მარია ანა ვიქტორია ბავარიელი

მარია ანა ვიქტორია ბავარიელი (გერმ. Maria Anna Victoria von Bayern; ფრანგ. Marie Anne de Bavière) (დ. 28 ნოემბერი 1660, მიუნხენი, ბავარია - გ. 20 აპრილი 1690, ვერსალი, საფრანგეთი) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის კურტფიურსტის ასული. საფრანგეთის დოფინი 1680-1690 წლებში როგორც ლუი დე ბურბონის მეუღლე. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის დედა.

მარია ანა ვიქტორია ბავარიელი
საფრანგეთის დოფინი
მმართ. დასაწყისი: 7 მარტი, 1680
მმართ. დასასრული: 20 აპრილი, 1690
წინამორბედი: მარია სტიუარტი
მემკვიდრე: მარია ადელაიდა სავოიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 ნოემბერი, 1660
დაბ. ადგილი: მიუნხენი, ბავარია
გარდ. თარიღი: 20 აპრილი, 1690 (29 წლის)
გარდ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი დე ბურბონი
შვილები: ლუი, ბურგუნდიის ჰერცოგი
ფილიპე V, ესპანეთის მეფე
შარლი, ბერის ჰერცოგი
სრული სახელი: მარია ანა კრისტინა ვიქტორია ჟოზეფინა ბენედიქტა როზალია პეტრონელა ვიტელსბახი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ფერდინანდ მარია, ბავარიის კურფიურსტი
დედა: ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ბიოგრაფია რედაქტირება

ბავარიის პრინცესა (1660-1680) რედაქტირება

მარია ანა ვიქტორია იყო ბავარიის კურტფიურტს ფერდინანდისა და მისი ცოლის, ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელის უფროსი ქალიშვილი. დედის ხაზით მისი ბებია-პაპა იყვნენ სავოიის ჰერცოგი ვიტორიო ამადეო I და კრისტინა მარია დე ბურბონი, რომელიც იყო საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და მისი მეორე ცოლის, მარია მედიჩის შუათანა ქალიშვილი.

იგი დაიბადა 1660 წლის 28 ნოემბერს, ბავარიის საკურტფიურსტოს დედაქალაქ მიუნხენში. 1668 წელს, როცა ჯერ კიდევ რვა წლის იყო, იგი დანიშნეს საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონზე, რითაც მარია ანა ვიქტორია საფრანგეთის მომავალი დედოფალი გახდა. აქედან მოყოლებული დაიწყეს მისი საფრანგეთში გასათხოვებლად მზადება. იგი გარდა მშობლიური გერმანულისა, ფლობდა ფრანგულ, იტალიურ და ლათინურ ენებს. მარია ანა ძალიან ახლოს იყო დედასთან, რომელიც 1676 წელს გარდაიცვალა. სწორედ ამ დროს, მარია ანას უმცროსი და, ვიოლანტე ბავარიელი მიათხოვეს ტოსკანის ჰერცოგ ფერდინანდო მედიჩის.

საფრანგეთის დოფინი (1680-1690) რედაქტირება

 
მარია ანა ვიქტორია ბავარიელი

1680 წლის 7 მარტს მარია ანა ვიქტორია და ლუი დე ბურბონი შალონ-სურ-მარნეში დაქორწინდნენ. მარია ანა ვიქტორია საფრანგეთში პირველი დოფინი იყო მარია სტიუარტის შემდეგ, რომელიც დოფინი 1558 წელს გახდა ფრანსუა II ვალუაზე ქორწინებით, და დაკარგა 1559 წელს ტახტზე ასვლისას.

როდესაც მარია ანა პირველად ჩავიდა საფრანგეთში, ფრანგებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. როდესაც ის პირველად წარსდგა ფრანგული არისტოკრატიის წინაშე, ფრანგები მას გერმანულად გაესაუბრნენ, რის შემდეგაც მარია ანამ გაიღიმა და მიუგოთ: "ბატონებო, მე ვსაუბრობ ფრანგულად !". ფრანგები თვლიდნენ, რომ იგი იყო საშინლად მახინჯი, თუმცა ეს შეუმჩნეველი იყო მისი შინაგანი შარმისა და ქარიზმის წყალობით.

