მარია ამალია საქსონიელი

მარია ამალია საქსონიელი (დ. მარია ამალია კრისტინა ფრანცისკა ხავიერა ფლორა ვალბურგა; დ. 24 ნოემბერი, 1724, დრეზდენი, საქსონია — გ. 27 სექტემბერი, 1760, მადრიდი, ესპანეთი) — ვეტინების დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის, ლიტვისა და პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ჟოზეფა ავსტრიელის ქალიშვილი. ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი 1738-1759 წ.წ.-ში, ესპანეთის დედოფალი 1759-1760 წ.წ.-ში, როგორც კარლ III-ის მეუღლე. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის დედა. იყო პოპულარული დედოფალი, წამოიწყო უამრავი მშენებლობა ნეაპოლში. აგრეთვე ცნობილია თავისი გავლენით სახელმწიფო საქმეებზე. 1759 წელს ესპანეთში გადასახლდა, სადაც სურდა მადრიდის სასახლის რეკონსტრუქცია. მან სასახლის შელამაზება დაიწყო კიდეც თუმცა არ დასცალდა და 1760 წელს გარდაიცვალა.

მარია ამალია საქსონიელი
ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 19 ივნისი 1738
მმართ. დასასრული: 10 აგვისტო 1759
წინამორბედი: ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
მემკვიდრე: მარია კაროლინა ავსტრიელი
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 10 აგვისტო 1759
მმართ. დასასრული: 27 სექტემბერი 1760
წინამორბედი: ბარბარა პორტუგალიელი
მემკვიდრე: მარია ლუიზა პარმელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ნოემბერი 1724
დაბ. ადგილი: დრეზდენი, საქსონია
გარდ. თარიღი: 27 სექტემბერი, 1760 (35 წლის)
გარდ. ადგილი: მადრიდი, ესპანეთი
მეუღლე: კარლ III, ესპანეთის მეფე
შვილები: მარია ხოსეფა
მარია ლუისა, საღვთო რომის იმპერატრიცა
კარლ IV, ესპანეთის მეფე
ფერდინანდ I, სიცილიის მეფე
გაბრიელი
ანტონიო პასკალი
სრული სახელი: გერმ. Maria Amalia Christina Franziska Xaveria Flora Walburga
ესპ. María Amalia Cristina Francisca Javiera Flora Walburga
დინასტია: ვეტინები
მამა: ავგუსტუს III, საქსონიის ჰერცოგი
დედა: მარია იოზეფა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბავშვობა

რედაქტირება

მარია ამალია დაიბადა ქალაქ დრეზდენში, საქსონიაში. მამამისი იყო საქსონიის ჰერცოგი, პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი ავგუსტ III, ხოლო დედა, ავგუსტუსის მეუღლე, დედოფალი მარია იოზეფა ავსტრიელი, რომელიც იყო საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ის ქალიშვილი. დედამისი იმპერატრიცა მარია ტერეზიას ბიძაშვილად ერგებოდა. მარია ამალიას 14 და-ძმა ჰყავდა. პატარა დაბადებიდან მალევე მონათლეს. მისი და-ძმებიდან გამოირჩევიან საქსონიის ჰერცოგი ფრედერიკ კრისტიანი, ბავარიის ჰერცოგინია ანა მარია სოფია და საფრანგეთის დოფინი მარია ჟოზეფა, რომელიც საფრანგეთის მეფე ლუი XVI-ის დედა იყო. მარია ამალია დრეზდენის სამეფო სასახლეში იზრდებოდა და სწავლობდა ფრანგულს, ცეკვასა და ხატვას. მას ასევე შეეძლო კარგად სიმღერა, კარგად ერკვეოდა მუსიკაში და ადრეული ასაკიდანვე შესანიშნავად თამაშობდა დაფის თამაშებს.

ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი

რედაქტირება
 
ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი მარია ამალია საქსონიელი

1738 წელს მარია ამალია დაქორწინდა ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ზე, რომელიც ამასთან ესპანეთის ტახტის მემკვიდრეც იყო. ეს ქორწინება მოაწყო კარლის დედამ, დედოფალმა ელიზაბეტა ფარნეზემ, რომელმაც არ დაუშვა თავისი ვაჟის ქორწინება მარია ანა ავსტრიელზე და არც ლუიზა ელიზაბეტა ფრანგზე, ვინაიდან შვილისათვის ცოლად ძლიერ ქალს ეძებდა, სწორედ ისეთს როგორიც მარია ამალია იყო. ორი სარძლოს დაწუნების შემდეგ ელიზაბეტა ფარნეზემ ახალი სარძლოს ძიება დაიწო, მარია ამალიას კანდიდატურა, მისსავე ბებიამ, დედოფალმა ვილჰემინა ამალიამ წამოაყენა, რაზეც ელიზაბეტა დათანხმდა. ამრიგად ვენაში დაიდო ხელშეკრულება, სადაც ესპანურ მხარეს წარმოადგენდა ჰერცოგი ფუენკლარა ხოლო საქსონიის მხარეს, იტალიელი დიპლომატი ჯოვანი ბატისტ ბოლზა. 1737 წელს ეს ქორწინება რომის პაპმა დაადასტურა, ხოლო 1738 წლის 8 მაისს მოხდა მარიონეტული ქორწინება, ანუ მარია ამალია დაქორწინდა თავის ძმა ფრედერიკზე, რომელიც კარლს განასახიერებდა, ოფიციალურად კი ის კარლზე დაქორწინდა, ფრედერიკი კი მხოლოდ კარლის ნაცვლად იყო. ეს ქორწინება თვით რომის პაპმა დალოცა, რამაც შემდგომში კარლსა და პაპს შორის ურთიერთობები დაათბო.

1738 წლის 19 ივნისს მარია ამალია და კარლი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. მათი შეხვედრის საზეიმო ღონისძიება 3 ივლისამდე გაგრძელდა, 4 ივლისს კი მარია ამალია თავის მეუღლესთან ერთად ნეაპოლში შევიდა.[1] ამის აღსანიშნავად კარლმა ბანკეტი გამართა სადაც მისი ბრძანებით მთელი სამეფოს ყველაზე წარჩინებული ოჯახები დაპატიჟეს.

 
ცხენზე ამხედრებული დედოფალი მარია ამალია საქსონიელი

მათი ქორწინება თავიდანვე კარგად დაიწყო. ამის გაგებამ დედოფალი ელიზაბეტა ძალიან გაახარა და ესპანეთში სახალხოდ გამოაცხადა, რომ კარლი თავის ცოლთან ბედნიერად ცხოვრობდა. მარია ამალიას ისტორიკოსები აღწერენ როგორც ძალიან ლამაზ ქალს, იგი ასევე იყო ჩინებული მხედარი და კარლს ნადირობის დროს ყოველთვის თან ახლდა, რაც კარლს ძალიან მოსწონდა. როგორც დედოფალს, დიდი გავლენა ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკაზე, მიუხედავად მისი ხშირი ავადმყოფობებისა იგი მაინც აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვის საქმეებში. მან დაასრულა არაერთი პოლიტიკოსის კარიერა რადგან ისინი არ მოსწონდა. [2]მარია ამალიას არ სჭირდებოდა იმის დამალვა, რომ პოლიტიკაში აქტიურად ერეოდა, 1747 წელს კი პირველი ვაჟის გაჩენის აღსანიშნავად კარლმა მას ადგილი უბოძა სამეფო საბჭოში. ესპანური ზეწოლიგან ნეაპოლის განთავისუფლებისათვის მარია ამალია ყველაფერს აკეთებდა. [3]1742 წელს ავსტრიის ტახტისათვის ატეხილი ომის დროს მან კარლი დაარწმუნდა და ნეაპოლი ნეიტრალურ მდგომარეობაში დარჩა, რის გამოც მათ ბრიტანეთისაგან მომავალი საფრთხე აიცილეს, რადგან თუკი ნეაპოლი ავსტრიის ტახტისთვის ბრძოლას დაიწყებდა ბრიტანეთი პირველ რიგში მას დაესხმებოდა თავს როგორც სუსტ მეტოქეს და ამით კარგ პლაცტარმას მიიღებდა. 1744 წელს ამავე ომის დროს მარია ამალიას გავლენით ნეაპოლმა ბრიტანეთს დაუჭირა მხარი, რომელიც საფრანგეთსა და ავსტრიას ებრძოდა. 1754 წელს ასევე მისი გავლენით საგარეო მინისტრად დანიშნეს ბერნარდო ტანუჩი, რომელიც მარია ამალიას მოკავშირე იყო.

დედოფალი მარია ამალია დიდ ყურადღებას აქცევდა ნეაპოლში არქიტექტურის განვითარებას. მან დიდი როლი ითამაშა კასერტას სასახლის რეკონსტრუქციაში. მოგვიანებით როდესაც სასახლე სრულად აღდგა, დედოფალმა ის კარლს აჩუქა, 1752 წლის 20 იანვარს, მის ოცდამეექვსე დაბადების დღეზე. მიუხედავად ამისა მათ ამ სასახლეში არასოდეს უცხოვრიათ, ვინაიდან მარია ამალიას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ახალი სასახლე კი ძალიან ნესტიანი იყო. ასევე მარია ამალიას ბრძანებით, სულ რაღაც 270 დღეში ააშენეს წმინდა კარლის სახელობის თეატრი. აგრეთვე მან განაახლებინათ ნეაპოლის სამეფო სასახლეც. დედოფალი იყო იყო თამბაქოს მძიმე მომხმარებელი, რომელსაც ის ტკივილის გასაყუჩებლად იყენებდა. ამ ყველაფრის გამო ეკლესიისაგან ხშირ კრიტიკას იმსახურებდა, რაც ძალიან მოქმედებდა მასზე ვინაიდან მარია ამალია ძალიან მგრძნობიარე პიროვნება იყო.

ესპანეთის დედოფალი

რედაქტირება
 
ესპანეთის დედოფალი მარია ამალია საქსონიელი

1758 წლის ბოლოს, კარლის ნახევარძმა, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VI აჩვენებდა იმავე სიმპტომებს, რომელსაც მამამისი გარდაცვალების წინ. 1758 წლის აგვისტოში თავისი საყვარელი მეუღლე, ბარბარა პორტუგალიელი დაკარგა, რის გამოც მეფე ღრმა დეპრესიასა და გლოვას მიეცა, ამან კი მისი ჯანმრთელობის შერყევა გამოიწვია. იგი მიხვდა, რომ მალე გარდაიცვლებოდა, ამიტომაც კარლი დაარწმუნა, რომ მის შემდეგ ესპანეთში ის გამეფებულიყო. ფერდინანდი 1759 წლის 10 აგვისტოს გარდაიცვალა.

ამ დროს კარლი ესპანეთის მეფე კარლ III გახდა, ხოლო მარია ამალია ესპანეთის დედოფალი. ვენაში დადებული ხელშეკრულების მიხედვით, თუ კარლი ესპანეთის მეფე გახდებოდა მას ავტომატურად ჩამოერთმეოდა ნეაპოლისა და სიცილიის მეფის ტიტული, ამიტომაც ნეაპოლისა და სიცილიის მეფე მათი ვაჟი, ფერდინანდი გახდა.

ამ ყველაფრის გამო კარლმა და მარია ამალიამ ნეაპოლი დატოვეს და მადრიდში გადასახლდნენ. მათი ვაჟი ფერდინანდი კი ამ ორი სამეფოს მმართველი გახდა. ფერდინანდი მათი შუათანა ვაჟი იყო, ხოლო მათ თან უფროსი ვაჟი კარლი წაიყვანეს და ესპანეთის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადეს. თუმცა კარლს კიდევ ჰყავდა უფროსი ძმა, ფილიპე, რომელიც კალაბრიის ჰერცოგი იყო, მაგრამ მშობლებმა იცოდნენ, რომ ის გონებრივად ჩამორჩენილი იყო და ამიტომაც მემკვიდრედ კარლი გამოაცხადეს. საბოლოოდ მარია ამალია და კარლ III, თავიანთ ვაჟ კარლთან ერთად ბარსელონაში 1759 წლის 7 ოქტომბერს ჩავიდნენ.

დედოფალმა მარია ამალიამ ესპანეთშიც არაერთი სასახლე და სამეფო რეზიდენცია განაახლა. თუმცა ესპანეთში ჩასვლიდან მალევე იგი მძიმედ დაავადდა. ამაში ნაწილობრივ დაადანაშაულეს მისი დედამთილი, დედა დედოფალი ელიზაბეტა ფარნეზე, რომელმაც ამავდროულად სამეფო კარი დატოვა. დედოფალ მარია ამალიას ესპანეთში ბევრი რამ არ მოსწონდა, მას არ მოსწონდა ესპანური საკვები და ენა, მან კატეგორიული უარი განაცხადა ესპანურის სწავლაზე. აგრეთვე არ მოსწონდა ესპანეთის კლიმატი და არც თავად ესპანელები. იგი მიიჩნევდა რომ ისინი ძალიან პასიური ხალხი იყვნენ, ამასთან მათ უმეცრებსა და გაუნათლებლებსაც უწოდებდათ. ესპანეთის სამეფო კარზე იგი დეპრესიაში ჩავარდა და რეფორმების გატარებას ცდილობდა, თუმცა მათი დასრულება ვერ მოასწრო.

1760 წლის 27 სექტემბერს, ესპანეთში ჩასვლიდან მალევე დედოფალი მარია ამალია საქსონიელი გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ესპანეთის მეფეთა და დედოფალთა სამეფო ბაზილიკა ესკორიალში. 1788 წელს მის გვერდით დაკრძალეს მისი მეუღლეც.

  1. ინფანტა მარია ისაბელი (დ. 6 სექტემბერი 1740 — გ. 2 ნოემბერი 1742), გარდაიცვალა ბავშვობაში;
  2. ინფანტა მარია ჟოზეფა (დ. 20 იანვარი 1742 — გ. 1 აპრილი 1742), გარდაიცვალა ბავშვობაში;
  3. ინფანტა მარია ისაბელ ანა (დ. 30 აპრილი 1743 — გ. 5 მარტი 1749), გარდაიცვალა ბავშვობაში;
  4. ინფანტა მარია ჟოზეფა (დ. 6 ივლისი 1744 — გ. 8 დეკემბერი 1801)
  5. ინფანტა მარია ლუიზა (დ. 24 ნოემბერი 1745 — გ. 15 მაისი 1792), ცოლად გაჰყვა საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ს;
  6. ინფანტი ფილიპე (დ. 13 ივნისი 1747 — გ. 19 სექტემბერი 1777), კალაბრიის ჰერცოგი;
  7. კარლ IV (დ. 11 ნოემბერი 1748 — გ. 19 იანვარი 1819), ესპანეთის მეფე, ცოლად შეირთო მარია ლუიზა პარმელი;
  8. ინფანტა მარია ტერეზა (დ. 2 დეკემბერი 1749 — გ. 2 მაისი 1750), გარდაიცვალა ბავშვობაში;
  9. ფერდინანდ I ( დ. 12 იანვარი 1751 — გ. 4 იანვარი 1834), ნეაპოლისა და სიცილიის მეფე, ცოლად შეირთო მარია კაროლინა ავსტრიელი;
  10. ინფანტი გაბრიელი (დ. 11 მაისი 1752 — გ. 23 ნოემბერი 1788), ცოლად შეირთო მარია ანა ვიქტორია პორტუგალიელი;
  11. ინფანტა მარია ანა (დ. 3 ივლისი 1754 — გ. 11 მაისი 1755), გარდაიცვალა ბავშვობაში;
  12. ინფანტი ანტონიო პასკალი (დ. 31 დეკემბერი 1755 — გ. 20 აპრილი 1817), ცოლად შეირთო ინფანტა მარია ამალია ესპანელი;
  13. ინფანტი ფრანჩესკო ხავიერი (დ. 15 თებერვალი 1757 — გ. 10 აპრილი 1771), გარდაიცვალა ბავშვობაში.

ტიტულები

რედაქტირება
  • 1724 - 1738 : მისი სამეფო უდიდებულესობა მარია ამალია, საქსონიის, პოლონეთისა და ლიტვის პრინცესა
  • 1738 - 1759 : მისი უმაღლესობა დედოფალი მარია ამალია, ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი, ესპანეთის ინფანტა, საქსონიის, პოლონეთისა და ლიტვის პრინცესა
  • 1759 - 1760 : მისი უმაღლესობა დედოფალი მარია ამალია, ესპანეთის დედოფალი, ნეაპოლისა და სიცილიის პრინცესა, საქსონიის, პოლონეთისა და ლიტვის პრინცესა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Harold Acton, I Borboni di Napoli (1734–1825), Florence, Giunti, 1997.
  2. Dizionario Biografico degli Italiani – Volume 70 (2007)
  3. Dizionario Biografico degli Italiani – Volume 70 (2007)