მარია ტერეზია (გერმ. Maria Theresia; დ. 13 მაისი, 1717, ვენა, ავსტრია — გ. 29 ნოემბერი, 1780, ვენა, ავსტრია) —ჰაბსბურგთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი და ჰაბსბურგთა მონარქიის პირველი ქალი მმართველი. ავსტრიის, უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიის, ტრანსილვანიის, მანტუის, მილანის, ლოდომერიის, გალიციის, ავსტრიული ნიდერლანდებისა და პარმის სუვერენული მმართველი. საღვთო რომის იმპერატრიცა, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია და ლოთარინგიის ჰერცოგინია ფრანც I შტეფანზე ქორწინების შედეგად.

მარია ტერეზია
საღვთო რომის იმპერატრიცა
გერმანიის დედოფალი
კორონაცია: 13 სექტემბერი, 1745
მმართ. დასაწყისი: 13 სექტემბერი, 1745
მმართ. დასასრული: 18 აგვისტო, 1765
წინამორბედი: მარია ამალია ავსტრიელი
მემკვიდრე: მარია იოზეფა ბავარიელი
ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი, ლუქსემბურგის, ბრაბანტის, ლიმბურგის, ლოთერისა და მილანის ჰერცოგინია, ფლანდრიის, ენოსა და ნამიურის გრაფინია
კორონაცია: 25 ივნისი, 1741
მმართ. დასაწყისი: 20 ოქტომბერი, 1740
მმართ. დასასრული: 29 ნოემბერი, 1780
წინამორბედი: კარლ III
მემკვიდრე: იოზეფ II
ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 ოქტომბერი, 1740 (პირველად)
12 მაისი, 1743 (მეორედ)
მმართ. დასასრული: 19 დეკემბერი, 1741 (პირველად)
29 ნოემბერი, 1780 (მეორედ)
წინამორბედი: კარლ II (პირველად)
კარლ III (მეორედ)
მემკვიდრე: კარლ III (პირველად)
იოზეფ II (მეორედ)
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 20 ოქტომბერი, 1740
მმართ. დასასრული: 18 ოქტომბერი, 1748
წინამორბედი: კარლო II
მემკვიდრე: ფილიპე I
ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 12 თებერვალი, 1736
მმართ. დასასრული: 9 ივლისი, 1737
წინამორბედი: ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელი
მემკვიდრე: კატარინა ოპალინსკა
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 9 ივლისი, 1737
მმართ. დასასრული: 18 აგვისტო, 1765
წინამორბედი: ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელი
მემკვიდრე: მარია ლუისა ესპანელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 მაისი, 1717
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრია
გარდ. თარიღი: 29 ნოემბერი, 1780, (63 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი
(ქ. 1736 - გარდ. 1765)
შვილები: მარია ანა
იოზეფ II, საღვთო რომის იმპერატორი
მარია კრისტინა, ტეშენის ჰერცოგინია
მარია ელიზაბეთი
მარია ამალია, პარმის ჰერცოგინია
ლეოპოლდ II, საღვთო რომის იმპერატორი
მარია იოჰანა
მარია იოზეფა
მარია კაროლინა, ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი
ფერდინანდ კარლი, ჰაბსბურგ-ესტეს ერცჰერცოგი
მარია ანტონია, საფრანგეთის დედოფალი
სრული სახელი: მარია ტერეზია ვალბურგა ამალია კრისტინა
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: კარლ VI, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

მან თავისი ორმოცწლიანი მმართველობა 1740 წლის ოქტომბერში, მამის, იმპერატორ კარლ VI-ის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მამამისმა მისი მემკვიდრეობა ჯერ კიდე 1713 წლის პრაგმატული სანქციის გამოცემით დაამტკიცა. მან ეს პრინცი ევგენი სავოიელის რჩევით გააკეთა. მიუხედავად მისი ამ მცდელობისა, მარია ტერეზიას ტახტზე მისი ბიძაშვილი მარია ამალია ედავებოდა, რომელსაც საფრანგეთი, ბოჰემია, პრუსია, საქსონია და ბავარია მიემხრო, რასაც მოჰყვა ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის. მართალია ომში მარია ტერეზიამ გაიმარჯვა, მაგრამ ომის განმავლობაში მეფე ფრიდრიხ II-თან დაკარგა სილეზია, რომლის დასაბრუნებლადაც იგი შემდგომში შვიდწლიან ომშიც ჩაება, მაგრამ უშედეგოდ.

მარია ტერეზიასა და მის ქმარს, იმპერატორ ფრანც I შტეფანს თერთმეტი ქალიშვილი ჰყავდათ, მათ შორის იყვნენ საფრანგეთის დედოფალი, ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი და პარმის ჰერცოგინია. ამას გარდა ხუთი ვაჟი ჰყავდათ, მათ შორის ორი იმპერატორი: იოზეფ II და ლეოპოლდ II. მათი თექვსმეტი შვილიდან სულ ათი გადაურჩა ბავშვობაში დაღუპვას. იგი სიცოცხლეშივე უზიარებდა თავის ქმარსა და იოზეფს ძალაუფლებას, მის შემდეგ კი შეიქმნა ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტია, რომლის წარმომადგენლებიც XX საუკუნის პირველ ნახევრამდე მართავდნენ იმპერიას.

მარია ტერეზია ავსტრიაში აქტიურად ეწეოდა განმანათლებლობის პროპაგანდას. ასევე მას ეკუთვნის მრავალი ფინანსური თუ საგანმანათლებლო რეფორმა. იგი ასევე მხარს უჭერდა ავსტრიული აგრიკულტურისა და სამხედრო ძალების მოდერნიზებას. მიუხედავად ამისა, მას სძულდა პროტესტანტები და ებრაელები, რის გამოც მისი მმართველობის პერიოდში კვლავ გრძელდებოდა მათი დევნა ჰაბსბურგთა სამფლობელოებში. ამასთან ერთად, სწორედ მის პერიოდში დაიწყო ავსტრიაში რელიგიური პლურალიზმის ჩასახვა.

დაბადება და ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
მარია ტერეზია 3 წლის ასაკში

მარია ტერეზია დაიბადა 1717 წლის 13 მაისს ვენაში, თავისი უფროსი ძმის, ერცჰერცოგ ლეოპოლდის დაღუპვიდან ერთ წელიწადში. იგი იყო საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის უფროსი ქალიშვილი. იგი იმავე დღის საღამოს მონათლეს კათოლიკედ. მისი ნათლიები იყვნენ ბებიამისი, დედა-დედოფალი ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი და ბიძამისის, იმპერატორ იოზეფ I-ის ქვრივი, დედოფალი ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი. ცნობილია, რომ მის ნათლობას მისი ბიძაშვილები, მარია ამალია და მარია იოზეფაც დაესწრნენ. უკვე ცხადი იყო, რომ მარია ტერეზიამ ისინი, როგორც მემკვიდრეები ჩაანაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ბაბუამისმა, ლეოპოლდ I-მა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ტახტზე უპირატესობას უფროსი ვაჟის ქალიშვილებს ანიჭებდა. მამამისი ჰაბსბურგთა დინასტიის უკანასკნელი მამაკაცი იყო, რის გამოც იმედოვნებდა, რომ ჯერ კიდევ შეეძლო დინასტიის გაქრობის თავიდან არიდება და ცოლთან ვაჟის გაჩენა. ამრიგად, მარია ტერეზიას დაბადებამ ავსტრიელებში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, რომლის დაძლევაც მამამისმა ვერასდროს შეძლო.

მარია ტერეზამ თავისი გაჩენით მემკვიდრეთა სიაში ჩაანაცვლა თავისი ბიძაშვილი მარია იოზეფა. ეს იმით იყო განპირობებული, რომ ჯერ კიდევ 1713 წელს კარლ VI-მ გამოსცა პრაგმატული სანქცია, რომლის მიხედვითაც თუ მას ქალიშვილი შეეძინებოდა ტახტზე უპირატესობა მას ექნებოდა და არა მის ძმისწულებს. კარლ VI ამ სანქციის აღიარებას მთელი ევროპისაგან მოითხოვდა, თუმცა ბრიტანეთმა მხოლოდ 1731 წელს, ოსტავსტრიის საზღვაო კომპანიის გაუქმების შემდეგ აღიარა. საბოლოო ჯამში მარია ტერეზიას მემკვიდრეობა აღიარა დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, საქსონიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, პრუსიამ, რუსეთმა, დანიამ, სარდინიამ, ბავარიამ და რამდენიმე გერმანელმა თავადმა. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით საფრანგეთმა, პრუსიამ, ესპანეთმა, საქსონიამ და ბავარიამ აღიარება უარყვეს და მარია ამალიას მიემხრნენ.

 
ერცჰერცოგინია მარია ტერეზია 1727 წელს

მისი გაჩენიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში დედამისმა კიდევ ერთი ქალიშვილი, მარია ანა გააჩინა, რასაც  1724 წელს მესამე გოგონა, მარია ამალია მოჰყვა, თუმცა იგი ჩვილობაში დაიღუპა. როგორც იმპერიული პორტრეტებიდან ირკვევა მარია ტერეზიაცა და მარია ანაც გარეგნულად დედას ჰგავდნენ. პრუსიის ელჩმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა „დიდი ცისფერი თვალები, წითური თმა, ლამაზი ტუჩები და ძლიერი სხეული. ჰაბსბურგთა დინასტიის სხვა წარმომადგენელთაგან განსხვავებით, მარია ტერეზიას მშობლებთან და ბებია-ბაბუასთან მჭიდრო კავშირი არ ჰქონია.“

მარია ტერეზია სერიოზული და თავშეკავებული ბავშვი იყო, რომელსაც ეხერხებოდა მშვილდოსნობა და სიმღერა. მას მამაკაცივით ჯირითი ეკრძალებოდა, თუმცა ამ საქმეში უნარ-ჩვევებს მაინც იმუშავებდა. იგი ასევე ხშირად მონაწილეობდა კარლ VI-ის დადგმულ სამეფო სპექტაკლებში. მისი განათლების პროცესს იეზუიტი ბერები მეთვალყურეობდნენ. ავსტრიელები მიიჩნევდნენ, რომ იგი ლათინურს უბადლოდ ფლობდა, თუმცა იეზუიტებმა კარგად სხვა ვერაფერი ასწავლეს. მას ცუდი კალიგრაფია ჰქონდა, ასევე მისი პუნქტუაცია და ოფიციალური მანერები არ იყო დახვეწილი, რაც მისი წინაპარი ჰაბსბურგებისათვის არ იყო დამახასიათებელი. მარია ტერეზიას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გრაფინია კაროლინა ფონ ფუხს-მოლარდთან, რომელიც მას ეტიკეტს ასწავლიდა. გარდა ცეკვის, ხატვისა და მუსიკისა, მარია ტერეზიას ასწავლიდნენ ქცევებს, რომელიც მომავალ დედოფალს სჭირდებოდა. მამამისის მოთხოვნით იგი 14 წლის ასაკიდან ესწრებოდა საიმპერატორო საბჭოს სხდომებს, თუმცა სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში არასოდეს რთავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორმა კარლმა მთელი თავისი უკანასკნელი წლები მარია ტერეზიას მემკვიდრეობის უზრუნველყოფას შეალია, რეალურად მას არასოდეს უზრუნია იმაზე, რომ თავისი ქალიშვილისაგან კარგი მმართველი ექცია.

