ტოსკანის დიდი საჰერცოგო
ტოსკანის დიდი საჰერცოგო (იტალ. Granducato di Toscana; ლათ. Magnus Ducatus Etruriae) — ცენტრალურ იტალიაში არსებული მონარქია, რომელიც, დროში წყვეტებით, 1569-1859 წლებში არსებობდა და რომელიც ფლორენციის საჰერცოგოს ადგილას შეიქმნა.[2] დედაქალაქი იყო ფლორენცია. მე-19 საუკუნეში დიდი საჰერცოგოს მოსახლეობა დაახლოებით 1 815 000 ადამიანი იყო.[3]
ტოსკანის დიდი საჰერცოგო ლათ. Magnus Ducatus Etruriae იტალ. Granducato di Toscana | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ტოსკანის დიდი საჰერცოგო 1815 წელს. | |||||||||
ენა | იტალიური, | ||||||||
რელიგია | რომის კათოლიკური ეკლესია | ||||||||
ფულის ერთეული | ტოსკანური ლირა (1826 წლამდე) ტუსკანური ფლორინო (1826-1859 წლებში) | ||||||||
მოსახლეობა | 1 096 641 (1801 წ.)[1] | ||||||||
მმართველობის ფორმა | აბსოლუტური მონარქია | ||||||||
დღეს მისი ტერიტორიაზე მდებარეობს | იტალია | ||||||||
თავდაპირველად, ტოსკანას მედიჩების დინასტია მართავდა მანამ, სანამ 1737 წელს დინასტიის მთავარი შტო არ გადაშენდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე იგი არ იყო ისეთი ცნობილი, როგორიც ძველი რესპუბლიკა, დიდი საჰერცოგო მედიჩების მმართველობის ქვეშ აღორძინდა და უპრეცედენტო ეკონომიკურ და სამხედრო წარმატებებსაც მიაღწია კოზიმო I-სა და მისი ვაჟების მმართველობისას, თუმცა ფერდინანდო II-ის დროს დაიწყო საჰერცოგოს ხანგრძლივი ეკონომიკური დაღმავლობა, რომელმაც თავის მწვერვალს კოზიმო III-ის დროს მიაღწია.[4]
მედიჩების კოგნატური შთამომავალი, ფრანც I შტეფანი, 1737 წელს ტოსკანის დიდი ჰერცოგის ტახტზე ავიდა. მისი ზეობის მთელი პერიოდის განმავლობაში ტოსკანას მეფისნაცვალი მარკ დე ბოვო-კრანი მართავდა. ფრანცის შთამომავლები მართავდნენ და ცხოვრობდნენ დიდ საჰერცოგოში 1859 წლამდე, იმ პერიოდის გამოკლებით, როდესაც 1801-1807 წლებში ნაპოლეონმა ტოსკანა ბურბონ-პარმელთა დინასტიას (ეტრურიის სამეფო) გადასცა. 1814 წელს ნაპოლეონის იმპერიის დამხობის შემდეგ ტოსკანის დიდი საჰერცოგოც აღდგა, თუმცა 1859 წელს სარდინიის სამეფოს ვასალმა სახელმწიფომ, ცენტრალური იტალიის გაერთიანებულმა პროვინციებმა, ტოსკანა შეიერთა. 1860 წელს, იტალიის გაერთიანების პროცესის დროს, რეფერენდუმის შემდეგ, რომელშიც 95%-მა სარდინიასთან კავშირს დაუჭირა მხარი, ტოსკანა ოფიციალურად შეიერთა სარდინიის სამეფომ.[5]
მედიჩების ხანა
რედაქტირებადაარსება
რედაქტირება1537-1569 წლებში ფლორენციის საჰერცოგოს კოზიმო I მედიჩი მართავდა. თავის ზეობის დროს ფლორენციამ გენუის რესპუბლიკისაგან კუნძული ელბა იყიდა (1548 წ.),[6] დაიპყრო სიენის რესპუბლიკა (1555 წ.)[7] და ელბა კარგად აღჭურვილი, მძლავრი სამხედრო ფლოტის ნავსადგურად აქცია. კოზიმო სამღვდელოებას ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავების უფლებას არ აძლევდა და გამოსცა რელიგიური თავისუფლების განმამტკიცებელი კანონები, რაც მისი დროისათვის უცხო იყო.[8] კოზიმო, აგრეთვე, პაპ პიუს V-ის დიდი ხნის მხარდამჭერი იყო, რომელმაც 1569 წლის აგვისტოში ფლორენციის საზღვრების გაფართოების პარალელურად კოზიმო ტოსკანის დიდ ჰერცოგად გამოაცხადა, რაც იტალიისათვის უპრეცედენტო მოვლენა იყო, რამდენადაც ეს ტიტული მანამდე არავის ჰქონია.[6]
კოზიმოსათვის დიდი ჰერცოგის ტიტულის მინიჭებაზე საერთაშორისო რეაქცია ცივი იყო. საფრანგეთის დედოფალი ეკატერინე მედიჩი კოზიმოს უკიდურესი ქედმაღლობით უყურებდა;[9] ვენის საიმპერატორო კარზე ტრიალებდა ჭორები, რომ კოზიმო ინგლისის მეფის კანდიდატად განიხილებოდა;[10] ამ ახალ ამბავს საკმაოდ გაბრაზებით შეხვდნენ საღვთო რომის იმპერატორი მაქსიმილიან II და ესპანეთის მეფე ფილიპე II, რადგანაც ფლორენცია საიმპერიო ფეოდი იყო და პაპის ქმედება ბათილად გამოაცხადეს, თუმცა მაქსიმილიანმა 1576 წელს საბოლოოდ მაინც აღიარა კოზიმოს დიდი ჰერცოგობა საიმპერატორო სიგელით.[11]
1571 წელს საღვთო ლიგის დროს კოზიმო საღვთო რომის იმპერიის მხარდამხარ იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ლეპანტოს ბრძოლაში მოკავშირეებმა ოსმალებზე ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.[12] კოზიმოს მმართველობა გამორჩეული იყო თავისი მილიტარისტული ხასიათით.
