მარია კაროლინა ავსტრიელი

მარია კაროლინა ავსტრიელი (გერმ. Maria Karolina von Österreich, იტალ. Maria Carolina d'Austria; დ. 13 აგვისტო, 1752, ვენა, ავსტრია — გ. 8 სექტემბერი, 1814, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი 1768-1814 წლებში როგორც ფერდინანდ IV-ის მეუღლე. იგი ფაქტობრივად ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი იყო და ახორციელებდა უამრავ რეფორმას, როგორებიცაა ესპანელების გაძევება, მასონებისთვის ხელის შეწყობა და სამხედრო ფლოტის გაფართოება. იგი აბსოლუტური მონარქიის მომხრე იყო და სძულდა რევოლუციონერები და დემოკრატები. იგი სასტიკად გმობდა საფრანგეთის რევოლუციას (რომელსაც მისი და, დედოფალი მარია ანტუანეტი შეეწირა) და ნეაპოლშიც იგივე რომ არ განმეორებულიყო სპეციალური პატრული და ჯაშუშები დანიშნა, რათა ყველა ასეთი იდეის მატარებელი ემხილებინათ და სათანადოდ დაესაჯათ.

მარია კაროლინა ავსტრიელი
Maria Karolina von Österreich
ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 12 მაისი, 1768
მმართ. დასასრული: 8 სექტემბერი, 1814
წინამორბედი: მარია ამალია საქსონიელი
მემკვიდრე: მარი ჯულია კლარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 აგვისტო, 1752
დაბ. ადგილი: ვენა, ავსტრიის იმპერია
გარდ. თარიღი: 8 სექტემბერი, 1814, (62 წლის)
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრიის იმპერია
მეუღლე: ფერდინანდ IV, ნეაპოლის მეფე
შვილები: მარია ტერეზა, ავსტრიის იმპერატრიცა
ლუიზა მარია, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია
ფრანჩესკო I, ორი სიცილიის მეფე
მარია კრისტინა, სარდინიის დედოფალი
მარია ამალია, საფრანგეთის დედოფალი
მარია ანტონია, ასტურიის პრინცესა
ლეოპოლდო, სალერნოს პრინცი
სრული სახელი: მარია კაროლინა ლუიზა იოზეფა იოჰანა ანტონია ავსტრიელი
დინასტია: ჰაბსბურგ-ლოთარინგია
მამა: ფრანც I, საღვთო რომის იმპერატორი
დედა: მარია ტერეზა, ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა
რელიგია: კათოლიციზმი

იგი დაბადებით იყო ავსტრიის ერცჰერცოგინია, როგორც საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ისა და მისი ცოლის, ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა მარია ტერეზიას მეცამეტე ქალიშვილი. როგორც კი წამოიზარდა, იგი დააქორწინეს ესპანეთის მეფე კარლ III-ის ვაჟ ფერდინანდზე, რაც ესპანეთ-ავსტრიის ალიანსის ნაწილი იყო. 1768 წელს ფერდინანდი და მარია კაროლინა ნეაპოლის ტახტს იკავებენ. 1775 წელს ვაჟის გაჩენის შემდეგ მან უდიდესი ძალაუფლება მიიღო და მთელი მათი მმართველობისას სწორედ მარია კაროლინა დომინირებდა, მანამ სანამ იგი 1812 წელს მშობლიურ ავსტრიაში დაბრუნდებოდა. დედამისის მსგავსად, მარია კაროლინაც შვილებს პოლიტიკურად ხელსაყრელ პიროვნებებზე აქორწინებდა.

მარია კაროლინას ძალიან უყვარდა ხელოვნებას, რის გამოც იგი დიდად სწყალობდა და მფარველობდა ხელოვან ადამიანებს, რამაც ხელი შეუწყო ნეაპოლის ევროპის კულტურულ ცენტრად გადაქცევას.