ქორწინება

რედაქტირება

მარია ტერეზიას დაქორწინების საკითხი აქტუალური იყო ჯერ კიდევ მის ბავშვობაში. მის პირველ საქმროდ მოიაზრებოდა პრინცი ლეოპოლდ კლემენტი, ლოთარინგიის ჰერცოგ ლეოპოლდ I-ისა და ჰერცოგინია ელიზაბეტ შარლოტ ორლეანელის უფროსი ვაჟი. 1723 წელს ისინი ერთმანეთს ვენაში შეახვედრეს და ნიშნობაც იგეგმებოდა, მაგრამ პრინცი მოულოდნელად გარდაიცვალა ყვავილის ვირუსით.

ამის შემდეგ ავსტრიელებმა ვენაში პრინცის უმცროსი ძმა, ფრანც შტეფანი მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ ფრანც შტეფანსა და მარია ტერეზიას ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ, კარლ VI სხვა საქმროს გამოძებნას მაინც ცდილობდა. მას ძალიან უნდოდა პრუსიასთან კავშირი შეექმნა, თუმცა რელიგიური განსხვავება ხელს უშლიდა მისი ასულისა და პრინცი ფრიდრიხის ქორწინებას. 1725 წელს კარლმა ესპანელ ბურბონებთან ორმაგი დინასტიური ქორწინება განიზრახა, რის გამოც მარია ტერეზია ტახტის მემკვიდრეზე, პრინც კარლოსზე დანიშნა, ხოლო ერცჰერცოგინია  მარია ანა კარლოსის ძმაზე, ინფანტ ფილიპეზე. ქორწინება შედგებოდა კიდეც, თუმცა ევროპულმა ძალებმა არ დაუშვეს ავსტრიისა და ესპანეთის ისევ დაახლოვება, რის გამოც ესპანეთის დედოფალმა ისაბელ ფარნეზემ ნიშნობა გააუქმა.

 
მარია ტერეზიასა და ფრანც შტეფანის ქორწილი

ესპანელებთან ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ ვენაში კვლავ გაიხსენეს ფრანც შტეფან ლოთარინგიელი, რომელიც საიმპერატორო კარზე 1729 წლამდე დარჩა. მას შემდეგ, რაც მან ლოთარინგიის ტახტი დაიკავა ფრანსუა III-ის სახელით, საბოლოოდ გადაწყდა მისი და მარია ტერეზიას დაქორწინება, თუმცა მათი ნიშნობა მხოლოდ 1736 წლის 31 იანვარს, პოლონური მემკვიდრეობის ომის დაწყების გამო შედგა. საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ მოითხოვა, რომ მარია ტერეზიას საქმრო დაეთანხმებინა ლოთარინგიის დათმობაზე, რათა იქ ტახტზე თავისი სიმამრი, წარსულში პოლონეთის მეფე სტანისლავ I დაესვა, სანაცვლოდ კი იგი პოლონეთზე უარს იტყოდა. ამას დაერთო ტოსკანის დიდ ჰერცოგ ჯან გასტონე მედიჩის უშვილოდ გარდაცვალება, რითაც შეწყდა მედიჩების დინასტია და ევროპაში კიდევ ერთი ტახტი განთავისუფლდა. ამგვარ პირობებში, 1736 წლის 12 თებერვალს მარია ტერეზია და ფრანც შტეფანი დაქორწინდნენ.

ლოთარინგიის ახალ ჰერცოგინიას თავისი ქმარი ძლიერ უყვარდა, რაც მათი წერილებიდანაც ირკვევა, რომლებშიც მარია ტერეზია მის ნახვას მოუთმენლად ელის. მეორეს მხრივ მის წერილებს სტერეოტიპულად და ფორმალურად მიიჩნევენ. იგი ქმარზე ძალიან ეჭვიანობდა, რაც მათი ქორწინების ძირითადი პრობლემა იყო. ფრანც შტეფანს ყოველთვის ჰქონდა რომანი, თუმცა აღსანიშნავია აურსპერგის პრინცესა მარია ვილჰელმინა, რომელიც მარია ტერეზიას ძლიერ მეტოქედ მოევლინა.

ჯან გასტონე მედიჩის გარდაცვალების შემდეგ, სიმამრის მხარდაჭერით ფრანც შტეფანმა დატოვა ლოთარინგია და 1737 წლის 9 ივნისს ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა. 1738 წელს კარლ VI-მ მარია ტერეზიაც ტოსკანაში გაუშვა, რათა ქმართან ახლოს ყოფილიყო. მათი ფლორენციაში ვიზიტი ხანმოკლე იყო. კარლმა ორივე მალევე გაიწვია უკან, ვენაში, რადგან ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუუარესა და ეშინოდა, რომ ტახტის მემკვიდრეების ტახტისგან შორს ყოფნით მარტივად ისარგებლებდნენ. 1738 წელს ავსტრია რუსეთ-თურქეთის ომში დამარცხდა. ამის შემდეგ ოსმალებმა მარტივად შეაჩერეს ავსტრიელთა წინსვლა სერბეთსა და ბოსნიაში. ომში დამარცხების შემდეგ ვენელი სამხედროები აჯანყდნენ. მათ მარცხი ფრანც შტეფანს დააბრალეს, რადგან იგი „მშიშარა ფრანგი ჯაშუში“ ეგონათ. ომი შემდეგ წელს, ბელგრადის ხელშეკრულებით დასრულდა.

ტახტზე ასვლა

რედაქტირება
 
მარია ტერეზიას პროცესია ვენაში, 1740 წელი.

1740 წლის 20 ოქტომბერს იმპერატორი კარლ VI გარდაიცვალა. ამის მიზეზად სოკოთი მოწამვლა სახელდება. იგი აიგნორებდა ევგენი სავოიელის მოწოდებას შეევსო ხაზინა და უკეთ ეზრუნა ჯარის აღჭურვაზე, რამეთუ მოსალოდნელი იყო მემკვიდრეობისათვის ომის დაწყება. იმპერატორმა, რომელმაც მთელი დარჩენილი ცხოვრება პრაგმატული სანქციის  უზრუნველყოფას შეალია, ქვეყანა დაცარიელებული ხაზინით დატოვა. ავსტრია განსაკუთრებით პოლონეთთან და ოსმალეთთან წარმოებულმა უნაყოფო ომებმა გააკოტრა. ომის გამო ჯარიც დასუსტებული იყო.  160,000-იანი ავსტრიული ჯარი 108,000-მდე შემცირდა. ამასთან, ხსენებული არმია მიმოფანტული იყო მთელს ევროპაში: ნიდერლანდებში, ტოსკანაში, ავსტრიიდან ტრანსილვანიამდე არსებულ მიწებზე. ამასთან, ავსტრიული ჯარი ცუდად მომზადებული და დისციპლინას მოკლებული იყო.

 
მარია ტერეზიას მეუღლე, ფრანც შტეფანი

ამრიგად, ტახტზე ასული მარია ტერეზია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან საერთოდ არ იცოდა სახელმწიფო მართვის საკითხები და მამის სუსტ მინისტრებს ეყრდნობოდა. მან დაიტოვა მამის მრჩევლები და ძირითადად ქმარს, რომელსაც ამ სფეროში თავისზე უფრო განსწავლულად მიიჩნევდა, ეკითხებოდა ხოლმე რჩევას. მოგვიანებით მან ეს ორივე გადაწყვეტილება ინანა. ამაზე მარია ტერეზა თავის მემუარებში წერდა:

 
„მე აღმოვჩნდი ფულის, კრედიტის და ჯარის გარეშე, საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე, ასევე, ყოველგვარი სანდო რჩევის გარეშე, რადგან თითოეული მათგანი უბრალოდ ელოდებოდა როგორ განვითარდებოდა სიტუაცია.“

მარია ტერეზიამ თავიდანვე გაითავისა, რომ სხვა ქვეყნები მისი ტერიტორიების მიტაცებას ეცდებოდნენ და დაუყოვნებლივ დაიწყო საკუთარი თავის იმპერატორული ღირსების განმტკიცება. იმის გამო, რომ ქალს არ შეეძლო საღვთო რომის იმპერატორის ტახტის დაკავება, მარია ტერეზიამ ამ ტიტულის ქმრისთვის მოპოვება გადაწყვიტა. იმისათვის, რომ იგი საღვთო რომის იმპერატორი გამხდარიყო, ფრანც შტეფანს არ გააჩნდა საკმარისი არც წოდება და არც მიწები. ამის გამო 1740 წლის 21 ნოემბერს მარია ტერეზიამ იგი ბოჰემიისა და ავსტრიის თანა-მმართველად დაინიშნა. წელიწადზე დიდი დრო დასჭირდა პასუხის მიღებას უნგრეთის თანა-მმართველობაზე, თუმცა საბოლოოდ უარი მიიღეს. მიუხედავად მისდამი სიყვარულისა და თანა-მმართველის პოზიციისა, მარია ტერეზია ქმარს სახელმწიფოს მართვის საკითხებში ჩარევის უფლებას არასოდეს აძლევდა. თუ მინისტრები მის აზრს არ იზიარებდნენ, იგი საბჭოს მაშინვე შლიდა.

1740 წლის 22 ნოემბერს ჰოფბურგის სასახლეში მარია ტერეზიამ ფიცი დადო, რასაც მოჰყვა მისი მმართველობის ლეგიტიმაცია და მისი, როგორც მონარქის დაბადება.

ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის

რედაქტირება
 
მარია ტერეზიას უნგრეთის დედოფლად კურთხევის ცერემონია

მისი ტახტზე ასვლისთანავე რამდენიმე ევროპელმა მონარქმა, რომელთაც კარლ VI-ის სიცოცხლეში იგი მემკვიდრედ სცნეს, თავისი პირობა გატეხა. ესპანეთის დედოფალ ისაბელ ფარნეზესა და ქვრივ დედოფალ ვილჰელმინა ამალიას ხელშეწყობით ბავარიის კურფიურსტმა კარლ ალბრეხტმა ცოლად შეირთო მარია ტერეზიას ბიძაშვილი — მარია ამალია. ამის საპირისპიროდ 1740 წლის ნოემბერში სარდინიის მეფე კარლო ემანუელე III-მ მარია ტერეზა სუვერენულ მმართველად სცნო.

