ავგუსტ III საქსონიელი
ავგუსტ III საქსონიელი (პოლ. August III Sas, ლიეტ. Augustas III Saksas; დ. 17 ოქტომბერი, 1696 — გ. 5 ოქტომბერი, 1763) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთ-ლიტვის მეფისა და საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ II-ისა და მისი მეუღლის, კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელის ერთადერთი შვილი. საქსონიის კურფიურსტი 1733-63 წლებში ფრიდრიხ ავგუსტ II-ის სახელით (გერმ. Friedrich August II).
ავგუსტ III საქსონიელი | |
---|---|
პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი | |
კორონაცია: | 17 იანვარი, 1734, კრაკოვი |
მმართ. დასაწყისი: | 1734 |
მმართ. დასასრული: | 5 ოქტომბერი, 1763 |
წინამორბედი: | სტანისლავ I ლეშჩინსკი |
მემკვიდრე: | სტანისლავ II პონიატოვსკი |
საქსონიის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 თებერვალი, 1733 |
მმართ. დასასრული: | 5 ოქტომბერი, 1763 |
წინამორბედი: | ფრიდრიხ ავგუსტ I |
მემკვიდრე: | ფრიდრიხ კრისტიანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 ოქტომბერი, 1696 |
დაბ. ადგილი: | დრეზდენი, საქსონია |
გარდ. თარიღი: | 5 ოქტომბერი, 1763, (66 წლის) |
გარდ. ადგილი: | დრეზდენი, საქსონია |
დაკრძ. ადგილი: | დრეზდენი, საქსონია |
მეუღლე: |
მარია იოზეფა ავსტრიელი (ქ. 1719 - გარდ. 1757) |
შვილები: |
1. ფრიდრიხ კრისტიანი, საქსონიის კურფიურსტი 2. მარია ამალია, ესპანეთის დედოფალი 3. მარია მარგარეტა 4. მარია ანა, ბავარიის კურფიურსტი 5. ფრანც ხავიერი 6. მარია ჟოზეფა, საფრანგეთის დოფინი 7. კარლი, კურლანდის ჰერცოგი 8. მარია კრისტინა, რემირემონტის აბატი 9. მარია ელიზაბეთი 10. ალბერტ კაზიმირი, ტესჩენის ჰერცოგი 11. კლემენტ ვენეცელი, ტრიერის არქიეპისკოპოსი 12. მარია კანიგუნდა, ესენის აბატი |
დინასტია: | ვეტინები |
მამა: | ავგუსტ II, პოლონეთის მეფე |
დედა: | კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
1712 მამის ინიციატივით იგი კათოლიკედ მონათლეს, 1719 წელს კი დააქორწინეს საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ის უფროს ასულ მარია იოზეფა ავსტრიელზე, რომელთანაც თექვსმეტი შვილი შეეძინა. იგი იყო ბაბუა საფრანგეთის მეფეების: ლუი XVI-ის, ლუი XVIII-ისა და შარლ X-ის, ასევე ესპანეთის მეფე კარლ IV-ისა და ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ისა. 1733 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ საქსონიის ტახტი დაიკავა, მაგრამ პოლონეთის ტახტისთვის ომი დაიწყო და უცხოელების დახმარებით ტახტზე სტანისლავ ლეშჩინსკი ავიდა, რომელიც მალევე დაამხეს და პოლონეთ-ლიტვის მეფედ 1734 წლიდან ავგუსტი გვევლინება.
ავგუსტი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა. იგი ჩაება ავსტრიული მემკვიდრეობის ომში (1742) და შვიდწლიან ომში (1756). კონფლიქტი ჰქონდა რუსეთის იმპერატრიცა ანასთან, რომელსაც კურლანდიაზე ჰქონდა პრეტენზია. მისი გარდაცვალების შემდეგ პრუსიამ, რუსეთმა და ავსტრიამ პოლონეთს დიდი მიწები ჩამოაჭრეს, ტახტზე კი რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის საყვარელი სტანისლავ პონიატოვსკი დასვეს, რომელიც პოლონეთის უკანასკნელი მეფე გახდა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაავგუსტი დაიბადა 1696 წლის 17 ოქტომბერს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ II-ისა და მისი მეუღლის, კრისტიანა ებერჰარდინა ბრანდენბურგ-ბაიროითელის ერთადერთი შვილი. მისი დაბადებიდან ერთ წელიწადში მამამისი არჩეულ იქნა პოლონეთ-ლიტვის მეფედ, რისთვისაც მან უარყო ლუთერანობა და კათოლიციზმი მიიღო, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. დედამისი ლუთერანიზმის ერთგული დარჩა და ქმარს თანდათან განშორდა. მას ავგუსტის აღზრდაში დედამთილი, ანა სოფია დანიელი ეხმარებოდა, რომელიც ასევე ნაწყენი იყო თავისი ვაჟის საქციელის გამო. 1712 წელს ავგუსტ II-მ თავისი ვაჟი პოლონეთში გადაიყვანა საცხოვრებლად და კათოლიკედაც მონათლა, თუმცა ავგუსტს დედა აქ არ გაყოლია.
1733 წელს, ავგუსტ II-ის გარდაცვალების შემდეგ ავგუსტ III-მ დაიკავა საქსონიის ტახტი, მაგრამ პოლონეთში მემკვიდრეობისათვის დიდი ომი დაიწყო, სადაც მას ტახტში სტანისლავ ლეშჩინსკი ეცილებოდა, რომელიც 1706-09 წლებში მეფობდა პოლონეთში. სტანისლავის ასული, მარია ლეშჩინსკა საფრანგეთის დედოფალი იყო როგორც ლუი XV-ის მეუღლე, რის გამოც ფრანგები და მათი მოკავშირე შვედები სტანისლავს ეხმარებოდნენ და 1733 წელს პოლონეთის ტახტზეც დასვეს, თუმცა 1734 წელსვე ჩამოაგდეს და ისევ საფრანგეთში გაიქცა. ამის შემდეგ პოლონეთის ტახტიც ავგუსტს დარჩა, რის შემდეგაც შვედების წინააღმდეგ მალევე ჩაება ჩრდილოეთის ომში. მან რევანში აიღო და რუსებთან ერთად დაამარცხა შვედები პოლტავას ბრძოლაში.
როგორც მეფეს, ავგუსტს საერთოდ არ აინტერესებდა პოლიტიკა და ძირითადად ნადირობაზე, ოპერასა და ხელოვნების ნიმუშთა კოლექციაზე იყო ფოკუსირებული. მან თავისი მეფობის უკანასკნელი წლები ჩარტორსკების საგვარეულოსთან ბრძოლაში გაატარა, რომლებიც სეიმის მხარდაჭერით ტახტზე აცხადებდნენ პრეტენზიას. იგი გარდაიცვალა 1763 წლის 5 ოქტომბერს, 66 წლის ასაკში. მის შემდეგ მისი ცოლ-შვილი პოლონეთიდან გააძევეს და მისმა ვაჟმა ფრიდრიხ კრისტიანმა მხოლოდ საქსონიის ტახტის დაკავება მოახერხა. ამის შემდეგ მოხდა პოლონეთის გადანაწილება, სადაც მეფედ რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის საყვარელი — სტანისლავ პონიატოვსკი დასვეს, რომლის უნიათო რეფორმებმა პოლონეთის სამეფო განადგურებამდე მიიყვანა.
შვილები
რედაქტირება1719 წლის 20 აგვისტოს, დრეზდენში ავგუსტმა ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ისა და იმპერატრიცა ვილჰელმინა ამალია ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის უფროსი ასული — მარია იოზეფა ავსტრიელი, რომელთანაც თექვსმეტი შვილი შეეძინა:
- ფრიდრიხ ავგუსტი (დ. 1720 — გ. 1721), გარდაიცვალა ჩვილობაში;
- იოზეფ ავგუსტი (დ. 1721 — გ. 1728), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ფრიდრიხ კრისტიანი (დ. 1722 — გ. 1763), საქსონიის კურფიურსტი, ცოლად შეირთო მარია ანტონია ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მომავალი ორი საქსონიის კურფიურსტი;
- მკვდარშობილი (1723);
- მარია ამალია (დ. 1724 — გ. 1760), ცოლად გაჰყვა ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III ბურბონს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის ესპანეთის მომავალი მეფე კარლ IV, სიცილიისა და ნეაპოლის მომავალი მეფე ფერდინანდ I და ასევე საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ლუისა ესპანელი;
- მარია მარგარეტა (დ. 1727 — გ. 1734), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მარია ანა სოფია (დ. 1728 — გ. 1797), ცოლად გაჰყვა ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან იოზეფ III ვიტელსბახს, თუმცა მათ შვილები არ ჰყოლიათ;
- მკვდარშობილი (1729);
- ფრანც ხავიერი (დ. 1730 — გ. 1806), საქსონიის პრინცი, ცოლად შეირთო მარია კლარა სპინუჩი, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
- მარია ჟოზეფა (დ. 1731 — გ. 1767), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის საფრანგეთის სამი მეფე — ლუი XVI, ლუი XVIII, შარლ X და ასევე სარდინიის დედოფალი მარი კლოტილდა ფრანგი;
- კარლი (დ. 1733 — გ. 1796), კურლანდის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფრანცისკა კორვინ-კრასინსკა, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი შეეძინა;
- მარია კრისტინა (დ. 1735 — გ. 1782), რემირემონტის აბატი, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო, საფრანგეთში;
- მარია ელიზაბეთი (დ. 1736 — გ. 1818), პოლონეთისა და საქსონიის პრინცესა, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;
- ალბერტი (დ. 1739 — გ. 1822), ტესჩენის ჰერცოგი და ავსტრიული ნიდერლანდების შტატჰალტერი, ცოლად შეირთო ერცჰერცოგინია მარია კრისტინა ავსტრიელი, რომელთანაც მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა;
- კლემენტ ვენეცელი (დ. 1739 — გ. 1812), ტრიერის არქიეპისკოპოსი, გარდაიცვალა უცოლო და უშვილო;
- მარია კანიგუნდა (დ. 1740 — გ. 1826), ესენის აბატი, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.
ტიტულები
რედაქტირებაავგუსტის სრული წოდება ასეთი იყო: „ავგუსტ III, ღვთის ნებით მოვლენილი მეფე პოლონეთისა, დიდი მთავარი ლიტვისა, რუტენიისა, გალიციისა, პრუსიისა, მოსავიისა, სამოგიტიისა, კიევისა, ვოლინიისა, პოდოლიისა, პოდლასკიესა, ლივონიისა, სმოლენსკისა, სავერიისა, ჩერნივისა და აგრეთვე ჰერალდიტარული ჰერცოგი და პრინც-ფიუსტი საქსონიისა.“
ლიტერატურა
რედაქტირება- Flathe, Heinrich Theodor (1878), "Friedrich August II., Kurfürst von Sachsen", Allgemeine Deutsche Biographie (ADB) (in German), Leipzig: Duncker & Humblot, 7: 784–86.
- Staszewski, Jacek (1996), August III. Kurfürst von Sachsen und König von Polen (in German), Berlin: Akademie-Verlag, ISBN 3-05-002600-6.
- Kalipke, Andreas (2010). "The Corpus Evangelicorum". In Coy, J.P.; Marschke, B. Benjamin; Sabean D.W. (eds.). The Holy Roman Empire, Reconsidered. Berghahn. pp. 228–247.
- "Christine", Saxony Albert, NL: Royalty guide, 1735, archived from the original (JPEG) on 28 February 2008.
- "Elisabeth", Saxony Albert, NL: Royalty guide, 1736, archived from the original (JPEG) on 28 February 2008.
- "Missa in B Minor ("Kyrie" and "Gloria" of the B Minor Mass)". World Digital Library. 1733. Retrieved 8 August 2013.