როდესაც ფრანგმა რევოლუციონერებმა მარია კაროლინას დას, დედოფალ მარია ანტუანეტს თავი მოჰკვეთეს იგი საშინლად განრისხდა, რის გამოც იგი ნაპოლეონის წინააღმდეგ მიმართულ ყველა კოალიციაში წევრიანდებოდა ბრიტანეთთან და ავსტრიასთან. თუმცაღა, როდესაც ნაპოლეონის ჯარები 1798 წელს ნეაპოლში შეიჭრნენ, მარია კაროლინა ოჯახთან ერთად გაიქცა. ერთი თვის შემდეგ ნეაპოლი რესპუბლიკად გამოცხადდა, თუმცა სულ ექვს თვეში ბურბონთა დინასტია კვლავ აღსდგა ნეაპოლში. 1806 წელს ფრანგების ნეაპოლში ხელმეორე შეჭრის შემდეგ მარია კაროლინას კვლავ მოუხდა გაქცევა მშობლიურ ავსტრიაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1814 წელს.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება
 
ერცჰერცოგინია მარია კაროლინა ავსტრიელი

მარია კაროლინა დაიბადა 1752 წლის 13 აგვისტოს შენბრუნის სასახლეში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. იგი იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა მარია ტერეზია ჰაბსბურგისა და საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I ლოთარინგიელის ქალიშვილი. მარია კაროლინა მათი თექვსმეტი შვილიდან მეცამეტე იყო და ჰყავდა ცხრა უფროსი და და ოთხი უფროსი ძმა. მისი უფროსი დებიდან ერთ-ერთს ასევე მარია კაროლინა ერქვა, თუმცა იგი დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა. დაბადებიდან ერთ კვირაში მარია კაროლინა მონათლეს, მისი ნათლიები კი იყვნენ საფრანგეთის მეფე ლუი XV და მისი მეუღლე, დედოფალი მარია ლეშჩინსკა. მარია კაროლინა ქალიშვილებიდან დედას ყველაზე მეტად ჰგავდა. მას ასევე ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა თავის უფროს დასთან, ერცჰერცოგინია მარია ანტუანეტთან. ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მარია კაროლინა და მარია ანტუანეტი აღსაზრდელად ლერშენფელდის გრაფინიას მიაბარეს. აქედან გამომდინარე გოგონები გრაფინიაზე უფრო მეტად დამოკიდებულნი გახდნენ, ვიდრე დედაზე, რომელსაც ძალიან იშვიათად ხედავდნენ. 1767 წლის აგვისტოდან მარია ტერეზიამ ქალიშვილების აღზრდა თავად დაიწყო, ვინაიდან იგი თვლიდა, რომ გრაფინია ამას თავს ვერ ართმევდა. იმავე წლის ოქტომბერში გარდაიცვალა მარია კაროლინას უფროსი და, ერცჰერცოგინია მარია იოზეფა, რომელიც ავსტრია-ესპანეთის ალიანსის გასაძლიერებლად ესპანეთის მეფე კარლ III-ის ვაჟისთვის უნდა მიეთხოვებინათ. ამ ალიანსის გადარჩენის მიზნით მეფე კარლ III-მ და მისმა ვაჟმა, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ IV-მ დაჟინებით მოითხოვეს მარია იოზეფას ჩანაცვლება მისი რომელიმე დით. მალევე ახალი საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო, რომელშიც ავსტრიის ელჩმა ნეაპოლის მეფემ ორი პრინცესა შესთავაზა, იგი ან მარია ამალიაზე, ან მარია კაროლინაზე უნდა დაქორწინებულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ მარია ამალია ფერდინანდზე ხუთი წლით უფროსი იყო, იგი საცოლედ დაიწუნეს და არჩევანი მარია კაროლინაზე შეაჩერეს. როდესაც მას აცნობეს, რომ იგი ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალი უნდა გამხდარიყო, ცხარე ცრემლით ატირდა და განაცხადა, რომ მას ფერდინანდი არ უყვარდა და ეს ქორწინებაც უიღბლო იქნებოდა. თუმცა მის პროტესტს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან მისთვის აზრი კი არ უკითხავთ, არამედ უბრალოდ საქმის კურსში ჩააყენეს. მალევე გაფორმდა საქორწინო კონტრაქტი, რის შემდეგაც 1768 წლის 7 აპრილს შედგა მარია კაროლინასა და ფერდინანდის მარიონეტული ქორწინება.

