კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი

კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი (გერმ. Claudia Felizitas von Österreich; დ. 30 მაისი, 1653, ფლორენცია, ტოსკანა - გ. 8 აპრილი, 1676, ვენა, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგისა და ტიროლიის გრაფ ფერდინანდ კარლ ჰაბსბურგისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია ანა დე მედიჩის ქალიშვილი. საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია 1673-6 წლებში როგორც ლეოპოლდ I-ის მეორე მეუღლე.

კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი
Claudia Felizitas von Österreich

კლაუდია ფელიჩიტა 1672 წელს
საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 15 ოქტომბერი, 1673
მმართ. დასასრული: 8 აპრილი, 1676
წინამორბედი: მარგარიტა ტერეზა ესპანელი
მემკვიდრე: ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 მაისი, 1653
დაბ. ადგილი: ფლორენცია, ტოსკანა
გარდ. თარიღი: 8 აპრილი, 1676
გარდ. ადგილი: ვენა, ავსტრია
მეუღლე: ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი
შვილები: ანა მარია
მარია იოზეფა
დინასტია: ჰაბსბურგები
მამა: ფერდინანდ კარლი, ქვემო ავსტრიის ერცჰერცოგი და ტიროლის გრაფი
დედა: ანა მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

იყო დომინიკელთა ორდენის წევრი, ჰქონდა არაჩვეულებრივი სასიმღერო ხმა, უყვარდა დაკვრა, ნადირობა და ასევე იყო ძალიან ვნებიანი. კლაუდია ფელიჩიტას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა თავის ქმარზე. სწორედ მისი წყალობით, ჰაბსბურგთა ყველა მოწინააღმდეგე აღმოჩენილ და გაძევებული იქნა სამეფო კარიდან. იგი ასევე იბრძოდა სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უსამართლობის წინააღმდეგ. სამწლიანი ქორწინებიდან მხოლოდ ორი მკვდარი გოგონა გააჩინა, მეორე მშობიარობიდან მალევე იგი ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა კიდეც. იგი იყო ჰაბსბურგთა დინასტიის ტიროლიური განშტოების უკანასკნელი წარმომადგენელი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც ის სამუდამოდ გადაშენდა.

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

კლაუდია ფელიჩიტა დაიბადა 1653 წლის 30 მაისს ფლორენციაში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგისა და ტიროლიის გრაფ ფერდინანდ კარლ ჰაბსბურგისა და მისი ცოლის, ანა მედიჩის პირველი შვილი. მამის მხრიდან მისი ბებია-ბაბუა იყვნენ ტიროლიის გრაფი ლეოპოლდ V ავსტრიელი და გრაფინია კლაუდია მედიჩი, ხოლო დედის ხაზით ტოსკანის დიდი ჰერცოგი კოზიმო II მედიჩი და მისი ცოლი, ჰერცოგინია მარია მაგდალინა ავსტრიელი.

მისმა მშობლებმა ვაჟის გაჩენა ვერ შესძლეს. მათ კლაუდია ფელიჩიტას შემდეგ მხოლოდ ორი გოგონა შეეძინათ: მკვდარშობილი გოგონა 1654 წელს და ერცჰერცოგინია მარია მაგდალინა 1656 წელს. 1662 წელს გარდაიცვალა კლაუდიას მამა — ფერდინანდ კარლი, ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ დაიღუპა მისი ძმაც, ერცჰერცოგი ზიგმუნდ ფრანცი, რომელიც სულ რამდენიმე დღის დაქორწინებული იყო ჰედვიგია პფალც-სულსბახელზე. შედეგად კლაუდია ფელიჩიდა და მისი და ჰაბსბურგთა დინასტიის ტიროლიური განშტოების უკანასკნელი წარმომადგენლები გახდნენ.

ზოგიერთი მემატიანე წერდა, რომ იგი იყო ძალიან ლამაზი, ცოცხალი ხასიათის მქონე ინტელექტუალი პრინცესა. პატარა ერცჰერცოგინია ოჯახთან ერთად ინსბრუკში გაიზარდა, რომელიც მისი მშობლების დაუღალავი შრობის შედეგად ევროპული ბაროკოს, ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრი იყო. ღრმა ბავშვობიდანვე კლაუდიას ძალიან უყვარდა ნადირობა. მას ასევე ჰქონდა საოცრად ლამაზი ხმა, რის გამოც იგი ხშირად მღეროდა სამეფო ბანკეტებზე. გარდა ამისა, პრინცესას საოცრად გამოსდიოდა უამრავ საკრავზე დაკვრა და თავადაც კი წერდა მუსიკალურ ნაწარმოებებს. ჯოვანი მარია მორანდის ტილოზე გამოსახულია 13 წლის კლაუდია ფელიჩიტა, ქალღმერთ დიანას როლში სადაც იგი ნადირობს. იგი ასევე როგორც ყველა ჰაბსბურგი ძალზედ ღრმად მორწმუნე და ღვთისმოშიში კათოლიკე იყო, რის გამოც იგი ადრევე გაწევრიანდა წმინდა დომინიკეს ორდენში.

