ელეონორა გონძაგა (1630-1686)
ელეონორა გონძაგა (იტალ. Eleonora Gonzaga, გერმ. Eleonora Gonzaga; დ. 18 ნოემბერი, 1630, მანტუა, იტალია — გ. 6 დეკემბერი, 1686, ვენა, ავსტრია) — გონძაგას დინასტიის წარმომადგენელი. მანტუისა და ნევერის ჰერცოგ კარლო II გონძაგასა და მისი ცოლის, მონტფერატისა და რეთელის ჰერცოგინია მარია გონძაგას ასული. საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია 1651-57 წლებში როგორც ფერდინანდ III-ის მესამე ცოლი და მისი ორი ქალიშვილის დედა.
ელეონორა გონძაგა | |
---|---|
ელეონორა გონძაგა 1651 წელს, ინახება შვედეთის ეროვნულ მუზეუმში, სტოკჰოლმში | |
საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ბოჰემიისა და ხორვატიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია | |
კორონაცია: | 4 აგვისტო, 1653 |
მმართ. დასაწყისი: | 30 აპრილი, 1651 |
მმართ. დასასრული: | 2 აპრილი, 1657 |
წინამორბედი: | მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი |
მემკვიდრე: | მარგარიტა ტერეზა ესპანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 ნოემბერი, 1630 |
დაბ. ადგილი: | მანტუა, იტალია |
გარდ. თარიღი: | 6 დეკემბერი, 1686, (56 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვენა, ავსტრია |
მეუღლე: | ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი |
შვილები: |
ელეანორა, პოლონეთის დედოფალი მარია ანა, პფალცის კურფიურსტი |
დინასტია: | გონძაგები |
მამა: | კარლო II გონძაგა, ნევერის ჰერცოგი |
დედა: | მარია გონძაგა, მონტფერატის ჰერცოგინია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მეტსახელად უმცროსი, მას ეს იმიტომ შეარქვეს, რომ როგორმე განესხვავებინათ მამიდამისის, ასევე საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორა გონძაგასგან. იგი ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და სათნო ქალბატონად. იგი იყო ძალიან რელიგიური და უყვარდა პოეზია, რის გამოც მან დააარსა ვენის ლიტერატურული აკადემია, აგრეთვე იყო მუსიკისა და თეატრის დიდი მფარველიც. როგორც იმპერატრიცა, იგი იმპერიის სამეფო კარზე ხელს უწყობდა სულიერი და კულტურული ცხოვრების განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჭეშმარიტი კათოლიკე იყო, დიდად ტოლერანტულ დამოკიდებულებას იჩენდა პროტესტანტების მიმართ.
ელეონორა ასევე მფლობელია ორი ორდენისა: ვირტუოზის ორდენის (1662) და ვარსკვლავური ჯვრის ორდენის (1668).
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაელეონორა გონძაგა დაიბადა 1630 წლის 18 ნოემბერს მანტუაში. იგი იყო მანტუისა და ნევერის ჰერცოგ კარლო II-ისა და მისი ბიძაშვილისა და ამავდროულად მეუღლის, მონტფერატისა და რეთელის ჰერცოგინია მარია გონძაგას მეორე შვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ მანტუის ჰერცოგი კარლო გონძაგა და მისი ცოლი კატრინ დე მაიენი, ხოლო დედის მხრიდან მონტფერატოს ჰერცოგი ფრანჩესკო IV გონძაგა და მისი ცოლი მარგერიტა სავოიელი.
მას სახელი ეწოდა მამიდამისის, საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორა გონძაგას პატივსაცემად, რომელიც ასევე მისი ნათლიაც იყო. ელეონორას მშობლები იმიტომ დაქორწინდნენ, რომ გაეერთიანებინათ მანტუელი და ნევერელი გონძაგების დინასტიები.
თავისი ბავშვობის დიდი ნაწილი ელეონორამ წმინდა ურსულას მონასტერში გაატარა, სადაც იგი დედასთან ერთად 1637 წლამდე ცხოვრობდა. ყოველივე ამის შემდეგ დაიწყო მისი განათლების პერიოდი. პატარა პრინცესას მშობლებმა შესანიშნავი განათლება მისცეს. ელეონორა კარგად ფლობდა ლათინურს, იტალიურს, გერმანულს, ფრანგულსა და ესპანურს, აგრეთვე განსწავლული იყო ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ცეკვასა და ქარგვაში. უკვე მოზარდობის პერიოდში, გან გამოამჟღავნა პოეტური ნიჭი, რამაც შემდგომში მას ფილოსოფიური ლექსების წერისკენ უბიძგა.
