მარია ამალია ავსტრიელი (1701-1756)
მარია ამალია ავსტრიელი (გერმ. Maria Amalia von Österreich; დ. 22 ოქტომბერი, 1701 — გ. 11 დეკემბერი, 1756) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ისა და იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ქალიშვილი. ავსტრიის ერცჰერცოგინია დაბადებით. საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიისა და ბოჰემიის დედოფალი და ბავარიის კურფიურსტი როგორც კარლ VII ალბერხტის მეუღლე.
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებამარია ამალია დაიბადა 1701 წლის 22 ოქტომბერს ჰოფბურგის სასახლეში, ვენის საიმპერატორო კარზე. იგი იყო საღვთო რომისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ იოზეფ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ნაბოლარა ქალიშვილი. მისი დაბადებიდან თორმეტ კვირაში მისი უფროსი ძმა, ერცჰერცოგი ლეოპოლდ იოზეფი გარდაიცვალა, რითაც ტახტის მემკვიდრეები მარია ამალია და მისი უფროსი და, მარია იოზეფა გახდნენ. მის შემდეგ მარია ამალიას მშობლებს შვილები აღარ ჰყოლიათ, რადგან მისი დაბადებიდან მალევე მამამისი ერთ-ერთ საყვარელთან კავშირისას სიფილისით დაავადდა და დედოფალსაც გადასდო, რამაც მათ რეპროდუქციული სისტემა ძლიერ დააქვეითა. მიუხედავად ამისა, იმპერატორი იოზეფი საყვარლებთან ურთიერთობას განაგრძობდა და მათთან უამრავ უკანონო ბავშვს აჩენდა.
როდესაც მარია ამალია ცხრა წლის იყო, 1711 წელს იმპერატორი იოზეფ I წითურათი ჩუტყვავილათი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მარია ამალიას ბიძა, კარლ VI ავიდა. ამით კარლმა დააიგნორა მამამისის, იმპერატორ ლეოპოლდ I-ის მიერ შემოღებული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ქალებსაც ჰქონდათ ტახტზე უფლება. ამის მაგივრად, კარლ VI-მ 1713 წელს პრაგმატული სანქცია გამოსცა, რომლის მიხედვითაც მარია ამალია და მარია იოზეფა ტახტის მემკვიდრეებად გამოაცხადა, თუმცა მხოლოდ თავისი ასულის, ერცჰერცოგინია მარია ტერეზიას შემდეგ. ამასთან კარლმა მარია ამალიასა და მის დას გათხოვება აუკრძალა, მანამ სანამ მათ უარი არ თქვეს საკუთარ უფლებებზე ავსტრიის ტახტზე.
ქორწინება
რედაქტირებათავდაპირველად მარია ამალია დანიშნული იყო სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო II-ის ვაჟზე, პიემონტის პრინცსა და სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეოზე. ამ ქორწინებით უნდა შემდგარიყო ავსტრია-სარდინიის ალიანსი, რომელიც პრუსიის მეფეს დააშოშმინებდა, თუმცა მოულოდნელად 1715 წელს პრინცი ვიტორიო ამადეო ჩუტყვავილათი გარდაიცვალა.
1717 წელს მარია ამალია თავის მომავალ ქმარს, ბავარიის მომავალ კურფიურსტ კარლ ალბრეხტ ბავარიელს პირველად შეხვდა. პრინცმა თავისი საცოლე პირველად ვენაში იხილა, როდესაც ოსმალებთან ბრძოლის შემდეგ ბელგრადიდან ბავარიაში ბრუნდებოდა. კარლ ალბრეხტს ძალიან უნდოდა ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელ პრინცესაზე ექორწინა, რითაც იგი თავისუფლად მოაგვარებდა ბავარიის ეკონომიკურ კრიზისს. მარია ამალია და მისი საქმრო ერთმანეთს მეორედ 1718 წელს შეხვდნენ. ამ დროს, მოულოდნელად პრინცმა მარია ამალიას ხელი სთხოვა, რაზეც მკაცრი კათოლიკური ეტიკეტით აღზრდილმა ერცჰერცოგინიამ მოკრძალებული თანხმობა განუცხადა მას. აღსანიშნავია, რომ ამან მისი დის, მარია იოზეფას დიდი განცვიფრება გამოიწვია.
პრაგმატული სანქციის ოფიციალური აღიარების შემდეგ, 1722 წლის 5 ოქტომბერს ვენის საიმპერატორო კარზე მარია ამალია და კარლ ალბრეხტი დაქორწინდნენ. მარია ამალიას ბიძამისმა მზითვში უამრავ ძვირფასეულობასთან ერთად 987, 000 ოქროს მონეტაც გაატანა. ამის შემდეგ ისინი მიუნხენში გაემგზავრნენ, სადაც 17 ოქტომბერს ჩავიდნენ. ბავარიელებმა მათი ქორწილი 17 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე იზეიმეს, რის შემდეგაც დიდ საშობაო სამზადისს შეუდგნენ.
