ბარბარა ბრაგანსა (პორტ. Bárbara de Bragança, ესპ. Bárbara de Braganza; დაბ. მარია მადალენა ბარბარა ხავიერა ტერეზა ანტონია ჟოზეფა დე ბრაგანსა ი ჰაბსბურგი; დ. 4 დეკემბერი 1711, ლისაბონი, პორტუგალია - გ. 27 აგვისტო 1758, არანხუესი, ესპანეთი) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან V-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ანა ავსტრიელის ქალიშვილი. ესპანეთის დედოფალი 1746-1758 წლებში როგორც ფერდინანდ VI-ის მეუღლე.

ბარბარა ბრაგანსა
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 9 ივლისი 1746
მმართ. დასასრული: 27 აგვისტო 1758
წინამორბედი: ისაბელ ფარნეზე
მემკვიდრე: მარია ამალია საქსონიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 დეკემბერი 1711
დაბ. ადგილი: ლისაბონი, პორტუგალია
გარდ. თარიღი: 27 აგვისტო 1758 (46 წლის)
გარდ. ადგილი: არანხუესი, ესპანეთი
მეუღლე: ფერდინანდ VI, ესპანეთის მეფე
სრული სახელი: მარია მადალენა ბარბარა ხავიერა ტერეზა ანტონია ჟოზეფა დე ბრაგანსა ი ჰაბსბურგი
დინასტია: ბრაგანსები
მამა: ჟუან V, პორტუგალიის მეფე
დედა: მარია ანა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პორტუგალიის ინფანტა (1711-1729)

რედაქტირება

ბარბარა დაიბადა 1711 წლის 4 დეკემბერს ლისაბონში. მისი მშობლები იყვნენ პორტუგალიის მეფე ჟუან V და მისი ცოლი, საღვთო რომის იმპერატორ ლეოპოლდ I-ის ასული, ერცჰერცოგინია მარია ანა ავსტრიელი. იგი მონათლეს, როგორც მარია მადალენა ბარბარა ხავიერა ტერეზა ანტონია ჟოზეფა, ეს სახელები შეარჩიეს წმინდანებიდან და მისი ნათესავებიდან. იგი იყო ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზას პირველი თაობის ბიძაშვილი. მისი მშობლები 1708 წელს დაქორწინდნენ და ქორწინების პირველი სამი წელი ბავშვი არ უჩნდებოდათ. სასოწარკვეთილმა მეფე ღმერთს შეჰპირდა, რომ თუ მემკვიდრეს აჩუქებდა დიდებულ ტაძარს ააგებდა. ამ ამბიდან მალევე დაიბადა ბარბარა. მეფემ პირობა შეასრულა და ააშენებინა უზარმაზარი საკათედრო ტაძარი.

ბარბარა დაბადებიდანვე გახდა პორტუგალიისა და ბრაზილიის ტახტის მემკვიდრე და ამასთან ბრაგანსას ჰერცოგინია. ორი წლის შემდეგ დედოფალმა ვაჟი გააჩინა, რის გამოც ზემოთ ხსენებული ტიტულები ბარბარას ჩამოართვეს. პატარა პედრო ორი წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დედოფალმა მეორე ვაჟი გააჩინა. რომ არა ეს, ბარბარა კვლავ ტახტის მემკვიდრე გახდებოდა.

 
ბარბარა ბრაგანსა 1724 წელს

ბარბარას ჰქონდა შესანიშნავი განათლება და ძალიან უყვარდა მუსიკა. იგი ასევე შესანიშნავად უკრავდა როიალზე, წერდა კომპოზიციებს და მაღალ დონეზე იცოდა ხატვაც. იგი ასევე განიხილებოდა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის საცოლედ.

ასტურიის პრინცესა (1729-1746)

რედაქტირება

1729 წელს პორტუგალიისა და ესპანეთის სამეფო კარებს შორის შედგა ორმაგი ქორწინება. 18 წლის ბარბარა მიათხოვეს ესპანეთის ტახტის მემკვიდრეს, ასტურიის პრინც ფერდინანდ ბურბონს, ხოლო ესპანეთის პრინცესა მარიანა ვიქტორია (რომელიც ლუი XV-ის საცოლე იყო) მიათხოვეს ბარბარას ძმას, პორტუგალიის ტახტის მემკვიდრე ჟუზე ბრაგანსას. ამგვარი ორმაგი ქორწინებით შედგა პორტუგალია-ესპანეთის ალიანსი. აქედან მოყოლებული ბარბარა ასტურიის პრინცესა, ანუ ესპანეთის მომავალი დედოფალი გახდა. იგი ქმართან ერთად მადრიდში, სამეფო სასახლეში ცხოვრობდა და ხშირად ასრულებდა თავის ნაწარმოებებს. იგი ესპანეთში მფარველობდა მხატვრებსა და მუსიკოსებს, რომლებიც მისი საყვარელი ხალხი იყო.

