სავოიის საჰერცოგო
სავოიის საჰერცოგო (ფრანგ. Duché de Savoie, იტალ.Ducato di Savoia) — სუვერენული სახელმწიფო 1416-1847 წლებში, თანამედროვე იტალიის, საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიებზე. ის შეიქმნა საღვთო რომის იმპერიის ფარგლებში, ამადეო VIII-ის მიერ და რამდენიმე საუკუნის მანძილზე სავოიის საჰერცოგო საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში იყო. ამ სახელმწიფოს მთელი მისი ისტორიის მანძილზე მართავდა სავოიის დინასტია. სავოიის საჰერცოგო მცირე ხნით იმყოფებოდა საფრანგეთის შემადგენლობაშიც.
სავოიის საჰერცოგო Ducatus Sabaudiae (ლათ.) Duché de Savoie (ფრანგ.) Ducato di Savouè (პროვ.) Ducato di Savoia (იტალ.) Ducà 'd Savòja (პიემ.) | ||||||
| ||||||
| ||||||
სავოიის საჰერცოგოს ტერიტორიები XVIII საუკუნეში
| ||||||
დედაქალაქი | ტურინი | |||||
ენები | ფრანგული იტალიური ლათინური პროვანსული პიემონტური | |||||
რელიგია | კათოლიციზმი | |||||
მთავრობა | მონარქია | |||||
ისტორია | ||||||
- | შეიქმნა | 1416 | ||||
- | გაუქმდა | 1847 |
ისტორია
რედაქტირებაXV საუკუნე
რედაქტირებასავოიის საჰერცოგო შეიქმნა 1416 წელს, მაშინდელი საღვთო რომის იმპერიის ტერიტორიებზე, როდესაც საღვთო რომის იმპერატორი სიგიზმუნდ I იყო. სავოიის საჰერცოგო შექმნა ამადეო VIII-მ და მანვე დაუდო სათავე სავოიის დინასტიას, რომელიც არაერთი სახელმწიფოს მმართველი გახდა.
სავოიის საჰერცოგო თავიდანვე დიდ ზეწოლას განიცდიდა მეზობელი სახელმწიფოებისაგან. დაარსებიდან მალევე გენუის რესპუბლიკამ წაართვა თითქმის მთლიანი სანაპირო ზოლი და მათ შორის ქალაქი ნიცაც. გარდა ამისა სავოიას საშინლად ავიწროვებდა მეზობელი საფრანგეთი, რომელმაც დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი ტერიტორიები მიიტაცა. საფრანგეთის მხრიდან შეტევები განსაკუთრებულად გაძლიერდა რენესანსის ეპოქაში, რამაც ხელი შეუშალა სავოიის განვითარებას. ამის გამო, სავოია სხვა ევროპულ სახელმწიფოებს დიდად ჩამორჩებოდა განვითარების დონით.
ამადეო VIII კარგი მონარქი გამოდგა. მისი მმათველობის დროს აღორძინდა სავოიის ეკონომიკა, რამაც წარუშლელი კვალი და სავოიის ისტორიაში. მისი ხანგრძლივი მმართველობის დროს სავოია ჩართული იყო ომებში. ამადეო VIII-მ გააფართოვა თავისი სამფლობელოები, მან დაიპყრო მონტფერატოს საჰერცოგო და სალუზოს სალორდო. მან ასევე გაატარა სხვადასხვა რეფორმა, დაამარცხა რომის პაპი ფელიქს V და დაიპყრო მისი სამფლობელოს ნაწილი, რამაც შემდგომში მძიმე შედეგები მოიტანა და საფრთხეში ჩააყენა ქრისტიანული ერთობა.
ამადეო VIII-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ის იყო, რომ სავოიის ტერიტორიებზე შექმნა პიემონტის პროვინცია, რომელსაც მართავდა მხოლოდ ტახტის მემკვიდრე. მას ასევე ძალიან უყვარდა ხელოვნება, იგი მუდმივად უწყობდა სავოიაში მხატვრობის, მოქანდაკეობისა და მუსიკის განვითარებას, რაც ხელს უწყობდა სავოიის კულტურულ აღმასვლას.
მისი გარდაცვალების შემდგომ ტახტზე მისი ვაჟი, ლუის I (იგივე ლუდოვიკო I) ადის, რომელიც ძლიერად მორწმუნე და პროფრანგული პოლიტიკის გამტარებელი კაცი იყო. მან თავისი ქალიშვილი შარლოტა სავოიელი საფრანგეთის მეფე ლუი XI ვალუას მიათხოვა, რითაც სავოიაში ფრანგული გავლენა ძალიან გაიზარდა და სულ მალე სავოიის ჰერცოგი პარიზიდან იღებდა მოქმედების უფლებასა და განკარგულებას.
სავოიის ტახტზე სულ უფრო და უფრო უხეირო მმართველები ადიოდნენ. მათი პოლიტიკის გამო სავოია გაუთავებელ ომებში აღმოჩნდა ჩათრეული, რამაც ქვეყნის გაკოტრება და კულტურული დაღმასვლა განაპირობა. თუმცა 1482 წელს ტახტზე კარლ I ადის, რომელიც საკმაოდ ძლიერი მონარქი იყო. მან რამდენიმეჯერ დაამარცხა მტერი, გააფართოვა სავოია და კვლავ განაგრძო ტერიტორიული, კულტურული და ეკონომიკური გაძლიერება.
XVI საუკუნე
რედაქტირება1504 წელს გარდაიცვალა სავოიის საოცრად ძლიერი მმართველი ფილიბერტ II, ტახტზე კი მისი ვაჟი კარლ III ავიდა რომელიც ძალიან სუსტი მონარქი აღმოჩნდა. ამით ისარგებლა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა და 1515 წელს თავისი ჯარებით შეიჭრა სავოიაში. მან გაძარცვა სავოია და დაანგრია უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრეები. 1536 წელს ფრანსუა I მეორედ შეიჭრა საჰერცოგოში, თუმცა ამჯერად მისი ბოლომდე დაპყრობა ჰქონდა განზრახული. კარლ III-მ ბრძლისათვის მომზადება ვერ მოასწრო და მხოლოდ დედაქალაქ ტურინის დაცვას ცდილობდა. ამავე წლის 3 აპრილს ფრანგებმა ტურინი აიღეს, ქალაქი გადაწვეს, გაძარცვეს და მის თავზე საფრანგეთის დროშა აღმართეს. კარლ III-მ ძლივს მოასწრო ქალაქიდან გაქცევა. მან თავი ქალაქ ვერცელს შეაფარა, თუმცა ფრანგებმა ისიც აიღეს, რის გამოც იგი იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. ამავე წელს ფრანგებმა დაასრულეს სავოიის დაპყრობა და ის საფრანგეთს მიუერთეს.
სავოია ოცწლიანი ფრანგული ტყვეობიდან ემანუელ ფილიბერტ I-მა გაანთავისუფლა. მან ისარგებლა 1559 წელს საფრანგეთისა და ესპანეთის დაზავებით და საფრანგეთის დასუსტებით. 1559 წელს დაიდო კატო-კამბრეზის ზავი. ამავე წლის 9 ივლისს ემანუელმ ფილიბერტმა იქორწინა საფრანგეთის მეფე ანრი II-ის უმცროს დაზე — მარგარიტა დე ვალუაზე, რის შემდგომაც სავოიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ემანუელ ფილიბერტი მიხვდა, რომ ფრანგებს არ უნდა მინდობოდა, ამიტომაც მან დედაქალაქი კვლავ ტურინში გადმოიტანა, ძლიერი გალავანი შემოარტყა და პირვანდელი სახე დაუბრუნა. მან ასევე მაგალითი აიღო ფლანდრიის სამხედრო ცხოვრებიდან და სავოიაშიც ფლანდრიის მსგავსი ჯარები განალაგა. ის იყო სავოიის პირველი ჰერცოგი რომელსაც არა დაქირავებული, არამედ საკუთარი გაწვრთნილი ჯარი ჰყავდა. ასევე მისი მოღვაწეობის პერიოდში, სავოიაში სიმშვიდემ დაისადგურა, რაც დადებითად აისახა სავოიელი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან სავოიის დაპყრობით დაინტერესდა ესპანეთიც. ესპანელების შესაჩერებლად, სავოიის ჰერცოგმა შარლ ემანუელ I-მა ცოლად შეირთო ესპანეთის ინფანტა კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი. თუმცა ამან ვერ მოაგვარა სავოიის საგარეო პრობლემები, ვინაიდან ფრანგებმა კვლავ მოისურვეს სავოიაში ფეხის მოკიდება. ფრანგებმა მალევე დაიპყრეს მონტფერატო და სალუზა. სამწუხაროდ, შარლ ემანუელის მიერ საფრანგეთის წინააღმდეგ წარმოებული ყველა ომი კრახით დასრულდა. ესპანელებმა კი პირობა გატეხეს და ომების დროს სავოიას არ დაეხმარნენ ვინაიდან საფრანგეთთან ძლივს დალაგებული ურთიერთობის სავოიის გამო გაფუჭება არ სურდათ. მიუხედავად ამისა შარლ ემანუელი ისტორიაში დიდის სახელწოდებით შევიდა რადგან მან გაატარა არაერთი წარმატებული ეკონომიკური და კულტურული რეფორმა. მის დროს აღორძინდა ხელოვნება, ასევე ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ გამოჩენილი სავოიელი მწერლები, მხატვრები, პოეტები, მუსიკოსები, მოქანდაკეები და მეცნიერები. თუმცა შარლ ემანუელის მმართველობა მაინც გამოიხატება გაუთავებელი ომებით. იგი ებრძოდა ესპანელ ჰაბსბურგებს, ფრანგ ბურბონებსა და სხვადასხვა იტალიელ დიდგვაროვნებს, რამაც სავოიის ტერიტორიები მკვეთრად შეამცირა. ის ასევე ეხმარებოდა თავის სიმამრს, ესპანეთის მეფე ფილიპე II-სა და თავის ცოლისდა ისაბელ კლარა ეუხენიას საფრანგეთის ტახტისათვის ბრძოლაში, თუმცა ფილიპესა და ისაბელ კლარა ეუხენიას დამარცხების შემდგომ სავოიას საფრანგეთის მეფესთან ურთიერთობა საშინლად გაუფუჭდა.
XVII საუკუნე
რედაქტირებაXVII საუკუნეში ფრანგებმა სავოიაზე ზეწოლა უფრო გააძლიერეს. ვინაიდან ესპანეთი მილანის საჰერცოგოს ფლობდა, საფრანგეთსაც სურდა რომელიმე იტალიური სახელმწიფოს დამორჩილება, რომელთაგანაც ყველაზე ხელმისაწვდომი სავოია იყო. ფრანგებს განსაკუთრებით ის აცოფებდათ, რომ შარლ ემანუელზე ესპანელებს დიდი გავლენა ჰქონდათ, ამიტომაც დიდი არმიით ფრანგებმა ტურინს ალყა შემოარტყეს. საბოლოოდ შარლ ემანუელმა საფრანგეთის მეფე ანრი IV-ს დინასტიური ქორწინება და დაზავება შესთავაზა, რაზეც ანრი IV დათანხმდა. საბოლოოდ სავოიის ტახტის მემკვიდრე ვიტორიო ამადეო და საფრანგეთის პრინცესა კრისტინა მარია დე ბურბონი დააქორწინეს და ამ გზით გადაჭრეს პრობლემა. შარლ ემანუელზე და ვიტორიო ამადეოზე, მალევე დიდი გავლენა მოახდინა კრისტინა მარიამ, რომელიც საფრანგეთისათვის სასიკეთო ნაბიჯებს ადგმევინებდათ მონარქსა და მის ვაჟს.
1630 წელს ტახტზე ვიტორიო ამადეო I ადის, რომელიც მეუღლის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.სავოიას ფაქტობრივად კრისტინა მარია მართავდა. ფრანგული გავლენის ასეთმა ზრდამ კატასტროფული შედეგები მოუტანა სავოიას. სამეფო ხელისუფლების ამგვარმა პოზიციამ სავოია გააღატაკა.
