მარია ლეოპოლდინა დე ჰაბსბურგ-ესტე
მარია ლეოპოლდინა დე ჰაბსბურგ-ესტე (იტალ. Maria Leopoldina d'Asburgo-Este; დ. 10 დეკემბერი, 1776, მილანი, იტალია — გ. 23 ივნისი, 1848, როზენჰაიმი, გერმანია) — ჰაბსბურგ-ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის კურფიურსტი 1795-1799 წლებში როგორც კარლ IV თეოდორის მეორე მეუღლე.
მარია ლეოპოლდინა დე ჰაბსბურგ-ესტე | |
---|---|
ბავარიის კურფიურსტი | |
მმართ. დასაწყისი: | 15 თებერვალი, 1795 |
მმართ. დასასრული: | 16 თებერვალი, 1799 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ ავგუსტა ზულცბახელი |
მემკვიდრე: | კაროლინა ბადენელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 დეკემბერი, 1776 |
დაბ. ადგილი: | მილანი, იტალია |
გარდ. თარიღი: | 23 ივნისი, 1848, (71 წლის) |
გარდ. ადგილი: | როზენჰაიმი, გერმანია |
მეუღლე: |
კარლ IV, ბავარიის კურფიურსტი ლუდვიგ ფონ არკო |
შვილები: | სამი შვილი მეორე ქმრისგან |
დინასტია: | ჰაბსბურგ-ესტე |
მამა: | ერცჰერცოგი ფერდინანდ კარლი |
დედა: | მარია ბეატრიჩე რიკარდა დ'ესტე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ლეოპოლდინა დაიბადა 1776 წლის 10 დეკემბერს მილანში. იგი იყო ერცჰერცოგ ფერდინანდ კარლ ავსტრიელისა და მისი მეუღლის, მარია ბეატრიჩე რიკარდა დ’ესტეს უმცროსი ქალიშვილი. მისი დები იყვნენ: სარდინიის დედოფალი მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ლუდოვიკა დე ჰაბსბურგ-ესტე. მამის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I შტეფანისა და ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზიას შვილიშვილი იყო. ასევე მამის მხრიდან, იგი იყო ევროპის შემდეგი მონარქების ძმისწული: საღვთო რომის იმპერატორი იოზეფ II, საღვთო რომის იმპერატორი ლეოპოლდ II, საფრანგეთის დედოფალი მარი ანტუანეტი და სიცილიისა და ნეაპოლის დედოფალი მარია კაროლინა ავსტრიელი.
მარია ლეოპოლდინა დახასიათებულია როგორც პატარა, საყვარელი გოგონა ძლიერი იტალიური ტემპერამენტით. თავდაპირველად იგეგმებოდა. მისი დების ერთობ სარფიანი და პრესტიჟული ქორწინებების შემდეგ, მამამისმა მისი ასევე დაქორწინება მოისურვა, მაგრამ ეს არც ისე ადვილი საქმე იყო, რადგან ევროპის თითქმის ყველა მონარქს უკვე ჰყავდა მეუღლე, ვისაც არ ჰყავდა კი მამამისს არ მოსწონდა. საბოლოოდ, 1793 წელს, 7გარდაიცვალა ბავარიის კურფიურსტ კარლ IV თეოდორის მეუღლე, ელიზაბეთ ავგუსტა ზულცბახელი, რა დროსაც იგი 73 წლის იყო. უშვილო კურფიურსტმა ვაჟის გასაჩენად ახალი ცოლის შერთვა მოისურვა, ერცჰერცოგმა ფერდინანდ კარლმა კი თავისი ქალიშვილის, მარია ლეოპოლდინას ხელი შესთავაზა, რასაც კარლ თეოდორი სიხარულით დასთანხმდა.
1795 წლის 15 თებერვალს შედგა კურფიურსტ კარლ IV თეოდორისა და პრინცესა მარია ლეოპოლდინა დე ჰაბსბურგ-ესტეს ქორწინება. ამ დროს სიძე 70 წლის იყო, ხოლო პატარძალი 19-ის. ამის შემდეგ იგი ქმართან ერთად გადასახლდა მიუნხენის სამეფო კარზე, თუმცა მათი ხანმოკლე ქორწინება უნაყოფო აღმოჩნდა. კარლ IV თეოდორი 1799 წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა ბიძაშვილმა მაქსიმილიანმა დაიკავა.
