ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის
ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის | |||
---|---|---|---|
ფონტენუის ბრძოლა (1745 წ.) | |||
თარიღი | 16 დეკემბერი, 1740 – 18 ოქტომბერი, 1748 | ||
მდებარეობა | ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ინდოეთი | ||
შედეგი | აახენის მეორე ზავი | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
პრუსიის კონტროლი სილეზიაზე | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ვიკისაწყობში |
ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის (1740–1748) — ხანგრძლივი სამხედრო კონფლიქტი ევროპის სახელმწიფოებს შორის, დაწყებული იმპერატორ კარლ VI ჰაბსბურგის გარდაცვალების შემდეგ (1740 წლის 20 ოქტომბერი).
1713 წელს ავსტრიის იმპერატორმა კარლ VI ჰაბსბურგმა პრაგმატული სანქციით, ავსტრიის დაყოფილი სახელმწიფო განუყოფლად გამოაცხადა, ხოლო ძის არყოლის გამო ტახტი თავის ქალიშვილს მარია ტერეზიას უნდა გადასცემოდა. მარია ტერეზიას – ტოსკანის დიდი ჰერცოგის ფრანც ლოთარინგიელის მეუღლეს ერთობ სავალალო მდგომარეობაში მოუწია სახელმწიფოს მართვა: ცალკეულ, დაყოფილ სამფლობელოებს ერთმანეთთან ძალზე სუსტი ძაფი აკავშირებდა, შეიძლება ითქვას, მხოლოდ და მხოლოდ მონარქის პიროვნულობა. თითოეულ სამფლობელოს თავისი წოდებრივი ორგანიზაცია ჰყავდა. ცენტრალური ხელისუფლება განაგებდა მხოლოდ სამხედრო, საფინანსო და საგარეო საქმეებს.
მხარეთა პრეტენზიები
რედაქტირებამარია ტერეზიას ტახტზე ასვლისთანავე პრუსიამ და საფრანგეთმა ბავარიასთან, საქსონიასთან, ესპანეთთან და პიემონტთან ერთად ომი გამოუცხადა ავსტრიას. ომის უმთავრესი მიზეზი იყო ავსტრია-საფრანგეთისა და ინგლის-საფრანგეთის წინააღმდეგობები, პრუსიის აგრესიული მისწრაფებები და ქიშპი ცენტრალური ევროპის ჰეგემონობაზე.
საფრანგეთს თავისი პოლიტიკური პრეტენზიები გააჩნდა – ავსტრიის ნიდერლანდების ხელში ჩაგდება და თავისი მოკავშირის ბავარიის კურფიურსტის კარლ VII ალბრეხტის (1742–1745) „გერმანელი ერის რომის წმინდა იმპერიის“ იმპერატორად დასმა, რაც შეეხება ავსტრიის იტალიურ სამფლობელოებს, მათზე პრეტენზიას ესპანეთი აცხადებდა.
ომის მსვლელობა
რედაქტირება1740 წლის 16 დეკემბერს ფრიდრიხ II პრუსიელი აცხადებდა პრეტენზიას სილეზიაზე და თავისი არმიით სილეზიაში შეიჭრა. 1741 წლის იანვარში მთელი სილეზია პრუსიის ხელში გადავიდა. 10 აპრილს ავსტრიელები მოლვიცთან დამარცხდნენ.
მტრულ გარემოცვაში მოქცეულ ავსტრიას მხარი ინგლისმა, ნიდერლანდებმა და 1746 წლიდან რუსეთმაც დაუჭირა. ამგვარად ავსტრიული მემკვიდრეობისათვის გამართულ ომში ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა ჩართული. ომის მიწურულს სამხედრო ოპერაციების მთავარმა ასპარეზმა ავსტრიის ნიდერლანდებში გადაინაცვლა, სადაც მორიც საქსონელის სარდლობით შეჭრილმა საფრანგეთის არმიამ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა ავსტრია-ინგლისის ჯარებზე ფონტენუასთან – 1745 წლის 11 მაისს, როკუსთან – 1746 წლის 11 ოქტომბერს და ლაუფელდთან – 1747 წლის 2 ივლისს. საფრანგეთის ჯარებმა დაიკავეს ციხესიმაგრეები – ანტვერპენი და მონსი.
ომის დასასრული
რედაქტირებაავსტრიული მემკვიდრეობისათვის წარმართული ომი 1748 წლის 18 ოქტომბრის აახენის მეორე ზავით დასრულდა. ამ ზავით ავსტრია კვლავ ინარჩუნებდა სამფლობელოთა დიდ ნაწილს, ტახტზე მარია ტერეზიას უფლებებიც აღიარეს, ავსტრიის იტალიურ სამფლობელოთა ნაწილი ესპანეთს გადაეცა, სილეზიის დიდი ნაწილი კი პრუსიამ შეიერთა.
აახენის ზავმა, ფაქტობრივად, ვერ მოაგვარა ევროპის სახელმწიფოთა პოლიტიკური კონფლიქტები, რამაც, სულ რაღაც 9 წლის შემდეგ, ევროპაში მორიგი, შვიდწლიანი ომი (1756–1763) გააჩაღა, რომელიც მარია ტერეზიამ რუსეთთან კავშირში სილეზიის დასაბრუნებლად წამოიწყო ფრიდრიხ II პრუსიელთან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის“ ვიკისაწყობში.
- ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის (რუსული)
ლიტერატურა
რედაქტირება- უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. 2, თბ. 2008 წ., გვ. 530-532