებობა აგრეთვე არსებობდა ბურგუნდიის სამეფოშიც, სადაც მას ატარებდნენ დე ტურეს საგვარეულოს წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა შეიერთა ბურგუნდიის მიწები, ეს თანამდებობა დოფინეებს ერგოთ.[41]

მარშალების მთავარი მოვალეობა იყო იმპერატორის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სამეფო კარის დისციპლინარული მეთვალყურეობა, ასევე იმპერიის ყრილობებისა და რაიხსტაგების ორგანიზება. სხდომების დროს მარშალი პასუხს აგებდა ცერემონიალზე. ომის დროს მარშალი მეთაურობდა საიმპერატორო კავალერიას, ხოლო XII საუკუნიდან — მთელ საიმპერატორო ჯარს. ერცმარშალის საპატიო სამსახური საზეიმო ცერემონიებზე ხმლის ტარებაში მდგომარეობდა.[41]

კამერარიუსის თანამდებობას სხვებზე უფრო რეპრეზენტაციული ხასიათი ჰქონდა. კამერარიუსი უძღოდა სასახლის მეურნეობასა და იმპერატორის ხაზინას, აგრეთვე ტრუხზესთან ერთად ზრუნავდა საიმპერიო ფისკზე. თანდათანობით კამერარიუსის ყველა მოვალეობას შორის ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა ხაზინადარის ფუნქცია, თუმცა XV საუკუნისთვის იმპერიაში ხაზინადრობის ინსტიტუტის არარსებობის გამო ამ თანამდებობის მნიშვნელობა დაეცა.[41]

კურფიურსტები

 
იმპერატორი ფერდინანდ III რვა კურფიურსტის გარემოცვაში, 1663/1664 წწ.

კურფიურსტები წარმოადგენდნენ ყველაზე ძლევამოსილი გერმანული სამთავროების მმართველების ვიწრო ჯგუფს. ისინი ფლობდნენ იმპერატორის არჩევის განსაკუთრებულ უფლებას. კურფიურსტები შეადგენდნენ რაიხსტაგის უმაღლეს პალატას და იმპერატორისა და საიმპერიო წოდებების უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებდნენ, იყვნენ ე.წ. „იმპერიის სვეტები“. კურფიურსტები ყველაზე დიდ გავლენას ახდენდნენ იმპერატორის პოლიტიკაზე და საშინაო საქმეებში თითქმის სრული დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ, საკუთარი მონეტის მოჭრიდან საიმპერიო სასამართლოსა და სამეფო კარის საბჭოში იურისდიქციის უქონლობამდე. გარდა ამისა, ყოველი კურფიურსტი საიმპერატორო კარზე სამეფო კარის ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას ფლობდა. კურფიურსტების კოლეგიის მნიშვნელობა ნაწილობრივ შემცირდა XVII საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც იმპერიაში ძალაუფლების ცენტრი რაიხსტაგის მხარეს გადაიხარა.

კურფიურსტების კოლეგია შეიქმნა გვიან შუა საუკუნეებში და კანონმდებლობით გაფორმდა 1356 წელს იმპერატორ კარლ IV-ის „ოქროს ბულით“. ამ დოკუმენტით კურფიურსტების სტატუსი მიენიჭათ შვიდი გერმანული სამთავროს წარმომადგენლებს: მაინცის, კელნისა და ტრირის არქიეპისკოპოსებს, ჩეხეთის (ბოჰემიის) მეფეს,[კ 8] საქსონიის ჰერცოგს, რაინის პფალცგრაფსა და ბრანდენბურგის მარკგრაფს. იმპერიის სამართლის თანახმად, კურფიურსტის სტატუსს ფლობდნენ არა უშუალოდ მმართველები ან დინასტიები, არამედ შესაბამისი ტერიტორიული წარმონაქმნები. კურფიურსტის წოდების მიღების უფლება საიმპერატორო ძალაუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრეროგატივა იყო. 1632 წელს, ოცდაათწლიანი ომის დროს, იმპერატორმა პფალცს საკურფიურსტოს სტატუსი ჩამოართვა და იგი ბავარიას გადასცა, თუმცა ვესტფალიის ზავის პირობების თანახმად, პფალცი კვლავ საკურფიურსტო გახდა.[კ 9] 1692 წელს კურფიურსტის მეცხრე წოდება მიენიჭა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის (მოგვიანებით — ჰანოვერი) ჰერცოგს, რაც რაიხსტაგის მიერ დამტკიცდა 1708 წელს. კურფიურსტების კოლეგიაში უკანასკნელი ცვლილება მოხდა XIX საუკუნის დასაწყისში, როდესაც ნაპოლეონის ჯარებმა დაიპყრეს რაინის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიები, რითიც გაანადგურეს მაინცის, ტრირისა და კელნის საკურფიურსტოები. მათ სანაცვლოდ იმპერიის დეპუტაციის გადაწყვეტილებით 1803 წელს საკურფიურსტოს სტატუსი მიენიჭათ ჰესენ-კასელს, ბადენს, ვიურტემბეგს, ზალცბურგსა და ერცკანცლერ კარლ თეოდორ დალბერგის სამფლობეოებს (აშაფენბურგი-რეგენსბურგი). ამ აქტმა კურფიურსტების კოლეგიაში გამოიწვია პროტესტანტული პროფრანგული უმრავლესობის ფორმირება, რაც 1806 წელს იმპერიის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

საიმპერიო მთავრები

საიმპერიო მთავრების ფენა წარმოადგენდა საღვთო რომის იმპერიის უზენაეს დიდებულებას. მის შემადგენლობაში შედიოდნენ საერო და სასულიერო სამთავროების მმართველები, რომლებიც იმყოფებოდნენ იმპერატორის უშუალო ლენურ დამოკიდებულებაში და ატარებდნენ გრაფზე უფრო მაღალ წოდებას. ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ ძველი არისტოკრატიული საგვარეულოების წარმომადგენლები, რომელთა წინაპრებმაც მაღალ შუა საუკუნეებში მიიღეს თავიანთი ლენები იმპერატორისგან (ველფები, ცერინგენები, ასკანიები და სხვა), ან მცირე ტერიტორიების უფრო ნაკლებად წარჩინებული წარმომადგენლები, რომლებსაც იმპერატორმა მთავრის ტიტული უბოძა (თურნ-უნდ-ტაქსისი, შვარცენბერგები და სხვა). საეკლესიო იერარქიებიდან საიმპერიო მთავრებს განეკუთვნებოდნენ არქიეპისკოპოსები და ეპისკოპოსები. წოდებების ფორმირების პროცესი დასრულდა XV საუკუნისთვის. 1521 წლის საიმპერიო მატრიკულის თანახმად, იმპერიაში არსებობდა 50 სასულიერო და 24 საერო საიმპერიო მთავარი. XVIII საუკუნის მიწურულს სასულიერო მთავრების რაოდენობა შემცირდა 33-მდე, ხოლო საეროსი 61-მდე გაიზარდა.

საერო და სასულიერო საიმპერიო მთავრები ქმნიდნენ იმპერიის რაიხსტაგის მთავარ პალატას — საიმპერიო მთავრების საბჭოს (გერმ. Reichsfürstenrat), ამგვარად იმპერიის პოლიტიკაზე უშუალო გავლენის მოხდენა შეეძლოთ. ყოველი სამთავრო ტერიტორია ფლობდა ერთ ხმას პალატაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ერთი მმართველი რამდენიმე საიმპერიო სამთავროს ფლობდა, მათი ხმები იკრიბებოდა.[კ 10] სწორედ საიმპერიო მთავრები, როგორც საშუალო და მცირე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების მმართველები, პრეტენდირებდნენ იმპერიის ინტერესების გამოხატვაზე. საიმპერიო მთავრების პრივილეგიებს შორის იყო მონეტების მოჭრის უფლება, საკუთარ სამთავროებში სასამართლო და ადმინისტრაციული სისტემების ორგანიზება, ადგილობრივი გადასახადებისა და ბეგარების შემოღება.

საიმპერიო გრაფები და საიმპერიო პრელატები

საიმპერიო გრაფები ყველაზე მრავალრიცხოვანი საიმპერიო ფენა იყო. ისინი ქმნიდნენ გერმანიის საშუალო დიდგვაროვნების ძირითად მასას. თავდაპირველად გრაფები იყვნენ სამეფო დომენების ამა თუ იმ რეგიონების მმართველები და არ იყვნენ უშუალო ალოდების (გერმ. Allod) მფლობელები. დროთა განმავლობაში, ზოგიერთმა გერმანელმა გრაფმა შეძლო თავისი სამფლობელოების საიმპერიო ლენებად გადაქცევა, რითიც გახდნენ მცირე და ჯუჯა სამთავროების სუვერენები და შექმნეს ცალკეული საიმპერიო წოდება. გრაფების მეორე ნაწილი უფრო ძლიერი ტერიტორიული მთავრების სუზერენიტეტის ქვეშ დარჩა, რითიც შექმნეს უმდაბლესი წარჩინებულების ფენა, რომელიც არ მონაწილეობდა იმპერიის მართვის სისტემაში. ზოგიერთმა საიმპერიო გრაფმა შეძლო უფრო მაღალი წოდების მიღება, რამაც განაპირობა მათი გადასვლა საიმპერიო მთავრების ფენაში (მაგალითად, ვიურტემბერგი 1495 წელს). 1521 წლის საიმპერიო მატრიკულის თანახმად, საიმპერიო გრაფის სტატუსს ფლობდა 144 ტერიტორიული მმართველი. XVIII საუკუნის ბოლოსთვის მათი რაოდენობა შემცირდა 99-მდე. რაიხსტაგში საიმპერიო გრაფები გეოგრაფიული მახასიათებლის მიხედვით ქმნიდნენ ოთხ ჯგუფს: ვესტფალიის, ვეტერაუს, შვაბიისა და ფრანკონიის საიმპერიო გრაფები, რომელთაგან თითოეული ფლობდა ერთ ხმას საიმპერიო მთავრების საბჭოს საერო კურიაში. გაცილებით უფრო მნიშვნელოვან როლს გრაფები თამაშობდნენ საიმპერიო ოლქების დონეზე: ოლქების მართვის ორგანოებში თითოეული საიმპერიო გრაფი ფლობდა ერთ ხმას, რაც მათ გაცილებით უფრო ძლიერი საიმპერიო მთავრების თანასწორს ხდიდა. 1806 წლის გერმანიის მედიატიზაციის შედეგად საიმპერიო გრაფების დიდმა ნაწილმა დაკარგა თავისი სტატუსი და საბოლოოდ გერმანული სამთავროების ტერიტორიული წარჩინებულების უმაღლეს ფენად იქცა.