მარია ამალია და კარლ ალბრეხტი მიუნხენის ნიმფენბურგის სასახლეში ბედნიერად ცხოვრობდნენ. მრავალწლიანი ქორწინებიდან წყვილს შვიდი შვილი შეეძინა, რომელთაგან ორი ჩვილობაში დაიღუპა. 1727 წელს, ტახტის მემკვიდრის, პრინც მაქსიმილიან იოზეფის გაჩენის შემდეგ მარია ამალიას ჯილდოდ ფუენშტრეინდის სასახლე გადაეცა, რომელიც მის რეზიდენციად იქცა. მიუხედავად ბედნიერი ქორწინებისა, იგი სხვა დედოფლებისა და დედამისის მსგავსად იძულებული იყო ქმრის გამუდმებული ღალატი ეთმინა, რომლიდანაც კარლს ექვსი არალეგიტიმური შვილი შეეძინა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი საერთო ინტერესებისა და ხასიათის გამო მათ საკმაოდ ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. კარლ ალბრეხტის მსგავსად, მასაც უყვარდა სამეფო კარის მჩქეფარე ცხოვრება. მარია ამალიამ ბავარია ევროპის კულტურულ ცენტრად აქცია. იგი დიდად იყო დაინტერესებული პოლიტიკით, ნადირობითა და მოგზაურობით. იგი ძალიან მორწმუნე ქალი იყო, მფარველობდა კათოლიკურ ეკლესია-მონასტრებსა და მის მრევლს. მარია ამალიამ თავის მიუნხენის რეზიდენციაში ოპერა და თეატრი გახსნა, რითაც მისი სასახლე როკოკოს საუკეთესო მაგალითად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ მარია ამალიამ გათხოვების სანაცვლოდ უარი თქვა ავსტრიულ მემკვიდრეობაზე, 1740 წელს კარლ VI-ის გარდაცვალების შემდეგ მარია ამალია და მისი ქმარი ავსტრიული მემკვიდრეობის ომში ჩაებნენ და დიდი ავსტრიული მიწებიც მიიტაცეს. მალე მისი და, მარია ამალია და მისი ქმარი ბოჰემიაში შეიჭრნენ მარია ტერეზიასთვის ბოჰემიის წასართმევად, თუმცა საბოლოოდ კარლ ალბრეხტმა დაამარცხა ისინი და 1741 წლის 7 დეკემბერს მარია ამალია პრაღაში ბოჰემიის დედოფლად ეკურთხა. 1742 წლის 12 თებერვალს მისი ქმარი საღვთო რომის იმპერატორიც ხდება. კარლ VII ალბრეხტის იმპერატორად კურთხევა ფრანკფურტში გაიმართა. ამავე წლის 14 თებერვალს ავსტრიელებმა ბავარიის ოკუპაცია მოახდინეს.
გარდაცვალება
რედაქტირება1745 წლის 20 იანვარს მარია ამალიას ქმარი გარდაიცვალა, რის შემდეგაც იგი მიუნხენში, თეატინას კათედრალში დაკრძალეს. მისი გარდაცვალების შემდეგ ბავარიის სანაცვლოდ მათმა ვაჟმა მარია ტერეზიას ბოჰემია და საღვთო რომის იმპერიის ტახტი დაუთმო. დაქვრივებულმა მარია ამალიამ უკანასკნელი წლები თავის რეზიდენციაში განვლო. 1754 წელს მან ბავარიის პირველი სამედიცინო ჰოსპიტალი დააარსა. მარია ამალია ავსტრიელი გარდაიცვალა 1756 წლის 11 დეკემბერს, 55 წლის ასაკში, იგი დაკრძალეს მისი ქმრის გვერდით.
შვილები
რედაქტირება- მაქსიმილიანა მარია (1723), გარდაიცვალა ჩვილი;
- მარია ანტონია (1724-1780), ცოლად გაჰყვა თავის დეიდაშვილს, საქსონიის კურფიურსტ ფრიდრიხ კრისტიანს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- ტერეზა ბენედიქტა (1725-1743), გარდაიცვალა ახალგაზრდა და გაუთხოვარი;
- მაქსიმილიან II იოზეფი (1727-1777), ბავარიის კურფიურსტი, ცოლად შეირთო მარია ანა სოფია საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- იოზეფ ლუდვიგი (1728-1733), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მარია ანა (1734-1776), ცოლად გაჰყვა ბადენ-ბადენის ლანდგრაფ ლუდვიგ გეორგს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- მარია იოზეფა (1739-1767), ცოლად გაჰყვა თავის ბიძაშვილს, ავსტრია-უნგრეთისა და საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ II-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Peter Claus Hartmann: Karl Albrecht – Karl VII., 1985, ISBN 3-7917-0957-7
- Gerhard Hojer: Die Amalienburg, 1986, ISBN 3-7954-0710-9
- Alois Schmid: Maria Amalia, Erzherzogin von Österreich. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 16, Duncker & Humblot, Berlin 1990, ISBN 3-428-00197-4, S. 175 f. (Digitalisat).
- Rudolf Reiser: Karl VII., 2002, ISBN 3-934036-87-2
- Andrea Rueth: Maria Amalia. In: Jürgen Wurst, Alexander Langheiter (Hrsg.): Monachia. Städtische Galerie im Lenbachhaus, München 2005, ISBN 3-88645-156-9, S. 146.
- Johann Jakob Moser: Geschichte und Thaten des Kaysers Carl des Siebenden unpartheyisch beschrieben und mit Anmerckungen erläutert, 1745
- Constantin von Wurzbach: Habsburg, Maria Amalia (deutsche Kaiserin). In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. Band 6, Verlag L. C. Zamarski, Wien 1860, S. 22.