მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი
მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი (ესპ. María Teresa Rafaela de España; ფრანგ. Marie Thérèse Raphaëlle d’Espagne) (დ. 11 ივნისი 1726, მადრიდი, ესპანეთი - გ. 22 ივლისი 1746, ვერსალი, საფრანგეთი) — ბურბონთა დინასტიის ესპანური შტოს წარმომადგენელი. ესპანეთის ინფანტა როგორც მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ისაბელა ფარნეზეს ქალიშვილი. საფრანგეთის დოფინი 1745-46 წლებში როგორც ლუი დე ბურბონის მეუღლე. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის რძალი. გარდაიცვალა ოცი წლის ასაკში, მშობიარობიდან სამ დღეში გარდაიცვალა.
მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი | |
---|---|
María Teresa Rafaela de España | |
საფრანგეთის დოფინი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 თებერვალი 1745 |
მმართ. დასასრული: | 22 ივლისი 1746 |
წინამორბედი: | მარია ადელაიდა სავოიელი |
მემკვიდრე: | მარია ჟოზეფა საქსონიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 ივნისი 1726 |
დაბ. ადგილი: | მადრიდი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 22 ივლისი 1746 (20 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუი დე ბურბონი |
შვილები: | მარია ტერეზა ბურბონი |
სრული სახელი: | მარია ტერეზა ანტონია რაფაელა დე ბურბონ ი ფარნეზე |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ფილიპე V ბურბონი |
დედა: | ისაბელ ფარნეზე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ესპანეთის ინფანტა
რედაქტირებამარია ტერეზა რაფაელა დაიბადა 1726 წლის 11 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე ალკაზარის სამეფო რეზიდენციაში. იგი იყო ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ისაბელა ფარნეზეს ქალიშვილი. დაბადებიდანვე მას მიენიჭა მისი სამეფო აღმატებულება ესპანეთის ინფანტას ტიტული. [1]
მის დაბადებამდე, საფრანგეთისა და ესპანეთის სამეფო კარებს შორის ალიანსის განსამტკიცებლად, 1725 წელს იგეგმებოდა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და ესპანეთის ინფანტა მარიანა ვიქტორიას (მარია ტერეზა რაფაელას უფროსი და) ქორწინება, თუმცა მარიანამ ნიშნობა ჩაშალა, რითაც ლუი შეურაცყოფილი დარჩა. სულ მალე ლუიმ ცოლად პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკა შეირთო ცოლად. 1739 წლიდან კი დაიწყო მოლაპარაკებები მარია ტერეზასა და საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონის (ლუი XV-ის ვაჟი) ქორწინებასთან დაკავშირებით. ამავე წლის აგვისტოში დაიწყო მოლაპარაკებები მარიას ძმის ინფანტი ფილიპესა და საფრანგეთის პრინცესა მარია ლუიზას ქორწინებასთან დაკავშირებით, რომელიც მალევე ჩაიშალა. დედამისმა, დედოფალმა ისაბელა ფარნეზემ, ფრანგებს სთხოვა, რომ მარია ტერეზა რაფაელა საფრანგეთში მანამდე არ წაეყვანათ, სანამ მოწიფულ ასაკს არ მიაღწევდა. [2]
საფრანგეთის დოფინი
რედაქტირებამარია ტერეზა რაფაელა და ლუი დე ბურბონი 1744 წლის 18 დეკემბერს დაქორწინდნენ ესპანეთში, ხოლო საფრანგეთში 1745 წლის იანვარში გაემგზავრნენ. 1745 წლის 21 თებერვალს მარია ტერეზა ვერსალში ჩავიდა. ფრანგებმა ისინი ხელახლა დააქორწინეს (ფრანგული ტრადიციებით) 1745 წლის 23 თებერვალს, მათ ჯვარი კარდინალმა დე როანმა დასწერათ. [1]ფრანგებმა ახალ დოფინს მისი წარმომავლობის გამო ესპანელი შეარქვეს. მათი ქორწინება მიზნად ისახავდა საფრანგეთისა და ესპანეთის მონარქებს შორის ურთიერთობის დალაგებას. ლუი XV მარია ტერეზას უფროს დაზე განრისხებული იყო (რადგან მასზე ქორწინებაზე უარი თქვა), ამიტომაც ესპანელ ინფანტას ფრანგები ძალიან ცივად ექცეოდნენ. მას შემდეგ რაც მარია ტერეზა რაფაელა საფრანგეთის დოფინი გახდა, ის მთელს საფრანგეთში ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი გახდა, დედოფალ მარია ლეშჩინსკას შემდეგ. იგი საფრანგეთში პირველი დოფინი იყო 1712 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც მარია ადელაიდა სავოიელი გარდაიცვალა, საფრანგეთს მარია ტერეზამდე დოფინი აღარ ჰყოლია.
24 თებერვალს ახლად დაქორწინებულების პატივსაცემად ვერსალში ბალმასკარადი გაიმართა, რომელზეც ასევე აღინიშნა ლუი XV-ის სამეფო საყვარლის, მადამ დე პომპადურის დაბრუნება. ბალს დაესწრო მეფე, დედოფალი, პრინცესა ანრიეტა, პრინცესა მარია ადელაიდა, შარტრის პრინცესა, კონტის პრინცესა და მოდენას ჰერცოგინია.
მათი ქორწინება თავიდანვე ცუდად დაიწყო, ლუიმ მასთან პირველი ღამე არ გაატარა. ამგვარმა მოვლენამ, ვერსალში მისი მარია ტერეზას პოზიცია შეარყია. მიუხედავად ამისა, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მეფესთან და დედოფალთან. ქმრის მისადმი დამოკიდებულების მიუხედავად, სამეფო კარის მემატიანე მას აღწერს როგორც ლამაზს, ღირსეულს, განათლებული, კეთილშობილი, თუმცა უარყოფით რეპლიკებსაც წერს მის ბუნებრივ წითურ თმაზე. მარია ტერეზას მალევე საშინლად დაეძაბა ურთიერთობა მადამ დე პომპადურთან, რომელიც ვერსალში გამოჩენის დღიდანვე გადაემტერა. მისდა საბედნიეროდ, პომპადურს დედოფალიც ვერ იტანდა, რის გამოც იგი მარია ტერეზას მფარველად და ქომაგად მოევლინა. დედოფალი მარია ლეშჩინსკა, რომელიც ასევე უცხოელი იყო და ფრანგები მასაც ცუდად უყურებდნენ, ხშირად აძლევდა რჩევას მარია ტერეზას.[3] საბოლოოდ, 1745 წელს მარია ტერეზამ და ლუიმ სარეცელი გაიყვეს, რის შემდეგაც სამეფო კარზე მარიას მისამართით არსებული მწარე კომენტარები შეწყდა. ამავე წლის სექტემბერში გამოაცხადეს, რომ მარია ტერეზა ორსულად იყო. 1746 წლის 19 ივლისს მარიამ ვერსალში გოგონა გააჩინა, რომელიც მონათლეს როგორც მარია ტერეზა. ამან მისი ქმრის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მთავარი ეს არ იყო. 20 წლის მარიას მშობიარობა ძალიან გაუჭირდა, რის შემდეგაც სამი დღის მანძილზე საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა, 22 ივლისს კი გარდაიცვალა კიდეც.[4] მისი ქალიშვილი 1748 წელს გარდაიცვალა.[5]
1746 წლის 6 აგვისტოს მარია ტერეზა რაფაელა დაკრძალეს სენ-დენის ბაზილიკაში. მისი გარდაცვალებიდან მალევე, ლუიმ ახალი ცოლი შეირთო - მარია ჟოზეფა საქსონიელი, რომელთანაც სამი ქალიშვილი და ოთხი ვაჟი შეეძინა. მისი ოთხი ვაჟიდან ლუი XVI, ლუი XVIII და შარლ X საფრანგეთის მეფეები გახდნენ, თუმცა თავად ლუი მეფე ვერ გახდა. [6]
წინაპრები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Armstrong. Edward: Elisabeth Farnese: The Termagant of Spain, London, 1892
- Broglie. Emmanuel de: Le fils de Louis XV, Louis, dauphin de France, 1729-1765, E. Plon, 1877
- Mitford. Nancy: Madame de Pompadour, Sphere, London, 1964