1740 წლის დეკემბერში პრუსიის მეფე ფრიდრიხ II შეიჭრა ავსტრიის კუთვნილ სილეზიაში და მარია ტერეზიას მთელი რეგიონის დათმობა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მარია ამალიას მხარეს გადასვლით დაიმუქრა. მარია ტერეზიამ მინერალური წყლებით განთქმული სილეზიისათვის ბრძოლის დაწყება გადაწყვიტა. ამის შემდეგ ფრიდრიხი კომპრომისზე წავიდა და მას შესთავაზა, რომ თუ იგი რეგიონის ნაწილს მაინც დაუთმობდა, პრუსია კვლავ მის ინტერესებს დაიცავდა. ფრანც შტეფანმა ამაზე დათანხმება მოითხოვა, მაგრამ დედოფალი და მისი მრჩევლები სხა აზრზე იყვნენ. მარია ტერეზიამ სულ მალე დაარწმუნა ქმარიც, რომ სილეზიისათვის ბრძოლა ღირდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ შეინარჩუნებდა „ავსტრიის მთავარ სამკაულს“. ფრიდრიხთან დაწყებული ეს ომი ცნობილია, როგორც სილეზიის პირველი ომი. ფრიდრიხის ამ ნაბიჯმა საფუძველი ჩაუყარა მრავალსაუკუნოვან მტრობას ავსტრიასა და პრუსიას შორის. თავად მარია ტერეზია მას „ბოროტ კაცს“ უწოდებდა.

იმ პერიოდისათვის ავსტრია მოკლებული იყო გამოცდილ სამხედრო მეთაურებს, რადგან უმეტესი მათგანი კარლ VI-მ მოხსნა თანამდებობიდან თურქებთან დამარცხების გამო. ამ პირობებში მარია ტერეზიამ თანამდებობაზე დააბრუნა მარშალი ნაიპერგი. 1741 წლის აპრილში გამართულ მოლვიცის ბრძოლაში ავსტრიელებმა გამანადგურებელი მარცხი განიცადეს. ამრიგად, ევროპელებმა შეადგინეს ავსტრიის გადანაწილების გეგმა, რომლის მიხედვითაც ბოჰემია და ზემო ავსტრია გადაეცემოდა ბავარიას, მორავია და ზემო სილეზია დაექვემდებარებოდა საქსონიას, ქვემო სილეზიასა და დანარჩენ ავსტრიას პრუსია მიიერთებდა, ხოლო ლომბარდიას კვლავ ესპანეთი დაიბრუნებდა. ამ ამბის გახმაურებამ და ევროპელთა ანტი-ავსტრიული კოალიციის ჩამოყალიბების ამბავმა გამოიწვია ის, რომ მთელი ვენა პანიკამ მოიცვა. ფრანც შტეფანი და დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II მარია ტერეზიას პრუსიასთან შერიგებისკენ მოუწოდებდნენ. ამის გამო იგი უხალისოდ, თუმცა მაინც დასთანხმდა მოლაპარაკებების დაწყებას.

არავინ მოელოდა, თუმცა ახალგაზრდა დედოფალმა დიდი მხარდაჭერა მიიღო უნგრეთიდან. 1741 წლის 25 ივნისს წმინდა მარტინის კათედრალში, ქალაქ პრესბურგში იგი უნგრეთის დედოფლად ეკურთხა. მან თვეები დახარჯა ამ კორონაციისთვის სათანადოდ მოსამზადებლად, რის გამოც მოლაპარაკებებს აჭიანურებდა. იმ ადამიანთა გადასაბირებლად, რომლებიც მას სქესის გამო არ ემხრობოდა მან მამაკაცის წოდებები მიიღო და გახდა ავსტრიის ერცჰერცოგი და უნგრეთის მეფე, თუმცა სახალხოდ იგი მაინც დედოფლის სახელით იყო ცნობილი.

 
ცხენზე ამხედრებული მარია ტერეზია უნგრეთის მეფის გვირგვინითა და ხმლით.

ივლისისთვის დაზავების ყველა მცდელობა ჩაიფუშა. წარსულში მისი მოკავშირე საქსონიის კურფიურსტი ახლა მის ოფიციალურ მტრად იქცა, დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ II-მ კი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. ამგვარ პირობებში მის მთავარ დასაყრდენად უნგრული არმია იყო. იმ ფაქტმა, რომ ათასობით უნგრელი გამოვიდა მოხალისედ, ახალგაზრდა დედოფალში აღტაცება გამოიწვია. მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად მარია ტერეზია ბუდაში ლათინურად გამოვიდა სიტყვით და განაცხადა: „ჩემი და ჩემი შვილების, ასევე ჩვენი გვირგვინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნგრეთის სამეფოა. ყველასგან მიტოვებულმა სწორედ განათლებულ უნგრელებში ვპოვე დახმარება...“ სიტყვის წარმოთქმისას იგი ატირდა, რამაც ხალხი კიდევ უფრო ააღელვა და დაუახლოვა მას. მოგვიანებით „მამაცი უნგრელების“ დაცვით დედასთან ჩავიდა მისი უფროსი ვაჟი და მემკვიდრეც, ერცჰერცოგი იოზეფი. ამ პერიოდში მან იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ უნგრელმა დიდებულებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ მისთვის დახოცილიყვნენ.

1741 წელს ავსტრიის ხელისუფლებამ მარია ტერეზიას შეატყობინა, რომ ბოჰემიის მოსახლეობამ თავიანთ სუვერენულ მმართველად მისი ბიძაშვილის ქმარი, ბავარიის კურფიურსტი კარლ ალბრეხტი სცნო. სასოწარკვეთაში ჩავარდნილმა ორსულმა მარია ტერეზიამ თავის დას, მარია ანას ასეთი რამ მისწერა: „ისიც კი არ ვიცი, დედაქალაქი ჩემს მშობიარობამდე კვლავ მე დამემორჩილება თუ არა“. ამის შემდეგ ბოჰემიის კანცლერ ფილიპ კინსკის სასწრაფოდ მისწერა: „ბოჰემიის შესანარჩუნებლად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“. იმავე წლის 26 ოქტომბერს ბავარიის კურფიურსტმა აიღო პრაღა და თავი ბოჰემიის მეფედ გამოაცხადა. ცნობილია, რომ როდესაც უნგრეთში მყოფ მარია ტერეზიას ბოჰემიის დაკარგვის შესახებ აცნობეს ტირილი დაიწყო. 1742 წლის 24 იანვარს მიუნხენში გერმანელმა თავადებმა კარლ VII ალბრეხტი საღვთო რომის იმპერატორადაც აირჩიეს. ამის საპასუხოდ მარია ტერეზიამ ავსტრიული ჯარები ბავარიაში შეიყვანა, სადაც მათ მალევე დაიკავეს კარლ ალბრეხტის სატახტო ქალაქი — მიუნხენი.

1742 წლის ივნისში გაფორმებული ბრესლაუს ხელშეკრულებით ავსტრიასა და პრუსიას შორის საომარი მოქმედებები შეწყდა. სილეზიური ომის დასრულების შემდეგ დედოფალმა ბოჰემიის დაბრუნება პირველ პრიორიტეტად დაისახა. იმავე წლის ზამთარში ბოჰემია ფრანგულმა ჯარებმა დატოვეს. 1743 წლის დასაწყისში კარლ ალბრეხტმა ბოჰემიაზე უარი თქვა, რის გამოც იმავე წლის 12 მაისს, პრაღაში მარია ტერეზია ბოჰემიის დედოფლად ეკურთხა.

პრუსია შეაშფოთა ავსტრიელთა სწრაფმა წინსვლამ, რის გამოც ფრიდრიხ II-მ თავისი ჯარები ბოჰემიაში შეიყვანა, რითაც დაიწყო მეორე სილეზიური ომი. 1744 წლის აგვისტოში მარია ტერეზიამ მთელი ბოჰემია გაწმინდა პრუსიელებისგან. 1745 წლის იანვარში გარდაიცვალა კარლ ალბრეხტიც. იმავე წლის მაისში ფრანგები ავსტრიულ ნიდერლანდებში შეიჭრნენ.

1745 წლის 13 სექტემბერს გერმანელებმა საღვთო რომის იმპერატორად მარია ტერეზიას ქმარი, ფრანც I შტეფანი აირჩიეს. პრუსიამ იგი იმპერატორად სცნო, 1745 წლის დრეზდენის ხელშეკრულებით კი მარია ტერეზიამ მთელი სილეზია პრუსიას დაუთმო, რითაც დასრულდა მეორე სილეზიური ომი. ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის კიდევ სამ წელს გაგრძელდა, რა დროსაც ბრძოლები მიმდინარეობდა ნიდერლანდებში, იტალიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, ბოჰემიასა და ჰაბსბურგთა სხვა სამფლობელოებში. რვაწლიანი კონფლიქტის დასრულების შემდეგ სილეზიაში პრუსიელები გაბატონდნენ, ამასთან, მარია ტერეზიამ პარმის საჰერცოგო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ვაჟს, ჰერცოგ ფილიპე I-ს გადაულოცა. ამასთან ერთად, საფრანგეთმა მიიერთა ავსტრიული ნიდერლანდების ნაწილი, თუმცა ლუი XV-ს მარია ტერეზიასთან სამომავლო მტრობის თავიდან აცილება სურდა, რის გამოც დაკავებული ტერიტორიები უკან დაუბრუნა.

შვიდწლიანი ომი

რედაქტირება
 
ევროპა შვიდწლიანი ომის პერიოდში. მარია ტერეზიას სამფლობელოები დატანილია ყვითლად.

1756 წლის აგვისტოში ფრიდრიხ II საქსონიაში შეიჭრა და დაიწყო მესამე სილეზიური ომი, რომელსაც შემდგომში შვიდწლიანი ომი ეწოდა. მარია ტერეზიას სურდა, რომ ომში სილეზია შეენარჩუნებინა. ომამდე ცოტა ხნით ადრე მან გრაფი კაუნიცი ვერსალში, ლუი XV-თან გააგზავნა ელჩად. იმავდროულად დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადა მარია ტერეზიასთვის დახმარების გაწევაზე და 1756 წელს გაფორმებული უესტმინსტერის ხელშეკრულებით ფრიდრიხის მხარეს გადავიდა. საპასუხოდ იმავე წლის 1 მაისს მარია ტერეზიამ საფრანგეთთან გააფორმა ალიანსი. სულ მალე მარია ტერეზიას მიემხრო ოსმალეთის სულთანიცა და რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედ I-ც, რომელთაც აშფოთებდათ ბრიტანეთისა და პრუსიის გაფართოება.

1757 წლის 1 მაისს ხელი მოეწერა ვერსალის მეორე ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ლუი XV-ს ევალებოდა ომში ავსტრიის 130,000 კაცითა და 12 მილიონი გულდენით უზრუნველყოფა. მოკავშირეები ცდილობდნენ, რომ პრუსიელები როგორმე გაეყვანათ სილეზიიდან, თუმცა ეს ადვილი საქმე არ იყო. 1756 წელს პრუსიასთან განცდილი მარცხის გამო მარია ტერეზიამ მთავარსარდალი ბრაუნი თავისი მაზლით, პრინცი შარლ ალექსანდრე ლოთარინგიელით ჩაანაცვლა.

