ისაბელ ფარნეზე

(გადამისამართდა გვერდიდან ელიზაბეტა ფარნეზე)

ისაბელ ფარნეზე (ესპ. Isabel Farnesio) გრეთვე ცნობილი როგორც ელიზაბეტა ფარნეზე (იტალ. Elisabetta Farnese; დ. 25 ოქტომბერი, 1692 — გ. 11 ივლისი, 1766) — ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის მეორე ცოლი. ოდოარდო ფარნეზეს და ფილიპე ვილჰელმის ქალიშვილის, დორეტეა სოფია ნოიბურგელი ერთადერთი ქალიშვილი.

ისაბელ ფარნეზე
Isabel de Farnesio.jpg
1739 წელს, ლუდვიგ მიქაელ ვან ლუს მიერ შესრულებული ისაბელ ფარნეზეს პორტრეტი
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 დეკემბერი, 1714
მმართ. დასასრული: 14 იანვარი, 1724
წინამორბედი: მარია ლუიზა სავოიელი
მემკვიდრე: ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი
ესპანეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 6 სექტემბერი, 1724
მმართ. დასასრული: 9 ივლისი, 1746
წინამორბედი: ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი
მემკვიდრე: ბარბარა პორტუგალიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 ოქტომბერი, 1692
დაბ. ადგილი: პარმა, იტალია
გარდ. თარიღი: 11 ივლისი, 1766, (73 წლის)
გარდ. ადგილი: არანხუესი, ესპანეთი
მეუღლე: ფილიპე V, ესპანეთის მეფე
შვილები: კარლოს III, ესპანეთის მეფე
მარიანა ვიქტორია, პორტუგალიის დედოფალი
ფილიპე I, პარმის ჰერცოგი
მარია ტერეზა, საფრანგეთის დოფინი
ლუისი, ჩიჩონის გრაფი
მარია ანტონია, სარდინიის დედოფალი
დინასტია: ფარნეზეები
მამა: ოდოარდო, პარმის პრინცი
დედა: დოროთეა სოფია ნოიბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი

1574 წელს ისაბელი დაქორწინდა ფილიპე V-ზე. 1724 წლის შემდეგ, როდესაც მეფე თითქმის ჭკუიდან შეიშალა ისაბელი მართავდა სახელმწიფოს და დამოუკიდებლად უძღვებოდა ესპანეთის პოლიტიკას.

უშვილო ბიძის გარდაიცვალების შემდეგ, ისაბელ ფარნეზემ მემკვიდრეობით მიიღო ქონება და ფარნეზეს მიწები, რომელებიც ესპანეთის მიწებს მიუერთა. მისმა მესამე ვაჟმა, ფილიპე პარმელმა პარმის მიწები მიიღო და გახდა ბურბონების პარმის შტოს დამაარსებელი. ხოლო მისმა უფროსმა ვაჟმა, კარლოსმა ესპანეთის გვირგვინთან ერთად ორი სიცილიის გვისრგვინიც მიიღო (რომელიც შემდგომში გადასცა თავის ვაჟს, ფერდინანდს და არ შეუნარჩუნა ესპანეთს).

პარმის პრინცესარედაქტირება

 
ისაბელი ბავშვობაში

ისაბელ ფარნეზე დაიბადა 1692 წლის 25 ოქტომბერს პარმაში, დელა პილოტას სასახლეში. იგი იყო პარმის პრინც ოდოარდო ფარნეზესა და მისი ცოლის, დოროთეა სოფია ნოიბურგელის ასული. მისი გაჩენიდან სულ ერთ წელიწადში მამამისი გარდაიცვალა, რის გამოც ისაბელის დედა თავის მაზლს, პარმის ჰერცოგ ფრანჩესკო ფარნეზეს გაჰყვა ცოლად.