დედოფალი

რედაქტირება

ტანუჩის დაცემა

რედაქტირება
 
დედოფალი მარია კაროლინა ავსტრიელი 1768 წელს

15 წლის ნეაპოლისა და სიცილიის დედოფალმა მარიონეტული ქორწინებიდან მალევე, დატოვა მშობლიური ვენა და ნეაპოლისკენ დაიძრა. ვენიდან ნეაპოლისაკენ მიმავალი მარია კაროლინა გზად მანტუაში, ბოლონიაში, ფლორენციასა და რომში შეჩერდა. ახალგაზრდა დედოფალი ნეაპოლში 1768 წლის 12 მაისს დიდი ზარ-ზეიმით შევიდა. მას თავის უზარმაზარ გერმანულ ამალაში ახლდნენ მისი ძმა, ტოსკანის დიდი ჰერცოგი ლეოპოლდი და ასევე მისი ცოლი, ჰერცოგინია მარია ლუისა ესპანელი. მარია კაროლინასა და ფერდინანდის ქორწინება კატასტროფულად დაიწყო. როდესაც დედოფალი მეფეს პირველად შეხვდა, მან განაცხადა, რომ ფერდინანდი "საშინლად მახინჯი" იყო. იგი ასევე დედამისთან გაგზავნილ წერილებში ამბობდა: "მე მიყვარს ის, მხოლოდ ვალდებულების გამო...". თუმცა ცოლით კმაყოფილი დიდად არც ფერდინანდი დარჩენილა. პირველი ღამის შემდეგ განაცხადა: "მას ეძინა როგორც მკვდარს და ისევე აღმაგზნებს როგორც ღორი".

მარია კაროლინასა და ფერდინანდს შორის კიდევ ერთი უკმაყოფილების მიზეზი ის იყო, რომ თავიდან დედოფალი შვილებს ვერ აჩენდა, მათი უმთავრესი ვალდებულება კი სწორედ დინასტიის გაგრძელება იყო. თუმცაღა, საბოლოოდ მარია კაროლინამ ფერდინანდს სულ თვრამეტი შვილი გაუჩინა, რომელთაგანაც მხოლოდ შვიდმა შესძლო სრულწლოვანებამდე მიღწევა. მათი უამრავი შვილიდან გამოსარჩევია ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფრანჩესკო I, საღვთო რომის უკანასკნელი იმპერატრიცა მარია ტერეზა ნეაპოლელი, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია ლუიზა ნეაპოლელი, საფრანგეთის უკანასკნელი დედოფალი მარია ამალია ნეაპოლელი და ასტურიის პრინცესა მარია ანტონია ნეაპოლელი.

ფერდინანდი მაინც და მაინც დიდად განათლებული და ქვეყანაზე მოფიქრალი კაცი არ ყოფილა, ამიტომაც ნეაპოლსა და სიცილიას 1759-1776 წლებში მეფე კარლ III-ის მიერ გამოგზავნილი დე ფაქტო მმართველი, ბერნარდო ტანუჩი მართავდა. იმპერატრიცა მარია ტერეზიას მითითებების მიხედვით, იმისათვის, რომ მარია კაროლინას ხელში ძალაუფლება ჩაეგდო, საჭირო იყო ფერდინანდის კეთილგანწყობისა და ნდობის მოპოვება, რაც დედოფალმა მეფის საყვარელ საქმეში, ნადირობაში ჩაბმით მოახერხა. მარია კაროლინამ მალევე მოხიბლა სამეფო კარი და გავლენა მოიპოვა მეფეზე, მას შემდეგ კი რაც 1775 წელს მარია კაროლინამ ვაჟი გააჩინა, მან უდიდესი ძალაუფლება მიიღო და სამეფო საბჭოშიც კი დაიმკვიდრა ადგილი. მანამდე სანამ დედოფალი ასეთ დიდ გავლენას მოიპოვებდა, იგი ზრუნავდა სამეფო კარის განვითარებასა და დახვეწაზე, სადაც მთელი ევროპის ხელოვანები და სწავლულები შემოიკრიბა.

ტანუჩის დაცემა მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი მარია კაროლინას გადაემტერა, ეს კი მაშინ მოხდა, როცა მან მასონთა წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. კარლ III-ის ბრძანებებით მოქმედმა ტანუჩიმ 1751 წელს მასონთა ფენის წინააღმდეგ დიდი ბრძოლა გამოაცხადა. დედოფალი მარია კაროლინა მასონთა მომხრე იყო და ამგვარმა გადაწყვეტილებებმა განარისხა, რის შემდეგაც მან თვით ესპანეთის მეფე კარლ III-ს უსაყვედურა კიდეც. მან კარლის მიერ დანიშნულ ტანუჩის "ნეაპოლის განმანადგურებელი ქარიშხალი" უწოდა და მისი მოცილება სთხოვა. საბოლოოდ 1776 წელს მარია კაროლინას გავლენით ფერდინანდმა ტანუჩი დაითხოვა, რასაც მამა-შვილს შორის დიდი განხეთხილება მოჰყვა. სწორედ ეს იყო საბოლოოდ ნეაპოლში ესპანელების მმართველობის დასასრული. აქამდე ნეაპოლი მართალია სუვერენული ქვეყანა იყო, თუმცა უკვე ორასი წლის მანძილზე მას სწორედ ესპანელები მართავდნენ, მარია კაროლინას დამსახურებით კი ნეაპოლმა ნამდვილად მიიღო თავისუფლება.

მოქმედება და სამხედროები

რედაქტირება
 
ჯონ აქტონი, მარია კაროლინას ფავორიტი

ტანუჩის დამხობის შემდეგ ნეაპოლსა და სიცილიას ფაქტობრივად თავად დედოფალი მარია კაროლინა მართავდა, რაშიც მას 1778 წლიდან მისი ფავორიტი, საფრანგეთში დაბადებული ინგლისელი დიდგვაროვანი ჯონ აქტონი ეხმარებოდა. მარია კაროლინას ძმის, საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ II-ს მითითებით, აქტონმა და მარია კაროლინამ შექმნეს ნეაპოლის საზღვაო ფლოტი, რისთვისაც აშენდა ოთხი მეზღვაურთა კოლეჯი და უამრავი გემთმშენებელი ქარხანა. საბოლოოდ ნეაპოლს 150-ზე მეტი სამხედრო გემი ჰყავდა. გარდა ამისა შენდებოდა სავაჭრო გემები, რამაც ხელი შეუწყო ნეაპოლელი ვაჭრების საზღვარგარეთ გასვლას. მალევე მარია კაროლინამ სავაჭრო მოლაპარაკებები წამოიწყო, რის შემდეგაც მის მოკავშირეებად იქცნენ რუსეთი და გენუა. როდესაც კარლ III-მ დიდ ბრიტანეთსა და ა.შ.შ.-ს ომი გამოუცხადა, ცხადია ნეაპოლიც დაეხმარა, თუმცა აქტონი, ვინაიდან ინგლისელი იყო სამხედრო საქმეებს ჩამოაშორეს, რამაც მისი განრისხება გამოიწვია. მარია კაროლინამ მამამთილს წერილი გაუგზავნა, სადაც განუმარტა, რომ აქტონი დედის ხაზით ფრანგი იყო, ასევე საფრანგეთში იყო დაბადებული და იტალიაში აღზრდილი, რის გამოც იგი ინგლისელთა მოკავშირე არ იყო, ამის შემდეგ იგი არმიაში კვლავ ჩასვეს. აქტონისა და დედოფლის საზღვაო-სამხედრო რეფორმები არ ზღუდავდა ნეაპოლის საზღვაო ექსპენსიას. ამავდროულად, მათ სპეციალურად გამოყვეს 500, 000 დუკატი, რათა გამოცდილი უცხოელი ზღვაოსნები დაექირავებინათ. აქტონისა და მარია კაროლინას ასეთი დაახლოვება, ცხადია ჭორების მოყვარულ ხალხში დიდი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა. 1782 წელს ნეაპოლში მყოფმა სარდინიის ელჩმა ისიც კი განაცხადა, რომ დედოფალი და აქტონი საყვარლები იყვნენ. ეს ჭორები რეალურად მთლიანად არ იყო რეალობას აცდენილი და ამის გამო აქტონს ფერდინანდიც არაერთხელ დამუქრებია. თუმცა მარია კაროლინამ მეუღლე მალევე შემოირიგა. ამ დიდი კონფლიქტის შემდეგ აქტონი კასტელამარში გადასახლდა და სამ კვირაში ერთხელ აკითხავდა სამეფო კარს, რათა საქმის კურსში დარჩენილიყო.