მისი მაზლი არაკომპეტენტური სამხედრო ლიდერი აღმოჩნდა, რის გამოც იგი მალევე ჩაანაცვლეს ლეოპოლდ იოზეფ ფონ დაუნით. იმავდროულად ფრიდრიხი ახალი თავდასხმისთვის ემზადებოდა. იმავე წლის ივნისში ავსტრიელებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს კოლინის ბრძოლაში. ფრიდრიხმა ბრძოლაში ჯარების მესამედი დაკარგა, თავად კი ბრძოლიდან გაიქცა, რამაც ევროპაში მისი სახელი საგრძნობლად შეარყია. ამის შემდეგ პრუსიელები დაამარცხეს საქსონიაში, 1758 წლის 14 ოქტომბერს ბრანდენბურგში, ხოლო 1759 წლის 12 აგვისტოს ლანდეშუტთან. 1757 წელს უნგრელმა და ხორვატმა ჰუსარებმა ბერლინსაც კი შემოარტყეს ალყა, მაგრამ დამარცხდნენ. 1760 წლის აგვისტოში ავსტრიულ-რუსულმა შენაერთებმა მიწასთან გაასწორეს პრუსიული ჯარი და რამდენიმე დღით ბერლინიც დაიკავეს. ჰაბსბურგთა გამარჯვება დიდ ხანს არ გაგრძელდა, რადგან იმავე წლის 3 ნოემბერს ტორგაუს ბრძოლაში ავსტრიელები სასტიკად დაამარცხა ფრიდრიხმა. 1762 წლის იანვარში იმპერატრიცა ელისაბედი გარდაიცვალა, ტახტი კი მისმა დისწულმა პეტრე III-მ დაიკავა, რომელმაც სასწრაფოდ გაიყვანა ჯარები პრუსიიდან და ომს გამოეთიშა. რუსეთის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილმა მარია ტერეზიამ გააცნობიერა, რომ სილეზიას ვეღარ დაიბრუნებდა. ამის გამო ავსტრიელები მთელი ძალებით ცდილობდნენ დიდი ბრიტანეთის ახალ მეფესთან, ჯორჯ III-თან დაახლოვებასა და მისი მხარდაჭერის მოპოვებას, რომელსაც არ აინტერესებდა გერმანია. ომი 1763 წელს დასრულდა პარიზის ხელშეკრულებით. ზავის მიხედვით ავსტრიას უნდა დაეტოვებინა პრუსიის ანექსირებული მიწები. მიუხედავად იმისა, რომ სილეზია პრუსიას დარჩა, ესპანელ, პარმელ, სიცილიელ და ფრანგ ბურბონებთან მიღებული ალიანსებით ავსტრია ძალიან გაძლიერდა და ევროპაში ძალათა ახალი წონასწორობა დამყარდა.

რელიგიური ხედვები

რედაქტირება
 
მარია ტერეზია ოჯახთან ერთად აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს. ნახატი შესრულებულია 1762 წელს მისი ქალიშვილის, მარია კრისტინას მიერ.

როგორც ჰაბსბურგთა დინასტიის სხვა ყველა წარმომადგენელი, მარია ტერეზიაც ღრმადმორწმუნე კათოლიკე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით რელიგიური ერთობა მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებრივი თანაცხოვრებისა და სახელმწიფოს ძლიერებისათვის, იგი აშკარად უარყოფდა რელიგიური ტოლერანტობის იდეას. როგორც მატიანეები გვამცნობენ იგი ფანატიკოსი და ნაწილობრივ ცრუმორწმუნე იყო. მარია ტერეზია აკონტროლებდა მთავარეპისკოპოსების, ეპისკოპოსებისა და აბატების დანიშვნას. საერთო ჯამში, მას აშკარად ჰქონდა გავლენა ეკლესიაზე, რაც ეხმარებოდა უკეთ ემართა სახელმწიფო. დედოფალი აქტიურად ეწეოდა კათოლიკობის პროპაგანდას, რაც მათთვის პრივილეგიების მინიჭებაში გამოიხატებოდა.

ცნობილია, რომ მარია ტერეზია მხარს უჭერდა ბერძენ კათოლიკეებს და მათ სხვა კათოლიკეთა თანასწორებად მოიაზრებდა. მიუხედავად იმისა, რომ მარია ტერეზია, როგორც პიროვნება „ღვთისმოსავი“ იყო, მისი პოლიტიკა აშკარად თრგუნავდა სახელმწიფოში მცხოვრებ სხვა რელიგიის ადამიანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მის დროს მნიშვნელოვნად შემცირდა რელიგიური დღესასწაულების რიცხვიც.

იეზუიტები

რედაქტირება

მას იეზუიტებთან რთული ურთიერთობა ჰქონდა. მარია ტერეზია სწორედ იეზუიტებმა აღზარდეს და მის შვილებსაც ისინი არა მხოლოდ ზრდიდნენ, არამედ განათლებასაც აძლევდნენ. იეზუიტთა ორდენი მისი მმართველობის პირველ წლებში დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა, თუმცა საბოლოოდ დედოფალი დარწმუნდა, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა მის მონარქიულ ავტორიტეტს. საბოლოოდ, ყოველგვარი ყოყმანისა და სინანულის გარეშე, მარია ტერეზიამ გამოსცა ახალი განკარგულება, რომელმაც იეზუიტებს ჰაბსბურგთა მონარქიაში მოღვაწეობა აუკრძალა. მან პირადად მისწერა რომის პაპ კლემენტ XIII-ს, რომ მის მფლობელობაში არსებული იეზუიტთა მთელ ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს. მოგვიანებით, პაპმა კლემენტ XIV-მ სცადა დედოფალთან მოლაპარაკებების წამოწყება და ორდენის მის ქვეყანაში აღდგენა, მაგრამ ამაოდ.

ებრაელები და პროტესტანტები

რედაქტირება
 
მარია ტერეზიას უფროსი ვაჟი, მემკვიდრე და თანა-მმართველი იოზეფი, 1775 წელი.

მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ მარია ტერეზიამ თავი დაანება კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარების მცდელობას, იგი ებრაელებსა და პროტესტანტებს სახელმწიფოსათვის საშიშებად მიიჩნევდა და აქტიურად ცდილობდა მათ განდევნას. მარია ტერეზიამ არა მხოლოდ წინაპართაგან მიიღო რწმენა, არამედ თავისი ცრურწმენებიც შეიძინა. 1777 წელს იგი ებრაელებზე წერდა:

 
„მე არ ვიცი მათზე უფრო დიდი ჭირი, რომლებიც აკონტროლებენ ეკონომიკას, თავხედობენ და ავაზაკურად იქექებიან ჩემს ბეგარაში. ამიტომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ებრაელები უნდა გავყაროთ და თავიდან მოვიშოროთ.“

მისი სიძულვილი ებრაელთა მიმართ იმდენად ღრმა იყო, რომ მზად იყო მათ მოსაშორებლად პროტესტანტებსაც კი შეკვროდა. ამის გამო მან ვენაში მთავარ ფინანსისტად შვეიცარიელი კალვინისტი დანიშნა, რომელიც ებრაელთა მიმართ მის შეხედულებებს იზიარებდა.

1744 წელს მარია ტერეზიამ მინისტრთა საბჭოზე ოფიციალურად წამოჭრა ავსტრიისა და ბოჰემიის მიწებიდან ებრაული მოსახლეობის გადასახლების იდეა. მის თავდაპირველ განზრახვას წარმოადგენდა ებრაელთა მასობრივი დეპორტაცია არა უგვიანეს შემდეგი წლის 1 იანვრისა. იმის გამო, რომ დევნილთა რიცხვი 50,000-ს მიაღწევდა, მან ეს ვადა ივნისამდე გადასწია. ამის მიუხედავად დეპორტაციის ბრძანებულება მხოლოდ 1748 წელს გამოიცა. მარია ტერეზიას ბრძანებით მხოლოდ პრაღიდან 20,000-მდე ებრაელი გააძევეს, მიზეზი კი ის იყო, რომ ავსტრიის მემკვიდრეობის ომის დროს ისინი ბავარიას მიემხრნენ. მალევე დეპორტაცია შეეხო მთლიან ბოჰემიასა და მორავიას. ამასთან, 1750-იანი წლებიდან მან პროტესტანტების გადასახლებასაც მიჰყო ხელი. მხოლოდ ზემო ავსტრიიდან გადაასახლეს 2,600 პროტესტანტი. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულ-დემოგრაფიული მიზეზები ხელს უშლიდა პროტესტანტთა გადასახლებას. 1777 წელს მარია ტერეზიამ საბოლოოდ შეწყვიტა პროტესტანტების გადასახლება, რის გამოც სერიოზულად იკამათა თავის ვაჟ იოზეფთან, რომელიც მანამდე მისი აქტიური მხარდამჭერი იყო. მოგვიანებით იოზეფმა დედის რელიგიურ პოლიტიკას უწოდა „უსამართლო, მოჩვენებითი, შეუძლებელი, მავნე და სასაცილო“.

მისი მმართველობის მესამე ათწლეულში მისი ებრაელი კურტიეს, აბრაამ მენდელ თებენის გავლენით მარია ტერეზიამ ებრაელთა

 
1743 წელს მარია ტერეზიას მიერ გამოცემული კონფირმაცია, რომელიც სერბებს პრივილეგიებს ანიჭებდა

დევნაც შეწყვიტა და მეტიც, მან ებრაელებიასთვის სახელმწიფო დაცვაც კი დააწესა. 1762 წელს დედოფალმა აკრძალა ებრაელთა იძულებითი მოქცევა ქრისტიანობაზე. უკვე 1763 წლიდან მარია ტერეზიამ აკრძალა ებრაული მოსახლეობისათვის გაცილებით მაღალი გადასახადების დაწესება. 1764 წელს გაათავისუფლეს ცილისწამების საფუძველზე დაპატიმრებული ყველა ებრაელი. მოგვიანებით იგი მხარს უჭერდა მათ კომერციულ და სამრეწველო საქმიანობას.

ურთიერთობა მართლმადიდებლებთან

რედაქტირება

მარია ტერეზიას პოლიტიკა მისი სამფლობელოების სამხრეთით მცხოვრები მართლმადიდებლური მოსახლეობისადმი განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩევა, რაც ეხება არა მხოლოდ რთულ რელიგიურ ვითარებას ჰაბსბურგთა მონარქიის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მხოვრებ მართლმადიდებლებს, ძირითადად სერბებსა და რუმინელებს, არამედ პოლიტიკურ კავშირებს. ჰაბსბურგთა ინტერესმა და მისწრაფებამ ბალკანური მიწების მოერთებისაკენ კიდევ უფრო დააჩქარა მუსულმანური ოსმალეთის იმპერიის დაცემა, რასაც ხელს მართლმადიდებელი ბალკანელებიც უწყობდნენ. ამის გამო მარია ტერეზია მათ არა მეტოქეებად და სახელმწიფოს მტრებად, არამედ მოკავშირეებად აღიქვამდა.