ისაბელი პარმის სამეფო სასახლეში იზრდებოდა. მას რთული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რასაც ვერ ვიტყვით მის ბიძა-მამინაცვალზე. ისაბელს მშობლიური იტალიურის გარდა, თავისუფლად შეეძლო საუბარი და წერა-კითხვა ლათინურად, ფრანგულად, გერმანულად და ესპანურად, ასევე კარგად იცოდა რიტორიკა, ფილოსოფია, გეოგრაფია, ისტორია, თუმცა, მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით მას სწავლა არ უყვარდა. მას უკეთესად გამოსდიოდა ცეკვა, ქარგვა, დაკვრა და ხატვა. ესპანური მემკვიდრეობის ომის დროს, ისაბელმა ძლივს გადაიტანა ყვავილი, რაც იმ ეპოქაში განუკურნებელი სენი იყო.

იმის გამო, რომ მამამისსა და ბიძა-მამინაცვალს მამრობითი სქესის მემვიდრეები არ ჰყავდათ, პარმის საჰერცოგოს პირველი მემკვიდრე ისაბელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პარმა პატარა ქალაქ-სახელმწიფო იყო, იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას მდებარეობდა, რის გამოც ისაბელს, როგორც მის მემკვიდრეს ბევრი ხელის მთხოვნელი ჰყავდა, თუმცა იგი ყველას უარით ისტუმრებდა. მის ხელისმთხოვნელთა შორის იყვნენ პიემონტის პრინცი ვიტორიო ამადეო სავოიელი, მოდენას ჰერცოგი ფრანჩესკო დ'ესტე, პრინცი პიო დელა მირანდოლა და ა.შ.

ქორწინებარედაქტირება

 
დედოფალი ისაბელ ფარნეზე 1715 წელს

მას შემდეგ, რაც ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის მეუღლე, დედოფალი მარია ლუიზა სავოიელი ახალგაზრდა ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა, მეფემ იტალიასთან ალიანსის შესანარჩუნებლად მეორე იტალიელი საცოლის ძებნა დაიწყო. მან არჩევანი პარმის ტახტის მემკვიდრე ისაბელ ფარნეზეზე შეაჩერა. მეტად ამბიციური ისაბელი, ესპანეთის კოლონიური იმპერიის მეფის შეთავაზებას სიხარულით დასთანხმდა. მათი მარიონეტული ქორწინება 1714 წლის 16 სექტემბერს შედგა პარმაში. ქორწინება პარმის ელჩმა, კარდინალმა ალბერონმა მოაწყო ესპანეთის მეფის აღმზრდელ ურსულასთან ერთად.

მეორე ქორწინება ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფილიპე V-ის სექსუალური მოთხოვნილებებითაც იყო გამოწვეული, რამეთუ მეტად მორწმუნე მეფე ცოდვად და შეურაცხყოფად მიიჩნევდა ქალთან დაწოლას ქორწინების გარეშე. ფილიპეს ყველანაირად აწყობდა ისაბელზე ქორწინება, რადგანაც იგი ახალგაზრდა და ტანადი ქალი იყო, ასევე ჩრდილო იტალიაში მდებარე სახელმწიფოს ტახტის მემკვიდრეც. პარმის ელჩმა დაარწმუნა ფილიპეს აღმზრდელი პრინცესა ურსულა, რომ ისაბელი უბრალო ქალი არ იყო და იგი თავისუფლად შეასრულებდა დედოფლის ყველა მოვალეობას. ამავდროულად, ისაბელიც დაარწმუნეს, რომ ფილიპეს მალე შეიყვარებდა და პოლიტიკური გავლენებიც ექნებოდა. მალე, ურსულა და ისაბელი შეთანხმდენ და ერთად დაიწყეს ბრძოლა ესპანეთის ფრანგული გავლენისგან განთავისუფლებისთვის.