1637 წელს ვიტორიო ამადეო გარდაიცვალა. სულ რამდენიმე თვეში მისი ვაჟი ფრანცისკ I გარდაიცვალა, ხოლო მის დანარჩენ ვაჟებს შორის ტახტისათვის საშინლად სისხლისმღვრელი ბრძოლა ატყდა. თავად კრისტინა მარია კი მხოლოდ ერთ ვაჟს ემხრობოდა და ამხედრებდა ძმების წინააღმდეგ. საბოლოოდ საშინელი ბრძოლის, უამრავი დაღუპული ჯარისკაცისა და დიდი ეკონომიკური დანაკარგის შემდეგ ტახტზე კრისტინა მარიასათვის სასურველი ვაჟი შარლ ემანუელ II ავიდა, თავად კი მისი რეგენტი გახდა. კრისტინა მარიას რეგენტობამ საშინელი შედეგი მოუტანა ქვეყანას. სავოიას ფაქტობრივად კრისტინა მარიას ძმა, საფრანგეთის მეფე ლუი XIII მართავდა, რომელიც თავის დას კარნახობდა როგორ უნდა ემოქმედა. ეს სავოიელ დიდებულებში დიდი უკმაყოფილების საბაბი გახდა. საბოლოოდ დიდებულები აჯანყდნენ კრისტინა მარიას წინააღმდეგ. აჯანყებულებმა ტურინი ალყაში მოაქციეს. 1639 წლის 27 ივლისს ქალაქი დაეცა. ვიტორიო ამადეოს ქვრივმა საბოლოოდ მხოლოდ 1642 წელს დათმო პოზიცია და რეგენტის ტიტული, რის შემდეგაც ხელისუფლება მთლიანად შარლ ემანუელ II-მ აიღო ხელში.
კრისტინა მარიას მმართველობისას სავოიაში რელიგიური ომები მიმდინარეობდა. კათოლიკე რეგენტი სასტიკად უსწორდებოდა პროტესტანტებს. მისი ბრძანებით პროტესტანტებს უღრან ტყეებში, ან ხეზე კიდებდნენ ან მდინარეში ახრჩობდნენ. ამ ხოცვა ჭლეტვამ დიდხანს გასტანა. საბოლოოდ პრობლემა 1664 წელს იმით მოგვარდა, რომ ქვეყანაში ამ რელიგიის წარმომადგენლები აღარ დარჩნენ. ისინი ან გაიქცნენ, ან მოკლეს, ან რელიგია შეიცვალეს.
1661 წელს შარლ ემანუელ II-მ დააარსა შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი მებრძოლები განათლებას იღებდნენ ბრძოლის შესახებ, იწვრთნებოდნენ და პრაკტიკასაც გადიოდნენ. იგი ასევე ბაძავდა თავის ბიძაშვილს, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს, რის გამოც სავოიაში საოცრად აღორძინდა ხელოვნება და კულტურა. მისი მიბაძვით ტურინში ააშენა ვერსალის სასახლის ანალოგიური სასახლე, ამასთან მასსავით იცვამდა და ეპყრობოდა ქვეშემდგომებს. ამასთან ამავე მიზეზით ჩაისახა და განვითარდა სავოიური ბაროკო, რომელიც ფრანგულის ანალოგიურია. მისი გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟის მცირეწლოვანების გამო, რეგენტი მისი მეუღლე მარია ჟანა პორტუგალიელი გახდა.
XVIII-XIX საუკუნეები
რედაქტირებასავოიის ახალი ჰერცოგი, ვიტორიო ამადეო II მთლიანად დედამისის, მარია ჟანას გავლენის ქვეშ იყო. იგი ენერგიულად და მუხლჩაუხრელად მუშაობდა იმისათვის, რომ სავოიაში ფრანგული გავლენა შეემცირებინა და სავოიის საჰერცოგო თავისი მშობლიური პორტუგალიისათვის მიეერთებინა.რეგენტმა ვიტორიო ამადეოს ხელმოწერით, პარიზში, საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ სავოია საფრანგეთს აღარ დაემორჩილებოდა. განრისხებული ლუი XIV ფრანგული არმიით სავოიაში შეიჭრა. ფრანგებმა დაიკავეს სავოიის უმნიშვნელოვანესი ქალაქები. საბოლოოდ ომის შეწყვეტის მიზნით მარია ჟანა მოლაპარაკებაზე წავიდა და იძულებული გახდა დათანხმებულიყო თავისი ვაჟის ვიტორიო ამადეო II-ისა და ლუი XIV-ის დისშვილის ანა მარია დ'ორლეანის ქორწინებას.