 
საეკლესიო სამთავროების ტერიტორიები იმპერიის შემადგენლობაში 1648 წ.
 
თავისუფალი ქალაქების ტერიტორიები იმპერიის შემადგენლობაში 1648 წ.

საიმპერიო გრაფების ფენას დაუახლოვდა საიმპერიო პრელატების ფენა, რომელშიც შედიოდნენ აბატები და პრიორები მონასტრებისა, რომლებიც ფლობდნენ ტერიტორიულ სუვერენიტეტს თავიანთ მიწებზე და ითვლებოდნენ საღვთო რომის იმპერიის სრულუფლებიან სუბიექტებად. მათი სამფლობელოები ძლიერ განსხვავდებოდნენ ფართობისა და მოსახლეობის მიხედვით: შედარებით მსხვილი ფულდის სააბატოდან ობერმიუნსტერის მონასტრამდე, რომელიც მხოლოდ რამდენიმე შენობას ფლობდა რეგენსბურგში, მაგრამ გააჩნდა იმპერიის სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის პრეროგატივები. 1521 წელს საიმპერიო პრელატებს განეკუთვნებოდა 83 საეკლესიო იერარქია, თუმცა სეკულარიზაციის პროცესებმა XVIII საუკუნის ბოლოსთვის ამ ფენის წარმომადგენლების რაოდენობა 40-მდე შეამცირა. საიმპერიო პრელატების მიწები ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში მდებარეობდა. განსაკუთრებულ კატეგორიას ქმნიდნენ ტევტონთა და მალტის ორდენების მაგისტრები, რომელთა სამფლობელოებიც ასევე ფლობდნენ ტერიტორიულ სუვერენიტეტს. რაიხსტაგში პრელატები ერთიანდებოდნენ შვაბიისა და რაინის საიმპერიო პრელატების კოლეგიაში. ეს უკანასკნელები ფლობდნენ თითო-თითო ხმას საიმპერიო რაინდების საბჭოს საეკლესიო კურიაში. 1803 წელს საიმპერიო პრელატების ყველა ტერიტორია (ორდენების მიწების გარდა) სეკულირდა.

თავისუფალი საიმპერიო ქალაქები

საიმპერიო ქალაქები იმპერიის სხვა საქალაქო ცენტრებისგან განსხვავებით არ იმყოფებოდნენ ტერიტორიული მთავრის სიუზერენიტეტის ქვეშ, არამედ ექვემდებარებოდნენ უშუალოდ იმპერატორს და საშინაო საქმეებში სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები იყვნენ. საიმპერიო წოდების სტატუსი უკავშირდებოდა არა კონკრეტულ მოქალაქეებს, არამედ მთლიანად ქალაქს, თავისი მაგისტრატით წარდგენილს. თავდაპირველად თავისუფალი ქალაქები მკაცრად ცალკევდებოდა ორ კატეგორიად: უშუალოდ საიმპერიო ქალაქები (გერმ. Reichsstädten), რომლებიც დააარსეს იმპერატორებმა (უპირველეს ყოვლისა ჰოენშტაუფენებმა XII-XIII საუკუნეებში) და რომლებიც იმპერიის ხაზინაში გადასახადებს იხდიდნენ (მემინგენი, ჰაგენაუ, მიულჰაუზენი და სხვა), და თავისუფალი ქალაქები (გერმ. Freien Städten), რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს ეპისკოპოსებთან ან საერო მთავრებთან ბრძოლის შედეგად და რომლებიც არ იხდიდნენ საიმპერიო გადასახადებს (ლიუბეკი, სტრასბურგი, აუგსბურგი და სხვა). საიმპერიო და თავისუფალი ქალაქების რაიხსტაგში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად გაფორმდა 1498 წელს, რამაც ხელი შეუწყო ამ კატეგორიების დაახლოებასა და საიმპერიო თავისუფალი ქალაქების ერთიანი საიმპერიო ფენის შექმნას, რომლის წარმომადგენლებიც ქმნიდნენ რაიხსტაგის მესამე პალატას — საიმპერიო ქალაქების საბჭოს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქები რაიხსტაგში იღებდნენ მონაწილეობას, მათი გავლენა იმპერიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე კვლავ უმნიშვნელო იყო, ხოლო საიმპერიო ქალაქების საბჭოს მოსაზრებას ხშირ შემთხვევაში ყურადღებას არ აქცევდნენ საიმპერიო მთავრები. 1521 წლის მატრიკულის თანახმად, გერმანიაში იყო 84 თავისუფალი საიმპერიო ქალაქი, XVIII საუკუნის მიწურულისთვის მათი რაოდენობა 51-მდე შემცირდა. 1803 წლის საიმპერიო დეპუტაციის გადაწყვეტილებით ქალაქთა უმრავლესობამ დაკარგა დამოუკიდებლობა და გერმანული სამთავროების შემადგენლობაში შევიდა. 1806 წელს საღვთო რომის იმპერიის დაშლის პერიოდში არსებობდა მხოლოდ ექვსი თავისუფალი საიმპერიო ქალაქი: ლიუბეკი, ჰამბურგი, ბრემენი, მაინის ფრანკფურტი, აუგსბურგი და ნიურნბერგი.

საიმპერიო რაინდები

საიმპერიო რაინდები საღვთო რომის იმპერიის უტიტულო დიდგვაროვნების კატეგორია იყო, რომლებიც არ ითვლებოდნენ საიმპერიო წოდებად, რადგან არ იხდიდნენ სახელმწიფო გადასახადებს და არ ჰქონდათ იმპერიის რაიხსტაგსა და საიმპერიო ოლქების საბჭოებში მონაწილეობის მიღების უფლება. ისინი საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის უშუალო ვასალები იყვნენ.

ოცდაათწლიანი ომის დასრულების შემდეგ საიმპერიო რაინდების სტატუსი დამტკიცდა ვესტფალიის ზავის დოკუმენტებში. თუმცა მათ რაიხსტაგში წარმომადგენლობა არ მიუღიათ და არ განეკუთვნებოდნენ უზენაეს დიდგვაროვნებას (გერმ. Hoher Adel). მათი სოციალური სტატუსი შეესაბამებოდა საადგილმამულო კეთილშობილთა მდგომარეობას.

საკუთარ სამფლობელოებში საიმპერიო რაინდები გამოდიოდნენ, როგორც ტერიტორიული სუვერენები. მათ ქვეშევრდომებისადმი ადმინისტრაციულ-სასამართლო ძალაუფლება გააჩნდათ. საიმპერიო რაინდების ლენები, იშვიათი გამონაკლისების გარდა (შლიცი, რეხბერგი), უმნიშვნელო ფართობის იყო, რაც უფრო მსხვილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების მხრიდან მათი შთანთქმის მუდმივ საფრთხეს ქმნიდა. ამ მიზეზით საიმპერიო რაინდობა იმპერატორის ძალაუფლებისა და იმპერიაში საინტეგრაციო ტენდენციების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო. გეოგრაფიულად რაინდების ფეოდები ხშირ შემთხვევაში მდებარეობდა გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით, რითიც იმპერიის მთავრების, გრაფებისა და პრელატების სამფლობელოებს შორის ანკლავებს ქმნიდნენ. ტერიტორიული პრინციპით, საიმპერიო რაინდები ერთიანდებოდნენ 15 კანტონში, რომლებიც თავის მხრივ ქმნიდა სამ ოლქს: შვაბიის, ფრანკონიისა და რაინის (ქვემო ელზასის რაინდები განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდნენ). ზოგადი საკითხების განსახილველად იკრიბებოდა საიმპერიო რაინდების გენერალური ყრილობები (გერმ. Generalkorrespondenztage).

რამდენად მრავალრიცხოვანნი იყვნენ საიმპერიო რაინდები ზუსტად უცნობია, მაგრამ 1800-იანი წლების შეფასებით, ისინი შეადგენდნენ დაახლოებით 350-400 ოჯახს, რომელთა განკარგულებაშიც 1700-მდე ფეოდი იყო. 1806 წელს იმპერიის დაცემასთან ერთად საიმპერიო რაინდების სამფლობელოებს უფრო დიდმა სახელმწიფოებრივმა წარმონაქმნებმა ანექსია გაუკეთა.

მართვის სისტემა

მართვის ორგანოები შუა საუკუნეებში

ადრეულ პერიოდში იმპერიის ადმინისტრაციული სისტემა სუსტად იყო დიფერენცირებული. იმპერატორი პირადად მართავდა მას, პერიოდულად სტუმრობდა ქვეყნის ყველა რეგიონს.[44] მას თან ახლდა კანცელარია, რომელიც შედგებოდა სამი განყოფილებისაგან: გერმანულის, იტალიურისა (962 წლიდან) და ბურგუნდიულისგან (1033 წლიდან), რომლებსაც ერცკანცლერი ედგა სათავეში.[კ 11] უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხების განსახილველად პერიოდულად იკრიბებოდა იმპერიის უმსხვილესი საერო და საეკლესიო მთავრების საბჭო (დიდი სამეფო საბჭოჰოფტაგი). XIII საუკუნემდე ცენტრალური ძალაუფლების სამართალ მოღვაწეობის ფუნქციები უკიდურესად სუსტად გამოიხატებოდა, სრულიად დომინირებდა ჩვეულებითი სამართალი,[45] რომელიც იმპერიის ყოველ რეგიონს საკუთარი ჰქონდა (სამართლებრივი პარტიკულარიზმი). XI საუკუნიდან დაიწყო წოდებრივი სასამართლოების (მთავრების, გრაფების, საეკლესიო, შეფენის, მუნიციპალური) ფორმირება, რომლებიც იმპერატორის კარზე ჰოენშტაუფენების ეპოქაში შეივსო იმპერიის სამეფო კარის სასამართლოთი. თუმცა საიმპერატორო სასამართლოს კომპეტენციების მოცულობა ძლიერ იზღუდებოდა მთავრების პრეროგატივებით: ცნობილია, რომ განსახილველი საქმეების რაოდენობა იმპერიის სამეფო კარის სასამართლოში 30-ჯერ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ანალოგიურ პერიოდში საფრანგეთის მეფის მიერ პარიზის პარლამენტში ჩატარებული სასამართლო პროცესების რაოდენობა.[46]

იმპერატორის წარმომადგენლები ცალკეულ რეგიონებში იყვნენ გრაფები (იტალიაში — იმპერიის ელჩები), რომლებიც სამეფო ჩინოსნებიდან მალევე გადაიქცნენ მემკვიდრეობით ტერიტორიულ მთავრებად, რომლებიც თავიანთ მიწებზე საკუთარ ადმინისტრაციულ-სასამართლო აპარატს ქმნიდნენ. XIII საუკუნის ბოლოს შეიქმნა შვიდი ყველაზე ძლიერი ტერიტორიული მთავრის კოლეგია, რომელმაც მიისაკუთრა იმპერატორის არჩევისა და მისი მოღვაწეობის კონტროლის განსაკუთრებული უფლება. კურფიურსტების ამ კოლეგიამ ოფიციალური აღიარება მოიპოვა 1356 წლის ოქროს ბულით.[47] იმპერიის უმნიშვნელოვანესი საკითხების განსახილველად იმპერატორები იწვევდნენ უფრო ვრცელ ფორუმებს, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ საერო და სასულიერო მთავრები, ხოლო XIII საუკუნიდან — იმპერიის ზოგიერი ქალაქის წარმომადგენლებიც. ამ ჰოფტაგების თუ საიმპერიო სეიმების მონაწილეთა წრე განისაზღვრებოდა უშუალოდ იმპერატორის მიერ, მასვე ეკუთვნოდა საბოლოო გადაწყვეტილება, ყურადღება მიექცია თუ არა სხვადასხვა საიმპერიო წოდებების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისთვის. გვიან შუა საუკუნეებში იმპერატორის ძალაუფლების შესუსტებასთან ერთად იმპერიის მთავრების წარმომადგენლობითი ორგანოს როლი განუხრელად იზრდებოდა.

