ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი

ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი (გერმ. Elisabeth Christine von Braunschweig-Wolfenbüttel, ჩეხ. Alžběta Kristýna Brunšvicko-Wolfenbüttelská, უნგრ. Braunschweig–Wolfenbütteli Erzsébet Krisztina, იტალ. Elisabetta Cristina di Brunswick-Wolfenbüttel, ნიდერლ. Elisabeth Christine van Brunswijk-Wolfenbüttel; დ. 28 აგვისტო, 1691, ბრაუნშვაიგი, გერმანია — გ. 21 დეკემბერი, 1750, ვენა, ავსტრია) — ველფების დინასტიის წარმომადგენელი. ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგის ასული. საღვთო რომის იმპერატრიცა, ავსტრიის ერცჰერცოგინია, უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიის, ნეაპოლის, სიცილიისა და სარდინიის დედოფალი, პარმის, პიაჩენცას, გუასტალას, მილანის, ბურგუნდიის, ლუქსემბურგის, ფლანდრიის, ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგინია როგორც კარლ VI-ის მეუღლე. ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას დედა და საფრანგეთის ლეგენდარული დედოფლის, მარია ანტუანეტას ბებია.

ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი
საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 12 ოქტომბერი, 1711
მმართ. დასასრული: 20 ოქტომბერი, 1740
წინამორბედი: ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
მემკვიდრე: მარია ამალია ავსტრიელი
მილანის, ფლანდრიის, ბრაბანტისა და ლიმბურგის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 1 აგვისტო, 1708
მმართ. დასასრული: 20 ოქტომბერი, 1740
წინამორბედი: მარია ლუიზა სავოიელი
მემკვიდრე: მარია ლუისა ესპანელი
ლუქსემბურგისა და ბურგუნდიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 11 აპრილი, 1713
მმართ. დასასრული: 20 ოქტომბერი, 1740
წინამორბედი: ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა
მემკვიდრე: მარია ლუისა ესპანელი
ნეაპოლის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 11 აპრილი, 1713
მმართ. დასასრული: 25 მაისი, 1734
წინამორბედი: მარია ლუიზა სავოიელი
მემკვიდრე: მარია ამალია საქსონიელი
სარდინიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 11 აპრილი, 1713
მმართ. დასასრული: 17 თებერვალი, 1720
წინამორბედი: მარია ლუიზა სავოიელი
მემკვიდრე: ანა მარი ორლეანელი
სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 17 თებერვალი, 1720
მმართ. დასასრული: 3 ოქტომბერი, 1735
წინამორბედი: ანა მარი ორლეანელი
მემკვიდრე: მარია ამალია საქსონიელი
პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 3 ოქტომბერი, 1735
მმართ. დასასრული: 20 ოქტომბერი, 1740
წინამორბედი: ენრიკეტა დ’ესტე
მემკვიდრე: ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 აგვისტო, 1691
დაბ. ადგილი: ბრაუნშვაიგი, გერმანია
გარდ. თარიღი: 21 დეკემბერი, 1750, (59 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: კარლ VI, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: მარია ტერეზია, ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა
მარია ანა, ნიდერლანდების შტატჰალტერი
დინასტია: ველფები
მამა: ლუდვიგ რუდოლფი, ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგი
დედა: კრისტინა ლუიზა ოტინგენ-ოტინგენელი
რელიგია: ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ელიზაბეთ კრისტინა

ადრეული წლები

რედაქტირება

ელიზაბეთ კრისტინა დაიბადა 1691 წლის 28 აგვისტოს ჩრდილო გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში. იგი იყო ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ ლუდვიგ რუდოლფისა და მისი ცოლის, პრინცესა კრისტინა ლუიზა ოტინგენ-ოტინგენელის ქალიშვილი.

13 წლის ელიზაბეთი უკვე მომავალ საღვთო რომის იმპერატორ კარლ VI-ზე დანიშნეს. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ელიზაბეთის ბაბუას, ჰერცოგ ანტონ ულრიხსა და კარლის რძალს, ვილჰელმინა ამალიას შორის. აღსანიშნავია, რომ საქორწინო კონტრაქტის მიხედვით სანამ ელიზაბეთ კრისტინა ლუთერანი იყო კარლზე ვერ დაქორწინდებოდა, ამიტომაც მას კათოლიკობის მიღება მოუწია. მის ნათლობას ორგანიზება 1706 წელს მისმა დედამთილმა, იმპერატრიცა ელეონორ მაგდალენამ გაუწია. ელიზაბეთ კრისტინა კათოლიციზმზე 1707 წლის 1 მაისს, გერმანიის ქალაქ ბამბერგში მოექცა. მაგრამ, ქორწინებამდე მას კიდევ ერთი შემოწმების გავლა მოუწია. იგი სახელგანთქმულმა ექიმებმა შეამოწმეს და დაადასტურეს, რომ უმანკო და ნაყოფიერი გოგონა იყო, რის შემდეგაც უკვე ოფიციალურად დაიწყო დიდი სამზადისი ქორწინებისთვის.