 
ისაბელის მეუღლე, ესპანეთის მეფე ფილიპე V

ისაბელმა პარმა 1714 წლის სექტემბერში დატოვა და ესპანეთში თავის მეგობარ იპოლიტა დე პოიმპინოსთან ერთად გაემგზავრა. გენუაში ჩასული ისაბელი დაავადდა, რის გამოც გემით ესპანეთში გამგზავრება შეფერხდა. გენუაში მყოფი ისაბელი მონაკოს პრინცმა და საფრანგეთის ელჩმა მოინახულეს. ცნობილია, რომ ელჩმა ისაბელს მეფე ლუი XIV-ის საჩუქარიც უბოძა. მიუხედავად ამისა, დიდი დრო იკარგებოდა, რის გამოც გადაწყდა ისაბელის ესპანეთში სახმელეთო გზით ჩაყვანა, რაც საფრანგეთზე გავლას გულისხმობდა. რამდენიმე დღიანი მგზავრობის შემდეგ, ესპანეთ-საფრანგეთის სასაზღვრო ქალაქ ბაიონში ისაბელს მიეგება განსვენებული მეფე კარლოს II-ის ქვრივი, დედოფალი მარია ანა ნოიბურგელი, რომელიც მას დეიდად ერგებოდა. იგი აქ ასევე შეხვდა პრინცესა ურსულასაც, რომელმაც იგი სამეფო კარზე ჩასვლისთვის მოამზადა. ესპანეთის საზღვარზე გადასვლისთანავე, ევროპული ტრადიციის თანახმად, რომლის მიხედვითაც პატარძალს ყველაფერი მშობლიური უკან უნდა დაეტოვებინა, ისაბელმა ყველაფერი იტალიური უარყო. ცნობილია, რომ ესპანელებმა მას ტანსაცმელიც კი გამოუცვალეს და ისე შეიყვანეს თავიანთ ქვეყანაში.

1714 წლის 23 დეკემბერს, ისაბელს კიდევ ერთხელ შეხვდა ურსულა და სამეფო ექიმების წინაშე წარადგინა, რომლებმაც დაადასტურეს მისი უბიწოება. მხოლოდ ამის შემდეგ შეახვედრეს იგი ფილიპეს გვადალახარაში. ცნობილია, რომ მანამდე მეფემ ჯაშუშები გააგზავნა, რომლებმაც დაადგინეს, რომ ისაბელი არც ისე მშვიდი ხასიათისა იყო და დიდად არ შეეძლო თავის შეკავება. ცოტა ხნის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ საფრანგეთის საზღვართან შეხვედრისას ისაბელსა და ურსულას შორის შეკამათება მოხდა, რა დროსაც ურსულამ მასზე იძალადა. მიუხედავად ყველაფრისა, 1714 წლის 24 დეკემბერს ფილიპე და ისაბელი გვადალახარაში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ და ამავე დღეს დაქორწინდნენ, რითაც იგი ესპანეთის დედოფლად გვევლინება. მიუხედავად მისი ხასიათისა, ფილიპეს მალე შეუყვარდა იგი და ბედნიერი ქორწინებაც ჰქონდათ.

ესპანეთის დედოფალირედაქტირება

პირველი წლებირედაქტირება

 
დედოფალი ისაბელი თავის პირველ შვილთან, ინფანტ კარლოსთან ერთად, შესრულებულია 1716 წელს მელენდესის მიერ