ქორწინება და შვილები რედაქტირება

1665 წელს მას შემდეგ რაც ქვემო ავსტრიის მმართველი ჰაბსბურგ-ტიროლელების ყველა მამაკაცი გარდაიცვალა, მისი მმართველი იმპერატორი ლეოპოლდ I ჰაბსბურგი გახდა. ანა მედიჩი ცდილობდა თავისი ქალიშვილების უფლებების დაცვას. იმპერიის სამეფო კარზე ანას ბრძოლა საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ იმპერატორმა კლაუდია ფელიჩიტას ცოლად შერთვა მოითხოვა, რის სანაცვლოდაც იგი შეძლებდა ტიროლის გრაფინიის წოდების შენარჩუნებას.

იმპერატორ ლეოპოლდს თავის პირველ ცოლთან — მარგარიტა ტერეზა ესპანელთან მხოლოდ ოთხი შვილი ჰყავდა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთმა გოგონამ შეძლო სრულ წლოვანებამდე მიღწევა. ლეოპოლდს უყვარდა თავისი მეუღლე და გარდა ამისა, იგი მას ესპანეთის ტახტზე დიდ უფლებებს აძლევდა, რადგან მარგარიტას ძმა, მეფე კარლ II ავადმყოფი და უნაყოფო იყო, მისი უახლოესი მემკვიდრე კი მარგარიტა და ლეოპოლდი გამოდიოდნენ. თუმცა 1673 წელს მარგარიტა ტერეზა ესპანელი გარდაიცვალა და მასთან ერთად ლეოპოლდის ოცნებაც ესპანეთზე. ამას გარდა მას ცოლთან მემკვიდრე არ ჰყოლია, რის გამოც, მიუხედავად ღრმა გლოვისა ლეოპოლდი იძულებული გახდა მეორედ დაქორწინებულიყო. ქვემო ავსტრიისა და ტიროლიის შემოერთების მიზნით მან გადაწყვიტა თავის ბიძაშვილ კლაუდია ფელიჩიტაზე ექორწინა. კლაუდიამ დედისაგან ქორწინებაზე თანხმობა მიიღო. ამიტომაც კლაუდია ფელიჩიტამ უარი უთხრა სხვა ხელის მთხოვნელებს, მათ შორის იორკის ჰერცოგ ჯეიმზ სტიუარტს, რომელიც შემდგომში ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე გახდა. მიუხედავად ამისა, ლეოპოლდი ამაყობდა თავისი ახალგაზრდა, ლამაზი და განათლებული მეუღლით, რომელმაც მშვენივრად იცოდა თავისი ახალი წოდებებით მინიჭებული ვალდებულებები.

მარიონეტული ქორწინება ინსბრუკში შედგა. ამის შემდეგ იგი დედასთან და ფრეილინებთან ერთად გრაცში გაემგზავრა, სადაც მისი და ლეოპოლდის ოფიციალური ქორწილი იყო დაგეგმილი. ქორწილისთვის მზადება ძალიან პომპეზურად მიმდინარეობდა ახლად აგებულ სასახლეში. ქორწილის წინა დღეს ლეოპოლდმა თავისი საცოლე მოინახულა, რის შემდეგაც მისი ოთახის კარზე ოქროს ასოებით ლათინურად ამოატვიფრინა "Ave Claudia Imperatrix !", (ანუ დიდხანს სიცოცხლე იმპერატრიცა კლაუდიას). ქორწინება გრაცის ტაძარში, 1673 წლის 15 ოქტომბერს შედგა და მისი საზეიმო ღონისძიებები ორი კვირა გაგრძელდა. 3 ნოემბერს საიმპერატორო წყვილი გრაციდან ვენისაკენ გაემგზავრა.

