მარია ანა ესპანელი

მარია ანა ესპანელი (ესპ. María Ana de España, გერმ. Maria Anna von Spanien; დ. 18 აგვისტო, 1606, მადრიდი, ესპანეთი — გ. 13 მაისი, 1646, ლინცი, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია 1637-46 წლებში, როგორც ფერდინანდ III-ის პირველი მეუღლე.

მარია ანა ესპანელი
María Ana de España

მარია ანა ესპანელი 1630 წელს, შესრულებულია დიეგო ველასკესის მიერ
უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 თებერვალი, 1631
მმართ. დასასრული: 13 მაისი, 1646
წინამორბედი: ელეონორა გონძაგა
მემკვიდრე: მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 15 თებერვალი, 1637
მმართ. დასასრული: 13 მაისი, 1646
წინამორბედი: ელეონორა გონძაგა
მემკვიდრე: მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 18 აგვისტო, 1606
დაბ. ადგილი: ესკორიალი, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 13 მაისი, 1646, (39 წლის)
გარდ. ადგილი: ლინცი, ავსტრია
მეუღლე: ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: ფერდინანდ IV, უნგრეთის მეფე
მარიანა, ესპანეთის დედოფალი
ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფილიპე III, ესპანეთის მეფე
დედა: მარგარეტ ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარგარეტ ავსტრიელის ქალიშვილი. იმპერატორთან ქორწინებამდე განიხილებოდა მისი და უელსის პრინცის, მეფე ჯეიმზ I-ის ვაჟ ჩარლზ სტიუარტის ქორწინება. ეს მოვლენა ცნობილია როგორც „ესპანეთის მატჩი“, რასაც უნდა მოჰყოლოდა ესპანეთს, ინგლისსა და შოტლანდიას შორის ალიანსის შექმნა და ურთიერთობების დათბობა, თუმცა ღრმადმორწმუნე კათოლიკე მარია ანამ ანგლიკან ჩარლთან ქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამის შემდეგ იგი მალევე მიათხოვეს მის ბიძაშვილ ფერდინანდს, რომელთანაც მომავალი იმპერატორი ლეოპოლდ I შეეძინა. მისმა ქორწინებამ ხელი შეუწყო ესპანეთსა და ავსტრიას შორის ურთიერთობების დათბობასა და ესპანელი და ავსტრიელი ჰაბსბურგებიც უფრო დააახლოვა.

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

 
მარია ანა 1617 წელს, შესრულებულია ბართოლომე გონსალესის მიერ

მარია ანა ესპანელი დაიბადა 1606 წლის 18 აგვისტოს, დედაქალაქ მადრიდის ესკორიალის სასახლეში. იგი იყო ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარგარეტ ავსტრიელის მეოთხე შვილი და მესამე ქალიშვილი. მარგარეტისა და ფილიპეს შვიდი შვილიდან, მხოლოდ ხუთმა შეძლო სრულწლოვანებამდე მიღწევა: 1. ანა (საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი XIII-ის ცოლი, ლუი XIV-ის დედა), 2. ფილიპე IV (ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე), 3. კარლოსი (ეპიდემიის დროს გარდაიცვალა) 4. ფერდინანდი (კარდინალი და ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი და 5. მარია ანა. მარია ანას მშობლები ძალიან ახლო ნათესავები იყვნენ: ფილიპე მარგარეტს პირველი თაობის ღვიძლ ბიძაშვილად ერგებოდა, თავად ფილიპეს მშობლები, მეფე ფილიპე II და დედოფალი ანა ავსტრიელი ერთმანეთს ბიძად და დიშვილად ერგებოდნენ. თუმცა მარგარეტის მშობლები ნათესავები არ ყოფილან. მამისი ქვემო ავსტრიის ერცჰერცოგი კარლ II, ხოლო დედა ერცჰერცოგინია მარია ანა ბავარიელი იყო.

ადრეული ასაკიდანვე მეფე ფილიპე სერიოზულად ფიქრობდა მარია ანას გათხოვებაზე. 1611 წელს კი დედოფალ მარგარეტ ავსტრიელის გარდაცვალებამ ძლიერ შეასუსტა მისი კავშირი ავსტრიასთან, რის გამოც მარია ანა დანიშნა იმპერატორ ფერდინანდ II-ისა და მარია ანა ბავარიელის უფროს ვაჟზე, ერცჰერცოგ იოზეფ კარლზე, თუმცა ქორწინება 1618 წელს იოზეფ კარლის გარდაცვალების გამო ვერ შედგა. 1621 წელს კი გარდაიცვალა ფილიპე III და ტახტზე მარია ანას ძმა, მეფე ფილიპე IV ავიდა.

1622 წელს ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ I-ისაგან წამოვიდა წამოვიდა წინადადება, რომ ესპანეთისა და ბრიტანეთის ურთიერთობების დასათბობად მის ვაჟს, უელსის პრინც ჩარლზ სტიუარტს ექორწინა ფილიპე IV-ის დაზე, ინფანტა მარია ანა ესპანელზე. მალევე ლონდონსა და მადრიდს შორის აქტიური საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო. უელსის პრინცისა და ესპანეთის ინფანტას შორის არსებული შესაძლო ქორწინება ისტორიაში შესულია „ესპანური მატჩის“ სახელით, რამაც შიდაპოლიტიკური კრიზისი გამოიწვია ინგლისსა და შოტლანდიაში. 1623 წელს უელსის პრინცი ჩარლზ სტიუარტი ბუკინგემის ჰერცოგ ჯორჯ ვილიელთან ერთად მადრიდს ეწვია თავისი საცოლის სანახავად. ღრმადმორწმუნე მარია ანამ კატეგორიული უარი განაცხადა ანგლიკან კაცთან ქორწინებაზე. მან განაცხადა, რომ ჩარლზზე მხოლოდ მაშინ იქორწინებდა, თუ იგი კათოლიკობას მიიღებდა. ჩარლზიც მყარად იდგა თავის რელიგიაზე, რის გამოც ესპანეთი მალევე დატოვა. ეს მომენტი ფრანგებმა ხელიდან არ გაუშვეს და ჩარლზს ცოლად ლუი XIII-ის უმცროსი და, მადამ როიალი ანრიეტა მარია დე ბურბონი შერთეს, რომელსაც ჩარლზთან არანაირი გართულება არ ჰქონია.

ქორწინება რედაქტირება

1626 წლის მიწურულს მარია ანა ერცჰერცოგ ფერდინანდ II-ის მემკვიდრეზე, ფერდინანდ ჰაბსბურგზე დანიშნეს. საქორწინო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1625 წლიდან დაიწყო. იმავე წელს პრინც ფერდინანდს ჯერ უნგრეთისა და ხორვატიის, 1627 წელს კი ბოჰემიის მეფის წოდება უბოძეს. საქორწინო მოლაპარაკებების დროს განხილულ იქნა ინფანტას ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც მომავალი მეუღლის სამეფო კარზე მოელოდა. ნიშნობიდან მალევე მადრიდში სკანდალი აგორდა, რომ მარია ანამ ფერდინანდთან ქორწინებაზე უარი თქვა და მის ნაცვლად იეზუიტ ამბროსიო პენალოსაზე დაქორწინება მოისურვა, თუმცა ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ სამეფო ოჯახის სახელის შესალახად აგორებული ჭორები იყო. 1628 წელს როგორც ესპანური, ისე ავსტრიული მხარის მიერ ხელმოწერილ იქნა საქორწინო კონტრაქტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მარია ანასა და მის შთამომავლებს ესპანეთის სამეფო ტახტზე უფლებები ენიჭებოდათ, რომელიც 1615 წელს ლუი XIII-ზე ქორწინებისას მის უფროს დას, დედოფალ ანა ავსტრიელსა და მის შთამომავლებს ჩამოართვეს.

