მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე

მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე (იტალ. Maria Teresa d'Asburgo-Este, გერმ. Maria Theresia von Habsburg-Este; დ. 1 ნოემბერი, 1773, მილანი, იტალია — გ. 29 მარტი, 1832, ჟენევა, შვეიცარია) — ჰაბსბურგ-ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენის პრინცესა და ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებით. სარდინიის დედოფალი 1802-1821 წლებში როგორც ვიტორიო ემანუელე I-ის მეუღლე.

მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე
სარდინიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 4 ივნისი, 1802
მმართ. დასასრული: 12 მარტი, 1821
წინამორბედი: მარი კლოტილდა ფრანგი
მემკვიდრე: მარია კრისტინა ნეაპოლელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1 ნოემბერი, 1773
დაბ. ადგილი: მილანი, იტალია
გარდ. თარიღი: 29 მარტი, 1832, (58 წლის)
გარდ. ადგილი: ჟენევა, შვეიცარია
დაკრძ. ადგილი: სუპერგის ბაზილიკა, ტურინი, იტალია
მეუღლე: ვიტორიო ემანუელე I, სარდინიის მეფე
შვილები: მარია ბეატრიჩე, მოდენის ჰერცოგინია
მარია ტერეზა, პარმის ჰერცოგინია
მარია ანა, ავსტრიის იმპერატრიცა
მარია კრისტინა, ორი სიცილიის დედოფალი
სრული სახელი: მარია ტერეზია იოზეფა იოჰანა
დინასტია: ჰაბსბურგ-ესტე
მამა: ფერდინანდ კარლი, ჰაბსბურგ-ესტეს ერცჰერცოგი
დედა: მარია ბეატრიჩე დ’ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

მარია ტერეზა დაიბადა 1773 წლის 1 ნოემბერს მილანში. იგი იყო ერცჰერცოგ ფერდინანდ კარლ ავსტრიელისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია მარია ბეატრიჩე დ’ესტეს ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა მარია ტერეზია და მისი ქმარი, საღვთო რომის იმპერატორი ფრანც I შტეფანი ერგებოდნენ. ასევე მისი მამიდები იყვნენ საფრანგეთის დედოფალი მარი ანტუანეტი და ნეაპოლის დედოფალი მარია კაროლინა ავსტრიელი.

 
მარია ტერეზა თავის ქმართან და ქალიშვილებთან ერთად

1789 წლის 25 აპრილს, 15 წლის მარია ტერეზა დააქორწინეს 29 წლის ვიტორიო ემანუელე სავოიელზე, სარდინიის ტახტის მემკვიდრეზე. აღსანიშნავია, რომ მათი ურთიერთობა საკმაოდ ჰარმონიული და ბედნიერი იყო, განსხვავებით სხვა წყვილებისაგან. მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თავის რძალთან, დედოფალ მარი კლოტილდა ფრანგთან, რომელიც მეფე კარლო ემანუელეს უშვილო მეუღლე იყო. მარია ტერეზა ახლოს იყო თავის მულთან, ჰერცოგინია მარია ანასთან. ქორწინებისას მისი ქმარი აოსტის ჰერცოგის წოდებას ფლობდა და მარია ტერეზასაც მისი ეკვივალენტური ტიტული მიენიჭა. წყვილს სულ ექვსი გოგონა და ერთი ვაჟი შეეძინა, რომელთაგან ვაჟი და ორი გოგონა ბავშვობაში დაიღუპა. 1798 წელს, ნაპოლეონის სავოიაში შეჭრის გამო მარია ტერეზამ და მისმა ქმარ-შვილმა თავი ტოსკანას შეაფარა.

1802 წელს მარია ტერეზას მაზლი, მეფე კარლო ემანუელე IV ტახტიდან თავისი ძმის, ვიტორიო ემანუელე I-ის სასარგებლოდ გადადგა, რითაც მარია ტერეზა სარდინიის დედოფალი გახდა. მიუხედავად ასეთი წოდებისა, მათ სარდინიაში დაბრუნება მხოლოდ 1814 წელს, ნაპოლეონის ჩამოგდების შემდეგ მოახერხეს. ახალი დედოფალი ტურინში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს, თუმცა მან საზოგადოებაში მალევე გამოიწვია დიდი უკმაყოფილება. ამის მიზეზი ის იყო, რომ ფრანგების მიერ გატარებული პროგრესული რეფორმები მეფე-დედოფალმა მთლიანად გააუქმეს, რასაც ისიც დაემატა, რომ ზიზღით ეპყრობოდნენ ყველას, ვინც ფრანგებთან თანამშრომლობდა. მის რადიკალურ ქმედებებს 1821 წლის აჯანყება მოჰყვა, რის გამოც მეფე იძულებული გახდა მარია ტერეზასთვის გარკვეული უფლებები ჩამოერთმია. ამან ვითარება ვერ გამოასწორა, რასაც ამავე წელს ლიბერალური რევოლუციის დაწყება მოჰყვა. ამის გამო, ვიტორიო ემანუელე I ტახტიდან თავისი ძმის, კარლო ფელიჩე I-ის სასარგებლოდ გადადგა. ამის შემდეგ, ვიტორიო ემანუელე და მარია ტერეზა ნიცაში გადასახლდნენ.

ნიცაში დასახლებიდან სამ წელიწადში, 1824 წელს ვიტორიო ემანუელე გარდაიცვალა, რის შემდეგაც მარია ტერეზამ კიდევ რვა წელი იცოცხლა. რამდენადაც ცნობილია, იგი მთელი ძალებით ცდილობდა, რომ თავისი უშვილო მაზლის, კარლო ფელიჩეს ტახტის მემკვიდრედ თავისი ძმა, მოდენის ჰერცოგი ფრანჩესკო IV, თუმცა არაფერი გამოვიდა. მის მიმართ არსებული მტრული დამოკიდებულების გამო, მარია ტერეზას ტურინში დაბრუნების უფლება 1831 წლამდე არ მისცეს. საბოლოოდ იგი ჟენევაში დასახლდა, სადაც 1832 წლის 29 მარტს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარია ტერეზას ნეშტი გადაასვენეს და დაკრძალეს სუპერგის სამეფო ბაზილიკაში, ტურინში.

შვილები რედაქტირება

  1. მარია ბეატრიჩე (1792-1840), ცოლად გაჰყვა თავის ბიძას, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ფრანჩესკო IV-ს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  2. მარია ადელაიდა (1794-1802), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. კარლო ემანუელე (1800-1801), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. უსახელო გოგონა (1800-1801), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. მარია ტერეზა (1803-1879), მარია ანას ტყუპისცალი. ცოლად გაჰყვა პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგ კარლო II-ს, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი;
  6. მარია ანა (1803-1884), მარია ტერეზას ტყუპისცალი. ცოლად გაჰყვა ავსტრიის იმპერატორს, უნგრეთის, ბოჰემიის, ხორვატიის, ლომბარდო-ვენეციისა და გალიციის მეფე ფერდინანდ I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  7. მარია კრისტინა (1812-1836), ცოლად გაჰყვა ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ II-ს, რომელთანაც შეეძინა ერთი ვაჟი;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Festorazzi, Roberto. La regina infelice: Lettere d'amore segrete di Maria Teresa di Savoia. Milano: Mursia, 2002. ISBN 88-425-3060-3.
  • Brigitte Hamann: Die Habsburger. Ein biographisches Lexikon. Verlag Carl Ueberreuter, Wien 1988, S. 345f.