ენრიკეტა დ’ესტე
ენრიკეტა დ’ესტე (იტალ. Enrichetta d'Este; დ. 27 თებერვალი, 1702, მოდენა, იტალია — გ. 30 იანვარი, 1777, პარმა, იტალია) — ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენის ჰერცოგის ასული. პარმისა და პიაჩენცის უკანასკნელი ჰერცოგინია ფარნეზეების დინასტიიდან 1728-1731 წლებში როგორც ანტონიო ფარნეზეს მეუღლე.
ენრიკეტა დ’ესტე | |
---|---|
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 5 თებერვალი, 1728 |
მმართ. დასასრული: | 20 იანვარი, 1731 |
წინამორბედი: | დოროთეა სოფია ნოიბურგელი |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 თებერვალი, 1702 |
დაბ. ადგილი: | მოდენა, იტალია |
გარდ. თარიღი: | 30 იანვარი, 1777, (74 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარმა, იტალია |
მეუღლე: |
ანტონიო, პარმის ჰერცოგი ლეოპოლდ ჰესენ-დარმშტადტელი |
სრული სახელი: | ენრიკეტა მარია |
დინასტია: | ესტეები |
მამა: | რინალდო, მოდენის ჰერცოგი |
დედა: | შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაენრიკეტა დაიბადა 1702 წლის 27 თებერვალს მოდენაში. იგი იყო მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ რინალდო დ’ესტესა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია შარლოტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ქალიშვილი.
1720 წელს ენრიკეტას ძმამ, პრინცმა ფრანჩესკომ ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის რეგენტ-ბიძაშვილის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ის ასული შარლოტ აგლაე ორლეანელი, რომელიც მალევე დაუმეგობრდა ენრიკეტასა და მის დებს: ბენედიტასა და ამალიას.
1725 წელს ენრიკეტა იმ 99 ევროპელი პრინცესიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც ლუი XV-ის საცოლედ მოიაზრებოდა, თუმცა საფრანგეთის მეფემ საბოლოო არჩევანი პოლონელ პრინცესა მარია ლეშჩინსკაზე შეაჩერა. ფრანგებთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, მამამისმა ენრიკეტას მეზობელ პარმაში გათხოვება მოისურვა, სადაც მემკვიდრის კრიზისი ჰქონდათ.
1728 წლის 5 თებერვალს ენრიკეტა პარმის ჰერცოგ ანტონიო ფარნეზეზე დააქორწინეს, რომლის დედა, მარია დ’ესტე ენრიკეტას ღვიძლი მამიდა იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ანტონიო თავისი გვარის უკანასკნელი მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო, რის გამოც ბავშვის გაჩენა ენრიკეტას უპირველეს მოვალეობად იქცა.
თითქმის სამწლიანი ქორწინების შემდეგ, 1731 წლის 20 იანვარს ანტონიო ფარნეზე უშვილოდ აღესრულა, რითაც შეწყდა ფარნეზეების გვარი. ამ ყოველივეს ფარნეზეთა ნათესავებს შორის მემკვიდრეობისათვის ომის დაწყება მოჰყვა, რის გამოც ტახტი ცარიელი დარჩა, ამის გამო კი საჰერცოგოს რეგენტის სტატუსით ენრიკეტა მართავდა.
მისი ერთწლიანი რეგენტობის შემდეგ, 1731 წლის 29 დეკემბერს პარმის ტახტი ანტონიოს ნახევარ-ძმის ქალიშვილის, ისაბელ ფარნეზეს ვაჟმა, 12 წლის პრინცმა კარლოსმა დაიკავა, რომელიც ისაბელთან ერთად ასევე ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის ვაჟი და ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელიც იყო. ამით დასრულდა ენრიკეტას რეგენტობა, მცირეწლოვან კარლოსს კი რეგენტად ბებიამისი, დოროთეა სოფია ნოიბურგელი დაენიშნა.
კარლოსი 1735 წელს დაამხო საღვთო რომის იმპერატორმა კარლ VI-მ და თავი პარმის ჰერცოგად გამოაცხადა. შექმნილი რთული ვითარების გამო, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ენრიკეტა იძულებული გახდა გაბატონებულ გერმანელებთან დაახლოებაზე ეფიქრა, რის გამოც 1740 წლის 23 მარტს დაქორწინდა ჰესენ-დარმშტადტის ლანდგრაფ ლეოპოლდზე.
მისი მეორედ დაქორწინებიდან მალევე, იმავე წლის 20 ოქტომბერს კარლ VI ესპანელებმა ჩამოაგდეს და პარმის ტახტზე ისევ ისაბელ ფარნეზეს ვაჟი, ოღონდ ამ ჯერად უმცროსი პრინცი, ინფანტი ფილიპე I დასვეს ტახტზე, რომელმაც გერმანელებისაგან თავდასაცავად ცოლად ლუი XV-ის ასული ლუიზ ელიზაბეტი შეირთო.
1764 წელს, მეორედ დაქვრივებული და ისევ უშვილო ენრიკეტამ ფილიპე I-ს პარმაში დაბრუნების ნებართვა სთხოვა. თანხმობის მიღების შემდეგ იგი პარმაში დასახლდა, სადაც გაატარა დარჩენილი ცხოვრება და გარდაიცვალა 1777 წლის 30 იანვარს, 74 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- van de Pas, Leo. "Enrichetta d'Este". Genealogics.org. Retrieved 2010-04-07.[permanent dead link]
- Edmond et Jules de Goncourt: La duchesse de Châteauroux et ses soeurs, Paris, 1906
- Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 85.