ანა გონძაგა
ანა გონძაგა (ფრანგ. Anne de Gonzague, იტალ. Anna Gonzaga; დ. 1616, პარიზი, საფრანგეთი — გ. 6 ივლისი, 1684, პარიზი, საფრანგეთი) — გონძაგას დინასტიის წარმომადგენელი. მანტუის ჰერცოგ კარლო I-ის ასული. სიმერნის პფალცგრაფ ედუარდის მეუღლე. პოლონეთის დედოფალ მარია ლუიზა გონძაგას ღვიძლი და. საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზას სასახლის მთავარი დიასახლისი 1660-1661 წლებში.
ანა გონძაგა | |
---|---|
წოდებები
სიმერნის პფალცგრაფინია | |
დაიბადა |
1616 პარიზი, საფრანგეთი |
გარდაიცვალა |
6 ივლისი, 1684, (67-68 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
საგვარეულო | გონძაგები |
მეუღლე(ები) |
ედუარდი, სიმერნის პფალცგრაფი (ქ. 1645 - გარდ. 1663) |
შვილ(ებ)ი |
ანა ჰენრიეტა, კონდეს პრინცესა ბენედიქტა ჰენრიეტა, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია |
მამა | კარლო I, მანტუის ჰერცოგი |
დედა | კატრინ დე მაინი |
რელიგია | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანა გონძაგა დაიბადა 1616 წელს პარიზში. იგი იყო წარმოშობით იტალიელი ფრანგი დიდებულის, ნევერის ჰერცოგ კარლო გონძაგასა და მისი ცოლის, კატრინ დე მაინის ასული. მისი ერთადერთი და, მარია ლუიზა შემდეგში პოლონეთის ორგზის დედოფალი გახდა. 1628 წელს ანას მამა კარლო I-ის სახელით იკავებს მანტუისა და მონფერატის ჰერცოგის ტახტს.
მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ მამამისი იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, ანა და მისი და საფრანგეთში დარჩნენ, რადგან იმ დროს მანტუაში ჭირი მძვინვარებდა. ამ პერიოდში მას რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა თავის ბიძაშვილთან, გიზის ჰერცოგ ანრი II-თან, რომელზეც 1639 წელს საიდუმლოდ დაქორწინდა კიდეც. 1641 წელს ანრიმ იგი მიატოვა, რის შემდეგაც ანამ მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რასაც მათი კანონიერ ცოლ-ქმრად ცნობა უნდა მოჰყოლოდა, თუმცა ამაოდ.
1645 წლის 24 აპრილს პარიზში ანა დააქორწინეს სიმერნის პფალცგრაფ ედუარდ კურპფალცელზე, ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის მამიდაშვილზე. აღსანიშნავია, რომ ედუარდი მასზე ცხრა წლით უმცროსი იყო. ქორწინების შემდეგ წყვილი თავიანთ პარიზულ რეზიდენციაში დასახლდა, სადაც ანამ სამი გოგონა გააჩინა. იმავდროულად, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა სამეფო ოჯახის წევრებთან, რომლებიც დაეხმარნენ მას შემდეგში მისი სამივე ქალიშვილის სარფიანად ქორწინებაში.
ანა „ულტრა-კათოლიკეებად“ წოდებული გიზების შთამომავალი იყო დედის მხრიდან და თავად კათოლიკური ლიგის ფუძემდებლის პირდაპირი შთამომავალიც იყო, რის გამოც ამ წრეში მას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. მისი გავლენით მისი კალვინისტი ქმარი მალევე კათოლიკე გახდა და ასევე კათოლიკეებად მოინათლნენ მათი შვილებიც.
1663 წელს ედუარდი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ანა აღარც გათხოვილა. იგი გარდაიცვალა 1684 წლის 6 ივლისს პარიზში, 67-68 წლის ასაკში. მის დაკრძალვას საფრანგეთის მთელი სამეფო ოჯახი ესწრებოდა.
შვილები
რედაქტირება- ლუიზა მარია (1647-1679), ცოლად გაჰყვა სალმის მთავარ კარლ თეოდორს;
- ანა ჰენრიეტა (1648-1723), ცოლად გაჰყვა კონდეს პრინც ანრი ჟიულს, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა;
- ბენედიქტა ჰენრიეტა (1652-1730), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ იოჰან ფრიდრიხს, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა: მოდენის ჰერცოგინია შარლოტა ფელისიტა და საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალია;
ლიტერატურა
რედაქტირება- Spangler, Jonathan (2015). "Points of Transferral: Mademoiselle de Guise's Will and the Transferability of Dynastic Identity". In Geevers, Liesbeth; Marini, Mirella (eds.). Dynastic Identity in Early Modern Europe: Rulers, Aristocrats and the Formation of Identities. Ashgate Publishing. p. 131-152.
- Williams, George L. Papal Genealogy: The Families and Descendants of the Popes. Jefferson, North Carolina and London: McFarland, 2004. ISBN 0-7864-2071-5.