ქორწინების შემდეგ,დედოფალმა ისაბელმა ერთობ აქტიურ ცხოვრებას მიჰყო ხელი: იგი ხშირად დადიოდა სანადიროდ, რა დროსაც მამაკაცის ტანსაცმლით იმოსებოდა. მემატიანეები მას აღწერენ როგორც შესანიშნავ მშვილდოსანსა და მხედარს, რომელიც მეფესთან ერთად ნადირობდა ხოლმე. თავიდან იგი გამხდარი და ტანადი ქალი იყო, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ ფიგურა ძალიან დაერღვა. ისაბელი მეტად ექსტრავაგანტური პიროვნება იყო და თავის ირგვლივ მხოლოდ იტალიური საზოგადოება ჰყავდა შემოკრებილი. მიუხედავად ამისა, მის სეფექალებს შორის, მაინც აღმოჩნდა ერთი ფლამანდიელი ქალბატონი, რომელიც დედოფლის საუკეთესო მეგობრად იქცა. ცნობილია, რომ 1727 წელს ისაბელმა იგი საფრანგეთის სამეფო კარზე გაუშვა ჯაშუშად. ამ დროს, იგი გრაფინია ალტამირამ ჩაანაცვლა, რომელიც სხვა სეფექალებს ძალიან მკაცრად ეპყრობოდა.

თავდაპირველად, ისაბელ ფარნეზე, როგორც დედოფალი ესპანელებში პოპულარული იყო. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მან მოახერხა მეფის აღმზრდელ ურსულას სამეფო კარიდან გაძევება, რომელიც ხალხს სძულდა, ამიტომაც მათ ახალი დედოფალი მხსნელად მიიჩნიეს. თუმცა, სულ მალე აღმოჩნდა, რომ მეფესა და პოლიტიკაზე დომინირება თავად დედოფალმა დაიწყო. იგი არაპოპულარული იყო ესპანელ არისტოკრატიაში, ვინაიდან მან სამეფო კარის ეტიკეტი ძირეულად შეცვალა. ასევე დიდგვაროვნები, დედოფალს სრულიად ღიად სდებდნენ ბრალს მეფის „დამონებაში“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისაბელს სძულდა თავისი გერები, პრინცები ლუისი და ფერდინანდი, რომლებიც ხელს უშლიდნენ მისი ვაჟის გამეფებას, რის გამოც დედოფალმა უცხოელების დახმარებით არაერთხელ სცადა მათი დახოცვა, თუმცა ამაოდ.

პოლიტიკური გავლენებირედაქტირება

 
ისაბელ ფარნეზე 1723 წელს

თავისი მრჩევლების, კარდინალ დელ გიდისისა და ალბერონის რჩევით, მეფე ფილიპემ ფრანგი დიდებულები მაღალი თანამდებობებიდან მოხსნა და ისინი თავისი მომხრე ესპანელებით ჩაანაცვლა. ცხადია, მან ეს ესპანეთზე საფრანგეთის გავლენის შემცირების მიზნით გააკეთა. სულ მალე იმავეს გაკეთება განიზრახა იტალიელებთან მიმართებაშიც. მართალია მან დედოფალ ისაბელის ყველა იტალიელი სეფექალი ესპანელით ჩაანაცვლა, მაგრამ ამით ვერ მოახერხა მისი პოლიტიკას ჩამოშორება.

დედოფალ ისაბელის გავლენა მეფე ფილიპეზე სულ უფრო იზრდებოდა და საბოლოოდ, როგორც ესპანელები ამბობდნენ მასზე „გაბატონდა“. როგორც მატიანეები აღწერენ, ისაბელ ფარნეზე იყო „ფიზიკურად მომხიბვლელი და მიზანდასახული, ინტელიგენტი და კარგი მოსაუბრე, ბედნიერი, მხიარული და ქარიზმატული, თუმცა ამავდროულად ამბიციური და დიდებისმოყვარე“. საფრანგეთის ელჩის განმარტებით, მეფის ძლიერ მიჯაჭვულობასა და დამოკიდებულებას დედოფალზე განაპირობებდა ის ფაქტიც, რომ ღრმადმორწმუნე ფილიპე ქორწინების გარეშე სექსის აბსოლუტური წინააღმდეგი იყო და შესაბამისად, იგი ისაბელზე სექსუალურად დამოკიდებული იყო, რის გამოც ყველაფერს აძლევდა, რასაც მოისურვებდა, მათ შორის პოლიტიკურ ძალაუფლებასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ფილიპე V ბიპოლარული აშლილობით იტანჯებოდა და პერიოდულად ღრმა დეპრესიაში ვარდებოდა, რის გამოც ქვეყნის მართვაზე ხელს იღებდა, ამ დროს კი მთელი ძალაუფლება დედოფლის ხელში გადადიოდა და ესპანეთს მმართველად ისაბელი ევლინებოდა. ასე მოხდა 1717, 1728, 1731, 1732, 1733 და 1737 წლებში.

 
ესპანეთის სამეფო ოჯახი 1723 წელს

განსხვავებით ესპანეთის წინამორბედი მონარქებისაგან, რომელთაც დედოფლისაგან გამოცალკევებული, პერსონალური საძინებლები ჰქონდათ, ფილიპე V-მ ისაბელი თავის საძინებელში გადაიყვანა და დედოფლისათვის განკუთვნილი საძინებელი კი მინისტრებთან შესახვედრ დარბაზად გადააკეთა. ამრიგად, ისაბელს მარტივად მიუწვდებოდა ხელი ამ შეხვედრებზე შესვლაზე, რის გამოც, იგი თავიდანვე ესწრებოდა ყველა ასეთ შეკრებას. თავდაპირველად მისი დასწრებები წმინდა ფორმალური ხასიათისა იყო: დედოფალი მეფის გვერდით იჯდა და სანამ ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა თავად მშვიდად ქარგავდა ხოლმე, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ თავადაც აქტიურად ჩაება გადაწყვეტილებების განხილვა-მიღებაში. ცნობილია, რომ მეფე და დედოფალი არასოდეს გამოდიოდნენ საძინებლიდან შუა დღის ორ საათამდე. ისინი მხოლოდ ამის შემდეგ გადადიოდნენ დედოფლის პალატებში და იწყებოდა სახელმწიფო საკითხების განხილვაც. აღსანიშნავია, რომ ისაბელს ძალიან უყვარდა ბალ-მასკარადების მოწყობა და ვინაიდან ფილიპე ვერაფერზე ეუბნებოდა უარს, იგი მათ საკმაოდ ხშირად აწყობდა, რის გამოც იგი ხალხის მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა. 1719 წელს მისი გავლენით ფილიპემ ალბერონი თანამდებობიდან მოხსნა, რის შემდეგაც დედოფალი ისაბელი ესპანეთის „ნამდვილი და ერთადერთი მმართველი“ გახდა.

1724 წელს ფილიპე V ტახტიდან გადადგა თავისი ვაჟის, ლუის I-ის სასარგებლო. დედოფალი ისაბელი მას პირდაპირი მნიშვნელობით ევედრებოდა, რომ ხელისუფლებიდან არ წასულიყო, თუმცა ვერაფერი გააწყო. ამრიგად, ესპანეთის მეფე ისაბელის გერი გახდა, რომელზეც მამის მსგავსად ცოლს დიდი გავლენა ჰქონდა. თუმცაღა ლუისის მეფობა სულ ექვს თვეში დასრულდა, რამეთუ იგი იმავე წლის სექტემბერში უშვილოდ გარდაიცვალა, ამგვარ პირობებში კი პენსიაზე გასული ფილიპე V მეორედ ავიდა ტახტზე. ცნობილია, რომ ფილიპე აღარ აპირებდა გამეფებას და სურდა ტახტი მეორე ძისთვის გადაელოცა, მაგრამ ისაბელმა საქმეში მთელი რიგი მინისტრები და თავად რომის პაპიც კი ჩარია. მხოლოდ ამგვარი ზეწოლის შემდეგ დაიკავა მან ისევ მეფის პოზიცია და ისაბელი მეორედ გახდა ესპანეთის დედოფალი.