ქორწინებიდან კლაუდია ფელიჩიტასა და ლეოპოლდს მხოლოდ ორი ქალიშვილი შეეძინათ, რომლებიც მალევე დაიღუპნენ:

  1. ანა მარია (დ. 11 სექტემბერი, 1674 - გ. 22 დეკემბერი, 1674);
  2. მარია იოზეფა (დ. 16 ოქტომბერი, 1675 - გ. 11 ივლისი, 1676);

საღვთო რომის იმპერატრიცა რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ მან ვაჟი ვერ გააჩინა, კლაუდია ფელიჩიტას ბედნიერი ქორწინება და ქმარზე დიდი გავლენა ჰქონდა. მან განიზრახა სამეფო კარი მტრებისაგან განეწმინდა, რის გამოც ხშირად იყენებდა მოქრთამვასა და მუქარას, რათა მტრები აღმოეჩინა. ამრიგად სამეფო კარის დატოვება უამრავ არისტოკრატს მოუხდა, მათ შორის იმპერატორის ახლო ნათესავებსაც კი. მან პირველ რიგში ლეოპოლდის ბიძაშვილი გააძევა, რომელიც ლეოპოლდს ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელზე დაქორწინებას სთხოვდა და კლაუდია არ მოსწონდა. ამის მიუხედავად, როცა კლაუდია ფელიჩიტა გარდაიცვალა, ლეოპოლდმა სწორედ ელეონორ მაგდალენა შეირთო ცოლად. ასევე ელეონორზე ქორწინებას უჭერდა მხარს ლეოპოლდის დედინაცვალიც, ელეონორა გონძაგა, რომელსაც ცუდი ურთიერთობა ჰქონდა კლაუდიასთან. თუმცა ცხადია ახალმა იმპერატრიცამ დედამთილს ვერაფერი მოუხერხა. დედოფალი ასევე ყურადღებას ამახვილებდა სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მოღვაწეობაზე, საიდანაც უსამართლობისა და კორუფციის აღმოსაფხვრელადაც ყველაფერი გააკეთა.

გარდაცვალება რედაქტირება

მეორე გოგონას გაჩენიდან მალევე, 1676 წლის 8 აპრილს იმპერატრიცა კლაუდია ფელიჩიდა სრულიად მოულოდნელად ტუბერკულოზით გარდაიცვალა ვენაში, 22 წლის ასაკში. მისი სხეული ვენის საიმპერატორო საძვალეთში განისვენებს, ხოლო გული დომინიკელთა ორდენის ეკლესიაში. სამი თვის შემდეგ მისი ახალშობილი გოგონაც გარდაიცვალა, სექტემბერში კი დედამისიც — ტიროლის გრაფინია ანა მედიჩი. ისინი კლაუდიას გვერდით დაკრძალეს.

ლეოპოლდმა მეორე ცოლის დაკარგვა ძალიან განიცადა. იგი ვენის მონასტერში გადავიდა და ბერად აღკვეცასაც აპირებდა, თუმცა მამრობითი სქესის მემკვიდრის არარსებობის გამო იძულებული გახდა მესამედ ექორწინა ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელზე. მასთან ლეოპოლდს ათი შვილი შეეძინა, მათ შორის ორი საღვთო რომის იმპერატორი — იოზეფ I და კარლ VI.

წინაპრები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Coxe, Guglielmo (1824). Storia della Casa d’Austria da Rodolfo di Apsburgo alla morte di Leopoldo II. Milan., vol. IV., pp. 308–309, 446.
  • Czeike, F. (1992). Historisches Lexikon Wien. Vienna: Kremayr und Scheriau, 623 p.
  • Gottardi, Giacomo (1843). Storia degli Stati dell'Impero d'Austria preceduta da una lezione su la cronologia la geografia e la storia in generale. Brescia: Tipografia Venturini., 314 p.
  • Koldau, Linda Maria (2005). Frauen-Musik-Kultur: ein Handbuch zum deutschen Sprachgebiet der Frühen Neuzeit. London: Böhlau, 1188 p.
  • Korotin, Ilse (2016). Lexikon österreichischer Frauen. Vienna: Böhlau, p. 119, 509 – 4248 p.
  • Seel, Heinrich (1817). Geschichte der gefürsteten Grafschaft Tirol. Vienna.
  • Wheatcroft, Andrew (1995). The Habsburgs: Embodying Empire. London: Penguin Books.
კლაუდია ფელიჩიტა ავსტრიელი
დაიბადა: 30 მაისი, 1653 გარდაიცვალა: 8 აპრილი, 1676
წინამორბედი:
მარგარიტა ტერეზა ესპანელი
საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია
1673-1676
შემდეგი:
ელეონორ მაგდალენა ნოიბურგელი