ასტურიის პრიცისა და პრიცესის ურთიერთობაზე ცუდად აისახა 1733-დან 1737 წლამდე არსებული პორტუგალია-ესპანეთის კონფლიქტი, რომლის დროსაც ბარბარა ფაქტობრივად სამეფო კარის ტყვე იყო. მას გამუდმებით უთვალთვალებდნენ დედოფალ ისაბელ ფარნეზეს ჯაშუშები. ამან ფაქტობრივად ბარბარას გამოკეტვა გამოიწვია. სწორედ ამ დროს ბარბარას და ფერდინანდს შორის ურთიერთობა უფრო გაღრმავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბარა იმ ეპოქის სილამაზის ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა, ესპანელებს ის მაინც მოსწონდათ, ვინაიდან ისინი ფიქრობდნენ, რომ ბარბარა კარგი დედოფალი დადგებოდა მისი გონებამახვილობისა და ხელოვნებისადმი დიდი სიყვარულის გამო. ფერდინანდი მალე გახდა ბარბარაზე დამოკიდებული. იგი იყენებდა ცოლის რჩევებსა და მხარდაჭერას. საფრანგეთის ელჩი აღნიშნავდა რომ ესპანეთს რეალურად მართავდა არა ფერდინანდი, არა ფილიპე V, არა ისაბელ ფარნეზე, არამედ ბარბარა ბრაგანსა. ბარბარა ძალიან განათლებული იყო, უყვარდა კითხვა და მუსიკა, რის გამოც დედოფალთან მალე გამონახა საერთო ენა.

ესპანეთის დედოფალი (1746-1758)

რედაქტირება

1746 წელს გარდაიცვალა ბარბარას მამამთილი, ესპანეთის მეფე ფილიპე V, რის შემდეგაც მეფე ბარბარას ქმარი, ფერდინანდ VI გახდა. ტახტზე ასვლიდან მალევე ფერდინანდმა თავისი დედოფლის მხარდაჭერით სამეფო საბჭოში ცვლილებები შეიტანა და ყველა პროფრანგული პოლიტიკის მატარებელი დააპატიმრა. სასახლეში დიდი ცვლილებები დაიწყო, რომელთა მოთავეც ახალი დედოფალი გახდა. ამით განრისხებულმა ქვრივმა დედოფალმა ისაბელ ფარნეზემ სამეფო სასახლე დატოვა.

 
დედოფალ ბარბარა ბრაგანსას გერბი

მისი წინამორბედისგან განსხვავებით, ბარბარას არ მოსწონდა როცა დედოფალს მეფესა და პოლიტიკაზე დიდი გავლენა ჰქონდა, ამიტომ ცდილობდა ქმრის საქმეებში არ ჩარეულიყო და სახალხო გამოსვლებისას ყოველთვის პოზიტიურად გამოიყურებოდა. იგი არ იყო თავდაჯერებული, განსხვავებით ისაბელ ფარნეზესგან, ბარბარას ქვეყნის მართვის ამბიციები არასოდეს ჰქონია, მისი პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიას შორის მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნებით შემოიფარგლებოდა. თუმცა მისდა მიუხედავად, იგი პოლიტიკაში რეგულარულად ერეოდა. მეფის მინისტრები დიდ პატივს სცემდნენ დედოფალს. სანამ ისინი მეფეს ახალ ხელმოსაწერ დოკუმენტს წარუდგენდნენ, ჯერ დედოფალთან მიჰქონდათ და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ბარბარა გადაწყვეტდა, რომ ღირდა ამის გამო ფერდინანდის შეწუხება, მიჰქონდათ მეფესთან. დედოფალი ბარბარა ეს იყო ხიდი მინისტრებსა და მეფეს შორის. იგი გარდა პორტუგალიისა, ხშირად კონტაქტობდა ბრიტანეთის ელჩებთან, რადგან იცოდა, რომ მსოფლიო სავაჭრო გზების უმეტესობა ბრიტანელებს ეკუთვნოდათ და ცდილობდა მათთან ურთიერთობების დათბობას.

ფერდინანდსა და ბარბარას მთელი მათი ცხოვრების მანძილზე შვილები არ ჰყოლიათ. 1733 წელს მან ვაჟი გააჩინა, რომელიც მალევე დაიღუპა, ამის შემდეგ კი იგი ვეღარ დაფეხმძიმდა. გარდა ამისა ბარბარა მთელი ცხოვრების მანძილზე ასთმიმ მძიმე შეტევებისგან იტანჯებოდა, რამაც მისი სიცოცხლე ძალიან შეამოკლა. 1758 წლის 27 აგვისტოს დედოფალი ბარბარა ბრაგანსა არანხუესის სამეფო სასახლეში გარდაიცვალა, 46 წლის ასაკში. ბარბარას გარდაცვალებამ ფერდინანდი სიცოცხლის ბოლომდე ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. სულ ერთ წელიწადში კი მასზე დარდს ფერდინანდი გადაჰყვა. ტახტზე მისი ნახევარ-ძმა კარლ III ავიდა, რომელიც ფილიპე V-ს ისაბელ ფარნეზესთან ჰყავდა. ისაბელა კვლავ დაუბრუნდა ესპანეთს და მართვის სადავეები თავად აიღო ხელში.

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Clarissa Campbell Orr: Queenship in Europe 1660-1815: The Role of the Consort. Cambridge University Press (2004).
  • Noel, pg. 174, 177.
  • Noel, Charles C. (2004). "'Barbara Succeeds Elizabeth...': The Feminisation and Domestication of Politics in the Spanish Monarchy, 1701–1759". In Campbell Orr, Clarissa. Queenship in Europe 1660–1815: The Role of the Consort. Cambridge University Press. pp. 155–185.
ბარბარა ბრაგანსა
დაიბადა: 4 დეკემბერი 1711 გარდაიცვალა: 27 აგვისტო 1758
წინამორბედი:
ისაბელ ფარნეზე
ესპანეთის დედოფალი
1746-1758
შემდეგი:
მარია ამალია საქსონიელი