ესპანეთი

რედაქტირება
 
იმპერატრიცა ელიზაბეთ კრისტინა სანადირო სამოსში

ელიზაბეთ კრისტინა და კარლ ავსტრიელი 1708 წლის 1 აგვისტოს დაქორწინდნენ. ამ დროისათვის კარლი აქტიურად იბრძოდა ესპანეთის ტახტზე ასასვლელად, რომელზეც მისი ბიძაშვილი, წარმოშობით ფრანგი ფილიპე V იჯდა ბურბონთა დინასტიიდან. სწორედ ამიტომ, მათი ქორწინება ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში შედგა. როდესაც ფილიპეს ცოლმა, დედოფალმა მარია ლუიზა სავოიელმა მეორე ვაჟი გააჩინა, კარლი და ჰაბსბურგები საშინელ ზეწოლას ახდენდნენ ელიზაბეთზე, რომელსაც ჯერ შვილი არ უჩნდებოდა. ესპანეთში ცხოვრებისას იგი ათასგვარ ნაყენს სვამდა, თუმცა მაინც არ ფეხმძიმდებოდა.

1711 წელს ძმის, იოზეფ I-ის გარდაცვალების შემდეგ კარლ VI ვენაში წავიდა საიმპერატორო ტახტზე ასასვლელად. მან ელიზაბეთ კრისტინა ესპანეთში დატოვა და მისი არ ყოფნისას კატალონიის გუბერნატორად დანიშნა. კატალონიას იგი მხოლოდ 1713 წლამდე მართავდა, რის გამოც კარლმა და ავსტრიელებმა ოფიციალურად სცნეს ფილიპე V ესპანეთის სუვერენულ მეფედ. ამის შემდეგ ელიზაბეთ კრისტინამ დაკარგა ესპანეთში თავისი მდგომარეობა, რის გამოც ავსტრიაში თავის ქმარს შეუერთდა.

როგორც იმპერატრიცა, ელიზაბეთ კრისტინა მისი წინამორბედების მსგავსად აღწერილია როგორც მუსიკის მოყვარული, შრომისმოყვარე და ღვთისმოსავი ქალი. მას ძალიან უყვარდა ნადირობა, რაც ესპანეთში მის ძირითად გასართობს წარმოადგენდა. ამას გარდა მას ძალიან მოსწონდა თეატრში სიარულიც. ის და მისი ფრეილინები იმპერატორთან ერთად ჩვეულებრივად, როგორც კაცები ისე ნადირობდნენ ხოლმე და ბილიარდსაც კი თამაშობდნენ. მიუხედავად ყველაფრისა და კათოლიციზმზე მოქცევისა, როგორც ჩანს შინაგანად იგი კვლავ ლუთერანიზმის ერთგული დარჩა, რის გამოც იგი დიდად მფარველობდა პროტესტანტებს.

 
ელიზაბეთ კრისტინა 1730 წელს

1713 წელს, მისი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ, კარლ VI ყველანაირად ცდილობდა მის პოლიტიკიდან ჩამოცილებას. მიუხედავად ამისა, იგი აღწერილია როგორც ინტელექტუალი და კარგი პოლიტიკური ალღოს მქონე ქალი, რომელსაც დიდი კავშირები ჰქონდა მინისტრთა კაბინეტთან. 1720-იან წლებში რუსეთთან და ჩრდილო გერმანულ სამთავროებთან გაფორმებული საზავო ხელშეკრულების შემდეგ, მას აეკრძალა თავისი ქალიშვილების ესპანეთის სამეფო ოჯახში გათხოვება, რისი დიდი სურვილიც მას ყოველთვის ჰქონდა.

ელიზაბეთ კრისტინას ქორწინებაში დომინირებდა მამრობითი სქესის მემკვიდრის პრობლემა. 1716 წელს მან მართალია გააჩინა ვაჟი, თუმცა იგი მალევე დაიღუპა. ამის შემდეგ მან მხოლოდ სამი გოგონას გაჩენა შესძლო, რომელთაგან ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა. ამან კარლ VI-ს ცოლზე გული აუცრუა და დროთა განმავლობაში სრულიად განშორდა მას. ბოლო ბავშვის გაჩენის შემდეგ სამეფო კარის ექიმები სამი წლის მანძილზე ასმევდნენ იმპერატრიცას ნაირ-ნაირ ნაყენებს, რათა მისი "ნაყოფიერება" გაეძლიერებინათ, თუმცა ამაოდ. 1725 წელს ელიზაბეთ კრისტინა დაორსულდა და კარლს იმედი მიეცა, რომ როგორც იქნა ვაჟი შეეძინებოდა, თუმცა რამდენიმე თვეში დედოფალს მუცელი მოეშალა. ამის შემდეგ სამეფო კარის ექიმებმა დედოფალი "დიეტაზე" დასვეს, რომლის მიხედვითაც რაც შეიძლება მეტი და მსუყე საკვები უნდა ეჭამა, რაც მათი აზრით ვაჟის გაჩენაში დაეხმარებოდა, თუმცა მართალია ვაჟი არ გაჩნდა, დედოფალი ისე გასუქდა, რომ ფეხით სიარული უჭირდა, სუნთქვის პრობლემები, უძილობა და ცრემლიანობა დასჩემდა.