თავისი ზეობის ბოლო წლებში კოზიმომ რამდენიმე პირადი ტრაგედია განიცადა. 1562 წელს ფლორენციაში გაჩენილი ჭირის ეპიდემიის შედეგად გარდაიცვალა მისი მეუღლე, ელეონორ ტოლედოელი და მათი ოთხი შვილი. ამ შემთხვევამ ძალიან იმოქმედა კოზიმოზე და დაავადებასთან ერთად აიძულა დიდი ჰერცოგი 1564 წელს არაფორმალურად გადამდგარიყო. ტახტი მისმა უფროსმა ვაჟმა ფრანჩესკომ დაიკავა. კოზიმო I 1574 წელს ინსულტით გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა იყო სტაბილური და აყვავებული ტოსკანა, თავად კოზიმო კი მის წინამორბედ მედიჩებს შორის ყველაზე დიდხანს ზეობდა.[13]
ფრანჩესკო I და ფერდინანდო I
რედაქტირებაფრანჩესკოს დიდად არ აინტერესებდა საჰერცოგოს მართვა და ამის ნაცვლად სამეცნიერო ექსპერიმენტებით იყო დაკავებული.[11] ქვეყანას ბიუროკრატიული აპარატი მართავდა. ფრანჩესკომ გააგრძელა ავსტრიასთან ალიანსის მამამისისეული პოლიტიკა და კავშირი იოჰანა ავსტრიელზე ქორწინებით გაამყარა.[14] ფრანჩესკოს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უმცროსი ძმა, ფერდინანდო I ავიდა.
ფერდინანდომ ენთუზიაზმით აიღო ხელში ტოსკანის მმართველობა.[15] ფერდინანდომ გასცა ტოსკანის ჭაობების დაშრობის ბრძანება, სამხრეთ ტოსკანაში გზებს ქსელი შექმნა და ლივორნოში ვაჭრობა დანერგა.[16] ტოსკანის აბრეშუმის წარმოების გაზრდის მიზნით იგი ზედამხედველობას უწევდა მთავარი გზების გასწვრვ თუთის ხეების დარგვას, რომლის ფოთლებიც აბრეშუმის ჭიის საკვებია.[15] ფერდინანდომ ტოსკანა ჰაბსბურგების გავლენას დააშორა და ალესანდრო მედიჩის შემდეგ პირველად შეირთო ცოლად არაჰაბსბურგი კრისტინა ლოთარინგიელი, ეკატერინე მედიჩის შვილიშვილი. ესპანეთმა პასუხად კუნძულ ელბას თავის ნაწილზე ციტადელი ააგო.[16] ტოსკანის კავშირების გასამყარებლად ფერდინანდომ გარდაცვლილი ფრანჩესკოს უმცროსი ქალიშვილი, მარია საფრანგეთის მეფე ანრი IV-ს მიათხოვა. ანრი IV ღიად აცხადებოდა, რომ ესპანეთის აგრესიის შემთხვევაში ტოსკანას დაიცავდა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა.[16] ესპანეთის გულის მოსაგებად ფერდინანდო იძულებული გახდა თავისი მემკვიდრე კოზიმო მარია მაგდალინა ავსტრიელზე დაექორწინებინა.[16] ფერდინანდომ დააფინანსა ტოსკანის კოლონია ამერიკაში იმ განზრახვით, რომ დღევანდელი საფრანგეთის გვიანის ადგილას ტოსკანური დასახლება დაეარსებინა. ეკონომიკური წინსვლისა და აღორძინებისათვის გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, მე-17 საუკუნის დასაწყისისათვის ფლორენციის მოსახლეობა მხოლოდ 75 000-ს შეადგენდა, რითაც ჩამორჩებოდა იტალიური სახელმწიფოების სხვა დედაქალაქებს, რომს, მილანს, ვენეციას, პალერმოსა და ნეაპოლს.[17] იმის გამო, რომ მედიჩებისა და ტოსკანის ქონებას შორის ზღვარი ძალიან ბუნდოვანი იყო, მიჩნეულია, რომ ფრანჩესკო და ფერდინანდო მედიჩების დინასტიის დამაარსებელზე, კოზიმო მედიჩიზე მდიდრები იყვნენ.[18] მხოლოდ დიდ ჰერცოგს ჰქონდა ქვეყნის მინერალური და მარილის რესურსების მოპოვების უფლება. მედიჩების ქონება პირდაპირ იყო დაკავშირებული ტოსკანის ეკონომიკასთან.[18]
მიუხედავად იმისა, რომ ფერდინანდო უკვე აღარ იყო კარდინალი, იგი მაინც დიდ გავლენას ფლობდა პაპის კონკლავზე, ორგანოზე, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურს ირჩევდა. 1605 წელს მან შეძლო თავისი კანდიდატი ალესანდრო მედიჩი პაპად აერჩიათ ლეო XI-ის სახელით. ახლადარჩეული პაპი სულ რაღაც ერთ თვეში გარდაიცვალა, თუმცა მედიჩების საბედნიეროდ, ახალი პაპი, პავლე V ასევე კეთილგანწყობილი იყო მედიჩების მიმართ.[19] ფერდინანდოს საგარეო პოლიტიკას პაპთან ურთიერთობაში თავისი უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა — ტოსკანა მოიცვეს რელიგიურმა ორდენებმა, რომლებიც გადასახადებს არ იხდიდნენ. ფერდინანდო 1609 წელს გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა იყო მდიდარი და აყვავებული ტოსკანა.
კოზიმო II და ფერდინანდო II
რედაქტირებაფერდინანდო I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, კოზიმო ავიდა. ბიძამისის, ფრანჩესკო I-ის მსგავსად, სახელმწიფო საქმეები არც მას აინტერესებდა და ტოსკანასაც მისი მინისტრები მართავდნენ.[20] კოზიმო II-ის 12 წლიანი მმართველობიდან აღსანიშნავია მისი ბედნიერი ქორწინება მარია მაგდალინასთან და მისი მფარველობა ასტრონომ გალილეო გალილეისადმი.