ახალმა მმართველმა წინამორბედის ქვრივს ბერგის სასახლე აჩუქა, სადაც მალევე გადავიდა მარია ლეოპოლდინა. მალე ეს სასახლე მის რეზიდენციად იქცა. მას შემდეგ, რაც 1801 წელს ფრანგებმა ბერგი დაიკავეს მარია ლეოპოლდინაც ბავარიაში დაბრუნდა. აქ იგი მალევე დაუახლოვდა ჩრდილოიტალიელ გრაფ ლუდვიგ ფონ არკოს, რომელზეც 1804 წლის 14 ნოემბერს, მიუნხენში დაქორწინდა. მარია ლეოპოლდინას მასთან სამი შვილი გაუჩნდა.
1820 წელს, 44 წლის მარია ლეოპოლდინას ახალგაზრდა გრაფი სიგიზმუნდ ფონ ბეხერნი შეუყვარდა, რომელთანაც მალევე გააბა რომანი. მათი სასიყვარულო ურთიერთობა ათ წელს გაგრძელდა, რის შემდეგაც სიგიზმუნდი დაშორდა მას, რათა ცოლად შეერთო ბარონესა ასკანია ფონ კრაუსი.
1825 წელს, მას შემდეგ რაც ბავარიის ტახტი ლუდვიგ I-მა დაიკავა, მარია ლეოპოლდინას ცხოვრება უარესობისაკენ შეიცვალა. მეფე ლუდვიგს სძულდა მისი ქმარი, გრაფი ფონ არკო, რომელიც წარსულში ფრანგებს უჭერდა მხარს ბავარიის დაპყრობაში, ამიტომაც მას პენსია ფაქტობრივად გაუუქმა. მათი მდომარეობა მხოლოდ 1848 წლის 20 მარტიდან, ლუდვიგის ტახტიდან გადადგომის შემდეგ გამოსწორდა.
1848 წლის გაზაფხულზე მარია ლეოპოლდინამ ბავარიაში მოგზაურობა გადაწყვიტა, რა დროსაც, მოგზაურობის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვეში, 23 ივნისს იგი როზენჰაიმში, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შვილები
რედაქტირებამეორე ქმრისგან ჰყავდა სამი შვილი:
- ალოის ნიკოლასი (1808-1891), გრაფი ფონ არკო-შტეპერგი. პირველად იქორწინა მარკგრაფინია ირენე პალავიჩინიზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი პაულინ ოსვალდზე, რომელთანაც შეეძინა თავისი ერთადერთი ქალიშვილი;
- მაქსიმილიან იოზეფი (1811-1885), ცოლად შეირთო გრაფინია ლეოპოლდინა ფონ ვალდბურგი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
- კაროლინა (1814-1815), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
ლიტერატურა
რედაქტირება- Krauss-Meyl, Sylvia: Das "Enfant terrible" des Königshauses: Maria Leopoldine, Bayerns letzte Kurfürstin (1776-1848). Regensburg: Pustet, 1997. ISBN 3-7917-1558-5.
- Karl Otmar Freiherr von Aretin (1990), "Maria Leopoldine, Erzherzogin von Österreich", Neue Deutsche Biographie (NDB) (in German), 16, Berlin: Duncker & Humblot, pp. 182–183;
- Wolfgang Kunz: Maria Leopoldine (1776–1848) – Kurfürstin von Pfalz-Bayern und Geschäftsfrau. in: Mannheimer Geschichtsblätter. Neue Folge vol. 3, 1995, ISSN 0948-2784, pp. 255–274.
- Friedrich Weissensteiner: Habsburgerinnen auf fremden Thronen. Ueberreuter, Vienna 2000, ISBN 3-8000-3761-0.
- Constantin von Wurzbach: Habsburg, Maria Leopoldine von Este in: Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich, vol 7. Kaiserlich-königliche Hof- und Staatsdruckerei, Vienna 1861, p. 52