 
ელიზაბეთ კრისტინა 1735 წელს

როდესაც ელიზაბეთ კრისტინას ჯანმრთელობა საბოლოოდ განადგურდა და ნათელი გახდა, რომ იგი ბავშვს ვეღარ გააჩენდა, კარლ VI-მ თავის მემკვიდრედ თავიანთი უფროსი ასული, ერცჰერცოგინია მარია ტერეზია გამოაცხადა, რომელზეც საოცრად ზრუნავდა. ამ პერიოდში იმპერატრიცა ელიზაბეთმა სამი დიდი დეპრესია გადაიტანა.

მიუხედავად ყველაფრისა, იგი ძალიან ახლოს იყო თავის დედამთილ ელეონორ მაგდალენასთან და მაზლის ცოლ ვილჰელმინა ამალიასთან. შესაძლოა ითქვას, რომ სწორედ ეს ქალები აძლებინებდნენ მას ვენის საიმპერატორო კარზე.

ქვრივობა

რედაქტირება

1740 წელს კარლ VI გარდაიცვალა და ელიზაბეთ კრისტინა ქვრივად დატოვა. როგორც დედა-დედოფალს, მას არ ჰქონია დიდი შემოსავალი, რადგანაც ამ დროს ავსტრიაში ეკონომიკური კრიზისი იყო და იგი დაზოგილ ფულს თავისი ქალიშვილის კომფორტსა და მმართველობის გამყარებას ახმარდა. ტახტზე ასულ მარია ტერეზიას დიდი წინააღმდეგობები შეხვდა: ევროპელმა მონარქებმა მისი მმართველობა არ აღიარეს და მის ტახტზე განაცხადეს პრეტენზია, რასაც მოჰყვა ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით მას გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა ქალიშვილთან, სამეფო კარის ქრონიკების თანახმად გულქვა მარია ტერეზია ვერ იტანდა დედას. სახალხოდ იგი ღიად გამოხატავდა სიყვარულს დედისადმი, თუმცა რეალურად მას დიდად არ მოსწონდა ელიზაბეთ კრისტინა, თუმცა იგი მაინც თავის მოვალეობად თვლიდა მასზე ზრუნვას და ამიტომ მას რეგულარულად სტუმრობდა ხოლმე, თუმცა მისი ვიზიტები ფორმალური იყო და ეტიკეტის მკაცრი დაცვით მიმდინარეობდა. ელიზაბეთ კრისტინა გარდაიცვალა 1750 წლის 21 დეკემბერს, 59 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს ვენის საიმპერატორო საძვალეთში, მისი ქმრის გვერდით.

  1. ლეოპოლდ იოჰანი (1716), ავსტრიის ერცჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილი;
  2. მარია ტერეზია (1717-1780), ავსტრია-უნგრეთისა და საღვთო რომის იმპერატრიცა, ცოლად გაჰყვა ფრანც I-ს, რომელთანაც 16 შვილი შეეძინა, მათ შორის საღვთო რომის იმპერატორები იოზეფ II და ლეოპოლდ II, საფრანგეთის დედოფალი მარია ანტუანეტა, ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი მარია კაროლინა, პარმის ჰერცოგინია მარია ამალია და ტეშენის ჰერცოგინია მარია კრისტინა;
  3. მარია ანა (1718-1744), ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერი, ცოლად გაჰყვა შარლ ალექსანდრ ლოთარინგიელს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
  4. მარია ამალია (1724-1730), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ingrao, Charles W.; Thomas, Andrew L. (2004). "Piety and Power: The Empresses-Consort of the High Baroque". In Campbell Orr, Clarissa. Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 107–130. ISBN 0-521-81422-7.
  • Franz Herre, Maria Teresa, Milano, Mondadori, 2000. ISBN 88-04-39521-4
  • Constantin Wurzbach, Biographisches Lexikon des Kaisertums Österreich, Vienna, 1860, Vol. VI, pp. 175–177
  • Crankshaw, Edward: Maria Theresa. Longmans. London (1969).