ბრანდენბურგის საკურფიურსტო

(გადამისამართდა გვერდიდან ბრანდენბურგის მარკსაგრაფო)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბრანდენბურგი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბრანდენბურგის საკურფიურსტო (გერმ. Markgrafschaft Brandenburg) — საღვთო რომის იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჰერცოგო, რომელიც 1157 წლიდან ლიკვიდაციამდე, 1806 წლამდე, არსებობდა. ასევე ცნობილია ბრანდენბურგის მარკის (გერმ. Mark Brandenburg) სახელით. ამ საჰერცოგომ გერმანიისა და ცენტრალური ევროპის ისტორიაში საკვანძო როლი შეასრულა. ბრანდენბურგი განვითარდა ჩრდილოეთის მარკისგან ვენდთა განსახლების არეალში. ამ ტერიტორიის მმართველმა მარკგრაფებმა 1356 წლის ოქროს ბულით პრესტიჟული, კურფიურსტის ტიტული მიიღეს, რაც მათ საღვთო რომის იმპერატორის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ანიჭებდა. ამ სახელმწიფოს ბრანდენბურგის საკურფიურსტოს სახელითაც იცნობდნენ (გერმ. Kurfürstentum Brandenburg).

ბრანდენბურგის საკურფიურსტო 1320 წელს

ჰოენცოლერნები ტახტზე 1415 წელს ავიდნენ. მათი მმართველობით ბრანდენბურგი სწრაფად ვითარდებოდა და XVII საუკუნეში პრუსიის საჰერცოგო მიიღო. ბრანდენბურგ-პრუსიის ახალშექმნილი სახელმწიფო XVIII საუკუნეში პრუსიად გადაიქცა, რომელიც ავსტრიის ტოლად მთელი ერთი საუკუნის მანძილზე წამყვანი გერმანული სახელმწიფო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სახელმწიფოს მმართველთა ტიტული „პრუსიის მეფე“ იყო, გაერთიანებული სახელმწიფოს ცენტრად ბრანდენბურგის დედაქალაქი ბერლინი რჩებოდა. ბრანდენბურგის საკურფიურსტო არქაულ საღვთო რომის იმპერიასთან ერთად 1806 წელს იქნა ლიკვიდირებული, თუმც 1815 წელს ის პრუსიის ბრანდენბურგის პროვინციამ ჩაანაცვლა. ჰოენცოლერნთა დინასტიის მიერ მართულმა პრუსიამ 1871 წელს გერმანიის გაერთიანება მოახერხა, დღეისათვის სახელდება „ბრანდენბურგის მარკა“ გერმანიაში ბრანდენბურგის მიწის აღსანიშნავად გამოიყენება არაოფიციალურად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • H.W. Koch (1978). A History of Prussia. New York: Barnes & Noble Books, გვ. 326. ISBN 0-88029-158-3. 
  • ჰ.ვ. კოხი. „პრუსიის ისტორია“, გამომც. Barnes & Noble Books, ნიუ-იორკი, 1978 წ. გვ. 326

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება