ანტონიო ფარნეზე (იტალ. Antonio Farnese; დ. 29 ნოემბერი, 1679, პარმა, იტალია — გ. 20 იანვარი, 1731, პარმა, იტალია) — ფარნეზეების დინასტიის წარმომადგენელი. პარმისა და პიაჩენცის უკანასკნელი ჰერცოგი თავისი გვარიდან 1727-1731 წლებში. ჰერცოგ რანუჩო II-ისა და მარია დ’ესტეს უმცროსი ვაჟი.

ანტონიო ფარნეზე
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 26 თებერვალი, 1727
მმართ. დასასრული: 20 იანვარი, 1731
წინამორბედი: ფრანჩესკო
მემკვიდრე: კარლო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 29 ნოემბერი, 1679
დაბ. ადგილი: პარმა, იტალია
გარდ. თარიღი: 20 იანვარი, 1731, (51 წლის)
გარდ. ადგილი: პარმა, იტალია
მეუღლე: ენრიკეტა დ’ესტე
დინასტია: ფარნეზეები
მამა: რანუჩო II, პარმის ჰერცოგი
დედა: მარია დ’ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ანტონიო ფარნეზე დაიბადა 1679 წლის 29 ნოემბერს პარმაში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო II-ისა და მისი მესამე ცოლის, ჰერცოგინია მარია დ’ესტეს უმცროსი ვაჟი. ვინაიდან იგი ტახტის მემკვიდრედ საერთოდ არ მოაზრებოდა, რადგან ორი უფროსი ძმა ჰყავდა, მშობლები მას უფრო მეტ თავისუფლებას აძლევდნენ. 18 წლის ასაკში იგი ევროპის ტურში გაემგზავრა, რა დროსაც მან 1,580,000 ლირი დახარჯა.

შეიძლება ითქვას, რომ მან მთელი თავისი ახალგაზრდობის წლები თავისი ბიძაშვილის, ფრანჩესკო III-ის კარზე გაატარა, მოდენაში. ამის მიზეზი ის იყო, რომ მისი ნახევარ-ძმის, პრინცი ოდოარდოს მეუღლემ, პფალცგრაფინია დოროთეა სოფია ნოიბურგელმა პარმაში აკრძალა ბალ-მასკარადები და სხვა გასართობები, რის გამოც მხიარულების მოყვარე ანტონიო მშობლიური მხარიდან საერთოდ გადაიხვეწა. მოდენიდან დაბრუნების შემდეგ იგი მაინც არ დაბრუნდა პარმის სამეფო კარზე და სალას ციხესიმაგრეში დასახლდა, რომელიც ისე გააფართოვა და გაარემონტა, რომ სასახლე ეწოდა. აქ იგი ხშირად აწყობდა სხვადასხვა გასართობს, რომლებზეც იგი ძირითადად თავის საყვარელ მარგარიტა გიუსტისთან ერთად ჩნდებოდა ხოლმე.

 
ცხენზე ამხედრებული ანტონიო ფარნეზე 1710 წელს.

1693 წელს მისი ნახევარ-ძმა, ოდოარდო უვაჟოდ გარდაიცვალა, რასაც 1694 წელს მოჰყვა რანუჩო II-ის გარდაცვალებაც. ამის გამო ტახტი ანტონიოს ღვიძლმა ძმამ, ფრანჩესკომ დაიკავა, რომელმაც ოდოარდოს ქვრივ დოროთეა სოფიაზე იქორწინა, თუმცა შვილები არც მას ჰყოლია. 1727 წელს ფრანჩესკოც გარდაიცვალა, რის გამოც ანტონიო უკანასკნელი მამაკაცი ფარნეზე გახდა. მან დაიკავა პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგის ტახტი, თუმცა ცნობილია, რომ დიდად არ უნდოდა მმართველი გამხდარიყო. თავისი ჭარბწონიანობით დაავადებული ანტონიო უკვე პარმის სასახლეში განაგრძობდა გართობასა და მხიარულებას. მიუხედავად ამისა, როგორც უკანასკნელი ფარნეზე, ანტონიო გვარის გაგრძელების საჭიროებას აშკარად ხედავდა, რის გამოც სასწრაფოდ დაიწყო მოლაპარაკებები მოდენელებთან. მან გადაწყვიტა ცოლად თავისი ბიძაშვილი და საუკეთესო მეგობრის, ფრანჩესკო III-ის და, პრინცესა ენრიკეტა შეერთო. იმავე წლის 21 ივლისს მოეწერა ხელი საქორწინო ხელშეკრულებას, ხოლო 1728 წლის 5 თებერვალს ანტონიო და ენრიკეტა დაქორწინდნენ. მართალია ახალ ჰერცოგინიას მოსწონდა პარმაში ცხოვრება და ჰერცოგიც პატივისცემით ეპყრობოდა მას, თუმცა ქორწინება უნაყოფო აღმოჩნდა.

1718 წელს დადებულ ლონდონის ხელშეკრულებაში საფრანგეთმა, ესპანეთმა, ავსტრიამ, ნიდერლანდებმა და დიდმა ბრიტანეთმა გაითვალისწინეს პარმელი ფარნეზეების მემკვიდრული კრიზისი, რის გამოც განისაზღვრა, რომ ანტონიოს შემდეგ ტახტს მისი ძმისწულის, ესპანეთის დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ვაჟი, ასტურიის პრინცი დონ კარლოსი დაიკავებდა. თავიანთი მემკვიდრეობის დასაცავად 1729 წელს ისაბელ ფარნეზემ საფრანგეთის თანხმობით პარმაში 6,000 ესპანელი ჯარისკაცი განალაგა. ფრანგები და ესპანელები ერთიანად ეწინააღმდეგებოდნენ საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ის ამბიციებს, რომელსაც პარმაში გაბატონება სურდა. სწორედ ამ დავის შუაში, 1731 წლის 20 იანვარს, 31 წლის ანტონიო ფარნეზე გარდაიცვალა, ამის მიზეზი კი ბოყინი გახდა. მისი ექიმის აზრით ამოსული აირი ზედმეტად ცხელი იყო მისთვის, რასაც მისმა დასუსტებულმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო. ასე შეწყდა ფარნეზეების დინასტია, რომელიც 184 წლის განმავლობაში მართავდა პარმასა და პიაჩენცას.

მისი გარდაცვალებიდან ექვს დღეში ავსტრიელებმა დაიკავეს პარმაცა და პიაჩენცაც. ესპანელებმა კონტროლი მხოლოდ ლონდონის ახალი ხელშეკრულების დადებით აღიდგინეს, რის შემდეგაც ახალი ჰერცოგი ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი კარლო I გახდა (ისაბელ ფარნეზეს უფროსი ვაჟი), თუმცა 1735 წელს მან პარმაზე უარი თქვა და ავსტრიელებს იგი ნეაპოლისა და სიცილიის სამეფოში გადაუცვალა, რის შემდეგაც ტახტს საღვთო რომის იმპერატორი კარლ VI იკავებს, მის შემდეგ კი მისი ასული მარია ტერეზია, რომელსაც 1748 წელს პარმა და პიაჩენცა ისევ ისაბელ ფარნეზეს ვაჟმა, ოღონდ ამ ჯერზე ფილიპე I-მა წაართვა, რითაც პარმაშიც, ნეაპოლშიც და სიცილიაშიც ბურბონები გამეფდნენ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Acton, Harold: The Bourbons of Naples, Methuen & Co, London, 1956
  • Solari, Giovanna: The House of Farnese: A Portrait of a Great Family of the Renaissance, Doubleday & Company, New York, 1968