 
ფერდინანდ III და მარია ანა ესპანელი 1630 წელს

1629 წლის დეკემბერში მარია ანამ დიდი ამალითა და მზითვებით დატოვა მადრიდი და ვენაში გაემგზავრა. როცა გენუამდე მიაღწია გართულებები შეიქმნა, რაც იტალიაში მოდებული ეპიდემიით იყო გამოწვეული. ამ მიზეზით მარია ანამ გზა ვეღარ განაგრძო და დროებით ბოლონიაში შეჩერდა. აქ ინფანტას კარდინალი ანტონიო ბარბერინი (პაპ ურბან VIII-ის ძმიშვილი), რომელმაც იგი ოქროს ვარდების ორდენით დაასაჩუქრა. მარია ანას ამალის დიდი ნაწილი ნეაპოლში ეპიდემიას ემსხვერპლა, სადაც ინფანტა სამოგზაუროდ ჩავიდა. ამით შეშინებულმა მარია ანამ სასწრაფოდ დატოვა ნეაპოლის სამეფო, გადალახა პაპის ოლქი და ჩრდილო იტალიიკენ გაემგზავრა. მან მოილოცა იტალიური წმინდა ადგილები. ამ დროს მას თან ახლდა რომის პაპის კიდევ ერთი ძმიშვილი — ტადედო ბარბერინი, პალესტინის პრინცი. 1631 წლის 26 იანვარს მარია ანა ტრესტში ჩავიდა სადაც მომავალ რძალს ავსტრიის ერცჰერცოგი ლეოპოლდ ვილჰელმი დახვდა, რომელმაც ინფანტა ვენის სამეფო კარზე ჩაიყვანა. იმავე დღეს შედგა მარია ანასა და ფერდინანდის მარიონეტული ქორწინება, სადაც ფერდინანდის როლი ლეოპოლდ ვილჰემლმმა მოირგო.

ოფიციალურ ქორწინებამდე ფერდინანდი აქამდე ნანახ მარია ანას პორტრეტებს არ ენდობოდა, რის გამოც გადაწყვიტა საცოლე ფარულად ენახა. მან გადაწყვიტა მარია ანა გაეცნო, მაგრამ მისთვის ვინაობა არ გემხილა. ამიტომ იგი მასთან რამდენიმე დიდგვაროვანთან ერთად მივიდა. მარია ანას სილამაზით გატეხილმა ფერდინანდმა მაშინვე გათქვა თავისი ვინაობა და საცოლესთან ესპანურად საუბარი დაიწყო. პირველივე შეხვედრისთანავე ერცჰერცოგსაც და ინფანტასაც მომავალი მეუღლის მიმართ დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობა გაჩნდა, რამაც მთელი მათი ქორწინების მანძილზე გასტანა. ფერდინანდს იმდენად უყვარდა მეუღლე და იმდენად ღრმადმორწმუნე კაცი იყო, რომ არასდროს უღალატია მარია ანასთვის და მას სხვა მონარქებისგან განსხვავებით არც უკანონო შვილები ჰყოლია.

1631 წლის 20 თებერვალს მარია ანა ესპანელი და ფერდინანდ ავსტრიელი ოფიციალურად დაქორწინდნენ ვენის საკათედრო ტაძარში. მარია ანას ქმრისადმი დამოკიდებულება აღწერილია როგორც ბედნიერი, მეგობრული და ინტელექტუალური. მან ასევე შესძლო და განმუხტა ფერდინანდის მელანქოლიური ხასიათი.

საღვთო რომის იმპერატრიცა რედაქტირება

მარია ანასთან ერთად ვენის სამეფო კარზე მოვიდა ესპანური მოდა, თეატრი, ცეკვა და მუსიკა. სწორედ მან ჩაიტანა და გაავრცელა ავსტრიაში გიტარა. მარია ანა კეთილგანწყობილი იყო სამეფო ოჯახის ყველა წევრის მიმართ. იგი ძალიან თბილი, მეგობრული და უშუალო იყო ფერდინანდის ოჯახის მიმართ, თუმცა მას რთული ურთიერთობა ჰქონდა ფერდინანდის დედინაცვალთან, იმპერატრიცა ელეონორა გონძაგასთან, რაც ძირითადად იმით იყო გამოწვეული, რომ მარია ანასა და ელეონორას შორის კონკურენცია წარმოიშვა საიმპერატორო კარზე ძალაუფლების ჩაგდების საკითხში. მარია ანა ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა ავსტრიაში ხელოვნების, განსაკუთრებით კი ფერწერის აღორძინებას. მან შეაგროვა იტალიელი, ესპანელი და ფლანდრიელი ფერწერთა ნამუშევრები, რომლებიც გვიანი რენესანსისა და ბაროკოს სტილში იყო შესრულებული.

