ედუარდი (სიმერნის პფალცგრაფი)

ედუარდ პფალცელი (გერმ. Eduard von der Pfalz; დ. 5 ოქტომბერი, 1625, ჰააგა, ნიდერლანდები — გ. 13 მარტი, 1663, პარიზი, საფრანგეთი) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. პფალცის კურფიურსტ ფრიდრიხ V-ისა და ელიზაბეთ სტიუარტის ძე. სიმერნის პფალცგრაფი.

ედუარდი
წოდებები
სიმერნის პფალცგრაფი
პფალცის პრინცი
დაიბადა 5 ოქტომბერი, 1625
ჰააგა, ნიდერლანდები
გარდაიცვალა 13 მარტი, 1663, (37 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საგვარეულო ვიტელსბახები
მეუღლე(ები) ანა გონძაგა
შვილ(ებ)ი ანა ჰენრიეტა, კონდეს პრინცესა
ბენედიქტა ჰენრიეტა, ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგინია
მამა ფრიდრიხ V, პფალცის კურფიურსტი
დედა ელიზაბეთ სტიუარტი
რელიგია ჯერ კალვინიზმი
შემდეგ კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ედუარდი დაიბადა 1625 წლის 5 ოქტომბერს ჰააგაში. იგი იყო პფალცის კურფიურსტისა და ბოჰემიის დამხობილი მეფის, ფრიდრიხ V-ისა და მისი ცოლის, შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის პრინცესა ელიზაბეთ სტიუარტის შუათანა ძე. იგი მშობლებმა დევნილობის პერიოდში გააჩინეს, რამეთუ ჰაბსბურგებმა მათ ორივე სამფლობელო წაართვეს და იძულებულნი გახდნენ ნიდერლანდებისთვის შეეფარებინათ თავი. იგი კალვინისტური რწმენით იზრდებოდა ჰააგის სამეფო კარზე.

1632 წელს, როდესაც ედუარდი შვიდი წლის იყო, მამამისი გარდაიცვალა. ამის შემდეგ იგი დედასთან და და-ძმებთან ერთად ტოვებს ნიდერლანდებს და ლონდონში ბიძის, მეფე ჩარლზ I-ის კარზე გადადის საცხოვრებლად, მისი მფარველობის ქვეშ. 1642 წელს ინგლისში სამოქალაქო ომი იწყება, რის გამოც ედუარდმა დატოვა ლონდონი და საფრანგეთში, მცირეწლოვანი მეფის, ლუი XIV-ის კარზე გადასახლდა. აქ იგი მალევე კათოლიკე გახდა და 1645 წლის 24 აპრილს ცოლად ირთავს იტალიური წარმოშობის ფრანგ პრინცესა ანა გონძაგას, მანტუის ჰერცოგ კარლო I-ისა და კატრინ დე ლორენ-გიზ-მაინის ასულს, რომელიც მასზე ცხრა წლით იყო უფროსი.

ვინაიდან ედუარდს თავად დომენი არ ჰქონია, ქორწინების შემდეგ ფინანსურად მთლიანად ცოლზე გახდა დამოკიდებული, რომელსაც მამამისმა ნევერის საჰერცოგო დაუტოვა. ეს ფაქტი ცოლ-ქმარს შორის ხშირად ხდებოდა დავის საგანი, მაგრამ 1648 წელს დადებული ვესტფალიის ზავით ჰაბსბურგებმა ედუარდის ოჯახს სამფლობელოები დაუბრუნეს, რის შემდეგაც მისი ძმა, კარლ I ლუდვიგი პფალცის კურფიურსტი ხდება, ედუარდს კი სიმერნის პფალცგრაფობა ენიჭება.

მიუხედავად იმისა, რომ ედუარდი ღიად კათოლიკე იყო, მისი პროტესტანტული ფესვების გამო ფრანგები მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ. ასევე უნდობლად უყურებდნენ მის ქალიშვილებსაც, რომლებიც მან დაბადებისთანავე მონათლა კათოლიკეებად.

ედუარდი და ანა პარიზში, თავიანთ რეზიდენციაში ცხოვრობდნენ, სადაც პფალცის პრინცისა და პრინცესის სახელით იყვნენ ცნობილები. მიუხედავად ორივე მათგანის არაფრანგული წარმომავლობისა, მათი ფესვები საშუალებას აძლევდათ, რომ პარიზში ფუფუნებაში ეცხოვრათ და ასეც იქცეოდნენ. აღსანიშნავია, რომ კათოლიკობის მიღების შემდეგ ედუარდი მისმა მთელმა ოჯახმა უარყო, მაგრამ 1649 წლიდან მან დედასთან ურთიერთობის აღდგენა მოახერხა.

იგი გარდაიცვალა 1663 წლის 13 მარტს პარიზში, 37 წლის ასაკში. მისი ქვრივი, ანა გონძაგა, მეორე აღარ გათხოვილა.

ედუარდს ცოლთან სულ სამი გოგონა შეეძინა:

  1. ლუიზა მარია (1647-1679), ცოლად გაჰყვა სალმის მთავარ კარლ თეოდორს;
  2. ანა ჰენრიეტა (1648-1723), ცოლად გაჰყვა კონდეს პრინც ანრი ჟიულს, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა;
  3. ბენედიქტა ჰენრიეტა (1652-1730), ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგის ჰერცოგ იოჰან ფრიდრიხს, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა: მოდენის ჰერცოგინია შარლოტა ფელისიტა და საღვთო რომის იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალია;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Spanheim, Ézéchiel (1973). Emile Bourgeois (ed.). Relation de la Cour de France. le Temps retrouvé (in French). Paris: Mercure de France. pp. 113–114.
  • Montgomery-Massingberd, Hugh (editor). Burke's Guide to the Royal Family, Burke's Peerage, London, 1973, p. 207. ISBN 0220662223