ხელოვნების პატრონაჟი და კარლ III-ის გარდაცვალება

რედაქტირება
 
მარია კაროლინა ოჯახთან ერთად 1783 წელს

მარია კაროლინას ყოველთვის ძალიან უყვარდა ხელოვნება, თუმცა განსაკუთრებით გერმანულ-შვეიცარიულ ხელოვნებას მფარველობდა. უპირველეს ყოვლისა ეს იყო მისი ფავორიტი მხატვარი ანგელიკა კაუფმანი, რომელმაც 1783 წელს მარია კაროლინასა და მისი ქმარ-შვილის პორტრეტი შექმნა. მარია კაროლინა კაუფმანს თავისი ნიჭიერების გამო ხშირად ასაჩუქრებდა კიდეც. გარდა ამისა მან დაიქირავა რომაელი და ნეაპოლელი მხატვრები და თავისი ოჯახის წევრებისა და სასახლის ნახატები დაუკვეთა. გარდა კუფმანისა, მისი საყვარელი მხატვარი იყო იაკობ ფილიბ ჰასკერტი, რომელსაც თავისი შვილების არაერთი პორტრეტი დაუკვეთა. 1784 წელს დედოფალმა მარია კაროლინამ შექმნა სპეციალური სოფელი, სადაც მხოლოდ ხელოვანი და არტისტი ხალხი იყო დასახლებული. მას სან ლუციო დაარქვა. ასევე დედოფალს ძალიან უყვარდა აბრეშუმი, ფაიფური, ორნამენტებით შემკული ნივთები და ძვირფასეულობა, რის გამოც იგი დიდად სწყალობდა ოქრომჭედლებს, მკერავებსა და მეთუნეებს.

1788 წელს ესპანეთის მეფე კარლ III-ის გარდაცვალების შემდეგ ესპანეთ-ნეაპოლის ურთიერთობები გაუმჯობესდა. ესპანეთის ახალმა მეფე კარლ IV-მ ძმასთან შერიგება მოისურვა, რის გამოც ნეაპოლის ფლოტს უამრავი თავისი გემი აჩუქა. ფერდინანდისა და კარლის შერიგების გასაძლიერებლად კარლის უფროსი ვაჟი, ესპანეთის ტახტის მემკვიდრე და ასტურიის პრინცი ფერდინანდი დააქორწინეს მარია კაროლინას ქალიშვილ მარია ანტონიაზე. მიუხედავად იმისა, რომ მეფე ფერდინანდი ამ ქორწინების მომხრე იყო, მარია კაროლინა ამას ეწინააღმდეგებოდა. დედის მსგავსად, მასაც გულდასმით ჰყავდა თავისი შვილების მომავალი მეუღლეები შერჩეული, რომლებიც პოლიტიკური ალიანსების გასამყარებლად შეარჩია. მას შემდეგ, რაც მარია კაროლინას ძმიშვილი, ერცჰერცოგი ფრანც ავსტრიელის ცოლი, პრინცესა ელიზაბეთ ვიუტემბერგელი გარდაიცვალა, მარია კაროლინამ ფრანცს სასწრაფოდ შერთო ცოლად თავისი ქალიშვილი მარია ტერეზა. ასევე პოლიტიკური მიზნებით დააქორწინა თავისი ვაჟი ფრანჩესკო მარია კლემენტინა ავსტრიელზე, თავისი ქალიშვილი მარია ამალია და ლუიზაც სწორედ ამიტომ გაათხოვა საფრანგეთსა და ტოსკანაში, რათა საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაეკმაყოფილებინა.