 
მარია ანა 1634 წელს თავის ვაჟთან, ერცჰერცოგ ფერდინანდ ავსტრიელთან ერთად, შესრულებულია უცნობი არტისტის მიერ

1636 წლის 22 დეკემბერს რეგენსბურგში ფერდინანდი რომაელ-გერმანელთა მეფე გახდა, ერთი კვირის შემდეგ კი მისი კორონაცია შედგა მაინცის საეპისკოპოსოში. 1637 წლის 21 იანვარს მარია ანა რომაელ-გერმანელთა დედოფლად ეკურთხა, 15 თებერვალს კი ფერდინანდ II-ის გარდაცვალების შემდეგ მისი ქმარი, ფერდინანდ III საღვთო რომის იმპერატორი გახდა. ამის შემდეგ მარია ანას უამრავ წოდებას საღვთო რომის იმპერატრიცობაც შეემატა. 1637-8 წლებში მარია ანა სპეციალურად უნგრულ დიეტაზე იმყოფებოდა, რათა მისი თქმით უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის დედოფლად კურთხევაზე ბრწყინვალე ფორმაში ყოფილიყო.

მარია ანა აქტიური პოლიტიკური ფიგურა იყო. იგი ფერდინანდის უახლოესი მრჩეველი გახდა და ხშირად შუამავლის როლსაც ასრულებდა იმპერატორსა და თავის ესპანელ ნათესავებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ იგი ყოველთვის იცავდა ფერდინანდის ინტერესებს, ამავდროულად არასდროს ივიწყებდა, რომ ფილიპე IV-ის და და ესპანეთის პრინცესა იყო. შესაძლოა ითქვას, რომ ავსტრიაში მან თავისი პატარა ესპანეთი მოიწყო. ვენის სამეფო კარზე უმეტესობას სწორედ ესპანელები შეადგენდნენ, ასევე ხშირად სტუმრობდნენ ესპანეთის ელჩები და დიპლომატები. როდესაც იმპერატორი ქვეყნიდან მიდიოდა მარია ანას რეგენტად ნიშნავდა. მაგალითად 1645 წელს ოცდაათწლიანი ომის დროს, როცა ფერდინანდი ბოჰემიაში იმყოფებოდა.

გარდაცვალება რედაქტირება

1645 წლის მარტში მარია ანამ შვილებთან ერთად შვედების პროტესტანტული არმიის მიერ ქალაქის ალყაში მოქცევის გამო დატოვა ლინცი და ვენაში გადავიდა. შვედები მალე ვენისაკენ დაიძრნენ. მან დუნაის გადაკვეთა და უნგრეთში გადასვლა გადაწყვიტა, რადგან ვენას უკვე შვედები ემუქრებოდნენ. თუმცა იმპერატრიცამ უნგრეთში წასვლა გადაიფიქრა. როცა იძულებულნი გახდნენ, საიმპერატორო ოჯახმა გრაცში გადაინაცვლა. ვენაში დაბრუნების შემდეგ მალევე კვლავ იძულებულნი გახდნენ ლინცისთვის შეეფარებინათ თავი, რადგან დედაქალაქში შავი ჭირი მძვინვარებდა. 1646 წლის იანვარში დედოფლის მეექვსე ორსულობის შესახებ გახდა ცნობილი. 1646 წლის 12 მაისს, ლინცის ციხესიმაგრეში მარია ანამ მოულოდნელად თავი საშინლად იგრძნო, რასაც ძლიერი სისხლდენა მოჰყვა. დედოფალი მარია ანა ესპანელი დილით გარდაიცვალა. მან ცოცხალი, თუმცა ძალიან სუსტი გოგონა გააჩინა, რომელსაც სასოწარკვეთილმა ფერდინანდმა ცოლის სახელი დაარქვა. გოგონა სულ რამდენიმე საათში დაიღუპა. 24 მაისს დედაც და შვილიც ოქროს კუბოებში დაასვენეს და ვენის სამეფო საძვალეთში დაკრძალეს. მის დაკრძალვას დაესწრო ესპანეთის ელჩიც, რომელმაც იმპერატორს მიუსამძიმრა. ფერდინანდზე ამ ამბავმა საშინლად იმოქმედა. იგი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და იმდენად ცუდად იყო, რომ მათ დაკრძალვაზე მისვლაც კი ვერ შესძლო. რამდენიმე წელიწადში ფერდინანდი მეორედ დაქორწინდა, თუმცა მისი მეორე ცოლიც მალევე გარდაიცვალა, რასაც მესამე ქორწინება მოჰყვა.