რაიხსტაგი

 
ახალ ეპოქაში საღვთო რომის იმპერიის მართვის ორგანოების სტრუქტურა

შუა საუკუნეების გაურკვეველი შემადგენლობისა და კომპეტენციების მქონე საიმპერიო სეიმების ტრანსფორმაცია იმპერიის ორგანიზებულად გაფორმებულ წარმომადგენლობით ორგანოდ — რაიხსტაგად, მიმდინარეობდა XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში საიმპერიო რეფორმის გატარების პერიოდში. რაიხსტაგის სტრუქტურა განისაზღვრა 1495 წელს. იგი შედგებოდა სამი კოლეგიისგან:

რაიხსტაგს იწვევდა იმპერატორი კურფიურსტებთან შეთანხმებით. საკითხთა წრეს, რომელიც რაიხსტაგზე განსახილველად უნდა გამოეტანათ, იმპერატორი ერთპიროვნულად საზღვრავდა. განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ხორციელდებოდა ცალკე კოლეგიებში ხმათა უმრავლესობით, ამასთანავე კურფიურსტების საბჭოსა და იმპერიის მთავრების საბჭოს გადამწყვეტი ხმა ეკუთვნოდათ. ხმის მიცემა დახურული იყო. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლებოდა, თუკი მას ერთხმად მხარს დაუჭერდა სამივე კოლეგია და იმპერატორი. 1663 წელს რაიხსტაგი გახდა მუდმივმოქმედი ორგანო. იგი რეგენსბურგში იკრიბებოდა.

რაიხსტაგის გარდა არსებობდა იმპერიის კიდევ ერთი წარმომადგენლობითი ორგანო — იმპერიის დეპუტატების ყრილობა, ანუ იმპერიის დეპუტაცია (გერმ. Reichsdeputationstag), რომელიც შედგებოდა საიმპერიო წოდებებისა და ოლქების რამდენიმე (როგორც წესი, არაუმეტეს 20-სა) წარმომადგენლისგან. იმპერიის დეპუტაციაზე განიხილებოდა საკითხები და იქმნებოდა კანონპროექტები, ასევე იღებოდა მიწის ზავის შესანარჩუნებელი ზომები. იმპერიის დეპუტაცია რაიხსტაგზე უფრო მობილური ორგანო იყო, რაც მას საშუალებას აძლევდა, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოენახა კომპრომისი საიმპერიო წოდებებსა და იმპერატორს შორის.

რაიხსტაგის კომპეტენციაში შედიოდა იმპერიის კანონების გამოცემა, ომის გამოცხადება და ზავის დადება, იმპერიის მართვის ორგანოებისა და სასამართლოს შექმნა და გაუქმება, იმპერიის ჯარის შეკრება და დაშლა, გადასახადების დამტკიცება და ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე მიწის ზავისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის არსებობის საკითხები. ვესტფალიის ზავის შემდეგ რელიგიური საკითხები გადავიდა კომპეტენციაში იმპერიის დელეგაციისა, რომელსაც პარიტეტულ საფუძველზე ქმნიდნენ იმპერიის ფენების კათოლიკე და პროტესტანტი წარმომადგენლები, რაც გამორიცხავდა რაიხსტაგში კონფესიური დაპირისპირების გამო უთანხმოების დაშვების შესაძლებლობას.

რაიხსტაგი იმპერიის ფენების უზენაესი წარმომადგენლობითი ორგანოს როლს თამაშობდა. იგი იყო იმპერიის სისტემის შემაკავშირებელი ელემენტებიდან ერთ-ერთი უმთავრესი, ასევე საშინაო კონფლიქტებისა და წინააღმდეგობების გადაჭრის არხი.[48] რაიხსტაგი ასევე ასრულებდა იმპერატორის ძალაუფლების შეზღუდვის ფუნქციებს, ხოლო ვესტფალიის ზავის შემდეგ, რომელმაც განამტკიცა რაიხსტაგის სტატუსი იმპერიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რანგში, გახდა საინტეგრაციო პროცესების ცენტრი და იმპერიის მთელი კონსტრუქციის საყრდენი წერტილი.[28]