აბსოლუტიზმის დასასრული

რედაქტირება
 
დედოფალი მარია კაროლინა 1772-73 წლებში

დედოფალი მარია კაროლინა მთელი ძალებით ცდილობდა ნეაპოლის სამეფოსა და რომის პაპის დაახლოვებას. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბოლო დროს გამოცემულმა ლიბერალურმა კანონებმა, რომელთაც შეუზღუდეს ძალაუფლება კათოლიკე ეპისკოპოსებს, ურთიერთობა დაძაბა პაპ პიუს VI-თან. ვინაიდან ახალი კანონის მიხედვით ნეაპოლისა და სიცილიის სამეფო პაპისათვის ყოველწლიური ხარკის ხდას, რომელიც 7,000 დუკატს შეადგენდა, წყვეტდა, დედოფალმა მარია კაროლინამ გადაწყვიტა პიუს VI-ს თავად შეხვედროდა და მოლაპარაკებოდა. ამრიგად, მარია კაროლინა და მეფე ფერდინანდი ჩავიდნენ რომში, სადაც ისინი პაპმა პიუსმა დიდი პატივით მიიღო. რომის პაპი თანახმა იყო დაეთმო მეფისათვის ეპისკოპოსების დანიშვნის პრივილეგია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მისთვის ხარკის ხდას გააგრძელებდა. შეთანხმება შედგა, რის აღსანიშნავადაც პაპმა მარია კაროლინას ოქროს ვარდიც აჩუქა, რაც ზოგადად, პაპის კეთილგანწყობის ნიშანი იყო.

უკან დაბრუნებულ მეფე-დედოფალს ახალი პრობლემები დახვდათ. 1789 წლის 14 ივლისს საფრანგეთში დიდი რევოლუცია დაიწყო, რომლის მთავარ სამიზნესაც მარია კაროლინას საყვარელი და, დედოფალი მარი ანტუანეტი წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით მან შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ მზად იყო შესაბამისი რეაგირებისათვისაც. მარია კაროლინამ დაგმო ფრანგული რევოლუცია და ყველანაირად ცდილობდა, რომ ამ იდეოლოგიის ნეაპოლში გავრცელება აღეკვეთა. მან დედაქალაქში პოლიციის თორმეტი დანაყოფი განალაგა, რომლებმაც დაიწყეს საზოგადოების კონტროლი ცხოვრების ყველა ასპექტში. ამას ემატებოდა საიდუმლო პოლიციის ჯაშუშებიც, რომლებიც მხოლოდ არისტოკრატებზე მუშაობდნენ. სწორედ მათგან შეიტყო მარია კაროლინამ, რომ ნეაპოლურ საზოგადოებაში არც თავად სარგებლობდა დიდი პოპულარობით.

საფრანგეთში მიმდინარე პროცესების შესაჩერებლად მარია კაროლინამ გადაწყვიტა, რომ სამხედრო კოალიცია ჩამოეყალიბებინა. ამ წინადადებით მან დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალ შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელს მიმართა, რომელიც შეშლილი ქმრის, მეფე ჯორჯ III-ის მაგივრად მართავდა ქვეყანას. ამ კავშირის განსამტკიცებლად დედოფალმა შარლოტამ ნეაპოლში ელჩი გააგზავნა, რომლის ცოლთან, ლედი ემა ჰამილტონთან მეფე ფერდინანდმა მალევე რომანი გააბა, რასაც დიპლომატიური სკანდალი და მოლაპარაკებების ჩაშლა მოჰყვა.

სემონვილის შეთქმულება და პირველი კოალიცია

რედაქტირება
 
მარია კაროლინა 1780-იან წლებში

1792 წლის 10 აგვისტოს მეფე ლუი XVI და დედოფალი მარი ანტუანეტი რევოლუციონერებმა დააპატიმრეს. ამის საპასუხოდ ნეაპოლის მთავრობამ მარია კაროლინას გავლენით უარი თქვა ფრანგი დიპლომატის, ბარონ არმან დე მაკაუს მიღებაზე. როდესაც ტიუილრის სასახლეში მომხდარი მოვლენების შესახებ შეიტყო, დედოფალი მარია კაროლინა იმდენად შეშინდა, რომ საფრანგეთთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა. მისი გავლენით მეფე აჭიანურებდა საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის შექმნის აღიარების დოკუმენტზე ხელის მოწერასა და მაკაუს ელჩად აღიარების საქმეს, რამაც ამ ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა წარმოშვა. ნეაპოლის პრემიერ-მინისტრმა აქტონმა კი გააუქმა მარია კაროლინას მოწოდება საფრანგეთთან ომის გამოცხადების შესახებ და მაკაუს დამშვიდებას ცდილობდა, მანამდე მაინც, სანამ დიდ ბრიტანეთთან კვლავ დაახლოვებასა და მათგან სამხედრო მხარდაჭერის მიღებას მოახერხებდნენ. მის ამ ქმედებებს შედეგები მოჰყვა. საფრანგეთის დროებით მთავრობას ხელში ჩაუვარდა აქტონის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ნეაპოლელები აპირებდნენ ოსმალეთში მიმავალი სემონვილის დიპლომატიური მისიისათვის საბოტაჟის მოწყობას. იმავე წლის ნოემბერში საფრანგეთმა ომისათვის მზადება დაიწყო, რის საპასუხოდაც მარია კაროლინამ ბარონი მაკაუ დააპატიმრა და საპასუხო დარტყმისათვის მომზადებას შეუდგა. საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ თუ აქტონი საბოტაჟის მცდელობისათვის ბოდიშს არ მოიხდიდა, ფრანგები ნეაპოლს ერთ საათში გაასწორებდნენ მიწასთან. შეშინებულმა მარია კაროლინამ გადაწყვიტა შეესრულებინა ფრანგების მოთხოვნა, რასაც ნეაპოლში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. თუმცაღა, დედოფალი მართალი აღმოჩნდა, რადგან ნეაპოლის სამეფო არ იყო მზად თავდასხმის მოსაგერიებლად და არც მათი ფლოტი ყოფილა მობილიზებული.

ამის დათმობის შემდეგ საფრანგეთმა აიძულა ნეაპოლის მეფე-დედოფალი, რომ ფრანგი ვაჭრებისათვის თავიანთ სამეფოში საქმიანობის ნება დაერთოთ, რომელთაც მარია კაროლინა „რესპუბლიკელთა აგენტებს“ უწოდებდა და ცდილობდა, რომ მათთვის გამუდმებით ეთვალთვალათ. 1793 წლის 21 იანვარს ლუი XVI-ს რევოლუციონერებმა გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს. იმავე წლის 29 იანვარს დედოფალმა ნეაპოლელი რადიკალების წინააღმდეგ არაეფექტური შეტევა წამოიწყო. მას სურდა, რომ რადიკალების ამოხოცვის შემდეგ სხვა მოწინააღმდეგეებზე გადასულიყო, თუმცა მთავარი მიზეზი, თუ რატომაც ჩავარდა მისი გეგმა ის იყო, რომ სამეფო პოლიციის უფროსი, ლუიჯი დე მედიჩი, თავად იყო ფარული რადიკალი. ამავდროულად, მარია კაროლინამ დედოფალ შარლოტასთან ხელშეკრულების გაფორმება მოახერხა და საფრანგეთს ომი გამოუცხადა. ხელშეკრულების თანახმად ნეაპოლის სამეფოს ეძლეოდა ომში ოთხი ათასი ჯარისკაცის, ოთხი ფრეგატის, ოთხი საბრძოლო ხომალდის გამოყვანა ომის დროს და დამატებით ექვსი ათასი ჯარისკაცისა და ოთხი გემისა, რათა ხმელთაშუა ზღვაზე ფრანგების მიმოსვლა აღეკვეთათ. 1793 წლის აგვისტოში დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთის ქალაქ ტულონზე დაიწყო შეტევა, რის შემდეგაც ომში ნეაპოლისა და სიცილიის სამეფოც ჩაერთო მარია კაროლინს თაოსნობით, რითაც შეიქმნა პირველი ანტიფრანგული კოალიცია, რომელშიც მალევე გაწევრიანდა რუსეთი, ესპანეთი, ავსტრია, პრუსია, პორტუგალია და სარდინია.