XVIII საუკუნის დასაწყისში დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, რომელშიც სავოიამ მხარი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს დაუჭირა. თუმცა შემდგომში სავოია სხვა კანდიდატისაკენ გადაიხარა, რამაც ფრანგული არმიის სავოიაში კიდევ ერთი შეჭრა გამოიწვია. ფრანგებმა ძლიერად მოიკიდეს ფეხი ტურინში და სხვა ქალაქებში. საბოლოოდ ამ ომმა სავოიის განადგურება გამოიწვია.
1713 წელს ომის დასრულების შემდეგ, სავოია გადაეცა სიცილიის მეფეს. 1720 წელს კი სავოია და სარდინია გაერთიანდა და შეიქმნა პიემონტ-სარდინიის სამეფო. ახალ სახელმწიფოს ტერიტორიებში მოექცა კუნძული სარდინია, პიემონტი, სავოია, ნიცა, აოსტა ველი და ონიგლია.
საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ 1792-1815 წლებში სავოია მთლიანად საფრანგეთმა დაიპყრო. 1814-1815 წლებში კი ვენის კონგრესზე პიემონტ-სარდინიის სამეფო თავის ძველ ტერიტორიებში კვლავ აღდგა. 1860 წელს ტურინის ხელშეკრულების პირობებში სავოიის საჰერცოგო ანექსირებული იქნა საფრანგეთის მიერ, მისი უკანასკნელი მონარქი კი იტალიაში გაიქცა და იქ გამეფდა, რის შემდგომაც მან საფრანგეთს მხოლოდ პიემონტი წაართვა, დანარჩენი სავოია კი საფრანგეთს დარჩა.
სავოიის ჰერცოგებისა და მათი მეუღლეების სია
რედაქტირება- ამადეო VIII (1416-1440), მეუღლე - მარია ბუგუნდიელი
- ლუის I (1440-1465), მეუღლე - ანა კვიპროსელი
- ამადეო IX (1465-1472), მეუღლე - იოანდე დე ვალუა
- ფილიბერტ I (1472-1482), მეუღლე - ბიანკა მარია სფორცა
- კარლ I (1482-1490),მეუღლე - ბლანკა მონტფერატელი აქედან მოყოლებული სავოიის ჰერცოგები ატარებდნენ კვიპროსის, იერუსალიმისა და სომხეთის მეფის ტიტულს.
- კარლ II (1490-1496), მეუღლე - კლაუდია დე ბროსი
- ფილიპე II (1496-1497), მეუღლე - იოანდე ლუიზა სავოიელი
- ფილიბერტ II (1497-1504), მეუღლე - მარგარეტ ავსტრიელი
- კარლ III (1504-1553), მეუღლე - ბეატრის პორტუგალიელი
- ემანუელ ფილიბერტ I (1553-1580), მეუღლე - მარგარიტა დე ვალუა
- შარლ ემანუელ I (1580-1630), მეუღლე - კატალინა მიკაელა ჰაბსბურგი
- ვიტორიო ამადეო I (1630-1637), მეუღლე - კრისტინა მარია დე ბურბონი
- ფრანცისკ I (1637-1638), მეუღლე არ ჰყავდა
- შარლ ემანუელ II (1638-1675), მეუღლე - ფრანსუაზა მადლენა დ'ორლეანი, მარია ჟანა პორტუგალიელი
- ვიტორიო ამადეო II (1675-1730) , მეუღლე - ანა მარია დ'ორლეანი აქედან მოყოლებული მათ ჰქონდათ სიცილიისა და სარდინიის მეფეთა ტიტული.
- შარლ ემანუელ III (1730-1773), მეუღლე - პოლიქსენა ჰესენ-როტებურგი, ელიზაბეტა ტერეზა ლოთარინგიელი
- ვიტორიო ამადეო III (1773-1796), მეუღლე - მარია ანტონია ფრედერიკა ესპანელი
- შარლ ემანუელ IV (1796-1802), მეუღლე - შარლოტა დე ბურბონი
- ვიტორიო ემანუელ I (1802-1821), მეუღლე - მარია ტერეზა ავსტრიელი
- შარლ ფელიქს I (1821-1831), მეუღლე - მარია კრისტინა ნეაპოლელ
- შარლ ალბერტ I (1831-1849), მეუღლე - მარია ტერეზა ავსტრიელი
- ვიტორიო ემანუელ II (1849-1861), მეუღლე - ადელაიდა ავსტრიელი