რესტიტუციური ედიქტი
რესტიტუციური ედიქტი (გერმ. Restitutionsedikt) ან ედიქტი რესტიტუციის შესახებ — დადგენილება, რომელიც 1629 წლის 6 მარტს გამოსცა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა, ფერდინანდ II-მ. წარმოადგენდა 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავის რელიგიური და ტერიტორიული დადგენილებების აღდგენის მცდელობას. პროკათოლიკური თვალსაზრისის მიხედვით, აუგსბურგის ზავში დართული შენიშვნა „Reservatum ecclesiasticum“ კრძალავდა მომავალში კათოლიკური მიწების სეკულარიზაციას (1555 წლის შემდეგ კათოლიკური მიწების პროტესტანტების ძალაუფლების ქვეშ გადაცემა იკრძალებოდა). თუმცა იმპერატორის ძალაუფლების სისუსტის გამო ათწლეულების მანძილზე „Reservatum ecclesiasticum“ არ მოქმედებდა. ამან გამოიწვია რამდენიმე მთავრის მიწების სეკულარიზაცია.