როდესაც კოზიმო გარდაიცვალა, მისი უფროსი ვაჟი, ფერდინანდო ჯერ ისევ მცირეწლოვანი იყო, ამიტომაც დედამისი მარია მაგდალინა და ბებია კრისტინა რეგენტების რანგში მართავდნენ ქვეყანას. კრისტინა დიდად ენდობოდა თავის მრჩევლებად დანიშნულ სასულიერო პირებს. მან გააუქმა კოზიმო I-ის მიერ დაწესებული აკრძალვა სახელმწიფო თანამდებობებზე სასულიერო პირების დანიშვნაზე და მხარს უჭერდა სამონასტრო ცხოვრებას. კრისტინა დომინანტურ მდგომარეობას 1636 წელს გარდაცვალებამდე, შვილიშვილის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც ინარჩუნებდა.[21] 1634 წელს დედამ და ბებიამ ფერდინანდო ვიტორია დელა როვერეზე, ურბინოს ჰერცოგის შვილიშვილზე დააქორწინეს. წყვილს ორი შვილი ეყოლა, კოზიმო და ფრანჩესკო მარია.[22]
ფერდინანდო გატაცებული იყო ახალი ტექნოლოგიებით და პიტის სასახლეში რამდენიმე გირომეტრი, ბარომეტრი, თერმომეტრი და ტელესკოპი დაამონტაჟებინა.[23] 1657 წელს მისიმა უმცროსმა ძმამ, ლეოპოლდო მედიჩიმ ფლორენციაში დააარსა დელ ჩიმენტოს აკადემია, რომელიც მთელი ტოსკანიდან იზიდავდა მეცნიერებს ერთობლივი კვლევებისათვის.[24]
ტოსკანა ჩართული იყო კასტროს ომებში (უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც მედიჩების მმართველობის ქვეშ მყოფი ტოსკანა კონფლიქტში მონაწილეობდა) და 1643 წელს ურბან VIII-ის ჯარიც დაამარცხა,[25] თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხაზინა იმდენად ცარიელი იყო, რომ როდესაც დაქირავებულ მეომრებს ჯამაგირი გადაუხადეს, ტოსკანას უკვე აღარ შეეძლო მთავრობის ობლიგაციების პროცენტების გასტუმრება. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 0.75%-ით შემცირდა.[26] ეკონომიკა იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ სასოფლო ბაზრობებზე ბარტერული გაცვლა ანგარიშსწორების მთავარ საშუალებად იქცა.[25] ხაზინა მიმდინარე ხარჯებს ძლივს ფარავდა, რამაც მედიჩების საბანკო ოპერაციების სრული გაუქმება გამოიწვია.[27] ფერდინანდო II 1670 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, კოზიმო ავიდა.[28]
კოზიმო III
რედაქტირებაკოზიმო III-ის მმართველობა ხასიათდება ძირეული ცვლილებებითა და დიდი საჰერცოგოს მკვეთრი დაღმასვლით. კოზიმო III პურიტანული პიროვნებით გამოირჩეოდა. მან აკრძალა მაისის დღესასწაულები, აიძულებდა მეძავებს ნებართვის ფული გადაეხადათ და თავს კვეთდა სოდომიტებს. მან აგრეთვე გამოსცა რამდენიმე კანონი, რომელიც განათლებას ცენზურის ქვეშ აქცევდა[29] და დანერგა ანტი-ებრაული კანონმდებლობა.[30] დააწესა უზომოდ დიდი გადასახადები,[31] ქვეყნის მოსახლეობა კი შემცირებას განაგრძობდა. 1705 წლისათვის დიდი საჰერცოგოს ხაზინა ფაქტობრივად გაკოტრებული იყო, ფლორენციის მოსახლეობა დაახლოებით 50%-ით შემცირდა, მთლიანი დიდი საჰერცოგოს მოსახლეობა კი — დაახლოებით 40%-ით.[32] ოდესღაც ძლევამოსილი ფლოტი უაღრესად ცუდ მდგომარეობაში იყო.[33]
კოზიმო რეგულარულად უხდიდა საღვთო რომის იმპერატორს, თავის ფეოდალურ ბატონს მაღალ ბაჟებს,[34] ვენის ალყის დროს კი იმპერატორს სამხედრო მარაგები გაუგზავნა. ესპანეთის მემკვიდრეობისათვის ომში ტოსკანა ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა, რაც ნაწილობრივ მისი დაუძლურებული სამხედრო უნარებით იყო გამოწვეული. 1718 წლის სამხედრო აღწერამ აჩვენა, რომ არმია 3 000 კაცზე ნაკლებს ითვლიდა, რომელთაგან ბევრი ავადმყოფი ან ხანდაზმული იყო.[35] ამავდროულად, დედაქალაქი, ფლორენცია მათხოვრებით იყო სავსე.[36] ტოსკანის სირთულეების შესახებ ევროპაშიც იყო ცნობილი. საღვთო რომის იმპერატორმა იოზეფ I-მა დიდ საჰერცოგოზე თავისი პრეტენზიები წამოაყენა (იგი თავადაც ნაწილობრივ მედიჩების შთამომავალი იყო), თუმცა სანამ მოქმედებაზე გადავიდოდა გარდაიცვალა.
კოზიმო დაქორწინებული იყო მარგარიტა ლუიზა ორლეანელზე, საფრანგეთის მეფე ანრი IV-ისა და მარია მედიჩის შვილიშვილზე. მათი ქორწინება უკმაყოფილებებით იყო სავსე, თუმცა დაძაბულობის მიუხედავად წყვილს სამი შვილი შეეძინა: ფერდინანდო, ანა მარია ლუიზა და ტოსკანის უკანასკნელი მედიჩი ჰერცოგი, ჯან გასტონე. კოზიმოს არც ერთი ვაჟი სათანადო მემკვიდრე არ იყო.
კოზიმო ფლორენციის რესპუბლიკის აღდგენაზე ფიქრობდა,[5][37] თუმცა ამ გადაწყვეტილებას ართულებდა დიდი საჰერცოგოს ფეოდალური სტატუსით: ფლორენცია საიმპერატორო ფეოდი იყო, სიენა კი — ესპანეთის.[5] გეგმა თითქმის დამტკიცებული იყო გეერტრუიდენბერგში ევროპის ძალების მიერ, როდესაც კოზიმომ მოულოდნელად ახალი პირობა დაამატა — იგი მოითხოვდა, რომ თუ ის და მისი ორი ვაჟი მის ქალიშვილზე ადრე გარდაიცვლებოდნენ, ტახტზე ის უნდა ასულიყო და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა აღდგენილიყო რესპუბლიკის ინსტიტუციები.[38] წინადადება ჩავარდა და 1723 წელს კოზიმოს სიკვდილთან ერთად საბოლოოდ მიივიწყეს.