ქორწინება
რედაქტირებაელეონორას ქორწინება მოეწყო მისი მამიდის, ნათლიისა და ამავდროულად სეხნიის, ქვრივი საღვთო რომის იმპერატრიცა ელეონორა გონძაგას თაოსნობით, რომელსაც ძალზედ ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. ელეონორასა და მარია გონძაგას დიდი მუშაობისა და მოლაპარაკებების შედეგად პატარა ელეონორა უკვე ორჯერ დაქვრივებული საღვთო რომის იმპერატორ ფერდინანდ III-ის საცოლე გახდა. 1649 წელს ელეონორა და ფერდინანდი დაინიშნნეს.
ნიშნობაზე საქორწინო კონტრაქტიც გაფორმდა. ამის მიხედვით მანტუას საჰერცოგო კვლავ საღვთო რომის იმპერატორის ერთგული უნდა დარჩენილიყო და შეესრულებინა მისი მითითებები, სანაცვლოდ კი ჰაბსბურგები მანტუას დაიცავდნენ და წელიწადში 400,000 დუკატსაც შეიტანდნენ მის ხაზინაში.
ფერდინანდისა და ელეონორას მარიონეტული ქორწინება 1650 წლის 2 მარტს შედგა, სადაც იმპერატორს წარმოადგენდა მისი ელჩი იოჰან მაქსიმილიან ვონ ლამბერგი. საზეიმო ღონისძიებები 22 მარტამდე გაგრძელდა, რის შემდეგაც ელეონორა დიდი ამალითურთ მანტუიდან ვენისაკენ დაიძრა. ვენამდე პატარძალი ვინერ-ნოიშტადტში შეჩერდა, სადაც შეხვდა ქმარსა და მის ნათესავებს. სწორედ აქ, 1651 წლის 30 აპრილს შედგა ელეონორასა და ფერდინანდის ქორწინება. ქორწილის შემდეგ ფერდინანდმა თავის ახალ მეუღლეს ოჯახური ძვირფასეულობა და 50, 000 ფლორინის ღირებულების საჩუქრები მიართვა. ფერდინანდისათვის ეს უკვე მესამე ქორწინება იყო და მას ორივე ცოლისგან ჰყავდა შვილები.
მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა ქორწინება ბედნიერი იყო. ახალგაზრდა იმპერატრიცას აქტიური და თბილი ხასიათი დაეხმარა, რომ ახალ ნათესავებზე კარგი შთაბეჭდილება მოეხდინა. მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა ყველა გერთან. სპეციალურად მისთვის, იმპერატორმა იტალიურიც კი ისწავლა. ორივე მეუღლე ჭეშმარიტი კათოლიკე, ღვთისმოშიში და ღრმად მორწმუნე იყო, ამასთან ისინი აღმერთებდნენ ლიტერატურასა და ხელოვნებას. ისინი ხშირად ერთად დადიოდნენ თეატრებში და სანადიროდ.
საღვთო რომის იმპერატრიცა
რედაქტირებაელეონორა ძალიან კულტურული ქალი იყო. ქმართან ერთად მან დააარსა დიდი სამეფო ბიბლიოთეკა და მიუხედავად მათი ღრმა კათოლიკური რწმენისა, ისინი ძალიან ტოლერანტულები იყვნენ პროტესტანტების მიმართ. იმპერატრიცა ყოველთვის ზრუნავდა განათლებული და ნიჭიერი ადამიანების წახალისებასა და განვითარებაზე. ვენაში მისი ჩასვლის შემდეგ, სამეფო კარზე და ზოგადად მთელს იმპერიაში ძალიან გაიზარდა იტალიური ენის გავლენა. ვენაში მომრავლდნენ იტალიელი სასულიერო პირები და არისტოკრატები. საიმპერატორო კარზე დომინირებდა იტალიური მოდა. მალევე აისახა უზარმაზარი იტალიური კულტურის გავლენა ადგილობრივ ლიტერატურაში, თეატრში, არქიტექტურასა და მხატვრობაზე.
ქორწინების შემდეგ ელეონორამ ქმართან ერთად საღვთო რომის იმპერიაში იმოგზაურა. 1652-4 წლებში იგი მასთან ერთად იმყოფებოდა რეგენსბურგში, სადაც გააჩინა ორი ქალიშვილი. იგი დიდად იყო ჩართული სოციალურ ცხოვრებაში და აკონტროლებდა, რომ აღდგომის წინ მარხვა ყველას დაეცვა. 1653 წლის 4 აგვისტოს რეგენსბურგში შედგა მისი კორონაცია. 1657 წელს ელეონორა დაქვრივდა, მომავალ წელს კი მისი ნაბოლარა ვაჟიც გარდაიცვალა.
ქვრივობა
რედაქტირებაერცჰერცოგმა ლეოპოლდ ვილჰელმმა (ფერდინანდის უმცროსმა ძმამ) ახლად დაქვრივებულ ელეონორაზე ქორწინება მალევე მოისურვა, რადგან თვლიდა, რომ ამით ტახტზე თავის პოზიციებს განამტიცებდა. თუმცა ელეონორამ მას მკაცრი უარი განუცხადა და ყველაფერი გააკეთა, რომ ტახტზე წარმატებით ასულიყო თავისი გერი ლეოპოლდ I. ფერდინანდ III-ის ნებით, ელეონორამ მისი გარდაცვალების შემდეგ მის შვილებზე აიღო მეურვეობა. ახალმა იმპერატორმა, რომელსაც დედინაცვალი ძალიან უყვარდა, ახალი რეზიდენციები აჩუქა მას გრაცსა და ლინცში, აგრეთვე მისი თვიური პენსია 200, 000 ფლორინამდე გაზარდა. მალევე ლეოპოლდმა მას კიდევ აჩუქა ჰოფბურგის სასახლე.
ელეონორამ ჰოფბურგში თავისი პატარა სამეფო კარი მოიწყო, რომელიც მალევე იქცა პოლიტიოსებისა და დიპლომატების თავშეყრის ადგილად. მას ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი ელჩები, მინისტრები, დიპლომატები და გენერლები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში განიხილებოდა ელეონორას დაქორწინება პოლონეთისა და ლიტვის მეფე იან II კაზიმირზე, მაგრამ ეს ქორწინება არასდროს შემდგარა.
ელეონორა დიდ პატივს სცემდა ლეოპოლდ I-ს, რომელიც პოლიტიკური მოქმედებების კონსულტაციისა და რჩევებისთვის ხშირად მიმართავდა საყვარელ დედინაცვალს. დეპრესიაში ჩავარდნილმა იმპერატრიცამ მალევე ძალიან კარგი ურთიერთობა დაამყარა ლეოპოლდის ახალ ცოლთან, ახალ იმპერატრიცა მარგარიტა ტერეზა ესპანელთან. მას და მარგარიტას ძალიან თბილი და ახლობლური ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა იგი მალევე გარდაიცვალა, რის გამოც ლეოპოლდმა მეორედ იქორწინა კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელზე. რაც შეეხება კლაუდიასა და ელეონორას, მათ ძალიან დაძაბული და რთული ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცაღა კლაუდიაც მალე გარდაიცვალა. ელეონორას ლეოპოლდის მესამე ცოლთან, იმპერატრიცა ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელთანაც საკმაოდ თბილი და აწყობილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
როდესაც მისი გოგონები წამოიზარდნენ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ელეონორამ მათი გათხოვება განიზრახა. 1669 წელს თავისი უფროსი ქალიშვილი, ერცჰერცოგინია ელეანორა მარია დანიშნა პოლონეთისა და ლიტვის მეფე მიხაილ I-ზე. ეს ნიშნობა 1670 წელს ქორწინებით დაგვირგვინდა. 1671 წელს მან ძლივს შეარიგა ლეოპოლდი და რომის პაპი, რომლებსაც ერთმანეთში დიდი განხეთქილება ჰქონდათ.
დაქვრივებული ელეონორას საქმიანობა ძირითადად არა პოლიტიკას, არამედ საქველმოქმედო სფეროს მოიცავდა. გარდა იმისა, რომ იგი მფარველობდა ხელოვნებას, ასევე აფინანსებდა კათოლიკე მისიონერების მოგზაურობებს აზიასა და აფრიკაში.
გარდაცვალება
რედაქტირებაელეონორას სიცოცხლის უკანასკნელი წლები საკმაოდ მძიმე იყო. 1679 წელს მთელს იმპერიას შავი ჭირი მოედო, რასაც 1683 წელს ოსმალების შემოსევა და დიდი მატერიალური ზარალი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელებმა ოსმალები დაამარცხეს, მაინც დიდი დანაკარგი განიცადეს. ამასთან ყოველი შემთხვევისათვის ელეონორამ ვენა დატოვა და ჯერ პრაღაში, შემდეგ კი ლინცში გაიქცა, იქიდან კი ინსბრუკში გადავიდა. იგი გარდაიცვალა 1686 წლის 6 დეკემბერს, 56 წლის ასაკში.
შვილები
რედაქტირებასახელი | პორტრეტი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ტერეზა მარია | 27 მარტი, 1652 | 26 ივლისი, 1653 | გარდაიცვალა ადრეულ ასაკში. | |
ელეანორა მარია | 21 მაისი, 1653,
რეგენსბურგი, ავსტრია |
17 დეკემბერი, 1697,
ვენა, ავსტრია, (44 წლის) |
1670 წელს ცოლად გაჰყვა პოლონეთისა და ლიტვის მეფე მიხაილ I-ს, მისი
გარდაცვალების შემდეგ, 1673 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა, საიდანაც იგი მეორედ 1678 წელს მეორედ მისთხოვდა ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგ შარლ V-ს, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი. | |
მარია ანა იოზეფა | 30 დეკემბერი, 1654,
რეგენსბურგი, ავსტრია |
14 აპრილი, 1689,
ვენა, ავსტრია, (34 წლის) |
1678 წელს ცოლად გაჰყვა პფალცისა და ნოიბურგის კურფიურსტ იოჰან
ვილჰელმს. მან სულ ორი მკვდარი ვაჟი გააჩინა, რის შემდეგაც მალევე დაიღუპა ტუბერკულოზით. | |
ფერდინანდ იოზეფი | 11 თებერვალი, 1657 | 16 ივნისი, 1658 | გარდაიცვალა ადრეულ ასაკში. |
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Braun, Bettina; Keller, Katrin; Schnettger, Matthias (4 April 2016). Nur die Frau des Kaisers?: Kaiserinnen in der Frühen Neuzeit (in German). Böhlau Verlag Wien. p. 117. ISBN 978-3-205-20085-7.
- Hengerer, Mark (2012) [2008]. Mazohl, Brigitte (chair); Rumpler, Helmut (deputy chair); et al., eds. Kaiser Ferdinand III. (1608–1657), Eine Biographie (PDF). Publications Commission for Recent History of Austria. Vienna: Böhlau. pp. 4, 79. ISBN 978-3-205-77765-6.
- Lundy, Darryl (3 March 2007). Carlo Gonzaga, Duc de Rethel. ThePeerage.Com. p. 11207 § 112064.
- Lundy, Darryl (19 July 2007b). Eleanora Gonzaga Principessa di Mantova. ThePeerage.Com. p. 11207 § 112063.
- Louda, Jirí; MacLagan, Michael (1999). Lines of Succession: Heraldry of the Royal Families of Europe (2nd ed.). London, U.K.: Little, Brown and Company. table 80.
- Morby, John (1989). Dynasties of the World: a chronological and genealogical handbook. Oxford, U.K.: Oxford University Press. p. 107.
- "Eleonore von Gonzaga (1628 — 1686) als Diana, Kaiserin, 3. Gemahlin von Ferdinand III". Kunsthistorisches Museum Wien (Museum of Fine Arts Vienna). Retrieved 4 November 2016.
- Mutschlechner, Martin. "Ferdinand III, Eleonora of Gonzaga and the Italians in Vienna". The world of the Hapsburgs (www.habsburger.net/en). Retrieved 4 November 2016.
- Mutschlechner, Martin. "Ferdinand III: marriage and offspring". The world of the Hapsburgs (www.habsburger.net/en). Retrieved 4 November 2016.
- BDI staff (1993). "Eleonora Gonzaga Nevers, imperatrice". Dizionario Biografico degli Italiani (Biographical Dictionary of Italians) (in Italian). 42. Retrieved 4 November 2016.