1743 წელს მარია ტერეზიას მთავრობამ გამოსცა კონფირმაცია, რომელიც ჰაბსბურგთა მონარქიის ტერიტორიაზე მცხოვრებ მართლმადიდებლებს პრივილეგიებს ანიჭებდა. ამ გზით მას სურდა ბალკანელი ქრისტიანების მიზიდვა და დაინტერესება, რათა მათ უფრო აქტიურად ებრძოლად ოსმალეთის წინააღმდეგ, ავსტრიის მხარეს. იგი დამოუკიდებლობას ანიჭებდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელ მიტროპოლიტებს. მისი ეს რეფორმა მრავალ წელს გაგრძელდა და მხოლოდ 1779 წელს, ილირიელი მართლმადიდებლებისათვის პრივილეგიების მინიჭებით დასრულდა. ეს დოკუმენტები არა მხოლოდ პრივილეგიებს განკარგავდა, არამედ აწესრიგებდა კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის თანაცხოვრების ყოველ დეტალს. მარია ტერეზიას რეფორმები და პრივილეგიები ძალაში 1868 წლამდე დარჩა, სანამ ფრანც იოზეფ I-მა სერბებსა და სხვა მართლმადიდებლებს უფლებები არ შეუზღუდა, რაც სარაევოს მკვლელობითა და იმპერიის დაშლით დაგვირგვინდა.

რეფორმები

რედაქტირება

ინსტიტუცია

რედაქტირება
 
დედოფალი მარია ტერეზია სამასკარადო ფორმაში, დაახლოებით 1744 წელს

მსგავსად რელიგიისა, მარია ტერეზია სახელმწიფოს საკითხებშიც კონსერვატიული იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ავსტრიის სამხედრო და ბიუროკრატიული ეფექტურობის გასაძლიერებლად ახალი რეფორმები გაეტარებინა. მან დაასაქმა ფრიდრიხ ვილჰელმ ფონ ჰაუგვიცი, რომელმაც საიმპერატორო არმიის მოდერნიზებით შექმნა 108,000 კაციანი ჯარი, რომლის შენახვაც წელიწადში 14 მილიონი გულდენი ჯდებოდა. ამ თანხების ამოსაღებად ჰაუგვიცმა თავად-აზნაურობაც დაბეგრა, რომელსაც აქამდე არასოდეს უხდებოდა გადასახადთა გადახდა. 1749 წლიდან მარია ტერეზიამ იგი ცენტრალური ადმინისტრაციული სააგენტოს უფროსად დანიშნა, თუმცა მათი რეფორმები სრულყოფილად ვერ ვრცელდებოდა უნგრეთში, ლომბარდიასა და ნიდერლანდებში. უნგრეთის შემთხვევაში მარია ტერეზიამ გამონაკლისი დაუშვა და უნგრელი დიდებულები დაბეგვრისგან გაათავისუფლა.

შვიდწლიან ომში სილეზიის დაკარგვის გამო, სამმართველო სისტემა კიდევ ერთხელ იქნა რეფორმირებული სახელმწიფოს გასაძლიერებლად. 1761 წელს დირექტორია გადაკეთდა ავსტრიისა და ბოჰემიის კანცლერობად, რომელიც აღჭურვილი იყო დამოუკიდებელი სასამართლო და ცალკეული ფინანსური ორგანოებით. 1762 წელს მან თანამდებობაზე აღადგინა მამის დროს მოხსნილი ფინანსთა მინისტრი ჰოფკამერი. ამის პარალელურად მარია ტერეზიამ შექმნა შტატების საბჭო (გერმ. Staatsrat). მათ სახელმწიფო საბჭოს არ გააჩნდა აღმასრულებელი ან საკანონმდებლო უფლებამოსილება, განსხვავებით პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ის საბჭოსაგან. მისგან განსხვავებით მარია ტერეზია ყოველთვის ცდილობდა ავტოკრატიაში არ გადასულიყო.

მისი გატარებული რეფორმების დამსახურებით 1764 წლიდან სახელმწიფო ხაზინის შემოსავლები 20-დან 40 მილიონამდე გაიზარდა. მარია ტერეზიას საეკლესიო პირებისა და ნაკვეთების დაბეგვრაც სურდა, მაგრამ არ გამოუვიდა. მიუხედავად ამისა, მისი სამმართველო სისტემა ბოლომდე ინარჩუნებდა ცენტრალურობას. 1775 წლისთვის ჰაბსბურგთა მონარქიას პირველად ჰქონდა დაბალანსებული ბიუჯეტი, ხოლო 1780 წლისთვის იმპერიის შემოსავალმა 50 მილიონს მიაღწია.

მედიცინა

რედაქტირება
 
მარია ტერეზია

მას შემდეგ, რაც მარია ტერეზიამ სამეფო ექიმად ნიდერლანდელი ჟერარდ ვან შვაიტენი დანიშნა, მან მალევე დაასაქმა თავისი სხვა თანამემამულე მედიკოსებიც. ავსტრიაში გადასახლებულმა ნიდერლანდელმა ექიმებმა იქ ვენის სამედიცინო სკოლა დააარსეს. ცნობილია, რომ მარია ტერეზია აქტიურად ებრძოდა ახალი სასაფლაოების შექმნას ქვეყანაში, რის გამოც გადავსებულ და არაჰიგიენურ ძველ სასაფლაოებზე სულ უფრო მეტ ადამიანს კრძალავდნენ. ამან თავისი შედეგი მალევე გამოიღო და 1767 წელს მთელ ავსტრიას ყვავილის ეპიდემია მოედო, რომელმაც მარია ტერეზიას სამი შვილის სიცოცხლეც შეიწირა. ამის გამო მას უარყოფითი წარმოდგენა შეექმნა ავსტრიელ ექიმებზე, რის გამოც უპირატესობას ყოველთვის ნიდერლანდელებს ანიჭებდათ. 1770 წელს გამოსცა სამედიცინო შხამების გაყიდვის წესის მარეგულირებელი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც უნდა აღრიცხულიყო ყველა საწამლავი, მისი გაყიდვის დრო, ადგილი, გარემოება და ვინ ვისგან იყიდა. სამ წელიწადში მანვე აკრძალა ტყვიის გამოყენება ჭურჭლისა და საჭმლის დამზადებაში. ამის შემდეგ მისივე ნებით ტყვია კალამ ჩაანაცვლა.

კანონები

რედაქტირება

ჰაბსბურგთა მთავრობის ცენტრალიზებამ მოითხოვა ერთიანი სასამართლო სისტემის შექმნაც. მანამდე ჰაბსბურგთა მონარქიაში მიწის მფლობელს ჰქონდა თავისი დაქვემდებარებულების გასამართლებისა და სიკვდილით დასჯის უფლება, თუმცა მარია ტერეზიამ გამოსცა კანონთა კრებული, რომლის მიხედვითაც ყველა საქმე ოფიციალურ სასამართლოს უნდა განეხილა. 1769 წელს გამოქვეყნდა ახალი კონსტიტუცია, რომელმაც ჩაანაცვლა შუა საუკუნეების დროინდელი სისხლის სამართლის სისტემა. მიუხედავად ამისა, ამ კონსტიტუციაშიც მიღებული იყო სიმართლისათვის წამება, ასევე ჯადოქრებისა და ერეტიკოსების სიკვდილით დასჯა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს კონსტიტუცია მხოლოდ ავსტრიასა და ბოჰემიაში მოქმედებდა, უნგრეთში კი ძალა არ ჰქონდა.

 
მარია ტერეზია 1770-იანი წლების მიწურულს

მარია ტერეზიას განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა მისი ქვეშევრდომების სექსუალური მორალი. ამრიგად, 1752 წელს ჩამოაყალიბა სასიკვდილო კომისია, რათა შეეჩერებინა პროსტიტუცია, ჰომოსექსუალობა, მრუშობა და თუნდაც სქესობრივი კავშირი სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს შორის. ეს კომისია ძირითადად ჯაშუშებზე დაყრდნობით მუშაობდა, რომლებიც სამეფო კარზე მცხოვრებ ყველა პიროვნებას უთვალთვალებდნენ და ააშკარავებდნენ. ისინი უფლებამოსილნი იყვნენ ბანკეტი და საზეიმო ღონისძიებაც კი ჩაეშალათ, ოღონდ დამნაშავე დაეპატიმრებინათ. სასჯელთა ფორმებში შედიოდა გაროზგვა, დეპორტირება და უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილით დასჯა.

1776 წლიდან მარია ტერეზიას ვაჟის, იოზეფის გავლენით ავსტრიაში აღიარების მოპოვების მიზნით ადამიანის წამება ნებადართული გახდა, განურჩევლად მათი სოციალური მდგომარეობისა. მარია ტერეზიას ყოველთვის სურდა წამების გაუქმება, მაგრამ მისი აღზრდის მეთოდები უფლებას არ აძლევდა ეს გაეკეთებინა, ამიტომაც იგი უბრალოდ ნელა მიჰყვებოდა ევროპაში არსებულ იმდროინდელ ჰუმანიტარულ ნორმებს.

1749 წელს მარია ტერეზიამ დააარსა უზენაესი სასამართლო, რომელშიც საჩივრის შეტანის უფლება გლეხებსაც დართეს, თუმცა უმეტესად დამნაშავე არისტოკრატები დაუსჯელნი რჩებოდნენ.

განათლება

რედაქტირება

ავსტრიელმა ისტორიკოსმა კარლ ვოსელკამ აღნიშნა, რომ მარია ტერეზიას მიერ დანერგილი საგანმანათლებლო რეფორმები „ნამდვილად იყო დაფუძნებული განმანათლებლურ იდეებზე“. ამასთან ერთად იგი აღნიშნავს, რომ ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი, მან განათლების სისტემაც თავის აბსოლუტურ მმართველობას მოარგო. მის მიერ დაარსებულ ახალ სკოლებს კათოლიკე ბერ-მონაზვნები მართავდნენ. მის სკოლებში რეალურად დისციპლინასა და ეთიკურ სამუშაოებს უფრო დიდი დრო ეთმობოდა, ვიდრე რეალურ სწავლას. ექვსი-თორმეტი წლის ასაკიდან მისი ორივე სქესის შვილები დადიოდნენ სკოლაში და იღებდნენ განათლებას. განათლების რეფორმას განსაკუთრებით მტრულად შეხვდნენ გლეხები, რომელთა შვილებსაც ეს არ ეხებოდა. მარია ტერეზიამ მათთან უთანხმოება მარტივად მოაგვარა ყველა ამბოხებულის დაპატიმრებით. ამრიგად, ავსტრიის იმპერიის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი XIX საუკუნის ბოლომდე მაინც გაუნათლებელი იყო.

თავისი მხრიდან მარია ტერეზია „დიდ კომპრომისზე“ წავიდა და არა-კათოლიკეებს ნება დართოთ, რომ უნივერსიტეტში ესწავლათ. 1746 წელს ვენაში გაიხსნა „ტერეზიანის“ სამხედრო აკადემია, სადაც ასევე მხოლოდ არისტოკრატთა შვილებს შეეძლოთ სწავლა. 1754 წელს შეიქმნა მომავალი დიპლომატების მოსამზადებელი აკადემიაც.

 
მარია ტერეზია 1762 წელს.

1750-იან წლებში მან პრაღაში დააარსა „წარჩინებულ ქალთა საყოველთაო ინსტიტუტი“, რომელიც ემსახურებოდა გაუთხოვარი ავსტრიელი, ჩეხი და უნგრელი დიდებული ქალებისათვის განათლების მიცემას.

