მაგდალენა ბავარიელი

მაგდალენა ბავარიელი (გერმ. Magdalene von Bayern; დ. 4 ივლისი, 1587, მიუნხენი, გერმანია — გ. 25 სექტემბერი, 1628, ნოიბურგი, გერმანია) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ V-ისა და რენატა ლოთარინგიელის ასული. ნოიბურგის პფალცგრაფ ვოლფგანგ ვილჰელმის ცოლი და პფალცის კურფიურსტ ფილიპ ვილჰელმის დედა.

მაგდალენა ბავარიელი
წოდებები
ნოიბურგის პფალცგრაფინია
დაიბადა 4 ივლისი, 1587
მიუნხენი, გერმანია
გარდაიცვალა 25 სექტემბერი, 1628, (41 წლის)
ნოიბურგი, გერმანია
საგვარეულო ვიტელსბახები
მეუღლე(ები) ვოლფგანგ ვილჰელმი, ნოიბურგის პფალცგრაფი
შვილ(ებ)ი ფილიპ ვილჰელმი, პფალცის კურფიურსტი
მამა ვილჰელმ V, ბავარიის ჰერცოგი
დედა რენატა ლოთარინგიელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მაგდალენა დაიბადა 1587 წლის 4 ივლისს მიუნხენში. იგი იყო ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ V-ისა და მისი მეუღლის, ჰერცოგინია რენატა ლოთარინგიელის ქალიშვილი.

1607 წელს მიუნხენის სამეფო კარზე ავსტრიის ერცჰერცოგი მატიასი ჩავიდა და მაგდალენას ხელი ითხოვა თავისი ძმის, საღვთო რომის იმპერატორ რუდოლფ II-ისათვის, რომელიც უკვე შუა ხნის კაცი იყო და ცოლ-შვილი ჯერაც არ ჰყავდა, რაც იმ ეპოქაში ერთობ უჩვეულო იყო, განსაკუთრებით მონარქისთვის. მაგდალენა დასთანხმდა შეთავაზებას, თუმცა მისმა ძმამ, კურფიურსტმა მაქსიმილიან I-მა უარი თქვა მის ამ ქორწინებაზე, რადგან არ სურდა გაძლიერებულ ჰაბსბურგებს ბავარიაზეც ჰქონოდათ პრეტენზიები. სულ მალე, 1608 წელს, მატიასი კვლავ დაბრუნდა მიუნხენში და მეორედ ითხოვა მისი ხელი, ოღონდ ამჯერად თავისი მეორე ძმის, ტიროლის გრაფ ლეოპოლდ V-ისთვის, თუმცა მაქსიმილიანისგან კვლავ უარი მიიღო.

ცნობილია, რომ თავად მატიასს დიდად არ მოსწონდა მაგდალენა და მას „გულცივს“ უწოდებდა, თუმცა ლეოპოლდმა ეს არ დაიჯერა და 1609 წელს თვითონ ჩავიდა მიუნხენში მისი ხელის სათხოვნელად, თუმცა სასიძო ამ ჯერად უკვე თავად მაგდალენამ დაიწუნა და უარი ამრიგად უთხრა: „მირჩევნია მონაზვნად აღვიკვეცო, ვიდრე თქვენზე დავქორწინდე“.

საბოლოოდ, 1613 წლის 11 ნოემბერს მიუნხენში, ძმის გავლენით მაგდალენა დაქორწინდა ნოიბურგის პფალცგრაფ ვოლფგანგ ვილჰელმზე, რომელიც მას გარე ბიძაშვილად ერგებოდა და მაქსიმილიანთანაც ახლო, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ლუთერან ვოლფგანგს ბავარიის პრინცესაზე დასაქორწინებლად კათოლიკედ მონათვლა დასჭირდა. მათი ქორწილი ერთობ პომპეზური იყო, რომელსაც ევროპის 17 მონარქი ესწრებოდა. მაგდალენას მამამ მზითვში 50,000 გმუნდენი გაატანა, ძმისგან საქორწინო საჩუქრის სახით კი მან დამატებით 30,000 ფლორინი მიიღო.

ნოიბურგის სასახლეში გადასვლასთან ერთად იქ მაგდალენამ კათოლიკური ეკლესია გახსნა და იეზუიტებიც ჩაიყვანა. სულ მალე მაგდალენას დავალებით იეზუიტებმა კათოლიკობაზე მოაქციეს მისი მამამთილი, პფალცგრაფი ფილიპ ლუდვიგიც. ამრიგად, ვიტელსბახების დინასტიის ნოიბურგის შტო კვლავ დაუბრუნდა კათოლიკურ ეკლესიას. ცნობილია ისიც, რომ თავის პფალცსაგრაფოში მაგდალენას დიდი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა, რაც მას ეხმარებოდა, რომ ბავარიისათვის სასიკეთო პოლიტიკა ეწარმოებინა და ძმას დახმარებოდა.

მიუხედავად მრავალი სირთულისა, მაგდალენასა და ვოლფგანგს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. მემატიანეები მას მისი ამბიციურობისა და მკაცრი ხასიათის გამო ხშირად ადარებენ მის ძმას, მაქსიმილიანს. 1615 წლის 14 ოქტომბერს მან თავისი ერთადერთი შვილი, ფილიპ ვილჰელმი გააჩინა, რომელსაც სახელი ორივე პაპის პატივსაცემად დაარქვეს.

პფალცგრაფინია მაგდალენა ბავარიელი გარდაიცვალა 1628 წლის 25 სექტემბერს ნოიბურგში, 41 წლის ასაკში, სრულიად მოულოდნელად. მის შემდეგ მისი ქმარი კიდევ ორჯერ დაქორწინდა. აღსანიშნავია, რომ მაგდალენას შვილიშვილები იყვნენ: საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორ მაგდალენა, პფალცის კურფიურსტი იოჰან ვილჰელმი, კურფიურსტ კარლ III ფილიპი, პორტუგალიის დედოფალი მარია სოფია, ესპანეთის დედოფალი მარია ანა, პარმის ჰერცოგინია დოროთეა სოფია და პოლონეთის პრინცესა ჰედვიგ ელიზაბეთ ნოიბურგელები.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • F. A. Förch: Neuburg und seine Fürsten: ein historischer Versuch als Beitrag zur Geschichte des Fürstenthums Pfalz-Neuburg, A. Prechter, 1860, p. 74.
  • Dieter Albrecht: Maximilian I. von Bayern 1573-1651, Oldenbourg Wissenschaftsverlag, 1998, p. 155.
  • vte
  • Hugo Altmann: Die Reichspolitik Maximilians I. von Bayern, 1613-1618, Oldenbourg Wissenschaftsverlag, 1978, p. 234.