წელი ჩატარების ადგილი თავმჯდომარე მთავარი გადაწყვეტილებები
1495 ვორმსი მაქსიმილიან I საიმპერიო რეფორმისა და „მიწის ზავის“ დამტკიცება, იმპერიის კამერალური სასამართლოს შექმნა, საყოველთაო გადასახადის დაწესება („საყოველთაო პფენიგი“)
1496/97 ლინდაუ მაქსიმილიან I იმპერატორისთვის სუბსიდიების მინიჭებაზე უარის თქმა, დადგენილება ფუფუნების წინააღმდეგ და ბოშების გერმანიიდან განდევნა.
1497/98 ფრაიბურგი მაქსიმილიან I იმპერატორისთვის სუბსიდიების მინიჭებაზე უარის თქმა, კანონი ღვინის წარმოებისა და ლუდის ხდის შესახებ.
1500 აუგსბურგი მაქსიმილიან I პირველი ექვსი საიმპერიო ოლქის ორგანიზება, „მიწის ზავის“ მხარდამჭერი ღონისძიება
1505 კელნი მაქსიმილიან I ლანდსგუტის მემკვიდრეობაზე დავის მოგვარება, საიმპერიო რეფორმის გაღრმავების წინადადების უგულებელყოფა, სუბსიდიების მინიჭებაზე უარის თქმა
1507 კონსტანცი მაქსიმილიან I იმპერიის კამერალური სასამართლოს ფუნქციონირების წესრიგისა და ფორმირების პროცედურის მოწესრიგება, კორონაციისთვის იმპერატორის იტალიაში ლაშქრობისთვის სუბსიდიების მიცემა
1510 აუგსბურგი მაქსიმილიან I კონფლიქტი იმპერიასა და დანიას შორის ჰამბურგის სტატუსის შესახებ, ჰამბურგის აღიარება თავისუფალ საიმპერიო ქალაქად
1512 ტრირი/კელნი მაქსიმილიან I საიმპერიო ოლქების სისტემის ორგანიზების დასრულება
1518 აუგსბურგი მაქსიმილიან I კარლ V ჰაბსბურგის რომის მეფედ არჩევის წარუმატებელი მცდელობა, თურქების წინააღმდეგ ომის დაფინანსებაზე უარის თქმა, პფალცის მოხსნა იმპერიის ოპალიდან, მარტინ ლუთერის გამოსვლა რაიხსტაგის დასრულების შემდეგ
1521 ვორმსი კარლ V ლუთერის გამოსვლა რაიხსტაგის წინაშე, ვორმსის ედიქტის გამოცხადება ლუთერის წინააღმდეგ, იმპერიის ხელისუფლების დამტკიცება, საიმპერიო მატრიკულისა და თურქთა წინააღმდეგ ომში სოციალური ფენების მონაწილეობის წესრიგის დამტკიცება
1522 ნიურნბერგი ფერდინანდ I ვორმსის ედიქტის შესრულების წესრიგის განხილვა
1522/23 ნიურნბერგი ფერდინანდ I ლუთერანული ლიტერატურის გამოცემისა და ლუთერანობის პროპაგანდის აკრძალვა
1524 ნიურნბერგი ფერდინანდ I ვორმსის ედიქტის დამტკიცება, საიმპერიო კანონი ვაჭრობის შესახებ
1525 აუგსბურგი ფერდინანდ I მშვიდობის დამყარება გერმანიაში გლეხთა ომის შემდეგ, ვორმსის ედიქტის შეჩერება
1526 შპაიერი ფერდინანდ I ვორმსის ედიქტის ფაქტობრივი შეჩერება, საიმპერიო ფენების მოწოდება რელიგიური კონფლიქტის მოგვარებისკენ
1529 შპაიერი ფერდინანდ I ვორმსის ედიქტის მოქმედებების განახლება, შპაიერის პროტესტი, ანაბაპტიზმის განსჯა
1530 აუგსბურგი კარლ V ეკლესიის ერთიანობის აღდგენის წარუმატებელი მცდელობა, ლუთერანების „აუგსბურგის აღსარების“ გამოცხადება, ცვინგლიანობისა და კათოლიკური „უარყოფის“ „ტეტრაპოლიტიკური აღსარება“, იმპერატორის მოთხოვნა საეკლესიო ქონების რესეკულარიზაციის შესახებ
1532 რეგენსბურგი კარლ V იმპერიის დანაშაულებრივ-სამართლებრივი დადგენილების (Constitutio Criminalis Carolina) მიღება, თურქებთან ომისთვის სუბსიდიების მინიჭება, პროტესტანტების დევნის შეჩერება
1541 რეგენსბურგი კარლ V უშედეგო დებატები კათოლიკებსა და ლუთერანებს შორის
1542 შპაიერი ფერდინანდ I თურქებთან ომისთვის სუბსიდიების მინიჭება
1542 ნიურნბერგი ფერდინანდ I  
1543 ნიურნბერგი ფერდინანდ I  
1544 შპაიერი კარლ V პროტესტანტების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების შეწყვეტა, სეკულარიზაციის ფაქტობრივი სანქციონირება, საფრანგეთსა და თურქებთან ომისთვის სუბსიდიების მინიჭება
1545 ვორმსი კარლ V უშედეგო მოლაპარაკებები ეკლესიის რეფორმასთან დაკავშირებით
1546 რეგენსბურგი კარლ V უშედეგო თეოლოგიური დისპუტი, ჰესენისა და საქსონიის იმპერიული შერისხვა, შმალკალდენური ომის მზადება
1548 აუგსბურგი კარლ V „რაიხსტაგი ჯავშანში“, აუგსბურგის დროებითი დადგენილება კონფესიურ საკითხთან დაკავშირებით, საყოველთაო საპოლიციო სჯულდების დაარსება, იმპერიის რეფორმირების მცდელობის ჩავარდნა, დებულება იმპერიის კამერალური სასამართლოს შესახებ, ბურგუნდიის შეთანხმება ნიდერლანდების სტატუსის შესახებ, საიმპერიო ქალაქების მუნიციპალიტეტებში მონაწილეობიდან საამქროების ჩამოშორება
1550/51 აუგსბურგი კარლ V ჰაბსბურგთა ავსტრიულ და ესპანურ შტოებს შორის იმპერატორის ტახტის როტაციის გეგმის ჩაშლა, ბოშების განდევნა გერმანიიდან, საიმპერიო გადასახადის („საყოველთაო პფენიგის“) გაზრდა, სამონეტო რეფორმა
1555 აუგსბურგი ფერდინანდ I აუგსბურგის რელიგიური ხელშეკრულება, იმპერიის კამერალური სასამართლოს მუშაობაში კონფესიური პარიტეტის პრინციპის შექმნა, მიწის ზავის მხარდაჭერის ფუნქციის საიმპერიო ოლქებისთვის გადაცემა
1557 რეგენსბურგი ფერდინანდ I რელიგიური ზავის დამტკიცება, ლუთერანების პროტესტი „სულიერი შეთანხმების“ წინააღმდეგ, თურქებთან ომისთვის სუბსიდიების მინიჭება
1559 აუგსბურგი ფერდინანდ I თურქებთან ომისთვის სუბსიდიების მინიჭება, სამონეტო რეფორმა
1566 აუგსბურგი მაქსიმილიან II ტრიდენტის ტაძრის დეკრეტების აღიარება, თურქებთან ომისთვის სუბსიდიების მინიჭება, კალვინიზმის ფაქტობრივი აღიარება, ფულადი სისტემის უნიფიკაცია, ვილჰელმ ფონ გრუმბახის შერისხვა
1567 რეგენსბურგი მაქსიმილიან II თურქებთან ომისთვის სუბსიდიების მინიჭება, გრუმბახის აჯანყების ჩახშობისთვის ხარჯების ანაზღაურება
1570 შპაიერი მაქსიმილიან II სამხედრო რეფორმის ჩავარდნა, კანონი წიგნის ბეჭდვის შესახებ, ვეტინების ერნეტინული და ალბერტინული შტოებს შორის დავა საქსონიის მემკვიდრეობაზე
1576 რეგენსბურგი მაქსიმილიან II „სულიერი შეთანხმების“ განხილვა, იმპერატორ მაქსიმილიან II-ის გარდაცვალება
1582 აუგსბურგი რუდოლფ II თურქებთან ომისთვის სუბსიდიების მინიჭება, საეპისკოპოსოების სეკულარიზაციის რაიხსტაგში ხმის მიცემის უფლების პროტესტანულ ადმინისტრატორებთან გადასვლის აკრძალვა, ძველი და ახალი საიმპერიო მთავრების სტატუსის განსაზღვრა
1594 რეგენსბურგი რუდოლფ II თურქებთან ომისთვის სუბსიდიების მინიჭება, იმპერიის კამერალური სასამართლოს სავიზიტო კომისიის დაშლა
1597/98 რეგენსბურგი რუდოლფ II თურქებთან ომისთვის სუბსიდიების მინიჭება, იმპერიის კამერალური სასამართლოს სასამართლო აქტების რევიზიისთვის რაიხსტაგში კომიტეტის შექმნა
1603 რეგენსბურგი რუდოლფ II თურქებთან ომისთვის სუბსიდიების მინიჭება, შვაბიის ოთხის სეკულირებული მონასტრის რესტიტუციის შესახებ განაჩენის დამტკიცების უარყოფა
1608 რეგენსბურგი რუდოლფ II დონაუვერთის ბავარიისთვის გადაცემისთვის უარის თქმა, რაიხსტაგის ჩაშლა პფალცის კურფიურსტის მიერ, პროტესტანტული უნიისა და კათოლიკური ლიგის შექმნა
1613 რეგენსბურგი მათე რაიხსტაგის ჩაშლა კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის წინააღმდეგობის გამო
1640/41 რეგენსბურგი ფერდინანდ III ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულების მომზადება, საიმპერიო წოდების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იმპერატორის გადაწყვეტილებების რაიხსტაგის მიერ დამოწმების აუცილებლობის შემოღება
1653/54 რეგენსბურგი ფერდინანდ III უკანასკნელი გზავნილი იმპერიას, ვესტფალიის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობების აყვანა იმპერიის კონსტიტუციური კანონის რანგში, ახალი პროცესუალური საიმპერიო კამერალური სასამართლოს დაარსება
1663-1806 რეგენსბურგი   მუდმივმოქმედი რაიხსტაგი

იმპერიის კანცელარია

იმპერიის კანცელარია საღვთო რომის იმპერიის ერთ-ერთი უძველესი ადმინისტრაციული ორგანო იყო. მისი ფორმალური ხელმძღვანელი იყო ერცკანცლერი (გერმ. Erzkanzler), რომელიც იმპერიაში სულ სამი იყო. ყველაზე ძლიერი იყო გერმანიის ერცკანცლერი — იმპერატორ ოტო I-დან მოყოლებული ეს თანამდებობა დაუმტკიცდა მაინცის არქიეპისკოპოსს. 962 წელს გაჩნდა იტალიის ერცკანცლერის თანამდებობა, რომელიც XI საუკუნის მეორე ნახევრიდან კელნის არქიეპისკოპოსს ეკუთვნოდა. XI საუკუნეში, როცა იმპერიას შეუერთდა ბურგუნდიის სამეფო, გაჩნდა ბურგუნდიის ერცკანცლერის თანამდებობაც — XIV საუკუნის დასაწყისიდან ეს თანამდებობა ეკავა ტრირის არქიეპისკოპოსს. როდესაც XII-XIII საუკუნეებში იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა სიცილიის სამეფო, ის ასევე ფლობდა საკუთარ კანცელარიას. საკმაოდ მალევე ერცკანცლერის მოვალეობები საპატიო გახდა. ამ თანამდებობაზე მყოფი პირები საარბიტრაჟო მოსამართლეები იყვნენ, შემოსავალს იღებდნენ თავიანთი კანცელარიებიდან. გარდა ამისა, გერმანიის მეფის არჩევის დროს ერცკანცლერებს უპირატესობა ჰქონდათ. ერცკანცლერები ფორმალურად ემორჩილებოდნენ კანცლერებს, რომლებსაც უმდაბლესი სამღვდელოებიდან ირჩევდნენ. პრაქტიკულად ისინი ხელმძღვანელობდნენ სამეფო კარის კაპელას (თუმცა XII საუკუნის მიწურულს მან დაკარგა ძველი მნიშვნელობა), ასევე დაკავებულნი იყვნენ კანცელარიის საქმეებით. კანცლერების დანიშვნა იმპერატორის პრეროგატივა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერცკანცლერები მათ არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ. XIV საუკუნიდან კანცლერი შედიოდა სამეფო კარის საბჭოს შემადგენლობაში.[49]

X საუკუნის მიწურულსა და XI საუკუნის დასაწყისში კანცელარიაში გერმანიის, იტალიისა და ბურგუნდიის საქმეების სამ ნაწილად გაყოფა დამტკიცდა 1356 წლის „ოქროს ბულით“, თუმცა გვიან შუა საუკუნეებში იმპერიის მიერ იტალიასა და ბურგუნდიაში გავლენის დაკარგვამ იმპერიის კანცელარიის შესაბამის ნაწილებს პრაქტიკული მნიშვნელობა დაუკარგა. იმავდროულად, იმპერიის კანცელარიის მეთაურის თანამდებობა კვლავ მაინცის არქიეპისკოპოსებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ამ ორგანოს ხელმძღვანელობდნენ 1806 წელს იმპერიის დაშლამდე.

იმპერიის კანცელარია იმპერატორის ოფიციალური დოკუმენტებით იყო დაკავებული, ამზადებდა გადაწყვეტილებებისა და წინადადებების პროექტებს, რომლებიც შემდეგ განსახილველად გამოჰქონდათ რაიხსტაგზე ან კურფიურსტების კოლეგიაზე, ორგანიზებას უკეთებდა იმპერატორის არჩევნებსა და რაიხსტაგის ჩატარებას, აწარმოებდა საერთაშორისო მიმოწერას, აღრიცხავდა და ინახავდა იმპერატორის სამეფო კარისა და რაიხსტაგის დოკუმენტებს. ერცკანცლერის თანამდებობა უმაღლესი იყო იმპერიის სამეფო კარის ჩინების სისტემაში. ერცკანცლერი ხელმძღვანელობდა კურფიურსტების კოლეგიას, ატარებდა რაიხსტაგის სხდომებს და ფაქტობრივად იმპერატორის ტახტისა და ტერიტორიული მთავრების დამაკავშირებელი რგოლი იყო. 1559 წელს იმპერატორმა ფერდინანდ I-მა კანცელარიის მუშაობის რეგლამენტირებისთვის გამოსცა სპეციალური დადგენილება.[49]

მაინცის ეპისკოპოსის მიერ იმპერიის კანცელარიის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებამ გაზარდა იმპერიის მთავრების გავლენა იმპერიის მართვის პროცესებზე. თუმცა იმპერატორები კანცელარიისადმი კონტროლს ვიცე-კანცლერის თანამდებობის მეშვეობით ინარჩუნებდნენ, რომლის წარმომადგენელსაც ტრადიციულად ნიშნავდა უშუალოდ იმპერატორი და რომელსაც ადგილი ეკავა იმპერატორის სამეფო კარზე ვენაში. ეს თანამდებობა შეიქმნა 1519 წელს იმპერატორ კარლ V-ის მიერ. ვიცე-კანცლერი ფორმალურად ემორჩილებოდა ერცკანცლერს, თუმცა ფაქტობრივად ფლობდა ცალკეულ ადმინისტრაციულ აპარატს, რომელიც იმპერატორებს საკუთარი პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევდა.[49]