მისი მმართველობა აგრეთვე ცნობილია პუბლიკაციებსა და სასწავლო პროცესებზე ცენზურის დადებით. ინგლისელმა მწერალმა ნათანიელ ვრაქსოლმა ვენაში ყოფნის დროს ასეთი რამ დაწერა:

 
„დედოფლის ასეთი დამოკიდებულება ცენზურისადმი შესაძლოა დიდწილად გამოწვეული იყოს მისი დეფიციტით (განათლებაში). ძნელია ითქვას, თუ რამდენი წიგნი და გამოცემა, ყველაენოვანი, აიკრძალა მის მიერ. ამ სიაში არა მხოლოდ ვოლტერისა და რუსოს შემოქმედებაა, მათი მწერლობის „ამორალურობიდან“ გამომდინარე. უამრავი ავტორი, რომელიც პროგრესულად აზროვნებს, საშინელ შევიწროვებას განიცდის.“

ცენზურა განსაკუთრებით ებრძოდა ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც მიიჩნეოდა, რომ კათოლიკურ წესდებას ეწინააღმდეგებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში მას დიდად ეხმარებოდა დიდ განმანათლებლად წოდებული ჟერარდ ვან შვიეტენი.

გლეხთა უფლებები

რედაქტირება

მარია ტერეზია ცდილობდა გაეუმჯობესებინა დაბალი სოციალური ფნების ცხოვრების დონე, რადგან იგი პირდაპირ კავშირს ხედავდა გლეხთა ცხოვრების სტანდარტებსა და მათს პროდუქტიულობას შორის. სილეზიის მდიდარი რეგიონის დაკარგვის შემდეგ, მათ შექმნეს სხვადასხვა სუფსიდიები და სავაჭრო ბარიერები, რაც ხელს უწყობდა სილეზიური პროდუქტის ბოჰემიიდან შემოტანას. გარდა ამისა, მათ შეამცირეს ვაჭართა გილდიის პრივილეგიები. კიდევ ერთი საკითხი, რომლის მოგვარებაც მარია ტერეზიას სურდა, იყო წარჩინებულთა პრივილეგიების დარეგულირება გლეხებთან ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან მას ასეთ საქმეებში ჩარევა არ სურდა, საბოლოოდ მთავრობის ყურადღებამ ფაქტობრივად აღმოფხვრა ქვეყანაში მანამდე არსებული გლეხთა ამბოხები, რომლებიც ძირითადად ჩაგვრისა და შიმშილის ნიადაგზე იყო გამოწვეული. 1770-72 წლებში ოფიციალურად აკრძალა წარჩინებულთა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების უფლება. მოგვიანებით მანვე გააუქმა გლეხების იძულებითი შრომა, რასაც უნგრელი თავად-აზნაურების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.

ოჯახური ცხოვრება

რედაქტირება
 
მარია ტერეზია ოჯახთან ერთად 1754 წელს.

ოცი წლის განმავლობაში მარია ტერეზიამ თექვსმეტი ბავშვი გააჩინა, რომელთაგან მხოლოდ ცამეტმა მიაღწია ზრდასრულობამდე. მათი პირველი შვილი, ერცჰერცოგინია მარია ელიზაბეთი, მათი ქორწინებიდან ერთ წელიწადში დაიბადა. ბავშვის სქესმა იმედგაცრუება გამოიწვია, რასაც მოჰყვა მარია ანას, შემდეგ კი მარია კაროლინას დაბადება. მაშინ, როდესაც მარია ტერეზია მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად იბრძოდა, გააჩინა პირველი ვაჟი, რომელსაც ბიძის პატივსაცემად იოზეფი დაარქვა. ცნობილია, რომ ორსულად მყოფი მარია ტერეზია ხშირად ლოცულობდა ბავშვის სქესის გამო. მიუხედავად იმისა, რომ იგი უფროსი ვაჟი იყო, მარია ტერეზიამ თავისი საყვარელი შვილი, მარია კრისტინა თავის 25-ე დაბადების დღეზე გააჩინა. ავსტრიული მემკვიდრეობისათვის ატეხილი ომის პერიოდში მარია ტერეზიამ კიდევ ხუთი ბავშვი გააჩინა: მარია ელიზაბეთი, კარლი, მარია ამალია, ლეოპოლდი და მარია კაროლინა. ცნობილია, რომ მიუხედავად გამუდმებული ორსულობისა და მშობიარობებისა, მარია ტერეზია არასოდეს ისვენებდა და ქვეყანას ყოველთვის თავად მართავდა. იგი ომსა და შვილების გაჩენას ერთდროულად აწარმოებდა. ავსტრიული მემკვიდრეობის ომსა და შვიწლიან ომს შორის შუალედში მან კიდევ ხუთი ბავშვი გააჩინა: მარია იოჰანა, მარია იოზეფა, მარია კაროლინა, ფერდინანდი და მარია ანტონია. ხოლო უკვე შვიდწლიანი ომის განმავლობაში, 39 წლის მარია ტერეზიამ თავისი უკანასკნელი შვილი, ერცჰერცოგი მაქსიმილიან ფრანცი გააჩინა. მარია ტერეზია ირწმუნებოდა, რომ ორსულად რომ არ ყოფილიყო, ომში თავადაც იბრძოლებდა.

მარია ტერეზიას დედა, დედოფალი ელიზაბეთ კრისტინა 1750 წელს გარდაიცვალა, 59 წლის ასაკში. ოთხ წელიწადში გარდაიცვალა მისი აღმზრდელიც, მარია კაროლინა ფონ ფუხს-მოლარდი. ცნობილია, რომ ამ დროს მან ტრადიცია დაარღვია და მადლობის ნიშნად თავისი აღმზრდელი ჰაბსბურგთა საგვარეულო აკლდამაში დაკრძალა.

მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდის პარალელურად მარია ტერეზია აქტიურად იყო დაინტერესებული უფროსების დაქორწინებით. იგი დიდ საქორწინო მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა მთელი ევროპის მასშტაბით. როგორც სხვა მრავალმა მონარქმა, მარია ტერეზიამაც თავისი შვილები დინასტიური თამაშებისათვის გამოიყენა და ისინი საქვეყნო ბედნიერებას შესწირა. ცნობილია, რომ საზღვარგარეთ გათხოვილ ქალიშვილებს იგი აუცილებლად ყოველ კვირას უგზავნიდა წერილს. ხშირ შემთხვევაში ეს წერილები უფრო სამოქმედო გეგმა და დამოძღვრა იყო, ვიდრე თბილი, დედობრივი მოსაკითხი წერილი.

 
დაქვრივებული მარია ტერეზია 1776 წელს თავის ოჯახთან ერთად.

1767 წელს, მარია ტერეზიას სამოცდამეერთე დაბადების დღიდან სულ ორ კვირაში მისი რძალი, იმპერატრიცა მარია იოზეფა ბავარიელი გარდაიცვალა ყვავილით. მართალია თავად მარია ტერეზა და მისი უფროსი ვაჟი გადარჩნენ, მაგრამ ამავე ეპიდემიას ემსხვერპლა მისი სამი შვილი: ერცჰერცოგი კარლი, ერცჰერცოგინია მარია იოზეფა და ერცჰერცოგინია მარია იოჰანა. მარია ტერეზიამ თავისი განსვენებული ქალიშვილი მალევე ჩაანაცვლა მეორით, მარია კაროლინათი. ვინაიდან მარია იოჰანა ნეაპოლის მეფეზე იყო დანიშნული, მარია ტერეზიამ ალიანსი არ ჩაშალა და სხვა შვილი დასვა ნეაპოლისა და სიცილიის დედოფლად.

1770 წლის აპრილში მისი უმცროსი ქალიშვილი, ერცჰერცოგინია მარია ანტონია (უფრო ცნობილია, როგორც მარი ანტუანეტი) დაინიშნა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის შვილიშვილზე, დოფინ ლუი ავგუსტზე. მარია ტერეზიამ იგი კარგი განათლებითა და ვერსალის შესაბამისი ეტიკეტით უზრუნველყო, რაც ფრანგებისთვის პრიორიტეტი იყო. მარია ტერეზია საფრანგეთში გათხოვილ ქალიშვილს ხშირად სწერდა და აკრიტიკებდა მისი სიზარმაცის, გართობის მოყვარეობისა და უშვილობის გამო, მაშინ, როდესაც მისი დანარჩენი ვაჟები და ქალიშვილები ბავშვებს მიყოლებით აჩენდნენ.

მარია ტერეზია კრიტიკულად მხოლოდ მარი ანტუანეტისადმი არ იყო განწყობილი. მას არ მოსწონდა ლეოპოლდი და მას გულცივობაში ადანაშაულებდა. მან გააკრიტიკა მარია კაროლინა პოლიტიკაში ჩარევის გამო, ფერდინანდი არაორგანიზებულობის, ხოლო მარია ამალია ამპარტავნების გამო. ერთადერთი შვილი, რომელიც ყოველთვის დედის სიყვარულითა და მხარდაჭერით სარგებლობდა, იყო მარია კრისტინა, თუმცა მანაც კი დედის მოლოდინები ერთ ასპექტში ვერ გაამართლა და ჯანმრთელი ბავშვი ვერ გააჩინა.

მარია ტერეზიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი სურვილი და შეიძლება ითქვას ოცნება იყო, რომ რაც შეიძლება მეტი შვილიშვილი ჰყოლოდა. გარდაცვალებისას მას 20-მდე შვილიშვილი ჰყავდა, თუმცა მარია კაროლინამ, ლეოპოლდმა და მარია ამალიამ მის შემდეგ კიდევ მრავალი ბავშვი გააჩინეს.

დარჩენილი მმართველობა

რედაქტირება
 
დაქვრივებული მარია ტერეზია 1773 წელს.

1765 წლის 18 აგვისტოს, მაშინ, როდესაც მარია ტერეზა შვილებთან ერთად ინსბრუკში იმყოფებოდა თავისი ვაჟის, ერცჰერცოგი ლეოპოლდისა და ესპანეთის მეფე კარლოს III-ის ასულ მარია ლუისა ესპანელის ქორწილში, იმპერატორი ფრანც შტეფანი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამ საშინლად იმოქმედა მარია ტერეზიაზე. ამის შემდეგ საღვთო რომის იმპერატორი და გერმანიის მეფე მათი უფროსი ვაჟი, იოზეფ II გახდა. მგლოვიარე დედოფალმა მოკლედ შეიჭრა თმა და შავებით შეიმოსა. ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე იგი მხოლოდ შავი ფერის სამოსს ატარებდა. ამის გამო იგი სამუდამოდ ჩამოშორდა სამეფო კარის ცხოვრებას, თეატრსა და საზოგადოებას. ცნობილია, რომ იგი ყოველი თვის 18 რიცხვში თავის ოთახში იკეტებოდა და ტიროდა, რამაც ცუდად იმოქმედა მის ფსიქიკაზე. იგი საკუთარ მდგომარეობაზე ასეთ რამეს წერდა:

 
„ახლა ჩემს თავს ძლივს ვცნობ, ცხოველის მსგავსი გავხდი, რომელსაც არ გააჩნია ცხოვრების მიზეზი და ძალა.“

იმპერიული ტახტის დაკავებისას იოზეფი იმაზე ნაკლებ მიწებს მართავდა, ვიდრე მამამისი, რადგან მან უარი თქვა ტოსკანაზე თავისი ძმის, ლეოპოლდის სასარგებლოდ, ხოლო ტეშენი და ფალკენშტაინი კი მარია კრისტინას და მის ქმარს გადაულოცა. 1756 წლის 17 სექტემბერს მარია ტერზიამ იოზეფი თავის ახალ თანა-მმართველად გამოაცხადა და ცდილობდა ვაჟს ქვეყნის მართვაში დახმარებოდა. აქედან დაიწყო დედა-შვილის იდეოლოგიური უთანხმოება.