საფრანგეთის დოფინზე ქორწინების შემდეგ მარია ანა ვიქტორია საფრანგეთის სამეფო კარზე ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა თავისი დედამთილის, დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის შემდეგ. 1683 წელს კი დედოფალი მარია ტერეზა გარდაიცვალა და მარია ანა საფრანგეთში ყველაზე ძლევამოსილ ქალად იქცა, რადგან ის მომავალი დედოფალი იყო. თუმცა ძალაუფლებასთან ერთად მარია ანას დედოფლის მოვალეობებიც დაეკისრა, რაც ძალიან საპასუხისმგებლო და რთული სამუშაო იყო, სუსტი ჯანმრთელობის მარია ანას კი ამასთან გამკლავება ძალიან უჭირდა. მეფე ლუი XIV უკმაყოფილო იყო მისით, რადგანაც ის ამ მოვალეობებს თავს ვერ ართმევდა. სულ მალე მარია ანას იპოქონდრია დაუდგინეს.

ავადმყოფობის გამო მარია ანა ვიქტორია იზოლირებული უნდა ყოფილიყო. ამ ამბავმა მისი ქმარი გაახარა, რადგან ახლა შეეძლო თავისუფლად ეღალატა მისთვის. მარია ანამ თავის ოთახში თანამემამულეები შემოიკრიბა და მხოლოდ გერმანულად საუბრობდა. მარია ანასთან განსაკუთრებით დიდ დროს ატარებდა მისი ქმრის ბიცოლა, ასევე გერმანელი, ორლეანის ჰერცოგინია ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი. ელიზაბეთ შარლოტა დიდ ყურადღებასა და სითბოს იჩენდა მისდამი. სამეფო კარს სწორედ ელიზაბეთმა განუცხადა, რომ მარია ანა ღრმა დეპრესიაში იყო. 1690 წლის 20 აპრილს მარია ანა ვიქტორია ბავარიელი გარდაიცვალა, 29 წლის ასაკში. მისი სხეულის გამოკვლევამ დაადგინა, რომ გარდა იპოქონდრიისა, მას უამრავი დაავადება ჰქონდა, მათ შორის საშვილოსნოზეც.

მარია ანა დაკრძალეს სენ-დენის საფრანგეთის მეფეთა და დედოფალთა სასაფლაოზე.

შვილები რედაქტირება

 
მარია ანა ვიქტორია მეუღლესთან და შვილებთან ერთად
  • ფილიპე V ბურბონი (დ. 19 დეკემბერი 1683 - გ. 9 ივლისი 1746), ანჟუს ჰერცოგი და ესპანეთის მეფე, ესპანელი ბურბონების დამფუძნებელი, ჰყავდა ორი ცოლი 1. მარია ლუიზა სავოიელი და 2. ისაბელ ფარნეზე. შვილები ორივე ცოლთან ჰყავდა;
  • შარლ დე ბურბონი (დ. 31 ივლისი 1686 - გ. 5 მაისი 1714), ბერის, ალანსონისა და ანჟულემის ჰერცოგი, პუატიეს კონტი. დაქორწინდა თავის ბიძაშვილზე მარია ლუიზა ელიზაბეთ დ'ორლეანზე, რომელთანაც ჰყავდა შვილები, თუმცა ვერცერთმა ვერ მიაღწია ზრდასრულებამდე.

წინაპრები რედაქტირება

ტიტულები რედაქტირება

  • 28 ნოემბერი 1660 - 7 მარტი 1680: მისი სამეფო უდიდებულესობა ჰერცოგინია მარია ანა ვიქტორია ბავარიელი;
  • 7 მარტი 1680 - 20 აპრილი 1690: მისი სამეფო უმაღლესობა საფრანგეთის დოფინი მარია ანა ვიტქორია ბავარიელი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Simone Bertière, Les Femmes du Roi-Soleil, Éditions de Fallois, 1998.
  • Klaus Malettke: Die Bourbonen 1: Von Heinrich IV. Bis Ludwig XIV.(1589-1715), W. Kohlhammer Verlag, 2008, S. 246.
  • P. K. Hartmann: Die Dauphine Maria Anna Christina von Bayern und ihr Hofstaat, 1971.
  • P. K. Hartmann: Zwei Wittelsbachische Prinzessinnen am Hof Ludwigs XIV., 1981.