ფერდინანდო III (ტოსკანა)
ფერდინანდო III (იტალ. Ferdinando III; დ. 6 მაისი, 1769, ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო, იტალია — გ. 18 ივნისი, 1824, ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო, იტალია) — ჰაბსბურგ-ლოთარინგიის დინასტიის წარმომადგენელი. ტოსკანის დიდი ჰერცოგი 1790-1801 და 1814-1824 წლებში, ზალცბურგის კურფიურსტი 1803-1805 წლებში და ვიურცბურგის დიდი ჰერცოგი 1805-1814 წლებში. საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ II-ისა და დედოფალ მარია ლუისა ესპანელის ვაჟი. ჰაბსბურგთა დინასტიის ტოსკანური შტოს ფუძემდებელი.
ფერდინანდო III | |
---|---|
ტოსკანის დიდი ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 22 ივლისი, 1790 |
მმართ. დასასრული: | 3 აგვისტო, 1801 |
წინამორბედი: | ლეოპოლდო I |
მემკვიდრე: | ლუდოვიკო I (როგორც ეტრურიის მეფე) |
ტოსკანის დიდი ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 27 აპრილი, 1814 |
მმართ. დასასრული: | 18 ივნისი, 1824 |
წინამორბედი: | ელიზა ბონაპარტი |
მემკვიდრე: | ლეოპოლდო II |
ზალცბურგის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 11 თებერვალი, 1803 |
მმართ. დასასრული: | 25 დეკემბერი, 1805 |
წინამორბედი: | ჰიერონიმუს ფონ კოლორედო (როგორც ზალცბურგის არქიეპისკოპოსი) |
მემკვიდრე: | ფრანც I (როგორც ზალცბურგის ჰერცოგი) |
ვიურცბურგის დიდი ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 25 დეკემბერი, 1805 |
მმართ. დასასრული: | 1 მაისი, 1814 |
წინამორბედი: | მაქსიმილიან იოზეფ ბავარიელი |
მემკვიდრე: | მაქსიმილიან იოზეფ ბავარიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 6 მაისი, 1769 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 18 ივნისი, 1824, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | ფლორენცია, ტოსკანის დიდი საჰერცოგო |
მეუღლე: |
ლუიზა მარია ნეაპოლელი (ქ. 1790 - გარდ. 1802) მარია ფერდინანდა საქსონიელი (ქ. 1821) |
შვილები: |
ლეოპოლდო II, ტოსკანის დიდი ჰერცოგი მარია ტერეზია, სარდინიის დედოფალი |
სრული სახელი: |
გერმ. ფერდინანდ იოზეფ იოჰან ბაპტისტი იტალ. ფერდინანდო ჯუზეპე ჯოვანი ბაპტისტა |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები |
მამა: | ლეოპოლდ II, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | მარია ლუისა ესპანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფერდინანდო დაიბადა 1769 წლის 6 მაისს ფლორენციაში. იგი იყო ტოსკანის დიდ ჰერცოგ ლეოპოლდოსა და მისი მეუღლის, მარია ლუისა ესპანელის ვაჟი. მამამისი იყო საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას მეორე ვაჟი, ხოლო დედამისი ესპანეთის მეფე კარლოს III-ისა და დედოფალ მარია ამალია საქსონიელის ქალიშვილი იყო. მამის წარმომავლობის გამო იგი ტოსკანის ტახტის მემკვიდრედ იყო და ფორმალურად ავსტრიის ერცჰერცოგიც.
1790 წლის 22 ივლისს ბიძამისი, იმპერატორი იოზეფ II უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც საღვთო რომისა და ავსტრიის იმპერატორი მამამისი, ლეოპოლდ II გახდა, ამის გამო კი ფერდინანდო III ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა. მისი მმართველობა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ეპოქას დაემთხვა.
1792 წელს, საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, ფერდინანდო გახდა პირველი ევროპელი მონარქი, რომელმაც აღიარა საფრანგეთის ახალი რესპუბლიკა და ცდილობდა მშვიდობიანად ეთანამშრომლა მასთან. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთისა და რუსეთის მმართველებმა იგი დაარწმუნეს და ფერდინანდო მალევე ჩაერთო პირველი კოალიციის ომში. ფერდინანდო თავის მოკავშირეებს ერთობ პასიურ დახმარებას უწევდა, თუმცა როგორც პირველი კოალიციის წევრი, საფრანგეთის დამმარცხებელთა რიცხვში მოხვდა. 1795 წლის 1 მარტს, იგი განუდგა მოკავშირეებსაც და ტოსკანამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.