ავსტრიელი ისტორიკოსის, რობერტ კანის მიხედვით, მარია ტერეზია იყო საშუალო დონის მონარქი, თუმცა ინტელექტუალურ დონეზე თავის ვაჟებს, იოზეფსა და ლეოპოლდს სჯობდნიდათ. კანი ირწმუნება, რომ მას ჰქონდა მონარქისათვის დამახასიათებელი თვისებები: გულთბილობა, პრაქტიკული გონება, მტკიცე ხასიათი და სხვისი აზრის გათვალისწინების უნარი. იგი ყოველთვის ცდილობდა მოესმინა მინისტრებისა და მრჩევლებისათვის, მაშინაც კი, თუ მათ აზრს არ იზიარებდა, განსხვავებით იოზეფისგან, რომელსაც მათთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

მარია ტერეზიასა და იოზეფს ცივი და დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონიათ, თუმცა ხშირად კამათობდნენ მათი განსხვავებული ხასიათების გამო. ზოგჯერ იგი აღფრთოვანებული იყო მისი ნიჭითა და მიღწევებით, მაგრამ დედოფალი არც მის საჯაროდ კრიტიკას

 
მარია ტერეზია

ერიდებოდა. ერთ-ერთ წერილში იგი იოზეფზე ამბობდა:

 
„ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვხვდებით, გარდა სადილისა... მისი ტემპერამენტი ყოველდღიურად უარესდება... გთხოვთ დაწვათ ეს წერილი... მე უბრალოდ საზოგადოებრივი სკანდალის თავიდან არიდება მინდა.“

სხვა წერილებში იგი ასევე წუწუნებდა ვაჟის ხასიათზე:

 
„ის თავს მარიდებს... მე ვარ მის ცხოვრებაში ერთადერთი პიროვნება, რომელიც გზაზე ეღობება, ამიტომაც მე მისთვის მხოლოდ დაბრკოლება და ტვირთი ვარ... ამ საქმის გამოსწორება უკვე აღარ ძალმიძს.“

მას შემდეგ, რაც 1767 წელს იოზეფმა ყვავილი მოიხადა, მარია ტერეზიამ მიიჩნია, რომ ღმერთს სურდა ის გამხდარიყო მომდევნო სუვერენი, თუმცა იმპერატორი კვლავ განაგრძობდა დედისათვის თავის არიდებას.

მიუხედავად მარია ტერეზიას დიდი პროტესტისა, იოზეფმა რუსებთან და პრუსიელებთან ერთად მოაწყო პოლონეთის პირველი გადანაწილება. მისმა სამართლიანობის გრძნობამ იგი აიძულა, რომ უარი ეთქვა მეზობელი სახელმწიფოსათვის მიწების ჩამოჭრაზე, რაც პოლონელი ერისათვის მეტად საზიანო იყო. მან თავის ვაჟს სრულიად ღიადაც განუცადა: „რა უფლება გაქვთ, რომ ძარცვავთ უდანაშაულო ერს, რომელიც აქამდე ჩვენი ერთგული მოკავშირე და დამცველი იყო?“. მას შემდეგ, რაც მეორე გადანაწილებისას მარია ტერეზიამ დაინახა, რომ პრუსიის მეფე ფრიდრიხ II და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II ამას მის გარეშეც გააკეთებდნენ, იგი დათანხმდა პოლონური მიწების მისაკუთრებას. მესამე დანაწილებისას მარია ტერეზიამ ავსტრიას გალიციისა და ლოდომერიის უზარმაზარი მიწები მიუერთა. ამასთან დაკავშირებით ფრიდრიხმა განაცხადა: „რაც მეტს ტიროდა მეტს იღებდა“.

პოლონეთის დანაწილებიდან რამდენიმე წელიწადში, 1774 წელს რუსეთი ოსმალეთთან ომში დამარცხდა. ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით ომი დასრულდა, თუმცა მოლაპარაკებებისას ავსტრიაც ცდილობდა, რომ რაიმეს გამორჩენოდა. ამის გამო, 1775 წელს ოსმალეთმა ავსტრიას დაუთმო მოლდოვეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ანუ ბუკოვინას პროვინცია. ამას დაერთო ისიც, რომ 1777 წელს ბავარიის კურფიურსტი მაქსიმილიან III იოზეფი უშვილოდ გარდაიცვალა, რამაც გამოაცოცხლა ევროპის ამბიციური ლიდერები და დაიწყო ომი ბავარიის მემკვიდრეობისათვის. მარია ტერეზიას ჯარებმა მარტივად მოახდინა მთელი ბავარიის ოკუპაცია, რამაც ფრიდრიხი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანა. იგი ცდილობდა, რომ ბავარიის კურფიურსტად იოზეფი დაესვა, მაგრამ არ გამოუვიდა და ტახტი კვლავ ვიტელსბახებს დაუბრუნდა. ამის მიუხედავად, ე.წ. „კარტოფილის ომმა“ ჰაბსბურგთა მონარქიას დიდი მოგება მოუტანა, რამაც წლიური შემოსავალი 100,000,000 გულდენამდე გაზარდა.

გარდაცვალება და მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
მარია ტერეზიასა და ფრანც შტეფანის აკლდამა 2008 წლის თებერვალში

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარია ტერეზია ბოლომდე გამოჯანმრთელდა 1767 წელს გადატანილი ყვავილის შემდეგ. მისი თანამედროვე მატიანეები გვატყობინებენ, რომ ამის შემდეგ მას ახასიათებდა „ქოშინი, დაღლილობა, ხველა, დისტრესია, ნეკროფობია და უძილობა“. მოგვიანებით მას სისხლძარღვთა შეშუპებაც დაეწყო.

1780 წლის 24 ნოემბერს მარია ტერეზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. სამეფო ექიმმა მისი მდგომარეობა შემაშფოთებლად მიიჩნია, თუმცა იოზეფი ფიქრობდა, რომ იგი მალე გამოჯანმრთელდებოდა. 26 ნოემბერს მან უკანასკნელი რიტუალების ჩატარება ითხოვა, 28 ნოემბერს კი ექიმმა უთხრა, რომ მისი დრო ახლოვდებოდა. 29 ნოემბერს, 63 წლის მარია ტერეზია შვილების გარემოცვაში გარდაიცვალა. როდესაც მისი მთელი ცხოვრების დაუძინებელმა მტერმა, ფრიდრიხ დიდმა ეს ამბავი შეიტყო განაცხადა, რომ პატივს სცემდა მის ტახტსა და სქესს, და რომ თუმცა მას სამ ომში ებრძოდა, არასოდეს მიიჩნევდა თავის მტრად. მისი გარდაცვალებით შეწყდა ჰაბსბურგთა დინასტიაც, რომელიც მის სიცოცხლეშივე შაანაცვლა ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიამ. ამის შემდეგ ავსტრიის ტახტიც იოზეფ II-მ დაიკავა, რომელმაც ერთ წელიწადში 700 განკარგულება გამოსცა, მაშინ, როდესაც მარია ტერეზია მხოლოდ 100-ს გამოსცემდა ხოლმე.

ჰაბსბურგთა ყველა მმართველთან შედარებით მარია ტერეზიას ორმოცწლიანი მმართველობა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება. განსხვავებით სხვა ჰაბსბურგებისგან, იგი ავსტრიელების და ბოჰემიელების გარდა პატივით სარგებლობდა უნგრელებშიც. მისმა რეფორმებმა ავსტრია თანამედროვე და საერთაშორისო დონის სახელმწიფოდ აქცია. მანვე განახორციელა მმართველობის ცენტრალიზაცია, რის გამოც მას „განმანათლებელ აბსოლუტისტს“ უწოდებენ.

მარია ტერეზია დაკრძალეს ვენაში, ჰაბსბურგთა საგვარეულო აკლდამაში, მისი განსვენებული ქმრის გვერდით. მათ სამარხს აქვს წარწერა: „ერთად, მთელი ცხოვრების განმავლობაში“.

სრული წოდება

რედაქტირება

დაქვრივების შემდეგ მარია ტერეზიას წოდება ასეთი იყო:

მარია ტერეზია, ღვთის ნებით, ქვრივი იმპერატრიცა რომაელებისა, დედოფალი უნგრეთისა, ბოჰემიისა, დალმაციისა, ხორვატიისა, სლავონიისა, გალიციისა, ლოდომერიისა და ა.შ. ერცჰერცოგინია ავსტრიისა. ჰერცოგინია ბურგუნდიისა, შტირიისა, კარინტიისა და კარნიოლისა. დიდი მთავარი ტრანსილვანიისა. მარკგრაფინია მორავიისა. ჰერცოგინია ბრაბანტისა, ლიმბურგისა, ლუქსემბურგისა, გელდერნისა, ვიურტემბერგისა, ზემო და ქვემო სილეზიისა, მილანისა, მანტუისა, პარმისა, პიაჩენცისა, გუასტალისა, აუშვიცისა და ზატორისა. მთავარი შვაბიისა. გრაფინია ჰაბსბურგისა, ფლანდრიისა, ტიროლისა, ენოსი, კიბურგისა, გორიციისა და გრადისკისა. მარკგრაფინია ბურგაუსი, ზემო და ქვემო ლუსატიისა. გრაფინია ნამიურისა. ქალბატონი ვენდიშის მარკისა და ნამიურისა. ქვრივი ჰერცოგინია ლოთარინგიისა და ბარისა, ქვრივი დიდი ჰერცოგინია ტოსკანისა.

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
მარია ელიზაბეთი   5 თებერვალი, 1737,

ვენა, ავსტრია

7 ივნისი, 1740,

ლაქსენბურგი, ავსტრია

(3 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ნაწლავების გადახლართვით.
მარია ანა   6 ოქტომბერი, 1738,

ვენა, ავსტრია

19 ნოემბერი, 1789,

კლაგენფურტი, ავსტრია

(51 წლის)

გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო. იგი მოგვიანებით

მონაზვნად აღიკვეცა და აბატისაც გახდა.

მარია კაროლინა   12 იანვარი, 1740,

ვენა, ავსტრია

25 იანვარი, 1741,

ვენა, ავსტრია

(1 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, სპაზმოფილიით.
იოზეფ II   13 მარტი, 1741,

ვენა, ავსტრია

20 თებერვალი, 1790,

ვენა, ავსტრია

(48 წლის)

საღვთო რომის იმპერატორი, გერმანიის, უნგრეთის, ბოჰემიისა და

ხორვატიის მეფე, ავსტრიის ერცჰერცოგი და ა.შ. პირველად იქორწინა

ჰერცოგ ფილიპე I-ისა და ლუიზა ელიზაბეტ ფრანგის ასულ იზაბელა

პარმელზე, მისი დაღუპვის შემდეგ კი იმპერატორ კარლ VII-ისა და

მარია ამალია ავსტრიელის ასულ მარია იოზეფა ბავარიელზე, თუმცა

გარდაიცვალა უშვილოდ.

მარია კრისტინა   13 მაისი, 1742,

ვენა, ავსტრია

24 ივნისი, 1798,

ვენა, ავსტრია

(56 წლის)

ცოლად გაჰყვა პოლონეთ-ლიტვის მეფე ავგუსტ III-ისა და მარია

იოზეფა ავსტრიელის უმცროს ვაჟს, ტეშენის ჰერცოგ ალბერტ

საქსონიელს, რომელთანაც ორი გოგონა შეეძინა, თუმცა ორივე ჩვილი

გარდაიცვალა. არსებობს მოსაზრება, რომ მას რომანი ჰქონდა თავის

რძალ იზაბელა პარმელთან.

მარია ელიზაბეთი   13 აგვისტო, 1743,

ვენა, ავსტრია

22 სექტემბერი, 1808,

ლინცი, ავსტრია

(65 წლის)

გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო. იგი თავიდან მონაზვნად

აღიკვეცა, საბოლოოდ კი ინსბრუკის დედათა მონასტრის აბატისაც

გახდა.

კარლ იოზეფი   1 თებერვალი, 1745,

ვენა, ავსტრია

18 იანვარი, 1761,

ვენა, ავსტრია

(15 წლის)

ავსტრიის ერცჰერცოგი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო,

ყვავილით.

მარია ამალია   26 თებერვალი, 1746,

ვენა, ავსტრია

18 ივნისი, 1804,

პრაღა, ჩეხეთი

(58 წლის)

ცოლად გაჰყვა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგ

ფერდინანდ I-ს, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი, მათ შორის

საქსონიის პრინცესა კაროლინა და ეტრურიის მეფე ლუდოვიკო I.

ნაპოლეონის მიერ ლომბარდიის დაპყრობის შემდეგ ქმართან

ერთად გადასახლდა ბოჰემიაში.

ლეოპოლდ II   5 მაისი, 1747,

ვენა, ავსტრია

1 მაისი, 1792,

ვენა, ავსტრია

(44 წლის)

საღვთო რომის იმპერატორი, ავსტრიის ერცჰერცოგი, ტოსკანის დიდი

ჰერცოგი, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის მეფე და ა.შ. ცოლად

შეირთო ესპანეთის მეფე კარლოს IV-ის ასული მარია ლუისა ესპანელი,

რომელთანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი, მათ შორის მომავალი

იმპერატორი ფრანც II, საქსონიის დედოფალი მარია ტერეზია,

ტოსკანის ჰერცოგი ფერდინანდო III და ნეაპოლის პრინცესა კლემენტინა.

მარია იოჰანა   4 თებერვალი, 1750,

ვენა, ავსტრია

23 დეკემბერი, 1762,

ვენა, ავსტრია

(12 წლის)

დანიშნული იყო ესპანეთის მეფე კარლოს III-ისა და დედოფალ მარია

ამალია საქსონიელის ვაჟზე, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე

ფერდინანდ I-ზე, თუმცა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა

ყვავილით.

მარია იოზეფა   19 მარტი, 1751,

ვენა, ავსტრია

15 ოქტომბერი, 1767,

ვენა, ავსტრია

(16 წლის)

დანიშნული იყო ესპანეთის მეფე კარლოს III-ისა და დედოფალ მარია

ამალია საქსონიელის ვაჟზე, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე

ფერდინანდ I-ზე, თუმცა ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა

ყვავილით.

მარია კაროლინა   13 აგვისტო, 1752,

ვენა, ავსტრია

8 სექტემბერი, 1814,

ვენა, ავსტრია

(62 წლის)

ცოლად გაჰყვა ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ს,

რომელთნაც შეეძინა ჩვიდმეტი შვილი, მათ შორის: საღვთო რომის

იმპერატრიცა მარია ტერეზა, ტოსკანის ჰერცოგინია ლუიზა მარია,

ორი სიცილიის მეფე ფრანჩესკო I, სარდინიის დედოფალი მარია

კრისტინა, საფრანგეთის დედოფალი მარია ამალია და ასტურიის

პრინცესა მარია ანტონია.

ფერდინანდი   1 ივნისი, 1754,

ვენა, ავსტრია

24 დეკემბერი, 1806,

ვენა, ავსტრია

(52 წლის)

ჰაბსბურგ-ესტეს ერცჰერცოგი. ცოლად შეირთო მასას გრაფინია მარია

ბეატრიჩე დ'ესტე, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა, მათ შორის

სარდინიის დედოფალი მარია ტერეზა, ბავარიის კურფიურსტი მარია

ლეოპოლდინა, მოდენის ჰერცოგი ფრანჩესკო V და ავსტრიის

იმპერატრიცა მარია ლუდოვიკა.

მარია ანტონია   2 ნოემბერი, 1755,

ვენა, ავსტრია

16 ოქტომბერი, 1793,

პარიზი, საფრანგეთი

(37 წლის)

ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი

შვილი, მათ შორის მეფე ლუი XVII და დედოფალი მარი ტერეზი. მას და

მის ქმარს რევოლუციონერებმა მოჰკვეთეს თავი.

მაქსიმილიანი   8 დეკემბერი, 1756,

ვენა, ავსტრია

26 ივლისი, 1801,

ვენა, ავსტრია

(44 წლის)

კელნის არქიეპისკოპოს-კურფიურსტი. გარდაიცვალა დაუქორწინებელი

და უშვილო.

წინაპრები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 441.
  • Castilhon, Jean. Précis historique de la vie de Marie-Thérèse, archiduchesse d’Autriche, impératrice douairière, reine de Hongrie et de Bohême. 1781.
  • Rautenstrauch, Johann. Biographie Marien Theresiens. Wien; Presburg: Loewe, 1780.
  • Fromageot, Abbé. Annales du règne de Marie-Thérèse, impératrice douairière, reine de Hongrie et de Bohême, archiduchesse d’Autriche, etc. Paris: Prault fils, 1775.
  • Beller, Steven (2006). A Concise History of Austria. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-47305-7.
  • Berenger, Jean (2014) [1997]. A History of the Habsburg Empire 1700–1918. Translated by Simpson, CA. New York City: Routledge. ISBN 978-0-582-09007-1.
  • Bocşan, Nicolae (2015). "Illyrian privileges and the Romanians from the Banat" (PDF). Banatica. 25: 243–258.
  • Bronza, Boro (2010). "The Habsburg Monarchy and the Projects for Division of the Ottoman Balkans, 1771-1788". Empires and Peninsulas: Southeastern Europe between Karlowitz and the Peace of Adrianople, 1699–1829. Berlin: LIT Verlag. pp. 51–62.
  • Brandstätter, Christian (1986). Stadt Chronik Wien: 2000 Jahre in Daten, Dokumenten und Bildern. Kremayr und Scheriau.
  • Browning, Reed (1994). The War of the Austrian Succession. Stroud: Alan Sutton. ISBN 0750905786.
  • Byrne, James M (1997). Religion and the Enlightenment: from Descartes to Kant. Louisville: Westminster John Knox Press. ISBN 0-664-25760-7.
  • Crankshaw, Edward (1970). Maria Theresa. New York: Viking Press. ISBN 0582107849.
  • Beales, Derek (1987). Joseph II: In the shadow of Maria Theresa, 1741–1780. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-24240-1.
  • Beales, Derek (2005). Enlightenment and Reform in Eighteenth-Century Europe. London: I.B.Tauris. ISBN 1-86064-950-5.
  • Ćirković, Sima (2004). The Serbs. Malden: Blackwell Publishing.
  • Duffy, Christopher (1977). The army of Maria Theresa: The Armed Forces of Imperial Austria, 1740–1780. London: David & Charles. ISBN 0715373870.
  • Goldsmith, Margaret (1936). Maria Theresa of Austria. London: Arthur Barker Ltd.
  • Himka, John-Paul (1999). Religion and nationality in Western Ukraine: the Greek Catholic Church and Ruthenian National Movement in Galicia, 1867–1900. Montreal: McGill-Queen's Press. ISBN 0-7735-1812-6.
  • Holborn, Hajo (1982). A History of Modern Germany: 1648–1840. Princeton: Princeton University Press. ISBN 0-691-00796-9.
  • Hopkins, Donald R (2002). The greatest killer: smallpox in history, with a new introduction. Chicago: University of Chicago Press. ISBN 0-226-35168-8.
  • Ingrao, Charles W (2000). The Habsburg monarchy, 1618–1815. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-78505-7.
  • Kann, Robert (1980). A history of the Habsburg Empire, 1526–1918. Berkeley, Los Angeles, London: University of California Press. ISBN 0-520-04206-9.
  • Mahan, Jabez Alexander (1932). Maria Theresa of Austria. New York: Crowell.
  • Mitford, Nancy (1970). Frederick the Great. London: Hamish Hamilton.
  • Morris, Constance Lily (1937). Maria Theresa – The Last Conservative. New York, London: Alfred A. Knopf.
  • Patai, Raphael (1996). The Jews of Hungary: history, culture, psychology. Detroit: Wayne State University Press. ISBN 0-8143-2561-0.
  • Penslar, Derek Jonathan (2001). Shylock's children: economics and Jewish identity in modern Europe. Berkeley, Los Angeles, London: University of California Press. ISBN 0-520-22590-2.
  • Roider, Karl A. (1972). "The Perils of Eighteenth-Century Peacemaking: Austria and the Treaty of Belgrade, 1739". Central European History. 5 (3): 195–207. doi:10.1017/s0008938900015478.
  • Roider, Karl (1973). Maria Theresa. Englewood Cliffs, New Jersey: Prentice-Hall. ISBN 0-13-556191-4.
  • Spielman, John Philip (1993). The city & the crown: Vienna and the imperial court, 1600–1740. West Lafayette, Indiana: Purdue University Press. ISBN 1-55753-021-1.
  • Vocelka, Karl (2000). "Enlightenment in the Habsburg Monarchy: History of a Belated and Short-Lived Phenomenon". In Grell, Ole Peter; Porter, Roy (eds.). Toleration in Enlightenment Europe. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0521651964.
  • Vocelka, Karl (2009) [2000]. Geschichte Österreichs: Kultur, Gesellschaft, Politik (3rd ed.). München: Heyne Verlag. ISBN 3-453-21622-9.
  • Yonan, Michael (2003). "Conceptualizing the Kaiserinwitwe: Empress Maria Theresa and Her Portraits". In Levy, Allison (ed.). Widowhood and Visual Culture in Early Modern Europe. Burlington: Ashgate Publishing. ISBN 0-7546-0731-3.
  • Yonan, Michael (2011). Empress Maria Theresa and the Politics of Habsburg Imperial Art. University Park, Pennsylvania: Pennsylvania State University Press. ISBN 978-0-271-03722-6.