მარია ხოსეფა ესპანელი
მარია ხოსეფა ესპანელი (ესპ. María Josefa de España; დ. 6 ივლისი, 1744 — გ. 8 დეკემბერი, 1801) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და დედოფალ მარია ამალია საქსონიელის უფროსი ქალიშვილი. ესპანეთის მეფე კარლ IV-ის უფროსი და. გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.
მარია ხოსეფა ესპანელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
6 ივლისი, 1744 ნეაპოლი, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
8 დეკემბერი, 1801, (57 წლის) მადრიდი, ესპანეთი |
ეროვნება | ესპანელები |
წოდება | ესპანეთის ინფანტა |
რელიგია | კათოლიციზმი |
მშობლები |
მამა: კარლ III, ესპანეთის მეფე დედა: მარია ამალია საქსონიელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ხოსეფა ესპანელი დაიბადა 1744 წლის 6 ივლისს ნეაპოლში, ნეაპოლის სამეფოში. იგი იყო ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარია ამალია საქსონიელის უფროსი ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ესპანეთის მეფე ფილიპე V და მისი მეორე ცოლი, დედოფალი ისაბელ ფარნეზე, ხოლო დედის მხრიდან საქსონიის, ლიტვისა და პოლონეთის მეფე ავგუსტ III და მისი ცოლი, დედოფალი მარია იოზეფა ავსტრიელი. მარია ხოსეფა მათი ცამეტი შვილიდან მეოთხე იყო, თუმცა მანამდე დაბადებული სამი ბავშვი ჩვილობაში დაიღუპა, რის გამოც იგი უფროს ქალიშვილად ითვლებოდა.
მისი დაბადებიდან სულ ერთ წელიწადში დაიბადა მისი უმცროსი დაც, სახელად მარია ლუისა, რომელიც შემდგომში იმპერატრიცა მარია ტერეზიას ვაჟზე, ლეოპოლდ II-ზე დაქორწინდა. თავდაპირველად ლეოპოლდს მარია ხოსეფაზე უნდა ექორწინა, თუმცა ავსტრიელებმა არჩევანი შეცვალეს და მის ნაცვლად მარია ლუისა აირჩიეს.
1759 წლიდან მამამისი ესპანეთის მეფე ხდება, სიცილიისა და ნეაპოლის მეფედ კი თავის ვაჟ ფერდინანდს სვამს. ამის შემდეგ კარლი თავის ცოლთან და დანარჩენ შვილებთან ერთად ესპანეთში გადასახლდა, რომლის ხალხსა და კლიმატსაც დედოფალი მარია ამალია საქსონიელი ვერაფრით შეეგუა და სულ ერთ წელიწადში გარდაიცვალა. ამის შემდეგ მალევე, კარლმა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ასულ მარია ადელაიდაზე მოისურვა დაქორწინება, თუმცა კარლის გარეგნობის გამო მარია ადელაიდამ მასზე ქორწინებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ მეფე კარლი აღარ დაოჯახებულა და იგი 1788 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ესპანეთის მეფე მარია ხოსეფას ძმა, კარლ IV ხდება, რომელსაც ცოლად მარია ლუიზა პარმელი ჰყავდა.
მას შემდეგ, რაც 1768 წელს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის მეუღლე, დედოფალი მარია ლეშჩინსკა გარდაიცვალა, მარია ხოსეფა მის საცოლედ განიხილებოდა, თუმცა ლუიმ უარი თქვა მარია ხოსეფას ასაკის გამო, რომელიც მასზე ბევრად უმცროსი იყო. ყოველივე ამის გამო, მარია ხოსეფა გასათხოვარი დარჩა და ასეც გარდაიცვალა. იგი თავის ძმასთან, კარლ IV-თან ცხოვრობდა სამეფო სასახლეში, თუმცა პოლიტიკაში იგი საერთოდ არ ერეოდა. იგი ასევე ეხმარებოდა მადრიდში მდებარე მონასტრების მონაზვნებს.
მარია ხოსეფა ესპანელი გარდაიცვალა 1801 წლის 8 დეკემბერს, 57 წლის ასაკში. მისი გარდაცვალებიდან სულ ორ წელიწადში ესპანეთში საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონის ჯარები შეიჭრნენ და კარლ IV-ის მმართველობა დაამხეს, რომელიც ოჯახთან ერთად იტალიაში გაიქცა.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Chantal de Badts de Cugnac et Guy Coutant de Saisseval, Le Petit Gotha, Paris, éditions Le Petit Gotha, coll. « Petit Gotha », 2002 (1re éd. 1993), 989 p. ISBN 2-9507974-3-1.