საფრანგეთთან ურთიერთობების დალაგებამ ხელი შეუწყო მისი მმართველობის სტაბილიზაციას შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, წამოსული საფრთხის გამო იგი თავის ცოლ-შვილთან ერთად გაიქცა ვენაში. ამას მოჰყვა 1799 წლიდან ფლორენციაში რესპუბლიკური მთავრობის შექმნა, თუმცა იგი კვლავ დიდ ჰერცოგად რჩებოდა. 1801 წელს გაფორმებული არანხუესის ხელშეკრულებით ფერდინანდო III-მ საბოლოოდ თქვა უარი ტოსკანის ტახტზე. ამის შემდეგ ნაპოლეონმა ტოსკანის ადგილას ჩამოაყალიბა ეტრურიის სამეფო, რომლის ტახტიც გადასცა ლუდოვიკო I-ს, რომელსაც მანამდე პარმის საჰერცოგო ჩამოართვა და ასე მოახდინა კომპენსირება.
ტოსკანის დაკარგვის შემდეგ მისმა ძმამ, იმპერატორმა ფრანც II-მ იგი ზალცბურგის კურფიურსტად გამოაცხადა, რათა დანაკარგის კომპენსირება მოეხდინა. მას შემდეგ, რაც ზალცბურგი ავსტრიამ დაკარგა, 1805 წელს ფრანცმა მას ვიურცბურგის დიდი ჰერცოგობა უბოძა.
1814 წლის 30 მაისს, ნაპოლეონის დაცემის შემდეგ, ფერდინანდოს ტოსკანის დიდი ჰერცოგის წოდება დაუბრუნეს. ამის შემდეგ იგი ოჯახთან ერთად დაუბრუნდა ფლორენციას, სადაც 1824 წლის 18 ივნისს, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცოლები და შვილები
რედაქტირება1790 წლის 15 აგვისტოს ნეაპოლში მარიონეტულად, ხოლო 1790 წლის 19 სექტემბერს უკვე ვენაში პირადად დაქორწინდა ფერდინანდო პრინცესა ლუიზა მარია ნეაპოლელზე (1773-1802), ნეაპოლისა და ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა და დედოფალ მარია კაროლინა ავსტრიელის ასულზე, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი:
- კაროლინა ფერდინანდა (1793-1802), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფრანჩესკო ლეოპოლდო (1794-1800), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ლეოპოლდო II (1797-1870), ტოსკანის დიდი ჰერცოგი. ცოლად შეირთო მარია ანა საქსონიელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მარია ანტონია სიცილიელი. ორივე ცოლთან შეეძინა შვილები;
- მარია ლუიზა (1799-1857), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
- მარია ტერეზია (1800-1855), ცოლად გაჰყვა სარდინიის მეფე კარლო ალბერტოს, რომელთანაც შეეძინა იტალიის მეფე ვიტორიო ემანუელე II;
ფერდინანდოს პირველი და საყვარელი მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა, რა დროსაც მკვდარი ბავშვი გააჩინა. მისგან სულ სამი ბავშვი დარჩა, რადგან ორი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. მრავალწლიანი ქვრივობის შემდეგ, 1821 წლის 6 მაისს, ფლორენციაში ფერდინანდომ ცოლად შეირთო მარია ფერდინანდა საქსონიელი (1796-1865), საქსონიის პრინც მაქსიმილიანისა და პრინცესა კაროლინა პარმელის ასული. აღსანიშნავია, რომ იგი ფერდინანდოს ვაჟის, ლეოპოლდოს მეუღლის, მარია ანა საქსონიელის უფროსი და იყო, რის გამოც მათ ქორწინებას დიდი სკანდალი მოჰყვა, თუმცა დარჩენილი ცხოვრება ბედნიერად გაატარეს. მართალია მარია ფერდინანდასთან შვილები არ ჰყოლია, მაგრამ იგი დაქვრივების შემდეგ მეორედ აღარ გათხოვილა.
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Gilman, Daniel Coit, ed. (1905). "Ferdinand III (1769–1824)". The New International Encyclopædia. 7. New York: Dodd, Mead. p. 539. Retrieved 7 October 2011.
- Chisholm, Hugh, ed. (1910). "Ferdinand III (1769–1824)". Encyclopædia Britannica. 10. New York: Encyclopædia Britannica Co. p. 268. Retrieved 7 October 2011.
- Baines, Edward (1817). History of the Wars of the French Revolution. London: Longman, Hurst, et al. p. 136. Retrieved 7 October 2011.
- Genealogie ascendante jusqu'au quatrieme degre inclusivement de tous les Rois et Princes de maisons souveraines de l'Europe actuellement vivans [Genealogy up to the fourth degree inclusive of all the Kings and Princes of sovereign houses of Europe currently living] (in French). Bourdeaux: Frederic Guillaume Birnstiel. 1768. p. 109.
- House of Habsburg, Tuscan Branch, family tree by Ferdinand Schevill in A Political History of Modern Europe (1909)