პფალცური მემკვიდრეობა
პფალცური მემკვიდრეობა, პფალცის მემკვიდრეობისათვის ომი, ორლეანის ომი (ფრანგ. Guerre de la Ligue d'Augsbourg) — 1688-1697 წლების ომი საფრანგეთსა და ევროპის სახელმწიფოების კოალიციას – ე. წ. აუგსბურგის ლიგას შორის. დაიწყო 1688 წლის სექტემბერში პფალცში ლუი XIV-ის ჯარების შეჭრით, რომელმაც პფალცის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე პრეტენზიების საბაბად თავისი ძმის ცოლის (1685 წელს გარდაცვლილი პფალცის კურფიურსტის კარლის ასულის) ინტერესების დაცვა გამოაცხადა. საომარი მოქმედება გერმანიის სხვა რაიონებში, ნიდერლანდსა და ესპანეთშიც გავრცელდა. საფრანგეთის ჯარები 1688-1691 წლებში გაიგზავნა ირლანდიაშიც ანტიინგლისური აჯანყების დასახმარებლად, ომი ზღვაზეც (ამერიკის ნაპირებამდე) წარმოებდა. საფრანგეთის არმიამ მოიპოვა მთელი რიგი დიდი გამარჯვებები ფლერიუსთან (1690 წ.), სტენკერკენთან (1692), ნერვინდენთან (1693 წ.), მაგრამ 1692 წლის 29 მაისს დამარცხდა ინგლის-ჰოლანდიის გაერთიანებულ ფლოტთან ბრძოლაში ააგის კონცხთან. პფალცური მემკვიდრეობის ომი რიისვიკის ზავით დასრულდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 236.