რამდენიმე წელიწადში ფერდინანდმა გადაწყვიტა მისი და მარია ანას უფროსი ქალიშვილის,  პრინცესა მარიანას მითხოვება ფილიპე IV-ის ვაჟზე, ასტურიის პრინც ბალთაზარ კარლოსზე, თუმცა მალევე ბალთაზარიც და დედამისიც, დედოფალი ელიზაბეტ ფრანგიც დაიღუპნენ. ამან ფილიპე უცოლოდ და უმემკვიდრეოდ დატოვა, რის გამოც მისი მეორე ქორწინება აუცილებელი გახადა. 1649 წელს ფილიპე IV-მ იქორწინა მარია ანასა და ფერდინანდის ასულ მარიანა ავსტრიელზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა - ესპანეთის მეფე კარლ II და მარგარიტა ტერეზა ესპანელი, რომელიც ცოლად მარია ანას ვაჟს, იმპერატორ ლეოპოლდ I-ს შერთეს.

შვილები რედაქტირება

  1. ფერდინანდ IV (დ. 8 სექტემბერი, 1633 - გ. 9 ივლისი, 1654), უნგრეთის, ხორვატიის, ბოჰემიისა და რომაელ-გერმანელთა მეფე, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. მარიანა (დ. 22 დეკემბერი, 1634 - გ. 16 მაისი, 1696), ცოლად გაჰყვა თავის ბიძას, ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ს, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  3. ფილიპ ავგუსტი (დ. 15 ივლისი, 1637 - გ. 22 ივნისი, 1639), ავსტრიის ერცჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. მაქსიმილიან თომასი (დ. 21 დეკემბერი, 1638 - გ. 22 ივნისი, 1639),  ავსტრიის ერცჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ლეოპოლდ I (დ. 9 ივნისი, 1640 - გ. 5 მაისი, 1705), საღვთო რომის იმპერატორი, ავსტრიის ერცჰერცოგი, უნგრეთის, ბოჰემიის, ხორვატიისა და რომაელ-გერმანელთა მეფე, იქორწინა სამჯერ და მხოლოდ მესამე ცოლთან შეეძინა მემკვიდრე;
  6. მარია ანა (დ./გ. 13 მაისი 1646), ავსტრიის ერცჰერცოგინია, გარდაიცვალა დაბადებიდან რამდენიმე საათში.

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Helmut Andics: Die Frauen der Habsburger; Wilhelm Heyne Verlag München (1997), ISBN 3-453-07034-8
  • Richard Reifenscheid: Die Habsburger in Lebensbildern, Piper Verlag 2007, ISBN 978-3-492-24753-5
  • Lundy, Darryl (5 March 2007). Felipe III von Habsburg, Rey de España. ThePeerage.Com. cites Louda, Jirí; MacLagan, Michael (1999). Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe (2nd ed.). London, U.K.: Little, Brown and Company. table 49. von Redlich, Marcellus (1999). Pedigrees of Some of the Emperor Charlemagne's Descendants, volume I (2nd ed.). Baltimore, Maryland, U.S.A.: Genealogical Publishing Company. page 58.
  • Wikisource-logo.svg Kurth, Godefroid (1911). "Philip II". In Herbermann, Charles. Catholic Encyclopedia. 12. New York: Robert Appleton Company.
  • Bettina Braun, Katrin Keller, Matthias Schnettger: Nur die Frau des Kaisers?: Kaiserinnen in der Frühen Neuzeit, Böhlau ed., Vienna 2016 ISBN 978-3-20-520085-7.
  • M. Hengerer: Kaiser Ferdinand III. (1608—1657). Eine Biographie, Böhlau ed., Vienna, Köln, Weimar 2012 ISBN 978-3-205-77765-6.
  • Habsburg, Maria Anna von Spanien, Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich, Vienna Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, p. 52 – 458 p.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მარია ანა ესპანელი
დაიბადა: 18 აგვისტო 1606 გარდაიცვალა: 13 მაისი 1646
წინამორბედი:
ელეონორა გონძაგა
უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი
1631-1646
შემდეგი:
მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი
წინამორბედი:
ელეონორა გონძაგა
საღვთო რომის იმპერატრიცა, რომაელ-გერმანელთა დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
1637-1646
შემდეგი:
მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი