დოროთეა სოფია ნოიბურგელი

დოროთეა სოფია ნოიბურგელი (გერმ. Dorothea Sophie von der Neuburg, იტალ. Dorotea Sofia di Neuburg; დ. 5 ივლისი, 1670, ნოიბურგი, საღვთო რომის იმპერია — გ. 15 სექტემბერი, 1748, პარმა, იტალია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. პფალც-ნოიბურგის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმისა და მისი მეუღლის, ლანდგრაფინია ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელის ასული. მისი დები ესპანეთის, პორტუგალიისა და საღვთო რომის დედოფლები გახდნენ. თავად იგი ჯერ დააქორწინეს პარმის პრინც ოდოარდო ფარნეზეზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის ნახევარ-ძმაზე, პარმის ჰერცოგ ფრანჩესკო ფარნეზეზე. პირველი ქმრისგან შეეძინა ქალიშვილი, რომელიც შემდგომში ესპანეთის დედოფალი ისაბელ ფარნეზე გახდა, როგორც ფილიპე V-ის მეორე ცოლი.

დოროთეა სოფია ნოიბურგელი
პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 7 დეკემბერი, 1696
მმართ. დასასრული: 26 მაისი, 1727
წინამორბედი: მარია დ’ესტე
მემკვიდრე: ენრიკეტა დ’ესტე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 ივლისი, 1670
დაბ. ადგილი: ნოიბურგი, საღვთო რომის იმპერია
გარდ. თარიღი: 15 სექტემბერი, 1748, (78 წლის)
გარდ. ადგილი: პარმა, იტალია
მეუღლე: ოდოარდო, პარმის პრინცი
(ქ. 1690 - გარდ. 1693)
ფრანჩესკო, პარმის ჰერცოგი
(ქ. 1696 - გარდ. 1727)
შვილები: ისაბელი, ესპანეთის დედოფალი
დინასტია: ვიტელსბახები
მამა: ფილიპ ვილჰელმი, პფალც-ნოიბურგის კურფიურსტი
დედა: ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დოროთეა სოფია დაიბადა 1670 წლის 5 ივლისს ნოიბურგში. იგი იყო პფალც-ნოიბურგის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმისა და მისი ცოლის, ლანდგრაფინია ელიზაბეთ ამალია ჰესენ-დარმშტადტელის ერთ-ერთი ასული. მას ოთხი და ჰყავდა, რომელთაგან ყველა სარფიანად გაათხოვეს: 1. ელეონორ მაგდალენა ცოლად შერთეს საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ს, 2. მარია სოფია ცოლად შერთეს პორტუგალიის მეფე პედრუ II-ს, 3. მარია ანა მიათხოვეს ესპანეთის მეფე კარლ II-ს, ხოლო 4. ელიზაბეთი ცოლად გააყოლეს საქსონიის, ლიტვისა და პოლონეთის მეფე იან III-ის უფროს ვაჟს.

მას ასევე სამი ძმა ჰყავდა, რომელთაგან ორი პფალც-ნოიბურგის კურფიურსტი გახდა — იან ვილჰელმი და კარლ III. ხოლო მისი მესამე ძმა, პრინცი ფრანც ლუდვიგი კი ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი იყო. ერთი სიტყვით, იგი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და დიდი ოჯახის წარმომადგენელი გახლდათ.

1690 წლის 17 სექტემბერს იგი დააქორწინეს პარმისა და პიაჩენცას პრინც ოდოარდო ფარნეზეზე. მომავალში ისინი პარმისა და პიაჩენცის მომავალ ჰერცოგად და ჰერცოგინიად მოიაზრებოდნენ. მათი დიდებული ქორწილი კი პარმის სასახლეში გაიმართა. დოროთეა სოფიასა და ოდოარდოს სამწლიანი ქორწინებიდან სულ ორი შვილი შეეძინათ: ვაჟი რომელიც მცირეწლოვანი დაიღუპა და ისაბელ ფარნეზე, ესპანეთის მომავალი დედოფალი.

მისი პირველი ქმარი 1693 წლის 6 სექტემბერს დაიღუპა, მათი ვაჟის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე. ამ ამბიდან სულ სამ წელიწადში, 1696 წლის 7 დეკემბერს დოროთეა ცოლად გაჰყვა თავისი განსვენებული მეუღლის ნახევარ-ძმას, პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგ ფრანჩესკო ფარნეზეს, რომელიც ტახტზე მამამისის, პარმის ჰერცოგის გარდაცვალების შემდეგ ავიდა 1694 წელს.

ეს ქორწინება უშუალოდ ფრანჩესკოს იდეა იყო, რადგან მას არ სურდა მის რძალს თავისი მზითვები უკან წაეღო, თანაც მემკვიდრე სჭირდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ქორწინება უნაყოფო აღმოჩნდა.

ფრანჩესკო 1727 წელს გარდაიცვალა და როდესაც მისი კიდევ ერთი ძმა, ჰერცოგი ანტონიო ფარნეზეც 1731 წელს ასევე უშვილოდ დაიღუპა, პარმისა და პიაჩენცის ტახტი გადაელოცა დოროთეა სოფიას შვილიშვილს, დედოფალ ისაბელ ფარნეზეს უმცროს ვაჟს, ესპანეთის ინფანტ ფილიპეს. მიუხედავად ამისა, პარმას 1735 წლამდე თავად დოროთეა მართავდა, რომელიც ავსტრიელებმა დაამხეს პოლონური მემკვიდრეობის ომის დროს. იგი გარდაიცვალა 1748 წლის 15 სექტემბერს, 78 წლის ასაკში.

  1. ალესანდრო იგნასიო ფარნეზე (დ. 6 დეკემბერი, 1691 — გ. 5 აგვისტო, 1693), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. ელიზაბეტა (იგივე ისაბელი) ფარნეზე (დ. 25 ოქტომბერი, 1692 — გ. 11 ივლისი, 1766), ცოლად გაჰყვა ესპანეთის დაქვრივებულ მეფე ფილიპე V-ს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი: 1. ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III, 2. პორტუგალიისა და ალგარვის დედოფალი მარიანა ვიქტორია, 3. პარმისა და პიაჩენცას ჰერცოგი ფილიპე, 4. საფრანგეთისა და ნავარის დოფინი მარია ტერეზა, 5. ტოლედოს არქიეპისკოპოსი ლუისი და 6. სარდინიისა და სავოიის დედოფალი მარია ანტონია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Huberty, Michel; Giraud, Alain; Magdelaine, F. and B. (1985). ’’L'Allemagne Dynastique, Tome IV – Wittelsbach’’. France: Laballery. pp. 199–201. ISBN 2-901138-04-7 .