იმპერიის კამერალური სასამართლო

 
იმპერიის კამერალური სასამართლოს სხდომა, 1750 წელი

იმპერიის კამერალური სასამართლო (გერმ. Reichskammergericht) ახალ ეპოქაში საღვთო რომის იმპერიის უმაღლეს სასამართლო ორგანოს წარმოადგენდა. მისი წარმოქმნა დაკავშირებულია XV საუკუნის მიწურულს საიმპერიო რეფორმის გატარებასთან, რომლის მსვლელობის პერიოდში შუა საუკუნეების სამეფო კარის სასამართლო, რომელიც იმპერატორთან ერთად გადაადგილდებოდა გერმანიასა და ჰაბსბურგთა სამფლობელოებში, ჩაანაცვლა წოდებრივმა იმპერიის კამერალურმა სასამართლომ, რომელსაც იმპერიაში მუდმივი რეზიდენცია ჰქონდა. სასამართლოს დაარსების გადაწყვეტილება მიიღო ვორმსის რაიხსტაგმა 1495 წელს. 1527 წლიდან მისი შტაბ-ბინა მდებარეობდა შპაიერში, ხოლო 1689 წლიდან — ვეცლარში. სასამართლოს თავმჯდომარეს ნიშნავდა იმპერატორი, თუმცა სასამართლოს წევრთა უმეტესობა დელეგირდებოდა საიმპერიო წოდებების (კურფიურსტებისა და საიმპერიო ოლქების) მიერ, რაც უზრუნველყოფდა იმპერატორისგან დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან დონეს. 1555 წლიდან სასამართლო სენატში მოსამართლეთა ერთი ნაწილი იყო კათოლიკე, ხოლო მეორე ნაწილი — ლუთერანი.

იმპერიის კამერალური სასამართლო განიხილავდა უდაბლესი ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებების აპელაციებსა და კასაციებს, ასევე დავებს იმპერიის სუბიექტებს შორის (საერო და საეკლესიო სამთავროები, იმპერიის რაინდები, თავისუფალი ქალაქები), იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების წარჩინებული წოდებების წარმომადგენლებსა და მონარქებს შორის, აგრეთვე საჩივრებს იმპერატორის მოქმედებებზე. სასამართლოს იურისდიქციიდან გამოირიცხა დავები მთავრებთან, რომლებსაც ჰქონდათ პრივილეგია non appellando (იმპერიის ორგანოებში მათი მოქმედებების გასაჩივრების აკრძალვა, მაგალითად — ავსტრიის ერცჰერცოგები 1453 წლიდან, ნიდერლანდები 1548 წლიდან, საკურფიურსტოები 1648 წლიდან, ფრანშ-კონტე), ასევე სისხლის სამართლის საქმეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ირღვეოდა საბაზო პროცესუალური ნორმები, და იმპერატორის განსაკუთრებული კომპეტენციის საქმეები (ამ უკანასკნელს განიხილავდა სამეფო კარის საბჭო). იმპერიის კამერალური სასამართლოს რთული პროცესუალური სისტემა და მისი წოდებრივი ხასიათი ართულებდა დავების გადაწყვეტის პროცესს, რის შედეგადაც ბევრი პროცესი ათწლეულებზე იწელებოდა, ზოგიერთ პერიოდში კი სასამართლოს მუშაობა სრულიად პარალიზებული იყო დაუფინანსებლობის ან წოდებებს შორის წინააღმდეგობის გამო. მიუხედავად ამისა, საღვთო რომის იმპერიის არსებობის ბოლომდე კამერალურ სასამართლოს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანიის სამართლებრივი სივრცისა და სასამართლო სისტემის ერთიანობის შენარჩუნებაში.

სამეფო კარის საბჭო

სამეფო კარის საბჭო შეიქმნა 1497 წელს. იმპერატორ მაქსიმილიან I-ს, რომელმაც 1495 წელს უარი განაცხადა იმპერიის კამერალური სასამართლოს კონტროლზე, არ სურდა იმპერიაში სასამართლო-ადმინისტრაციული პრეროგატივების დაკარგვა, ამიტომ ვენაში შექმნა კონკურენტი სასამართლო ინსტანცია — იმპერიის სამეფო კარის საბჭო (გერმ. Reichshofrat), რომლის ყველა წევრსაც იმპერატორი ნიშნავდა. საბოლოო ფორმა ამ ორგანომ მიიღო 1559 წელს, მას შემდეგ, რაც გამოიცა სჯულდება იმპერიის სამეფო კარის საბჭოს შესახებ. სამეფო კარის განსაკუთრებულ კომპეტენციაში შედიოდა ფეოდალურ-ლენური სამართლის საკითხები, ასევე დავები ტიტულებთან, სამფლობელოებსა და ფეოდალურ მოვალეობებთან, იმპერატორის უფლებებსა და პრეროგატივებთან, იმპერიის წოდებების პრივილეგიებსა და სურვილებთან დაკავშირებით. ზოგიერთ სფეროში სამეფო კარის საბჭოს იურისდიქცია ემთხვეოდა იმპერიის კამერალური სასამართლოს იურისდიქციას: „მიწის ზავის“ დარღვევა, მისი სამფლობელოების დაცვა, ტერიტორიული სასამართლოების გადაწყვეტილებებისა და დადგენილებების აპელაციები. იმპერიის კამერალური სასამართლოსგან განსხვავებით, სამეფო კარის საბჭოში პროცესუალური ნორმები უფრო თავისუფალი იყო, ხოლო მტკიცებულებების წარმოდგენა ორიენტირდებოდა მხარეებს შორის კომპრომისის პოვნაზე, რაც პოლიტიკური და კონფესიური ხასიათის კონფლიქტების ეფექტურად გადაჭრის საშუალებას იძლეოდა. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა სამეფო კარის საბჭოს როლი XVII საუკუნეში, როდესაც იმპერიის კამერალური სასამართლო პარალიზებული იყო კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის ბრძოლის გამო.

სასამართლო ფუნქციების გარდა, სამეფო კარის საბჭო მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს თამაშობდა, საიმპერიო საკითხებში რეგულარულად აძლევდა რჩევებს იმპერატორს და მიმდინარე საშინაო და საგარეო პოლიტიკის სფეროში ახალ შემოთავაზებებსა და იდეებს შეიმუშავებდა. თავდაპირველად საბჭოს კომპეტენციაში აგრეთვე შედიოდა საღვთო რომის იმპერიის საზღვრებს გარეთ არსებული ჰაბსბურგთა სამფლობელოების მართვის საკითხებიც, თუმცა იმპერატორ ფერდინანდ II-ის დროს ეს სფერო გადაეცა ავსტრიის ცალკეულ სამეფო კარის საბჭოს. საბჭოს ბირთვს ქმნიდნენ იმპერატორის უახლოესი მიმდევრები, რომელთაც სათავეში ედგათ ავსტრიის საიმპერიო ვიცე-კანცლერი და კანცლერი, რომლებიც ქმნიდნენ ვიწრო ფარულ საბჭოს (გერმ. Geheime Rat), რომელიც უმნიშვნელოვანესი სამმართველო საკითხებით იყო დაკავებული.

საიმპერიო ოლქები

 
საიმპერიო ოლქები XVI საუკუნის დასაწყისში

საიმპერიო ოლქების (გერმ. Reichskreise) დაარსება ასევე იყო დაკავშირებული საიმპერიო რეფორმის განხორციელებასთან. 1500—1512 წლებში იმპერიის ტერიტორია (ჩეხეთის გვირგვინის, შვეიცარიისა და ჩრდილოეთ იტალიის მიწების გარდა) გაიყო 10 ოლქად. თითოეულ მათგანში შეიქმნა საოლქო საბჭო (გერმ. Kreistag), რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ყველა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის (გარდა საიმპერიო რაინდების სამფლობელოებისა) წარმომადგენლები. საოლქო ყრილობებზე მოქმედებდა პრინციპი „ერთი ტერიტორია — ერთი ხმა“, რაც ისეთ ოლქებში, როგორებიცაა შვაბიის, ფრანკონიისა და ზემო რაინის, იმპერიის მცირე სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს რეგიონულ და საიმპერიო პოლიტიკაზე რეალური გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევდა. ოლქების კომპეტენციაში შედიოდა „მიწის ზავის“ მხარდაჭერის საკითხები და იმპერიის წოდებებს შორის დავების გადაჭრა, შეიარაღებული ძალების შეკრება და შენახვა, ციხე-სიმაგრეების ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფა, საიმპერიო გადასახადების განაწილება და შეგროვება. 1681 წლიდან საოლქო დონეზე გადავიდა იმპერიის ჯარის ორგანიზებისა და მისი დაფინანსების ფაქტობრივად ყველა საკითხი. ოლქები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ იმპერიაში „სტატუს-კვოს“ შენარჩნებაში, იმპერიის სისტემაში მცირე და საშუალო სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ინტეგრაციასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებაში. უფრო მეტად ეფექტურად ფუნქციონირებდნენ ის ოლქები, რომელთა ტერიტორიაზეც არ იყო მსხვილი სახელმწიფოები (შვაბიისა და ფრანკონიის), ხოლო ზემო საქსონიის ოლქის მუშაობა სრულიად პარალიზებული იყო იმის გამო, რომ ბრანდენბურგმა უარი განაცხადა საოლქო ხარჯებში მონაწილეობის მიღებაზე. ზოგჯერ ოლქები ასოციაციებში ერთიანდებოდნენ: ამგვარად, ესპანური მემკვიდრებისათვის ომის დროს ხუთი დასავლური ოლქის ასოციაციამ რაინის მიმართულებით განხორციელებულ ფრანგულ იერიშზე ეფექტიანი გავლენა მოახდინა. ოლქების სისტემამ თითქმის უცვლელი სახით იარსება 1806 წელს საღვთო რომის იმპერიის დაშლამდე.