მედიჩების მმართველობის უკანასკნელი წლები
რედაქტირებაკოზიმო III-ის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, ჯან გასტონე ავიდა, რომელმაც სიცოცხლის უმეტესი ნაწილი საწოლში გაატარა და არამეფურად იქცეოდა, იშვიათად ჩნდებოდა ქვეშევრდომთა წინაშე, იმდენად იშვიათად, რომ იგი მკვდარიც კი ეგონათ. ჯან გასტონემ გააუქმა მამამისის პურიტანული კანონები.[39] 1731 წელს ვენაში შეკრებილ ვეროპულ ძალებს უნდა გადაეწყვიტათ ვინ გახდებოდა ჯან გასტონეს მემკვიდრე. მიღებულ იქნა ვენის ხელშეკრულება, რომელმაც დიდი საჰერცოგოს ტახტი დონ კარლოსს, პარმის ჰერცოგს გადასცა. ჯან გასტონე მამასავით მტკიცე არ იყო ტოსკანის მომავალთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში. მან წინააღმდეგობის გარეშე მიიღო უცხო ძალების მოთხოვნები. ნაცვლად იმისა, რომ ტახტის მისი უახლოესი მამაკაცი ნათესავისათვის, ოტაიანოს პრინცისათვის გადაცემა მოეთხოვა, მან უფლება მისცა ტოსკანა საღვთო რომის იმპერატორის, ფრანც I შტეფანისათვის გადაეცათ. 1735 წელს ფლორენციაში ჩასვლიდან მალევე, ტურინის ხელშეკრულებით, დონ კარლოსი ნეაპოლის მეფე გახდა. მოკლე ხანში ფრანც I შტეფანი ტოსკანის ტახტის მემკვდრე გახდა. ჯან გასტონეს ამ მოვლენებში არაფერი ეთქმოდა. ტოსკანელებს ეზიზღებოდათ ახალი „ლოთარინგიელი“ ოკუპანტები, რომლებიც ტოსკანის მართვის საქმეში ერეოდნენ, მაშინ, როდესაც ამგვარად ესპანელი დამპყრობლებიც კი არ მოქცეულან.[40] ჯან გასტონე, დიდი ჰერცოგის ტიტულის მქონე უკანასკნელი მედიჩი, 1737 წელს გარდაიცვალა.[41]
ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიის ხანა
რედაქტირებაფრანც I შტეფან
რედაქტირებაფრანც I (როგორც მას ტოსკანაში უწოდებდნენ) ხანმოკლე პერიოდით ფლორენციაში ცხოვრობდა ცოლთან, მარია ტერეზიასთან ერთად. ფრანცი იძულებული გახდა წინაპრებისეული ლოთარინგიის საჰერცოგო სტანისლავ ლეშჩინსკისთვის, პოლონეთის დამხობილი მმართველისათვის დაეთმო, რომლის ქალიშვილიც, მარია ლეშჩინსკა 1725 წელს საფრანგეთისა და ნავარის დედოფალი გახდა. სტანისლავ ლეშჩინსკი ლოთარინგიას მართავდა როგორც დაკარგული პოლონეთის სამეფოს კომპენსაციას. ფრანცი ყოყმანობდა თავისი საჰერცოგოს დათმობაზე, თუმცა საღვთო რომის იმპერატორმა კარლ VI-მ (მარია ტერეზიას მამა) განუცხადა, რომ თუ ის ლოთარინგიაზე თავის უფლებებზე უარს არ იტყოდა, მარია ტერეზიას ცოლად ვერ შეირთავდა. ფრანცი ტოსკანის ნაცვლად ვენაში ცხოვრობდა. 1745 წელს იგი საღვთო რომის იმპერატორად აირჩიეს. ფრანცი 1765 წელს ინსულტით გარდაიცვალა ინსბრუკში. მისი ცოლი მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გლოვობდა და თავის ვაჟსა და ფრანცის მემკვიდრესთან, იოზეფ II-თან ერთად მართავდა ქვეყანას. ტოსკანა მის მეორე ვაჟს, ლეოპოლდს გადაეცა.[42] ფრანც I-ის მმართველობისას დიდი საჰერცოგოს მმართველობის სისტემას თითქმის არ განუცდია რაიმე ცვლილება.
რეფორმები
რედაქტირებატოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა ფრანცის მეორე ვაჟი, პეტერ ლეოპოლდი, რომელიც ქვეყანას ძმის, იოზეფის გარდაცვალებამდე მართავდა. ქვეშევრდომებში ლეოპოლდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გატარებულმა მრავალრიცხოვანმა რეფორმებმა ტოსკანას დაუბრუნა ბოლო პერიოდში დაკარგული სტაბილურობა.[42]
ლეოპოლდმა შეიმუშავა და მხარს უჭერდა მრავალ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმას. მან გადაახალისა საგადასახადო და სატარიფო სისტემები.[42] ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა (ლეოპოლდის დედა, მარია ტერეზია ყვავილზე აცრის დიდი მხარდამჭერი იყო), დაარსდა არასრულწლოვან დამნაშავეთა გამომსასწორებელი პირველი ინსტიტუციები. ლეოპოლდმა გააუქმა სიკვდილით დასჯა: 1786 წლის 30 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად აკრძალა სასჯელის ეს სახე (ბოლო შემთხვევა დაფიქსირდა 1769 წელს), ლეოპოლდმა ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რამაც გააუქმა სიკვდილით დასჯა და ბრძანა შესაბამისი ინსტრუმენტების განადგურება მთელი საჰერცოგოს ტერიტორიაზე. სიკვდილით დასჯასთან ერთად აიკრძალა წამებაც.[44]
ლეოპოლდმა გაატარა არსებითი რეფორმები ფსიქიკურად ავადმყოფთა მოვლის გულგრილ და არაადამიანურ სისტემაში. 1774 წლის იანვარში ძალაში შევიდა ლეგე სუი პაცი (კანონი სიგიჟის შესახებ), ამ სახის პირველი აქტი მთელი ევროპის მასშტაბით, რომელიც საშუალებას იძლეოდა ფსიქიკურად დაავადებულად მიჩნეული ადამიანის ჰოსპიტალიზაციისათვის სხვადასხვა ნაბიჯი გადადგმულიყო. რამდენიმე წლის შემდეგ ლეოპოლდმა ააგო ახალი საავადმყოფო, რომლის ხელმძღვანელადაც ლეოპოლდმა ახალგაზრდა ფსიქიატრი, ვინჩენცო ჩიარუჯი დანიშნა. ჩიარუჯიმ და მისმა კოლაბორაციონისტებმა საავადმყოფოს ფუნქციონირებისა და ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებზე ზრუნვის ახალი, ჰუმანიტარული მიდგომები დაამკვიდრეს. აიკრძალა ჯაჭვებისა და ფიზიკური სასჯელების გამოყენება, რითაც გახდნენ იმ მოძრაობის პიონერები, რაც მოგვიანებით ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტებთან მორალური მოპყრობის სახელით გახდა ცნობილი.[45]
ლეოპოლდი შეეცადა რელიგიური ორგანიზაციების ქონების სეკულარიზაცია მოეხდინა ან სასულიერო ფენა მთლიანად საერო ხელისუფლების კონტროლისათვის დაექვემდებარებინა. ამ ღონისძიებებს, რომლებმაც შეარყია ტოსკანელებში ღრმად ფესვებგადგმული რწმენა და თავად ლეოპოლდი პაპს დაუპირისპირა, წარმატება არ მოჰყოლია.
ლეოპოლდი ასევე მუშაობდა პოლიტიკური კონსტიტუციის პროექტზე, რაზეც გავლენა მოახდინა საფრანგეთის კონსტიტუციის გამოცხადებამ და რომელიც გარკვეულ მსგავსებებს ამჟღავნებდა 1778 წლის ვირჯინიის უფლებათა ბილთან. აღნიშნულთან დაკავშირებით ლეოპოლდის კონცეფცია დაფუძნებული იყო მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების პატივისცემასა და აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ჰარმონიის დამკვიდრებაზე. მიუხედავად ამისა, კონსტიტუცია იმდენად რადიკალურად ახალი იყო, რომ მის წინააღმდეგ გამოვიდნენ ისინიც კი, ვისაც შესაძლოა მისი ამოქმედებით სარგებელი ენახა. 1790 წელს იოზეფ II უშვილოდ გარდაიცვალა და ლეოპოლდი ვენაში გამოიძახეს რათა დაეკავებინა ავსტრიის ერცჰერცოგის ოჯახური მემკვიდრეობა და გამხდარიყო იმპერატორი.[44] ლეოპოლდი გარდაიცვალა 1792 წელს.
ტოსკანა საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს
რედაქტირებატოსკანის დიდი ჰერცოგის ტახტზე ლეოპოლდი ვაჟმა, ფერდინანდ III-მ შეცვალა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციური ომების დროს ფრანგებმა განდევნეს 1799 წელს, ხოლო შემდეგ, 1801 წელს საფრანგეთსა და ესპანეთს შორის დადებული ხელშეკრულებით საჰერცოგოს სანაცვლოდ ზალცბურგის კურფიურსტი გახდა და ყოფილი სამთავარეპისკოპოსოს ტერიტორიას მართავდა. ამის შემდეგ ტოსკანის დიდი საჰერცოგო გაუქმდა და მის ადგილას შეიქმნა ეტრურიის სამეფო, რომელსაც პარმის საჰერცოგოს დაკარგვის საკომპენსაციოდ სათავეში ბურბონ-პარმელთა დინასტია ჩაუდგა. 1803 წელს ეტრურიის პირველი მეფე ლუდოვიკო I გარდაიცვალა და ტახტზე მისი ჩვილი ვაჟი, კარლო II ავიდა, რომლის რეგენტიც დედამისი, მარია ლუიზა იყო.
ეტრურიამ ათი წელიც ვერ იარსება. ფონტენებლოს ხელშეკრულებით (1807 წლის 27 ოქტომბერი) ეტრურია საფრანგეთმა შეიერთა. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საფრანგეთსა და ესპანეთს შორის და ეტრურიის რეგენტი საერთოდ უგულებელყოფილი იყო. მას მხოლოდ ის აცნობეს, რომ 1807 წლის 23 ნოემბერს მას შვილის სამეფოს დატოვება მოუწევდა. მარია ლუიზა და მისი სამეფო კარი ქვეყნიდან 10 დეკემბერს გაემგზავრა. 1808 წლის 30 მაისს საფრანგეთმა ოფიციალურად შეიერთა ეტრურია. ხელისუფლება გადაეცა „განსაკუთრებულ ხუნტას“ გენერალ ჟაკ-ფრანსუა მენუს მეთაურობით. ტოსკანა დაყოფილ იქნა არნოს, ხმელთაშუაზღვისპირა და ომბრონეს დეპარტამენტებად. 1809 წლის მარტში შეიქმნა „ტოსკანის დეპარტამენტის გენერალური მთავრობა“, რომელსაც ნაპოლეონმა სათავეში თავისი და, ელიზა ბონაპარტი ჩაუყენა ტოსკანის დიდი ჰერცოგინიის სახელით.[46][47]
დიდი საჰერცოგოს აღდგენა და მისი საბოლოო გაუქმება
რედაქტირება1814 წელს ნაპოლეონის მიერ შექმნილი სისტემა დაიშალა და ტერიტორიული შეთანხმებების შედეგად, ვენის კონგრესმა გარნიზონის ოლქი (რომელიც ტოსკანის სანაპიროზე არსებული ხუთი ქალაქისაგან შედგებოდა) აღდგენილ ტოსკანას გადასცა. ფერდინანდ III-მ კვლავ დაიკავა ტახტი და 1824 წელს გარდაიცვალა.