 
ფილიპე V და ისაბელ ფარნეზე 1739 წელს

საგარეო პოლიტიკარედაქტირება

დედოფალი ისაბელი საშინაო პოლიტიკით დიდად არასოდეს ინტერესდებოდა და ყოველთვის საგარეო საქმეებში ჩარევას ამჯობინებდა. აქ მის მიზანს წარმოადგენდა ესპანური მმართველობის აღდგენა იტალიურ სამეფო-სამთავროებში, სადაც ესპანეთმა გავლენა 1714 წელს, ფილიპეს გამეფების გამო დაკარგა. ვინაიდან ისაბელს ორი ვაჟი გერი ჰყავდა, ყოველთვის ფიქრობდა, რომ მისი ძეები ესპანეთში ვერ გამეფდებოდნენ, ამიტომაც ცდილობდა მათთვის იტალიური ტახტები მაინც მიეცა. თავდაპირველად მას სურდა, რომ დაებრუნებინა სარდინია და სიცილია. ამ საქმეს იგი დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით შეუდგა. ცნობილია ისიც, რომ როდესაც ფრანგულმა ჯარებმა პირენეების გადაკვეთა სცადეს, დედოფალი თავად წაუძღვა ესპანურ დივიზიებს მათ დასამარცხებლად. 1719 წელს იგი თან ახლდა მეფეს საფრანგეთის წინააღმდეგ ლაშქრობისასაც. როგორც ცნობილია, ლაშქრობისას დედოფალი ლურჯ და ვერცხლისფერ საბრძოლო სამოსში იყო გამოწყობილი, ცხენზე მედიდურად იჯდა და ათვალიერებდა თავის ჯარებს.

მისი ამბიციები ვერ გამართლდა. სამმაგმა ალიანსმა ჩაშალა მისი გეგმები, დიდი ბრიტანეთის ჯარებმა კი საპასუხოდ დაარბიეს ესპანეთის ქალაქი ვიგო.

ფილიპე V ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო პასიური ხდებოდა პოლიტიკაში, ამიტომაც ესპანეთის მთელს საგარეო პოლიტიკას ისაბელი წარმართავდა. იგი არ აპირებდა დანებებას და თავისი ვაჟებისათვის იტალიის ტახტების მოპოვებისათვის ბრძოლას აგრძელებდა. 1731 წელს იგი დიდად კმაყოფილი დარჩა, როდესაც მისი უფროსი ვაჟი, კარლოსი პარმის ჰერცოგად გამოაცხადეს. 1738 წელს გაფორმდა ვენის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კარლოსი სიცილიისა და ნეაპოლის მეფე გახდა, ხოლო პარმის საჰერცოგო ისაბელის მეორე ვაჟს, ფილიპეს დარჩა. ამრიგად, საბოლოოდ, ისაბელმა თავის მთავარ მიზანს მაინც მიაღწია.

ქვრივი დედოფალირედაქტირება

 
ახლად დაქვრივებული ისაბელ ფარნეზე

ფერდინანდ VI-ის მეფობარედაქტირება

1746 წლის 9 ივლისს ისაბელის მმართველობა ფილიპე V-ის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა. ამის შემდეგ ესპანეთის მეფე მისი გერი, ფერდინანდ VI გახდა. აღსანიშნავია, რომ ფერდინანდზე მამის მსგავსად დიდი გავლენა ჰქონდა მის ცოლს, ესპანეთის დედოფალსა და პორტუგალიის ინფანტა ბარბარა ბრაგანსას, რომელიც ისაბელთან არც ისე კარგ ურთიერთობაში იყო. ვინაიდან ამ პერიოდის ესპანეთში დედოფლებს დიდი გავლენა ჰქონდათ მეფეებზე, ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის ელჩმა იხუმრა კიდეც:

 
„უფრო ბარბარამ ჩაანაცვლა ისაბელი, ვიდრე ფერდინანდმა ფილიპე.“

ძალაუფლებას მიჩვეული ისაბელი ადვილად არ დათანხმებულა ხელისუფლების სადავეების დათმობას. ფერდინანდის გამეფებისთანავე მან დატოვა მადრიდის სამეფო კარი და იქვე, ოღონდ საკუთარ სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად. შეიძლება ითქვას, რომ მან იქ ესპანეთის მეორე სამეფო კარი მოაწყო. 1747 წელს დედოფალმა ბარბარამ გადაწყვიტა საბოლოოდ ჩამოეცილებინა ისაბელი ჰორიზონტიდან, ამიტომაც თავისი პორტუგალიელი ნათესავებისა და კარდინალ კარვახალის დახმარებით მათ იგი არა მხოლოდ გააძევეს სამეფო კარიდან, არამედ მადრიდში ყოფნაც აუკრძალეს და გადაასახლეს ლა-გრანიის სასახლეში. სწორედ აქ გაატარა ისაბელმა შემდეგი წლები, პოლიტიკურ ძალაუფლებას ყველანაირად ჩამოშორებულმა. ამის მიუხედავად, იგი თავის რეზიდენციაში განაგრძობდა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრებს, რა დროსაც, ცნობილია, რომ იგი ყველანაირად აკნინებდა, აკრიტიკებდა და მეტიც, დასცინოდა კიდევაც თავის გერს, მეფე ფერდინანდს.

 
ხანში შესული ისაბელი

კარლოს III-ის გამეფება და გარდაცვალებარედაქტირება

1758 წელს დედოფალი ბარბარა გარდაიცვალა, თანაც ისე, რომ შვილი არ დარჩენია. საყვარელი ცოლის დაღუპვამ ღრმა დეპრესიაში ჩააგდო მეფე ფერდინანდი, რის გამოც ისაბელ ფარნეზე კვლავ, მესამედ დაუბრუნდა ხელისუფლების სათავეს და გერის ნაცვლად დაიწყო ქვეყნის მართვა. უკვე 1759 წელს ფერდინანდ VI უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც ესპანეთის მეფე ისაბელის ვაჟი, კარლოს III გახდა. მან იგი სასწრაფოდ ჩაიყვანა ნეაპოლიდან მადრიდში და დაადგა ესპანეთის მეფის გვირგვინიც, იმავდროულად კი ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ისაბელის შვილიშვილი, ფერდინანდ I გახდა. აღსანიშნავია, რომ კარლოსმა 1760 წლამდე ვერ მოახერხა ესპანეთში ჩასვლა, ჩასვლიდან მალევე კი მისი ცოლი, დედოფალი მარია ამალია საქსონიელი დაიღუპა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გლოვის გამო ვერ ახერხებდა ქვეყნის მართვას. მთელი ამ დროის განმავლობაში ესპანეთს ისაბელი მართავდა.

გლოვის დასრულების შემდეგ კარლოსი ენერგიულად შეუდგა ქვეყნის მართვას და ისაბელის მოლოდინების საწინააღმდეგოდ, მან დედამისს მთელი პოლიტიკური ძალაუფლება წაართვა, თუმცაღა სამეფო კარიდან არ გაუძევებია. ამის გამო ისაბელმა დარჩენილი ცხოვრება ლა-გრანიისა და არანხუესის სასახლეებში გაატარა. იგი გარდაიცვალა 1766 წლის 11 ივლისს, 73 წლის ასაკში. მალევე იგი გადაასვენეს და დაკრძალეს მისი ქმრის გვერდით, სან-ილდეფონსოში.

შვილებირედაქტირება

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
კარლოს III   20 იანვარი, 1716,

მადრიდი, ესპანეთი

14 დეკემბერი, 1788,

მადრიდი, ესპანეთი,

(72 წლის)

ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე. ცოლად შეირთო მარია ამალია

საქსონიელი, რომელთანაც შეეძინა თოთხმეტი შვილი, მათ შორის

საღვთო რომის იმპერატრიცა მარია ლუისა, ესპანეთის მეფე კარლოს IV და

ორი სიცილიის მეფე ფერდინანდ I.