ფინანსური სისტემა

საიმპერატორო ძალაუფლების მატერიალურ საფუძველს ადრეულ პერიოდში შეადგენდა საიმპერატორო დომენის შემოსავლები, საეკლესიო მიწების შემოსავლების ნაწილი, ფეოდალური სახის გადასახადები, აგრეთვე გამორჩეული სამეფო უფლებები (რეგალიები), უპირველეს ყოვლისა, მართლმსაჯულების გაგზავნის სფეროში. საიმპერატორო კარის მიმდინარე საჭიროებების უზრუნველსაყოფად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მთავრების მოვალეობას, უზრუნველეყოთ ჯარის სადგომი და საკუთარი ხარჯებით შეენახათ იმპერატორი იმ დროს, როცა იგი იმყოფებოდა მათ სამფლობელოებში (ლათ. gistum), რაც იწვევდა იმპერატორის კარის მუდმივ მოძრაობას გერმანიისა და იტალიის ქალაქებსა და ციხე-სიმაგრეებში. ჰოენშტაუფენების ეპოქაში სახელმწიფო ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო გახდა გერმანიის მთავრებისა და საეკლესიო დაწესებულებების ფეოდალური „დახმარება“ და გადასახადები, რომლებსაც იმპერატორის ჩინოსნები ჩრდილოეთ იტალიის მდიდარ ქალაქებში აგროვებდნენ.[50] იტალიაში XIII საუკუნის მეორე ნახევარში საიმპერატორო ძალაუფლების დაცემამ მკვეთრად შეზღუდა გვირგვინის ფინანსური რესურსები: იმპერატორის ლაშქრობები ალპებს იქით, მიუხედავად იმისა, რომ ხაზინაში უზარმაზარი სიმდიდრე შემოჰქონდა (1355 წელს კარლ IV-მ იტალიიდან 800 000-მდე ფლორინი გამოიტანა[51]), ძალიან იშვიათი იყო.

გვიან შუა საუკუნეებში შემოსავლების მთავარი წყარო გახდა საიმპერიო ქალაქების შენატანები, იმპერატორის მემკვიდრეობითი სამფლობელოების შემოსავლები (ჩეხეთის გვირგვინის მიწები ლუქსემბურგების დროს, ავსტრია ჰაბსბურგების დროს), ასევე ეპიზოდური შემოსავლები საშინაო და საგარეო სესხების სახით, ცალკეული ქალაქების თუ ტერიტორიების მიმართებაში სამეფო რეგალიებზე უარის თქმისთვის გამოსასყიდი გადასახადების სახით და კონტრიბუციები ებრაელებისგან. ეს წყაროები არ იყო საკმარისი არა მხოლოდ აქტიური საგარეო პოლიტიკის საწარმოებლად და მსხვილი ჯარის ან მართვის დატოტვილი აპარატის შესანახად, არამედ მიმდინარე სახელმწიფო გადასახადების დასაფინანსებლადაც კი. თუკი XIV საუკუნის შუა წლებში ინგლისის მეფე განკარგავდა წელიწადში 770 ათასი ფლორინის ოდენობის გადასახადებს, ხოლო საფრანგეთის მეფე — 2,5 მილიონზე მეტს, მაშინ საღვთო რომის იმპერატორს შეეძლო მხოლოდ 150 ათასის იმედი ჰქონოდა, თანაც ზოგიერთი მკვლევრის აზრით, რეალური შემოსავლები ამ თანხის ერთ მესამედზე მეტს არ შეადგენდა, ხოლო სესხების ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს 70-ჯერ აღემატებოდა.[52] XV საუკუნის დასაწყისისთვის შემოსავლები კიდევ უფრო შემცირდა: თანამედროვე შეფასებებით, იმპერატორ სიგიზმუნდის შემოსავლები არ აღემატებოდა წელიწადში 15 ათას ფლორინს. ჰუსიტების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობისთვის საერთო საიმპერიო გადასახადის შემოღების მცდელობა ჩაიშალა გადასახადების სისტემის არარსებობისა და ხალხის წინააღმდეგობის გამო. სახელმწიფო საგადასახადო სისტემამ ჩასახვა დაიწყო XV საუკუნის დასაწყისში მსხვილი ტერიტორიული სამთავროების დონეზე (პფალცი, ბრანდენბურგი, ვიურტემბერგი, ბავარია, ავსტრია). სწორედ ჰაბსბურგების მემკვიდრეობითი სამფლობელოების შემოსავლები, რომლებიც საიმპერიო შემოსახლებს ოთხჯერ აღემატებოდა, ასევე ფუგერებისა და სხვა გერმანული საბანკო სახლების სესხები მაქსიმილიან I-სა[კ 12] და მის მემკვიდრეებს საშუალებას აძლევდა, ეწარმოებინათ აქტიური საშინაო პოლიტიკა და შეენახათ მსხვილი დაქირავებული ჯარი.

1495 წლის საიმპერიო რეფორმის ფარგლებში პირველად დამტკიცდა ერთიანი საყოველთაო პირდაპირი გადასახადი — „საყოველთაო პფენიგი“ (გერმ. Gemeiner Pfennig), რომლის გადახდა ევალებოდა იმპერიის ყოველ მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 15 წლის ასაკს. ამ გადასახადების შემოსავლები უნდა დახარჯულიყო საფრანგეთსა და ოსმალთა იმპერიის წინააღმდეგ ომისთვის ჯარის შესაქმნელად. თუმცა გადასახადის შეგროვება პრაქტიკულად ჩაიშალა საიმპერიო წოდებების წინააღმდეგობისა და ფისკალური ორგანოების არარსებობის გამო. მომავალში იმპერატორები ეპიზოდურად ახერხებდნენ თურქებთან საბრძოლველად საიმპერიო წოდებებისგან სუბსიდიების მიღებას, თუმცა ეს თანხა მეტად უმნიშვნელო იყო. მხოლოდ 1681 წელს რაიხსტაგმა გაატარა სამხედრო რეფორმა, რომელიც იმპერიის სუბიექტებს ავალდებულებდა საიმპერიო არმიის დაფინანსებას, რისთვისაც საიმპერიო ოლქების დონეზე შეიქმნა საფინანსო უწყებები. ეს სისტემა შენარჩუნდა იმპერიის არსებობის ბოლომდე, თუმცა იგი უზრუნველყოფდა მხოლოდ მინიმუმს იმ თანხისა, რომელიც საჭირო იყო შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისა და საიმპერიო დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის. იმპერატორები იძულებულნი იყვნენ, ბიუჯეტის დეფიციტი შეევსოთ მემკვიდრეობითი მიწების შემოსავლებისა და საგარეო სესხების ხარჯზე.

სამხედრო სისტემა

იმპერიის სამხედრო სისტემა თავდაპირველად ეყრდნობოდა იმპერატორის ვასალების ფეოდალურ მოვალეობას, საჭიროების შემთხვევაში მიეწოდებინათ სამხედრო კონტინგენტები. საიმპერიო არმიის ბირთვს წარმოადგენდნენ რაინდები, რომლებსაც წარადგენდნენ საერო და სასულიერო მთავრები. მათ გარდა სამხედრო ლაშქრობებში იწვევდნენ მინისტერიალებს,[53] ხოლო თავდაცვისთვის XII საუკუნემდე გამოიყენებოდნენ აგრეთვე თავისუფალი გლეხი რეკრუტები (ლათ. milites agrarii). თანამედროვე შეფასებებით,[54] X საუკუნის ბოლოს იტალიაში ყოველი ლაშქრობისთვის იმპერატორს მხოლოდ ერთი გერმანული სამეფოდან შეეძლო 6000-მდე შეიარაღებული რაინდის შეგროვება. სამხედრო სამსახურის პირობები ისაზღვრებოდა ფეოდალური წეს-ჩვეულებებით და დასტურდებოდა იმპერიის მთავრების ყრილობის გადაწყვეტილებით. უზენაესი მთავარსარდალი იყო იმპერატორი. საიმპერიო არმიის გარდა უმსხვილესი ფეოდალები, განსაკუთრებით კი სასაზღვრო მარკების მმართველები, ფლობდნენ საკუთარ სამხედრო კონტინგენტებს, რომლებიც მათ დამოუკიდებელი საშინაო პოლიტიკის წარმოების საშუალებას აძლევდა.

გვიან შუა საუკუნეებში მთავრების მიერ სამხედრო დახმარების უზრუნველყოფისგან სისტემატიური თავის არიდების გამო საიმპერიო არმიის მთავარ ძალას წარმოადგენდა დაქირავებული ჯარი. XV საუკუნეში შვეიცარია, შემდეგ შვაბია, მოგვიანებით კი სხვა გერმანული რეგიონები გახდა პროფესიონალი ჯარისკაცების ვაჭრობის ცენტრები. მათ სამხედრო მოქმედებების საწარმოებლად ქირაობდნენ საიმპერიო სამთავროები, თავისუფალი ქალაქები და უცხოენოვანი სახელმწიფოები. ხაზინის ქრონიკული დეფიციტი საღვთო რომის იმპერიის იმპერატორებს არ აძლევდა ამ სამხედრო ძალის სრული სახით გამოყენების საშუალებას. მხოლოდ მაქსიმილიან I-ის დროს ფინანსების შედარებითმა სტაბილიზაციამ შესაძლებელი გახადა ლანდსკნეხტების[კ 13] (გერმ. Landsknecht) მნიშვნელოვანი კონტინგენტების დაქირავება, რომელთა დახმარებითაც იმპერიის მიწებზე საფრანგეთის იერიშების მოგერიება მოხერხდა.

სამხედრო სისტემის საფუძვლიანი დარეგულირების აუცილებლობა ნათელი გახდა XV საუკუნის ბოლოსთვის, რადგან გამწვავდა გარე საფრთხე საფრანგეთისა და ოსმალთა იმპერიის სახით. 1500 წელს საიმპერიო რეფორმის ფარგლებში შეიმუშავეს იმპერიის საყოველთაო გადასახადი სამხედრო ხარჯების დასაფინანსებლად, ხოლო 1521 წელს საიმპერიო მატრიკულმა დააწესა იმპერიის ყოველი სუბიექტის მიერ სამხედრო კონტინგენტების გამოყვანის ნორმები, რათა უზრუნველეყო არმიის კომპლექტირება 20 000 ქვეითი მეომრისა და 4 000 ცხენოსნის შემადგენლობით. თუმცა მსხვილი სამთავროების მმართველები სისტემატიურად არიდებდნენ თავს გადასახადების გადახდასა და იმპერიის არმიისთვის მეომრების გამოყოფას. იმპერატორები იძულებულნი იყვნენ, ყოფილიყვნენ დაქირავებული მეომრების, ჰაბსბურგების სამფლობელოების რეკრუტების იმედად ან ცალკეულ სამთავროებთან დაედოთ ორმხრივი შეთანხმებები მეომრებით უზრუნველყოფის შესახებ. 1556 წელს შეიქმნა ჰოფკრიგსრატი (გერმ. Hofkriegsrat) — ავსტრიული მიწების სამხედრო საბჭო, რომელიც მოგვიანებით იმპერატორის ცენტრალურ სამხედრო უწყება გახდა.