იტალიური კამპანია

რედაქტირება

გაქცევა და რესპუბლიკის ჩამოყალიბება

რედაქტირება

მეორე გაქცევა, დევნილობა და გარდაცვალება

რედაქტირება
  1. მარია ტერეზა (დ. 6 ივნისი, 1772 — გ. 13 აპრილი, 1807), ცოლად შერთეს საღვთო რომისა და ავსტრია-უნგრეთის იმპერატორ ფრანც II-ს, რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი;
  2. მარია ლუიზა (დ. 27 ივნისი, 1773 — გ. 19 სექტემბერი, 1802), ცოლად შერთეს ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო III-ს და შეეძინათ ექვსი შვილი;
  3. კარლო ტიტო (დ. 6 იანვარი, 1775 — გ. 17 დეკემბერი, 1778), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურას ეპიდემიისას;
  4. მარია ანა (დ. 23 ნოემბერი, 1775 — გ. 22 თებერვალი, 1780), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურას ეპიდემიისას;
  5. ფრანჩესკო I (დ. 14 აგვისტო, 1777 — გ. 8 ნოემბერი, 1830), სიცილიისა და ნეაპოლის მეფე, პირველად 1797 წელს ცოლად შერთეს მარია კლემენტინა ავსტრიელი, რომელიც მალევე მშობიარობას გადაჰყვა, ამიტომაც 1802 წელს მეორედ იქორწინა მარია ისაბელა ესპანელზე, რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი;
  6. მარია კრისტინა ტერეზა (დ. 17 იანვარი, 1779 — გ. 11 მარტი, 1849), მარია კრისტინა ამალიას ტყუპისცალი. ცოლად შერთეს სავოიისა და სარდინიის მეფე კარლო ფელიჩეს, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  7. მარია კრისტინა ამალია (დ. 17 იანვარი, 1779 — გ. 26 თებერვალი, 1783), მარია კრისტინა ტერეზას ტყუპისცალი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
  8. ჯენარო კარლო (დ. 12 აპრილი, 1780 — გ. 2 იანვარი, 1789), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
  9. ჯუზეპე კარლო (დ. 18 ივნისი, 1781 — გ. 19 თებერვალი, 1783), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
  10. მარია ამალია (დ. 26 აპრილი, 1782 — გ. 24 მარტი, 1866), ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპე I-ს, რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი, თუმცა რევოლუციონერებმა მათი მმართველობაც დაამხეს და გარდაიცვალა ბრიტანეთში, დევნილობაში;
  11. მარია კრისტინა (19 ივნისი, 1783), მკვდარშობილი;
  12. მარია ანტუანეტა (დ. 14 დეკემბერი, 1784 — გ. 21 მაისი, 1806), ცოლად შერთეს ესპანეთის ტახტის მემკვიდრეს, ასტურიის პრინც ფერდინანდს, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
  13. მარია კლოტილდა (დ. 18 თებერვალი, 1786 — გ. 10 სექტემბერი, 1792), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
  14. მარია ენრიკეტა (დ. 31 ივლისი, 1787 — გ. 20 სექტემბერი, 1792), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
  15. კარლო ჯენარო (დ. 26 აგვისტო, 1788 — 1 თებერვალი, 1789), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, წითურათი;
  16. ლეოპოლდო ჯოვანი (დ. 2 ივლისი, 1790 — გ. 10 მარტი, 1851), სალერნოს პრინცი, ცოლად შეირთო კლემენტინა ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  17. ალბერტო ლუდოვიკო (დ. 2 მაისი, 1792 — გ. 25 დეკემბერი, 1798), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ნეაპოლიდან გაქცევისას გემი, რომელზეც ის იმყოფებოდა, ჩაძირეს;
  18. მარია იზაბელა (დ. 2 დეკემბერი, 1793 — გ. 23 აპრილი, 1801), გარდაიცვალა მცირეწლოვანი.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Acton, Harold (1956). Bourbons of Naples. Methuen & Co.: London.
  • Bearne, Catherine Mary (1907). A Sister of Marie Antoinette: The Life-Story of Maria Carolina, Queen of Naples. T. Fisher Unwin: London
  • Crankshaw, Edward (1969). Maria Theresa. Longman Publishers: London.
  • Davis, John Anthony (2006). Naples and Napoleon: southern Italy and the European revolutions (1780–1860). Oxford University Press: Oxford. ISBN 0-19-820755-7
  • Fraser, Antonia (2002). Marie Antoinette: The Journey. Phoenix: London. ISBN 978-0-7538-1305-8
  • Jackson, Gudia M (2000). Women Rulers Throughout the Ages: An Illustrated Guide. Abc-Clio: Santa Barbara. ISBN 1-85109-339-7
  • Jones, Colin (2002). The Great Nation: France from Louis XV to Napoleon. Columbia University Press: New York. ISBN 0-231-12882-7
  • Lever, Evelyn (2001). Marie Antoinette: The Last Queen of France. Judy Piatkus: London. ISBN 0-7499-2194-3