მარიანა

ვიქტორია

  31 მარტი, 1718,

მადრიდი, ესპანეთი

15 იანვარი, 1781,

ლისაბონი, პორტუგალია,

(62 წლის)

თავდაპირველად დანიშნული იყო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ზე, თუმცა

საბოლოოდ ცოლად პორტუგალიის მეფე ჟუზე I-ს გაჰყვა, რომელთანაც

ოთხი გოგონა შეეძინა, მათ შორის პორტუგალიის დედოფალი მარია I.

ფილიპე I   15 მარტი, 1720,

მადრიდი, ესპანეთი

18 ივლისი, 1765,

ალესანდრია, იტალია,

(45 წლის)

პარმის, პიაჩენცისა და გუასტალას ჰერცოგი. ბურბონ-პარმას დინასტიის

დამაარსებელი. ცოლად შეირთო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის უფროსი

ასული ლუიზა ელიზაბეტ ფრანგი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა:

ესპანეთის დედოფალი მარია ლუიზა, პარმის ჰერცოგი ფერნანდო I და

ავსტრიის ერცჰერცოგინია იზაბელა.

მარია ტერეზა

რაფაელა

  11 ივნისი, 1726,

მადრიდი, ესპანეთი

22 ივლისი, 1746,

ვერსალი, საფრანგეთი,

(20 წლის)

ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის უფროს ვაჟს, საფრანგეთის

დოფინ ლუი დე ბურბონს, თუმცა გადაჰყვა მეორე მშობიარობას.

ლუისი   25 ივლისი, 1727,

სევილია, ესპანეთი

7 აგვისტო, 1785,

ავილა, ესპანეთი,

(58 წლის)

ჩიჩონის გრაფი. ცოლად შეირთო არაგონელი არისტოკრატი მარია ტერეზა

დე ვალაბრიხა, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა.

მარია ანტონია

ფერნანდა

  17 ნოემბერი, 1729,

სევილია, ესპანეთი

19 სექტემბერი, 1785,

ტურინი, იტალია,

(55 წლის)

ცოლად გაჰყვა სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ს, რომელთანაც

შეეძინა თორმეტი შვილი, მათ შორის სარდინიის სამი მეფე: კარლო

ემანუელე IV, ვიტორიო ემანუელე I და კარლო ფელიჩე, აგრეთვე პროვანსის

გრაფინია მარია ჯუზეპინა და არტუას გრაფინია მარია ტერეზა სავოიელები.

წინაპრებირედაქტირება

ჰერალდიკარედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • A. Drago, I Borboni di Spagna e Napoli, Milano 1973.
  • G. Drei, I Farnese. Grandezza e decadenza di una dinastia italiana, La Libreria dello Stato, Roma 1954.
  • G. Fragnito (a cura di), Elisabetta Farnese. Principessa di Parma e regina di Spagna, Roma 2009.
  • T. Lavalle-Cobo, Isabel de Farnesio, Madrid 2002.
  • M. Mafrici, Fascino e potere di una regina, Cava de' Tirreni 1999.
  • E. Nasalli Rocca, I Farnese, Dall'Oglio editore, Milano 1969.
  • Teresa Lavalle-Cobo: Isabel de Farnesio. La reina coleccionista. s.n., Madrid 2002, ISBN 84-930030-9-3.
  • Maria A. Pérez Samper: Isabel de Farnesio. Plaza & Janés, Barcelona 2003, ISBN 84-01-30515-2.
  • Rubio, María José (2009). Reinas de España. Siglos XVIII al XXI. De María Luisa Gabriela de Saboya a Letizia Ortiz. Madrid: La Esfera de los Libros.
  • Géraud Poumarède, « Elisabeth Farnèse sous le regard de Saint-Simon », in Gigliola Fragnito (dir.), Elisabetta Farnese, principessa di Parma e regina di Spagna, Rome, Viella, 2009, p. 91-114