ნაპოლეონის დაცემის შემდეგ იტალიაში იფეთქა ნაციონალისტურმა მოძრაობამ და შეიქმნა საიდუმლო ორგანიზაციები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ იტალიის გაერთიანებას. როდესაც ასეთი ორგანიზაციები ტოსკანაში გამოჩნდნენ, შეშფოთებულმა ფერდინანდმა სახელმწიფოს დასაცავად თავისი ძმისგან, იმპერატორ ფრანცისაგან ავსტრიული გარნიზონი გამოითხოვა. ფერდინანდმა ტოსკანა ავსტრიას დაუკავშირა.[48]
ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, ლეოპოლდ II ავიდა, რომელსაც თანამედროვეები აფასებდნენ, როგორც ლიბერალ მონარქს.[48] მიუხედავად მისი ღირსებებისა, ქვეშევრდომებს იგი არ მოსწონდათ მისი უცხოური წარმომავლობის გამო. მისი კავშირი ავსტრიასთან თანაბრად მიუღებელი იყო. 1847 წლს ლეოპოლდმა პარმის ჰერცოგინიის, მარია ლუიზას გარდაცვალების შემდეგ ლუკის საჰერცოგო შეიერთა (ეს სახელმწიფო მხოლოდ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ბურბონ-პარმელთა დინასტიას სამართავად მიწა ჰქონოდა, სანამ პარმის დაბრუნებას შეძლებდნენ). იმავე წელს ჩამოყალიბდა ტოსკანის სახელმწიფო საბჭო.
ლეოპოლდის დროს იტალია სახალხო აჯანყებებმა მოიცვა, რამაც კულმინაციას 1848 წლის რევოლუციებისას მიაღწია. ამ რევოლუციებმა საფრანგეთის ტახტი დაამხო და მთელი ევროპის მასშტაბით არეულობა გამოიწვია. ტოსკანაში ლეოპოლდ II-მ ლიბერალური კონსტიტუცია გამოსცა და ლიბერალური მთავრობა ჩამოაყალიბა. ლეოპოლდის ღონისძიებების მიუხედავად, აგვისტოში ლივორნოში მისი მმართველობის წინააღმდეგ ქუჩის ბრძოლები დაიწყო. ავსტრია-სარდინიის ომში ლეოპოლდმა სარდინიის სამეფოს დაუჭირა მხარი. 1849 წლის თებერვალში ლეოპოლდ II იძულებული გახდა ტოსკანა რესპუბლიკელებისათვის დაეტოვებინა და თავშესაფარი ნეაპოლიტანის ქალაქ გაეტაში ეძებნა. ტოსკანაში დროებითი რესპუბლიკა შეიქმნა. ლეოპოლდმა ფლორენციაში დაბრუნება მხოლოდ ავსტრიის დახმარებით მოახერხა. 1852 წელს კონსტიტუცია გაუქმდა,[48] ხოლო 1855 წელს ავსტრიული გარნიზონი ტოსკანიდან გაიხმეს.
1859 წლის ზაფხულში დაიწყო ავსტრია-სარდინიის მეორე ომი. ლეპოლდი თავს ვალდებულად თვლიდა მხარი ავსტრიისათვის დაეჭირა.[49] ვიტორიო ემანუელე II-მ მთელი ტოსკანა დაიკავა და მთელი კონფლიქტის განმავლობაში ფლობდა მას. ლეოპოლდი ტოსკანიდან გაიქცა. ვილაფრანცას შეთანხმებამ ლეოპოლდს საშუალება მისცა კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყო ტოსკანაში, თუმცა დაბრუნებისთანავე იგი თავისი უფროსი ვაჟის, ფერდინანდის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა. ფერდინანდ IV-ის ჰიპოთეტური მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1859 წლის 16 აგვისტოს ეროვნულმა ყრილობამ ოფიციალურად გააუქმა ჰაბსბურგ-ლოთარინგიელების მმართველობა.[48]
1859 წლის დეკემბერში ტოსკანის დიდი საჰერცოგო მოდენისა და პარმის საჰერცოგოებს შეუერთდა და შეიქმნა ცენტრალური იტალიის გაერთიანებული პროვინციები, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ სარდინიის სამეფომ შეიერთა. 1860 წლის 22 მარტს რეფერენდუმის შემდეგ, რომელშიც აბსოლუტურმა უმრავლესობამ (95%[5]) მხარი დაუჭირა სარდინიასთან შეერთებას, სარდინიის სამეფომ ოფიციალურად შეიერთა ტოსკანა.[5] 1870 წელს იტალია გაერთიანდა, როდესაც სექტემბერში პაპის ოლქის დარჩენილი ტერიტორიების შეერთება მოხდა და მათ მმართველობას პაპი პიუს IX ჩამოაშორეს.
