მარია კლემენტინა ავსტრიელი (1798-1881)

მარია კლემენტინა ავსტრიელი (გერმ. Maria Klementine von Österreich, იტალ. Maria Clementina d'Austria; დ. 1 მარტი, 1798, ვენა, ავსტრია — გ. 3 სექტემბერი, 1881, უაზა, საფრანგეთი) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ისა და დედოფალ მარია ტერეზა სიცილიელის ასული. სალერნოს პრინცესა როგორც პრინც ლეოპოლდო სიცილიელის მეუღლე.

მარია კლემენტინა ავსტრიელი
სრული სახელი
მარია კლემენტინა ფრანცისკა იოზეფა
წოდებები
სალერნოს პრინცესა
დაიბადა 1 მარტი, 1798
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 3 სექტემბერი, 1881, (83 წლის)
უაზა, საფრანგეთი
საგვარეულო ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები
მეუღლე(ები) ლეოპოლდო, სალერნოს პრინცი
შვილ(ებ)ი მარია კაროლინა, ომალის ჰერცოგინია
მამა ფრანც II, საღვთო რომის იმპერატორი
დედა მარია ტერეზა სიცილიელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია კლემენტინა დაიბადა 1798 წლის 1 მარტს ვენაში. იგი იყო საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია ტერეზა სიცილიელის შუათანა ქალიშვილი.

 
სალერნოს პრინცესა მარია კლემენტინა

მისი უფროსი და-ძმები იყვნენ: საფრანგეთის იმპერატრიცა მარია ლუიზა, ავსტრიის იმპერატორი ფერდინანდ I და ბრაზილიისა და პორტუგალიის იმპერატრიცა მარია ლეოპოლდინა ავსტრიელები. იგი ასევე იყო საქსონიის კრონპრინცესა მარია კაროლინას, ერცჰერცოგი ფრანც კარლისა და ერცჰერცოგინია მარია ანა ავსტრიელის უფროსი და.

თავისი დების ქორწინებებით იგი ცოლის დად ერგებოდა საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ს, პორტუგალიისა და ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-სა და საქსონიის მეფე ფრიდრიხ ავგუსტ II-ს.

1816 წლის 28 ივლისს მარია კლემენტინა შონბურნის სასახლეში, ვენაში დაქორწინდა თავისი დედის ძმაზე, სალერნოს პრინც ლეოპოლდო სიცილიელზე, რომელიც იყო ორი სიცილიის მეფე ფრანჩესკო I-ისა და დედოფალ მარია ისაბელ ესპანელის უმცროსი ვაჟი.

მარია კლემენტინას ქმართან ოთხი შვილი შეეძინა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გოგონა გადარჩა. მისი ერთადერთი ქალიშვილი, პრინცესა მარია კაროლინა 1844 წელს ნეაპოლში დააქორწინეს ომალის ჰერცოგ ანრი ორლეანელზე, რომელიც იყო საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალია სიცილიელის შუათანა ვაჟი.

1851 წელს მარია კლემენტინა დაქვრივდა, რის შემდეგაც მეორედ აღარ დაქორწინებულა. მას შემდეგ, რაც 1860 წელს იტალია გაერთიანდა და სიცილიაში ბურბონთა მმართველობა დაემხო, მარია კლემენტინა საფრანგეთში გაიქცა და თავის ქალიშვილთან ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც 1869 წელს მისი ქალიშვილიც გარდაიცვალა, იგი ზრუნავდა მის ობლებსა და ქვრივ ქმარზე. სწორედ ასე გაატარა მან სიცოცხლის უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა 1881 წლის 3 სექტემბერს უაზაში, საფრანგეთში, 83 წლის ასაკში.

  1. მკვდარშობილი გოგონა (1819);
  2. მარია კაროლინა (1822-1869), ცოლად გაჰყვა ომალის ჰერცოგ ანრი ორლეანელს, რომელთანაც შვიდი შვილი შეეძინა;
  3. ლუდოვიკო კარლო (1824), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. მკვდარშობილი გოგონა (1829);

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Constantin von Wurzbach: Habsburg, Maria Clementine Franzisca Josepha. In: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich. 7. Theil. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Wien 1861, S. 43 (Digitalisat).
  • Hellmut Andics: Die Frauen der Habsburger Wilhelm Heyne Verlag GmbH München (1997) ISBN 3-453-07034-8
  • Thea Leitner: Habsburgs verkaufte Töchter, Piper Verlag (1997) ISBN 3-492-21827-X
  • Richard Reifenscheid: Die Habsburger, Weltbild, ISBN 3-85001-484-3