იმპერიის არმია

ოცდაათწლიანი ომის დაწყების პირობებში ფერდინანდ II-მ მიმართა ვალენშტაინის პროფესიონალური არმიის დაქირევებას, რომელიც ინახებოდა დაპყრობილი მიწების კონტრიბუციების ხარჯზე. დაქირავებული მეომრების მიერ მიყენებულმა ზიანმა მთავრებს აიძულა, დათანხმებულიყვნენ არმიის ფორმირებაზე და დაეცვათ საიმპერიო რეფორმის პრინციპები. პირველად საიმპერიო არმია (გერმ. Reichsarmee) შეიქმნა 1630 წელს და გამოიყენებოდა სამხედრო მოქმედებებში შვედებისა და თურქების წინააღმდეგ. 1681 წლის კანონის თანახმად, საიმპერიო არმია უნდა შემდგარიყო 28 ათასი ქვეითი მეომრისა და 12 ათასი ცხენოსნისგან, თანაც პასუხისმგებლობა არმიის ფორმირებასა და შენახვაზე, აგრეთვე იმპერიის ციხე-სიმაგრეების თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებაზე, დაეკისრათ საიმპერიო ოლქებს. საიმპერიო ოლქების გადაწყვეტილებით, სამხედრო მოქმედებების პერიოდში არმიის რიცხოვნება შეიძლებოდა გაზრდილიყო. იმპერატორი უშუალოდ მეთაურობდა და ნიშნავდა უმაღლეს საოფიცრო შემადგენლობას. 1694 წელს რამდენიმე საიმპერიო ოლქის დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება მშვიდობიანობის დროს საიმპერიო არმიის ზოგიერთი ნაწილის ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც შეიქმნა მუდმივი საოლქო ჯარი (გერმ. Kreistruppen), რომელიც არსებობდა ცალკეული სამთავროების არმიებთან ერთად. იმპერატორი აგრეთვე მიმართავდა ტერიტორიული მმართველებისგან სამხედრო კონტინგენტების დაქირავებას.

სამთავროები კვლავინდებურად ცდილობდნენ საიმპერიო არმიის დაკომპლექტებაში თავიანთი მონაწილეობის შეზღუდვას, ამიტომ ისინი საუკეთესო სამხედრო კონტინგენტებს საკუთარი ჯარისთვის ინახავდნენ ან უცხო სახელმწიფოებს მიაქირავებდნენ. მებრძოლებით ვაჭრობა იმპერიის მცირე და საშუალო სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების შემოსავლის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ იქცა (კლასიკური მაგალითია — ჰესენ-კასელი). იმპერიის არმიის სამხედრო მომზადება, შეიარაღება და დისციპლინა აგრეთვე საკმაოდ დაბალ დონეზე რჩებოდა. XVII საუკუნის მიწურულს ფრანგული აგრესიის პერიოდში შვაბიის, ფრანკონიისა და ზემო რაინის ოლქების დახმარებით შეიქმნა საკმაოდ ეფექტიანი მუდმივი საიმპერიო არმია, თუმცა 1740 წელს იგი დაიშალა. შვიდწლიანი ომის დროს კვლავ შექმნილმა საიმპერიო არმიამ გამანადგურებელი მარცხი განიცადა როსბახის ბრძოლაში პრუსიის ჯართან. აგრეთვე წარუმატებელი იყო იმპერიის არმიის მოქმედებები რევოლუციური საფრანგეთის წინააღმდეგ ომებში. არმიის ფორმირებისა და შენახვის წესრიგი უკვე აღარ ეხმიანებოდა იმდროინდელ მოთხოვნებს. 1806 წელს საღვთო რომის იმპერიის დაცემისა და რაინის კავშირის შექმნის შემდეგ იმპერიის არმიამ არსებობა შეწყვიტა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

განხილვები

  • Klaus Herbers, Helmut Neuhaus, Das Heilige Römische Reich – Schauplätze einer tausendjährigen Geschichte (843–1806), Böhlau-Verlag, Köln/Weimar, 2005, ISBN 3-412-23405-2. Invalid ISBN.
  • Klaus Herbers, Helmut Neuhaus, Das Heilige Römische Reich. Ein Überblick, Böhlau-Verlag, Köln, 2010, ISBN 978-3-8252-3298-6.
  • Wilhelm Brauneder, Lothar Höbelt (Hrsg.), Sacrum Imperium. Das Reich und Österreich 996–1806, Amalthea, Wien, 1996, ISBN 3-85002-390-7.
  • Ausstellung Heiliges Römisches Reich Deutscher Nation 962–1806, 29. Ausstellung des Europarates in Magdeburg und Berlin, 2006.
    • Ausstellung erster Abschnitt: Von Otto dem Großen bis zum Ausgang des Mittelalters, In Magdeburg, 2006. Katalog in 2 Bänden von Matthias Puhle, Claus-Peter Hasse (Hrsg.): Band 1: Katalog. Band 2: Essays. Sandstein Verlag Dresden 2006, ISBN 3-937602-68-2. (Gesamtausgabe) Katalog und Essayband im Schuber, ISBN 3-937602-59-3. (Katalog – Museumsausgabe)
    • Ausstellung 2 Abschnitt: Altes Reich und neue Staaten 1495–1806, Dresden, 2006. Katalog hrsg. von Hans Ottomeyer u. a. Band I: Katalog, Band II: Essayband, ISBN 978-3-937602-67-7.
  • Werner Paravicini, Jörg Wettlaufer, Jan Hirschbiegel (Hrsg.), Residenzenforschung. Höfe und Residenzen im spätmittelalterlichen Reich. Grafen und Herren, Thorbecke, Ostfildern, 2012, ISBN 978-3-7995-4525-9.

შუა საუკუნეები

  • Heinz Angermeier, Reichsreform 1410–1555, Beck, München, 1984, ISBN 3-406-30278-5.
  • Johannes Fried, Der Weg in die Geschichte. Die Ursprünge Deutschlands bis 1024, Propyläen, Berlin, 1994 (ND 1998), ISBN 3-549-05811-X.
  • Hagen Keller, Zwischen regionaler Begrenzung und universalem Horizont. Deutschland im Imperium der Salier und Staufer 1024–1250., Propyläen, Berlin, 1986, ISBN 3-549-05812-8.
  • Karl-Friedrich Krieger, König, Reich und Reichsreform im Spätmittelalter (Enzyklopädie Deutscher Geschichte, Band 14), München, 2005, ISBN 3-486-57670-4.
  • Peter Moraw, Von offener Verfassung zu gestalteter Verdichtung. Das Reich im späten Mittelalter 1250 bis 1490., Propyläen, Berlin, 1985, ISBN 3-549-05813-6.
  • Malte Prietzel, Das Heilige Römische Reich im Spätmittelalter, Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 2004, ISBN 3-534-15131-3.
  • Ernst Schubert, König und Reich. Studien zur spätmittelalterlichen deutschen Verfassungsgeschichte (Veröffentlichungen des Max-Planck-Instituts für Geschichte 63), Vandenhoeck & Ruprecht, Göttingen, 1979.
  • Hans K. Schulze, Grundstrukturen der Verfassung im Mittelalter, Kohlhammer, ტ. Bd. 3 (Kaiser und Reich), Stuttgart, 1998, ISBN 3-17-013053-6.
  • Hans K. Schulze, Grundstrukturen der Verfassung im Mittelalter, Kohlhammer, ტ. Bd. 4 (Das Königtum), Stuttgart, 2011.
  • Bernd Schneidmüller, Stefan Weinfurter (Hrsg.), Die Deutschen Herrscher des Mittelalters., Beck, München, 2003, ISBN 3-406-50958-4.
  • Bernd Schneidmüller, Stefan Weinfurter (Hrsg.), Heilig – Römisch – Deutsch. Das Reich im mittelalterlichen Europa. Internationale Tagung zur 29. Ausstellung des Europarates und Landesausstellung Sachsen-Anhalt., Sandstein-Verlag, Dresden, 2006.
  • Bernd Schneidmüller, Die Kaiser des Mittelalters. Von Karl dem Großen bis Maximilian I., C.H. Beck, München, 2006, ISBN 3-406-53598-4.
  • Stefan Weinfurter, Das Reich im Mittelalter. Kleine deutsche Geschichte von 500 bis 1500., C.H. Beck, München, 2008, ISBN 3-406-56900-5.
  • რაპი, ფ. (2009). Священная Римская империя германской нации. Санкт-Петербург: Евразия. ISBN 978-5-8071-0327-7. 
  • გრესინგი, ზ. (2005). Максимилиан I. Москва: АСТ. ISBN 5-17-027939-6. 
  • ხეფერი, მ. (2006). Император Генрих II. Москва: Транзиткнига. ISBN 5-9578-2270-1. 
  • რაპი, ფ. (2007). Svatá říše římská národa německého. Praha. 

ადრეული ახალი პერიოდი

  • Karl Otmar von Aretin, Das Alte Reich 1648–1806, Klett-Cotta, ტ. 4 Bde, Stuttgart, 1993–2000, ISBN 3-608-91043-3.
  • Johannes Burkhardt, Vollendung und Neuorientierung des frühmodernen Reiches, ტ. (Gebhardt: Handbuch der Deutschen Geschichte Bd.11), Stuttgart, 2006, ISBN 3-608-60011-6.
  • Axel Gotthard, Das Alte Reich 1495–1806., Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt, 2003, ISBN 3-534-15118-6.
  • Julia Haas, Die Reichstheorie in Pufendorfs „Severinus de Monzambano“: Monstrositätsthese und Reichsdebatte im Spiegel der politisch-juristischen Literatur von 1667 bis heute, Duncker & Humblot, Berlin, 2006, ISBN 978-3-428-12315-5.
  • Peter Claus Hartmann, Das Heilige Römische Reich deutscher Nation in der Neuzeit 1486–1806, Reclam, Stuttgart, 2005, ISBN 3-15-017045-1.
  • Peter Claus Hartmann, Kulturgeschichte des Heiligen Römischen Reiches 1648–1806. Verfassung. Religion. Kultur, Böhlau, Wien, 2011, ISBN 978-3-205-78684-9.
  • Edgar Liebmann, Das Alte Reich und der napoleonische Rheinbund // Handbuch der europäischen Verfassungsgeschichte. Institutionen und Rechtspraxis im gesellschaftlichen Wandel. / In: Peter Brandt, Martin Kirsch, Arthur Schlegelmilch (Hrsg.):, Verlag J.H.W. Dietz Nachf., ტ. Bd. 1: Um 1800, Bonn, 2006. — გვ. 640–683, ISBN 978-3-8012-4140-7.
  • Helmut Neuhaus, Das Reich in der frühen Neuzeit, ტ. Enzyklopädie Deutscher Geschichte, Band 42, München, 2003, ISBN 3-486-56729-2.
  • Anton Schindling, Walter Ziegler (Hrsg.), Die Kaiser der Neuzeit 1519–1918. Heiliges Römisches Reich, Österreich, Deutschland, Beck, München, 1990, ISBN 3-406-34395-3.
  • Georg Schmidt, Geschichte des Alten Reiches. Staat und Nation in der Frühen Neuzeit 1495–1806, Beck, München, 1999, ISBN 3-406-45335-X.
  • Barbara Stollberg-Rilinger, Das Heilige Römische Reich Deutscher Nation. Vom Ende des Mittelalters bis 1806, 5., aktualisierte Auflage, München: C.H. Beck, 2013, ISBN 978-3-406-53599-4.
  • Joachim Whaley, Germany and the Holy Roman Empire. Volume I: Maximilian I to the Peace of Westphalia 1493–1648., Oxford University Press, Oxford, 2012, ISBN 978-0-19-873101-6.
  • Joachim Whaley, Germany and the Holy Roman Empire. Volume II: The Peace of Westphalia to the Dissolution of the Reich 1648–1806., Oxford University Press, Oxford, 2012, ISBN 978-0-19-969307-8.
  • Schindling, A. (1980). Der Westfälische Frieden und der Reichstag // Politische Ordnungen und soziale Kräfte im alten Reich. Wiesbaden: Hermann Weber. 