მმართველობა
რედაქტირებატოსკანა დაყოფილი იყო ორ მთავარი ადმინისტრაციულ ერთეულად: stato nuovo (ახალი ქვეყანა) მოიცავდა ყოფილი სიენის რესპუბლიკის ტერიტორიას, ხოლო stato vecchio (ძველი ქვეყანა) მოიცავდა ყოფილი ფლორენციის რესპუბლიკის ტერიტორიასა და სამფლობელოებს. ეს ორი ერთეული სხვადასხვა კანონებით იმართებოდა. დაყოფას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ stato nuovo ესპანეთის ფეოდი იყო, ხოლო stato vecchio — საღვთო რომის იმპერიის. სიენას მართავდა დიდი ჰერცოგის მიერ დანიშნული მმართველი. კარლ V-მ ალესანდრო მედიჩი ფლორენციის მმართველად გამოაცხადა „სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ იგი უნდა შეეცვალათ მის ვაჟებსა და მამაკაც მემკვიდრეებს პირმშოობის წესის მიხედვით, ხოლო ასეთების არარსებობის შემთხვევაში — მედიჩების ოჯახის უახლოეს ნათესავ მამაკაცებს და ეს წესი უნდა გამოყენებულიყო სამუდამოდ პირმშოობის მიხედვით.“ [5]
1530 წელს, მას შემდეგ, რაც ფლორენციის რესპუბლიკა ხანგრძლივი ალყის შემდეგ საღვთო რომის იმპერიის, ჰაბსბურგების ესპანეთისა და პაპის ოლქის ძალებს დანებდა, კარლ V-მ გამოსცა პროკლამაცია, სადაც ღიად აცხადებდა, რომ მას და მხოლოდ მას ჰქონდა ფლორენციის მმართველობის განსაზღვრის უფლება.[50] 1530 წლის 12 აგვისტოს იმპერატორმა მედიჩები ფლორენციის რესპუბლიკის მემკვიდრეობით მმართველებად აქცია.[51] პაპ კლემენტ VII-ს სურდა თავისი ნათესავი ალესანდრო მედიჩი ფლორენციის მმართველი გამხდარიყო, თუმცა ამავდროულად სურდა ეს იმგვარად მომხდარიყო, რომ ხალხის თვალში გაჩენილიყო წარმოდგენა, თითქოს ფლორენციელებმა დემოკრატიულად აირჩიეს ალესანდრო თავიანთ მმართველად.[51] 1532 წლის აპრილში პაპმა დაარწმუნა ბალია, ფლორენციის მმართველი კომისია, ახალი კონსტიტუცია მიეღოთ. დოკუმენტი იმავე თვის 27 რიცხვში მიიღეს. იგი ოფიციალურად აყალიბებდა მემკვიდრეობით მონარქიას. ამ ახალი აქტით გაუქმდა ძველთაძველი სინიორია (არჩევითი მთავრობა) და გონფალონერის თანამდებობა (ქალაქის ტიტულოვანი მმართველი, რომელიც ორი თვის ვადით აირჩეოდა). სანაცვლოდ შეიქმნა: კონსილიერე — სამთვიანი ვადით არჩეული ოთხწევრიანი საბჭო, რომელსაც „ფლორენციის რესპუბლიკის ჰერცოგი“ (შემდგომში კი ტოსკანის დიდი ჰერცოგი) მეთაურობდა; 48 კაცისაგან შემდგარი სენატი, რომელიც ბალიას მიერ ირჩეოდა და ფლობდა ფლორენციის ფინანსური, უშიშროებისა და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის პრეროგატივას. გარდა ამისა, სენატი ნიშნავდა ომისა და საჯარო უსაფრთხოების კომისიებსა და პიზის, არეცოს, პრატოს, ვოლტერასა და კორტონას მმართველებს, ასევე, ელჩებს[52] (სენატის წევრობა მხოლოდ წარჩინებულ მამაკაცებს შეეძლოთ[53]); ორასის საბჭო — წარმოადგენდა პეტიციების სასამართლოს, რომლის წევრებიც სიცოცხლის ბოლომდე ინიშნებოდნენ. ეს კონსტიტუცია მედიჩების მმართველობის ქვეშ მყოფი დიდი საჰერცოგოს დროსაც ნარჩუნდებოდა, თუმცა ფერდინანდო II-ის მმართველობამ ეს ინსტიტუციები ბუტაფორიებად აქცია.[54]
დროთა განმავლობაში მედიჩებმა რამდენიმე ახალი ტერიტორია შეიძინეს, რომელთა შორისაც იყო 1604 წელს ორსინებსაგან შეძენილი პიტიგლიანო; 1633 წელს სფორცებისაგან შეძენილი სანტა-ფიორის საგრაფო; 1650 წელს ესპანეთმა დათმო პონტრემოლი; კოზიმო I-ის მმართველობისას კი სილვია პიკოლომინიმ საჰერცოგოს მიჰყიდა თავისი საკუთრება: კასტილიონის მარკა, პიეტრო-სანტა, კაპისტრანოს საჰერცოგო და ნეაპოლის სამეფოში მდებარე ქალაქი პენა.[5] ვიტორია დელა როვერემ საჰერცოგოს 1631 წელს მონტეფელტროსა და როვერეს საჰერცოგოები შემატა, რომლებიც 1694 წელს მის უმცროს ვაჟს, ფრანჩესკო მარია მედიჩის გადაეცა. ტახტზე ჯან გასტონეს ასვლის შემდეგ, ეს მიწები ტოსკანას დაუბრუნდა.[55]
ჯან გასტონემ, ტოსკანის უკანსკნელმა მედიჩმა მმართველმა, დიდი საჰერცოგო ფრანც შტეფან ლოთარინგიელს გადასცა. მისი ზეობის მთელი პერიოდის განმავლობაში ტოსკანას მეფისნაცვალი მარკ დე ბოვო-კრანი მართავდა. 1763 წელს ფრანც შტეფანმა მემკვიდრეობის წესი შეცვალა, როდესაც თავისი მეორე ვაჟი, ლეოპოლდი, დიდი საჰერცოგოს მემკვიდრედ გამოაცხადა, ხოლო თუკი ლეოპოლდის შტო გადაშენდებოდა, მემკვიდრეობა მთავარ შტოს დაუბრუნდებოდა. ლეოპოლდიდან მოყოლებული ყველა დიდი ჰერცოგი ფლორენციაში ცხოვრობდა. დიდმა ჰერცოგმა ლეოპოლდ II-მ 1848 წელს ლიბერალური კონსტიტუცია დაამტკიცა. მომდევნო წელს დიდი ჰერცოგი ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში დროებითმა მთავრობამ დაამხო, თუმცა იგი იმავე წელს აღადგინეს ტახტზე ავსტრიის ჯარებმა. ტოსკანის ხელისუფლება საბოლოოდ გაუქმდა 1859 წელს, როდესაც იგი ცენტრალური იტალიის გაერთიანებულ პროვინციებს შეუერთდა.[5]
დროშები და გერბები
რედაქტირება-
ტოსკანის დიდი საჰერცოგოს დროშა
(1562-1737) -
საზღვაო დროშა
(1737-1749) -
გერბი
(1562-1737)
-
სამოქალაქო დროშა და სამოქალაქო ალამი
(1815-1848, 1849-1860) -
სახელმწიფო დროშა და მცირე გერბი
(1815-1848, 1849-1860) -
სახელმწიფო დროშა და დიდი გერბი
(1765-1800, 1815-1848, 1849-1860)[56] -
ტოსკანის დიდი საჰერცოგოს დროშა
(1848-1849) -
მცირე გერბი
(1815-1848, 1849-1860) -
დიდი გერბი
(1765-1800, 1815-1848, 1849-1860)[57]
ლიტერატურა
რედაქტირება- Acton, Harold: The Last Medici, Macmillan, London, 1980, ISBN 0-333-29315-0
- Strathern, Paul: The Medici: Godfathers of the Renaissance, Vintage books, London, 2003, ISBN 978-0-09-952297-3
- Hale, J.R.: Florence and the Medici, Orion books, London, 1977, ISBN 1-84212-456-0
- Frieda, Leonie: Catherine de' Medici, Orion books, London, 2005, ISBN 0-7538-2039-0
- Booth, Cecily: Cosimo I—Duke of Florence, University Press, 1921
- Woolrych, Humphry William: The history and results of the present capital punishments in England; to which are added, full tables of convictions, executions, etc., Saunders and Benning, 1832, (pre-dates use of the ISBN)
- Jackson-Laufer, Guida Myrl: Women Rulers Throughout the Ages: An Illustrated Guide, ABC-CLIO, 1999, ISBN 978-1-57607-091-8
- Parliamentary papers, Volume 16 By the United Kingdom of Great Britain and Ireland. Parliament. House of Commons – Report on the Grand Duchy of Tuscany – John Bowring – 1839
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ United Kingdom of Great Britain and Ireland; House of Commons, John Bowring, 1839, გვ. 6
- ↑ Strathern, Paul: The Medici: Godfathers of the Renaissance, Vintage books, London, 2003, ISBN 978-0-09-952297-3, გვ. 315–321
- ↑ commercio, Italia : Ministero di agricoltura, industria e (1862). Popolazione censimento degli antichi Stati sardi (1. gennaio 1858) e censimenti di Lombardia, di Parma e di Modena (1857-1858) pubblicati per cura del Ministero d'agricoltura, industria e commercio: Relazione generale con una introduzione storica sopra i censimenti delle popolazioni italiane dai tempi antichi sino all'anno 1860. 1.1 (it). Stamperia Reale.
- ↑ COSIMO III de' Medici, granduca di Toscana in "Dizionario Biografico" it-IT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-22. ციტირების თარიღი: 2020-04-25
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 François Velde. (July 4, 2005) The Grand-Duchy of Tuscany. heraldica.org. ციტირების თარიღი: 2009-08-19.
- ↑ 6.0 6.1 Strathern, გვ. 340
- ↑ Strathern, გვ. 335
- ↑ Strathern, გვ. 375, 381.
- ↑ Frieda, Leonie: Catherine de' Medici, Orion books, London, 2005, ISBN 0-7538-2039-0, გვ. 268–269
- ↑ Booth, Cecily: Cosimo I – Duke of Florence, University Press, 1921 (pre-dates use of the ISBN), გვ. 232
- ↑ 11.0 11.1 Hale, J.R.: Florence and the Medici, Orion books, London, 1977, ISBN 1-84212-456-0, გვ. 145
- ↑ Frieda, გვ. 271–272
- ↑ Strathern, გვ. 340–341
- ↑ Hale, გვ. 147
- ↑ 15.0 15.1 Hale, გვ. 151
- ↑ 16.0 16.1 16.2 16.3 Hale, გვ. 150
- ↑ Hale, გვ. 158
- ↑ 18.0 18.1 Hale, გვ. 160
- ↑ Hale, გვ. 165
- ↑ Hale, გვ. 187
- ↑ Strathern, გვ. 375–37, 380–381.
- ↑ Acton, გვ. 30
- ↑ Acton, გვ. 27
- ↑ Acton, გვ. 38
- ↑ 25.0 25.1 Hale, p 180
- ↑ Hale, გვ. 181.
- ↑ Strathern, გვ. 381
- ↑ Strathern, გვ. 382.
- ↑ Strathern, გვ. 391.
- ↑ Acton, გვ. 140–141.
- ↑ Acton, გვ. 185
- ↑ Strathern, გვ. 392
- ↑ Strathern, გვ. 390–391.
- ↑ Acton, გვ. 243
- ↑ Acton, გვ. 272-273
- ↑ Strathern, გვ. 400
- ↑ Acton, გვ. 254
- ↑ Acton, გვ. 255
- ↑ Strathern, გვ. 402–405
- ↑ Strathern, გვ. 408–409
- ↑ Strathern, გვ. 410
- ↑ 42.0 42.1 42.2 Leopold II (holy Roman emperor) -- Encyclopædia Britannica. Britannica.com. ციტირების თარიღი: 2009-10-11.
- ↑ Bandiere degli Stati italiani preunitari: Toscana.
- ↑ 44.0 44.1 Woolrych, Humphry William: The history and results of the present capital punishments in England; to which are added, full tables of convictions, executions, etc, Saunders and Benning, 1832, (pre-dates use of the ISBN), გვ. 42
- ↑ Mora, G. (1959) Vincenzo Chiarugi (1759–1820) and his psychiatric reform in Florence in the late 18th century (on the occasion of the bi-centenary of his birth) J Hist Med.
- ↑ Jackson-Laufer, Guida Myrl:Women Rulers Throughout the Ages: An Illustrated Guide, ABC-CLIO, 1999, ISBN 978-1-57607-091-8, p 142
- ↑ H. A. L. Fisher, "The French Dependencies and Switzerland", in A. Ward et al. (eds.), Cambridge Modern History, IX: Napoleon (Cambridge, 1934), გვ. 399.
- ↑ 48.0 48.1 48.2 48.3 Catholic Encyclopaedia. Tuscany. newadvent.org. ციტირების თარიღი: 18 October 2009.
- ↑ Leopold II (grand duke of Tuscany) -- Encyclopædia Britannica. Britannica.com. ციტირების თარიღი: 26 September 2009.
- ↑ Hale, გვ. 118
- ↑ 51.0 51.1 Hale, 119
- ↑ Hale, გვ. 121
- ↑ Hale, გვ. 153
- ↑ Hale, გვ. 178
- ↑ Acton, გვ. 207–208
- ↑ Bandiere degli Stati italiani preunitari: Toscana.
- ↑ Bandiere degli Stati italiani preunitari: Toscana.