რესურსები ინტერნეტში

რუკები

კომენტარები

  1. თუმცა უფრო ხშირად ოტო I და მისი უახლოესი მემკვიდრეები იყენებდნენ ტიტულს imperator augustus.
  2. უზენაესი საერო და სასულიერო საწყისების იმპერატორის პიროვნებაში გაერთიანებას ჰქონდა ბიზანტიური ფესვები, თუმცა ძველი რომის მემკვიდრედ წოდებისთვის ბრძოლაში ბიზანტია ეწინააღმდეგებოდა საღვთო რომის იმპერიას და გერმანელ მონარქებში არ აღიარებდა რომის იმპერატორის ტიტულს.
  3. „მესამე გერმანიის“ ქვეშ იგულისხმება ქალაქების, მცირე საიმპერიო საგრაფოებისა და რაინდების გერმანია, იმპერატორის „პირველი გერმანიისა“ და კურფიურსტების „მეორე გერმანიის“ საპირისპიროდ.
  4. ცნობილია, რომ იმპერატორმა ფრანც I-მა ჯერ კიდევ 1745 წელს ინგლისის ელჩს ჰკითხა: „ღირს კი იმპერატორის გვირგვინი სილეზიის დაკარგვად?“
  5. ლუი XIV-ის შუა საუკუნეების გამონათქვამი: „სახელმწიფო — ეს მე ვარ“.
  6. კორონაცია მიმდინარეობა აახენში, მილანსა და არლში, შესაბამისად.
  7. იმპერატორად კორონირება მხოლოდ კარლ V-მ შეძლო.
  8. ჰუსიტური ომებიდან 1708 წლამდე ჩეხეთის მეფის კურფიურსტული უფლებამოსილებები შეიზღუდა მარტოოდენ იმპერატორის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებამდე.
  9. პფალცმა კვლავ დაკარგა საკურფიურსტოს სტატუსი 1777 წელს, ბავარიასთან გაერთიანების შემდეგ.
  10. ამგვარად, მაგალითად, ჰანოვერის კურფიურსტი XVIII საუკუნის ბოლოს ფლობდა ექვს ხმას საიმპერიო მთავრების საბჭოში.
  11. მაინცის, კელნისა და ბეზანსონის არქიეპისკოპოსები, შესაბამისად.
  12. 1515 წელს მაქსიმილიან I-ის ვალი იაკობ ფუგერისთვის შეადგენდა 800 000 ფლორინს. იხილეთ რაპი ფ., გერმანული ერის საღვთო რომის იმპერია / ფრანგულიდან თარგმნა მ.ვ. კოვალკოვამ, სპბ.: ევრაზია, 2009. — გვ. 382. 427 გვ, ISBN 978-5-8071-0327-7..
  13. რენესანსის დროინდელი დაქირავებული გერმანელი ქვეითი ჯარისკაცები

სქოლიო

  1. რაპი, 2009, გვ. 65
  2. Moraw, P. Heiliges Reich. // Lexikon des Mittelalters, Bd. 4.
  3. ArtOfWar. ალექსანდრ არნოლდოვიჩ მაგერამოვი. თავი 1. დიდი იმპერიის სამხედრო ტყვეები ციმბირის სახაზო კაზაკური ჯარის სამსახურში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 7 მაისი 2011.
  4. რაპი, 2009, გვ. 15—35
  5. რაპი, 2009, გვ. 64—65
  6. რაპი, 2009, გვ. 63
  7. რაპი, 2009, გვ. 64
  8. რაპი, 2009, გვ. 138
  9. რაპი, 2009, გვ. 121
  10. რაპი, 2009, გვ. 158
  11. რაპი, 2009, გვ. 168—170
  12. რაპი, 2009, გვ. 184—206
  13. რაპი, 2009, გვ. 213—229
  14. რაპი, 2009, გვ. 248—249
  15. რაპი, 2009, გვ. 241—242
  16. რაპი, 2009, გვ. 235
  17. რაპი, 2009, გვ. 232—233
  18. რაპი, 2009, გვ. 234
  19. გრესინგი, 2005, გვ. 112—113
  20. გრესინგი, 2005, გვ. 217—220
  21. 21.0 21.1 მაქსიმილიან I. ენციკლოპედია „Кругосвет“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2009-12-23.
  22. გრესინგი, 2005, გვ. 185—186
  23. გრესინგი, 2005, გვ. 114—115, 252—254
  24. ო. ეგერი. მსოფლიო ისტორია (ტომი 3. ახალი ისტორია). წიგნი პირველი. რეფორმაცია გერმანიაში 1517-1555. მეექვსე თავი. ჰუმერის ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 7 მაისი 2011.
  25. ო. ეგერი. მსოფლიო ისტორია (ტომი 3. ახალი ისტორია). წიგნი პირველი. რეფორმაცია და ანტირეფორმაცია 1555-1618. თავი მეექვსე. ჰუმერის ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 8 მაისი 2011.
  26. ო. ეგერი. მსოფლიო ისტორია (ტომი 3. ახალი ისტორია). წიგნი მესამე. ოცდაათწლიანი ომის პერიოდი. თავი პირველი. ჰუმერის ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 8 მაისი 2011.
  27. ფოლკერ პრესი, Kriege und Krise. Deutschland 1600—1715., München, 1991..
  28. 28.0 28.1 Schindling, 1980
  29. გ. შმიდტი, Der Dreissigjährige Krieg., München, 1997..
  30. 30.0 30.1 30.2 ო. ეგერი. მსოფლიო ისტორია (ტომი 3. ახალი ისოტირა). წიგნი მეოთხე. ლუდოვიკო XIV-ის საუკუნე. თავი მეექვსე. ჰუმერის ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 8 მაისი 2011.
  31. ო. ეგერი. მსოფლიო ისტორია (ტომი 3. ახალი ისტორია). წიგნი მეექვსე. ფრიდრიხ დიდის საუკუნე. თავი პირველი. ჰუმერის ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2011-05-10.
  32. ო. ეგერი. მსოფლიო ისტორია (ტომი 3. ახალი ისტორია). წიგნი მეექვსე. ფრიდრიხ დიდის საუკუნე. თავი პირველი. ჰუმერის ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 8 მაისი 2011.
  33. იხილეთ, მაგალითად, Шмидт, А., Карл VII. // Кайзеры., Ростов-на-Дону, 1997..
  34. ო. ეგერი. მსოფლიო ისტორია (ტომი 4. უახლესი ისტორია). წიგნი პირველი. რევოლუცია საფრანგეთში 1789-1799. თავი მეექვსე. ჰუმერის ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 8 მაისი 2011.
  35. ციტ. Kubin, E. Die Reichskleinodien, Ihr tausendjähriger Weg, Wien und München 1991, ISBN 3-85002-304-4.
  36. ო. ეგერი. მსოფლიო ისტორია (ტომი 4. უახლესი ისტორია). წიგნი მეორე. საკონსულო და იმპერია. თავი მესამე. ჰუმერის ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 9 მაისი 2011.
  37. ციტ: Hartmann, P. C., Das Heilige Römische Reich deutscher Nation in der Neuzeit 1486-1806., Stuttgart, 2005, ISBN 3-15-017045-1..
  38. Severinus von Monzambano (სამუელ პუფენდორფის ფსევდონიმი), De statu Imperii Germanici Liber unus, Женева, 1667.. ციტ: Прокопьев, А. Ю., Германия в эпоху религиозного раскола: 1555—1648., СПб, 2002..
  39. ციტ: Wesel, U., Geschichte des Rechts. Von den Frühformen bis zur Gegenwart., München, 2001..
  40. 40.0 40.1 40.2 40.3 Властные институты и должности в Европе / პასუხისმგებელი რედ. Т. П. Гусарова, М.: КД, 2011. — გვ. 125—126, ISBN 978-5-98227-773-2.
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 41.4 41.5 Властные институты и должности в Европе / პასუხისმგებელი რედ. Т. П. Гусарова, М.: КД, 2011. — გვ. 131—136, ISBN 978-5-98227-773-2.
  42. Видукинд Корвейский, Деяния саксов, кн. II = ლათ. Res Gestae Saxonicarum, ტ. 2, М.: Наука, 1975. — გვ. 2.
  43. Титмар Мерзебургский, Хроника, кн. II / Пер. с лат. И. М. Дьяконова, ტ. 2, М.: SPSL — «Русская панорама», 2005, ISBN 5-93165-075-X.
  44. ხეფერი, 2006, გვ. 153
  45. რაპი, 2009, გვ. 127
  46. რაპი, 2007
  47. რაპი, 2009, გვ. 290
  48. Прокопьев А. Ю., Германия в эпоху религиозного раскола: 1555—1648., СПб, 2002.
  49. 49.0 49.1 49.2 Властные институты и должности в Европе в Средние века и раннее Новое время / отв. ред. Т. П. Гусарова, М.: КДУ, 2011. — გვ. 127—130, ISBN 978-5-98227-773-2.
  50. რაპი, 2009, გვ. 200—201
  51. რაპი, 2009, გვ. 287
  52. რაპი, 2009, გვ. 300
  53. ხეფერი, 2006, გვ. 41
  54. რაპი, 2009, გვ. 132